Batumelebi | ებოლა და საქართველოს საზღვრები ებოლა და საქართველოს საზღვრები – Batumelebi
RU | GE  

ებოლა და საქართველოს საზღვრები

 

ებოლას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ზომები საქართველოს საზღვრებზეც დაწესდა. ოთხი ქვეყნიდან, – ლიბერია, სიერა-ლეონე, გვინეა და ნიგერია, სადაც ებოლას ვირუსია გავცელებული, საქართველოს საზღვარზე შემოსული პირები 21 დღის განმავლობაში სპეციალურ კონტროლზე იმყოფებიან. რისკ-ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების რეგისტრაცია საქართველოს სახმელეთო, საჰაერო და საზღაო საზღვრებზე წარმოებს.

 

 

ბოლო მონაცემებით, საფრთხის შემცველი ოთხი ქვეყნიდან საქართველოში 86 ადამიანია შემოსული, რომელთაგან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 73 ადამიანი უკვე მოიხსნა დაკვირვებიდან და მათ ებოლას ვირუსი არ დაუდგინდა, 13 მათგანს კი ისევ აკვირდებიან. „აქედან უმეტესობა ნიგერიელი სტუდენტი იყო, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ. ერთი კი – ლიბერიაში საქმიან ვიზიტზე მყოფი საქართველოს მოქალაქე”, – ამბობს ის.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის თქმით, აჭარაში მხოლოდ ერთ ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ნიგერიიდან შემოვიდა. თუმცა, მისივე თქმით, ნიგერიის მოქალაქე ჯანმრთელია და მას უკვე აღარ აკვირდებიან, რადგან 20 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებით, ნიგერია ებოლასგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდა. “ნიგერიაში ორი საინკუბაციო პერიოდის (ექვსი კვირის) განმავლობაში დაკვირვების შედეგად ქვეყანაში ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა”, – ამბობს მარო ჩხაიძე.

ებოლას ვირუსის მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 21 დღეა, ამიტომაც რისკჯგუფს მიკუთვნებულ ადამიანებზე დაკვირვება სწორედ ამდენ ხანს გრძელდება. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას რისკჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები რეგისტრაციას გადიან და მათ შესაბამისი სამახსოვროები ურიგდებათ, რომელშიც აღწერილია ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სისხლჩაქცევა და სხვა) და დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კოორდინატები, რომელსაც უნდა მიმართოს ადამიანმა ამ სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში.

 

მარო ჩხაიძის თქმით, ებოლას გადადების გზების გათვალისწინებით, არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ვირუსი საზღვაო ან საჰაერო გზით შემოსულ ტვირთსა და ამანათს შემოჰყვეს საქართველოში. მისივე თქმით, ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი. „ებოლათი დაავადება მხოლოდ ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტით, მისი სისხლის, ნერწყვისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების ორგანიზმში მოხვედრით არის შესაძლებელი, ამიტომ ტვირთის მეშვეობით ამ ვირუსის საქართველოში შემოსვლის საშიშროება ნამდვილად არ არსებობს”, – განმარტავს მარო ჩხაიძე.
ამ ეტაპზე სასაზღვრო პუნქტებში დეზინფექცია მხოლოდ მეორადი მოხმარების საქონელს (ავეჯი, ტანსაცმელი) უტარდება (თუ ასეთი ტვირთი დიდი წონისაა, ტვირთის მეპატრონემ დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა იქონიოს). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დასენიანებული ან/და დასენიანების რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის სატრანსპორტო საშუალებები, “საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის” მე-3 მუხლის მიხედვით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ევალება “შეამოწმოს დასენიანებული რეგიონებიდან შემოსული ბარგი და ხელბარგი, ტვირთი, კონტეინერები, სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი, საფოსტო გზავნილები და ადამიანის გვამი, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) არარსებობაში დარწმუნების მიზნით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს არც ერთ იმ ქვეყანასთან არ აქვს სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო მიმოსვლა, სადაც ებოლას ვირუსი მძვინვარებს: „ჩვენთან არც ტვირთი ჩამოდის ამ ქვეყნებიდან, ამიტომ ამბობენ ექსპერტები, რომ ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.”

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საზღვარზე ფიტოსანიტარული და, ზოგადად, დაავადებათა კონტროლი, მათი ძირითადი სამოქმედო დადგენილების გარდა მთავრობის ახალი #1807 დადგენილებითაც რეგულირდება: “ებოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოსცა დამატებით განკარგულება, სადაც დამატებითი მითითებებია გაწერილი კონკრეტულად ამ ვირუსთან დაკავშრებული საფრთხეების მინიმიზირებისთვის, ეს ყველაფერი იმპლიმენტირებულია საბაჟოებზე”.

ეს დოკუმენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით შეიქმნა. “ებოლასგან თავისუფალი ქვეყნები, რომლებიც ასევე საფრთხეში არიან, სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ქვეყანაში ებოლათი დაინფიცირების დაფიქსირების შემთხვევისთვის, რისთვისაც სპეციალური გეგმა უნდა არსებობდეს, რომელიც ინფექციის პროფილაქტიკის კონტროლს, სიტუაციაზე დაკვირვებას, ლაბორატორიულ პოტენციალის უზრუნველყოფას, საზოგადოების ინფორმირებას და სპეციალური რეგულაციების არსებობას მოიცავს”, – ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში. ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა საქართველომ 1-ელ ოქტომბერს შეიმუშავა, რომელშიც ამირან გამყრელიძის თქმით, კონკრეტულადაა გაწერილი თუ რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლების თითოეულ შტოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება საქართველოში, ან პრევენციის რა ზომები უნდა გატარდეს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, შემოსავლების სამსახური, გარდა გამშვები პუნქტების კონტროლისა და საინფორმაციო ბროშურების დარიგებისა, საჭიროების შემთხვევაში “უზრუნველყოფს იმ მგზავრთა მართვას (მათ შორის, ტრანზიტული), რომლებიც მოემგზავრებიან ებოლათი დასენიანებული ქვეყნებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით და აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
სამოქმედო დოკუმენტის მიხედვით, ყველა რეგიონში გამოიყო პრიორიტეტული მიმღები დაწესებულებები, აჭარის შემთხვევაში ეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფო იქნება. მარო ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ტარდება სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალთან. მათ აცნობენ ამ ინფექციის გადაცემის გზებს, მკურნალობის, პრევენციისა და კონტროლის საკითხებს და ასევე პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების სწორად გამოყენებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი