როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე.

წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან. ამ საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.

ვინ იცოდა და რა მიზეზით გაიხსნა ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართლის რეგიონში გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის მაშინდელი სამმართველოს უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს ესაუბრა ვაშინგტონში. ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა და საქართველო 2024 წლის ბოლოს დატოვა.

  • ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, ინფორმირებული ხართ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის ამბავზე, რადგან იმ დროს თანამდებობა გეკავათ და ჩართული იყავით საგუშაგოს მშენებლობის ამბავშიც. რატომ გადაწყდა ამ საგუშაგოს მშენებლობა და ვინ მიიღო კონკრეტულად ამაზე გადაწყვეტილება?

ეს იყო 2018 წელს. მოვიდა ინფორმაცია, რომ არსებობდა რაღაც მარკირება ტყეში, წაღვლისა და ჩორჩანის მიმართულებაზე და დაგვევალა ჯერ ამ ადგილმდებარეობის დათვალიერება.

ჩავედით 2018 წლის დეკემბერში და დავათვალერეთ ადგილმდებარეობა. იქ ვიყავი მეც და დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ყაყიჩაშვილი, ასევე, მასთან ერთად იყო კვლევის  რამდენიმეკაციანი ჯგუფი. გავაკეთეთ სიტუაციური რუკა და გავყევით ამ მარკირებებს რუკის შესაბამისად.

წაღვლის მიმართულებაზე ტყე არ არის, ჯაგნარია უფრო და ეს ჯაგნარი იყო გაჩეხილი. ალბათ გამზადებული ჰქონდათ, რომ სამომავლოდ იქ მავთულხლართები გაეკეთებინათ ბეტონის ან ლითონის კონსტრუქციით.

ეს არის საოკუპაციო ხაზის აქეთ, ანუ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

  • რამდენი კილომეტრია საოკუპაციო ხაზიდან?

წაღვლში ეს შემოსული იყო დაახლოებით 800 მეტრზე და ჩორჩანაში დაახლოებით 3-4-კილომეტრამდე იყვნენ შემოსული. ამ მონაკვეთზე იყო ეს ნიშნულები.

როგორი ნიშნულები იყო იცით? ყვითელი საღებავით იყო ხეებზე გაკეთებული, ზოგან ჯვარი, ზოგან უბრალოდ წასმული, რომ ვინც იქ მივა, მიხვდეს, როგორ გაყვეს. ყოველ მე-10, ყოველ, მე-20 ბუჩქზე იყო გაკეთებული ეს ნიშნულები.

  • ნიშნულებზე ვისგან იყო ინფორმაცია, მოსახლეობისგან თუ სპეციალური სამსახურებისგან?

არ ვიცი. მე მაშინ დამირეკა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ყაყიჩაშვილმა და გვითხრა – გეგმა გაამზადეთ, უნდა ჩავიდეთ აქა და აქ და ტერიტორია დავათვალიეროთო. მას ვინ დაურეკა, ვინ დაავალა, საფუძველი რა იყო – არ ვიცი, თუმცა პირად საუბრებში მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. სუს-ს ჰქონდა გადმოგზავნილი „ვათსაფზე“ – წითლად იყო მოხაზული, რომ აი, ამ არეალში ხდება რაღაც, ჩადით და მდგომარეობა შეისწავლეთ.

პირველადი დათვალიერება როცა გავაკეთეთ, შემდეგ კიდევ დაგვევალა იანვარში, მაგრამ ძალიან დიდი თოვლი იყო და ფიზიკურად ვერ შევედით ტყეში. მერე წავედით თებერვალში და მარტში. მარტში შევძელით სრული სურათი შეგვექმნა, რა ხდებოდა და სად გადიოდნენ. მაშინ არ ვიცოდით და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იქ ყოფილა ძველი კირის საბადო და ქარხანაც. არის ღია და დახურული კარიერი თეთრი და ლურჯი კირის საბადოსი, სადაც ახლა ეს საგუშაგოა. ზედ კარიერზეა ეს საგუშაგო გაკეთებული.

2019 წლის მარტში ვემზადებოდით, რომ შევსულიყავით და გაგვეხსნა საგუშაგო, ამიტომ ჩვენგან მოითხოვეს დეტალური ანალიზი, თუ რა ტექნიკური საშუალებები გვჭირდებოდა, ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის რა გვჭირდებოდა. ყველაფერი ჩამოვწერეთ და გადავაგზავნეთ. მარტში ვერ მოხერხდა ეს, რადგან იცით, რომ ჰესის მშენებლობის გამო დაპირისპირება იყო პანკისში, მანქანები დაგვიწვეს და ამ მოვლენებმა შეაჩერა პროცესი.

მერე ამას მოჰყვა 20 ივნისის თემა [გავრილოვის ღამის აქციები] და, შესაბამისად, ამაზე გადავიდა ყურადღება.

აგვისტოს დასაწყისში ხელმეორედ დაგვევალა დათვალიერება. ფაქტობრივად, ცვლილებები არ შეგვიტანია თავდაპირველ გეგმაში – რაც იყო, ის გადავაგზავნეთ შს სამინისტროში და იქიდან მივიღეთ თანხმობა, რომ დაგვეწყო ღონისძიება.

  • თქვენ თქვით, რომ სუს-იდან იყო ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოძრაობებზე. მაგ დროს გომელაური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ჰქონდა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგუშაგო იდგმებოდა ჩორჩანაში?

რა თქმა უნდა. ძალოვან სტრუქტურებს დებულებით აქვთ დამოუკიდებლად ამოცანების შესრულება, თუმცა რეგიონში ეს მოქმედებები არის კოორდინირებული. გარდა იმისა, რომ სუს-ს ჰქონდა მონაცემი, მას ჰქონდა ინფორმაცია სატელეფონო გადაჭერებზე, აგენტურულ წყაროებზეც, მას ბევრი საჭირო და კარგი ინფორმაცია ჰქონდა, თუნდაც იმაზე, რომ იქითა მხარეს ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჰქონდა ჩადებული ამ ტყის მასივის დაბრუნება, რომ ამით რაღაც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდნენ და ასე შემდეგ. ეს განცხადებები ღიადაც იყო.

ამ საბადოს ვერც ჩვენი მხარე იყენებდა, რადგან ამას ტექნიკური დამუშავება სჭირდება, ეს არეალი უბრალოდ ტყე-კაფვისთვის იყო გამოყოფილი და დაახლოებით 10-12 სოფელი სარგებლობდა ამ ტყიდან შეშის გატანით და წულუკიანი კომისიაზეც იძახდა – მაქვს ინფორმაცია, ჩვენს მოქალაქეებს იქ რომ აკავებდნენ, უკრძალავდნენ ტყეში შესვლასო და ეს მართლა ასე იყო. ძალიან ხშირად პატრულირებდნენ იქ ოსი და რუსი სამხედროები, ოღონდ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა აქ საუბარი.

და კიდევ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგ ტერიტორიაზე, სადაც ახლა საგუშაგოა გახსნილი, გადის ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობის მილსადენი და როცა შიდა ქართლში ვმუშაობდი, მე ამ მილსადენის დაცვის ამოცანაც მქონდა. პირადად ჩემი კომპეტენცია იყო იგოეთიდან, გომი-საჩხერის მაგისტრალამდე არსებული მონაკვეთის დაცვა. ჩემი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში პატრულირებდნენ. ჩვენ ვიცოდით მილი სად გადიოდა და ამ მილის გასწვრივ რომ არ მომხდარიყო ნავთობის მიტაცება.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მილამდე მოსვლა ჰქონდათ გეგმაში?

მონიშვნების მიხედვით, ეს მილიც მოექცეოდა ოკუპაციის ხაზს მიღმა. გარდა ამისა, თუ Google Earth-ში ნახავთ, ეს ღია კარიერი, რომელზეც საგუშაგოა, ყველაზე მაღალი წერტილია მთელ იმ გეოგრაფიულ არეალში, იქიდან ჩანს ჩორჩანა, წაღვლის სოფელი და იმ ადგილიდან გომი-საჩხერის მაგისტრალამდე დაახლოებით 300 მეტრია პირდაპირი საჰაერო მანძილი. ძალიან დიდი იყო კომბინირებული რისკები და საფრთხეები. ამიტომ, ჩვენ როცა რაღაცას ვამუშავებთ, ცალკე კეთდება რისკის შეფასების დოკუმენტი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

  • რას ამბობდა იმ დროს სუს-ი ამ საფრთხეებზე. ხომ არ მოგისმენიათ გომელაურის პოზიცია ამ რისკებზე?

ჩემი კომპეტენცია არ იყო იმ დროს სუს-თან პირდაპირი კომუნიკაცია, რადგან ერთია, რომ ეს იყო ძალიან გრიფირებული და მეორეც, ეს იყო დეპარტამენტის დირექტორის და მისი მოადგილის კომპეტენცია.

  • ახლა გომელაური ამბობს, რომ საგუშაგოს დადგმის საკითხი მასთან არ იყო შეთანხმებული, იტყუება?

რა თქმა უნდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შს სამინისტრო ატარებს ოპერაციას და ეს სუს-თან შეთანხმებული არ არის? დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ წესით უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რადგან ეს ასე კეთდება. სუს-ს ეტყოდნენ, რომ ჩვენ შევდივართ ოპერაციაზე და აბა, დააკვირდით, როგორი იქნება მოსმენები, როგორ იქნება გადაჭერები. ტექნიკურ დეტალებს ხომ გაივლიდნენ.

  • შესაძლებელია, რომ ეს ოპერაცია გახარიას საკუთარ თავზე აეღო და არ შეეთანხმებინა სუს-თან. უშვებთ ამას?

შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ კითხვა ჩნდება – რატომ არ უნდა შეეთანხმებინა გახარიას გომელაურთან? ერთი პოლიტიკური გუნდი იყო, საერთო მიზანს ემსახურებოდა ამ ამოცანის შესრულება – ჩორჩანას ოპერაციით და ამ საგუშაგოთი, სხვათა შორის, იმ პერიოდში „ოცნებამ“ დიდი ბენეფიტები დაიწერა. იყო ტაშის კვრები და ასე შემდეგ.

  • პროპაგანდისტული მედიები იმ დროს ნამდვილად პოზიტიურად აშუქებდნენ ამ გადაწყვეტილებას.

„იმედის“ ტელევიზია ერთი კვირა ჩემთან ცხოვრობდა ტყეში და ჩემს კმაყოფაზე იყვნენ.

  • სუს-ის გარდა, საგუშაგოს გახსნა უნდა შეთანხმებულიყო თუ არა ევროკავშირის მისიასთან, რადგან როგორც ვიცით, ისინიც პატრულირებენ. მათმა წარმომადგენლობამ თუ იცოდა ამის შესახებ, თუ გახსოვთ მათი პოზიცია ამ საკითხზე?

სხვათა შორის, წულუკიანმა კომისიაზე თქვა ასეთი რაღაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე უნდა გაგვეფრთხილებინაო. ეს არის მტკნარი სიცრუე. მსგავსი ჩანაწერი 2008 წლის შეთანხმებაში არ არის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზზე ამონიტორინგებს, რომ არ იყოს ლეტალური შეიარაღება. აქ იგულისხმება მსხვილკალიბრიანი შეიარაღება – ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ, რადგან საოკუპაციო ხაზზე ამოცანის შესრულება ეს არის უსაფრთხოების ამოცანები და ამას ამონიტორინგებს ევროკავშირის მისია.

მაგრამ როცა საგუშაგოს გახსნის მხარე, მაშინ აქვს ვალდებულება, რომ აჩვენოს საგუშაგო, გადასცეს კოორდინატები, მიაწოდოს ინფორმაცია პირადი შემადგენლობის რაოდენობაზე, შეიარაღებაზე, მძიმე ტექნიკაზე, ჯავშანტექნიკაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ აქვს ვალდებულება, საგუშაგოს გახსნის ნებართვა აიღოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან.

საგუშაგო რომ გავხსენით, მეორე თუ მესამე დღეს მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩავიყვანეთ სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი, ვაჩვენეთ, დავათვალიერებინეთ ეს ტერიტორია. მათგან არ მიგვიღია რაიმე ნეგატიური შეფასება ან საყვედური.

პირიქით, ჩვენ ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა გვქონდა ევროკავშირთან.

  • ის საგუშაგო, რომელიც ოსებს აქვთ ჩორჩანას მოპირდაპირე მხარეს სოფელ წნელისში, ამ საგუშაგოს შემდეგ გახსნეს? 

დიახ, საგუშაგო არ ჰქონდათ, ჩორჩანას შემდეგ გახსნეს. ოსებს წნელისში ჰქონდათ პატარა შტაბივით, საიდანაც მერე ცხენებით პატრულირებდნენ, რადგან აქედან გზა მიდის სოფელ გვირგვინასკენ, რომელიც ასევე მოქცეულია საოკუპაციო ხაზს მიღმა.

  • წულუკიანი, ასევე გომელაური და სხვებიც იმეორებენ, რომ ამ საგუშაგოს გამო დაიკარგა ძალიან დიდი ტყე. ასახელებენ კილომეტრებს. მოდით, ასე ვთქვათ, რა დაიკარგა ამ საგუშაგოს აშენებით?

აქ იყო საუბარი წაღვლსა და ჩორჩანაზე. მთლიანად ეს ტერიტორია უხეშად რომ გითხრათ, 17 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. აპირებდნენ, რომ ეს ტერიტორიები შემოეღობათ.

  • კომისიაზე იძახდნენ, რომ ამ საგუშაგოს აგების შემდეგ, წაღვლის სიღრმეში შემოიჭრა საოკუპაციო ხაზი. ასეა?

კი, ასეა. გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი.

სადაც ჩვენ უნდა შევსულიყავით წაღვლში, იმ ფერდობზე შემოვიდნენ ოსები და რუსები და მთლიანობაში, დაახლოებით 1,5-1,2 კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად ღირდა ამ საგუშაგოს ჩადგმა ამად?

იქ, სადაც რუსები შემოვიდნენ, იმ ტერიტორიაზე რუსები ვერაფერს აკონტროლებენ. კი, რაღაც რაოდენობის ტერიტორია აქვთ წაღებული, მაგრამ ეს არის ჯაგნარი, არაფერი სტრატეგიული მნიშვნელობის იქ არ ხდება.

და ჩორჩანაში ამ კარიერებზე რომ ამოსულიყვნენ, ეს უკვე სტრატეგიული მნიშვნელობისაა – კარიერიდან დაახლოებით 15-16 კვადრატულ კილომეტრ ფართობს წაიღებდნენ, რაზეც ჩვენ უკვე შემაგებები რეაქცია ვეღარ გვექნებოდა.

ჩვენ ჩორჩანას შემდეგ წაღვლის მიმართულებაზეც უნდა ჩაგვედგა საგუშაგო, მაგრამ ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოსებისგან, რუსეთისგან, ოსებმა იქ ტექნიკა შემოიყვანეს და ულტიმატუმი წაგვიყენეს. ამიტომ, მერე აღარ შევსულვართ წაღვლში. რატომღაც გაჩერდა მაშინდელი შსს-ს ხელმძღვანელობა და მთელი ყურადღება გადაიტანეს არსებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე.

  • თქვენ ამბობთ, რომ ამ საგუშაგოს გარეშე ქვეყანა გაცილებით დიდ ზიანს მიიღებდა, ვიდრე ამ პროცესს მოჰყვა?

რა თქმა უნდა. სამწუხარო ფაქტია ის, რაც მოხდა, მაგრამ რისკების შეფასება რომ ავიღოთ, თუ მე, მაგალითად, ვიღებ საომარ ოპერაციაში მონაწილეობას, რისკები შეიძლება შევაფასო – შეიძლება 30% ჯარისკაცების დამეღუპოს, მაგრამ მიზანი იქნას მიღწეული და ის მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თანამებრძოლების დაკარგვა.

ცხადია, ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, როცა ჯარისკაცები გვეღუპება, მაგრამ მიზანი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ასე არ ხდება ამ სამყაროში, რომ რაღაცას რისკის გარეშე მიაღწიო.

როცა სახელმწიფო ხარ, სახელმწიფო დონეზე უნდა იფიქრო და არა ემოციების. ამის არ გაკეთებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს, ამაზე უნდა იფიქრო.

  • გომელაური ამბობდა და წულუკიანმაც თქვა, რომ ამ საგუშაგოს გახსნით გაჩნდა ახალი ომის გაჩაღების რისკი. მაშინ თუ შეფასდა ეს ასე? მით უმეტეს, თქვენც ამბობთ, რომ მუქარები ისმოდა ოსური მხრიდან.

ამაზეც გავთვალეთ ჩვენ რისკები, რომ თუ ისინი გახსნიდნენ ცეცხლს, ჩვენც გავხსნიდით ცეცხლს და ეს შეიძლება ყოფილიყო 1-2-დღიანი კონფლიქტი. 

გეგმა როცა კეთდება, იქ საერთაშორისო მხარდაჭერის კომპონენტებიც ითვლება. მე ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე ვარ, გესმით? და რუსეთი ამას ვერაფრით გაამართლებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული საგუშაგოსთვის გაეხსნა ცეცხლი და მერე რაღაცაში ისევ დაედანაშაულებინა ქართული მხარე.

  • ოსურ მხარეს რატომ არ შეატყობინეო – გახარიას ეკითხებოდა წულუკიანი. ამის ვალდებულება თუ არსებობდა?

არანაირად. წულუკიანი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ჩემი აზრით. მიზანი არის ამომრჩეველზე ზემოქმედება, რომ აი, ვითომ ეს ვალდებულება არსებობდა და სახელმწიფომ არ შეასრულა. ეს საწყისშივე აბსურდია.

ასეთ აბსურდს საუბრობს „ქართული ოცნება“ „დიფსთეითზე“, აბსურდი არ არის ომის ნარატივი? და არ იფიქროთ, რომ ეს აბსურდები წულუკიანის თავშია მოხარშული.

  • როცა ამბობენ, რომ სუს-ი არ იყო ინფორმირებული, თავდაცის მინისტრმა არაფერი იცოდაო, საგუშაგოს მშენებლობაზე ვისი ტექნიკა მუშაობდა?

თავდაცვის სამინისტროსი. ვინ ვისთან რა შეათანხმა მე ეს არ ვიცი და ვერც დავადასტურებ, თუმცა დანამდვილები შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც საგუშაგო გავხსენით და დროშა აღვმართეთ, იმ დღიდან მოყოლებული კომუნიკაცია მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური სამსახურის უფროსთან, ყველა რაიონის სუს-ისა და სოდ-ის უფროსებთან, ხაშურის, ქარელის, გორის მერებთან, გუბერნატორთან, მის მოადგილესთან, მელიორაციის სამსახურის უფროსთან, შიდა ქართლის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ეს ადამიანები მიწევდნენ ქმედით დახმარებებს.

აქ იყო საუბარი ტექნიკაზე, ინერტულ მასალებზე, სამშენებლო მასალებზე, გარდა იმისა, რომ შსს ახდენდა შესყიდვებს, რადგან ჩორჩანამდე მისასვლელი გზაც არ არსებობდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გზაც დაგვეგო და აქ ჩაერთო ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სამი თვის განმავლობაში ჩორჩანას ტყიდან არ გამოვსულვარ. შიდა ქართლში, ლოკაციას ვერ დავასახელებ, იდგა რადიოდაზვერვის ქვედანაყოფი, რომელიც ახდენდა გადაჭერებს და, შესაბამისად, რადიოდაზვერვის ქვედანაყოფს საგუშაგოს მშენებლობაზე ინფორმაცია ჰქონდა. ეს რადიოდაზვერვის კრებსები თავდაცვის მინისტრს მაგიდაზე უდევს. რომც არ დაერეკა გახარიას, შიდა წყაროდან კრებსები მაგიდაზე ექნებოდა თავდაცვის მინისტრს.

  • მაშინდელი პრემიერ-მინისტრი იყო ბახტაძე. გახსოვთ ჰქონდა ამ თემაზე რაიმე განცხადება, სანამ საგუშაგო გაკეთდებოდა ან შემდეგ მაინც?

მე არაფერი მახსოვს ამ კაცის გაკეთებული.

ახლა აქ ბრძანდება, ვაშინგტონში და ის არის შუამავალი „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკულ ლობისტურ კომპანიებს შორის. ვნახოთ, აგვარებს თუ ვერა, შედეგები გამოჩნდება.

და ის, რომ „ბევრი ბუზი ბზუის და გახარიასთან ყველა ტყუისო“, ეს ირაკლი კობახიძემ თქვა, საგუშაგოს აშენების შემდეგ, ოქტომბერში, არჩევნების დროს. დღეს კი იძახიან, რომ ეს იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ღალატის ტოლფასად აფასებენ, მაშინ, როცა ეს ადამიანები იმ პერიოდში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს.

თუ გახარიამ „ღალატი“ ჩაიდინა, ეს ხომ დღეს არ გახდა ცნობილი. ხომ ამბობენ, რომ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, ყველა ფეხებზე დაიკიდა და ქვეყანა დააყენა ომის რისკის ზღვარზეო… ამის შემდეგ გახარია მაინც ინიშნება პრემიერ-მინისტრად და ამ საგუშაგოს მშენებლობას ყველა პოზიტიურად აფასებს „ოცნებაში“.

ამიტომ, პირველ რიგში გახარია კი არ უნდა დაიბარონ და მასზე კი არ უნდა დაიწყოს გამოძიება, ეს ადამიანები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. ხომ იძახიან „დიფ სთეითმა“ დაგვირეკა და დაგვანიშნინა გახარიაო, დაასახელონ მაშინ ვისგან იყო ეს ზარი. ეს „დიფსთეითი“ ხომ მათი გაგებით კონკრეტული პირები ან პირთა ჯგუფია.

ანუ „დიფსთეითი“ ომზე მეტი რაღაცით მანიპულირებდა? თქვან ეს ყველაფერი.

ამიტომაც, არანაირი „დიფსთეითი“ არ არსებობს, არც არავის დაურეკია, რადგან გახარია მაშინ ამათთვის ვარსკვლათბიჭუნა იყო და როდესაც გადადგა და გაემიჯნა, მაშინ იყო მცდელობები ჩორჩანის თემის წამოწევაზე. მე, პირადად, ორჯერ ვიყავი მინისტრის მოადგილესთან დაბარებული ამ თემაზე, თუმცა ეს თემა მაშინ არ ამოწიეს.

  • ფიქრობთ, რომ მაშინაც არ ეთანხმებოდაქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ გახარიას კომპრომატად შემოინახეს?

არა, რადგან ეს კომპრომატი არ არის. ჩემი აზრი ასეთია, რომ გახარიასთან დაკავშირებით მეტი ვერაფერი ვერ მოძებნეს. პრინციპი აქვთ ასეთი, რომ „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტში ყველა უნდა იყოს გასვრილი.

როგორ ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილი რატომ გაქრა? წასვლის წინ სისხლი ასხმევინეს, ისე სცემეს, მაგრამ ხმაც ვერ ამოიღო, რადგან მილიონები აქვს კორუფციულ გარიგებებში ნაშოვნი და შეიძლება 15 წელი ციხეში გამოკეტონ.

ამიტომ არ ამოიღებს ხმას ლილუაშვილი, სუს-ის ვერცერთი ხელმძღვანელი, რომლებიც გაუშვეს – ყველა გასვრილია.

გახარიაზე არ არის კომპრომატები და იმიტომ არ გაჩუმდა.

  • რამდენად ელოდებით იმას, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ გააუქმოს ჩორჩანის საგუშაგო და რუსები შემოვიდნენ იმ სიღრმეში, რის დასაცავადაც, თქვენი აზრით, ეს საგუშაგო დაიდგა?

ეს რომ მოხდეს, ამას ქართული საზოგადოება არ გადაყლაპავს.

  • რუსეთთან ომით რომ აშინებენ, იმ საზოგადოებაზე საუბრობთ?

თუ გადაყლაპა ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი, მაშინ წავიდეთ და ავიღოთ რუსეთის პასპორტები ან დავტოვოთ საქართველო, რადგან წარმოუდგენელ რაღაცაზე ვსაუბრობთ. თუ საგუშაგო აიღეს, მე უფრო ვვარაუდობ იმას, რომ შეიძლება ნეიტრალურ, ბუფერულ ზონად გამოაცხადონ ის ადგილი და თქვან – არც ჩვენ და არც თქვენ.

მეორეა ის, რომ ივანიშვილი როგორი ზიზღით საუბრობს გახარიაზე, რადგან მან რა ვერ გადაყლაპა იცით?! – ადამიანმა როგორ გაუბედა, რომ შეიძლება შენი გუნდიდან წავიდე.

  • გვახსოვს, როგორ ცდილობდა ივანიშვილი მათი ამომრჩევლის შემზადებას იმისთვის, რომ „ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“. ამ ბოდიშის წინაპირობა ხომ არ არის საგუშაგოს საკითხიც. იმის ჩვენება ხომ არ უნდათ, რომ აი, რუსეთი კი არ არის აგრესორი, უბრალოდ, „პროვოკაციებს“ პასუხობს. შეიძლება ამისთვის იყოს ეს თემა გამოყენებული?

კი. ასეც შეიძლება იყოს და მეორე – ბოდიშის ნაწილი შეიძლება იყოს ჩორჩანადან გასვლა ან ე.წ. ერგნეთის ბაზრობის აღდგენა და ასე შემდეგ.

ასევე, გახარიაზე პერსონალური შურისძიება და ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. იზოლირებულია „ოცნება“ დასავლეთისგან, სანქცირებულია ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, ევროკავშირი დღის წესრიგში აყენებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არჩევნები არ არის აღიარებული, მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს ქვეყანას და რაღაცაზე ხომ უნდა ელაპარაკოს მოსახლეობას?!

ალბათ კვლევებიც აქვთ ჩატარებული, რაზე რეაგირებს მოსახლეობა. ალბათ ისევ ეცდებიან ომის თემას წამოაგონ მათი ამომრჩეველი.

თუმცა ესენი რომ რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ და არა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით – ესეც ფაქტია.

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

სამი ცათამჯენის მშენებლობის ნებართვას თამარის დასახლებაში, სანაპიროზე მედეა ბოჭორიშვილის კომპანია ისევ ითხოვს. მანამდე, 2024 წელს, მას იმავე ნაკვეთის გვერდით სხვა სამი ცათამბჯენის განაშენიანების დეტალური გეგმა დაუმტკიცეს, რის შემდეგაც კომპანიის წილებიც გაასხვისა და მთავრობისგან შესყიდული მიწის ნაკვეთის ნახევარიც.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან „ოცნების“ ორი დეპუტატის ცათამბჯენების პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

ამ ტერიტორიაზე, თამარის დასახლებაში, #15ა – ში, ყოროლისწყლის ხიდთან, სამი 12-სართულიანი კორპუსის უკან, ზღვის მხარეს არსებულ ჰექტარ-ნახევარ ფართობზე შპს „სიტი გაიდმა“ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შემდეგ კომპანიის წილები გაასხვისა. „სიტი გაიდის“ თანამესაკუთრეები გახდნენ „ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის „იბერლი კომპანი“ და კიდევ ერთი დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი ბუბა ჩანქსელიანი. ორივე პარლამენტარი რუსული კანონის მხარდამჭერია.

ახლა ამ მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას შპს „სიფერლი“ ითხოვს. ეს კომპანიაც მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა. ის „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლეა. თავად დამფუძნებელი გია ბიწაძე და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის დირექტორებიც „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.

I ილუსტრაცია – შპს „სიფერლის“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენი. II ილუსტრაცია – „სიტი გაიდის“ ორი მშენებარე ცათამბჯენი.

კომპანიის წილების გაყოფის შემდეგ შპს „სიტი გაიდმა“ საინვესტიციო მიწის ნაკვეთი ორად გაყო და ნაწილი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდა, „სიტი გაიდის“ წილებიდან კი კიდევ 9. 83 % გაასხვისეს – ამ გადანაწილებებსა და გავლენების გაყოფაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

რაც შეეხება შპს „სიფერლის“ და მის პროექტს, ეს კომპანიაც 2025 წლის თებერვალში მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა და ის კომპანიის ასივე პროცენტს ერთპიროვნულად ფლობს. გეგმავს თუ არა ბოჭორიშვილი წილების გასხვისებას პროექტის დამტკიცების შემდეგ, ამაზე ჯერ არ ვიცით.

კომპანია მშენებლობას ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე გეგმავს, ქონების ნაწილი შპს „სიფერლის“ უკვე გამოსყიდული აქვს, თუმცა რადგან განაშენიანების დეტალური გეგმის დასამტკიცებლად კომპანიამ მერიას უკვე მიმართა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებები ქონების დათმობაზე ახალი პროექტის სასარგებლოდ მესაკუთრეებთან, დიდი ალბათობით, დადებითად არის გადაწყვეტილი.

განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაში უკვე წარდგენილია, გეგმარებითი ერთეული 7300 კვ.მეტრია და აერთიანებს 13 მიწის ნაკვეთს, 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით. 

რუკაზე მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „სიფერლი“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს
მარჯვნივ მონიშნულია შპს „სიტი გაიდის“ და „ალპეკა ბათუმის“ მიწის ნაკვეთები, სადაც კომპანიები უკვე დამტკიცებული დოკუმენტების მიხედვით, სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ. მარცხნივ კი მონიშნულია მიწის ნაკვეთები, სადაც ორსართულიანი განაშენიანების დემონტაჟის ხარჯზე შპს „სიფერლი“ კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

როცა პროექტი ქალაქის კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადაჭარბებაზე თანხმობას მოითხოვს და საქმე არ გვაქვს ავარიული სახლების პროგრამასთან, რომელიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს ნებართვის გაცემისას, აუცილებელია გაიცეს გეგმარებითი დავალება სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფციის და შემდეგ დეტალური გეგმის მომზადებაზე, რომელსაც საკრებულოს თანხმობით ამტკიცებენ. დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მურვანიძემ შპს „სიფერლის“ მიმართვის საფუძველზე 2025 წლის 30 მაისს გამოსცა ბრძანება თამარის დასახლებაში #1-27 ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მომზადებაზე.

კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიას უკვე წარუდგინეს, გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისთვის დაგეგმილია ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კ2-კოეფიციენტის გაზრდა დადგენილი 2,5-დან 17,0-მდე. კონცეფციაში წერენ ასევე, რომ უნდა განისაზღვროს მაქსიმალური სიმაღლეები და სხვა პირობები.

გეგმარებითი დავალების შესახებ ბრძანებაში, რომელსაც ხელი მოაწერა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კომპანიას სანაპიროზე 60-სართულიანი შენობების მშენებლობა სურს.

შპს „სიფერლის“ რენდერი კონცეფციიდან.
ფოტოზე მონიშნულია ტერიტორია, სადაც „სიტი გაიდი“ და „ალპეკა ბათუმი“ სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ, მარცხნივ კი ჩანს 2-სართულიანი სახლები, რომელთა დანგრევას და კიდევ 3 ცათამბჯენის მშენებლობას შპს „სიფერლი“  გეგმავს.

ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის შემდეგ, როგორ წარმოუდგენიათ საჯარო სივრცეების განაწილება პროექტის ავტორებს, რა გზებით იმოძრავებს სამშენებლო ტექნიკა, სად და როგორ მოაწყობენ ავტოპარკინგს, როგორ შეიცვლება უკვე არსებულ 4 კორპუსში მცხოვრებთა საცხოვრებელი გარემო, რომლებიც სიმჭიდროვეზე საუბრობენ, ეს ცალკე კვლევის საგანია – ამ საკითხზე „ბათუმელები“ დეტალურად მოამზადებს მასალას.

ადგილი სხვადასხვა მხრიდან, სადაც შპს „სიფერლი“ მშენებლობას გეგმავს.

წარდგენილ დოკუმენტებში კონცეფციის ავტორები წერენ, რომ მოქალაქეთა ღირსეულ საცხოვრებელ და სოციალური პირობების გაუმჯობესებას უნდა შეუწყონ ხელი:

„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ურბანულ განვითარებას, ტერიტორიის სივრცით რეორგანიზაციას, მიწის ნაკვეთების გასულ საუკუნეში აშენებული შენობა-ნაგებობებისაგან გამოთავისუფლების ტენდენციას, მათი თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობებით ჩანაცვლებას, შესაბამისად კაპიტალური ფონდის განახლებას, საცხოვრებელი ფონდის გაზრდას, მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე ერთეულის მდგრად ფუნქციურ ერთეულად ჩამოყალიბებას, ეკონომიკის დარგების, მათ შორის სამშენებლო სექტორის განვითარებას.

განვითარების შედეგად გათვალისწინებული იქნება ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები, მათ შორის: შიდა გზები, გამწვანებული ადგილები, ავტოსადგომები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. მიწის ნაკვეთი მოშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლით, გაზრდილი მოთხოვნების ფონზე შეიქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის მომსახურების, რაც დადებით გავლენას მოახდენს სოციალურ ინფრასტრუქტურაზე“.

კონცეფციაში ასევე ვკითხულობთ, რომ შპს „სიფერლის“ პროექტის ძლიერი მხარეები შავი ზღვის სანაპიროსთან, მნიშვნელოვან მაგისტრალთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე და ასათვისებელი მიწის რესურსია. სუსტი მხარეები კი მიმდებარე ტერიტორიებზე არასაკმარისი სოციალური და სხვა ინფრასტრუქტურის არსებობა, ქალაქის ამ ნაწილისათვის შეუსაბამო, გასულ საუკუნეში აგებული შენობებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები ყოფილა.

კონცეფციის ავტორები წერენ, რომ შესაძლებელია ურბანული სივრცის რეორგანიზაცია და განვითარება, მიწის ნაკვეთების ათვისებით თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების განთავსება, კაპიტალური ფონდისა და ინფრასტრუქტურის განახლება.

  • როგორ გაინაწილეს მიწის ნაკვეთი სანაპიროზე

„ბათუმელებისთვის“ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დიდი ფართობის მიწის ნაკვეთზე თამარის დასახლების #1-5გ-ში, ზღვის სანაპიროზე რამდენიმე გავლენიან პირს ჰქონდა პრეტენზია. საბოლოოდ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ის აუქციონზე გაიტანა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.

გამარჯვება „სიტი გაიდს“ დარჩა. კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღო. მედეა ბოჭორიშვილი იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს 1.2 ჰექტარი [12 447 კვ.მეტრი] მიწის ნაკვეთი იყიდა, თუმცა, როგორც ჩანს, კონკურენტებმა ხელი მაინც არ ჩაიქნიეს. ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა.

სიტი გაიდის“ წილები ასე გადანაწილდა: 33.33% დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 პროცენტის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 პროცენტი კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.

გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი

 

2024 წლის დეკემბერში მედეა ბოჭორიშვილმა წილები ისევ გაასხვისა და 9.83 პროცენტი დაირეგისტრირა „კაპიტალ მენეჯმენტმა“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ზურა ნასყიდაშვილია. ზურა ნასყიდაშვილი „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2024 წლის აგვისტოში მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ასეთი გადანაწილების პარალელურად შპს „სიტი გაიდმა“ სახელმწიფოსგან შესყიდული მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი 5554 კვ.მეტრი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდა, უცნობია – რა ფასად. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო.

ეს „სიტი გაიდის“ რენდერია, რომელიც უკვე დამტკიცებულ გდგ-ში იყო მოცემული. ამ სამიდან ერთ ცათამბჯენს „ალპეკა ბათუმი“ ააშენებს, რომლის მფლობელიც „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი ბექა ხოფერიაა
ეს „ალპეკა ბათუმის“პროექტის რენდერია

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ შპს „სიტი გაიდის“ და „ალპეკა ბათუმის“ სამშენებლო ნაკვეთების წინ 3 ჰექტარი ზღვა არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

სამშენებლო ნაკვეთის წინ 3 ჰექტარი ზღვა არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია

„ოცნებამ 3 მარშუტკით ჩაგვიყვანა აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით?“ – დაპირისპირება თამარის დასახლებაში

დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ.

დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო მიწა აუქციონის წესით გაიყიდა – გასხვისდა სტადიონიც, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ ვალდებულების არქონის მიუხედავად, მან მოსახლეობას ახალი სტადიონი უკვე მოუწყო.

„წინასაარჩევნოდ 3 მარშუტკა ჩაგვიყვანა „ოცნებამ“ თბილისში აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით? დაგვპირდნენ, რომ სტადიონი ჩვენ დაგვრჩებოდა და მოგვიწყობდნენ კიდეც… ფატი ხალვაში [უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან”] იყო მოსული, კიდევ სხვა პირები მთავრობიდან. ახლა არ გვისრულებენ დაპირებას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები დავით ბერიძე.

დავით ბერიძის თქმით, მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ეს მიწა იყიდებოდა.

„ეს რომ გაგვეგო, ჩვენ ვიყიდდით და სტადიონიც დაგვრჩებოდა… ახალი სტადიონი, მართალია, მოეწყო, მაგრამ ის ჩვენ არ გვაწყობს, შორსაა, ჩვენგან 1 კილომეტრშია“, – დასძინა დავით ბერიძემ.

მისივე თქმით, დღეს პოლიციას კომპანია „ნაზილბემ“ გამოუძახა, რომელმაც თამარის დასახლებაში კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სტადიონის ადგილი შეისყიდა და ახლა სავაჭრო ცენტრს აშენებს.

„მოღობვა დაიწყეს დღეს, აქამდე აჩერებდნენ და პოლიციას გამოუძახეს… გვაკავებდნენ პოლიციელები, მაგრამ მერე მოგვაშორეს იქაურობას, თორემ დაგაკავებთო. ბათუმის წინა მერი, არჩილ ჩიქოვანიც დაგვპირდა, სტადიონი თქვენ დაგრჩებათო, წადით ახლა და წინა მერს მოსთხოვეთო, მერე ასე გვიპასუხეს მერიაში… დავით გაბაიძესთანაც ვიყავით, მაგრამ არავინ არ გვეხმარება,“ – გვითხრა დავით ბერიძემ.

„პირიქით, დაგვაზარალეს. მე ის მიკვირს, ეს კაცი რა უფლებებით სარგებლობს, ან რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა?“ – კითხულობს ბიზნესმენი კახა ბერიძე, რომელიც კომპანია „ნაზილბეს“ მესაკუთრეა.

კახა ბერიძე ამბობს, რომ სტადიონის ტერიტორია დღეს უკვე შემოღობა, ხოლო დაპირების შესაბამისად, ახალი სტადიონის მოწყობასაც ასრულებს.

„ეს ადგილი ვიყიდეთ 2021 წელს, პანდემიის დროს უპირობოდ და ვალდებულებების გარეშე… დავუთმეთ მოსახლეობას და ავაშენეთ ახალი მოედანი. ამ ადამიანს [დავით ბერიძე] აქვს პირადი ინტერესი – საკუთარი ბიზნესი აქვს და უნდოდა სასტუმროს მოწყობა, ეს ტერიტორია პარკინგად გამოეყენებინა და ასე შემდეგ, მერე არ გამოუვიდა და ჩვენ გაგვაჩერა 3 წელი. ბევრი ზარალი ვნახეთ, ინვესტიცია ვერ განვახორციელეთ, საბანკო ვალდებულებები მაქვს… ეს იქნება სავაჭრო ქალაქი სამომავლოდ. რომ მინდოდეს კორპუსებს ავაშენებდი მეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კახა ბერიძემ.

ვინ შეუშალა ხელი კონკრეტულად ბიზნესმენს, ამ დრომდე დაეწყო მშენებლობა? – კახა ბერიძე თავს იკავებს პასუხის დაკონკრეტებისგან, თუმცა ამბობს, რომ მას „სახელმწიფო უწყებები აჩერებდნენ“.

რას ცვლის ბათუმის მერია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში

ბათუმის მერია უსახლკაროდ რეგისტრაციის წესს აზუსტებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი მერიის შესაბამისმა სამსახურმა დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა დაზუსტდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომლის საკუთრებაში ქონა არ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად უსახლკაროდ დასარეგისტრირებლად. გარდა ამისა, მერია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე დეტალებს აზუსტებს.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ ჩაითვლება სარდაფთან და სამეურნეო სათავსოსთან ერთად სხვა ფართობის ქონა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის.

ასევე, გარდა 10 კვ.მეტრზე ნაკლები საცხოვრებელი ფართობისა, მხედველობაში არ მიიღება სარდაფის, სამეურნეო სათავსოს და სხვა ფართობი, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის. ასევე, დამაბრკოლებელი არ იქნება 10 კვ.მეტრზე ნაკლები ფართობის მართლზომიერი ფლობა ან უსასყიდლოდ სარგებლობა.

დამაბრკოლებელ გარემოებად არ ჩაითვლება კომისიის მიერ სტატუსის მაძიებელი პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატუსის მაძიებლის
მიერ არაუმეტეს 10 კვ.მ. კომერციული, საცხოვრებლად ვარგისი სხვა ფართობის ქირის [იჯარის] უწყვეტად გადახდის ფაქტი.

დაზუსტდა ავტომანქანის მონაცემები, რომელთა საკუთრებაში ქონა არ წარმოადგენს უსახლკარო სტატუსის მინიჭებისათვის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის, მისი შეძენის დროისა და ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს.

უსახლკაროდ დასარეგისტრირებლად შემოსავლის დასაშვები საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა იზრდება და ხდება სამმაგი, ხოლო ოჯახის შემთხვევაში თუ ერთი პირია დასაქმებული, დასაშვები საარსებო მინიმუმი შეადგენს სამმაგ ოდენობას, ოჯახის რამდენიმე წევრის დასაქმების შემთხვევაში თითოეულის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას.

საზღვრის კვეთის 24 საათზე ნაკლები დროის შემთხვევაში კონკრეტულ პირს ან ოჯახის წევრს დამატებით ეძლევა დასაშვები კვეთის ოდენობა არაუმეტეს სამოცისა.

დადგენილებას ასევე ემატება გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც ოჯახს ან სტატუსის მაძიებელ პირს რიგითობის განსაზღვრის მიზნით ენიჭება ქულები.

კერძოდ, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების სისტემის საფუძველზე არის 65 001-მდე – შეფასდება 1 ქულით, ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაცია ბათუმში 10 და მეტი წლის განმავლობაში – ასევე, 1 ქულით.

ბათუმში უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი მერიამ 2022 წელს შეიმუშავა, შემდეგ კი საკრებულომ დაამტკიცა. უსახლკაროთა რეგისტრაციის მოქმედი წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

მერიამ უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში ცვლილება გასულ წელსაც შეიტანა. მაშინ შეცვალეს ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. მანამდე განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის და ეს ვადა ერთ წლამდე გაზარდეს. ასევე, მოთხოვნებიდან ამოიღეს ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნიეს, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტური იყო.

განაცხადებს ბათუმში უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია და რეკომენდაციას გაუწევს ან არ გაუწევს განმცხადებლის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის მერი.

უსახლკაროთა რეგისტრაციის ამ დრომდე მოქმედ წესს იწუნებდნენ როგორც უსახლკაროები, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნით მერიასთან არაერთი აქცია გამართეს, ასევე საკრებულოს ოპოზიციაც. სხდომებზე ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ, არაერთხელ დააფიქსირა, რომ იმ წესით, რაც მერიამ წარუდგინა საკრებულოს და „ოცნების“ უმრავლესობამ ის 2022 წელს დაამტკიცა, ბევრი მოქალაქე ვერ შეძლებდა სარგებლობას.

გასულ წელს კი ერთ-ერთ სხდომაზე, როცა უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შეიტანეს, ეს დადასტურდა კიდეც – მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თავშესაფრის მოთხოვნით აქციებს 3000 – მდე პირი მართავს, დარეგისტრირება მათგან მხოლოდ 14-მა შეძლო.

ქალზე სექსუალური ძალადობა, ცემა, რასაც მოჰყვა ტვინის ტრამვა და ცხვირის დაზიანება

7 წლის პატიმრობა სასამართლომ მიუსაჯა, მაგალითად, კაცს, რომელმაც ქორწინების რამეს ცოლს რამდენჯერმე სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემა, სექსუალურად იძალადა და ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო.

ამ საქმეში ნახავთ, რეალურად რა შემთხვევებში გამოიყენება ისეთი მკაცრი სასჯელი, როგორიცაა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა – რაც მზია ამაღლობელს ელოდება, სილის ერთჯერადი გაწვნისთვის და რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი ზიანი არ მოჰყოლია.

სასტიკი ძალადობის ამბავი, როცა გოგოს გონების დაკარგვამდე არაერთხელ სცემეს, მასზე სექსუალურად იძალადეს, დაამცირეს, აგინეს… ამ შემთხვევაში სასამართლომ დამნაშავე კაცი 7 წლით დააპატიმრა.

7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დავით ჟ.-ს ზუგდიდის სასამართლომ. მას გამოძიება ედავებოდა ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობას – სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით, ასევე ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ამ საქმეში დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც მარიამს „ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, თავის ტვინის შერყევა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარცხენა თვალის სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების ტრავმა დაცილების გარეშე.“

ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც მარიამ ხ. დავითზე დაქორწინდა [სახელები შეცვლილია].

ძალადობის ამსახველ ამონარიდს საქმის მასალებიდან გთავაზობთ დეტალურად, რათა გავიაზროთ სასჯელის პროპორციულობა, რითაც მზია ამაღლობელს უპირებენ დასჯას სილის გაწნისთვის.

„…21 თებერვალს, ღამით, დავით ჟ-ს ვარაუდით, მარიამ ხ. არ აღმოჩნდა ქალიშვილი, რის გამოც დავით ჟ.  გაბრაზდა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარიამ ხ-ს თავისა და სახის არეში, ასევე მიარტყმევინა თავი ლოგინის თავზე, რითაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამავე დროს ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით და ამცირებდა მას, ყელში უჭერდა ხელს და ეუბნებოდა ეთქვა, ვისთან დაკარგა ქალიშვილობა, რის გამოც შეშინებულმა მარიამ ხ-მ, რადგან გრძნობდა, რომ იხრჩობოდა, დავით ჟ-ს ძალადობის შეწყვეტის მიზნით უთხრა ტყუილი, თითქოს ბავშვობაში „რაღაც მოუვიდა“, რის შემდეგაც დავით ჟ.-მ გაუშვა ხელი და მოგვიანებით აიძულა, არ დაწოლილიყო მის გვერდით საწოლში და მდგარიყო კუთხეში, რაზეც შეშინებული  მარიამ ხ-ა დაემორჩილა და დილამდე იდგა ფეხზე. მას არ დაუძინია, ხოლო დავით ჟ-მ დაიძინა,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

კაცს ძალადობა მეორე დღესაც გაუგრძელებია. მეორე დღეს დავით ქალზე სექსუალურადაც უძალადია:

„…დილით, დავით ჟ-მ გააგრძელა მარიამ ხ-ს ცემა, რა დროსაც დაარტყა ხელი სახეში და მიარტყმევინა თავი ლოგინზე, თან აგინებდა და ლანძღავდა. ფიზიკური ძალადობის და დამცირების შემდეგ დავით ჟ-მ მოსთხოვა მარიამ ხ-ს მუხლებზე დადგომა, დაუკავა ორივე ხელი, რის შემდეგაც, მიუხედავად მ. ხ-ს წინააღმდეგობისა დააწვინა იგი მუცელზე და მისი  თხოვნის და წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით, გაუკუღმართებული ფორმით უკანა ტანიდან დაამყარა მასთან სექსუალური კონტაქტი, რა დროსაც მარიამ ხ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

დავით ჟ-ი აგრძელებდა მარიამ ხ-ს ცემას, დაარტყა მას ხელი სახეში, მიუხედავად იმისა, რომ მარიამ ხ-ს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და სთხოვდა შეეწყვიტა ძალადობა და არ ეცემა. დავით ჟ-მ მოსთხოვა მარიამ ხ-ს მუხლებზე დამდგარიყო, რაც ვერ შეძლო და წაიქცა, რა დროსაც დავით ჟ-მ დაარტყა თავში, რითაც მარიამ ხ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც ჩვეულებრივი გზით, მარიამ ხ-ს სურვილის წინააღმდეგ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამ სისასტიკის შემდეგ დავითს მარიამისთვის მოუთხოვია, დაზიანებების დასაფარად მაკიაჟი გაეკეთებინა – მეზობლები მოვიდნენ და სუფრა უნდა გაიშალოსო. როცა სტუმრები ქეიფობდნენ, დავითმა ისევ გაიყვანა სახლის უკან მარიამი და სახეში დაარტყა ხელი. ქალს ცხვირიდან სისხლის წამოუვიდა. სტუმრების წასვლის შემდეგ კი, მარიამს ქმარმა თავში ჩაარტყა.

ქალმა გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. ამ დროს ჩნდება ბიჭის დედა და სხვა პირები. დავითმა მოსულიერებული ქალის ცემა განაგრძო. მარიამი თავის დას და დეიდას გადაუყვანიათ საავადმყოფოში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მარიამს თავდაპირველად სიმართლის თქმა გასჭირვებია, იმ დღეს ექსპერტიზაც ვერ ჩატარდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა ეთქვა.

„…რცხვენოდა, რომ ხალხის დასაცინი გახდებოდა… რამდენიმე დღე შეუძლოდ გრძნობდა თავს, ჰქონდა ტვინის შერყევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ დღესვე ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება. როგორც კი ცოტა გამოკეთდა, კერძოდ, 3 დღის შემდეგ იგი წაიყვანეს ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში, სადაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. შემდეგ მარიამმა მიმართა ადვოკატს, ასევე მივიდა ფსიქოლოგთან, რის შედეგადაც გადაწყვიტა, რომ გამომძიებლისათვის ყველაფერი უნდა გაემხილა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში [საქმე №487აპ-16].

სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ დავით ხ-ს უზენაესმა სასამართლომ სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით – გაუპატიურება – გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით] 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უპირებენ მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელ დგებუაძეს სილა გააწნა.

ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან.

გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“.

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

დღეს, 18 ივნისს, უკრაინაში, კიევში, მაშველებმა რაკეტის მიერ დანგრეული 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან კიდევ 12 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს.

შედეგად, კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა მინიმუმ 134 ადამიანი.

გუშინ, 17 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსულმა რაკეტამ უკრაინის დედაქალაქში 9-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც სახლში შესასვლელი განადგურდა, დაიღუპნენ ადამიანები.

ასევე, 17 ივნისის ღამეს რუსეთმა განახორციელა თავდასხმა ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის და ნიკოლაევის რეგიონებზე.

__________________

 

სტიკერის გაკვრაზე მეორე ჯარიმა 1000 ლარია, მზია ამაღლობელი ისევ გაასამართლეს – რეპორტაჟი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშიასისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 23 ივნისს გაიმართება. უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელზე გააკრა  სტიკერი – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

რატომ გაასამართლეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით ხელახლა იგივე „სტიკერის გაკვრის საქმეზე“?

2025 წლის 28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებოდ. მოსამართლის შეფასებით, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევაა.

იმავე მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლა და 1000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა? – ამ ლეგიტიმურ შეკითხვას კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფონზე პასუხს არ სცემს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ადგილობრივი თვითმმართველობა. სასამართლომაც უარი უთხრა მზია ამაღლობელის ადვოკატებს, ბათუმის მერიისთვის მიემართათ და დადგენილიყო, „ქართული ოცნების“ ლოგიკით სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა, როცა ქალაქში ამისთვის გამოყოფილი სივრცის შესახებ ცნობილი არ არის?

რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე?

დღევანდელ პროცესს არ დაესწრებია მზია ამაღლობელი. მან დისტანციური წესით ჩართვაზეც უარი განაცხადა და ამის შესახებ მოსამართლეს წინასწარ აცნობა.

მზია ამაღლობელის დაკავების ოქმიც 2025 წლის 11 იანვარს პოლიცუელმა ნოდარ ზენაიშვილმა შეადგინა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც სამთვენახევრის შემდეგ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ უკვე ახალი ოქმი შეადგინა.

“ვადებში ვეტეოდით…. ახსნა-განმარტება იყო წარმოდგენილი,” – სუსტად გაისმა დარბაზში ცრუ მოწმე პოლიციელის ხმა. მან ვერ განმარტა, რატომ არ დაიწყო 11 იანვარსვე სამართალწარმოება სტიკერის გაკვრაზე, როცა ამ ფაქტის შესახებ პოლიციელებმა 11 იანვარს იცოდნენ?

”არის იქ რაიმე ფორმით მინიშნება, რომ სტიკერის გაკვრა არ შეიძლება?” – მოწმეს ჰკითხა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“არ არის, მაგრამ ლოგიკურია, რომ არ შეიძლება… გააკრა სტიკერი “ იფიცება საქართველო” – თქვა მოწმემ.

“გაუმარჯოს პოლიციასო რომ ყოფილიყო, მისაღები იქნებოდა?” – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი.

“ამისთვის არის ადგილი, სადაც თეატრის აფიშებია და ასე შემდეგ,” – თქვა ნოდარ ზენაიშვილმა.

ნოდარ ზენაიშვილმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მან არ იცის, ვინ მოუწოდა მზია ამაღლობელს, არ გაეკრა სტიკერი.

წინა პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ თქვა, რომ პოლიციის წარმომადგენლის მოწოდება ისმის იმ დროს, როცა მზია ამაღლობელი წებოვან სტიკერს შენობის კედელზე აკრავს.

სინამდვილეში კი, ვიდეოში ბათუმელი მედროშის – ზურაბ ჭავჭანიძის ხმა ისმის: “არ ქნა, გოგო”.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ მოწმედ ბათუმელი მედროშეც დაკითხეს:

“მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება მოსკოვში დაწერილი სცენარით,” – მიმართა მოსამართლეს ბათუმელმა მედროშემ, ზურაბ ჭავჭანიძემ მას შემდეგ, როცა ის სხდომათა დარბაზში შემოვიდა და სკამების წინა რიგში, თავისუფალ სკამზე გადაფინა საქართველოს ისტორიული დროშა.

მედროშის საქმის ირგვლივ საუბრისკენ მოუწოდა მოსამართლემ.

“ეს უნდა იცოდეთ თქვენ, იმ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს დამარხული, აფხაზეთიდან ვარ მე… ” – ხმას აუწია მედროშემ.

ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, ნამდვილად მან მოუწოდა მზია ამაღლობელს არ გაეკრა სტიკერი, ხოლო პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის მოწოდება არ მოუსმენია.

კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა, ედნარ შანიძემ სასამართლოს უთხრა, რომ სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს მზია ამაღლობელი.

შეგახსენებთ: სტიკერის გაკვრას შენობის იერსახე რომც დაემახინჯებია, ამის გამო პოლიციას მოქალაქის დაკავების უფლება არ  აქვთ.

ამ პოლიციელსაც “არ ახსოვდა”, ვინ მოუწოდა მზია ამაღლობელს, არ გაეკრა სტიკერი.

“სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოწოდებას არ დაემორჩილაო, როცა წერთ, რის საფუძველზე წერთ? რომელმა პოლიციელმა მოუწოდა მზია ამაღლობელს არ გაეკრა სტიკერი?” – პოლიციელს მიმართა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ირმა აბაშიძემ.

პოლიციელის თქმით, მას აქციაზე, ზოგადად, ესმოდა პოლიციელების მხრიდან მოწოდება, კედელზე არ გაეკრათ სტიკერები.

“რა იყო მზია ამაღლობელის დაკავების მოტივი?” – მოწმეს ამჯერად ადვოკატმა თამარ წულუკიძემ მიმართა.

“არ ვიცი” – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს.

“ის მაინც მითხარით, სტიკერის გაკვრიდან მალევე დააკავეს მზია ამაღლობელი?” – ისევ ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა.

დასტურის ნიშნად მოწმე პოლიციელმა რამდენჯერმე თავის დაკვრა ამჯობინა.

დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს გამოხატვის თავისუფლებაზე, იმაზე, რომ მზია ამაღლობელმა საჯარო სივრცეში გააკრა სტიკერი, რისი აბოსოლუტური უფლებაც მას ჰქონდა.

სტიკერის გაკვრას რომ იერსახე არ დაუმახინჯებია და ძალისხმევა არც სტიკერის მოშორებას დასჭირდა, ეს 11 იანვარს გადაღებული ვიდეოკადრებით დასტურდება.

“ცალსახაა ორჯერ მსჯავრდება, რაც არის დარღვევა… ფაქტია, რომ ქმედება არის ერთი და იგივე, ორივე ოქმის შემდგენი პირი არის ერთი და იგივე პირი – ნოდარ ზენაიშვილი,” – სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელის ორჯერ გასამართლებაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში თამარ წულუკიძემ.

“ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს იმას, რომ რომელიმე პოლიციელმა მოუწოდა მზია ამაღლობელს, არ გაეკრა სტიკერი პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე,” – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მერია არ პასუხობს წერილობით მიმართვას: სად არის გამოყოფილი სივრცე სტიკერის გაკვრისთვის?

“ასეთი ნორმატიული აქტი არ არსებობს,” – თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა და მოსამართლეს შეახსენა, რომ სასამართლო  ქმნის ისტორიას, გამოხატვის თავისუფლება კი უზენაესი უფლებაა.

იურისტის აზრით, პოლიციას – მართლაც რომ გაეფრთხილებინა მზია ამაღლობელი – სასამართლოს მაინც არ ექნებოდა უფლება, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად მიეჩნია, რადგან არ არის ნორმატიული აქტით დადგენილი, სად შეიძლება, ან არ შეიძლება საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა.

ამ თემაზე:

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ღალატს, ამას ჩვენი დაპატიმრებაც რომ მოჰყვეს – საფარი

„საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ რეპრესიული კანონის ამოქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს სთხოვენ ყველა იმ პირის პირად მონაცემებს, რომელთა უფლებების დაცვაზეც უმუშავიათ.

„ქართული ორგანიზაცია საფარი უკვე 24 წელია საქართველოში ქალებს უწევს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას.

ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ყოველწლიურად ათასზე მეტ ქალს უწევენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას, ეხმარებიან საგამოძიებო უწყებასა თუ სასამართლოში.

17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – ძალადობის მსხვერპლი ქალების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ჩვენ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, – აცხადებს ,,საფარი”.

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე 7 რეზოლუცია დარეგისტრირდა

დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. დებატების მთავარი თემა იქნება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 5-ზე მეტი თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომლებზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ.

პირველი პროექტი მწვანეთა გაერთიანებამ წარადგინა.

მისი ავტორები არიან ლენა შილინგი (ავსტრია), მელისა კამარა (საფრანგეთი), მუნირ სატური (საფრანგეთი), ვილე ნიინისტიო (ფინეთი), მარია ოჰისალო (ფინეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), ნიკოლაე შტეფანცუა (რუმინეთი) და მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი).

რეზოლუციის ეს პროექტი ოთხ ძირითად მოთხოვნას აყენებს:

  1. მზია ამაღლობელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამ საფუძველზე ითხოვს მედიამენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გარდა ამისა, რეზოლუცია მოითხოვს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც;

  2. გამოხატულია შეშფოთება ქართული პოლიციის მიერ მშვიდობიანი მიტინგების დასაშლელად გამოყენებული სისტემური ძალადობის გამო;

  3. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის რეაგირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უნდა გამოიხატოს მკაცრ სანქციებში. სანქციები უნდა დაწესდეს როგორც ბიძინა ივანიშვილზე, ასევე იმ სახელმწიფო მოხელეებსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებზე;

  4. ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო დროს არსებული დინამიკა წინააღმდეგობაში მოდის ამ სტრატეგიის პრინციპებთან.

რეზოლუციის მეორე პროექტის ავტორია იტალიელი ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე, რომელიც დოკუმენტს მემარცხენე ჯგუფის სახელით წარადგენს.

პროექტი 6 პუნქტად არის დაყოფილი:

  1. გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებას. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია და გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო;

  2. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით პრესის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების სფეროში;

  3. მოითხოვს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი;

  4. ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს ქართველი ხალხის მიერ ყოველგვარი გარე ჩარევის და ზეწოლის გარეშე. ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს;

  5. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება საქართველოსთვის;

  6. დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, სტრუქტურულ ერთეულებს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს.

მესამე პროექტის ავტორები არიან ევროპარლამენტის ცენტრისტული, ლიბერალური ჯგუფი – Renew Europe [განახლებული ევროპა]

დოკუმენტს ხელს აწერს დაახლოებით 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის — ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიტვა). რეზოლუცია 9 პუნქტისგან შედგება:

  1. პირველი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება, ასევე — გამოძიება მისი დაკავების შემდეგ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე;

  2. რეზოლუციაში აღნიშნულნი არიან სხვა პირებიც, რომელთა საქმეებიც, ავტორთა აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულია. მათ შორის: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მათე დევიძე;

  3. გმობს ძალადობას ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოძიონ ეს შემთხვევები;

  4. მოითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას, რათა მათ აღარ ჰქონდეთ გამოყენების შესაძლებლობა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო ბერკეტად;

  5. გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ მედიასივრცეში დომინირებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ცრუ ნარატივებს ევროკავშირის შესახებ;

  6. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და იმ მოსამართლეებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. მათ შორის — სავიზო შეზღუდვების სახით;

  7. ხაზგასმულია, რომ სანამ საქართველოში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობით, მანამდე ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს და მის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს;

  8. ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ ქართული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება;

  9. დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის სტრუქტურებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას.

რეზოლუციის მეოთხე პროექტის ავტორია ოთხი მემარჯვენე, გერმანელი ევროპარლამენტარი

ბეტრ ბისტრონის, ტომაშ ფროელიჩის, ჰანს ნოიფომისა და ალექსანდრ სელის რეზოლუციის პროექტი 7 პუნქტს მოიცავს:

  1. აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში;

  2. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს პროექტის ავტორები აღიარებენ როგორც თავისუფალსა და სამართლიანს, რომელშიც ამომრჩეველმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი არჩევანი;

  3. მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ქმედებები მიზნად ისახავს ხელისუფლების შეცვლას არაკონსტიტუციური გზებით და ამ პროცესში მათ მხარდაჭერას უცხოელი აქტორები უწევენ. ასევე მიიჩნევა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა მცდელობები დემოკრატიას საქართველოში ზიანს აყენებს და ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას;

  4. პასუხისმგებლობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირებაზე აკისრებენ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც, მათ შეფასებით, ჩართული იყვნენ „მთავრობის დამხობის მიზნით აგიტაციაში“. ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი ორგანიზაციები ნაკლები ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში, რაც მათი საქმიანობისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებს შორის შეუსაბამობითაა გამოწვეული;

  5. ევროკავშირს მოუწოდებენ, გადახედოს მიდგომას საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და არ აღიქვას პარტიათაშორისი დაპირისპირება მხოლოდ შავ-თეთრი კატეგორიებით;

  6. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ონლაინ მედია საქართველოში მრავალფეროვანია და აშუქებს საკითხების ფართო სპექტრს, ხოლო მთავრობის მხრიდან მედიის შეზღუდვის მცდელობები მინიმალურია;

  7. პროექტი ითხოვს, რომ რეზოლუცია გადაეგზავნოს ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას.

რეზოლუციის მეხუთე პროექტი სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს ეკუთვნის

დოკუმენტს წარადგენენ ევროპარლამენტარები: იანის მანიატისი (საბერძნეთი), ფრანცისკო ასისი (პორტუგალია) და ტობიას კრემერი (გერმანია).

რეზოლუცია მოიცავს შემდეგ ძირითად მოწოდებებს და შეფასებებს:

  1. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და მოუხსნას მას ყველა უსაფუძვლო ბრალდება;

  2. ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააკვირდნენ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს;

  3. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება;

  4. გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები — განსაკუთრებით კი ისეთ პირებთან, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელიც სიმბოლოდ იქცა საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის შენარჩუნების ბრძოლაში;

  5. ხაზგასმულია, რომ ახალი რეპრესიული კანონმდებლობა — მათ შორის, ე.წ. „რუსული კანონი“ და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები — შეუძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებას;

  6. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე;

  7. ევროკავშირს მოუწოდებს, გააგრძელოს ქართული სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა;

  8. პოლიტიკურ შეფასებაში „ქართული ოცნება“ მოხსენიებულია როგორც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება.

რეზოლუციის მე-6 პროექტი ეკუთვნის ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ჯგუფს – სახალხო პარტიას

პროექტის ავტორებს შორის არიან დეივიდ მაკალისტერი (გერმანია), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), რასა იუკნევიჩიანე (ლიტვა) და სხვა ევროპარლამენტარები.

დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ძირითად პოზიციებს:

  1. მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ თავდასხმებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო სექტორსა და სასამართლოზე;

  2. გმობს მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივ დევნასა და პატიმრობას, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. რეზოლუცია ითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან;

  3. გამოხატულია შეშფოთება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიების, დაჯარიმებებისა და დაკავებების გამო;

  4. გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მეუღლის, კოტე იოსელიანის სავარაუდო გატაცებას და მისი შვილებით მუქარის ფაქტს. მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა;

  5. გმობს 21 წლის მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას. ასევე მოითხოვს ოპოზიციონერი ლიდერების — ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას — დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;

  6. მოითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას;

  7. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის ხელშემწყობი ყველა პირის მიმართ, მათ შორის — იმ პირების მიმართაც, ვინც პასუხისმგებელია მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე;

  8. დოკუმენტის გავრცელება უნდა მოხდეს ყველა შესაბამის და დაინტერესებულ მხარესთან.

რეზოლუციის ბოლო, მე-7 პროექტი ეკუთვნის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს (ECR Group).

დოკუმენტს ხელს აწერს 14 ევროპარლამენტარი და ის 8 პუნქტისგან შედგება:

  1. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და მოუხსნას ყველა წაყენებული ბრალდება;

  2. მოითხოვს, შეწყდეს ჟურნალისტების დევნა, მუქარა და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება საქართველოში;

  3. მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ეფექტიანად გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა;

  4. გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ქართული მედიასივრცე დომინირებულია პროსახელისუფლებო ტელევიზიებით, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ცრუ ნარატივებს ევროკავშირის შესახებ და ამით ხელს უწყობენ საზოგადოებრივ პოლარიზაციას;

  5. აღნიშნავს განგაშით, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ხშირად ემთხვევა კრემლის ნარატივებს. ასევე მიუთითებს საქართველოდან რუსეთთან მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც პარალელურად აფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს — ამით კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას;

  6. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში. კონკრეტულად სახელდება: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. სანქციები ასევე უნდა გავრცელდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულ მოსამართლეებზე, ხელისუფლების მხარდამჭერ ბიზნესმენებსა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მფლობელებზე;

  7. მოითხოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას „ჰუმანიტარული საფუძვლით“, რათა მას მიეცეს საშუალება, საზღვარგარეთ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება. მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“;

  8. რეზოლუციის ტექსტი უნდა გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს.

სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ

დღეს, 18 ივნისს, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღის პირველ საათზე დაიწყება.

დღეს მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად დაესწრება.

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“.

მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.

რატომ ასამართლებენ მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით ხელახლა იმავე „სტიკერის გაკვრის საქმეზე“?

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავება. სწორედ ამ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს მოსამართლე მარიანა ფომაევა დღეს, 18 ივნისს. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.

ამ მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ, სტიკერის გაკვრისთვის უკვე გაასამართლა და 1000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არ არის საჯაროდ ცნობილი, აქვს თუ არა დადგენილი ბათუმის მერიას ის სივრცეები, სადაც სტიკერის გაკვრა არის ნებადართული. სად შეიძლება სტიკერის გაკვრა? – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების მიუხედავად, შსს და ბათუმის მერიაც უპასუხოდ ტოვებს კითხვას: სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. იგი უკვე 5-ზე მეტი  თვე უკანონო პატიმარია.

უფლებადამცველებისა  და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში.

შემდეგი სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე 23 ივნისს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამავე თემაზე: 

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

 

“ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს” – არასამთავრობოები

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მათი ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის ამოღებას სასამართლოს გზით ცდილობს.

17 ივნისს 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციას მიუვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო ამ ორგანიზაციებისგან ბენეფიციართა შესახებ პერსონალური ინფორმაციის ამოღებას ითხოვს.

დღე, 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მიერ რუსული კანონების აღსრულების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს.

„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო.

ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს.

ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ.

ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად,“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ განცხადებაში.

 

როდის სრულდება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთების პროექტი – 27 დაღუპული და 212 დაშავებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო შვიდ წელში, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 212 დაშავდა. ეს ორზოლიანი გზა ორ ნაწილად – 2014 და 2018 წლებში გახსნეს. 2023 წელს კი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე [შეკვეთილიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებამდე] 31,7 კილომეტრია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან – 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში – ქობულეთის შემოვლით გზაზე 101 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა სულ ცოტა 212 ადამიანი. ქობულეთის შემოვლით გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი, მონაცემები არ გვაქვს.

„ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ აღნიშნული გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის [გზშ] დოკუმენტის მომზადება. გზშ-ზე „მიმდინარეობს სამუშაოები და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს“, – მოგვწერეს 17 ივნისს დეპარტამენტიდან.

როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია, ვინაიდან გზშ-ს დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მოსაძიებელი იქნება მშენებლობისთვის საჭირო თანხა, სამუშაოების შესყიდვაზე კი, შემდეგ ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებისთვის რომ გზშ იყო საჭირო, ეს გადაწყვეტილება [სკოპინგის დასკვნა] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 27 ნოემბერს მიიღო. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზშ-ის ანგარიში სწორედ ამ სკოპინგის დასკვნის შესაბამისად უნდა მოამზადოს.

სკოპინგის დასკვნის მიხედვით, „სამი ალტერნატიული ვარიანტიდან უპირატესობა მიენიჭა II ალტერნატივას, რაც დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს კომბინირებულად, არსებული ორზოლიანი გზის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს.

ასაშენებელი გზა, პროექტის მიხედვით, მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.

ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.

საავტომობილო გზის დერეფანში ასევე გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების ბურჯების მოწყობა, რომლებიც განთავსებული იქნება, არსებული ხიდებისა და გზაგამტარების ბურჯების გასწვრივ. საპროექტო კვანძების ადგილმდებარეობები, კონსტრუქციული გადაწყვეტები და შესაბამისი საპროექტო ნახაზები წარდგენილი იქნება გზშ-ის ეტაპზე.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ.

პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს პროექტი შეეხება.

ამ თემაზე ვრცლად: კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

გზშ-ის ანგარიშში, დეპარტამენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს:

„დაგეგმილი საქმიანობების დეტალური აღწერა; საჭიროების დასაბუთება; მთლიანი გზის და საპროექტო გზის გენერალური გეგმა, მაღალი გარჩევადობით, სადაც დატანილი იქნება გზის შემადგენელი ინფრასტრუქტურული ობიექტები; უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე, მდინარემდე და სხვა შესაძლო ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ობიექტებამდე დაზუსტებული მანძილები;

ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის შესახებ ინფორმაცია;

დეტალური ინფორმაცია/გეგმა ბურღვა-აფეთქებების სამუშაოების სიხშირის შესახებ. დაზუსტებული ინფორმაცია ფერდობის მოხსნის საჭიროების შესახებ, შესაძლო გეოდინამიკური რისკების გააქტიურებისა და მათი მართვის ღონისძიებების მითითებით;

ევაკუაციის შემთხვევაში საჭირო გასასვლელების მოწყობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია;

ინფორმაცია ფიზიკური/ეკონომიკური განსახლების შესახებ [არსებობის შემთხვევაში]; ზემოქმედებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, ასევე საჯარო განხილვაზე გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების დეტალურად განხილვისა და მათი გათვალისწინების შესახებ;

ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების დამატებითი კვლევა, რომლის ფარგლებშიც საჭიროა დეტალურად აღიწეროს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფლორა და ფაუნა… კვლევის შედეგების მიხედვით, განახლდეს შემარბილებელი ღონისძიებები და შემუშავდეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა;

ხმაურის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედება დეტალურად შეფასებული უნდა იქნaს გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, შესაბამისი შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების მითითებით;

შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შეფასება ისტორიულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო მონაკვეთზე იკვეთება არქეოლოგიურად სენსიტიური რამდენიმე წერტილი, შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს არქეოლოგიური კვლევის ანგარიში;

წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია ცხოველთა გადასასვლელების მოწყობის შესახებ [არსებობის შემთხვევაში] და ა.შ.“

რაც შეეხება სკოპინგის ანგარიშს, ის მომზადებული იყო ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 007 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 10 947 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 22 845 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 29 265 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 420 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 165 ერთეული [+184]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 369 ერთეული [+23]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 312 ერთეული [+137]
  • სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 63 970 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 280 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 950 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქალს დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია – კაცი 1 წლით დააპატიმრეს, სილის გაწვნისთვის 7 წელი?  

ერთ-ერთი საქმის მიხედვით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე უზენაეს სასამართლოსაც აქვს მიღებული, კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალს ავტომანქანის კარი ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, 1 წლით გაუშვეს ციხეში.

ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა ერთჯერადად, ხომ ყველას გახსოვთ?  – სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაში არაერთი საქმეა, სადაც ძალადობის მართლაც მძიმე შემთხვევებია აღწერილი, თუმცა სასჯელის სახით გამოყენებულია 1 ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან საერთოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. მაგალითად, კაცი ცოლს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ახრჩობდა, პროკურატურის მტკიცებით, მანამდე იგი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ტელეფონის აპარატიც კი ჩაარტყა თავში, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ამ შემთხვევაში კაცი 2 წლით დააპატიმრეს.

უზენაესი სასამართლოს საქმეებიდან რამდენიმე საქმეს გაგაცნობთ, რომლებიც აჩვენებს, ისევ ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკის გათვალისწინებით რამდენად შეუსაბამოა სილის გაწვნა ჯერ თავდასხმად შეაფასო, ხოლო შემდეგ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასაჯო.

საქმე პირველი: ქალს ავტომანქანის კარები ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია… კაცი 1 წლით გაუშვეს ციხეში 

ამბავი თბილისში მოხდა. კაცს პარტნიორი ქალი ერთ დღეს ავტომანქანაში გამოუკეტავს.

„…თბილისში, ავტომანქანაში ყოფნის დროს, ლევანმა [სტატიაში სახელები შეცვლილია] თავის ინტიმურ პარტნიორს ავტომანქანის კარები ჩაუკეტა, შემდეგ კი, „დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით გაშლილი დანით მოაჭრა თმა და შემოახია შარვალი, რითაც რ. გ-ი დაამცირა და არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მისი ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია…

სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი… გაშლილი დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც რ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისთვის წარდგენილი მუხლებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს 144 პრიმა სამი მუხლი ითვალისწინებდა, რაც გულისხმობს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ის დამნაშავედ მიიჩნიეს ძალადობის ნაწილშიც, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა.

ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა ასე მკაცრად არ უნდა დასჯილიყო და მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 3 000 ლარით ჯარიმა შეუფარდეს.

საბოლოოდ, ლევან ბ.-ს ძალადობის და მუქარის გამო მიუსაჯეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების ან/და შემსუბუქების საფუძველი,“ – აღნიშნულია განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს მიიღო [საქმე №882აპ-23].

საქმე მეორე: კაცმა ადამიანს რამდენჯერმე სცემა – არც ერთი დღე პატიმრობა

165 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასაჯეს კაცი, რომელმაც რამდენჯერმე სცემა დაზარალებულს. ამ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განაჩენი 2021 წლის 8 ივნისს მიუღია.

„…მარჯვენა ხელის მარცხენა ლოყაში ერთხელ დარტყმისა და მარცხენა მხარში 3-ჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა ც.წ.-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამ შემთხვევიდან ერთი თვეში ლევანმა ისევ იძალადა დაზარალებულზე: „მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ლოყაში ორჯერ დარტყმისა და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა ც. წ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ლევან წ. ძალადობის მუხლით გაასამართლეს [სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი].

მრავალჯერადი ძალადობის მიუხედავად მსჯავრდებულს პატიმრობაში არც ერთი დღე არ გაუტარებია. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ – განჩინება 2022 წელს მიუღიათ [#საქმე №78აპ.-22].

სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რა უნდა ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ თურქეთის გამოცდილებიდან – მონაწილეობა თუ ბოიკოტი?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ოპოზიციის ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – არა.

არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს თურქეთის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ისეთი ქალაქებიც კი მოიგო, რომელიც მანამდე ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდა.

2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია დამარცხდა სტამბოლში, ანკარაში,  იზმირში, ბურსაში, ანტალიაში… ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გახდნენ ქურთებით დასახლებული ქალაქების მერები, მათ შორის ქალაქ ვანის მერიც.

თუმცა არჩევნებიდან მალევე, ერდოღანის ხელისუფლებამ უმეტეს ქურთულ ქალაქში არჩეული მერები თურქეთის საარჩევნო კომისიის და სასამართლოს გზით შეცვალა და ისინი სახელისუფლებო კადრებით ჩაანაცვლა.

2025 წლის 19 მარტს კი დააპატიმრა ექრემ იმამოღლუ, სტამბოლის არჩეული მერი. იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც 23 მარტს უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.

თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა იმამოღლუს დაკავების დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ცნობისათვის, არც 2019 წლის და არც 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები თურქეთის ოპოზიციურ პარტიებს ეჭვ ქვეშ არ დაუყენებიათ და არ უთქვამთ, რომ არჩევნები გაყალბდა.

რა მსგავსება და განსხვავებაა ორი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ველზე, როგორ განვითარდა პოლიტიკური პროცესი თურქეთში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და რას შეიძლება ველოდოთ საქართველოში.

„ბათუმელები“ თურქეთის მკვლევარ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.

  • როგორი იყო თურქეთში 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ოპოზიციისათვის?

ოპოზიციამ გასულ ადგილობრივ არჩევნებში თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვა. მათ შორის ისეთებშიც, რომლებშიც ოპოზიციის გამარჯვებას მაინცადამაინც არავინ არ ელოდა.

მაგალითად, გაიმარჯვა მანისაში, რომელიც ბოლო დიდი ქალაქი იყო ერდოღანის მთავარი პოლიტიკური პარტნიორის, ნაციონალისტური პარტიის კონტროლის ქვეშ და ამით ამ პარტიის პოლიტიკურ სისტემას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

მარდინსა და ვანში, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ერდოღანის ხელისუფლებამ  არჩეული მერების ნაცვლად თავისი წარმომადგენლები დანიშნა. გააკეთა ის, რასაც 2016 წლიდან მოყოლებული მუდმივად აკეთებს ამ რეგიონში.

თუმცა მარტში, ექრემ იმამოღლუ როდესაც დააპატიმრეს, იგივე ვერ გაბედა სტამბოლში. მრავალრიცხოვანი აქციების შემდეგ, იმამოღლუს ადგილას თავისი წარმომადგენლის დანიშვნისგან თავი შეიკავა.

თუმცა ერდოღანმა სხვა სისტემას მიმართა და განაცხადა, რომ არსებული მუნიციპალიტეტების კანონი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ისინი არაფერს აკეთებენ.

სანდრო ბაკურაძე
  • შეიძლება თურქეთი განვიხილოთ მაგალითად, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დამარცხებულად შეიძლება გაქციონ, თუკი სათავეში არადემოკრატი მმართველია? და იგივე, საქართველოს კონტექსტში – რა შანსი აქვს რომელიმე პარტიას არჩევნებში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში?

თურქეთში ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. რაც შეეხება ჩვენ კონტექსტს – თურქეთი ძალიან, ძალიან ცუდი მაგალითია ჩვენს კონტექსტთან მიმართებაში.

ჩვენთან არ არსებობს ისეთი პარტია, რომელსაც აქვს ისეთი ძლიერი ფინანსები და ისეთი ისტორიული ასოციაცია, როგორიც სახალხო რესპუბლიკურ პარტიას აქვს თანამედროვე თურქეთის დამაარსებელთან, ათათურქთან. ჩვენთან არცერთ პარტიას არ აქვს ისეთი იდეოლოგია, თუნდაც ძალიან ზოგადი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღები იქნებოდა. რაც მთავარია, ჩვენთან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარ ნარატივსაც კი ეწინააღმდეგება ოპოზიციის ერთი ნაწილი.

თუკი დავუშვებთ, რომ ხელისუფლებას არჩევნების იმ მასშტაბით გაყალბების რესურსი აქვს, რასაც ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, მაშინ არანაირი გარანტია იმისა, რომ მერების არჩევნები არ გაყალბდება, არ არსებობს – ეს ერთი.

მეორე – ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს არანაირი პასუხი არ აქვთ იმაზე, რა მოხდება თუკი თბილისში გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი, შემდეგ კი არსებულმა სასამართლომ, რომელსაც ოპოზიცია არ ენდობა, გამოიტანა გადაწყვეტილება და გააკეთა იგივე, რაც თურქეთში რამდენჯერმე უკვე მოხდა. არც ისე წარმოუდგენელია, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს.

რა მოხდა თურქეთში? – რაღაც მიზეზების გამო პირველ ადგილზე გასული კანდიდატი გამოაცხადა დისკვალიფიცირებულად და არჩეულ მერად გამოაცხადა მეორე ადგილზე გასული.

ვთქვათ „ოცნებამ“ სიტყვაზე ოპოზიციური პარტიები აკრძალა და გამოაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო წარმატება გაუქმებულია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია რას აკეთებს? ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას პასუხი არ აქვს.

ასევე ჩვენთან არ არის ის მუნიციპალური კულტურა, რაც არის თურქეთში. საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ცნება და რაობა სრულიად განსხვავებულია.

ასეთ შემთხვევაში მუნიციპალურ არჩევნებში ადგილობრივ დონეზე წარმატების რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ოპოზიციას, ძალიან რთული სათქმელია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან მუნიციპალიტეტებს არც იმდენი უფლებები აქვთ, რაც თურქეთში. მაგალითად, თურქეთში მუნიციპალიტეტი სხვა თუ არაფერი, წყლის გადასახადსაც კი თავად კრეფს.

ამავე დროს არც ის ალტერნატიული პოლიტიკური ხედვა არსებობს ჩვენთან, რომლის გამოყენებითაც საზოგადოების ფართო მასების მომხრობა, მხოლოდ მუნიციპალური პოლიტიკის გამოყენებით შესაძლებელი იქნება.

შეიძლება ზოგიერთი ოპოზიციონერი ფიქრობდეს, რომ ამ მუნიციპალური რესურსებით სერიოზულ ქსელს ააშენებენ, რომლის საშუალებითაც მერე ხელისუფლებაში მოვლენ და ა.შ. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს დიდი რესურსები ფიზიკურად არ აქვთ, რომ ჩვენთან არსებული ოლიგარქიული მოდელის წინააღმდეგ მარტო მუნიციპალური წარმატება რამეში გამოდგეს. შესაბამისად, მათი ეს მოტივაცია (არჩევნებში მონაწილეობის სურვილი) კი მესმის, რაღაც ლოგიკა არის, მაგრამ მაინც უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი.

ვინაიდან ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დეიდეოლოგიზირებულია, ვფიქრობ ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ თუკი გარკვეულ რესურსებზე წვდომა ექნებათ, რომლის საშუალებითაც გარკვეულ პოლიტიკური პატრონაჟის ქსელს ააშენებენ, ეს მათთვის საკმარისი იქნება.

ეს ერთი მხრივ მათ ავტონომიურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, მეორე მხრივ მათი დამფინანსებლები – ხაზარაძე თუ სხვები, პირადი რესურსების რაღაც ნაწილს გამოათავისუფლებენ.

  • თურქეთში, პატარა ქალაქებშიც კი ჩაანაცვლეს არჩეული ოპოზიციონერი მერები ხელისუფლების კანდიდატებით. რა შანსია, რომ იგივე მოხდეს ჩვენთან დაანონსებული „პარტიების აკრძალვის“ და მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში?

სრულიად შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლებიც პარტიებად ორგანიზებული ოპოზიციის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის საწინააღმდეგო მოთხოვნით გამოდიან და უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვენ, თავად ოპოზიციის ინტერესებში არ ჯდება. ბოლო პერიოდში გადადგმული მათი ნაბიჯები სწორედ ამაზე მიგვითითებს.

სავარაუდოდ, ხელისუფლება ამას გააკეთებს. შეიძლება ხალხის რაღაც ნაწილი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ თუკი არ მოხდება ქვემოდან ზემოთ ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება და საპროტესტო მოძრაობის არსებული პარტიების მიღმა დამოუკიდებლად ორგანიზება, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად ჩაივლის ეს ყველაფერი.

ხელისუფლება დანიშნავს ვინც მოუნდება იმას, საარჩევნო პროცედურებს დაარღვევს და შემდეგ ყველაფერი ისევ ისე იქნება – თითქოს არაფერი მომხდარა გაგრძელდება ცხოვრება.

  • ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში?

ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობას მაშინ შეიძლებოდა აზრი ჰქონოდა, თუკი ყველა ოპოზიციური პარტია შეჯერდებოდა ერთიან სიაზე და ძლიერი პოპულისტი კანდიდატით მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. არსებულ რეალობაში ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ნაწილის არ მონაწილეობა, ვფიქრობ, ერთი მხრივ საპროტესტო მოძრაობის ერთგვარი ღალატია, მეორე მხრივ კი ოპოზიციის გრძელვადიანი დაქსაქსვის გარანტია.

  • ოპოზიციის და რიგი ექსპერტების მთავარი არგუმენტია, რომ ასე თბილისის, რუსთავის, ბათუმის წართმევა შეიძლება „ოცნებისთვის“. მეორე მხრივ გვაქვს მაგალითი, ექრემ იმამოღლუმ მრავალმილიონიანი სტამბოლი წაართვა ერდოღანს, თუმცა ახლა ციხეში ზის.

სავსებით შეიძლება [ქალაქების წართმევა], მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – ექრემ იმამოღლუ იმდენად დიდი წონის ფიგურად ჩამოყალიბდა, მის დაპატიმრებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად, ერდოღანის ხელისუფლებამ მის ადგილას თავისი წარმომადგენლის დანიშვნა ვერ გაბედა. ამჟამად სტამბოლის მერის მოვალეობას ისევ ექრემ იმამოღლუს პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი ასრულებს. ამავე დროს სტამბოლის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციისა.

ჩვენთან როგორი იქნება საკრებულოს შემადგენლობა რთული სათქმელია. ჩვენი ოპოზიციის ამჟამინდელი დაქსაქსულობიდან, შემადგენლობიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ისეთ ჰიპოთეტურ სცენარშიც კი, თუკი მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაჟორიტარული სისტემის დამსახურებით საკრებულოს უმრავლესობა მაინც „ოცნებას“ დარჩეს.

შესაბამისად, ჩვენთან ეს დინამიკაც განხვავებულია და ძალიან ბევრი რაღაცის თქმა საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე.

თუკი დიდ ქალაქებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, შეიძლება ეს კარგად იქნეს კაპიტალიზებული, მაგრამ თუ „ოცნების“ ხელისუფლება ოპერატიულად იმოქმედებს, არ მგონია ამან რაიმე რეალური სარგებელი მოუტანოს ოპოზიციას. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენთან რეალურად ოპოზიცია დაქსაქსულია და რამდენიმე პარტიაზეა გადანაწილებული ოპოზიციონერი ამომრჩევლის ხმები.

შესაბამისად, საერთო კანდიდატის გარეშე, გამარჯვების თეორიული შანსიც არ მგონია ჰქონდეს ოპოზიციას. საერთო კანდიდატის არსებობა კი ჩვენი ოპოზიციის დაქსაქსულობის პირობებში გამორიცხულია.

რუსთავის, ბათუმის და თბილისის წართმევა ფიქრის დონეზე ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია არ ვიცი.

  • რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ მეზობელი თურქეთის ოპოზიციისგან, რამ შეიძლება იმუშაოს ჩვენთან?

თუკი თურქებისგან რამე უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ პოლიტიკა კეთდება ქუჩის და სამეზობლოს დონეზე. ტელევიზიაში 24 საათი ჯდომით და ლაპარაკით საქმე არ კეთდება. თურქული ოპოზიციის ეს საარჩევნო წარმატება თუ რამეს ეყრდნობა, პირველ რიგში, ეყრდნობა იმას, რომ მათ ძალიან კარგად ისწავლეს უბნის და რაიონის დონეზე პოლიტიკის კეთება. მათ აქვთ იმის რესურსები, საშუალება და მორალი, რომ ქუჩისა და სამეზობლოს დონეზეც კი აწარმოონ პოლიტიკა. ჩვენთან ეს შეგნებაც კი არ არსებობს.

ბოლო არჩევნებიდან კარგად მახსოვს, ჩემს უბანში, რომელიც არის ღრმაღელის მეტროდან 15 წუთის სავალზე, ოპოზიციის არსებობა იგრძნობოდა ერთადერთი რამით – ჩემ გვერდით ქუჩაზე „ლელოს“ ორი ცალი პლაკატი იყო გაკრული. ეს იყო და ეს.

ბროშურაც კი არ მოუტანია არავის. ასე ამომრჩეველთან კონტაქტი ვერ მყარდება. რეალური პოლიტიკური მანქანა ვერ იქმნება.

თუკი ოპოზიციას სურს რეალური პოლიტიკა გააკეთოს, უბნების, სამეზობლოების და სოფლების დონეზე დასაწყებია ყველაფრის დაორგანიზება. თუკი მწირი ფინანსური რესურსებით გამართლებას შევეცდებით, არ იქნება სწორი. ამ ყველაფერს იდეოლოგია სჭირდება, რადგან როდესაც იდეოლოგია გაქვს, ხშირ შემთხვევაში ბევრად მცირე ფინანსური რესურსია საჭირო მიზნის მისაღწევად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა რეალურად მოწოდების და რწმენის საკითხია და არა იმის, რომ ვიღაცას დაასაქმებ უბნის ორგანიზაციაში და ის ხელფასისთვის იმუშავებს.

თურქულმა ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის რა უნდა და როგორ. შეიძლება თურქეთის მომავლის მათეული ხედვა ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს ხედვა განსხვავებულია, ჩამოყალიბებულია და სრულიად გასაგები.

ჩვენი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა კი იდეოლოგიურად და ნიჭის მხრივ იმდენად საცოდავია, რომ ტყუილსაც კი ვერ ამბობენ. მათი შემხედვარე უბრალო მოქალაქეს სავსებით სამართლიანად რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას უნდა დღევანდელი რეალობა, ოღონდ ბიძინას გარეშე.

უბრალო მოქალაქის მოთხოვნა კი ცვლილებაა.

თუკი მხოლოდ პოლიტიკური სახეები შეიცვლებიან, კოლექტიური ხარება კი მოსახლეობის ცემას ისევ ისე გააგრძელებს, მაშინ უბრალო მოქალაქეს თავის გაწირვა და ჯარიმების თუ ცემა-ტყეპის ატანა არანაირად არ უღირს.

გარდა ამისა, ჩვენ ოპოზიციას არანაირი პასუხი არ აქვს იმაზე, რას იზამენ, თუ დავუშვათ და მოიგეს არჩევნები, მაგრამ ქოცებმა ხელი სტაცეს, ციხეში ჩაყარეს და არჩეული მერის ადგილას ვინც მოუნდათ ის დანიშნეს. საპროტესტო მუხტი ოპოზიციამ თავადვე გაფლანგა მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ხალხის მოთხოვნა ფუნდამენტური ცვლილებები იყო, ხალხის წარმატება მათ დასასრულსაც ნიშნავდა და შედეგად, ახალ რეალობაში ახალი პოლიტიკის კეთებაზე თავის გაცხელებას, არსებულ რეალობაში მცირედით დაკმაყოფილება ამჯობინეს.

რა უნდა გაკეთდეს ეს დიდი და ხანგრძლივი დისკუსიების თემაა, მაგრამ მოკლედ რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით, აქ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის ხელისუფლების გზაზე პოტენციურ დიდ ნაბიჯად ვერ გამოდგება.

მარნეულში წყლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს.

„ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილი მამრობითი სქესისაა.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გონიოში ავარიის შედეგად 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

„ჩემი ორსული მეუღლე 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის“ – მოქალაქე

„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე.

დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი.

ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული.

„პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 000 ლარი ოჯახს პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც „ოჯახის სიწმინდის დღეს“ იმავე გადაკეტილ ქუჩაზე აღნიშნავს.

წარმოდგენა არ მაქვს, იციან თუ არა ორსულობის და მცირეწლოვანი ბავშვის შესახებ, მაგრამ კომენტარებისთვის თუ უზიან ფეისბუქს, ეს ინფორმაცია საჯაროა და ადვილად გასაგები.

საჯაროდ მიწერია, რომ ბავშვს ველოდებით და ერთი სამი წლისაც გვყავს. შეეძლოთ, გაერკვიათ“ – ამბობს დათო სიმონია „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, პოლიციის მიერ გამოწერილი პირველი ჯარიმა გასაჩივრებულია შს სამინისტროში და ჯერჯერობით გადახდის ვალდებულება შეჩერებულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მათ ანგარიშებს დააყადაღებენ, ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები აუცილებელი საჭიროებების გარეშე დარჩებიან.

„დაყადაღება ალბათ იმოქმედებს დაზღვევაზეც, რადგან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის სამედიცინო ხარჯებს სჭირდება დაზღვევა და ანგარიშები“ – ამბობს დათო სიმონია.

მისი თქმით, ამ ჯარიმას მისი მეუღლე ქეთი ბახტაძეც გაასაჩივრებს, თუმცა „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა აჩვენებს, რომ მასობრივი დაჯარიმებებით, „ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკული აზრის და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

დათო სიმონია და მისი მეუღლე ქეთი ბახტაძე ხშირად მონაწილეობენ პროევროპულ აქციებში, სადაც მოსახლეობა ითხოვს ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და „ოცნების“ ხელისუფლებას გადადგომას.

ამ დროისთვის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე ათასობით პირია დაჯარიმებული. მათ შორის არიან მარტოხელა დედები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პროკურატურამ დააყადაღა ფონდები, რომლებიც პროტესტში მონაწილე მოქალაქეებს უკანონო ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ.

______________

ფოტოზე: ქეთი ბახტაძე 

ამავე თემაზე:

„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“

დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებულები სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი დაშავებული თურქეთის მოქალაქეა.

ამ დროისთვის გადაკეტილია ქობულეთის შემოვლითი გზა. მძღოლები ძველი გზით სარგებლობენ. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-დან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

18 ივნისს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – ასეა ჩანიშნული ხვალ, 18 ივნისს, დებატები ევროპარლამენტში, რომელიც წინ უძღვის ევროპარლამენტის რეზოლუციის განხილვას.

19 ივნისს კი, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელის და მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოში.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მისი დაკავებისთანავე მოჰყვა.

მზია ამაღლობელი უკვე 148 დღე უკანონო პატიმრობაშია და მის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს.

ZEG ფესტივალზე, რომელიც 13-15 ივნისს გაიმართა თბილისში, ერთი სესია მზია ამაღლობელს მიეძღვნა. სესიაზე კილიან გალაგერმა, რომელიც ნობელიანტი ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ადვოკატია, ხაზგასმით თქვა, რომ მზია ამაღლობელის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს:

„მე ძალიან შეშფოთებული ვარ მზიას ქეისის გამო. მე მჯერა, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და ის პოლიტპატიმარია. ნათელია, რომ ის გახდა ცრუ ბრალდებების სამიზნე ძალიან სერიოზული პროცედურული დარღვევების ქვეშ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობადი დარღვევის გამო.

იმედი მაქვს, რომ საქმე შეწყდება და ის ციხიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება. თუ არადა, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხს მოსთხოვს“, – განაცხადა კილიან გალაგერმა.

ამავე თემაზე: 

გავლენიანი უფლებადამცველებისა და ნობელიატი ჟურნალისტის მხარდაჭერა მზია ამაღლობელს – რა თქვეს ZEG ფესტივალზე

“არ გადააგდო, გადააკეთე” – მოსწავლეებმა მაღალმთიანი აჭარიდან გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს

5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. გაეროს თანახმად, წელს ამ დღის ფოკუსში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა.

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ორგანიზებით, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რაც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას თაობაში, რომელიც უკვე ხვალ წარმართავს რეგიონების განვითარებას და იზრუნებს მასზე.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ გარემოს დაცვის თემაზე მეორეული ნივთებისა და ნარჩენებისგან შექმნილი მაკეტები.

კონკურსში მონაწილეობა 20-მდე სკოლამ მიიღო, მათგან კი სამი საუკეთესო გუნდი დაჯილდოვდა 5 ივნისს. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წარმოადგინეს ნამუშევრები და პრეზენტაციაც გამართეს.

პირველი გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებმა იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლიდან შექმნეს გადამამუშავებელი ქარხნის მაკეტი მთავარი სლოგანით – „არ გადააგდო – გადააკეთე”.

იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის პირველი გუნდი

გუნდის წევრმა ნინი დიასამიძემ გვითხრა, რომ მისი თაობისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის საკითხები, რადგან ისინი დგანან რეალური გამოწვევების წინაშე:

„ჩვენ გარემოში შეიძლება განვითარდეს მეწყრული პროცესები და სხვა საფრთხეები, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელ გარემოს დააზიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველანი ჩართულები ვიყოთ ზრუნვისა და გაფრთხილების პროცესში. ჩვენი პროექტი ეხებოდა ნარჩენების გადამუშავებას და ამით სუფთა გარემოს შენარჩუნებას” – ამბობს ნინი დიასამიძე.

გამარჯვებულებს შორის იყო სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის გუნდიც. მათ თავიანთი ოცნება გადაიტანეს მაკეტში და ნარჩენებით მსოფლიოს საოცრებები გააცოცხლეს, ის ადგილები, რომელთა მონახულებაც სურთ.

ასევე, მათ ბოთლის სახურავებისა და პოლიეთილენის პარკებისგან გააკეთეს მსოფლიოს რუკაც, რაც ეხმიანებოდა მთავარ თემას – ეკოსისტემის პლასტმასით დაბინძურებას.

„პრობლემა, რომელიც ჩვენი მაკეტით გამოვსახეთ, არის გარემოს დაბინძურება. როგორც ვიცით, დღეს დედამიწაზე უკვე, დაახლოებით, ექვსი ხელოვნურად შექმნილი ნაგვის კუნძულია, რაც ცოცხალ ბუნებას, როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე, საფრთხეს უქმნის. როგორც ახალგაზრდა თაობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მივხედოთ ამ პრობლემებს” – გვითხრა გუნდის წევრმა, ლუკა წულუკიძემ.

დიდაჭარის საჯარო სკოლის გუნდი

„დედამიწა კიდევ მილიონობით წელი იარსებებს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გავუფრთხილდებით მას. გვინდოდა ბავშვებისთვის გვეჩვენებინა, რომ უნდა იზრუნონ მასზე და რეალურად გაუფრთხილდნენ ამ მშვენიერებას. მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, მიაქციონ ყურადღება იმას თუ რას ხარჯავენ და რისთვის. რეალურად გაიაზრონ, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს დანაგვიანებამ მსოფლიოს და შეეცადონ, რომ თავიანთი მომავალი თაობებისთვის იბრძოლონ” – ამბობს ანა შავაძე დიდაჭარის სკოლიდან.

იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლიდან მეორე გუნდიც მოხვდა გამარჯვებულთა შორის. გოგონებმა ეკოსოფლის მაკეტი წარმოადგინეს და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოაწყო საცხოვრებელი სივრცე რესურსების გონივრული გამოყენებით.

გუნდის წევრი ლანა დიასამიძე მისი გუნდის ხედვებზე გვესაუბრა:

იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის მეორე გუნდი

„ჩვენი პროექტის სახელი იყო „ეკოსოფლის მაკეტი“, რაზეც ვიმუშავეთ სამმა ადამიანმა. გამოვიყენეთ მეორადი მასალები, მეორადი ნივთები.

თუ გარემო დაბინძურებული იქნება პლასტმასითა და სხვა ნარჩენებით, დაბინძურდება ჰაერიც, რომელსაც ყველა თანაბრად ვსუნთქავთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ გარემო იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც. როგორც ჩვენ ვიზრუნებთ ბუნებაზე ისე იზრუნებს ბუნება ჩვენზეც” – ამბობს ლანა დიასამიძე.

კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები მესამეკლასელები იყვნენ, რომლებმაც მუყაოთი დაამზადეს სხვადასხვა ნამუშევარი.

კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარემოსთან შესაბამისობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა გვიყვება, რომ დიდი ჩართულობიდან გამომდინარე, გამარჯვებულების გამოვლენა გაუჭირდათ:

„ჩვენმა კომპანიამ გამოაცხადა კონკურსი მაღალმთიანი აჭარის სკოლებისთვის. მოსწავლეებს მიეცათ დავალება, მოამზადონ პროექტები მეორადი ნივთებისგან, ნარჩენებისგან. ამან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ბავშვებში, იყო დიდ ჩართულობა, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან. ოცმა სკოლამ შემოიტანა განაცხადი”.


„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარემოსთან შესაბამისობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა

„ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებულების შერჩევა, თუმცა მაინც გამოვავლინეთ სამი საუკეთესო გუნდი. მათ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები. ვფიქრობ, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების კუთხით ეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება.

მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების წარმოშობის შემცირება, მათი მეორადი გამოყენება რითაც ნაკლებ ზიანს მივაყენებთ გარემოს” – ამბობს ნინო გაგუა.

5 ივნისს, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების დღის ბოლოს, შუახევი ჰესის ინჟინერთან ერთად მოსწავლეებმა ჰესი დაათვალიერეს, ნახეს, თუ როგორ გარდაიქმნება წყლის ენერგია ელექტროენერგიად და გაეცნენ კომპანიის მიერ დანერგილ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებსაც.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

კიევში 14 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად

რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 17 ივნისის ღამეს 14 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა.

ეს წინასწარი მონაცემებია, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.

როგორც შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ვიდეოდან ჩანს, კიევში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი შესასვლელი განადგურდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, 40-ზე მეტი ბინა არის განადგურებული.

„შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს“, – ამბობს კიევის მერი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ კიევის სხვადასხვა რაიონში 27 ადგილი მტრის ცეცხლის ქვეშ იყო. მათ შორის იყო საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 006 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 10 940 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 814 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 29 228 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 419 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 981 ერთეული [+177]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 346 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 175 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 63 737 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 910 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი და 71 დაშავდა. აქედან:

  • კიევში – 14 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა,
  • ოდესაში – 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა,
  • კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში – 1 ადამიანი დაშავდა.

რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება – მაიკლ კლარკი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გავლენიანი უფლებადამცველებისა და ნობელიატი ჟურნალისტის მხარდაჭერა მზია ამაღლობელს – რა თქვეს ZEG ფესტივალზე

ZEG ფესტივალზე, რომელიც თბილისში 13-15 ივნისს გაიმართა, ერთი სესია მზია ამაღლობელს მიეძღვნა.

“ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი უკვე 147 დღეა უკანონო პატიმრობაშია და მის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს.

15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა ჯოდი გინზბერგი, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი. ჯოდი გინზბერგი მზია ამაღლობელსიადმი მიძღვნილი სესიის მოდერატორი იყო.

ჯოდი გინზბერგი იყო ზუსტი თავის შეფასებებში, როდესაც თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა „შეთითხნილი ბრალდებით“ იბრძვის.

„ძალიან ცხადია, რომ მზიას დაპატიმრება უსამართლოა. ის ისჯება არაპროპორციულად და ნათელია, რომ ეს მისი, როგორც ჟურნალისტის, რედაქტორის საქმიანობის საპასუხოდ ხდება.

ის არ უნდა იყოს 4-7 წლამდე პატიმრობის საფრთხის წინაშე შეთითხნილი ბრალდებების გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მზიას არ ეხება, სინამდვილეში ეს ყველა ქართველ ჟურნალისტსა და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებს ეხებათ, რომლებიც სულ უფრო ხშირად აწყდებიან ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას…

ასევე ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომ შეწყვიტონ ხელისუფლებებისა და ავტორიტეტების კრიტიკული გაშუქება.

ამ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოცხადება. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით და გავაგრძელებთ გაშუქებას“, – განაცხადა ჯოდი გინზბერგმა, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის – CPJ” აღმასრულებელმა დირექტორმა.

მზია ამაღლობელის მიმართ უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობად დარღვევაზე ასევე ისაუბრა კილიან გალაგერმა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით.

კილიან გალაგერი არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დევნის ობიექტის, ნობელიატი მარია რესას ადვოკატი.

„მე ძალიან შეშფოთებული ვარ მზიას ქეისის გამო. მე მჯერა, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და ის პოლიტპატიმარია. ძალიან ცხადი/ნათელია, რომ ის გახდა ცრუ ბრალდებების სამიზნე ძალიან სერიოზული პროცედურული დარღვევების ქვეშ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განგრძობადი დარღვევის გამო…

ღრმა პრობლემები აქვს საქმეს.

იმედი მაქვს, რომ საქმე შეწყდება და ის ციხიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდება. თუ არადა, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხს მოსთხოვს“, – განაცხადა კილიან გალაგერმა, რომელიც მზია ამაღლობელისთვის მიძღვნილი სესიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

თბილისში ყოფნისას ადამიანის უფლებათა დამცველი, ირლანდიელი კილიან გალაგერი მზია ამაღლობელის საქმის დეტალებით დაინტერესდა.

სესიის სიურპრიზი სტუმარი იყო თავად მარია რესა, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ონლაინ მიმართა.

ნობელიატმა ჟურნალისტმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. მარია რესას თქმით, როგორც თავად იდევნებოდა ფილიპინებში, ანალოგიურია მზია ამაღლობელის საქმეც საქართველოში. მარია რესას განცხადებით, როგორი მხარდაჭერაც მიიღო მან საერთაშორისო საზოგადოებისგან, ანალოგიურ მხარდაჭერას იმსახურებს და მიიღებს მზია ამაღლობელიც.

მზია ამაღლობელისადმი მიძღვნილი სესიის მომხსენებელი იყო ასევე “ბათუმელები/ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ირმა დიმიტრაძე.

ჟურნალისტმა ისაუბრა მზია ამაღლობელზე და აღნიშნა, რომ ის ფიზიკურად სუსტადაა, თუმცა საბრძოლო სულისკვეთებას ინარჩუნებს და ყოველ სასამართლო პროცესზე ექვსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მთელი სხდომის განმავლობაში, ფეხზე დგას ბრძოლისა და პროტესტის ნიშნად, შემდეგ კი ისევ 6 საათი უწევს მგზავრობა საპატიმრო დაწესებულებამდე.

პანელის ბოლოს “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” აღმასრულებელმა დირექტორმა დარბაზს მიმართა, რომ მზია მარტო არ არის და მის მიმართ სოლიდარობა ფეხზე წამოდგომით გამოხატონ.

დარბაზმა ფეხზე დგომით და “თავისუფლება მზიას” შეძახილებით გამოხატა მხარდაჭერა.

ZEG ფესტივალი 13 ივნისს დაიწყო და 120-ზე მეტ მომხსენებელს უმასპინძლა.

__

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის მიმართ სილის გარტყმის საქმეზე 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სასჯელი ანალოგიურ ქმედებაზე საქართველში დღემდე არავინ დაუსჯიათ, მათ შორის არც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

მზია ამაღლობელს „ოცნების“ ხელისუფლება მხოლოდ იმის გამო დევნის ასე სასტიკად, რომ ის არის ჟურნალისტი და მედიამენეჯერი.

2024 წელს ნინო წილოსანმა ნახევარმილიონამდე ლარი შვილებსა და მშობლებს აჩუქა – დეკლარაცია

2024 წელს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა შვილები სოლიდური თანხებით დაასაჩუქრა. როგორც ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, უფროსი შვილისთვის 15 820 [GBP]  – გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი ვაჟისთვის კი 46 850 USD – დოლარი უჩუქებია, მესამე შვილს კი, რომელიც მასთან ცხოვრობს, სწავლის გადასახადი – 15 646 ლარი გადაუხდა.

სოლიდური საჩუქრის გარეშე არც მშობლები დატოვა – როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, 2024 წელს პარლამენტარმა მშობელს 250 000  ლარი აჩუქა. ჯამში ნინო წილოსანმა 2024 წელს ნახევარმილიონამდე ლარი საჩუქრის სახით გასცა.

ბოლო  დეკლარაცია ნინო წილოსანმა 2025 წლის 28 იანვარს შეავსო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში 2024 წლის მონაცემებია ასახული.

  • მოგზაურობის ხარჯი

ნინო წილოსანი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ გასულ წელს საქართველოში, პორტუგალიასა და ამერიკაში იმოგზაურა. პორტუგალიაში მოგზაურობისთვის 7125 ლარი, ამერიკაში მოგზაურობისთვის 6000, ხოლო საქართველოში 6115 ლარი დახარჯა – ეს ჯამში 19 240 ლარია.

  • 2024 წელს დარეგისტრირებული ქონება

გასულ წელს ნინო წილოსანს თბილისში, ზალდასტანის ქუჩაზე სახლი და ავტოფარეხი შეუსყიდია, რაშიც ჯამში 470 000 დოლარი გადაუხდია. სახლის ფართობი 190,5 კვ.მეტრია, ავტოფარეხის ფართობი კი – 17. 7 კვ.მეტრი. გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბერში თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე -162,82 კვ.მეტრი კომერციული ფართობი დაირეგისტრირა. როგორც დეკლარაციაში მიუთითა, ეს ქონება 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით აქვს შესყიდული.

  • ადრე შეძენილი ქონება

2023 წელს თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ნინო წილოსანს შეუსყიდია 82,9 კვ.მეტრი კომერციული ფართობი 2 თანამესაკუთრესთან ერთად, შენიშვნაში მიუთითა, რომ ეს ქონება 2011 წელს არის შესყიდული. ისევე როგორც არასაცხოვრებელი 182,75 კვ.მეტრი ფართობი ქვიშხეთის ქუჩაზე. ამ ნაკვეთსაც თანასაკუთრებაში ფლობს. ორივე ქონებაში ჯამში 140 000 ლარი გადაუხდიათ.

ნინო წილოსანი ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში, ზღვასთან ახლოს, რომელიც 40000 ლარად შეუძენია 2009 წელს, ფართობი 409 კვ.მეტრია. ფლობს კიდევ ერთ ბინას, 224,7 კვ.მეტრს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, როგორც თავად მიუთითა, ეს ბინა 2009 წელს შეუსყიდია.

  • ახალი ავტომანქანა

გასულ წელს ნინო წილოსანს შეუძენია ავტომანქანა LAND ROVER DEFENDER-ი, რაშიც 95 000 დოლარი გადაუხდია.

  • ანგარიშები და დეპოზიტები

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნინო წილოსანს დანაზოგის სახით 70 000 ლარი და 100 000 დოლარი ჰქონდა.

  • ნინო წილოსანის ამერიკული და სხვა კომპანიები

ნინო წილოსანის ამერიკული კომპანია US TRADING COMPANY-ის 25 პროცენტი ყოფილ ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს ეკუთვნის. ყოფილ ქმარს ეკუთვნის ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიის S.R.O Almitrans-ის 25 პროცენტიც. ტელეკომპანია პირველმა გამოარკვია, რომ ამერიკული კომპანიით ნინო წილოსანი საქართველოში დამზადებულ ტანსაცმელს უცხოეთში ყიდის.

ნინო წილოსანი ფლობს შპს „მკურნალი 2022“-ის 52 პროცენტს, ამ კომპანიიდან გასულ წელს შემოსავლის სახით 70 886  ლარი მიუღია. ის ფლობს ასევე შპს „ენდუო-კონცეპტის“ 23 პროცენტს  და შპს „ენდუო“-ს 10 პროცენტს.

გასული წლის ხელფასთან დაკავშირებით დეკლარაციაში უთითებს, რომ ხელფასის სახით დაერიცხა 60 096 ლარი, ხელზე აღებულმა თანხამ კი 56 208 ლარი შეადგინა. იჯარის წესით გაცემული ფართობებიდან ნინო წილოსანს 228 887 ლარი მიუღია შემოსავლის სახით.

დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს ბანკში სესხები აქვს.

მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია

„ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ბოლოდროინდელ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებები სასამართლო დარბაზებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო კოდექსით მიმდინარე ის დავები, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მწირი რესურსების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ სასამართლო სხდომების გასაშუქებლად და საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად.

ამის პარალელურად მოსამართლეები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში პროცესებზე დასასწრებად ხან საერთოდ არ უშვებენ და ხან განხილვის დასრულებამდე ატოვებინებენ მათ დარბაზს.

ზოგჯერ მათ ფოტო და ვიდეოგადაღების უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში მუშაობასაც კი უშლიან.

მდგომარეობას ამძიმებს სასამართლოს მანდატურების ძალადობრივი ქცევა, რომლებიც ჟურნალისტთა მიმართ უხეშ ძალას იყენებენ. სასამართლოში გაუარესებულ სამუშაო პირობებზე და ხელშეშლაზე საუბრობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია,  სასამართლო სხდომებს აშუქებენ,“- წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტია ყველა იმ შემთხვევას ახსენებ, რაც უახლოეს პერიოდში მოხდა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლას ადასტურებს.

კერძოდ, ქარტია წერს:

  • „პუბლიკას“ ფოტოგრაფმა, მინდია გაბაძემ, 9  ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელის და ფეხის ჩარტყმა, თრევა, ხელის  მოჭერა, ფეხის წამოდება, კამერაზე დარტყმა და გინება გახდა ჩვენი ყოველდღიურობა სასამართლოში“.
  • 12 ივნისს მანდატურებმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული სტუდენტის, მათე დევიძის, სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტების ერთ ნაწილს, მოქალაქეებთან ერთად, შენობა ძალით დაატოვებინეს. ჟურნალისტთა მეორე ნაწილს ისინი სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ.
  • 11 ივნისს მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ექიმის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის, პროცესი სრულად დახურა და ჟურნალისტებს დარბაზი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინა.
  • 10 ივნისს იგივე გააკეთა მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესზეც, ოთხი მოწმის დაკითხვის შემდეგ. „პუბლიკას“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მათ, ჟურნალისტებს, 11 ივნისს სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ და რომ არც 11 ივნისს და არც წინა დღეს, 10 ივნისს, მედიის, მათ შორის იმ მედიის, რომელთაც გადაღების ნებართვა ჰქონდათ, დარბაზიდან გაძევებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
  • 11 ივნისს მოსამართლე პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფური ძალადობაში ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესზე, „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, მინდია გაბაძეს, მის პროცესზე ფოტოგადაღების უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ფოტოების გადაღებას სხდომის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა, თუმცა სრულიად უხმაუროდ, რამაც მოსამართლის გაღიზიანება გამოიწვია.
  • 9 ივნისს სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებზე იძალადეს პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმის მოწმე პოლიციელის თანმხლებმა პირებმა.
  • 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ფრანგ ფოტოგრაფს, მარილიზ ვინიოს.

2022 წლიდან დღემდე, ღია წყაროებში მსგავსი კიდევ 14 შემთხვევა იძებნება, როცა უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს.

ეს ჟურნალისტები ან კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი პუტინის რეჟიმის მიმართ ან საქართველოში მიმდინარე პროტესტს აშუქებდნენ.

მარილიზ ვინიოს თქმით, ის საქართველოში ორჯერ – 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში იმყოფებოდა. ფოტოგრაფი საქართველოში მისი არშემოშვების გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობასა და დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ სოციალურ ქსელში მის ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირებს.

საქართველოში გადაღებული მისი ფოტოები პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნდა და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მოხვდა. ისინი საქართველოშიც გამოიფინა.

ქარტია თავის ვრცელ განცხადებაში ასევე ეხმაურება საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვის გამო დაჯარიმებული ჟურნალისტების შემთხვევებს.

“სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სრულად ჯდება, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 1,500-დან 4,000-მდე ლარი ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრება.

მათი ნაწილის სასამართლო პროცესები უკვე გაიმართა. მამუკა მდინარაძემ საჩივარი ტელეწამყვანების: ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილისა და „ფორმულას“ თანამფლობელის მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ ახლად ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 17316-ე მუხლის საფუძველზე შეიტანა.

ეს მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წუხილის საგანია ამ მუხლის მსუსხავი ეფექტი და მის საფუძველზე მასობრივი ცენზურის საფრთხე.

17316-ე მუხლში ჩამოთვლილ პირებს თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს კი მათი მისამართით კრიტიკული აზრის გამოთქმის არ უნდა ეშინოდეთ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც ამ დამთრგუნველ გარემოში, მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებენ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროცესების შესახებ.

სად გაითიშება დენი 17 ივნისს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ხვალ, 17 ივნისს, სხვადასხვა დროს შეეზღუდება ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს შემდეგ მისამართებზე:

ბათუმში

  • 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით: მაიაკოვსკის, ქიქავასა და თაბუკაშვილის ქუჩებს;
  • 14:00-დან 16:00 საათამდე  – გენერალ ასლან აბაშიძის, ტბელ აბუსერიძის, ინასარიძის, ფიროსმანის, ტაძრის, კობალაძის ქუჩებს, ასევე ტაბიძის, შალვა დადიანის, შ.ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ტბეთის შესახვევში მცხოვრებ აბონენტების ნაწილს;

ხელვაჩაურში

  • 11:00-დან 18:00 საათამდე – კახაბრის, მეჯინისწყლისა და აეროპორტის დასახლებების ნაწილს;

ქობულეთში

  • 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ლეღვას, ქაქუთს, ოჩხამურს, ჯიხანჯურსა და მიმდებარე სოფლებს; ასევე დ. აღმაშენებელის, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს;

ქედაში

  • 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კოლოტაურს, აგარასა და მიმდებარე სოფლებს.

ენერგოკომპანიის ინფორმაციით შეზღუდვა „გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“ უკავშირდება და „აბონენტთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“.

აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავა განიხილება

ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სასამართლოს წინ აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს სინდისის პატიმრებისა და თბილისში, საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები.

„ეს არის ერთ-ერთი მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ბერმუდის სასამართლოს შემდეგ ბრიტანეთის სასამართლომ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, ეს პროცესი გაგრძელდება ოთხი დღე და ამ დავას განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, სარჩელის დასაშვებობა-დაუშვებლობაზეა პროცესი.

ერთ მხარეს არის „კრედიტ სუისი“, მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი ოჯახი. საუბარია იმ ფულზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რწმენით მას მოჰპარეს და ამას აკონტროლებს „გლობალური ომის პარტია“.

ეს პროტესტი დაგეგმა მოქალაქეების ჯგუფმა. მიზანია ის, რომ ყველამ დაინახოს, მათაც, ვინც შედის ამ სასამართლოში – ადვოკატებმა, მოსამართლეებმა,  რეალურად რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს რაღაც კონსპირაციების გამო მთელი ქვეყანა აყვანილი ჰყავს მძევლად“, – ამბობს დათო ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

საპროტესტო აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილება.
ფოტო: დათო ჯინჭარაძე.

ცალმხრივი გახდება მოძრაობა ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე
მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ანგისის ქუჩიდან ანგისის პირველ ჩიხში ავტოტრანსპორტის შესვლა აიკრძალება. ანგისის პირველ ჩიხში ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხეივად ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში / პროექტს ბათუმის საკრებულო 19 ივნისს განიხილავს

„პროექტის მიღების მიზეზი და მიზანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ანგისის ქუჩის I შესახვევში ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში.“ – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

ბათუმში, ანგისის ქუჩის პირველ შესახვევში, ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში, მოძრაობა ცალმხრივი გახდება / ფოტო დადგენილების პროექტიდან

„ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ დადგენილების პროექტს ქალაქის საკრებულო 19 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

19 ივნისს ბათუმის საკრებულო კიდევ ერთ დადგენილების პროექტს განიხილავს, რომლის მიღების შემდეგ აღდგება ორმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება – ცვლილება

 

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია – Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ.

ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი – სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს.

„საქართველოში ასეთი მასშტაბის ბრენდების საერთო ღირებულებით გაერთიანება უპრეცედენტოა. ჩვენი ერთობლივი ხედვა მარტივ იდეაზეა დაფუძნებული – ქართველ მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც შეუქმნით კომფორტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ბრენდების პარტნიორობით შექმნილი სამოგზაურო პროდუქტი Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს.

მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ბილეთების და სხვა სერვისების შესაძენად.

მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება დაგეგმილია ისეთ სამოგზაურო კატეგორიებშიც, როგორიცაა: განსაკუთრებული შეთავაზება აეროპორტის ლაუნჯებზე, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსისა და ინტერნეტ როუმინგზე.

მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან და Visa-სთან თანამშრომლობით ვქმნით ერთობლივ პროდუქტს- სამოგზაურო ბარათს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყოველდღიური ხარჯებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ეს კოლაბორაცია ზუსტად ასახავს ჩვენს მთავარ ფოკუსს- მგზავრებისათვის ფრენის მიღმა მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას და მათთვის დამატებითი ღირებულებების შექმნას“, – Turkish Airlines-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, არიფ ალი გეზმისოლუ.

უნიკალური უპირატესობების გარდა, მეტალის პრემიუმ მასალისაგან დამზადებული სამოგზაურო ბარათი ქობრენდ დიზაინით იქნება გამორჩეული.

“მოხარული ვარ რომ საქართველოში პირველი ინოვაციური სამოგზაურო ბარათი ექსკლუზიურად ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მომხმარებლებს უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებასთან ერთად, ახლა უკვე მნიშვნელოვანი ბენეფიტების მიღებაც შეეძლებათ. ეს კოლაბორაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან – განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 005 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 10 939 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 811 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 208 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 418 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 804 ერთეული [+95]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 346 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 52 096 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 63 737 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 910 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში

რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება – მაიკლ კლარკი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა მოხდა ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის განხილვაზე – რეპორტაჟი სასამართლოდან

„თქვენ ბრალად გედებათ განზრახ მკვლელობა“ – მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 15 ივნისს, ბრალდებულ გოგი ბარამიძეს.

36 წლის გოგი ბარამიძეს პროკურატურა ხელვაჩაურში ბესიკ ბოლქვაძის განზრახ მკვლელობაში სდებს ბრალს.

გოგი ბარამიძე

ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე 4 ივნისს ჩაცხრილეს საკუთარ ავტომანქანაში და ავტომანქანა მდინარეში გადააგდეს.

გოგი ბარამიძე 14 ივნისს დააკავეს კიდევ ერთ პირთან, თამაზ შარაძესთან ერთად, რომელსაც პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სწორედ ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა.

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამ ეტაპზე პროკურატურის მთავარი მტკიცებულება არის მოწმე, ნოშრევან პაქსაძე, ე.წ. ხოჯა – პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ პირს მიაწოდა თამაზ შარაძემ ინფორმაცია ბესიკ ბოლქვაძის მკვლელის ვინაობის შესახებ. ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რომელიც, როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, ფიქსირებულია ფოტომასალით. მკვლელობა ჩადენილია ამ დრომდე დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით.

პროკურატურის ამ ვერსიასთან დაკავშირებით დღეს ბრალდებულების ადვოკატებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა სანამ დაცვის მხარეს მოუსმენდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ჰკითხა, ხომ არ ყოფილა მათზე ფიზიკური ზეწოლა დაკავების შემდეგ, რასაც ბრალდებულების მღელვარე რეაქცია მოჰყვა.

ორივე ბრალდებული მომენტალურად წამოიჭრა ფეხზე, მათ მაისურები გაიხადეს და მოსამართლისთვის სხეულზე ჩალურჯებების ჩვენება სცადეს იმის დასადასტურებლად, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სცემეს. „ნეკნები აქვთ ჩამტვრეული“ – გაისმა შეძახილები სასამართლო დარბაზში.

„მცემეს… ფურცელს და პასტას ვერ გამაგდებინებთ ხელიდან, მე არ მომიკლავს“, – აღელვებული ყვიროდა მკვლელობაში ბრალდებული გოგი ბარამიძე. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგი დარბაზიდან გააძევა.

გოგი ბარამიძე პოლიციამ გაიყვანა დარბაზიდან.

თამაზ შარაძე

„ბატონმა ბარამიძემ საკუთარ თავს წაართვა შესაძლებლობა ესაუბრა“, – თქვა მოსამართლემ. მან თამაზ შარაძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ფიზიკურ ძალადობას ადგილი.

„გამლახეს, წიხლქვეშ გამიგდო ათმა კაცმა, აჭარის პოლიციის უფროსი იყო იქ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ხელმძღვანელობა, შეგიძლიათ მომიტანოთ ფოტოები და ამოვიცნობ“, – მიმართა მოსამართლეს თამაზ შარაძემ.

„მე ვერაფერს ვერ მოგიტანთ“ – უპასუხა მას მოსამართლემ.

„სკამზე ვიჯექი, ხელებს მიკავებდნენ…“ – ხმა აუკანკალდა ბრალდებულს.

„გასაგებია. ანუ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი არაერთხელ“, – დააზუსტა მოსამართლემ. მან აღნიშნა, რომ ეს ოქმში დაფიქსირდება.

„შეიძლება, რომ გაჩვენოთ, წელი რა დღეში მაქვს?“ – მიმართა მოსამართლეს თამაზ შარაძემ.

„ვნახე ბატონო, ყველამ დავინახეთ უკვე“, – უპასუხა მას მოსამართლემ.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი

ბრალდებულმა თამაზ შარაძემ მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ მას არაფერი უთქვამს მკვლელობის შესახებ ამ საქმის მთავარი მოწმისთვის, ნოშრევან პაქსაძისთვის, მისგან კი გამომძიებლები აღიარებას ითხოვდნენ.

პროკურატურის მოწმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ დაკავებულების ადვოკატებს.

კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულის, გოგი ბარამიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ სასამართლოს უთხრა, რომ მოწმე, რომელიც მკვლელობის ფაქტის შემდეგ, 5 ივნისს დაკითხეს, ჩვენებაში ამბობდა, რომ თამაზ შარაძემ მას სოციალური ქსელით გაუგზავნა მკვლელობის შესახებ ვიდეო, ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იყო მედიაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.

რამინ პაპიძემ ხაზი გაუსვა, რომ 5 ივნისს მიცემულ ჩვენებაში მოწმე პაქსაძე კითხვაზე, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამბობდა, რომ არ იცოდა ამის შესახებ. 13 ივნისს კი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ვითარებაში, მან თქვა, რომ თითქოს თამაზ შარაძემ უთხრა მას, რომ გოგი ბარამიძემ მოკლა ბესიკ ბოლქვაძე.

ბრალდებულის ადვოკატს, რამინ პაპიძეს სწორედ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.  ადვოკატი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მოხდა ფოტო და არა ვიდეოგადაღება, რაც, შესაძლოა, ბევრად ეფექტური ყოფილიყო და სხვა გარემოებებისთვის მოეფინა ნათელი.

„ბატონო პროკურორო, რატომ არ მოახდინეთ საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოფიქსაცია?“ – ჰკითხა ადვოკატმა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს.

პროკურორმა მას უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილზე მიიღება კონკრეტული პირების მიერ.

„გქონდათ თუ არა სურვილი, მომხდარიყო ვიდეოგადაღება?“ – დაუბრუნა მას კითხვა რამინ პაპიძემ.

„ეს შეკითხვა შეგიძლიათ დაუსვათ გამომძიებელს“ – უპასუხა მას პროკურორმა ცეცხლაძემ.

„ვერ მიპასუხებს თქვენს სურვილებზე გამომძიებელი“ – გამოეპასუხა მას პაპიძე და დასძინა, რომ ეს არის „გაყალბებული ექსპერიმენტი“.

რამინ პაპიძე ასევე აპელირებდა იმაზე, თუ რატომ დააკავეს ბრალდებულები მოსამართლის განჩინების გარეშე, მაშინ, როცა შემთხვევა 4 ივნისს მოხდა და მკვლელობიდან ამდენი დღე იყო გასული.

პროკურორმა მას უპასუხა, რომ მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე არსებობდა დაკავების საფუძველი.

პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობა მოითხოვა. ორივე ბრალდებულის შემთხვევაში მან ხაზი გაუსვა, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი პირები არიან, არის ხელახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

პროკურორს არ დაეთანხმნენ ბრალდებულის ადვოკატები. მათ გირაო მოითხოვეს.

„გოგი ბარამიძე 4 ივნისის [მკვლელობის] შემდეგ საქართველოშია, არ შეუცვლია ლოკაცია. არანაირი ინფორმაცია არაა იმის შესახებ, რომ ბილეთები იქნა შეძენილი [ბრალდებულების მიერ], საზღვარს მიუახლოვდნენ გადასაკვეთად, რომ სავარაუდო მოწმეებზე ზემოქმედებას შეეცადნენ… არც ერთი მტკიცებულება არ არის ამ საქმეში ბარამიძის წინააღმდეგ, არც სისხლის კვალი, არც მკვლელობის იარაღი… გთხოვთ, გირაო გამოიყენოთ, გირაოს თანხა თქვენ განსაზღვრეთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ბრალდებულ თამაზ შარაძის ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ კი ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული თამაზ შარაძე 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და გარდა ამისა, დაირღვა მისი დაცვის უფლება, დაკავების შემდეგ დაზიანდა მისი ჯანმრთელობა და 4-ჯერ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება მის დასახმარებლად. 

მან სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გოგი ბარამიძეს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა], 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება] ედავება, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამაზ შარაძეს კი ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით [განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა] გაასამართლებენ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდის, ბესიკ ბოლქვაძის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

„მძინარე ადამიანი როგორ მოკლა!“ – ისმოდა სასამართლოსთან მოკლული ბესიკ ბოლქვაძის ოჯახის წევრის შეძახილი.

ადგილზე ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს ჩაინიშნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ივნისს ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცის, ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარიპ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

ბრალდებულ გოგი ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე ბრალდებულს, თამაზ შარაძეს კი პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება – სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით.

მკვლელობა ხელვაჩაურში 4 ივნისს, გამთენიისას მოხდა. 32 წლის ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

მის მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ 14 ივნისს დააკავა.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“

სხდომა შეიძლება „გაუსაძლისი პირობების“ გამო ვერ შედგეს – უმაღლესი საბჭო კონდიციონერის ყიდვას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭო სასესიო სხდომათა დარბაზისთვის ერთ ცალ კოლონურ კონდიციონერს გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე იყიდის. თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს უმაღლესი საბჭოდან უკვე მიმართეს.

კონდიციონერის არქონით გამოწვეული „გაუსაძლისი პირობების გამო“ შესაძლოა პლენარული სხდომა არ შედგესო – ასე უსაბუთებს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომას უმაღლესი საბჭო შესყიდვების სააგენტოს.

„უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ზოგიერთ წერტილებში, მათ შორის, სასესიო სხდომათა დარბაზშიც ნაწილობრივ ფუნქციონირებდა გათბობა-გაგრილების სისტემა, თუმცა ივნისში სრულად გამოვიდა მწყობრიდან… საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს პლენარული სხდომით, ივნისის მესამე ხუთშაბათს, ამასთან მიმდინარე პერიოდში ჩატარდება რიგგარეშე სხდომებიც, შესაბამისად აღნიშნულისათვის აუცილებელია სხდომათა დარბაზი იყოს გამართულ მდგომარეობაში.

ვინაიდან დღეისათვის სრულად არ ფუნქციონირებს გათბობა-გაგრილების სისტემა, ეს ყველაფერი ქმნის საფრთხეს იმისას, რომ შესაძლებელია სხდომა არ შედგეს გაუსაძლისი პირობების გამო“, – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს განაცხადში.

ამონარიდი აჭარის უმაღლესი საბჭოს განაცხადიდან

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, „სასესიო სხდომათა დარბაზის ფართობიდან გამომდინარე საკმარისია 1 ერთეული კოლონური [150-200 კვ.მ ფართობზე გათვლილი] კონდიციონერის აუცილებლობა“და მასში 5 310 ლარის გადახდას გეგმავს.

„აღნიშნული პრობლემა უნდა აღმოიფხვრას მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ვინაიდან 19 ივნისს დაგეგმილია სესია“, – წერია განაცხადში.

უმაღლესი საბჭოდან შესყიდვების სააგენტოს ასევე წერენ, რომ „უმაღლეს საბჭოს 16-19 ივნისს ეწვევა პოლონეთის, ქვემო სილეზიის სეიმიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები“. როგორც ირკვევა, უმაღლეს საბჭოს კოლონური კონდიციონერი, სხდომების ჩატარების გარდა, სტუმრების მისაღებადაც სჭირდება.

აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 6 მარტს 963 ათას 77 ლარით გამოაცხადა ტენდერი „გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“, თუმცა, ეს ტენდერი 2025 წლის 6 ივნისს შეწყვიტა.

ამ თემაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება

ტენდერის შეწყვეტამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე 5 კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა [ორს – არაკეთილსინდისიერი ქმედების, ხოლო სამს – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.] შემდეგ კი „გადასინჯეს“ და „აღმოჩნდა“, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული ჰქონდათ „კონკრეტული მოდელები, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია.“

ამონაწერი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის სატენდერო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმიდან:

„სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – როინ დავითაძემ, კომისიას მოახსენა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ, შერჩევა/შეფასების ეტაპზე განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის გადასინჯვა, რის შედეგადაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში ატვირთულ გათბობა-გაგრილების სისტემის საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული აღმოჩნდა კონკრეტული მოდელები, რაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დაუშვებელია.

ზემოხსენებული ფაქტი, სატენდერო კომისიამ მსჯელობის შედეგად განიხილა და შესაბამისად კომისიის წევრები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ელექტრონული ტენდერი შეწყდეს.“

აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გათბობა-გაგრილების სისტემა „ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებდა“ [2025 წლის 29 მაისს] მიიღო დადგენილება, რომლითაც უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ დადგენილებით საბჭოს ბიუჯეტი 10 113 570 ლარით განისაზღვრა.

ვრცლად:

10 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს შესანახად 2026 წელს

 

Exit mobile version