სიახლეები

პრობლემები CityPass ბარათით სარგებლობისას მუნიციპალურ ტრანსპორტში

29.10.2014 • 2996
პრობლემები CityPass ბარათით სარგებლობისას მუნიციპალურ ტრანსპორტში


მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი
მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი

მოქალაქეების განცხადებით, CityPass ბარათზე, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადასახდელად აიღეს, მათ პრობლემები ექმნებათ, რადგან ბარათის აპარატზე გატარების დროს, ხშირად იმაზე მეტი თანხა იჭრება ბარათიდან, ვიდრე მგზავრობა ღირს. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი?


CityPass ბარათზე მოქმედებს სხვადასხვა ტარიფი, რომელიც დაწესებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ. შესაბამისად, გადახდის დროს, მომხმარებელს ანგარიშიდან ეჭრება ზუსტად ის თანხა, რა ტარიფიც გაწერილია CityPass ბარათზე. მომხმარებელს ანგარიშის ამონაწერის მიღება შეუძლია რამდენიმე გზით: ინტერნეტბანკი (მომსახურება უფასოა), მობაილბანკინგი (ასევე უფასოა და მუშაობს Android და iOS სისტემის სმარტფონებზე) ან ეწვიოს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ამონაწერის მისაღებად. ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ მომხმარებელს ანგარიშიდან ეჭრება ზუსტად ის თანხა, რომელი ტარიფითაც სარგებლობს. ბანკში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება, როდესაც მომხმარებელს გაწერილ ტარიფზე მეტი ეჭრება ანგარიშიდან. საკითხის გასარკვევად, მომხმარებელს ვურჩევთ დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 0322555500, ოპერატორი ჩაინიშნავს საკითხს და შემდგომ დაუკავშირდება შესაბამისი პასუხით.

 

არის შემთხვევები, როცა ბარათზე თანხა ჩარიცხულია, თუმცა გატარების დროს ბარათი ამბობს, რომ გადახდა შეუძლებელია“. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი?

 

იმისათვის, რომ მგზავრი არ შეფერხდეს, მომხმარებელს მივეცით საშუალება, რომ ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაშიც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა სამი დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 ლარის გამოყენება). შესაბამისად, რეკომენდებულია მომხმარებელმა დროულად შეავსოს ბალანსი, რათა შეუფერხებლად შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. თუ მომხმარებლის ანგარიშზე სამი დღის განმავლობაში ფიქსირდება უარყოფითი ნაშთი (მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით), ამ შემთხვევაში CityPass ბარათი იბლოკება. ბარათის გასააქტიურებლად, მომხმარებელმა უნდა დაფაროს დავალიანება, ხოლო ბარათი გააქტიურდება თანხის ჩარიცხვიდან 1 საბანკო დღის გასვლის შემდეგ.

 

შემდეგი შემთხვევა იყო ასეთი, მოქალაქემ ორჯერ გაატარა ბარათი, თუმცა კონტროლიორი ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი გადახდა იყო დაფიქსირებული, რის გამოც მოქალაქეს პრობლემები შეექმნა. ვინ არის ასეთ დროს პასუხისმგებელი სიზუსტეზე?

 

რთულია ამაზე საუბარი. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კონტროლიორი ავტომატურ რეჟიმში ხედავს გადახდების რაოდენობას. თუ გამოჩნდა ერთი გადახდა, მაშინ ავტომატურად მეორე გადახდაც გამოჩნდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ანგარიშის ამონაწერში იხილოს კონკრეტულ თარიღში განხორციელებული გადახდა. თუ ორივე გადახდა დაფიქსირებულია კონტროლიორის მიერ შემოწმებამდე.

 

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა ამ დროს მოქალაქეების უფლებები, როცა თანხა გადახდილია, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ისინი მაინც ჯარიმდებიან ან პერმანენტულ რეჟიმში უწევთ საკითხის გარკვევა?

 

მომხმარებელს აქვს სრული უფლება გაასაჩივროს ჯარიმა და მოითხოვოს მისი გაუქმება. თუმცა, თუ მომხმარებლის ანგარიშზე 3 დღის განმავლობაში ფიქსირდება უარყოფითი ნაშთი (მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით), ბარათი იბლოკება და მის გააქტიურებას 2 საბანკო დღე სჭირდება. 

 

მოქალაქეები ამბობენ და თქვენც ადასტურებთ, რომ ბარათზე ჩარიცხული თანხა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში აისახება, ეს სისტემური ხარვეზია? 

 

დიახ, ანგარიშზე თანხა აისახება ჩარიცხვიდან ერთი საბანკო დღის გასვლის შემდეგ. მაგალითად, თუ მომხმარებელმა ბალანსი შეავსო კვირა დღეს, რომელიც არის არასაბანკო დღე, შესაბამისად, ორშაბათი საჭიროა ბარათის გასააქტიურებლად და ავტობუსში თანხის გამოყენებას მომხმარებელი შეძლებს სამშაბათს. თუმცა, როგორც მანამდე აღვნიშნე, მომხმარებელს საშუალება აქვს გადაიხადოს მგზავრობის საფასური, სანამ თანხა ანგარიშზე აისახება. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს უარყოფითი ნაშთი არ ჰქონდეს 3 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 ლარი) – სხვა მხრივ პრობლემა არ შეექმნება.

 

თუ ბარათიდან იმაზე მეტი თანხა იჭრება, ვიდრე მგზავრობა ღირს (და ამის ძალიან ბევრი შემთხვევაა, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ამის თაობაზე მოქალაქები), ზედმეტად დახარჯული თანხის  კომპენსირება როგორ მოხდება?

 

მსგავს შემთხვევაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. მომხმარებელი დარწმუნდება ამონაწერის გაკეთების დროს, რომ ზუსტად ის თანხა ეჭრება, რა ტარიფზეც არის გაწერილი მისი ბარათი.

 

  მოქალაქეების თქმით, ბარათზე დარიცხული თანხის შემოწმების დროს, მობილურ ოპერატორს 4 თეთრი მიაქვს, ეს მომსახურება ფასიანია, თუ აქაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

 

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში საუბარია SmartPAY-ის მომსახურებაზე – მომხმარებელს შეუძლია საბანკო მომსახურების მიღება ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონით: მობილური ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადის დაფარვა კალათით, სესხის აღება, ანგარიშზე ნაშთის შემოწმება. მოცემული პროდუქტის გამოყენებით, მომხმარებლის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ნაშთის შემოწმების საკომისიო შეადგენს 4 თეთრს.

 

 

 

 


გადაბეჭდვის წესი