„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქონების მოტყუებით დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ლევან მჟავანაძე, შპს „დანი აუდიტის“ დირექტორი ჯემალ ძნელაძე, ხოლო შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს დირექტორი იაშარ მუსტაფა გუვენი დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგ“-მა 2008 წლის 25 აგვისტოს გამართულ აუქციონზე, 800 720 ლარად შეიძინა ქ. ბათუმში, 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე.
2011 წლის 15 დეკემბერს, შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა, წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.
ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს 2 301 000 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით.