კვირის ამბები

ჟილინის არხი – სამუშაოები წინასწარ გათვალისწინებულ გრაფიკს ჩამორჩა

31.10.2014 • 2999
ჟილინის არხი – სამუშაოები წინასწარ გათვალისწინებულ გრაფიკს ჩამორჩა

 

 

 

“უკვე მივეცით გაფთხილება გეგმა-გრაფიკის დარღვევასთან დაკავშირებით და მივიღეთ პირობა, რომ გამოასწორებენ”, – უთხრა “ბათუმელებს” მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ბახტაძემ.


შპს “ჰიდროს” დირექტორის მოადგილის ტიტე დუმბაძის ინფორმაციით, სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა: “თქვენც იცით როგორი წვიმები იყო, თუმცა დიდი გადაცდომა არ გვაქვს. სამუშაოები მიმდინარეობს და პრობლემები არ იქნება”.


რეკომენდაციას ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვისას ამინდის ფაქტორის გათვალისწინებაზე ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც გარკვეული სამუშაოები წელიწადის იმ დროს უნდა ჩაეტარებინათ, როცა ბათუმში ნალექიანობა იკლებს.


სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისგან, ჟილინის არხის წყალგამტარში წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის პერიოდში. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის რაოდენობაშია.


ნალექების მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ, ზღვაში მიერთების წინ, შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლ/წმ. ხოლო მინიმალური ნალექების დროს (გვალვის პერიოდში) 50ლ/წმ-დე მცირდება:

“ჟილინის არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს, როდესაც საჭირო წყალქცევითი სამუშაოები შედარებით ადვილი შესასრულებელი იქნება. არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს (ქანობის მიმართულებიდან გამომდინარე) ქვემოდან ზემოთ. რადგან ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს, იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.


ამ შემთხვევაში სანიაღვრე კანალიზაციის გამყვანი სისტემა რკინა-ბეტონის დახურული და ღია არხები ხშირ შემთხვევაში დასილულია. მას არ გააჩნია საკმარისი ქანობი, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს მოსული წვიმის წყლის გატარებას.


ჟილინის არხად წოდებული სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა იწყება მთისძირის ქუჩიდან. იგი დასაწყისში მცირე ზომის მიწის არხია. შესაბამისად, არხის კვეთის ფართობი თანდათან იზრდება და ზღვასთან მიერთების წინ, არხის სიგანე 6-8 მეტრს აღწევს. არხის საერთო სიგრძე 3 320 მეტრია. მუშა პროექტით დაზუსტებული ანგარიშებით ჟილინის არხზე ნიაღვრის წყლების მოდინების საანგარიშო ჯამური ფართობი 285.7ჰა-ს შეადგენს.


არხის განივი კვეთის ფორმები არაერთგვაროვანია, ხშირად არხის კვეთები შეზღუდულია მოსახლეობის მიერ აგებული კედლებით, ბოგირებით, ფარდულებით, ბეტონის ფილებით და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობით, რაც იწვევს არხის გამტარუნარიანობის შემცირებას და ინტენსიური წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას.


შექმნილ არასასურველ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს არხში მოხვედრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი, რომლითაც ჩახერგილია არხის ფერდობები, შექმნილია მიმდებარე დასახლებაში ანტისანიტარული გარემო და დაბინძურებულია ზღვასთან მიერთების ადგილი.


არხს მთელ სიგრძეზე უერთდება კანალიზაციის წყალი კერძო სახლებიდან და დასახლებული უბნებიდან. ჟილინის არხის უდიდესი ნაწილი მიწის ღია ნაგებობაა. გამონაკლისია მხოლოდ არხის მცირე უბანი, ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ინასარიძის ქუჩამდე. ამ უბანზე ჩაწყობილია ბეტონის მილები. რომლის ქანობი იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის გატარებას და თავისთავად იწვევს მილდენების წინა უბანში ტერიტორიების პერიოდულ დატბორვას.


იმის გამო, რომ ჟილინის არხის ღია სისტემა ხშირად მიმდებარე ტერიტორიებისთვის ანტისანიტარული გარემოს შექმნის ძირითადი კერაა, მერიაში ღია არხის დახურული სისტემით შეცვლა გადაწყვიტეს.


შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარდა, ასევე, მერიის დაკვეთით, შპს “გზამშენპროექტი” ახორციელებს.


ხელშეკრულებაში ნათქვამია ისიც, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, თუმცა ამ ცვლილებებმა სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ უნდა გადაწიოს.


მიმწოდებელი ასევე ვალდებულია თითოეულ ეტაპზე ანგარიშსწორებამდე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადება შესარულებული სამუშაოს პროექტთან შესაბამისობაზე.


ჟილინის არხის რეკოსტრუქციის პროექტზე, რაც ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულება ავანსს არ ითვალისწინებს და მერია კომპანიას თანხას ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ურიცხავს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საგარანტიოდ კომპანიამ მერიის ანგარიშზე ამ თანხის 5 %, ანუ 250 000 ლარი ჩარიცხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: