კვირის ამბები

ევროკავშირი – მოვალეობები და სარგებელი

29.10.2014 • 2776
ევროკავშირი – მოვალეობები და სარგებელი

 

ვანო ჩხიკვაძე, ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”: “ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც აძლევს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რას ეხება ეს ხელშეკრულება. სამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: 1. მითებსა და მოლოდინებზე, რომლებიც არის შექმნილი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით; 2. იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასოცირების ხელშეკრულებამ და განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; 3. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელზეც არასწორი მოლოდინი და არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნა.

 

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება არ უნდა იყოს ჩაკეტილი პროცესი, ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ, ის, თუ რა ვალდებულებები და უფლებები მოაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.

 

2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ეს არის საკმაოდ დიდი დოკუმენტი, დაახლოებით 1200-გვერდიანი, სადაც თითქმის ყველა სფეროა განხილული, თუ როგორ უნდა მიუახლოვდეს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, სულ 320-ზე მეტი რეგულაცია და დირექტივაა, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას და ა.შ.

 

ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პირველი ცრუ მოლოდინი იყო ის, რომ ასოცირება გამოიწვევდა ეკონომიკურ სირთულეებს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა, თუ რა შედეგებს მოიტანს ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში. 2012 წელს განისაზღვრა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ვაჭრობის ნაწილში, მოკლევადიან პერსპექტივაში, იქნება 1,7 % – არც თუ ისე დიდი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %. საქართველოდან ექსპორტი მოკლევადიან პერსპექტივაში გაიზრდება 9%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში – 12 %-ით. იმპორტი მოიმატებს 4,4%-ით მოკლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – 7,5%-ით. ხელფასების ზრდას რაც შეეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდა მოხდება 1,5%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი- 3,6%-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ფასები გაიზრდება 1%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაშ 0.6 %-ით.

 

ევროკავშირთან დაახლოება არ მოხდება ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ერთ წელიწადში. საქართველოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, ეტაპობრივად მიუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მაგალითად, ყველაზე ცნობილი საკითხი, რომელიც უკავშირდება ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებას, ე.წ. `”ტეხასმოტრს”. იქ წერია, რომ ეს არის სავალდებული, მაგრამ „ტეხასმოტრის” შემოწმება არ მოხდება დღეს და ხვალ, საქართველოს აქვს 2-დან 4-წლიანი ვადა, რომ შეასრულოს ეს პუნქტი. ეს იქნება ეტაპობრივი და გარდამავალი პერიოდი, რომ ქვეყანა მოემზადოს, ხალხმა ინფორმაცია მიიღოს.

 

მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, არის ის, რომ მისი შესრულება არ იქნება ადვილი, როგორც ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ასევე ფინანსური რესურსების გამოც. ეს არ არის ხარჯი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაიღებს, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩადებ და მერე უფრო მეტს ამოიღებ, მეტ სარგებელს მიიღებ.

 

მესამე საკითხი და მითი, რაც უკავშირდება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას არის ის, რომ ამას თან მოყვება უვიზო მიმოსვლა და თითქოს საქართველო დაიცლება მოსახლეობისგან. ეს გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ბალკანეთის ქვეყნებმა უკვე გაიარეს და მათ მეტ-ნაკლებად შეძლეს განეხორციელებინათ ის რეფორმები, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩაწერილი. იგივე უვიზო მიმოსვლით დიდი ხანია სარგებლობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ა.შ და ამას დიდი დარტყმა არ მიუყენებია მათთვის მიგრაციის კუთხით.
შემდეგი საკითხი, რასაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა, არის ის, რომ ზოგიერთს ერჩივნა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ევროკავშრთან ურთიერთობის სანაცვლოდ, რადგან ჰგონიათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისას დაიკარგება ქართველობა, ჩვენი იდენტობა, თუმცა ევროკავშირის სლოგანია – მრავალფეროვნება ერთიანობაში. ევროკავშირში გაწევრიანებულია 28 სახელმწიფო, 24 ენაზე მოსაუბრე ხალხი, შესაბამისად, თითოეულ მათგანს აქვს ეროვნული იდენტობის დაცვის გარანტია.

 

შემდეგი საკითხი, რაზეც ხშირად აპელირებდნენ, დაკავშირებულია მართლმადიდებლობასთან, თითქოს რელიგიური პრობლემები შეიქმნებოდა. ჩვენს გარდა ეს გზა უკვე განვლო ოთხმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ: კვიპროსმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და საბერძნეთმა და ამ ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესია არ დაკნინებულა ევროკავშირში გაწევრიანების გამო.

 

კიდევ ერთი მითი, რომელიც უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას, არის ის, რომ თითქოს უნდა დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ეს ხელშეკრულება არაერთხელ მაქვს წაკითხული და მსგავსი მოთხოვნა არ არის ჩადებული საქართველოს მიმართებში, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში: არის ქვეყნები, სადაც დაუშვებელია ერთსქესიანთა ქორწინება და არის ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება უკვე იყო დაშვებული, რადგან ქვეყანამ თავად მიიღო ეს კანონი, ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა არ გააჩნია. მაგალითად, კვიპროსში, ესტონეთში, საბერძნეთში, მალტაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, კონსტიტუციითაა აკრძალული ერთსქესიანთა ქორწინება ხორვატიაში, ლიტვაში, ბულგარეთსა და ლატვიაში. ყველა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია.

 

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი უკავშირდება იმას, რომ თითქოს საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ისევ და ისევ, მსგავსი მოთხოვნა არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს.

 

შემდეგი საკითხი არის ვაჭრობის საკითხი _ ეს არ არის საშუალება, რომელიც ხვალვე ამოქმედდება, თუმცა პირველი სექტემბრიდან ხელშეკრულების 80 პროცენტი შევიდა ძალაში, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველ ბიზნესმენს შეუძლია შეიტანოს პროდუქტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება უკვე ამოქმედებულია, ჯერ ძალიან ადრეა, რომ შევაფასოთ, მოგვიტანა თუ არა ამან შედეგი, სულ 20 დღეა გასული. არსებობს პრობლემები, რაც შეთანხმების სრულად ამოქმედებამდე გადასაჭრელია: ქვეყანამ უნდა მოახდინოს მისი პროდუქციის სტანდარტების გათანაბრება ევროკავშირის სტანდარტებთან. მაგალითად, თაფლი, ევროკავშირის ტერიტორიაზე რომ შეიტანო, საჭიროა სპეციალური სერტიფიკატი. პრობლემა არის ორი: პირველ რიგში _ მსგავსი ლაბორატორია, რომელიც გააკეთებს თაფლის ანალიზს, არ არსებობს საქართველოში; მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როცა ანალიზის გასაკეთებლად ეს თაფლი მიაქვთ სხვა ქვეყანაში, ხშირად პასუხი ჩამოდის უარყოფითი. მესამე პრობლემა შეიძლება იყოს კონკურენცია, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანას შეაქვს ევროკავშირის ქვეყნებში თაფლი, მაგალითად, ჩინეთიდან შედის თაფლი, რომელიც 2 ევრო ღირს.

 

რაც შეეხება ხილს, ეს საკითხი უკავშირდება ფერმერების განათლებას საქართველოში. ის პესტიციდები, რასაც იყენებენ ქართველი ფერმერები, მიუღებელია ევროკავშირისთვის. თან პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ხილი მოჰყავთ სეზონურად. დიდი პერსპექტივა აქვს თხილს, რომ გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან მსოფლიოში მეოთხე-მეხუთე ადგილზე ვართ თხილის წარმოებაში. რძე და ხორცის ნაწარმი პრობლემურია, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქცია და შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფერმერების განათლება, თუ როგორ შეიძლება დაიცვას ფერმერმა ევროსტანდარტები, რომ პროდუქცა გაიტანოს ევროპაში.

 

ბოლოს უნდა განვიხილოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რამაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ კანონის მიზანი არის ის, რომ განსხვავებული კანის, რწმენის, შეხედულების ადამიანი არ იყოს დევნილი, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, ყველა იყოს თანასწორი. დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა საქართველოდან გააკეთა განაცხადი ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე, რომ ისინი არიან დისკრიმინირებული საქართველოში. საქართველო რომ ჩაითვალოს უსაფრთხო ქვეყანად და ხალხი არ მიდიოდეს ქვეყნიდან დისკრიმინაციის გამო, აუცილებელია ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, არის სწორედ ეს.”
მოქალაქის შეკითხვა: მე მაინტერესებს, რა ხდება მანდარინის გატანაზე?

 

ვანო ჩხიკვაძე: “მანდარინზე არის შეზღუდვა. არის სამი კატეგორიის პროდუქცია, რომელზეც ვრცელდება შეზღუდვები. მაგალითად, 220 ტონაზე მეტ ნიორს საქართველოდან ვერ შეიტან, მეორე კატეგორიის პროდუქციაზე გეუბნებიან, რომ საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადო, და მესამე კატეგორიის პროდუქციის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით, მაგრამ პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს. რაც შეეხება თაფლს, ამბობენ, რომ ფუტკარს არ უნდა მისცე ისეთი წამალი, რომელიც აისახება თაფლზე. მანდარინთან დაკავშირებით, შეტანა შესაძლებელია, მხოლოდ უნდა გადაიხადო ის საბაჟო გადასახადი, რომელიც მოქმედებს ევროკავშირში და რომელიც ყველგან განსხვავებულია. არანაირი პრობლემა არ არის თხილთან დაკავშირებით, მაგრამ ითხოვენ, რომ დაცული იყოს შენახვის პირობები და გრძელვადიანი კონტრაქტი.

 

გარანტირებულად უნდა იცოდნენ, საქართველოდან ყოველწლიურად რა რაოდენობის თხილი შევა ევროკავშირში, რათა წარმოებაში პრობლემა არ შეიქმნას. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ფერმერების ლობირება, უნდა მოხდეს გაერთიანება და ერთობლივი ძალით გატანა. ჩემი აზრით, კარგი იქნება ფერმერების გაერთიანება, იმიტომ რომ, ამით, თუ თხილზე მიდგება საქმე, შეიძლება ყველაზე მეტად იხეიროს დიდმა კომპანიამ, რომელსაც გააჩნია ჰექტრობით მიწა. მცირემიწიანმა ფერმერებმა ამას შეუძლიათ დაუპირისპირონ გაერთიანება.”

გადაბეჭდვის წესი