უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა სპეცოპერაცია „ობობას ქსელზე“, რომლის შედეგადაც უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენებს დაარტყა.
ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპერაციისთვის მხოლოდ უკრაინული იარაღი გამოიყენეს და არა მოკავშირეებისგან მიღებული.
„მე ძალიან მინდოდა მხოლოდ ის გამომეყენებინა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ“ – თქვა მან.
მისი თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლებმა, რომელთა მანქანებშიც საბრძოლო დრონები იყო, არ იცოდნენ ამის შესახებ და ისინი „უბრალოდ დავალებას ასრულებდნენ“.
როგორც ზელენსკიმ თქვა, დრონები მოთავსებული იყო სპეციალურ კონტეინერებში, რომლებსაც გასაშლელი სახურავები ჰქონდათ. პოზიციებზე მიტანის შემდეგ სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები ჰაერში აფრინდნენ დარტყმისთვის.
1 ივნისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია „ობობას ქსელი“, რომლის შედეგადაც უკრაინამ ოთხ რუსულ აეროდრომზე, საავიაციო თვითმფრინავებზე მიიტანა იერიში დრონებით. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარ აეროდრომებზე განლაგებული ფრთოსანი რაკეტების მატარებლების 34% გაანადგურეს.
შპს „ალმას“ სარეკლამო ბილბორდები ბათუმის ბულვარშიც გამოჩნდა. ბულვარის კოლონადებიდან „ალი“ და „ნინოს“ მიმართულებით ველობილიკსა და პრომენადს შორის მწვანე ზოლში რამდენიმე ათეული ბილბორდი ერთმანეთის მიყოლებით განათავსეს.
„ზღვა შანსი“, „ამ ლაითბოქსს ზღვა ადამიანი ნახავს“ – ვკითხულობთ „ალმას“ ბანერებზე. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე დამტკიცებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად კი ბულვარის, როგორც ძეგლის სანაპიროს მოწყობა აბსოლუტურად უნდა ჯდებოდეს ძეგლის კონცეფციაში.
„ალმას“ ბილბორდები ბულვარში
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით ძეგლის დაცვის ზონაში არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ძეგლს დაჩრდილავს და ხელს შეუშლის მის აღქმას. არ შეიძლება ძეგლის დაცვის ზონაში მოეწყოს რაიმე, რაც დომინანტი იქნება, შესაძლებელია ეს იყოს მხოლოდ ფონური. ამიტომაც კანონი ძეგლის დაცვის ზონაში მსუბუქი კონსტრუქციის ფასადის ფერის შეთანხმებასაც კი სთხოვს პროექტის ავტორს.
აჭარაში ძეგლების მოვლა-პატრონობაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა პასუხისმგებელი. აუცილებელი იყო შპს „ალმას“ სარეკლამო ბილბორდების განთავსების ფორმა, ზომა და ოდენობა ამ უწყებისთვის შეეთანხმებინა.
მიმართა თუ არა კომპანიამ სააგენტოს და მიიღო თუ არა ნებართვა? – ამაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პასუხი ვერ მივიღეთ. არც ბულვარის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს კითხვაზე, რის საფუძველზე განათავსა შპს „ალმამ“ ბილბორდები ბულვარში, რომლებსაც კომპანია „ლაით ბოქსებს“ უწოდებს. ვკითხეთ ბათუმის მერიასაც, თუმცა მათაც უპასუხოდ დაგვტოვეს.
საქმე ისაა, რომ „ალმა“ ბათუმის მერიის კონტრაქტორია და არა „ბულვარის ადმინისტრაციის.“ მართალია, სსიპ „ბათუმის ბულვარი“ და მასთან დაკავშირებული ქონება მუნიციპალური საკუთრებაა, თუმცა სსიპ-ი, რომელიც მერიამ ბულვარის სამართავად შექმნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს მართვაში გადაცემული.
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 2024 წლის აგვისტოში 10 წლის ვადით გაასხვისა. მყიდველი შპს „ალმაა“.
თუმცა, როგორც ჩანს, „ალმასთვის“ ბათუმი მართლაც „ზღვა შანსია“, რადგან ახლა ცდილობს აქაც ისეთი დომინანტი იყოს, როგორც მთელ საქართველოშია. ბათუმში „ალმას“ ეკუთვნის სარეკლამო სივრცეები მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის მოსაცდელებშიც.
„ეს მართლა საშინელებაა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საკრებულოს წევრი, აკაკი გვიანიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვა-დამტკიცებაში აქტიურად მონაწილეობდა და იცის რას ითხოვს ბულვარის განაშენიანების გეგმა.
„ეს არის ყოველი ფეხის ნაბიჯზე – პირდაპირი მნიშვნელობით. ვიღაცის ინტერესს ემსახურება და არც ბულვარის და არც ქალაქის ინტერესი არ არის გათვალისწინებული. უბედურებაა კიდევ ის, რომ ტურიზმის საწინააღმდეგოდაც კეთდება ეს ყველაფერი. აქ ბანერების და კორპუსების სანახავად არავინ ჩამოვა. ბულვარის კონცეფციის დარღვევით ჩაამატეს ეს ახალი ბანერები, გადამეტებულად ბევრია. რეალურად არავის არ მისცემდნენ ამდენი სარეკლამო ბანერის დადგმის უფლებას კომპანია მფარველობის ქვეშ რომ არ იყოს.“
ძეგლების დამცველი ორგანიზაცია „ბათომის“ დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე სარეკლამო ბილბორდების იმგვარად განთავსებას, როგორც ეს ბულვარშია კანონდარღვევას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ მასშტაბისთვის კომპანიას ნებართვა უნდა მიეღო ძეგლების საბჭოსგან.
„ ეს ვიღაცამ დადგა თვითნებურად თუ განიხილა ძეგლების საბჭომ, რომ ამ რაოდენობით ბილბორდის დადგმა ძეგლს გააკეთილშობილებს. პრინციპია, რომ ძეგლის ღირსება არ უნდა შელახო. ეს რომ ძეგლის აღქმას ხელს უშლის, ცხადია. ერთი ისაა, რომ გვერდით იმხელა კორპუსს დგამენ, იმასთან შედარებით არაფერია, ისე მიგვაჩვიეს საშინელებებს, რომ ეს განსაკუთრებულ ბოროტებად აღარ აღიქმება. თუმცა, ეს არის კანონდარღვევა. თუ ნებართვა გაცემულია მაინც“.
2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერდა, რომ ბათუმის მერია არაეფექტურად განკარგავს სარეკლამო სივრცეს, რაც გრძელ ვადაში ბიუჯეტს დიდ შემოსავლებს დაუკარგავს. შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის 2020 წელს გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა.
იმავე და სხვა რისკების დასაზღვევად ბათუმში რეკლამის განთავსების უფლების გასხვისებამდე საკრებულოს ოპოზიცია ითხოვდა ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით მთელი ქალაქის სარეკლამო სივრცე „ერთი კომპანიის ხელში არ ჩაეგდოთ“.
„როდესაც საკრებულოში შემოვიდა რეკლამის უფლების გასხვისების საკითხი, მაშინ ჩვენი წინადადება იყო, მოდი ქალაქი რამდენიმე ლოტად გავყოთ და ისე გავცეთ, ერთს რომ არ ჰქონდეს რეკლამაზე მონოპოლია. ამის შედეგია ისიც, რომ საარჩევნოდ ქალაქი აჭრელებულია მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატების ბანერებით“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.
შპს „ალმა“ 2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ეს ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ ვებგვერდზეცაა განთავსებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს.
ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით გასასხვისებლად ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა. ნაწილი უკვე დასრულებულია ნაწილი 11 ივნისს უნდა დასრულდეს.
ამ დროისთვის უკვე გასხვისებულია რამდენიმე მიწის ნაკვეთი როგორც ბათუმის ცენტრში ასევე, გონიო-კვარიათის პლაჟზე, მათ შორის მცირე ზომის რამდენიმე მონაკვეთი უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ , სუვენირებისთვის განკუთვნილი ჯიხურები და ასე შემდეგ.
გასხვისების ვადა რიგ შემთხვევებში 2026 წლის 01 იანვრამდე, რიგ შემთხვევებში სექტემბრის ბოლომდეა. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა კი სრული საიჯარო პერიოდის საფასურია .
აუქციონები ნაწილობრივ დასრულებულია გონიო-კვარიათის პლაჟებზეც, ამ ზონაში კონკურენცია გაცილებით მაღალია. ამას ადასტურებს უკვე გასხვისებული ნაკვეთების ელექტრონული ვაჭრობისას დაფიქსირებული მონაცემები. მაგალითად, გონიო-კვარიათის პლაჟზე 300 კვ.მეტრი ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე 3510 ლარად გაიტანა, ის კონკურენციის პირობებში 254-ე ბიჯით საბოლოოდ 30 180 ლარად გასხვისდა. აუქციონი პლაჟზე მიწის ნაკვეთის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემას გულისხმობს საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
მეორე იგივე ზომის ნაკვეთი, რომელიც იგივე ფასად იყო აუქციონზე გატანილი 74-ე ბიჯით 11 280 ლარად გასხვისდა. ამ შემთხვევაში სარგებლობაში გადაცემის ვადაა 2025 წლის 01 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. დანიშნულება იგივეა – საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსება.
აუქციონის პირობების მიხედვით აუქციონში გამარჯვებული [ მოიჯარე] ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად მოწესრიგებული და დაუზიანებელი საპლაჟო ინფრასტრუქტურა – შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი.
მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.
პირობებში ასევე ვკითხულობთ: მოიჯარეს ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე პლაჟის მონაკვეთზე საპლაჟო ინფრასტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის იჯარით აღებული მონაკვეთის გავლით ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რადგან პლაჟზე ხშირად შეზლონგები ისეა დალაგებული, რომ ჩამოსაჯდომ ადგილსაც ვერ იპოვი შეზლონგი თუ არ იქირავე.
წელს ბულვარის ადმინისტრაციას გონიო-კვარიათის პლაჟზე მხოლოდ მცირე ზომის ნაკვეთები არ გამოუტანია. გონიოში აუქციონზე გაიტანეს 774 კვ.მეტრი პლაჟი 8822 – ლარად. ეს ნაკვეთი 70- ე ბიჯით 27 796 ლარად გაასხვისა.
გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ნაკვეთები მესამე ბიჯით გაიყიდა და ფასიც შესაბამისად ბევრით არ გაზრდილა.
ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია ასხვისებს 800 კვ.მეტრს პლაჟზე ხიმშიაშვილის ქუჩის, ე.წ, ევროპარკის გასწვრივ 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ვადით. აუქციონი 5 ივნისს გამოაცხადეს და 11 ივნისს უნდა დასრულდეს. საწყისი ფასი 13 600 ლარია. გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა 800 კვ.მ-ზე ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე .
აუქციონზე გაიტანეს პლაჟზე 900 კვ.მეტრი სასტუმრო ჰილტონის მიმდებარედ, საწყისი ფასი 15 300 ლარია. მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები [საბბორდები]
მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟო ინფრასტრუქტურა – შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი, სადაც ერთი ერთეული შეზლონგისა და ქოლგის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ერთი შეზლონგი – 5ლარი, ქოლგა – 5 ლარი . სარგებლობის ვადა 2025 წლის პირველ ნოემბრამდეა.
ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ასხვისებს ასევე კორტების გასწვრივ არსებულ პლაჟზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 995 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
ტანკი – 10 904 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 22 737 ერთეული [+52]
საარტილერიო სისტემა – 28 850 ერთეული [+56]
MLRS – 1 410 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 181 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 493 ერთეული [+300]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 308 ერთეული [+37]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 51 079 ერთეული [+166]
სპეცტექნიკა – 3 908 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
61 813 უპილოტო საფრენი აპარატი
610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 790 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 570 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
25 782 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 533 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის [რუსეთის] შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში,“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით უკრაინელების წარმატებულ შეტევაში ეს მნიშვნელოვანი მომენტიც გამოიკვეთა.
პოლკოვნიკს აქამდეც ჰქონია ეჭვი, დრონებით ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ რუსებს, რუსეთის ტერიტორიიდან აფრენდნენ დრონებსო.
„არცერთ ქვეყანას არ გაუძლია ასეთი ომისთვის, რასაც გაუძლო უკრაინამ. შოკური მომენტი უკრაინამ გადაიარა. ახლა უკვე უკრაინასაც აქვს ინტერესი, ომი გააგრძელოს. უკრაინამ უნდა გამოფიტოს რუსეთი და დაამარცხოს. ეს რეალურია, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.
ბატონო ლაშა, კიევის გარდა რუსეთი დრონებით და რაკეტებით წუხელ უტევდა ლვოვს, ტერნოპოლს, ლუიცკის. რა შეიცვალა რუსეთის მიდგომებში უკრაინის წარმატებული შეტევის შემდეგ?
არაფერი არ შეცვლილა. მხოლოდ მასობრივი დაბომბვები და შეტევებია.
რუსეთს ცვლილებისთვის არც ინტელექტუალური და არც ფიზიკური რესურსი არ აქვს. რა რაკეტებიც აქვს, ყველაფერს ისვრის. ამას „სვარკას“ ეძახიან. უკვე იმდენჯერ ესროლა რუსეთმა უკრაინას, ყავლი გაუვიდა.
სარაკეტო თავდასხმის დროს უკრაინაში მთავრობის მხარდაჭერა პირიქით იზრდება, რადგან ის იცავს მოსახლეობას.
მოგვიყევით უკრაინის შეტევაზე: როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ჯერ რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა და თვითმფრინავების განადგურება, შემდეგ კი, ყირიმის ხიდის დაზიანება? რა მასშტაბის წარმატებაა ეს?
უკრაინული სპეცსამსახურები მსოფლიოში ყველაზე დახელოვნებულია რუსეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციების ჩატარებით. ასეთი სპეცოპერაცია, რაც ახლა ვნახეთ, მე არსად მინახავს. არც წამიკითხავს სადმე. ეს იყო მართლაც ძალიან მასშტაბური ოპერაცია, ძალიან დიდი გამოგონების უნარით, კარგი დაგეგმვით და მისი შესრულებით.
საკვანძო საკითხი მაინც ისაა, რომ უკრაინელებს, როგორც ჩანს, რუსეთის შიგნით საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებოდნენ ლოჯისტიკის გამართვაში.
რა მიგანიშნებთ ამას?
როცა აკვირდები ამ მასშტაბის წარმატებულ ოპერაციას, ეს იკვეთება. რაღაც არის, რასაც ახალ ამბებში ვერ გეტყვიან და წიგნებში ვერ ამოიკითხავ, მაგრამ ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში.
აქამდე როცა უკრაინულ დრონებს ვაკვირდებოდი, მითქვამს კიდეც, რომ ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ – ტექნიკურად შეუძლებელია დრონმა ამხელა თავდაცვითი ხაზი უპრობლემოდ გაიაროს-მეთქი. დიდი ალბათობით, ეს დრონები რუსეთის ტერიტორიის შიგნიდან ფრინდებოდნენ.
როგორც ჩანს, უკრაინა საკმაოდ კარგად მუშაობს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მზად არიან ებრძოლონ პუტინის რეჟიმს.
რა მასშტაბის წარმატება იყო რუსეთის აეროდრომებზე შეტევა?
ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით: პუტინს სახეში გაულაწუნეს სილა, აგრძნობინეს, რომ არაა ისეთი მაგარი, როგორც თვითონ იძახის. გამოჩნდა ისიც, რომ პუტინს რეალურად პასუხის გაცემაც არ შეუძლია და ვერაფერს ახალს ვერ აკეთებს, გარდა იმისა, რასაც აქამდე აკეთებდა.
მხოლოდ ბირთვულ შანტაჟი გვესმის. დავიღალეთ.
41 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინელებმა რუსეთში გაანადგურეს, რუსეთის ბირთვული ტრიადის ნაწილია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რუსეთის ბირთვული შესაძლებლობაც?
არა. ამ შეტევით რუსეთის ბირთვული, ან სტრატეგიული შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი თვითმფრინავი დაზიანდა. დადასტურებულად ვიცით, რომ 9 ან 10 ბომბდამშენი დაზიანდა, ასევე სხვა საფრენი აპარატები, რაც სერიოზული ზარალია სტრატეგიული ფლოტისთვის, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ეს ძალიან დიდი ზარალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რუსეთს გამოელია სტრატეგიული ბომბდამშენები.
არც რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეა რეალური – ეს სხვა კატეგორიის იარაღია და მისი გააქტიურება ყველა ქვეყანაში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, გამოიწვევს ბირთვული პროტოკოლის გააქტიურებას, რაც რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი მიიღებს მძიმე შედეგებს.
თქვენი აზრით, ყირიმის ხიდის დაზიანება როგორ მოახერხეს უკრაინელებმა?
უკრაინელები დიდი ხანია ცდილობენ ყირიმის ხიდის დანგრევას. ალბათ დაანგრევენ კიდეც ერთ მშვენიერ დღეს. ეს ხიდი რკინა-ბეტონისაა და კარგად გამართული ნაგებობაა კონსტრუქციულად, მისი დანგრევა არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მოიფიქრებენ რამეს.
ამ ხიდის დანგრევა შეიძლება ყირიმის დაბრუნების პირობა გახდეს?
შესაძლოა. ყირიმის დაბრუნების პირობა შეიძლება ეს ვერ გახდეს, მაგრამ სერიოზულად შეასუსტებს ყირიმის თავდაცვისუნარიანობას.
აფეთქებები იყო რუსეთში რკინიგზაზე. ბრიანსკის, კურსკის და ვორონეჟის ოლქების შემდეგ რკინიგზაზე აფეთქება მოხდა ბელგოროდის ოლქშიც. ამ კუთხით რა ხდება?
ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ამ აფეთქებებზე, მაგრამ რკინიგზა არის სრულიად ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის – რუსეთი რკინიგზას იყენებს ჯარის იარაღით მოსამარაგებლად.
ამ შეტევის მიუხედავად არ იცვლება რუსეთის მოთხოვნები – პუტინი, პირველ რიგში, უკრაინისგან ნეიტრალიტეტს და ნატოზე უარს ითხოვს. ჩანს ცეცხლის შეწყვეტის პირობა ამ ეტაპზე?
არ ჩანს ცეცხლის შეწყვეტის პირობა. ამის შანსი იყო, რომ მიღწეულიყო ცეცხლის შეწყვეტა უპირობოდ, მაგრამ ამ მომენტმა გაიარა. ასე რომ, ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
პუტინს, ძირითადად, პოლიტიკური მიზნებისთვის არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა – საჩვენებლად, რომ ის ისევ უტევს უკრაინას – თუ არსებობს სამხედრო არგუმენტიც?
პუტინის მიდგომებში რაციონალურობა არ იგრძნობა. წესით და რიგით პუტინს უნდა აწყობდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა, რადგან დაკავებული ტერიტორიებიდან აღარ გამოდევნიან, ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, მაგრამ არ აწყობს. პუტინი იძახის: დამნებდით, ან დამამარცხეთო.
დანებებით არ დანებდებიან. მას ალბათ დაამარცხებენ.
მნიშვნელოვანია ამ პროცესში აშშ-ს პოზიცია. ანალიტიკოსების ნაწილის დაკვირვებით, ამ დრომდე ტრამპს მიაჩნდა, რომ რუსეთი ძლიერია და ამიტომ სუსტმა უკრაინამ მას უნდა დაუთმოს. რა შეიცვალა უკრაინის წარმატებული შეტევის შემდეგ?
ტრამპს და მის გუნდს მცდარი პოზიცია ჰქონდათ – ეგონათ, რომ რუსეთისთვის რაღაც უნდა დაეთმოთ. აშკარად იკვეთება, რომ რუსეთის მიმართ დათმობა აშშ-თვის ნიშნავს ევროპელ მოკავშირეებთან კონფრონტაციაში შესვლას. ევროპამ კი, ძალიან თვალსაჩინოდ აჩვენა ძალიან დიდი კონსოლიდაციის უნარი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
ამიტომაც, აშშ-ს აწყობდა, თუ მშვიდობა დამყარდებოდა – ამით ტრამპი პოლიტიკურ ნიშანს დაიწერდა, მაგრამ ეს შეცდომა იყო. ცხადია რუსეთის პოზიცია: დამნებდით! აშშ-ს მხრიდან იყო მცდელობები, მაგალითად, ყირიმზე იყო საუბარი, შეიძლებოდა მოლაპარაკებები ყოველ შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან, მაგრამ რუსეთმა ყველაფერს წაუყრუა. რუსეთის პოზიციაა: გინდათ მშვიდობა? გაიყვანეთ ჯარები და დამიკანონეთ ეს ტერიტორიები, ნატოზე ყველამ უარი თქვით და ასე შემდეგ.
თქვენი დაკვირვებით, ამოწურულია უკვე მოლაპარაკების რესურსი – ტრამპი პუტინს ამ პროცესში აღარ შეჰყვება?
ძალიან ძნელი სათქმელია, რა გააკეთებს ტრამპი, თუმცა ამ დრომდე რაც ჩანს: საქმით არაფერში არ შეჰყოლია ტრამპი პუტინს. ტრამპი რაღაცებს იძახდა, თუმცა გამოჩნდა, რომ რასაც იძახდა, ასე არ არის.
უკრაინა იღებს დახმარებას აშშ-დან ახლაც. უკრაინა არ უჩივის შეიარაღების ნაკლებობას. კონგრესის დამტკიცებამდე, როგორც იცით, წარმოიშვა გარკვეული პრობლემები და ეგ იყო. სამაგიეროდ ძალიან გააქტიურდნენ ევროპელი მოკავშირეები.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და აშშ-მა უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას განიხილავენ. რას ნიშნავს, მაგალითად, შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, რომელ მნიშვნელოვან სამიზნეებზე შეიძლება მიიტანოს უკრაინამ იერიში გერმანული Taurus-ებით?
უკრაინას შეუძლია იერიშის მიტანა მოწინააღმდეგის მართვით პუნქტებზე, მოწინააღმდეგის სიღრმეში კონსოლიდაციის ადგილებზე. ამ იარაღით ძალიან ბევრი მიზანი შეიძლება განადგურდეს. „ტაურუსი“ საკმაოდ მძლავრი რაკეტაა.
შეიძლება ამ შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება გარდამტეხი აღმოჩნდეს?
ჩემი აზრით, არ არსებობს შეიარაღება დედამიწაზე, რომელიც ამ ომში გარდამტეხი აღმოჩნდება. შესაძლოა, ამან ცვლილება შეიტანოს, მაგრამ ამ ომმა უკვე მიიღო გრძელი, ჩასანგრებული, მძიმე თავდაცვითი სახე. ამას სჭირდება დრო და გამოფიტვა: რომელი გამოიფიტება პირველი?
ყველა ინდიკატორის მიხედვით, ომს დიდი ქვეყანა აგებს – ამ შემთხვევაში რუსეთი, რადგან დიდ ქვეყანას დიდი ხარჯები აქვს.
არცერთ ქვეყანას არ გაუძლია ასეთი ომისთვის, რასაც გაუძლო უკრაინამ. შოკური მომენტი უკრაინამ უკვე გადაიარა. ახლა უკვე უკრაინასაც აქვს ინტერესი, ომი გააგრძელოს. უკრაინამ უნდა გამოფიტოს რუსეთი და დაამარცხოს.
ეს რეალურია, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.
მიდის რუსეთი გამოფიტვისკენ, ემჩნევა ეს ფრონტის ხაზს?
ფრონტის ხაზზე უკვე თვეებია არაფერი არ ხდება. ერთი სოფელი აქეთ იქნება თუ იქეთ, მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის.
რუსეთი მიდის გამოფიტვისკენ. დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია.
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კატეგორიულად ამბობს არას, ნაწილის პოზიცია კი ბუნდოვანია, თუმცა ამ ბუნდოვანებაში ჩანს, რომ შესაძლოა, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1919 წელს ჩატარდა. მეორედ კი 72 წლის შემდეგ, 1991 წელს. მას შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი ძალა გავა მარტო, თუ მასში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ, ჯერ უცნობია.
მაგრამ არის კი ბოიკოტი გამოსავალი?
არგუმენტები არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ
არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიციას ეყოლება წარმომადგენლობები ადგილობრივ თვითმმართველობაში, „ქართული ოცნება“ ნაწილობრივ მაინც დაკარგავს თავის ძალაუფლებას რეგიონებში, ოპოზიციური პარტიები მიიღებენ კუთვნილ პარტიულ დაფინანსებას. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობა არის ცვლილებების მიღწევის დემოკრატიული გზა.
არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება შესაძლებელს გახდის პროტესტი გადავიდეს კიდევ უფრო ქმედით ფაზაში. არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ის, რომ შესაძლებელი ხდება ოპოზიციამ „ოცნებას“ წაართვას დიდი ქალაქები, ისეთები, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.
არგუმენტები არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
ქვეყანას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, არალეგიტიმური პარლამენტი იღებს კანონებს, რომელიც ემუქრება სამოქალაქო და მედია სივრცეს გაქრობით, პოლიტიკური ლიდერები დაპატიმრებულები არიან, ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, არსებობს არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი და არჩევნებზე სრულფასოვნად დაკვირვება შეუძლებელია.
„არჩევნები არის ბრძოლაში შესვლა და არა თამაშში შეყოლა“
„ოპოზიციის მიერ არჩევნებში არ მონაწილეობა რას ჰგავს იცით? კრწანისის ველზე რომ არ გასულიყვნენ ქართველები, იმიტომ, რომ შაჰ აბასს დიდი ლაშქარი ჰყავს, მაინც წავაგებთ და რა აზრი აქვს, არ გავიდეთო,“ – ასეთ შედარებას იყენებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის ემხრობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას და რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად.
ის მიიჩნევს, რომ მიმდინარე საპროტესტო მუხტი უნდა გაერთიანდეს ორი მიზნის გარშემო: ერთის მხრივ აიძულონ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ნორმალური გარემო შექმნას, მეორეს მხრივ – „ამ არჩევნების მოსაგებად საჭიროა ფართო და კოორდინირებული ოპოზიციური კამპანიის წარმოება“.
გოგოლაშვილი თვლის ყველა იმ მოთხოვნას, რაც უნდა თან სდევდეს ასეთ გადაწყვეტილებას.
„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიული თავისუფლებების შემზღუდველი კანონების უკან გაწვევა; თავისთავად, ამ კანონებიდან წარმოშობილი ყველა უსამართლო ჯარიმის, ადმინისტრაციული სასჯელისა თუ სხვა სახის ვალდებულების გაუქმება; სარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგება და მისთვის დემოკრატიული იერ-სახის დაბრუნება; პარტიებისთვის ჩამორთმეული სახელმწიფო დაფინანსება აღდგენა, მათთვის ვინც საარჩევნო ბარიერი 2024 წელს გადალახა, მიუხედავად იმისა, ცნეს თუ არა მათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად – ეს აუცილებელია ადგილობრივი სარჩევნო კამპანიის ეფექტურად ჩასატარებლად”.
კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი გადადგამს ნაბიჯს და გამოაცხადებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობაზე, ამის გამო ის არ უნდა დაამუნათონ და საარჩევნო პროცესში არ უნდა შეუშალონ ხელი.
„არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ტრიგერი. ადგილობრივი არჩევნები ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ლეგალური, კონსტიტუციური პროცესი, რომელიც არ შეიძლება დააბრალო „ოცნებას“ და თქვა, რომ რადგან ადგილობრივ არჩევნებს ატარებს, კონსტიტუციას არღვევს. პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ თავად, როგორც ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნების დანიშვნა არის კონსტიტუციური მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით ის ემორჩილება კანონმდებლობას,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
მისი თქმით, არავის ილუზია არ აქვს, რომ ამომრჩევლის ნება თავისუფლად იქნება გამოხატული, მაგრამ არის შანსი, რომ „ოცნებას“ ოპოზიციამ წაართვას დიდი ქალაქები.
„იმის ძახილი, რომ გააყალბებს მაინც და აზრი არ აქვს, არ არის სწორი. ეს არის უკან დახევა და ქაოსისთვის გზის მიცემა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
კახა გოგოლაშვილი
პოლიტოლოგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რა მოხდება, თუკი „ქართული ოცნება“ ისევ გააყალბებს არჩევნებს, ეგზიტპოლებში კი განსხვავებული შედეგი დაიდება. იგი მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი იქნება ხალხის ხელში.
„აი, უკვე მეორეჯერ მივედით არჩევნებზე და მეორედაც გაგვიყალბეს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური პროცესი და ამინდი კიდევ უფრო ასწიო. ხალხმა უფრო იგრძნოს ის უსამართლობა, რაც არსებობს ქვეყანაში.
მე ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობის გამოცხადება და ამის ირგვლივ ადამიანების დარაზმვა შესაძლებელს გახდის, რომ პროტესტი გადავიდეს კიდევ უფრო ქმედით ფაზაში.
უფრო მეტი ხალხი მობილიზდეს და ის მოთხოვნები, რომელიც ქუჩაში გაიჟღერებს – მაგალითად: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, კანონების გაუქმება, პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების მიცემა, რომელიც ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდ აქვთ წართმეული… ამ ყველაფრის თავიდან დაყენება და ამის გარშემო ხალხის მობილიზება არის ბრძოლაში შესვლა და არა თამაშში შეყოლა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმს გაუხსნის ახალ სუნთქვას და მოახდენს ლეგიტიმაციას“
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი, საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას. სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად კი საჭიროა რეჟიმის ცვლილება.
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ რეჟიმი არ შეიცვლება, ქვეყანა ვერ გააგრძელებს გზას დასავლეთისკენ, დარჩება რუსეთის პირისპირ, რაც „გარდაუვალად ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას“ და რაც მთავარია, ვერ მოგვარდება პოლიტპატიმრების საკითხი.
„ჩვენი [ოპოზიციის] ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს რეჟიმის ცვლილება. ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადავდგამთ იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებს მოემსახუროს, უნდა ემსახურებოდეს რეჟიმის ცვლილების ამოცანებს.
ჩვენი ღრმა რწმენით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არათუ არ ემსახურება რეჟიმის ცვლილების ამოცანებს, არამედ გადაავადებს ამას. რეალურად რეჟიმს გაუხსნის ახალ სუნთქვას, გაუკეთებს ლეგიტიმაციას.
იმას ვერ ვიტყვი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შედეგად რეჟიმის რეპუტაცია აღდგება დასავლეთში – ეს არ მოხდება, მაგრამ დაუბალანსებს იმას, რომ „აი, ასეთი ქვეყანაა“ – დაახლოებით შუა აზიური ქვეყნის მსგავს ჩამორჩენილ ქვეყნად ჩამოყალიბდა საქართველო, სადაც ოპოზიცია ეგუება რუსული ყაიდის მმართველობას. ამ დონეზე დასტაბილურდება დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობა,“ – მიიჩნევს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი. ფოტო: „ტაბულა“
პოლიტიკოსი კატეგორიულიათავის შეფასებებში და ამბობს, რომ „ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ უნდა შევიდეს თვითმმართველობის არჩევნებში, ნიშნავს, რომ უბრალოდ აღიარებს პროტესტის მარცხს, თვლის, რომ ახალი არჩევნები მიუღწეველია და მიდის რეჟიმის თამაშში იმისათვის, რომ პარტიული უპირატესობა მოიპოვოს“.
თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს ისტორიას ქვეყნის უახლესი წარსულიდან. 2010 წელს ოპოზიციამ 4-თვიანი კრიზისი შექმნა, თვეების განმავლობაში გადაკეტილი იყო რუსთაველი, თუმცა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი უპირატესობით დასრულდა.
„ტრიუმფით მოიგო არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წელს და ივანიშვილის შემთხვევაშიც სრული ტრიუმფით დამთავრდება. თუ არ ვცდები, გიგი უგულავას ჰქონდა 55%, ირაკლი ალასანიას ჰქონდა 20% და მიულოცა კიდეც ალასანიამ გამარჯვება უგულავას. აღიარა არჩევნების შედეგები. იგივე მოხდება ახლაც,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პოლიტიკოსი თავისი არგუმენტის გასამყარებლად იხსენებს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მასში მიხეილ სააკაშვილის საეჭვო გამარჯვებას და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც წინ უძღოდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ თუ ე.წ. მეინსტრიმ ოპოზიცია ამ ცდუნებას გაუძლებს, არსებობს შანსი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის.
„თუ ოთხი, ბარიერგადალახული, მეინსტრიმ პარტიიდან არცერთი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილს კრიზისი უმძიმდება და ახალი არჩევნების ჩანიშვნის შანსები რადიკალურად იზრდება. რეალურად ეს მოხდება.
თუ თვითმმართველობის არჩევნები ჩაუვარდათ და მეინსტრიმ ოპოზიციამ ამაში მონაწილეობა არ მიიღო, შეუძლებელია, რომ ახალი არჩევნების გარეშე გადარჩნენ.
თუ ერთმა ან ორმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, „ლელო“ იქნება ეს თუ გახარია, მაგ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ახალი არჩევნების იდეა არის სრულიად გადავადებული. რეჟიმი რჩება და მერე ყოველდღე მიდის „ტილაობა“ ოპოზიციურ პარტიებს შორის.
ეს მოხდება, მეტი არაფერი. ბიძინას ტრიუმფით დასრულდება თუ დემორალიზებული საპროტესტო ელექტორატის ხარჯზე შევედით,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ასეთ პირობებში გამორიცხულია არჩევნებზე ლაპარაკი“
არჩევნებში არ მონაწილეობის იდეას ემხრობა ლევან ცუცქირიძე, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი.
„პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ლიდერების მოტაცება და დაკავება უკანონოდ და უსამართლოდ; ერთპარტიული კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე; გაყალბების და მანიპულაციის კიდევ უფრო მძიმე და ახალი ფორმები; არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობის პრაქტიკულად მოსპობა; სამოქალაქო და მედია სივრცის განადგურებამდე მიყვანა – ეს არის პირობები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას შეუძლებელს ხდის ჩვენთვის.
ასეთ პირობებში გამორიცხულია რაიმე კონკურენტულ არჩევნებზე ლაპარაკი.
შესაბამისად, „თავისუფლების მოედნის“ მონაწილეობა ასეთ პირობებში, ამ არჩევნებში იქნებოდა მონაწილეობა დემოკრატიის განადგურების პროექტში. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ ასეთი პირობებით არჩევნებში მონაწილეობაზე,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობის აზრს მხოლოდ არსებული პირობების ცვლილების შემთხვევაში ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიბმულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან, საარჩევნო გარემოს იმგვარ ცვლილებასთან, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების გონივრული შანსი გაჩნდეს.
„შედეგის მიღწევის საუკეთესო გზა თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლაში, არის ოპოზიციური პარტიების საერთო სტრატეგია და მიდგომა ძირითად საკითხებზე. ეს არჩევნებიც ასეთი საკითხია, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას კოორდინაციისკენ და საერთო პოზიციის ქონისკენ. ჩვენი პოზიცია ნათელია ამასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ახლანდელი სიტუაციის შედარება და წარსულის მაგალითების გათვალისწინება რთულია, რამდენიმე მიზეზის გამო.
„აქამდე არჩევნების და მმართველი პარტიის ლეგიტიმაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ არასოდეს გვყოლია მმართველი პარტია, რომელიც აღიარებული არ იქნებოდა, არასოდეს არ გვყოლია ძალაუფლების მქონე მთავრობა, რომელიც იქნებოდა სანქცირებული. ასეთი მკაცრი შეფასებები არჩევნების აქამდე მე არ მახსოვს. არის 2003 წლის არჩევნების შესახებ ეუთოს ანგარიში, მაგრამ ისიც კი შეიძლება ჩამორჩებოდეს 2024 წლის არჩევნების შეფასებას. ახლა გვაქვს სრულიად განსხვავებული ვითარება და ამ ვითარებაში ეს არის არგუმენტები, რატომ არ უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
რას იგებს „ქართული ოცნება“ თუკი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე წავა და რას აგებს – თუკი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა სამივე რესპონდენტს დაუსვა.
თამარ ჩერგოლეიშვილი: „თუ ოპოზიცია არ შევა არჩევნებში, მაშინ კრიზისი უმძიმდება „ოცნებას“, ლეგიტიმურობის ეროზია გრძელდება. ლეგიტიმურობის ეროზია გვჭირდება.
რატომ მიხარია, რომ გზა იკეტება ყოველდღე ბევრი ხალხით ან ცოტა ხალხით – იმიტომ, რომ თუ ცოტა ხალხით გზას აკეტინებს ე.ი. ეშინია ბევრი ხალხის. ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. თვითმმართველობის ბოიკოტი განაპირობებს ლეგიტიმაციის პრობლემის გაღრმავებას.
ამას მივიღებთ ჩვენ, თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას, ბიძინა დაასრულებს ტრიუმფით. ხაზარაძე ჩაანაცვლებს ნაცებს და იქნება მეორე მიშა, თუ ნაცებმა არ მიიღეს და ლელომ და გახარიამ მიიღო [არჩევნებში მონაწილეობა]. ან დაელოდება იმას, რომ იქნება მდინარემ ბიძინას გვამი ჩამოატაროს და თვითონ დახვდეს პრემიერად“.
კახა გოგოლაშვილი: „ქართული ოცნება“ წააგებს იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ხალხი გავა არჩევნებზე. თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ტოტალური გამარჯვების მოპოვება, თბილისსა და რუსთავში ოპოზიციას გამარჯვების რესურსი მაინც აქვს.
ისტორიული პროცესი აჩვენებს, სწორედ ოპოზიციური დიდი ქალაქების მერები შემდგომში იმარჯვებენ ცენტრალურ არჩევნებში. სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ჯერ გაიმარჯვა საკრებულოში და მერე გამოიყენა ეს ტრიბუნა ცენტრალურ არჩევნებში გასამარჯვებლად.
თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, არჩევნები არ ჩაიშლება, მასში მიიღებენ მონაწილეობას „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პარტიები. ზოგიერთი პატარა პარტიაც, რომლებიც შეიძლება არ არიან პირდაპირი სატელიტები, მაგრამ ისინი არ ემიჯნებიან არჩევნებს.
შედეგად „ოცნება“ მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ აი, ჩავატარე არჩევნები, რომელიც არ გამიყალბებია. დაითვალეთ, ვინც გინდა ჩამოდით, ნახეთ, თუ გნებავთ ყველა დოკუმენტაციას გადაგიშლით და ნახავთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ სუფთად ამ არჩევნებში.
ეს იქნება სწორედ ის, რაც შეარყევს ამ პროტესტის მუხტს. ეს შეარყევს ასევე საერთაშორისო დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც დღეს თვლის, რომ ის არის გამყალბებელი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ მარტო გავა არჩევნებზე, როგორც დიდი ძალა და დანარჩენები – პატარ-პატარა სატელიტები, ვერავინ დააბრალებს, რომ „ოცნებამ“ გააყალბა ეს არჩევნები.
იტყვიან, რომ აი, შეუძლია „ქართულ ოცნებას“ სუფთა არჩევნების ჩატარება და ოპოზიციამ თუ თვითონ არ მოინდომა ე.ი. მართლა რევოლუციის გზით უნდათ მოსვლა და დესტაბილიზაცია და იმიტომ არ მოდიან არჩევნებზე.
ასეთ არგუმენტებს მიიღებს „ქართული ოცნება“ ამის შედეგად.
ლევან ცუცქირიძე: „მე ასე მარტივად ვერ შევხედავ ამას – გააჩნია რა პირობებში და რა გარემოებებში.
თუ არაფერი არ იცვლება და გაყალბებულ არჩევნებში გადიხარ, საზოგადოებას ეუბნები – „მოდი, იგივე წრეზე წავიდეთ. კიდევ მოგვატყუეს, კიდევ გაგვიყალბეს და ა.შ.“ ეს სხვა ვითარებაა.
თუ რაღაც იცვლება და გადის ოპოზიცია არჩევნებზე, სხვა საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გადის ოპოზიცია არჩევნებზე. გადის როგორც ფრაგმენტირებული, ცალ-ცალკე, თან „ოცნებას“ უპირისპირდება და თან ერთმანეთს, თუ როგორ გადის?! ამიტომ ასე მარტივად ნუ დავაყენებდით საკითხს. მე ვიტყოდი – გააჩნია რა პირობებში და როგორი ალიანსით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი – ნებისმიერ თანაბარ არჩევნებში „ოცნება“ დამარცხდება. ადგილობრივი იქნება ეს თუ საპარლამენტო“.
„ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ“- ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.
ნინო ზაუტაშვილს „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობაზე და იმ სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვაზე, რომლის მოსმენაც დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას.
ნინო, როგორ შეაფასებთ „ქართულის ოცნების“ მცდელობას, უკარნახოს მედიას, ჟურნალისტებს, რა უნდა თქვან ეთერში და რა არ უნდა თქვან. რას გაგონებთ ეს ყველაფერი?
ამას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ცენზურა ჰქვია მარტივად. ის, რომ მთავრობა იქნება ეს, პარლამენტის წევრი თუ სხვა რომელიმე შტოს წარმომადგენელი, ცდილობს მედიაზე, მის შეზღუდვაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლს, არის ცენზურა.
ამას მეტი არაფერი არ ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა აკონტროლოს ტერმინები, რასაც დავწერთ.
მე მესმის, რომ შეიძლება ვიღაცისთვის სასიამოვნო არ იყოს რაღაცების მოსმენა და ეს სრულიად გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ჩემზეც მომისმენია ბევრი ისეთი რამ, რაც სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.
მით უმეტეს მედიის შემთხვევაში.
აი, მაგალითად, „ოცნება“ ამბობს, რომ მაუწყებლის ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს ფრაზები – „ოლიგარქიული რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, მაგრამ ეს ხომ ფაქტი, მოცემულობაა. „ოცნება“ რეალობის გამრუდებას ცდილობს მედიაში?
„ოცნება“ ცდილობს შეზღუდოს მედია და ამ კუთხით ყველამ ილაპარაკოს ერთ ენაზე და ეს ენა არ იყოს კრიტიკული, არცერთ შემთხვევაში.
ეს იმისთვის, რომ არ დაისვას კრიტიკული შეკითხვა, რომ არ გაჟღერდეს სიტყვა „რეჟიმი“, არადა ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არა მხოლოდ ჟურნალისტები არამედ სრულიად საზოგადოება, არის ის, რომ სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ ადამიანებს, ვისაც ასეთი დანაშაული არ ჩაუდენია.
მაგალითად: მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-იდან 7 წლამდე ემუქრებიან სასჯელით; ჩვენ ვაკვირდებით ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ სხედან ციხეში და არც აქვს ბრალდების მხარეს მათ წინააღმდეგ სამხილები და რას ემსახურება ამ ახალგაზრდების ციხეში ჩასმა, ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი.
იგივე პოლიტიკოსები, თუნდაც, სხედან ციხეში და მე მიჩნდება კითხვა – თუკი ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გაწერილი გვაქვს და ჩვენი კონსტიტუცია იწყება საერთოდ ამით, რომ ჩვენ ზუსტადაც დემოკრატიული წყობის ქვეყანა გვინდა რომ ვიყოთ და ამ პრინციპით ვიცხოვროთ, მაშინ სად არის ამ ადამიანების უფლებების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი?!
ხალხი ზის ციხეში, ახალგაზრდები. ამ ადამიანების მომავალი დღეს არის გაჩერებული ფაქტობრივად, იმიტომ, რომ ამ ასაკში ეს ადამიანები გამოხატვის თავისუფლების გამო ან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
ადამიანებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ? აბსოლუტურად ყველა კონვენცია ამას ეთანხმება და არსად არ იკრძალება, რომ ადამიანმა გამოხატოს თავისი მოსაზრება.
ამიტომ, როცა ეს ადამიანები ასე უმიზეზოდ სხედან ციხეში, სრული უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის ნიშანი.
„ოცნების“ კრიტიკის გაუქმებას აკანონებენ?
აბსოლუტურად.
ეს არის ნიშანი იმისა, რომ კრიტიკის მოსმენა აბსოლუტურად მიუღებელია მათთვის.
ან შენი საქმით დაამტკიცე, რომ არ იმსახურებ ამ კრიტიკას, ან გამოასწორე ის შეცდომები, რაც დაუშვი. საზოგადოება ამას უყურებს.
არ აქვს მნიშვნელობა ასი კაცი ივლის აქციებზე, 2 ათასი თუ 98 ათასი, საზოგადოებაში ეს უკმაყოფილება არსებობს. ვაკვირდებით რა იწერება სოციალურ ქსელებში, რას განიცდიან ადამიანები, როგორ არ მოსწონთ ეს ყველაფერი და ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ დავსვათ შეკითხვები. მით უმეტეს, რომ ჩვენ საზოგადოებისგან გაქვს ეს მანდატი, ჩვენ ვართ ჟურნალისტები და აბსოლუტურად გვაქვს ეს უფლება, რომ დავსვათ შეკითხვები.
კი, შეიძლება ჩვენი სტანდარტი გულისხმობდეს, რომ არ მივანიჭოთ რაღაც ტრაფარეტები და არ ვთქვათ, რომ ეს არის რეჟიმი, მაგრამ კითხვის დასმის დროს რომ შენ გარბიხარ, როცა შენ მე არ მპასუხობ, როცა ასეთ დრაკონულ კანონებს იღებ, ესე იგი შენ რეჟიმი ხარ.
დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება.
ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ.
ამ შემთხვევაში და ამ მოცემულობაში, კანონები, რომელიც მიიღეს და რომელიც გვავალდებულებს, რომ რაღაც სიტყვები არ გამოვიყენოთ, მაშინ შენც დამანახე, რომ მუშაობ ისე, როგორც ეს სახელმწიფოს შეეფერება.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებას გრძნობს, საზოგადოებასთან ერთად მსჯელობს კანონების მიღებამდე, განხილვები გაქვს, ითვალისწინებს მის აზრს და ეს ყველაფერი ხდება საზოგადოებასთან ერთად.
მითუმეტეს, თუ ამბობ, რომ ჩვენი არჩეული ხარ, გვკითხე ჩვენც.
ასე ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილებების მიღება და ასე – ხელი მოვკიდე და ჩავაგდე ადამიანი ციხეში, ისე რომ არც დამიმტკიცებია რა დააშავა და დღემდე ვერ მტკიცდება, უკვე მაფიქრებინებს, რომ შენ ხარ რეჟიმი.
მაღალი თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს კანონი აკისრებს თმენის ვალდებულებას, მაგრამ რეალურად, „ქართული ოცნება“ ითხოვს, არავინ გააკრიტიკოს ისინი, არ შეუქმნან დისკომფორტი, ადამიანებს კი უჩივიან გამოხატვის თავისუფლების გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ თმენის ვალდებულება ხალხს დააკისრეს და არა საკუთარ თავებს?
ზუსტად ეს სურათია. თმენის ვალდებულების გარდა მათ აქვთ ვალდებულება, რომ საზოგადოების კითხვებს გასცენ პასუხი და ეს კითხვები ყოველთვის მაამებლური ვერ იქნება.
კრიტიკული კითხვა ნიშნავს, რომ ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში. მედია ბოლო-ბოლო რა არის? ის არის მედიატორი, შუამავალი საზოგადოებასა და მთავრობას შორის და როცა ჩვენ ვსვამთ კითხვებს, ეს კითხვები არის საზოგადოებიდან წამოსული.
და ჩვენ, აი, ამ ინფორმაციის მიწოდებას და დაბრუნებას ვემსახურებით, რომ გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას აქვს ეს შეკითხვები და თუ შეიძლება, ამ შეკითხვებზე გაგვეცით პასუხი.
თუმცა ჟურნალისტიკის არსი შეფასება და ანალიზიც ხომ არის?
თავისთავად ცხადია. ის უკვე არის შეფასება, როცა შენ აჩვენებ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ ხელისუფლება ამ პრობლემას არ პასუხობს. თუ შენ არ თვლი თავს ვალდებულად ხალხის წინაშე და ვერ გრძნობ პასუხისმგებლობას, ესეც მაჩვენებელია ამ ყველაფრის.
როცა ლაპარაკობენ გადაცემების ცალმხრივობაზე, მობრძანდეს მთავრობის წევრი და აღარ იქნება ცალმხრივი. არ არსებობს მარტო ჟურნალისტების პასუხისმგებლობები.
გამოდის, „ქართული ოცნება“ ართმევს მედიას იმას, რაც ქმნის ჟურნალისტიკას – შეფასების და ანალიზის უფლებას. ამის გარეშე დარჩენილი მედია რა შეიძლება იყოს?
არაფერი. ამის გარეშე დარჩენილი მედია არის გასართობი მედია. სამზარეულო, მუსიკალური და სხვა გადაცემებით. არცერთი კითხვა არ უნდა დაისვას.
თუმცა არც გასართობი გადაცემებია ცენზურისგან დაზღვეული.
ესეც ცხადია, რადგან დაიწყეს შოუებში სტუმრების გაკონტროლება, ვინ შეიძლება მოიწვიო, ვინ არ შეიძლება და ეს ხდება ყველა არხზე თითქმის. მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ისიც ჩადგა ასეთი ტელევიზიების რიგში. ეს ნამდვილად ასეა, რაც არ უნდა უარყოს მენეჯმენტმა.
ორ ტელევიზიას უჩივლა ტერმინების გამო კობახიძის წარმომადგენელმა, დღეს კიდევ, „ოცნების“ პარლამენტარმა კირცხალიამ უჩივლა მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში პოსტების გამო – ვეღარავინ შეძლოს საჯაროს სივრცეში მსგავსი რამის თქმაო. ხალხის ტოტალურ კონტროლს ცდილობენ ამით?
ეს არის წინაპირობა იმის, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც. „ოცნების“ წარმომადგენლებს უნდათ, რომ იცხოვრონ სამოთხეში, თავისთვის მოწყობილ სამოთხეში და საზოგადოება საერთოდ არაფერში მონაწილეობდეს. მით უმეტეს მედია, რომელსაც ვალდებულება აქვს ილაპარაკოს, პირველ რიგში პრობლემებზე.
ეს არის ავტოკრატიული რეჟიმი, სხვა კი არაფერი. რომ იქ, სადღაც 5%-ში, ყველაფერი არის როგორც სამოთხეში, დანარჩენი სად და როგორ იცხოვრებს, არ აინტერესებთ. და რატომ უკვირთ, როცა ამ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.
ეს ადამიანები არ ჩადიან რეგიონებში, არ უყურებენ ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, ჩადიან მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში, რომ მოიპოვონ ხალხის ხმები.
როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ ამ ცენზურით, ტერორით იმას, რომ ხალხმა არ დაარქვას თავისი სახელი „ოცნების“ პოლიტიკას და მათ ქცევებს?
ავტოკრატიულ რეჟიმებში და ავტოკრატიულ ქვეყნებში ხდება ასე, რომ შეიძლება ფეხბურთის გუნდმა წააგოს, მაგრამ ხელისუფლებამ გამოუცხადოს ხალხს, რომ მოიგო იმ გუნდმა და ხალხი ამით იქნება ბედნიერი. აქამდე მისვლას ბევრი დრო არ დასჭირდება.
ძალიან გული მწყდება ამას რომ ვამბობ, მაგრამ სურათი, რასაც ვაკვირდები, დაახლოებით ასეთია, რომ დღეს, როცა ადამიანებისგან მესმის – „რატომ ნერვიულობთ ასე, რა ხდება“ და ვერაფერს ხედავენ, შიში ახსოვთ მარტო წინა მთავრობის პერიოდის და ამ მთავრობის მმართველობაში ვერაფერს საშიშს და სახიფათოს ვეღარ ხედავენ, ეს არის იმის ნიშანი, რომ შეიძლება ადამიანებმა ეს პირობაც მიიღონ.
ქუჩის გამოკითხვაში ერთმა ქალმა თქვა, – „რაც მაქვს, იმას შევჭამ“. მორჩა, არ მინდა არაფერი. არც კინო მინდა წესიერად ვნახო, არც თეატრი მინდა, რომ პრობლემებზე ლაპარაკობდეს, მთავარია ცოცხალი ვარ და დავდივარ ქუჩაში. „სუპი მექნება? – შევჭამ სუპს. არ მექნება და არ შევჭამ“. ოღონდ ცხოვრება რას ჰქვია, ამაზე აღარ ლაპარაკობენ.
სწორედ ასეთების დედები არიან ამ ყველაზე საცოდავები, გავარდნილები სხვადასხვა ქვეყანაში და ამ პირღია ღლავებს აჭმევენ აქ და უგზავნიან ფულს.
და ახლა ამ ფულის გამოგზავნაზეც რომ შეიძლება დაჯარიმდნენ ან ციხეში მოხვდნენ, მერე ილაპარაკონ ბევრი.
ესეც ხომ პროპაგანდის გავლენითაა, როცა ღარიბ ადამიანებს იქეთ აყვედრიან სახელმწიფო შემწეობის მიღებას, შემდეგ კი აშანტაჟებენ ამ შემწეობის წართმევით, თუ ხმა არ მისცეს…
არაფერი გამორიცხული არ არის.
ისევე როგორც ბელარუსში ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ ვერაფერზე ქუჩაში და სახლებშიც კი, ეშინიათ რამე კრიტიკული არ წამოსცდეთ ხელისუფლებაზე, ზუსტად იგივე ამბავი შეიძლება მოხდეს.
როდესაც მედიას ახშობენ, როდესაც ჭრიან ფილმებიდან კონკრეტულ კადრებს, ეს ნიშნავს უკვე, რომ მე რასაც გიბრძანებ და მე რასაც ჩავთვლი, იმას ნახავ.
ეს არის დიდი ნაბიჯი უკან.
მაგრამ ხომ არსებობს კრიტიკულად განწყობილი ნაწილი, ტერორს შეუგუებელი საზოგადოება, რომელიც ამბობს, რომ არ დათმობს თავისუფლებას. მათზე რა შეგიძლია თქვა?
ეს ხალხი მაძლევს იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ომს ხალხთან ვერ მოიგებს და რატომ. მედიის განვითარების ისტორიას რომ ჩავყევი, ჩემდა გასახარად, მედიასთან ომი ჯერ არ მოუგია არცერთ მთავრობას.
პერიოდულად შეიძლება იყოს ასეთი სახის ზეწოლები, რაც არა მგონია მათი საბოლოო გამარჯვება იყოს. ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში მედიას ვერ მოუგებს სახელმწიფო, რადგან საზოგადოებას პირველ რიგში სჭირდება გამართული მედია.
იმიტომ რომ ის, მეოთხე ხელისუფლების სახელით მოქმედი მედია, მართლაც არის მეოთხე ხელისუფლება და მას გაცილებით ბევრი ადამიანი ენდობა, ვიდრე პირიქით.
მე ვგრძნობ, რომ საზოგადოებას ეს გააზრებული აქვს დღესაც. ამ რეპრესიების მიუხედავად, ასეთი ძლიერი მედია ნამდვილად არ მახსენდება ჩემი მედიაში მუშაობის 40 წლის განმავლობაში. არც ასეთი შეტევა ყოფილა მედიაზე აქამდე, მაგრამ არც ასეთი სიძლიერე უჩვენებია მედიას აქამდე.
18 წლის სტუდენტი, ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც მეათე დღეა ბათუმის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ მისი ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
“ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება?
მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც მივხვდი, ვისწავლე, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო, შევედი ამ ბრძოლაში.
ეს ბრძოლა არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება. ამ ბრძოლას საუკუნეების მანძილზე ეწირებოდნენ ისეთივე გოგო-ბიჭები, როგორებიც ჩვენ ვართ, მათაც თავისუფლება უნდოდათ და ამ ბრძოლაში ჰყავდათ მტრები. მტერი სხვადასხვა იყო, მრავალი, მიზანი კი ერთი.
სწორედ თავისუფლება იყო, არის და იქნება მიზანი მანამ, სანამ ჩვენი გულები ერთხმად სცემს თავისუფლებისთვის, რადგან თავისუფლება ჩვენი გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. თავისუფლების შეგრძნებაა ის, რაც ჩვენს გულს და გონს თანაბრად სურს და ერწყმის ერთურთს მარადიულობის ყიჟინით.
კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს! უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისთვის ვიბრძვით. ამ იდეისთვის იბრძოდნენ და ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, იდეისთვის მსხვერპლის გაღება კი ყველაზე მეტ ძალას სძენს თავად იდეას.
ერთმანეთის იმედი გვქონდეს, რადგან მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას.
“რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!” – წერს ლუკა ნაცვლიშვილი.
ლუკა ნაცვლიშვილი 26 მაისს დააკავეს ბათუმში, აქციის მონაწილესთან ხმამაღალი საუბრის გამო. მოგვიანებით მის ბრალში გაჩნდა ბრალდება, რომ ის თითქოს აგინებდა მას, შემდეგ კი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. არც ლუკა ნაცვლიშვილი და არც ფაქტის შემსწრე სხვა ადამიანები, პოლიციის ვერსიას არ ადასტურებენ.
მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა არ მიიღო მტკიცებულებები, არ გაიზიარა დაცვის მოწმეების ჩვენებები, სრულად დაეყრდნო პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებას და ლუკა ნაცვლიშვილი 12 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 6 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილი რადიუსის ფარგლებში მყისიერად დაიწყო დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია. ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.
„საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯილეხი მწვავე ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი და ა.შ.
ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.
ჯილეხით ადამიანის დაავადების სამი ფორმა არსებობს: კანის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.
თანამშრომლობისძირითადმიზნებსბათუმისსახელმწიფოსაზღვაოაკადემიისმიერშემოთავაზებულიიახტებისმართვისადასერტიფიცირებისპროგრამებისსაერთაშორისო, ფართოაუდიტორიისთვისწარდგენა წარმოადგენს. აღნიშნულისასწავლოკურსის დახმარებით, ნებისმიერიდაინტერესებულიპირითეორიულცოდნასადაპრაქტიკულუნარებსდაეუფლება, რაცსაბოლოოდმცურავისაშუალებებისმართვისმოწმობის, 14 დღეში, მიღებისშესაძლებლობასიძლევა.
„ამბასადორის კუნძულზე” საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშუალებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი უფროსი დიმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს.
ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტული მედია „ტასსი“ წერს და ოლისოვს ციტირებს:
„რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესთა სექცია, მისი მთელი შემადგენლობა, გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც „ტასსის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, თბილისში გაიმართა.
ოლესოვმა ასევე აღნიშნა, რომ ცნობილი ქართველი მწერლების მრავალი ნაწარმოები რუსულ ენაზეა დაწერილი, რომლებიც „არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ რუსულად აზროვნებდნენ კიდეც“.
რუსეთი რუსული ენის დღე 6 ივნისს აღნიშნავს.
ოლისოვმა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის მოვალეობა ორ ივნისს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.
დღეს, 6 ივნისს, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გაავრცელა და კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული მორიგი ცვლილებები, რომელიც მათი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს.
„წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. მეტიც, დამატებითი უფლებები სცილდება ზოგადად უწყების მანდატს.
კომისიისთვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია. აღნიშნული ცვლილებები არ ითვალისწინებს მკაფიო კრიტერიუმებსა და ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მექანიზმებს.
„ქართული ოცნება” ბოროტად იყენებს საკუთარ გავლენებს პოლიტიზებულ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის მარეგულირებელზე, მედიის საქმიანობის შესაზღუდად.
კომუნიკაციების კომისია არ არის მიუკერძოებელი ინსტიტუტი, ის „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოა, ხოლო მისი თავმჯდომარე რეპრესირებული რეჟიმის მხარდაჭერის გამო არის დასანქცირებული“- აცხადებს მედიაკოალიცია.
ორგანიზაციის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მედიის სისტემური დევნა მიმდინარეობს.
„ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, მიღებულია ათობით ანტიდემოკრატიული კანონი, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები გამოუძიებელია, გრძელდება მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობა უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ხურავს გადაცემებს და ა.შ.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, OSCE/ODIHR-ისა, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, რომელიც კრძალავს მარეგულირებელი მექანიზმების პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებას.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ, სადაც მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება სისტემურად ირღვევა. დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, ინფორმაციის მოძიება თუ გავრცელება, ასევე კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა“ – აცხადებს კოალიცია.
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის,მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გამოეხმაურა.
მან მზია ამაღლობელის პატიმრობას და ამავე დროს ნიღბიანების მხრიდან ჟურნალისტებზე დაუსჯელ ძალადობას უსამართლობა უწოდა.
„ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდათ, რომ მიუსაჯონ.
ამბობენ, რომ ამან დაარღვია, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, ქუსლებით სცემდნენ დავარდნილს. ახლა ვიკითხოთ – რომელია უფრო დამნაშავე?
თუ ეს დამნაშავეა იმიტომ, რომ ამ პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ (ეს ადამიანები) ღვთის ნებით, ღვთის წყალობით, თორემ მათი ხელებიდან უკვე მკვდარი იყვნენ.
დასვით კითხვა, რომელია მართალი?
ამათ ციხე ეკუთვნით და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები?
აი, ასეთი უსამართლობები, რომ ხდება, ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება.
ძალიან საინტერესო სიტყვები წერია ბალაამზე [ბიბლიური პერსონაჟი], ერთი მოგვი კაცი იყო და მასზე წერია, როცა ეცემოდა, მაგრამ თვალები ღია რჩებოდაო.
გესმით, რას ნიშნავს? როცა ცუდ რაღაცას ჩაიდენ, მაშინაც თვალი არ უნდა დაგეხუჭოს, ანუ გონება უნდა ხედავდეს, სად არის სამართალი, რომელია მართალი.
შენ რომ დაეცე, უნდა ხედავდე, რომ დაცემული ხარ და დღეს რომ ასეთი უსამართლობა ხდება, იმათგან, ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არა მხოლოდ ხედავდეთ, უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა.
ამბობს ბევრი, ხედავს ბევრი.
ამიტომ ვამბობ, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ მართლები არიან, სიმართლეს მიჰყვებიან, ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება შემდეგში.
როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ, რომ ის ბოროტებაა. იმიტომ, რომ ერთხელ მიიღე“ – ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
5 ივნისს, თურქეთში, ქალაქი დიარბაქირში, 13-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და მისი 12, 10 და 4 წლის შვილები.
თურქული მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მოქალაქეების ნაწილი შეეცადა სახლი კიბეებით დაეტოვებინათ, თუმცა მხუთავმა კვალმა ისინი დააზიანა. ოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოში 17 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 4-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 8 და 9 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმის აეროპორტში დღეს, 6 ივნისს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [9:30 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი [THY5ET] ვერც მეორე მცდელობაზე დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს. ბორტი დაჯდომას ამ წუთებშიც [9:50 სთ] ცდილობს.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი „ქარის უეცარი ცვლილება გახდა“.
განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 10:12 საათზე დაჯდა
თვითმფრინავი [THY5ET] ბათუმის თავზე / 6.06.2025სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი [THY5ET] ბათუმის აეროპორტში პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა / 6.06.2025
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერც მეორე მცდელობისას დაჯდა / 6.06.2025
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 993 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
ტანკი – 10 889 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 22 685 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 28 794 ერთეული [+44]
MLRS – 1 406 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 180 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 193 ერთეული [+174]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 50 913 ერთეული [+101]
სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება.
„ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთის მეთაურმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა, ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, იური ბალაშოვთან, ქალაქ მაგასში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
„მხარეებმა განიხილეს ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება“, – წერს პროპაგანდისტული მედია, ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ინგუშეთი, თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით, შესანიშნავი პლატფორმა იქნება ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის პროდუქტიული დიალოგისთვის“, – განაცხადა კალიმატოვმა.
„ინტერფაქსის“ ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების თარიღებსა და პროგრამას განსაზღვრავს და „საერთაშორისო ფორუმის მთავარი აქცენტი კულტურულ გაცვლაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერაზე იქნება გამახვილებული“.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობითასეთი ფორუმი 2018 წელსაც ჩატარდა რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. კრემლის პროპაგანდისტი გამოცემა „სპუტნიკი“ წერს, რომ ამ ფორუმზე მოსკოვში საქართველოდან დაახლოებით 30-კაციანი დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც შედიოდნენ ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ახალგაზრდა მეწარმეები და სტუდენტები.
დელეგაცია საქართველოდან 2024 წელსაც მონაწილეობდა რუსეთის მიერ ორგანიზებულ „მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე“, რომელიც გასულ წელს ჩატარდა რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე „სირიუსი“, სოჭთან ახლოს.
_______________________________________________
მთავარ ფოტოზე კადრი 2018 წელს ჩატარებული რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმიდან
„რა ვქნათ, ადგილი ვერ ვიპოვეთ“ – გვითხრა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, როცა პარკინგის წესების დარღვევაზე ვკითხეთ –მან მანქანა ტროტუარზე ჩააყენა.
ამ ამბიდან ორი წელი გავიდა. ინსპექციის თანამშრომლები კი როგორც ჩანს, ისევ წვალობენ მანქანის დასაყენებელი ადგილის საპოვნელად, თუმცა, ხშირად – უშედეგოდ.
„ადგილი არ არის“ – ამ ლოგიკით თავად მაკონტროლებელი აჩერებს მანქანას შუა ქუჩაში, ყველა წესის დარღვევით.
ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, არასწორად გაჩერებული მუნიციპალური ინსპექციის მანქანააქ ალბათ ისიც დაგაინტერესებთ, რატომ დგას 2 ურნა ზებრაზე. ეს უკვე სხვა სამსახურის, შპს „სანდასუფთავების“ კომპეტენციაა. ამ საკითხზე პასუხს ველოდებით და თუ მოგვაწვდიან აქვს გამოვაქვეყნებთ.
2025 წლის პირველი კვარტალი დასრულდა, თუმცა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პარკირების წესების დარღვევაზე რეაგირების ახალი სტატისტიკა. უწყებას გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ გასული წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ინსპექციის პარკირების ზედამხედველობის სამსახურს 2024 წელს 74511 სამართალდარღვევა გამოუვლენია.
მათ შორის:
50148 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა.
8375 – ტროტუარზე დგომა.
7140 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა.
5135 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა.
1089 – ველობილიკზე არასწორი პარკირება.
299 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა.
ბათუმის მერიის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს საპატრულო ჯარიმებია და არა მუნიციპალური და არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში.
ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.
თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია.
თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას.
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების შექმნასა და მენეჯმენტს უკავშირდება. თიბისი კამპუსმა შემძინა რწმენა, რომ გონივრული იდეა არასოდეს უნდა დარჩეს განუხორციელებელი. სწორი დაგეგმარებისა და მოტივაციის პირობებში, ინვესტიციის მოპოვება და იდეის რეალობად ქცევა, სრულიად შესაძლებელი ხდება“.
თიბისის გუნდის სპეციალისტების და მოწვეული პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, კამპუსის კურსდამთავრებულებს, აძლევს შესაძლებლობას, დარგში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს, დასაქმდნენ და მათთვის საინტერესო იდეები რეალობად აქციონ.
როგორც ნუგო აღნიშნავს: „კურსი, რომელიც გავიარე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენისგან მათი წარმატების ისტორია, რჩევები და მიდგომები მოვისმინეთ, რაც პირადად მე, საკუთარ საქმეში ძალიან დამეხმარა. კურსი იმდენად მომეწონა, რომ თიბისი კამპუსის ახალ ნაკადსაც შევუერთდი და ტექნოლოგიური პროექტების მართვის კურსზე ვაპირებ სწავლას“.
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.
განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
დღეს, 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოში დარჩენაზე. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება.
თუმცა თემურ ქათამაძის საქმეზე შესაძლოა ე.წ. დროებითი ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგის სასამართლომ აამოქმედოს. ბათუმელი მედროშის უფლებების დასაცავად ევროსასამართლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად იცავს თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ინტერესებს.
ბათუმელ მედროშეს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად ზუსტად 5 დღე აქვს – 11 ივნისის დადგომამდე მან საქართველო უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქვეყნიდან გააძევებენ. თემურ ქათამაძე საქართველოს ნებით დატოვებს თუ ძალით, ის მაინც თურქეთში აღმოჩნდება, სადაც ფეტულა გიულენთან კავშირს ედავებიანდა პატიმრობა ელის.
ბათუმელი მედროშე რომელიმე სხვა ქვეყანაში ვერ წავა, რადგან მას მხოლოდ თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის მოქალაქის პასპორტი კი ვადაგასულია.
„შესაძლოა, ამ 5 დღეში მოასწროს ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების ამოქმედება და ძალიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ ყველაშვილმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. ის აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
თემურ ქათამაძეს ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ სასამართლომ უარი უთხრა 2025 წლის 29 აპრილს, თუმცა მან სასამართლოს ხელახლა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიისშემდეგ მიმართა, რომლის მიხედვითაც მედროშეს თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ელოდება.
თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის, თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და სწორედ ამ საფუძვლით ხელახლა მიმართეს სასამართლოს.
„ეს ახლადაღმოჩენილი გარემოებები მივაწოდეთ სასამართლოს და ვითხოვდით საერთოდ გაუქმებულიყო მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით და ამის შემდეგ ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით პირდაპირ ჩანს, რომ თემურ ქათამაძის მიმართ დაკავების ორდერია გამოცემული.
თურქეთი ასევე ითხოვდა თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაციას საქართველოდან: შიმშილობაზე, სად არის მოთავსებული და ასე შემდეგ.
ჩვენ ოფიციალური დოკუმენტები წარვუდგინეთ სასამართლოს და შუამდგომლობით მოვითხოვეთ ასევე საკითხის გადადება, რომ თავად მოსამართლე გასცნობოდა ამ მასალებს, რომ გვეთარგმნა ეს მასალები და წარგვედგინა, მაგრამ არც ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
შსს-ს მიგრაციის სამსახურსაც ხელახლა მივმართეთ „ბათუმელებში“ მიერ გამოქვეყნებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა ისევ უარი გვითხრეს. დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია.
ასევე, უცნობია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა.
იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.
დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის თემას კვლავ გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია.
„მინდა, ყურადღება მივაპყრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კონკრეტულ საქმეს. ის უკვე 145 დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაშია და მე ნამდვილად მაშფოთებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
მინდა, მისი სახელი ჩვენს დღის წესრიგში შევიტანოთ, მის საქმეს ყურადღებით დავაკვირდეთ. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ მის გარშემო მყოფ ყველა ჟურნალისტთან“, – განაცხადა ლენა შილინგმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე.
ლენა შილინგი 16 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესსაც დაესწრო ბათუმში. „ევროპა გიყურებთ. ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ“ – განაცხადა მან.
ავსტრიელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.
ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია დღეს, 5 ივნისს, უკვე მესამედ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო.
„სამართალდამრღვევი ვარ ისევ, მესამედ. ორი წუთით ადრე დაიწყო უსამართლემ და ხუთ წუთში მორჩა.
თავისუფლება მზიას“- წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე.
როგორც როსტო ზარანდია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამჯერად ის მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააჯარიმა 3 000 ლარით სტენსილის დახატვისთვის.
„პირველ-ორ სასამართლოზე ფატი ფურცხვანიძემ დამაჯარიმა, ამჯერად – აბშილავამ. სულ ხუთჯერ დავხატე მზიას სტენსილი, მაგრამ სამზე შემიდგინეს ოქმი.
მხოლოდ პროკურატურაზე არ ვახატავ მზიას, სხვა კედლებზეც ვხატავ, სადაც მივწვდები… მზია რეჟიმის სანიმუშო მსხვერპლია, ამიტომ ცდილობს სისტემა დანაშაულებრივად ჩაახშოს ერთი ჟურნალისტის ხმა. სასამართლო პროცესები კი არა შაპიტოა, იურისპრუდენციას ნახერხი მოაყარეს ამ უგვანოებმა.
„თავისუფლებას“ უფრთხიან, იმდენჯერ გადაღებეს. მეც ამიტომ ვხატავ. ეს შემიძლია და სანამ შემიძლია, ყოველთვის ვიტყვი სათქმელს.
თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა ტყვეს!“ – ამბობს როსტო ზარანდია.
„მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრებზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილმა პირმა.
საიას განცხადებით, საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები, ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიებას.
„მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს, რომელიც, თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას.
შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე, მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში – კონვენცია) მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ვრცელდება მედია თავისუფლებაზე.
მუხლი იცავს არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ზოგადად დადებითად მიიღება საზოგადოების მიერ, არამედ იცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეიძლება უსიამოვნო, შოკისმომგვრელი ან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა.
მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ფართო დისკრეციას უტოვებს მედია საშუალებებს სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში და იცავს, მათ შორის, პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიის შესახებ შედარებით მკვეთრი ტერმინებით გაკეთებულ კომენტარებს და სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას მანამ, სანამ მათ წვლილი შეაქვთ საჯარო პოლიტიკურ დისკურსში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს პრესის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც სახელმწიფოს ეკრძალება ცენზურის დაწესება და ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების მიღება, რომლებიც დისპროპორციულად ერევა მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში“ – აცხადებს საია.
ორგანიზაციის განცხადებით, მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან „უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს” (The press was to serve the governed, not the governors).
„კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარსში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს.
საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტური, ხოლო ინდივიდი – ღირსებადაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs).
აქედან გამომდინარე, ცენზურის აკრძალვა გულისხმობს, არა მხოლოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შედეგთან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევის აკრძალვას, არამედ ამგვარი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებასაც“ – აცხადებს საია.
დღეს, 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმე განიხილა.
ციალა ქათამიძე ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მოსამართლემ მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით.
2025 წლის 27 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული საქმის მიუხედავად ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
„სტიკერის გაკვრის საქმეზე“ ციალა ქათამაძე, მედიამენეჯერ და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მსგავსად, სასამართლოში ხელახლა დაიბარეს.
სტიკერის – „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს– მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას, თუმცა ასკ-ის150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.
ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და თითქოს ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს – რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში მკაფიოდ ჩანს – არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.
2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ – 2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ პატაკი დაწერა: მოქალაქე ციალა ქათამიძემ სტიკერი დააკრა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთანო.
2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა. გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [იერსახის დამახინჯება], მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და, რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.
პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს, რომ ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, რაც კადრებით დასტურდება, არამედ სხვა პოლიციელებმა. ამ საქმეზე ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ და მარიანა ფომაევამაც უარი თქვა.
დღეს, 5 ივნისს, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა ირაკლი გორგილაძემ თქვა, რომ შლაგბაუმთან ციალა ქათამიძემ სტიკერი გააკრა იმის მიუხედავად, რომ მას ირაკლი დგებუაძემ მოუწოდა, არ გაეკრა სტიკერი სამმართველოს შესასვლელთან.
ეს ამბავი 11 იანვარს მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, ირაკლი გორგილაძეს კი, სტიკერის გაკვრაზე ახსნა-განმარტება 28 აპრილს შეუდგენია.
„იყო მსგავსი ფაქტები…“- დაიწყო თხრობა პოლიციელმა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა, შეურაცხყოფის შემთხვევა უკვე განიხილა სასამართლომო.
მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის, თეა ლაღაძის პოზიცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს – რაც ვიდეო კადრში ჩანს – არამედ განარიდეს და სტიკერის გაკვრის საქმეს არ აქვს შემხებლობა პოლიციელების შეურაცხყოფასთან.
პოლიციელმაც თავის ცრუ ჩვენებაში თქვა, ციალა ქათამიძე ი არ დააკავეს, არამედ განარიდესო, თუმცა ვერ განმარტა, რა პროცედურაა ეს სამართლებრივად.
მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უკვე სახალხო დამცველის ამიკუსი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელის და ცუალა ქათამიძის საქმეებში განმეორებითი მსჯავრდების ნიშნები ჩანს, რაც კანონით და ევროსასამართლოს მიერ დადგენილი ნორმებით დაუშვებელია.
„შეურაცხყოფას მაყენებს, ჩემს განცხადებებს ეხმაურება – „ვაა“ და ასე შემდეგ წამოძახილებით…“- მოსამართლეს მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ დარბაზში მყოფი მოქალაქის, თედო ზოიძის შესახებ.
მოსამართლემ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დარბაზიდან თედო ზოიძე გააძევა.
ფოტო: „ბათუმელები“
მალევე პოლიციელს დაემშვიდობნენ და შემდეგი მოწმე – ისევ პოლიციელი თენგიზ კვირკველია გამოიძახეს.
„რატომ არ დატოვეთ მოწმე დარბაზში, ვიდრე მორიგი მოწმე შემოვა? რა გარანტია არსებობს, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ შედგება?“- დარბაზიდან შეკითხვით მოსამართლეს აქტივისტმა გოჩა მჟავანაძემ მიმართა.
„სასამართლო უზრუნველყოფს ამას“- დარბაზს გამოხედა მოსამართლემ, თუმცა არ უთქვამს, რა გამორიცხავს მოწმეებს შორის კომუნიკაციას.
თენგიზ კვირკველია ციალა ქათამიძის მიმართ სამართალდამრღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელია.
„სად არის დაშვებული სტიკერის გაკვრა? რატომ ჩათვალეთ, რომ იქ (საჯარო სივრცეში, პოლიციის შესასვლელთან) სტიკერის გაკვრა არ შეიძლებოდა?“- პოლიციელს მიმართა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ.
„ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული,“- დაბნეულობა დაეტყო მოწმეს. მან ვერ განმარტა და ვერც განმარტავდა, რატომაა სამართალდარღვევა სტიკერის გაკვრა მით უმეტეს საჯარო სივრცეში, შენობის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე.
„აძვრა ეს სტიკერი, თუ დარჩა დაზიანებული იერსახე?“- ირონია დაეტყო ციალა ქათამიძეს.
„ეს არ ვიცი“- ისევ შეიშმუშნა მოწმე.
ფოტო: „ბათუმელები“
სამართალდამცველმა ისიც თქვა, რომ სტიკერის გაკვრა, მისი შეხედულებით, „გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდებოდა“.
საიას იურისტი, ირმა აბაშიძე დაინტერესდა ამ მუხლით, რომელიც შენობის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, სხვა შემთხვევებზე ოქმი თუ შეუდგენია ოდესმე შსს-ს.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, იერსახის დამახინჯებაზე ოქმებს მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადგენს.
„კი, ასეთი ოქმები არსებობს, მეც შემიდგენია“,- კონკრეტიკას ისევ აარიდა თავი პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ.
საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ შემაჯამებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მოწმე პოლიციელზე – ირაკლი ელიაძეზე, რომელმაც ჩვენება სასამართლოს მაშინ მისცა, როცა ციალა ქათამიძე იგივე ქმედების გამო პირველად გაასამართლეს.
„…მაშინ მისი გაფრთხილება შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს და მან სასამართლოს ის უთხრა, რაც რეალურად მოხდა და რაც კადრებში ჩანს: ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთო,”- აღნიშნა ირმა აბაშიძემ.
იურისტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბათუმის მერიისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია: სად შეიძლება სტიკერის გაკვრა, სად არის ამისთვის გამოყოფილი ადგილი, მაგალითად, ბათუმში?
ბათუმის მერიამ ეს შეკითხვები პასუხგაუცემელი დატოვა.
იურისტმა თამარ წულუკიძემ კი, მოსამართლეს ვრცლად ესაუბრა იმაზე, როგორ დასტურდება ერთი და იგივე ქმედების გამო რომ გასამართლდა ციალა ქათამიძე.
თამარ წულუკიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დაკავების დროს – რასაც შსს განრიდებად ასაღებს – ციალა ქათამიძეს ჩამოართვეს ტელეფონი.
„ვიცი, რომ არსებობს ერთი სიმართლე… ქვაფენილზე სტიკერის გაკვრა რომელი ნორმითაა სამართალდარღვევა?“- იკითხა სხდომის დასასრულს ციალა ქათამიძემ.
აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას.
„ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.
მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით.
დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.
მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“ – წერს ელჩი დანიგანი.
რობინ დანიგანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა.
რობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ 600 მმ-იან ქსელზე არსებული დაზიანების გამო გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდა წყალმომარაგება.
„ბათუმელებმა“ კომპანიაში დააზუსტა, რა ქუჩებზეა შეზღუდული წყლის მიწოდება.
ამ დროისთვის წყალი გათიშულია: პუშკინის, ჭავჭავაძის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩაიკოვსკის, ბესიკის, სევასტოპოლის, მამია ვარშანიძის, ჩოლოყაშვილის [ქუჩა და მეორე შესახვევი], ბალაძის, გურამიშვილის, ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბა ორბელიანის, ლევან გელაძის, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ შამილაძის, მელიქიშვილის [ მათ შორის – ჩიხი და მეორე შესახვევი], ლუკა ასათიანის [ქუჩა და ჩიხი], აჭარისწყალის შესახვევი, გენერალ ასლან აბაშიძის, ვაჟა ფშაველას, თევრათ გორგილაძის, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებზე.
ასევე, „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყალი არ მიეწოდებათ აბონენტებს პეტრე ბაგრატიონის ჩიხსა და ურეხის შესახვევში.
კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება აღდგება დღეს, 5 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე.
„დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა“ – იუწყება „ბათუმის წყალი“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ში შესვლას აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ზღუდავს კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლას.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში შესვლა აკრძალულია ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეებისთვის.
აკრძალვა ძალაში 9 ივნისს შევა.
აშშ-ში შესვლა ნაწილობრივ შეზღუდულია ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, ვენესუელას და თურქმენეთის მოქალაქეებისთვის.
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე რუსული შეიარაღებული ძალების დრონით თავდასხმას ემსხვერპლა ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის ოჯახი – ცოლი და 2 შვილი.
„მისი ოჯახი დაიღუპა. მისი ცოლი, ქალიშვილი, პოლიციის პატრულის თანამშრომელი და მისი ერთი წლის ვაჟი“, – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკო ტელეგრამზე.
დღეს, 5 ივნისს, უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე.
რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს მას რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა და მისმა მოკავშირე 8 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორული გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და ზიმბაბვემ.
49 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი.
2008 წლიდან დღემდე, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის.
2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე და ისიც საქართველოს საწინააღმდეგოდ. ჩინეთს საქართველოს რეზოლუციისადმი პოზიცია არც თბილისთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ შეუცვლია.
იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც თავი შეიკავეს, არის არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, რომლის სასარგებლოდაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო.
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
საქართველოში ახალი ფორმის პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემა 2025 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები, იუსტიციის მინისტრის 2025 წლის მარტის ბრძანებით, მიმდინარე წლის 4 ივნისიდან უნდა შეცვლილიყო.
მარტის ბრძანებაში ცლილება 30 მაისს შეიტანეს. ამ ახალი ბრძანებით ვადასთან ერთად გარკვეული ცვლილებები შევიდა მოწმობების ტექნიკურ მახასიათებლებშიც. მაგალითად:
ახალი მოწმობა დამატებით უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
ახალი ბრძანებით, „მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს [სემგს] რეგისტრაციის ნომერი“;
მოწმობა უნდა შეიცავდეს ასევე: „სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი [ჩაწერილი] მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის,“ ასევე „მფლობელის თითის ანაბეჭდს“.
ამასთან, „ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს;
ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება [ჩაიწერება] მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.“ – აღნიშნულია ახალ ბრძანებაში.
ძალაში კვლავ რჩება აკრძალვა, რომ ელექტრონული მოწმობების ინდივიდუალური ნომრის ნიშნებში ციფრების კომბინაცია არ შეიძლება იყოს ისე, რომ იკითხებოდეს რიცხვი 666 [მაგალითად, ბარათის ნომერში არ შეიძლება იყოს ასეთი კომბინაციები − 666XX, X666X ან XX666].
რაც შეეხება პასპორტს, იუსტიციის მინისტრის 2025 წლის აპრილის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ახალი ფორმის გარდა დამტკიცდა ასევე „ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები“.
აღნიშნული დოკუმენტებიც შეცვლილი ფორმით, 2025 წლის ივნისის ნაცვლად აგვისტოდან უნდა გაიცეს.
ამასთან, აგვისტომდე გაცემული ყველა დოკუმენტი [პირადობა, პასპორტი და სხვა] მისთვის განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 992 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
ტანკი – 10 887 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 22 680 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 28 750 ერთეული [+39]
MLRS – 1 406 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 177 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 019 ერთეული [+95]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 50 812 ერთეული [+82]
სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ბოლო 10 დღეში, ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს.
ბოლო შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა– ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში, მდინარე ჭოროხის პირას 32 წლის ბესო ბოლქვაძე სავარაუდოდ ავტომატის მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
რამდენიმე დღის წინ – 2025 წლის 25 მაისს, ბათუმში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 2 ადამიანს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
24 მაისს კი, ისევ ბათუმში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა. დაჭრილი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, გონიოს ხიდთან. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოპედის მძღოლი.
ამ დროისთვის [20:10 სთ] ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია [ბათუმი-სარფის მაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტი დროებით ე.წ. მახოს ხიდით გადაადგილდება].
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს.
3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლატელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ.
„ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ აღნიშნულ ტელევიზიებს და სანქცირების აღსრულების დროებითი წესი ამოქმედდეს. მეტიც, დოკუმენტებში ჩანს, რომ საჩივარი არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით გასულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფრაზებსაც ეხება.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიიჩნევს, რომ ეს მედიაზე ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობაა.
„კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება“ – აცხადებს კოალიცია.
„როცა მიიღეს ცენზურის კანონმდებლობა [„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები], ვამბობდით, რომ ეს მიზნად ისახავდა არა მედია გარემოს გაჯანსაღებას, არამედ მედიის კონტროლს კომუნიკაციების კომისიის გავლით.
„ოცნებას“ სურს მედიამ არ ისაუბროს თემებზე, რომელიც მათთვის მიუღებელია, ცალკეული სიტყვებიც არ უნდა გამოიყენონ.
სრული პაკეტია სანქციების შემუშავებული და როცა მიტაცებულია სახელმწიფო, არათუ ბოლო ცვლილებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ჩადებული გარანტიების გამოყენებაც კი ამ სასამართლო პირობებში ბოროტად ხდება.
ეს იმისთვის კი არ მიიღეს, რომ პროფესიული სტანდარტები გაიზარდოს და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არამედ იმისთვის რომ დააცენზურონ მედია, არ თქვა, არ ისაუბრო იმაზე, რაც პარტიას არ მოსწონს,“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
მამუკა ანდღულაძე
მისი თქმით, როგორც მზია ამაღლობელის ან სინდისის სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ბრალდების უსუსურობას, მიკერძოებას და ცრუ მოწმეებს, მარეგულირებელ კომისიაზეც, თუკი დაიწყებენ ტელევიზიების წინააღმდეგ განხილვებს, ცხადად გამოჩნდება ამ უწყების მიკერძოებულობა.
„თუკი, რა თქმა უნდა, კომისია დაეთანხმება ამ საჩივარს“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
რის საფუძველზე სთხოვს „ოცნება“ მედიას, რომ არ უწოდონ მას მაგალითად არალეგიტიმური ხელისუფლება? – ვკითხეთ მამუკა ანდღულაძეს.
მისი შეფასებით, უკანონობას ვერ დაასაბუთებ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ კანონი უნდა იყოს სამართლიანი და მეორე, კანონიც უნდა განმარტო. ცუდი კანონი მიიღეს, ცუდი აღმსრულებლებიც არიან, ამიტომ უკანონობას კანონიერად როგორ გაასაღებ?! შეუძლებელია.
ჟურნალისტმა არ ისაუბროს იმ თემებზე, სიტყვებზე და ტერმინებზე, რაც არ მოსწონს პარტიას – ამას სამართლებრივად ვერ დაასაბუთებს „ოცნება“.
თუ მიიღებს გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია ტელევიზიების წინააღმდეგ, ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მთელი რიგი პაკეტი რეპრესიული კანონმდებლობისა, მედიაორგანიზაციებმა მაინც უნდა გააგრძელონ საზოგადოების ინფორმირება.
„გამოწვევა სერიოზულია და როგორ ყველა გამოწვევის დროს, ისევე როგორც შარშან, შარშანწინ, აქტივისტები იქნებიან, სინდისის პატიმრები თუ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, უნდა გააგრძელონ წინააღმდეგობა, რადგან ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობის განხორციელება არა მხოლოდ თქვენი უფლებების განხორციელებაა, არამედ, რასაც აკეთებთ, ქვეყნისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, იმ რეალურ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა და თითოეული მოქალაქე დგას.
„როსკომნადზორს“ [რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო] აქვს სია, თუ რა ტერმინები უნდა გამოიყენოს მედიამ და რა არა და ეს სია ყოველდღე იზრდება. „ოცნების“ შთაგონების წყარო ამ საკითხშიც არის ოკუპანტი სახელმწიფო. თუმცა, მგონია, რომ ისინი საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
„რაც მედიის წინააღმდეგაა, ის ხალხის წინააღმდეგაც არის“
„კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ რუპორია და ის აუცილებლად იმას გადაწყვეტს, რაც უნდა „ოცნებას“ და გადაწყვეტს ისე და იმ ფორმით, რა ფორმის ცვლილებებიც შეიტანა მაუწყებლის კანონში „ქართულმა ოცნებამ“.
ეს უნდოდა კომუნიკაციების კომისიასაც და იმიტომ იყო ავტორი ამ საკანონმდებლო ცვლილების, რომ მთლიანად, ყველაფერი ის, რაც მედიის შინაარს შეეხება, იყოს კომუნიკაციის კომისიის გასარჩევი და გადასაწყვეტი“ – ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ცვლილებები „ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ მარეგულირებელი კომისია გადაქცეულიყო ცენზორად.
„ასეთი საჩივრები ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დაეწერა, მაგრამ პირველი საჩივარი მედიის წინააღმდეგ დაწერა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ანუ პირდაპირ ირაკლი კობახიძემ მიუგზავნა კომუნიკაციების კომისიას ვინმე ბოკუჩავა იმისთვის, რომ დაიწყოს საქმის წარმოება მედიის წინააღმდეგ.
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ტვ პირველს“ და „ფორმულას“. ვგულისხმობ ასევე „მთავარს“, რომლის ვებგვერდის მისამართითაც ხდება მსგავსი წარმოება.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისია თავის მარეგულირებელ ფუნქციებს საერთოდ დაივიწყებს და მთლიანად გადაერთვება შინაარსის კონტროლზე, იმიტომ, რომ ეს ფუნქცია დააკისრეს. ის უნდა გახდეს „მთავლიტის“ მემკვიდრე, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდის ცენზურა საქართველოში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის ფუნქცია არ არის არკვიოს, ჟურნალისტი როგორი ტიპის შეფასებას მისცემს ამა თუ იმ მოვლენას.
„თუ ჟურნალისტი პრინციპულად არღვევს აუდიტორიის ინტერესებს, მაშინ მომხმარებელმა ამ ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში უნდა იდავოს, ეს იყო კანონის სულისკვეთება ყოველთვის, ეს დაანგრია „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ჩვენ უნდა მივცეთ კომუნიკაციების კომისიას უფლება, რომ მან შინაარსში შეაღწიოს და რაც მათ არ მოეწონებათ და არ იქნება მათთვის მისაღები, ყველაფერს გაასაჩივრებენ.
კომუნიკაციების კომისია, რა თქმა უნდა, კობახიძის საჩივარს დააკმაყოფილებს, ჯერ გააფრთხილებს, შემდეგ ფინანსურად დასჯის, ბოლოს – ავტორიზაციას შეუჩერებს“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძე
მას ვკითხეთ, მაშინ რა უნდა უწოდოს ჟურნალისტმა „ოცნების“ პარლამენტს თუ არა არალეგიტიმური, რადგან ფაქტია, რომ „ოცნების“ პარლამენტს არ აქვს სათანადო აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც.
ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოს პარლამენტში კანონით 150 დეპუტატი უნდა იყოს წარმოდგენილი, დღეს პარლამენტს ჰყავს 86 დეპუტატი, 64 ადგილი ცარიელია, რადგან ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი უფლებამოსილება არ არის ცნობილი, შესაბამისად, ასეთი პარლამენტი არ არის სრულფასოვანი.
„შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტი იტყვის, რომ ეს ე.წ. პარლამენტია, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი იტყუება თუ არა, ეს არავინ უნდა გადაწყვიტოს, გარდა მაყურებლისა, რომელსაც ჟურნალისტი ეუბნება, რომ მე ასე ვუყურებ ამ პარლამენტს ფაქტობრივ მონაცემზე დაყრდნობით. რადგან ეს არ არის სრულფასოვანი საქმიანობა პარლამენტის და ამიტომ არის „ე.წ. პარლამენტი“.
ეს რომ თქვას ჟურნალისტმა, ამით ის არ არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და თუ კონკრეტულ მაყურებელს მიაჩნია, რომ აქ არის დარღვევა, მან უნდა იჩივლოს მაუწყებლის თვითრეგულირებაში, მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს.
დღეს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაზე ვსაუბრობთ და არა დემოკრატიული მმართველობის წესზე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ჟურნალისტმა გააკეთა შეფასება, აღწერა ფაქტი, რაც რეალურად არის, ეს არ მოსწონს ივანიშვილს, რადგან ეს რეალობა ეწინააღმდეგება იმ სტატუს კვოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოსწონს.
ამიტომაც ის ამბობს, სიტყვა „რეჟიმი“ არ გამოიყენოო, მაგრამ ის, რომ რეჟიმია ქვეყანაში, ჟურნალისტმა უნდა აღწეროს. ამ რეჟიმს აქვს სასამართლო, რომელიც მთლიანად კლანურ პრინციპზეა დამყარებული და ეს კლანი არის დამოკიდებული ივანიშვილის ნებაზე. ეს არის ამბავი, რომელიც ჟურნალისტმა საზოგადოებას არ უნდა დაუმალოს.
ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო, პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა და შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან. ეს იქნება ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დასჯა თუ სისხლის სამართლის წესით პოლიტიკურად დევნილი ადამიანების მიმართ… იმიტომ არიან ისინი დღეს საპატიმრო დაწესებულებაში, რომ ამ რეჟიმმა დაატყვევა. ამ რეჟიმისთვის მიუღებელია ამ ადამიანების საქმიანობა.
მაგრამ ის, რომ ეს ფაქტი ფაქტად მიაწოდოს მედიამ საზოგადოებას, არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ივანიშვილის ქვეშევრდომი უწყებაა, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც სურს „ოცნებას“.
„ბიძინა ივანიშვილს კი უნდა, რომ მედია გააჩუმოს. ამიტომ დაწერა ბოკუჩავამ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული ტერმინი „სახელმწიფოს მიტაცება“.
მაგრამ თუ მოქალაქეს არ მოეწონება მაგალითად, „იმედის“, „პოსტ-ტვ“-ის ან „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტები და დაწერს საჩივარს, მათ შემთხვევაში მარეგულირებელი იტყვის, რომ არა, ეს ტელეკომპანიები იქცევიან კარგად, რადგან ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიაც და ეს კანონიც პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.
უნდა დავინახოთ, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს აქვს მიტაცებული და იმ მედიის გაუქმება სურს, რომელიც არ მოსწონს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ვერ ერევა მის სარედაქციო პოლიტიკაში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, რა დარჩა თავისუფალ მედიას თავისი უფლებების დასაცავად? – ვკითხეთ ზვიად ქორიძეს.
მისი აზრით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიამ საზოგადოებას ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია:
„უნდა ვთქვათ სინამდვილე. ეს სინამდვილე დააყენა „ქართულმა ოცნებამ“, ეს რეალობა შექმნა ივანიშვილმა და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ დიქტატურის პირისპირ. ჩვენ ამას მოვერევით ან დიქტატურა გადაყლაპავს ყველაფერს.
დღეს ივანიშვილმა მაღალეთიკური ჟურნალისტიკის კეთების შესაძლებლობა მოუსპო ტელევიზიებს, გაზეთებსა და ონლაინ პლატფორმებს, რადგან შექმნა ისეთი გარემო, რომ ჟურნალისტები გამოიყვანა მათი საქმიანობის ჩარჩოებიდან და აქცია აქტივისტებად.
ჟურნალისტიკის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, მას ურჩევნია დაანგრიოს ეს სისტემა ასეთი ფსევდოკანონებით, ეს არის მისი ამოცანა და ჩვენ ამ თამაშში არ უნდა ჩავყვეთ“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი აზრით, ჟურნალისტებმა საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უთხრან, რომ კანონები, რომელიც თითქოსდა ხალხის ინტერესებით მიიღო ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, თვალთმაქცობაა.
„ივანიშვილს ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი, გაანადგუროს, გააუქმოს მედია. ეს კანონი როდესაც შემოიტანა, ამოქმედებიდან მეორე დღესვე მოქმედებაში მოიყვანა და დააწერინა ვინმე ნათია ბოკუჩავას საჩივრები, რომლითაც ხდება დევნა სატელევიზიო მედიის, შემდეგ გადავლენ ონლაინ მედიაზე, რადგან კახა ბექაურს და კომუნიკაციების კომისიას ყოველთვის ჰქონდა ამის სურვილი და მცდელობა, ეკონტროლებინა ონლაინ მედიაც საქართველოში.
ეს არის დიქტატურის ფორმულა და ეს მედიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რადგან დღეს ყველაზე მთავარი პარტნიორები დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ არის საზოგადოება და მედია.
თუ ეს კავშირი დაიკარგება, გარწმუნებთ, რომ დიქტატურა გაიმარჯვებს. თუ საზოგადოება მართლა დაინახავს იმას, რაზეც დღეს მედია ელაპარაკება და სწორად გაიაზრებს ამას, მაშინ აუცილებლად ერთად მოვერევით დიქტატურას. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ფორმულა – საზოგადოება და მედია.
და ეს პროტესტი და გზავნილი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ საქართველოში ჩვენ არ დავუშვებთ დიქტატურას და ყველა მეთოდით დავუპირისპირდებით. სხვა შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ადვილად მოერევა დიქტატურა.
ჩვენი ამოცანაა, არ გავუშვათ ერთმანეთს ხელი – საზოგადოებამ და მედიამ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დიქტატურა ქვეყანაში დამარცხდეს და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიული მართვის წესებს“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
დღეს, 4 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა საქმეზე – „აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საქმე ეხება საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სარჩელს, რომელთა ნაწილი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ სურთ მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა და რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ.
ამ იდეის შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით –გვარი დამიბრუნე, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“. სწორედ ამ პლატფორმის თავმჯდომარემ, აიჰან ჰასანლიმ კომენტარის სახით განმარტა „ბათუმელებთან“, თუ რას და რატომ ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან:
„რა გვარი უნდა ვატაროთ – ეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხია.
ადამიანს აქვს უფლება ატაროს ის გვარი, რომელთანაც აქვს იდენტური, ისტორიული ან კულტურული კავშირი. ჩვენ იძულებული ვართ ვატაროთ გვარი, რომელთანაც არანაირი კავშირი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ის მხოლოდ ფარატინა ფურცელზე წერია.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოკუპაცია მხოლოდ მიწისა და ტერიტორიების დაკავებაა. ის არის იდენტობის, ენის, კულტურის, პიროვნული ნაწილისა და ყოველდღიურობის ხელყოფაც. გვარების ოკუპაცია სწორედ იდენტობის ოკუპაციაა, პროცესი, რომელიც რუსეთმა და საბჭოთა კავშირის იმპერიულმა ძალებმა განახორციელეს.
ჩვენი გვარებიდან რუსული დაბოლოებების ჩამოშორება ისტორიული უსამართლობის გამოსწორების მოთხოვნაა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს იმ ისტორიული ჭრილობის მოშუშებას, რომელიც საუკუნეებია გრძელდება.
„გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს, დაასრულე ამ ქვეყანაში, საქართველოში, რუსეთი და საბჭოთა კავშირის გადმონაშთები. „გვარი დამიბრუნე“ ნიშნავს, აღადგინე სამართლიანობა და გაიმარჯვე ბოროტებაზე.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დაასრულოს ეს ისტორიული ოკუპაცია, იდენტობის შელახვა, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ქვეყანაში საბჭოთა კავშირი და აღადგინოს თითოეული ადამიანის უფლება, იცხოვროს თავისუფალი იდენტობით, მისთვის სასურველი გვარით.
ეს რუსული დაბოლოებები საბჭოთა ოკუპაციის არასასურველი ანდერძია. ამ ანდერძს ჩვენ არ ვაღიარებთ და ადრე თუ გვიან, შევცვლით, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო სწრაფად დასრულდება ისტორიული უსამართლობა და საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში“ – მიიჩნევს აიჰან ჰასანლი.