ავტოავარია ბათუმის პორტთან – მოძრაობა შეფერხებულია

22 აპრილს, ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთი ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში მენჯ-ბარძაყის მოტეხილობით.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – „ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე..“

ავტომანქანების მოძრაობა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხებულია.

ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, რომელშიც სულ რვა გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირის ბოლო თამაშში, 16 აპრილს, საქართველოს ნაკრები ჰონგ-კონგის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა, რომელიც დიდი სხვაობით –  14-ით 3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანა, ორი – ვიტალი დუმბაძემ, სამი –  არტიომ კოზიულინმა, ორი – დავით ოგანეზიანმა, ერთი შაიბა გაიტანა არტიომ კურბატოვმა, საბოლოო შაიბა კი გიორგი ჯეირანაშვილმა ჩაიწერა ანგარიშზე.

2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონი. ლუქსემბურგი – საქართველო 6:4

მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრების ამ და სხვა წარმატებებისა, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც სპორტის ამ სახეობაში საქართელოს ნაკრების არსებობის შესახებ არაფერი სმენიათ. მართალია, საქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია ჯერ კიდევ 60-იან წლებში იწყება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოში სპორტის ეს სახეობს მხოლოდ ეპიზოდურად ვითარდებოდა. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარების მორიგ მცდელობას უკეთესი შედეგი მოჰყვა, კერძოდ 2004 წელს, შეიქმნა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია, რომელიც 2009 წლიდან ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წევრია.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში 2008 წელს ჩატარდა. პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 2009 წელს, ბაკურიანში. მას შემდეგ ბათუმისა და ბაკურიანის ყინულის მოედნებს არაერთგზის უმასპინძლია საერთაშორისო ტურნირებისთვის.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ქართული ჰოკეის შესახებ წერს, რომ  საქართველოში 492 ყინულის ჰოკეის მოთამაშეა რეგისტრირებული, მათ შორის 64 კაცი, 42 ქალი და 386  ჭაბუკია.

საქართველოში ყინულის ჰოკეის სულ ოთხი გუნდია:  „ცეცხლოვანი ჯვაროსნები“ (თბილისი), „რუხი მგლები“ (თბილისი), „ყინულის რაინდები“ (თბილისი) და„მიმინო“ (ბაკურიანი). საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების 17 მოთამაშე სწორედ ამ გუნდების წევრები არიან. 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების ფორმა

ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან: №1 კახა ამბროლავა, №4 ზაზა ღონღაძე, №6 არტომ კურბატოვი, №7 ვიტალი დუმბაძე, №8 ამირან გეფერიძე, №9 გია ოგანეზიანი, №11 გიორგი ჯეირანაშვილი, №12 დავით მინასიანი, №15 თემურ ვედიაპინი,  №17 ივან შვეცოვი, №18 რევაზ ცომაია, №19 არტომ კოზიულინი, №20 ანდრეი ილიენკო, №21 გრიგორი ფილიმონოვი,  №22 დავით ოგანეზიანი, №23 მიხეილ დავითაშვილი და №24 მიხეილ შალუნოვი.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ბოლო მონაცემებით გუნდის მთავარი მწვრთნელი გოჩა ჯეირანაშვილია, მწვრთნელის ასისტენტი – ბორის კოჩკინი, გუნდის ლიდერი – ილია დავიდოვი, აღჭურვილობის მენეჯერი კი გივი ფანჩულიძეა. როგორც საქართველოს ყინული ჰოკეის ფედერაციაში განმარტავენ, ბორის კოჩკინი ნაკრების წევრია, მას გარკვეული ბიუროკრატიული უზუსტობის გამო მოუწია წელს მწვრთნელის ამპლუაში ყოფნა, მომავალი წლიდან კი იგი კვლავ ნაკრებს დაუბრუნდბა.  

ფედერაციის გენერალური მდივანი და ეროვნული ნაკრების წევრი მიხელ დავითაშვილი ამბობს, რომ  სტანდარტული ზომის ყინულის მოედანები, სადაც ჩემპიონატებისა და ეროვნული ნაკრების წვრთნების ჩატარებაა შესაძლებელი, საქართველოში სულ ორია – ერთი ბათუმში, მეორე კი – ბაკურიანში.

„ბაკურიანში ყინულის მოედანი არის ბუნებრივ პირობებზე დამოკიდებული. ანუ თუ ბაკურიანში არის ყინვა, წყალი მოედანზე ბუნებრივად იყინება, შესაბამისად, ეს მოედანი ფუნქციონირებს წელიწადში მხოლოდ სამი თვე, ისიც ყოველდღიურად არა, იმიტომ, რომ ხან თოვლია, ხან მზე ადნობს ყინულს და ყოველდღე ვერ ვარჯიშობენ ბიჭები. ბათუმში კი არის აგრეგატზე დამოკიდებული სტანდარტული მოედანი,  რომელიც 24 საათის განმავლობაში, წელიწადში უმეტესად 11 თვე ფუნქციონირებს. თბილისსა და ქუთაისში არის ყინულის მოედნები, რომლებიც სტანდარტული ზომის მხოლოდ მესამედია. კიდევ არის ზუგდიდის ყინულის მოედანი, რომელიც სტანდარტულ ზომებს არ შეესაბამება” – ამბობს ის.

2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მონაწილეობის მიღებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას მარტის თვეში, ბათუმის ყინულის მოედანზე გადიოდა.

ბათუმი. მზადება 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის
ბათუმი. მზადება 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ყინულის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატი ძირითადად ბათუმში ტარდება. მიხეილ დავითაშვილის თქმით, როცა ბუნებრივი პირობები ხელს უწყობთ,  ნაციონალური ჩემპიონატის თამაშებს ბაკურიანშიც თამაშობენ.  ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ბაკურიანში სათამაშოდ, ძირითადად, დეკემბერი, იანვარი და თებერვალში ადიან, ბათუმში კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაში, თუმცა ნაკრების წევრების სხვადასხვა საქმიანობის გამო ტურნირებისთვის დასვენების დღეებს არჩევენ: „თვის რომელიმე შაბათ-კვირას, რაც წინასწარ გვაქვს გაწერილი, მივდივართ ბათუმში სათამაშოდ. ზოგს სამსახური აქვს, ზოგი უნივერსიტეტში დადის და ამიტომ  ჩვენთვის ხელსაყრელი უფრო დასვენების დღეებია” – ამბობს მიხელი დავითაშვილი.

როგორც საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციაში გვითხრეს, 2017-2018 წლის სეზონზე, ყინულის ჰოკეიში ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება [16 წლამდე მოთამაშეებს შორის] იგეგმება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბაკურიანის, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყინულის ჰოკეის გუნდები.

ყინულის ჰოკეის სკოლა ბათუმში 2015 წლიდან ფუნქციონირებს, იგი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბალანსზეა. თავიდან დამწყებ ბათუმელ ჰოკეისტებს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჰოკეიში, დიმიტრი სმეტანინი ავარჯიშებდა. 2016 წელს, დიმიტრი სმეტანინმა დაასრულა ცენტრში მუშაობა და მოზარდებს ახალი მწვრთნელი დანიიდან – ანდერს იესპერსენი დაენიშნათ. მასთან ერთად ჭაბუკ ჰოკეისტებს ავარჯიშებს ქართველი მოციგურავე ნუგზარ ჯანჯალაშვილიც.

რაც შეეხება საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებს, მას უკვე აქვს მოპოვებული ვერცხლის მედალი 2016 წლის ანკარას თასზე, წლევანდელი ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, მომავალ წელს კი უკვე ოქროს მედლის მოპოვებას აპირებენ.

ამავე თემაზე: ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

ქალებმა თერთმეტი ქვეყნიდან საკუთარ უფლებებზე ბათუმში ისაუბრეს

მეთერთმეტე მასპინძელი ქვეყანა, საქართველოა. შეხვედრა ბათუმის ანბანის კოშკში დღეს საღამოს შედგა. „ქალთა უფლებლებები საქართველოში“ – ამ თემაზე სასაუბროდ ორგანიზაცია „ერთმანეთისთვის“ თავმჯდომარემ სოფიო ბაკურიძემ საქართველოში აკრედიტებული ელჩების ცოლები და ბათუმში მოქმედ ორგანიზაციებში დასაქმებული, ასევე სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ქალები მიიწვია.

სოფიო ბაკურიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლეა. როგორც თავად გვითხრა, ქალთა უფლებები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ის თემებია, რომლებზეც მას სურს იმუშაოს და ამ მიმართულებით ის მეუღლის მხარდასაჭერად არ აქტიურობს. ეს არის სფეროები, რომლებიც მან, როგორც მოქალაქემ, აირჩია.

სოფიო ბაკურიძის პრეზენტაცია
სოფიო ბაკურიძის პრეზენტაცია

IMG_9426

დღეს გამართული შეხვედრის პირველი ნაწილი, რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის პრეზენტაციას დაეთმო. სოფიო ბაკურიძე სტუმრებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ და რას წერდნენ შემდეგ ბათუმზე ცნობილი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს ბათუმში ცხოვრობდნენ. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლმა კი აჭარაში ტურისტული ადგილების პრეზენტაცია შესთავზა სტუმრებს.

შეხვედრაზე შშმ პირების უფლებებზე ქობულეთის გამგეობის თანამშრომელმა ნინო ნოღაიდელმა ისაუბრა, ის ქობულეთის გამგეობაში ამ მიმართულებას კურირებს. მან ათი ქვეყნის ელჩების ცოლებს სთხოვა: „გადაეცით თქვენს ქვეყნებში შშმ პირებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ადაპტირებული გარემო შშმ პირების დასვენებისთვის“.

შეხვედრაზე გენდერულ საკითხებზე სასაუბროდ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნინო ჩხეტია მიიწვიეს. ნინო ჩხეტიას თქმით, გენდერული თანასწორობისთვის ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უმაღლეს საბჭოში მუშაობისას. ვიდრე უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძე შევიდოდა ლევან ვარშალომიძის ნაცვლად, ნინო ერთადერთი ქალი დეპუტატი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში. შეხვედრაზე ნინო ჩხეტიამ სტუმრებს უამბო, რომ მასზე უმაღლეს საბჭოში ხუმრობდნენ, რომ „ერთი ქალია, მაგრამ ათ კაცს უდრის.“
IMG_9444

IMG_9437

სტუმრები დაინტერესდნენ რა ეტაპზეა ახლა საქართველო გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაზეც მათ „გენდერული თანასწორობის ქსელის“ კოორდინატორმა თამილა დოლიძემ უპასუხა, რომ დღეს ბათუმში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ხელმძღვანელ თანამდებობზე მამაკაცები ქალებს სჭარბობენ:

„მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში 15% ქალია და აჭარაში ერთი მინისტრი გვყავს ქალი. ამ სფეროში კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე დაინტერესდა თუ რა გზა განვლეს ამ მიმართულებით იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ელჩების მეუღლეები წარმოადგენდნენ და რა ეტაპზე არიან ახლა ეს ქვეყნები, როგორც გენდერული თანასწორობის მხრივ, ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად. თუმცა, თავად სტუმრებს ამ თემებზე არ უსაუბრიათ.

„აჭარაზე ბევრი არაფერი ვიცოდით და მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო რეგიონის პოპულარიზაციისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე. საოცარია, რომ ქალები ყველგან, ყველა ქვეყანაში იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა!“- განაცხადა ფრანჩესკა კელიმ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა ბათუმი „ანბანის კოშკი“ შედგა, შეხვედრაზე ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის, აშშ -ის ელჩების მეუღლეები, ასევე ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლე და თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები იყვნენ მიწვეული.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს აჭარის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებინებენ, სტუმრებს მიიწვევენ ასევე ქართული ფოლკლორისა და ეთნო-პოპის კონცერტებზე.
IMG_9449

სკოლის მიმდებარედ 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს გაყიდვა ისევ აკრძალული იქნება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ხათუნა ფხალაძის სარჩელი. ის კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ იმ ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც თამბაქოს გაყიდვა სააღმზრედელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში აკრძალულია.

მოსარჩელეს თამბაქოს ჯიხური თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ჰქონდა გახსნილი და იგი ერთ-ერთი საჯარო სკოლის ერთ-ერთი ოფიციალური საზღვრიდან 42 მეტრითაა დაშორებული. კანონის დარღვევის გამო, მოსარჩელე რამდენჯერმე დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, ხათუნა ფხალაძემ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა სასამართლოს.

„51-ე მეტრში რომ გადავიტანო ჩემი ჯიხური და იქ გავყიდო თამბაქო, რა შეიცვლება?” – ეს შეკითხვა მოსარჩელემ მოსამართლეებს საქმის არსებითი განხილვის დროს დაუსვა. არსებითი განხილვის დროს სასამართლომ ექსპერტების პოზიცია მოისმინა და პარლამენტისაც, რომელიც ამ დავაში მოპასუხე მხარე იყო.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.

 

 

 

ახალი ველოტერმინალი ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან არსებულ სკვერში კიდევ ერთი ახალი ველოტერმინალი გაიხსნა. ბათუმველოს ახალი ტერმინალი  ჭავჭავაძის ქუჩის 34 ნომერში მდებარეობს.

ბათუმველოს ინფორმაციით, ეს ადგილი მარკეტინგული კვლევების საფუძველზე შეირჩა, რაც მომსახურების არეალს ზრდის. ბათუმველოს საკუთრებაში აქამდე არსებული 23 ველოტერმინალი, ძირითადად ბათუმის ზღვისპირა ზოლსა და ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული:

გოგებაშვილის ქუჩაზე  (რესტორანი სანაპირო), ანბანის კოშკთან, ნინოშვილის ქუჩა №1 (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან), დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, შერატონთან, უნივერსიტეტთან, საზღვაო აკადემიასთან, რესტორან აჭარულ სახლთან, ახალი ბულვარის დასაწყისში, ახალი ბულვარის ბოლოს, აეროპორტთან, იუსტიციის სახლთან, მაკდონალდსთან, ჯეოსელის ოფისის მოპირდაპირედ (გორგილაძის ქუჩაზე), # 3 სკოლასთან, 6 მაისის პარკთან, მერიასთან, ევროპის მოედანზე, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, პიაცასთან, ხელოვნებისა, მუსიკის ცენტრთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე და ბოტანიკურ ბაღთან და უკვე ჭავჭავაძის ქუჩის 34 ნომერში.

ძეგლების და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე – მოსწავლეების შთაბეჭდილებები

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში ( 18-21 აპრილი) სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყო.

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში  აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, გონიო აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი და  ძმები ნობელების სახელობის ბათუმის  ტექნოლოგიური მუზეუმი, კინოთეატრ ,,აპოლოში’’ ნახეს დოკუმენტური ფილმი ისტორიული ძეგლების შესახებ, შემდეგ ანიმაციური ფილმი და გაერთნენ გასართობ ცენტრში.

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში  კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდა.

18 აპრილი – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

IMG_6672

ძეგლების და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილე მოსწავლეების შთაბეჭდილებები:

საბა თხილაიშვილი  12 წლის, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„18 აპრილს,  ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  ვიმყოფებოდით  ბათუმში გასვლით ღონისძიებაზე.  ჩემზე  განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა   არქეოლოგიურმა  მუზეუმმა. ოქროს ფონდში დაცულმა ნივთებმა. განსაკუთრებით სპარსულმა მონეტებმა.  მომავალში მსგავს გასვლით  ღონისძიებებში ხშირად ჩავერთვები“.

თათა გოგავა 9 წლის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„მე ძალიან მომეწონა ბათუმის ექსკურსია. განსაკუთრებით მუზეუმების მონახულება. ძმები ნობელების მუზეუმში ვნახე ბევრი საინტერესო ექსპონატი. მოვისმინეთ  ინფორმაცია   შვედი გამომგონებლის ბათუმში მოღვაწეობის შესახებ. მინდა მსგავსი გასვლითი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს“.

ნანა გაგუა-15 წლის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„18 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის კლუბ „კვალის “ წევრები ჩავერთეთ კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოს  მიერ ორგანიზებულ  გასვლითი ტურის ღონისძიებებში. მოვინახულეთ სხვადასხვა მუზეუმები. ძალიან ბევრი რამ გავიგეთ.განსაკუთრებით ვისიამოვნე კინოთეატრ „აპოლოში“ , სადაც ვუყურე ანიმაციურ ფილმს „პატარა ბოსი“. დიდი მადლობა ღონისძიების  ორგანიზატორებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ტურები განმეორდება“.

ელენე ბაუჟაძე-14 წლის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„აღნიშნულ ტურში დიდი სიამოვნებით მივიღებ ყოველთვის  მონაწილეობას. განსაკუთრებით საინტერესო იყო გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში რომაელი ჯარისკაცის აღჭურვილობისა და რომაული საბრძოლო მანქანების კერძოდ:  კატაპულტას და ბალისტრას ნახვა. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს“.

IMG_6604

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

შუახევის ოთხ სკოლას სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კვიახიძეების, დღვანის, ლომანაურის და ნაღვარევის საჯარო სკოლებს თითქმის ერთი წელია, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები არ ჰყავს. ისინი მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს ადმინისტრაციული ხარჯების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დროს, გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

„სკოლის საბანკო ანგარიშებთან წვდომა აქვთ ამ პირებს, თუმცა შემოსავლების სამსახურის ბაზაში ისინი არ არიან რეგისტრირებულნი როგორც დირექტორები. ამიტომ, როცა სახელმწიფო შესყიდვებს აწარმოებენ, კომპანიების ხელმძღვანელებთან გაუგებრობები ჩნდება, რადგან ისინი ბაზაში არ ჩანან როგორც დირექტორები“-გვეუბნება რესურსენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ბაზაში დირექტორად ყოფილი დირექტორები არიან ფიქსირებული და ხელშეკრულება უნდა გააფორმოს დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც ბაზაში არ ჩანს, როგორც უფლებამოსილი პირი.

„ასეთ დროს მოვალეობის შემსრულებლებს სჭირდებათ რომ წარადგინონ ყოფილი დირექტორის გათავისუფლების ბრძანება, შემდეგ, ამ დირექტორის შიდა ბრძანება მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაზე და ა.შ.  თუმცა დროში მაინც ჭიანურდება საქმის კეთება. ერთი სიტყვით, ბიუროკრატიულ ბარიერებს იწვევს“-ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თუკი სკოლა ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, ასეთ დროს, აჭარის განათლების სამინისტრომ ოფიციალურად უნდა მიმართოს საქართველოს განათლების სამინისტროს და აცნობოს ამის შესახებ.

„აჭარის განათლების სამინისტროსგან კი ასეთი წერილობითი მიმართვა გამოგზავნილი არ არის“-ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით კი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების კანდიდატურები რესურსცენტრს უნდა შემოეთავაზებინა, რაც არ ყოფილა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი  კი ამბობს, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მათ ამის შესახებ 2014 წელს აცნობეს, „თუმცა იმ პერიოდში დირექტორების გამოცდები მიმდინარეობდა და შედეგებს ველოდებოდით.

„ის პირებიკი, ვისაც დირექტორობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, ყველა დაინიშნენ სხვადასხვა სკოლებში დირექტორებად და შესაბამისი რაოდენობის კადრები არ აღმოჩნდა რომ სამინისტროს ეზრუნა მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაზე“-გვეუბნება ედუარდ გოგრაჭაძე.

შუახევის რესურცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნისთვის, აპირებენ ხელმეორედ მიმართონ განათლების სამინისტროს.

 

ზურაბ პატარაძემ მახუნცეთში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, 21 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა, დასუფთავდა მუნიციპალიტეტის დაბებიც.

დასუფთავების აქციის პარალელურად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ.პ.ს „ქედის კომუნალურსერვისმა“ პირველ მაისის თემის ოთხ სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ნაგვის ურნები განათავსა. ქედის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოსახლეობას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები დაურიგეს.

ქედაში დღეს გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პარტარაძემაც მიიღო, ქედის მოსახლეობასა და საჯარო მოხელეებთან ერთად მან მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

„ქედის მუნიციპალიტეტმა 300-მდე ახალი სანაგვე კონტეინერი და სპეციალური ავტომობილი შეიძინა, რითაც  მუნიციპალიტეტის, განსაკუთრებით ტურისტული ადგილების, ოპერატიულად დალაგება-დასუფთავება იქნება  შესაძლებელი. ამისთვის საჭირო აღარაა ბათუმიდან ქედაში ამოვიდეს სანდასუფთავების მანქანა. ყველას მოვუწოდებ ჩაერთოს დასუფთავების მსგავს აქციაში, ხვალისთვის ბათუმში გვაქვს დაგეგმილი მსგავსი ღონისძიება, სანაპირო ზოლსა და იმ ადგილებს დავასუფთავებთ, სადაც ტურისტები მრავლადაა,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დასუფთავების აქცია მახუნცეთში
დასუფთავების აქცია მახუნცეთში
დასუფთავების აქცია მახუნცეთში
დასუფთავების აქცია მახუნცეთში

16 ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისათვის 4 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

2017 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში რეგიონის რეკლამირებისათვის 4, 765, 000  ლარს დახარჯავს.
წელს დეპარტამენტი ექვს, ახალ, სამიზნე ქვეყანაში გეგმავს შესვლას. ეს ქვეყნებია: არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ლატვია, ესტონეთი, გერმანია და ირანი. ამ ქვეყნების გარდა რეგიონის რეკლამირება მოხდება თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბელარუსიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ყაზახეთში, ისრაელსა და რუსეთში.
რეკლამირებისათვის გათვალისწინებულ თანხაში შედის მედია და ინფოტურებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, სტატიებისა და სარეკლამო კლიპების  გამოქვეყნება სამიზნე ქვეყნებში, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და სარეკლამო ბუკლეტების დაბეჭდვა.
წლის ბოლომდე აჭარის რეკლამირება 7 საერთაშორისო გამოფენაზე იგეგმება. მიმდინარე წელს რეგიონის 5 საიმიჯო კლიპი უნდა დამზადდეს, რომლებიც „ალჯაზირას“, „ევრონიუსისა“ და სხვა საერთაშორისო ტელევიზიების ეთერში იტრიალებს. ვიდეოკლიპები ასევე გავრცელდება სამიზნე ქვეყნების ონლაინსივრცეში.

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

ვიდრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაასრულებდა კითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნიდან ფეხზე წამოდგა და თქვა: „თავს დამნაშავედ ვცნობ და სრულად ვეთანხმები წარდგენილ ბრალს“.

„გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგესაჯოთ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად. ის შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი იყო, ხოლო თანხა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი.

შპს „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. სამინისტრომ თანხის მითვისების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაავრცელა. ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 მარტს დააკავა.

ამ საქმის გამხილვას უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაასრულებს სასამართლო. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ვერ მოისმენს ვერც ერთი მოწმის ჩვენებას. მიზეზი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებაა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო პროკურორისა და ადვოკატის მხოლოდ შესავალ და დასკვნით სიტყვებს ისმენს.

შესავალ სიტყვაში პროკურორმა დავით ჭარბაძემ დეტალურად აღწერა, რომელ წლებში ირიცხებოდა თანხა სახელმწიფო შპს-ს ანგარიშებზე. მისი თქმით, თანხის ძირითადი ნაწილი 2016 წლის მარტში ჩაირიცხა. პროკურორს არ უთქვამს, კონკრეტულად როდის გამოიტანა „საქართველოს ბანკიდან“ თანხა ირაკლი ცეცხლაძემ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.

სად დააკავეს ირაკლი ცეცხლაძე, ასევე აპირებს თუ არა გამოძიება ამავე საქმეზე სხვა პირების დაკავებას – პროკურორმა დავით ჭარბაძემ „ბათუმელების“ კითხვებს პროცესის დასრულების შემდეგ არ უპასუხა.

ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმა სასამართლო პროცესზე ხაზი გაუსვა იმას, რომ მითვისებული თანხის ნაწილი, კონკრეტულად კი, 600 ათასი ლარი უკვე ამოღებულია.

„ის დაკავების დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან და სრულად აღიარებს წარდგენილ ბრალს. მას ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მშობლები. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმა.

მოსამართლეს მხარეებმა უთხრეს ისიც, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„კარგით, მაშინ დასკვნით სიტყვებს შემდეგ სხდომაზე მოვისმენთ,“ – გამოაცხადა მოსამართლემ. თამარ ბეჟანიშვილმა იქვე დააზუსტა, რომ საქმის მრავალტომიან მასალებს ჯერ კარგად არ იცნობს და დრო სჭირდება.

დასკვნითი სიტყვებისა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ხუთი მილიონის საქმეზე“ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ დავით ბალაძის მინისტრობის დროს მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან 2016 წლის ივლისში გადადგა. სამსახურიდან ასევე წავიდა თამაზ ხაბაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა. თამაზ ხაბაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მის წინაშე უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული ირაკლი ცეცხლაძე.

რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე

ღამის კლუბ „ვოგში“ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღეს, 21 აპრილს, სასამართლოს ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, ვინც 25 იანვრის საღამოს დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები დაკითხეს და ფოტოსურათებით ამოცნობა მოაწყვეს.

ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის 6 მოქალაქის თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. საქმეში არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებსაც მანამდე რამდენიმე დღით ადრე, კლუბიდან გამოსვლის დროს ქვითარში გადასახდელ თანხა – 17 500 ლარი ჩაუწერეს .

გაპროტესტების შემდეგ, მათ ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ძალადობისა და გაუპატიურების მუქარით საბანკო ანგარიშებიდან მოუხსნეს თანხა მათთვის წართმეული საბანკო ბარათების გამოყენებით.

დეტექტივ-გამომძიებელ გაბრიელ ბაჯელიძეს ადვოკატებმა ჰკითხეს, რატომ ჩატარდა ამოცნობა ფოტოებით, როცა ბრალდებულები უკვე დაკავებული იყვნენ.

„არ ვიცი, ალბათ უარი თქვეს დაკავებულებმა ამაზე,“ – უპასუხა ადვოკატებს გაბრიელმა.

გამომძიებელს ასევე მოუწია კითხვის გაცემა, რის მიხედვით შეარჩია ელექტრონულ ბაზაში ამოსაცნობი ადამიანები. ადვოკატებმა აქცენტი რამდენიმე ფოტოსურათზე გააკეთეს, სადაც ზოგიერთ მამაკაცს წვერი აქვს, ზოგს – არა. დაცვის მხარემ შეახსენა სამართალდამცავს, რომ ამოსაცნობი პირები ერთმანეთს უნდა ჰგავდნენ.

„შევარჩიე ასაკის მიხედვით, სახის მოყვანილობიდან გამომდინარე… ყველას წვერი ხომ არ ექნებოდა“, – თქვა გაბრიელ ბაჯელიძემ.

ადვოკატმა ზაზა პაპიძემ გამომძიებელს ამოცნობის ოქმებზეც ჰკითხა, სადაც დაზარალებულები იდენტური ტექსტებით აღწერდნენ ამოცნობის პროცესს.

„ტექსტში შეცდომით დაწერილი „მაოვიცანი“ „ამოვიცანის“ ნაცვლად ყველგან მეორდება. შესაძლებლად მიგაჩნიათ, ასე ერთნაირად თქვან მოწმეებმა, ვინ ამოიცნეს?“- იკითხა ადვოკატმა, რაზეც გამომძიებლისგან მხოლოდ ეს პასუხი მიიღო – „კი“.

გაბრიელ ბაჯელიძეს კითხვა ერთ-ერთმა ბრალდებულმაც დაუსვა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა: „თქვენ იყავით იმ დღეს, როცა მირტყეს,  წიხლის კვრით შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში?… მე თქვენ მახსოვხართ“. დეტექტივ-გამომძიებელმა ცემის, ან დაკავებულების სხვაგვარი შეურაცხყოფის ფაქტი უარყო.

კიდევ ერთი მოწმე, ვისი ჩვენებაც დღეს მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოისმინა, დეტექტივ-გამომძიებელი გია ბახტაძეა. მან დაზარალებულების გამოკითხვის ოქმი შეადგინა, თუმცა ადვოკატების კითხვაზე, სულ რამდენი იყო დაზარალებული, მომწმემ უპასუხა: „არ მახსოვს“.

საქმეში სულ ოთხი ბრალდებულია: სამი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე. თურქეთის მოქალაქეები ღამის კლუბში მენეჯერებად მუშაობდნენ, საქართველოს მოქალაქეს კი, რომელიც კლუბში მომმარაგებლის პოზიცია ჰქონდა, ბანკომატიდან დაზარალებულებისთვის იძულებით წართმეული ბარათებით თანხის გამოტანას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ამ სასჯელს ითვალისწინებს თანხის გამოძალვა. მათ წაყენებული ჰქონდათ უფრო მძიმე ბრალდებაც – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ეს ბრალი მოხსნა.

აჭარის სოფელში მურა დათვის ბელი იპოვეს

21 აპრილს კავკასიური მურა დათვის ბელი აჭარიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, დათვის ბელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში იპოვეს გარემოსდამცველებმა, მას შემდეგ, რაც სოფლიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოში ზარი შევიდა. მოქალაქემ სამმართველოს შეატყობინა, რომ სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ისმოდა ტყიდან.

ადგილზე გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები გავიდნენ  და დაახლოებით 2 თვის,  კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს, რომელსაც არ აღენიშნებოდა დაზიანება. გარემოსდამცველებმა მურა დათვის ბელი ბათუმიდან თბილისში ჩაიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს, რადგან, ბელი ჯერ ისევ პატარაა და ველურ ბუნებაში მარტო დაიღუპებოდა.

ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი.
ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები.

„ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, იგი პოტენციური თავდამსხმელი ხდება“ – აღნიშნულია სამინსიტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კავკასიური მურა დათვი წითელ ნუსხაშია და მას კანონი იცავს, თუმცა დათვზე ბრაკონიერობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. სპეციალისტების თქმით, დათვის ბელი ადამიანთან ისე ვერ მოხვდება, თუ მას დედა არ მოუკლეს.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს.

__________________________

ამავე თემაზე: 

უკანასკნელი დათვი

 

ბავშვის ფიზიკური განვითარების მიმართულებით უფასო სამედიცინო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება

25 აპრილს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჭარბი წონის მქონე 10-18 წლის ბავშვებისთვის წამყვანი პედიატრები და ენდოკრინოლოგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. ექიმები პარალელურად  შეაფასებენ პაციენტების ფიზიკურ განვითარებას; განსაზღვრავენ ასევე გლუკოზასა და გლიკირებულ ჰემოგლობინს  სისხლში.

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში მძიმე პათოლოგიაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ რისკთანაა ასოცირებული, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა რთული სამედიცინო შემთხვევები.

 უფასო კონსულტაციები 11:00-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.

მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა:  +995 32 2 55 05 05.

ბათუმის სამშობიარო სახლზე „მედინამ“ უარი თქვა

„მედინამ“ „ბათუმის სამშობიარო სახლზე“ უარი თქვა.  შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინამ“ თვენახევრის წინ შეისყიდა. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის მიმდინარე წლის 2 მარტს გაფორმდა. ამჯერად მხარეები ამ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

Untitled

 

მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას კი მხარი 110-მა პარტნიორმა დაუჭირა.

წილის გასხვისებადე შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მფლობელი სწორედ  შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლი“ იყო. საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის პროცესი ხარვეზის გამო შეჩერდა, თუმცა, მიმდინარე წლის 14 მარტის ამონაწერის მიხედვით,  შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მესაკუთრე, ანუ ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი უკვე შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“ იყო.

„ბათუმის სამშობიარო სახლის“ და „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინას“ წარმომადგენლებმა: ჯუმბერ უნგიაძემ და ირის ბორჩაშვილმა მიმდინარე წლის 5 აპრილს მიმართეს საჯარო რეესტრს და მათ შორის ადრე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს. შესაბამისად, „ბათუმის სამშობიარო სახლი“ საკუთრებაში უნდა დაუბრუნდეს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით: „საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (აკრძალვა) რეგისტრირებულია შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინას“ 100% წილზე შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ კაპიტალში. შესაბამისად, შეუძლებელია განხორციელდეს განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების [„ბათუმის სამშობიარო სახლის“ „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“ საკუთრებაში დაბრუნების] რეგისტრაცია.“

„მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს,“ – აღნიშნულია რეესტრის განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მხარეებს ამ ეტაპზე უარი ეთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების რეგისტრაციაზე.

„ბათუმელები“ ჯუმბერ უნგიაძეს ვერ დაუკავშირდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირის ბორჩაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ყიდვას აპირებდა და ამიტომ თქვა უარი „ბათუმის სამშობიარო სახლზე“.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა ისმეთ დინდარიმ (მიქელაძე), „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ იყო საუბარი ჰოსპიტლის გასხვისებაზე, თუმცა მოლაპარაკებები ირის ბორჩაშვილთან უშედეგოდ დასრულდა და „ჰოსპიტალი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას“.

 

„ბათუმის აქციის” ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

11-12 მარტის აქციის მონაწილე ორი არასრულწლოვნის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაიწყო. მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით პროკურატურას ამ საქმეზე სულ 19 პირი ჰყავს დაკავებული. დღეს, 21 აპრილს, პირველად არასრულწლოვანი ბრალდებულების პროცესი გაიმართა.

არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთი 16 წლისაა და მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული. ის სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს ამ დროისთვის გათავისუფლებული.

ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებისთვის მოლაპარაკება პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის არ მიმდინარეობს, თუმცა ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია მისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდება, რადგან ბრალდებული 16 წლისაა.

სასამართლოს დახურულ სხდომაზე პროკურატურამ, პოლიციელების გარდა, რიგითი მოქალაქეების ჩვენებებიც წარმოადგინა. საქმეშია ასევე ვიდეომტკიცებულებებიც, თუმცა კონკრეტულად არასრულწლოვანი კადრებში არ ჩანს. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მან ქვები პოლიციელების მანქანას ესროლა.

მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა და ის ახლაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულს არასდროს უვლია სკოლაში და მან წერა-კითხვა არ იცის.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელა ამ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე, თუმცა პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებაზე სასამართლომ უარი თქვა. ეს არასრულწლოვანი არ აღიარებს დანაშაულს.

არასრულწლოვანი ბრალდებულების ინტერესებს “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტები: მამუკა ზოიძე და მალხაზ ზოიძე იცავენ.

მთავარ ფოტოზე: 12 მარტი, აქცია პოლიციის სამმართველოს შენობასთან. მანანა ქველიაშვილის ფოტო 

ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი

დღეს, 21 აპრილს, საღამოს, აჭარაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა და ქარი:

„ქარის სიჩქარე დროგამოშვებით იქნება 17-22 მეტრამდე. მნიშვნელოვნად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, სანაპირო რაიონებში იქნება 6 გრადუსამდე – ღამით, დღისით – 7-12 გრადუსი.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი. 23 აპრილს, დღისით, დროებით გამოიდარებს, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც, მაგრამ იმავე  დღის ბოლოს ამინდი ისევ გაუარესდება. 24-25 აპრილს, განსაკუთრებით ღამისა და დილის საათებში, ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა  და ქარი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა მოთოვოს კიდეც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა მარინე ქათამაძემ.

 

ენმ-მ აჭარაში ახალი პოლიტსაბჭო აირჩია

დღეს, 21 აპრილს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის ორგანიზაციის ახალი პოლიტსაბჭო აირჩია. პარტიის პრესსპიკერის ლია ჯაყელის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გია აბულაძე აირჩიეს.

„კონფერენციას ესწრებოდნენ საქალაქო და რაიონული ორგანიციების წევრები, დავამტკიცეთ პოლიტიკური საბჭო, რომელიც განსაზღვრავს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას აჭარაში.

პოლიტსაბჭოს მთავარი ფუნქციაა დაგეგმოს წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობას დროულად წარუდგინოს პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები“.

ლია ჯაყელის განცხადებით, პოლიტსაბჭოში 5 ახალი წევრია, მათ შორის არიან როგორც ახალი, ასევე ნაციონალური მოძრაობის ცნობილი მხარდამჭერები.

კენჭიყრის შედეგად არჩეული პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ლევან ანთაძე, ლია მგელაძე, მამუკა ხარაზი, გია აბულაძე, ირაკლი ზოიძე, რობერტ ჩხაიძე, გივი ნახუცრიშვილი, მიხეილ მახარაძე და ნუგზარ ამაღლობელი.

ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, პეტრე ზამბახიძემ, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“.

საქართველოს რკინიგზა: ხიდის დემონტაჟი არ უკავშირდება ხის გადატანას

ციხისძირი-ბობოყვათის გზაზე ძველი ხიდის დემონტაჟი არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხის გადატანას – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას თქმით, ეს დაგეგმილი სამუშაო იყო:

„გუშინ [20 აპრილს] მიმდინარეობდა სამუშაოები. აქ იყო ძველი ხიდი, რომლის შემცვლელი, ახალი ხიდი აშენდა და გაეშვა ექსპლოატაციაში, ძველი ხიდის დემონტაჟი იყო საჭირო, გამოვაცხადეთ ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო დემონტაჟი. ძველი ხიდი წარმოადგენდა პრობლემას, არაგაბარიტული იყო, ხელს უშლიდა ქვემოდან მიმავალ მანქანებს, ამიტომ მოხდა მისი დემონტაჟი. ამ დროისთვის ეს ხიდი არ მუშაობდა. ორ წელზე მეტია ახალ ხიდზეა გადაყვანილი მოძრაობა“.

იმის შესახებ, რომ ხიდის დემონტაჟი მრავალწლოვანი ხეების გადატანას უკავშირდება, მოქალაქეები ფეისბუქში წერენ.

„საქართველოს რკინიგზა“ ამ თემაზე განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ხიდი. 2017 წლის იანვარი. თედო ჯორბენაძის ფოტო
ხიდი. 2017 წლის იანვარი. თედო ჯორბენაძის ფოტო

 

აჭარაში სამ ადამიანზე ერთი ავტომანქანა მოდის

2016 წლის მონაცემებით, აჭარაში სულ 92 370 ავტომანქანაა რეგისტრირებული, ეს საქართველოს ავტოპარკის 8.2 პროცენტია – კვლევა საქართველოს ავტოპარკის შესახებ შს სამინისტრომ გამოაქვეყნა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად  კი აჭარაში სულ  333 953 ადამიანი ცხოვრობს ( 184 774- ქალაქში,    149 179 – სოფელში), შესაბამისად, აჭარაში სამ ადამიანზე საშუალოდ ერთი ავტომანქანა მოდის.

კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 16,8 პროცენტით.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 126 470 ავტომანქანაა. აქედან  91 პროცენტი 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3 პროცენტს შეადგენს. მთლიანი ავტოპარკის 11 პროცენტის მფლობელები იურიდიული პირები არიან, ხოლო 89 პროცენტის – ფიზიკური პირები.

თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს.

როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD-ი, რომელიც სამგზავროების 47%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების – 30%-ს.

_______________________________________________________________

ამავე თემაზე: 

რომელ ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას ქალები და კაცები საქართველოში

1 126 000 მანქანა – საქართველოს ავტოპარკი 2016 წელს 8%-ით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მიეცა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე,  განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, „შესაბამისად, ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი,“ – აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ – ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

განათლების მინისტრის მოადგილე რუსეთის ოკუპანტობაზე: არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძე დაინიშნა. მან ბოლო  17  წელი რუსეთში იცხოვრა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბადრი ნაკაშიძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი, მუშაობდა პროკურატურაშიც. როგორ და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ბადრი ნაკაშიძე მინისტრის მოადგილედ და რა აკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარის მამასთან? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებთან“ ბადრი ნაკაშიძემ ისაუბრა.

ბატონო ბადრი, საქართველოში თქვენ თანამდებობაზე დაბრუნდით 17 წლის შემდეგ. თქვენ ერთი პერიოდი იყავით ასლან აბაშიძის გუნდის წევრი და ასევე აბაშიძის რეჟიმის გამო იძულებული გახდით ქვეყანა დაგეტოვებინათ. რატომ წახვედით მაშინ საქართველოდან?

ჩავთვალე, რომ ჩემი შესაძლებლობები იმ თანამდებობაზე, სადაც  ვიყავი, უკვე ამოვწურე, ვეღარ ვხედავდი ინტერესს და წავედი. მქონდა სურვილი ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობის, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომ ნახევარი წელი ვიყავი უმუშევარი და შემდეგ დავბრუნდი მოსკოვში – იქ, სადაც მქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, ჯერ მიმიღეს როგორც მასწავლებელი და შემდეგ კათედრის გამგედ დავრჩი.

როგორც ვიცით, თქვენ ცოტა ხნის წინ გინდოდათ ბსუ-ს რექტორობა, შემდეგ პრორექტორობაც, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ცხოვრობდით და მუშაობდით მოსკოვში, წინააღმდეგობა შეგხვდათ. ეს მართალია?

ჩემთვის უარის მიზეზი არავის აუხსნია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოსკოვის ფაქტორთან ყოფილიყო დაკავშირებული, იმიტომ, რომ მოსკოვშიც იმავე საქმიანობას ვეწეოდი, რასაც გავაკეთებდი ბათუმის უნივერსიტეტში. ერთხელ არ მოხერხდა ტექნიკური მიზეზების გამო, რადგან როცა შემომთავაზეს უნივერსიტეტში მუშაობა, საბუთების მიღებამდე რჩებოდა ერთი დღე და მომზადებული არ ვიყავი, საბუთები ჩამოტანილი არ მქონდა, მეორედ კი, თითქმის გადაწყვეტილი იყო ეს საკითხი, შეთანხმებული იყო რექტორთანაც, მაგრამ რატომ გადაიფიქრეს, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ამიტომ გავაგრძელე იქ მუშაობა, სადაც ვიყავი.

თუმცა ამჯერად მცდელობა აღმოჩნდა შედეგიანი, რადგან თქვენ უკვე ხართ განათლების მინისტრის მოადგილე. 15-წლიანი რუსეთში ცხოვრების შემდეგ დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე. ვისი რეკომენდაციით მოხდა ეს? 

მართალი გითხრათ, არ მეგონა თუ ასეთი მაღალი სტატუსის თანამდებობას შემომთავაზებდნენ, მაგრამ, როცა შედგა საუბარი ზურაბ პატარაძესთან, მან შემომთავაზა რამდენიმე ვარიანტი.

ანუ ზურაბ პატარაძის რეკომენდაციით დაინიშნეთ?

დიახ, რადგან მთავრობის მეთაური ნიშნავს მინისტრის მოადგილეს. მე და ზურაბ პატარაძე ადრე ვიცნობდით ერთმანეთს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთში საქართველოს კონსული იყო და შემდეგ ეს ურთიერთობები აღვადგინეთ.

მე როგორც ვიცით, თქვენ და საქართველოს პარლამენტრის თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე მეგობრები ხართ. ამ ოჯახის მხარდაჭერა არ გქონიათ ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს?

მე და გიორგი ვიყავით და ვართ მეგობრები, ჩვენ ერთად ვიყავით საქართველოს პარლამენტში 1991-1995 წლებში, მას შემდეგ ვმეგობრობთ. გიორგის ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი სამშობლოში, დანიშვნაში მის წვლილს რაც შეეხება, ჩემთვის უცნობია.

რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები 2010  წელს, თქვენ საქართველოში იყავით მოწვეული საზაფხულო სკოლაში კონსტიტუციონალიზმის და რეგიონალური მოწყობის საკითხებზე ლექციის წასაკითხად, რუსეთის სახელით რატომ იყავით მოწვეული, რუსეთის მოქალაქე ხართ თუ საქართველოს?

დიახ, 2011 წელი იყო. რუსეთის მოქალაქე ვარ – 15 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და ახლაც მაქვს ორმაგი მოქალაქეობა.

რატომ მიიღეთ რუსეთის მოქალაქეობა?

ძნელია იქ მუშაობა, თუ არ გაქვს მოქალაქეობა. სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი და უცხოელების მიღება სამუშაოდ ძალიან რთული პროცესია. ყოველ წელიწადს არის ხელშეკრულება გასაახლებელი, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

თქვენ აგვისტოს ომის პერიოდშიც და შემდეგაც მუშაობდით რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ვიცით, ლომონოსოვის უნივერსიტეტი პუტინის ერთ-ერთი დასაყრდენი იდეოლოგიური ცენტრია, ოკუპანტი ქვეყნის იდეოლოგიურ ცენტრში რომ მუშაობდით, ეს გიქმნით დისკომფორტს თუ არა?

უნივერსიტეტი ცოტა სხვა საზოგადოებაა. მართალია, არ არის დაცლილი ბოლომდე პოლიტიკისგან, მაგრამ არის აკადემიური თავისუფლების პრინციპი, რომელიც დაცულია და ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება. მათ შორის აუდიტორიაშიც სტუდენტებთან.

ამ საზოგადოებაში ახერხებდით იმის თქმას, რომ რუსეთი ოკუპანტია?

ასე საკითხი არ დასმულა, უბრალოდ, იმის მტკიცება, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არის აფხაზეთი და სამაჩაბლოც, მე არ დამჭირვებია, იმიტომ, რომ ბევრი თანამოაზრე მყავდა. ყველა გაგებით ეკიდება იმას, რომ რუსეთმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად, ეს იყო შეცდომა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა დანარჩენი საზოგადოება, ვინც არის რუსეთში. მეც ვფიქრობ, რომ რუსეთმა დაუშვა შეცდომა, როცა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ეს იყო რუსეთის სისუსტე.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთი ოკუპანტია?

მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა დაუშვა შეცდომა, როდესაც დაიწყო ომი და აღიარეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ეს იყო აშკარა შეცდომა და რუსეთის სისუტე. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს დაუბრუნდება საქართველოს ხელისუფლება და საქართველოში იქნება აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც.

 რის გაკეთებას აპირებთ განათლების სამინისტროში, გაქვთ განსხვავებული ხედვა რაიმე საკითხებზე?

ჩემს საკურაციო სფეროში შევიდა სპორტი და ახალგაზრდული საქმიანობა და რესურსების დეპარტამენტი, რომელიც, ძირითადად, დაკავებულია ბიუჯეტის შედგენით და შესრულებით. დღეს მქონდა საუბარი საინტერესო ადამიანებთან და ჰქონდათ წინადადება, რომ მუნიციპალიტეტებში შევქმნათ საჭადრაკო სკოლები. გარდა ამისა, ჩაქვში დავათვალიერეთ სპორტული დარბაზი, სადაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები გამოიზარდნენ, მაგრამ რომ ნახოთ რა მდგომარეობაშია დარბაზი, გაგიკვირდებათ.  დაინგრევა ეს დარბაზი და ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება,  ხელოვნებისა და კულტურის ცენრტთან ერთად. ეს იქნება ადგილი, სადაც შეიძლება ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.

კიდევ რა გეგმები გაქვთ?

დიდი სურვილი მაქვს მასიური გახდეს სპორტი ახალგაზრდებისთვის და სპორტი იყოს ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება აჭარაში. იქმნება სპორტული ტურიზმის ფედერაცია, რომლის თავმჯდომარეც იქნება ზურაბ პატარაძე და იზრუნებს იმაზე, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. ყინულის სასახლის გვერდით არის კიდევ დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ამიტომ თუ ცოტა დროს მოგვცემთ და მოგვიანებით კიდევ შემეხმიანებით, უფრო ჩამოყალიბებული ვიქნები გეგმებში.

 

რომელ ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას ქალები და კაცები საქართველოში

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში  კაცების უმრავლესობა, 20% , უპირატესობას Mercedes-Benz-ის მარკას ანიჭებს, ხოლო ქალების უმრავლესობა, 22,4% , –  TOYOTA-ს მარკას.

2016 წლის 7 ფავორიტი მოდელი მსუბუქ ავტომანქანებში გენდერული განაწილების გათვალისწინებით ასე გამოიყურება:

ქალების არჩევანი: NISSAN TIIDA, HONDA FIT, TOYOTA PRIUS, TOYOTA VITZ, NISSAN NOTE, MERCEDES-BENZ C  MERCEDES-BENZ E

კაცების არჩევანი: MERCEDES-BENZ E, OPEL ASTRA, MERCEDES-BENZ C, HONDA FIT, NISSAN TIIDA, TOYOTA PRIUS, SUBARU FORESTER

კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

ხუთი წლის წინ ხელვაჩაურში გაჩენილი მუყაოს ქალაქიდან, რომელსაც ასევე „ოცნების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ,  დღეს მხოლოდ სახელი და რამდენიმე ათეული მუყაოს ქოხია დარჩენილი. ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ენაცვლება.  ერთმანეთის მსგავსი, ნაცრისფერი ბლოკით ნაშენი სახლები ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც ადრე ხისა და მუყაოს ფიცრულები იდგა. ამ წუთებშიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. სახლებს ძველი მცხოვრებლებიც აშენებენ და ერთი კვირის წინ შემატებულებიც.

„საღამოს ხედავ ადგილს  ცარიელია, დილას გამოხვალ ნახავ შეღობილია და უკვე შენებაცაა დაწყებული. მაქსიმუმ ათ დღეში შენდება ახალი ბეტონის სახლები,“ – „ბათუმელებთან“ საუბარში ასე აღწერს „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე პროცესს იქ მცხოვრები ნანი სურმანიძე.

ნანი თავის მეზობლებთან ერთად იმ ტერიტორიას იცავს, სადაც ხუთი წლის წინ თავადაც უკანონოდ დასახლდა.

„აქ ახლოს ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ჩაგვიდგან სახლი, თორემ მოვლენ და უცებ ააშენებენ. არაფერი ამ პროცესს არ არეგულირებს. გაფორმებული ვინმეს სახლი არ აქვს. კაცმა ცარიელი ადგილი ნახა, მივიდა და დადგა სახლი. რომ დაუშალო რას გეტყვიან იცი? შენ თუ გაგიჭირდა და ჩადგი, ჩვენც გვიჭირს და ვდგამთო. ჩვენც ვერაფერს ვერ ვამბობთ, ყოველდღე იზრდება და იჭედება ეს ქალაქი“, – ამბობს ნანი სურმანიძე.

„ოცნების ქალაქის“ კიდევ ერთი მცხოვრები შორენა არძენაძე ამბობს, რომ წლებმა, რომელიც ერთ დროს მუყაოს ქოხებით სავსე ტერიტორიაზე გაატარეს, მოსახლეობა აიძულა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ეფიქრა: „თვალის ერთი გადავლებითაც ნახავთ, დიდ ნაწილს მუყაოს სახლი აღარ აქვს. ბეტონის სახლები ჩადგეს. როდემდე უნდა გყავდეს ბავშვები ხის ფიცრულში?“ – სვამს ის რიტორიკულ კითხვას.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნებართვოდ დაკავებულ მიწებს მფლობელები უკანონოდ ყიდიან. მყიდველი ამ შემთხვევაში ყიდულობს ადგილს, რომელიც გამყიდველმა უნებრათვოდ დაიკავა და იქ ფიცრული ჩადგა. არის გაქირავების შემთხვევებიც.

"ოცნების ქალაქი"
“ოცნების ქალაქი”

2015 წლის ბოლოს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც „ოცნების ქალაქის“ საკითხს სწავლობდა, დაასკვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი ოჯახი სახლობდა. დღეს ოცნების ქალაქში მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათი დასახლება ყოველდღე იზრდება და იქ 2000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ტერიტორია, რომელზეც უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. რატომ არ აკონტროლებს აჭარის მთავრობა მისი კუთვნილი ქონების მიტაცებას და ვინ უნდა აღკვეთოს ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის პროცესი? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სხვადასხვა უწყებებიდან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე დაცვა დაყენებული არ არის. „არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც უკანონო მშენებლობების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება ევალებათ“, – განმარტეს ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.

„შესაბამისი სამსახური“ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურია. სამსახურის უფროს ზაალ მამუჭაძესთან დაკავშირება დღეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

IMG_0102 (Copy)

 

IMG_0064 (Copy)

"ოცნების ქალაქი"
“ოცნების ქალაქი”

IMG_0080 (Copy)

IMG_0131 (Copy)

IMG_0105 (Copy)

IMG_0061 (Copy)

 

მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ

ჩაქვში, აღმაშენებლის 80-ში მცხოვრები ნუგზარ გამრეკელიძე ამბობს, რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვეღარ იყენებს. ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანის პროცესში მიწა მშენებელ კომპანიას ნუგზარ გამრეკელიძის ფართობში დაუყრია.

„2014 წელს მიდიოდა ეს სამუშაოები. ჩინური კომპანიიდან იყვნენ და მთხოვეს, იქნებ მიწის დაყრის უფლება მოგვცე, იჯარის ხელშეკრულებას გაგიფორმებთო“, – გვიყვება ნუგზარ გამრეკელიძე. – „შევთანხმდით, რომ ისინი მიწის გორაკებისგან ჩემს ნაკვეთს ავტობანის გაყვანის დასრულებამდე გაასუფთავებდნენ, ხოლო მანამდე კომპენსაციის სახით ეზოში ქვის კედელს ჩამომისხამდნენ. ქვის კედელი გამიკეთეს, მაგრამ მიწის გორები დამიტოვეს და ისე წავიდნენ. თხილის და მანდარინის ათობით ნერგიც დაზიანდა“.

მოქალაქის თქმით, სამი თვის წინ სცადა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან შეხვედრა. ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიას შეახვედრა და მიწისგან გათავისუფლების დაპირებაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

ზურაბ სიხარულიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორი: „გუშინ მომმართა ამ მოქალაქემ. მანამდე ჩვენ ინფორმირებული არ ვიყავით პრობლემის შესახებ. უახლოეს დღეებში დავუკავშირდებით კომპანიას, ვინც შემოვლით გზაზე მუშაობდა.“

 

 

 

პრეზიდენტს იპოთეკარებმა ბათუმში დახმარება სთხოვეს

იპოთეკარები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან დახვდნენ. პრეზიდენტი აქ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

იპოთეკარებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ კანონში შესული ცვლილება და გამოსახლების გადავადება რეალურად არაფერს ცვლის: „ჩვენ მაინც ქუჩაში დავრჩით, გვჭირდება დაპირებული დაბალპროცენტიანი სესხი, რაც მოგვცემს სულის მოთქმის საშუალებას”, – მიმართა პრეზიდენტს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

“კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის სოციალურ პირობებზე, მათ შორის, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. იქ ბევრი არაფერი წერია, მაგრამ ეს მაინც არის…”, – უთხრა პრეზიდენტმა მოქალაქეებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შესვლამდე პრეზიდენტმა მოქალაქეები ასევე დააიმედა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მიხედავს მათ საკითხს.

 

პრეზიდენტთან შეხვედრას ბათუმში “ქართული ოცნება“ არ დასწრებია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრას, რომელიც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, „ქართული ოცნებიდან“ არავინ დასწრებია.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც ცვლილებების დამტკიცებას შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას, ან იმას, რომ მომავალი პრეზიდენტი საერთოდ ვეღარაფერს გადაწყვეტს პრემიერთან შეთანხმების გარეშე. ასევე კონსტიტუციაში ტერმინის „მთავარსარდლის“ გაუქმებას და პრეზიდენტის დატოვებას უშიშროების საბჭოს გარეშე.

„იმედი მქონდა, რომ თქვენ ხაზს გაუსვამდით არჩევნების პროპორციული სისტემის შემოღებას. ეს არის, მგონი, პოზიტიური შედეგი ამ პროცესის,“ – მიმართა პრეზიდენტს ასლან ლორთქიფანიძემ. ის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია და პოლიტოლოგის სტატუსით გაეცნო პრეზიდენტს. პროპორციული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საპარლამენტო მანდატების გადანაწილებას მიღებული ხმების შესაბამისად და მაჟორიტარული დეპუტატობის სისტემის გაუქმებას.

გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ეს მართლაც პოზიტიური მხარეა ამ პროცესის, თუმცა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, აქამდეც შესაძლებელი იყო იმავეს გაკეთება, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს აარიდა თავი, მათ შორის, ტერიტორიულ მოწყობას.

თვითმმართველობისა და აჭარის ავტონომიის შესახებ შეკითხვა პრეზიდენტს პროფესორმა ნოდარ ჩხეიძემ დაუსვა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ისევ თავს არიდებს დეცენტრალიზაციის საკითხს:

„რეალურად ჩვენ ისევ თავს ვარიდებთ თვითმმართველობას…. ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა გავაძლიეროთ ავტონომიურობა. გასაგებია, რომ შესაძლოა უფრო მეტი შეცდომა დავუშვათ ამ პროცესში, მაგრამ ადამიანებს უნდა მივცეთ შეცდომის დაშვების უფლებაც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანდატების გადანაწილების წესზე შეკითხვა პრეზიდენტს პეტრე ზამბახიძემ დაუსვა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა. გიორგი მარგველაშვილმა შენიშნა, რომ კითხვა სტუდენტებმაც დაუსვეს და არ მოერიდა გამეორებას, რომ ეს წესი „გაუგებარი ლოგიკითაა“ მიღებული. მანდატების გადანაწილების წესის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებული პარტია ყველა გაუნაწილებელ მანდატს იღებს ხელში.

„ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ არის დაგვიანებული. ადრეც შეგეძლოთ გეაქტიურათ და უფრო მეტი შედეგისთვის მიგეღწიათ“ – მიმართა პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ. კითხვის პასუხად გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ წინა წლებშიც ის მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით ცდილობდა პროცესზე პოზიტიური გავლენის მოხდენას.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, გია აბულაძემ პრეზიდენტს უთხრა, რომ მოსახლეობა საერთოდ არაა ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებზე: „ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გამოქვეყნებულიყო ტექსტი, რას ცვლიან. ამ ეტაპზე რეგიონში არავინ იცის, რეალურად რა შეიცვლება ქვეყნის მთავარი კანონის კიდევ ერთხელ შეცვლის შემდეგ“.

პრეზიდენტთან შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

 

სამშენებლო ღობეებით მიტაცებული ტროტუარი

ბათუმში, მეორე სკოლის გვერდით, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა რამდენიმე წელია გაჩერებულია. შენობას შემოვლებული ჰქონდა ე.წ. დამცავი ღობე ალუმინის დაჭმუჭნილი ფურცლებით, რომლითაც ტროტუარი ქუჩის გამყოფ ბორდიურამდე იყო შემოღობილი. 19 აპრილს განვითარებული ძლიერი ქარის შემდეგ, უკვე ორი დღეა, ეს ფურცლები პირდაპირ ქუჩაში ყრია. შესაბამისად, ნაგვის გროვად ქცეული ღობის შიგა მონაკვეთი ახლა ქუჩის ყოველი მხრიდან ჩანს, ხოლო ქვეითებს პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე უწევთ სიარული.

18052161_1838529196472062_2035266752_o (1)

ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს შპს „გლობალმშენი“ აშენებდა და ბინების უმეტესობაც წინასწარ ჰქონდა გაყიდული. მშენებლობის დასრულებამდე კომპანიის მეპატრონემ მშენებლობა შეაჩერა, თავად კი გაუჩნარდა: „დიდი ამბები იყო, ერთი ბინა რამდენჯერმე გაყიდა, შემდეგ გაუჩინარდა, დაზარალებულებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, მაგრამ ვერავინ ვერაფერს გახდა, დღემდე არ აქვთ პასუხი.“

ბათუმში ტროტუარების ათვისების პარამეტრებს მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მშენებელი კომპანია გაუჩინარდა მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობას ამხანაგობა „პანაცეა“ აგრძელებს და მშენებლობის დასრულების ვადად 2017 წელია განსაზღვრული. მშენებლობის დარულებამდე კი მერია სამშენებლო ღობის მოხსნას ვერ მოითხოვს, რადგან მერიასთან შეთანხმებული პარამეტრები კომპანიას არ დაურღვევია.

ვისი ვალდებულებაა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ღობის დაყრილი ნარჩენების ოპერატიულად გატანა? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ მერიის პრესსამსახურს დაუსვა, რაზედც გვიპასუხეს: „ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი დღეს გავიდა ჩამოვლაზე და გააფრთხილებს ამხანაგობას, რომ მოაწესრიგოს ტერიტორია“.

 

სად მივყავართ „ზებრებს“ ბათუმში? [ფოტოამბავი]

ბათუმის ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელებზე, ეგრეთ წოდებული „ზებრებზე”, არაერთ ადგილას ნახავთ ბოძკინტს, შუქნიშანს, ნაგვის ურნას ან სხვა  დანიშნულების რკინის ბოძს, რომელსაც ფეხით მოსიარულემ გვერდი უნდა აუაროს. ზოგიერთ ადგილას კი,  „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, ანუ ქუჩის ის ნაწილი, სადაც ქვეითი არ უნდა დადიოდეს. ასეთ ადგილებში, ძირითადად, მრავალბინიანი სახლები შენდება და ქუჩის ფეხით სავალი ნაწილი სამშენებლო კომპანიას აქვს შემოსაზღვრული.

ბათუმში ზებრების დახაზვაზე პასუხისმგებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოა. სააგენტოს დირექტორი, გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ მან კარგად იცის, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს:

„გეთანხმებით, ზოგ ადგილას არის ეს პრობლემა, მაგრამ ისეა ქალაქი დაგეგმილი, ისეა ინფრასტრუქტურა, რომ სხვა საშუალებას არ იძლევა. თავისი სტანდარტი აქვს ზებრას, უნდა იყოს ქუჩის დასაწყისში ან ბოლოს, შუა ქუჩაში ხომ ვერ იქნება, ამიტომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება მოხდეს ასეთი რამ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ იყოს ასეთი შემთხვევები, ვცდილობთ ირიბად დავხაზოთ ხან და არა სწორხაზოვნად, მაგრამ ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ. მაშინ არ უნდა დავხაზოთ ასეთ სიტუაციაში ზებრა და არ იქნება ფეხით გადამსვლელთათვის ადგილი. რაც შეეხება ბოძკინტებს, ბოძკინტი არ უშლის ხელს ქვეითებს, მანქანა რომ არ ავიდეს, ამიტომ არის გაკეთებული“, – ამბობს  გიორგი ჩხეიძე.

 

IMG_20170324_184722-e1490369187614

გოგოლის ქუჩის მიმდებარედ
გოგოლის ქუჩის მიმდებარედ
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა

გამსახურდია 4

გამსახურდიას და აბაშიძის ქუჩების კვეთა
გამსახურდიას და აბაშიძის ქუჩების კვეთა
გმირთა ხეივანი
გმირთა ხეივანი
ფიროსმანის ქუჩა
ფიროსმანის ქუჩა
ფიროსმანის ქუჩა
ფიროსმანის ქუჩა
გორგილაძის ქუჩა
გორგილაძის ქუჩა
გორგილაძის ქუჩის კვეთა
გორგილაძის ქუჩის კვეთა

ამერიკის დღეები – ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები

წელს, აშშ და საქართველო თანამშრომლობის 25 წელს აღნიშნავს. საამისოდ აშშ-ს საელჩო საქართველოში, საიუბილეო ღონისძიებებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. საზეიმო აქტივობები ბათუმშიც დაიგეგმა.

ამერიკის დღეები ბათუმში,  24 აპრილს, 12:00 საათზე, ამერიკულ კუთხეში, ამერიკის საელჩოსა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვით გაიხსნება.

ამავე დღეს, 15:00 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება ფოტო გამოფენა – „ჯონ სტეინბეკის და რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში“.

15:00 – 16:30 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია „ურბანული დაგეგმარება“ (“Urban Planning”), რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტია.

17:00 –18:00 საათზე კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში გაიმართება ფლეშ მობი და  კლასიკური მუსიკის საღამო.

25 აპრილს 11:00-13:30 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის კონფერენცია (American Studies Conference) იმართება.

14:00-15:00 საათზე კი, ამავე ლოკაციაზე ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის -„ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალის“ (John Steinbeck and the Russian Journal”) ჩვენება მოეწყობა. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტია.

11:00-12:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტში ოლიკო ჟღენტის კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმის “ვიხსენებთ ბალანჩინს” (“Balanchine and the Ballet”) ჩვენება მოეწყობა.

16:00 საათზე აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვარი ნინო ნიჟარაძის  ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სახელწოდებაა  „ეპისტოლიარული გრაფიკა“.

18:00 საათზე კი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრში ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტი (Jazz Big Band Batumi)გაიმართება.

26 აპრილს ბათუმში ამერიკული ფილმების დღე მოეწყობა – Hollywood comes to Georgia. რომლის ფარგლებშიც  –  ბათუმის ამერიკული კუთხეში მტელი დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები ინგლისურ ენაზე (ქართული სუბტიტრებით):

  • 10:30 – ალადინი (Aladdin)
  • 12:10 – ბეტმენის დაბრუნება (Batman Returns)
  • 14:30 – ნიუზის (Newsies) მიუზიკლი
  • 17:00 – სასიკვდილო იარაღი 3 (Lethal Weapon 3)
  • 19:10 – პირადი მცველი (The Bodyguard)

27 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო აქტივობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, და მედია კომუნიკაციების“ თემაზე.

19:00 საათზე კი ანბანის კოშკიდან სტარტს აიღებს ბათუმის ტრადიციული ველორბოლა – Critical Mass Batumi.

28 აპრილს, 13:00-16:30 საათამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში , საინფორმაციო გამოფენა მოეწყობა, რომლის სტუმრებსაც საშუალება ექნებათ გაიგონ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სთავაზობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საგანმანათლებლო EducationUSA და საგრანტო პროგრამების შესახებ.

აქვე 16:30-18:00 საათზე მოეწყობა კონცერტი, რომელშიც როკ-ბენდი “Melomaniakk” , ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეთა ჯგუფი “Two Step Crew” და რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

დღეს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 521 ადამიანი დაჯარიმდა.

მათგან 422 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 5 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 67 – ნიშანში დგომისთვის, 12 ტროტუარზე დგომის გამო, 6 ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 2 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში.

აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა  კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია.

აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები და რატომ არის ეს საკითხი ასეთი პრინციპული უმაღლესი საბჭოსთვის? ამ თემაზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაგო მგალობლიშვილი პასუხობს.

ბატონო ლადო, თქვენამდე ამ საკითხზე მსჯელობდნენ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ის, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები აჭარის განათლების სამინისტრომ დანიშნოს?

ზოგადი განათლების შესახებ კანონი მიღებული იქნა 2005 წელს და თავიდანვე არ ჰქონდა აჭარის განათლების სამინისტროს მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლება. ამის შემდეგ ეს საკითხი რამდენჯერმე იყო დაყენებული დღის წესრიგში, თუმცა ვერ მოხერხდა მაშინ ამაზე შეთანხმება ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

რატომ ფიქრობთ, რომ ახლა მოხერხდება?

მოხერხდა უკვე, რადგან ამაში აქტიურად იყო ჩართული ჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, სულიკო თებიძე (მინისტრის მოადგილე), მეც ვიყავი ჩართული. თბილისში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და უკვე საქართველოს განათლების მინისტრისგან, ალექსანდრე ჯეჯელავასგან გვაქვს წერილობითი თანხმობაც.

როდის მიიღეთ წერილობითი თანხმობა?

დაახლოებით 20 დღე ან ერთი თვე იქნება, რაც ეს თანხმობა გვაქვს. მინისტრი მხარს გვიჭერს და ასეთი მხარდაჭერა არც ერთი მინისტრისგან არ გვქონია.

პარლამენტში ვისთან აწარმოებდით მოლაპარაკებებს?

მარიამ ჯაშთან გვქონდა ამაზე არაოფიციალური საუბარი, როცა ბათუმში იმყოფებოდა. ჩვენ გვითხრეს, რომ მთავარი იყო შესაბამის სამინისტროსგან გვქონოდა თანხმობა, რადგან ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. უკვე წარედგინება პარლამენტს და დარწმუნებული ვართ, რომ საკითხი მხარდაჭერილი იქნება.

რას შეცვლის სკოლაში ის, რომ აჭარის განათლების სამინისტრო დანიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს?

დღეს აჭარაში არის 222 საჯარო სკოლა, აქედან დაახლოებით 140-ში არის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნული. მოვალეობის შემსრულებლის საკითხი როცა დგება, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნოს, რადგან არ შეფერხდეს სკოლაში ადმინისტრაციული პროცესი. ამჟამად ეს ცენტრალური სამინისტროსგან ხდება და გარკვეული პროცედურები, დრო სჭირდება, სადღაც 2-3 თვე… სკოლის ადმინისტრაციის სხვა პირებს კი არ აქვთ სკოლის მართვის უფლება.

დირექტორს მოადგილე ხომ ჰყავს, მას არ აქვს სკოლის მართვის უფლება?

დირექტორი თუ სკოლიდან წავიდა, მას შიდა ბრძანებით აქვს განსაზღვრული, ვინ ასრულებს ამ დროს მოვალეობას, მაგრამ არც ერთ პირს არ აქვს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, მათ შორის არც მოადგილეს. ამიტომ, როცა მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება აჭარას ექნება, ეს საკითხი მაქსიმუმ ორი-სამი დღის ვადაში გადაწყდება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ფაქტი მაინც, სადაც მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იყო პრობლემა?

მე მგონი შუახევში იყო მსგავსი პრეცედენტი, ზუსტად არ მახსოვს.

მოვალეობის შემსრულებელი რა წესით უნდა დაინიშნოს?

უმარტივესია, შეარჩევს, ვთქვათ, რესურსცენტრი და მაშინვე მოხდება მინისტრთან შეთანხმება და  ის ერთ ან ორ დღეში დანიშნავს.

სკოლის დირექტორს მოეთხოვება საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, ტრენინგებში მონაწილეობა და ა.შ. მოვალეობის შემსრულებლებლად როცა დაინიშნება პირი, მასაც იგივე კვალიფიკაცია მოეთხოვება თუ არა?

მოვალეობის შემსრულებელს არ სჭირდება გამოცდების ჩაბარება, ის შეიძლება იყოს  სკოლის ნებისმიერი თანამშრომელი. ხულოში, სოფელ ტუნაძეებში ვინ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი, როგორ შეარჩევს საქართველოს განათლების სამინისტრო აჭარის განათლების სამინისტროზე უკეთესად.

ამ ლოგიკით, მაშინ ვერც სხვა რეგიონებში ვერ შეარჩევს საქართველოს განათლების სამინისტრო კადრებს.

სხვა რეგიონებს არ ჰყავს მათი განათლების მინისტრი და ჩვენ გვყავს, ავტონომია ვართ და სამინისტრო გვაქვს. ამიტომ ჯობია ადგილზე გადაწყდეს ასეთი საკითხები.

მოვალეობის შემსრულებელი რა ვადით უნდა იყოს?

ვადა არ არის კანონში გაწერილი.

თუ ვადა არ არის გაწერილი, ეს ხომ შეიცავს იმის რისკებს, რომ მოვალეობის შემსრულებლად ისეთი პირი დარჩეს დიდხანს თანამდებობაზე, ვისაც არ ექნება საკმარისი კვალიფიკაცია?

მოვალეობის შემსრულებელი ვინც არის, ყველგან არის კვალიფიციური ხალხი, მაგრამ ზოგიერთი არის ისეთიც, რომ საერთოდ არ აქვს დირექტორობის ამბიცია და ელოდება არჩეული დირექტორის მისვლას.

სწორედ მაგას გეკითხებით – თუკი ადამიანს არ აქვს დირექტორობის  მოტივაცია და ის მაინც რჩება გარკვეული დროით დირექტორის პოსტზე, ეს არ აისახება სკოლის მენეჯმენტზე ნეგატიურად?

მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ხდება იმის მიხედვით, ვინც იმ კონკრეტულ სკოლაში არის ავტორიტეტული ფიგურა და გააჩნია მენეჯერის უნარ-ჩვევები.

ადგილობრივ დონეზე  მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა ხომ არ გააჩენს ნეპოტიზმის რისკებს?

ევროპული მმართველობის მთავარი პრინციპია, რომ უფრო ახლოს, ადგილზე უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და ეს მუშაობს მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც კარგად იმუშავებს.

როდის აპირებთ ამ კანონპროექტის მიღებას?

უმაღლესი საბჭოს მომდევნო სხდომაზე მივიღებთ ალბათ დადგენილებას და შემდეგ წარვუდგენთ პარლამენტს და ეს იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენი მოწვევის უმაღლესი საბჭოდან საქართველოს პარლამენტში.

 

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

თურქეთში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 10 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის ავარიის შემდეგ რიზეში, საავადმყოფოში მკურნალობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

გარდაცვლილები აჭარის რეგიონიდან იყვნენ. აჭარის რეგიონიდან არიან ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეებიც.

სტუდენტი: რას შეცვლის ეს შეხვედრები, ბატონო პრეზიდენტო?

ვიდრე სტუდენტები შეკითხვებს დასვამდნენ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კრიტიკულ შეფასებებში პრეზიდენტმა მხოლოდ ორი დადებითი მომენტი გამოყო: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების გაწერა ქვეყნის მთავარ კანონში.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის – #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში დღეს, 20 აპრილს  შეხვდა.

„ფაქტოტრივად ძნელი სათქმელია, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით – ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი…“ – თქვა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს ხალხმა და მნიშვნელოვანი რისკები ჩნდება დემოკრატიული პროცესისთვის, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიდან არც ერთს ხალხი პირდაპირ არ აირჩევს: „სამი უმაღლესი თანამდებობის პირი გვყავს – პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ვერცერთ მათგანს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს ამომრჩეველი. ეს კიდევ უფრო დააცილებს ამომრჩეველს ხელისუფლებას,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი დადებითად აფასებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად და არა მაჟორიტარები. „ამავდროულად ცუდია ის, რომ პარტია, რომელიც თუნდაც ერთი პროცენტით მეტი ხმა მიიღო, მიაქვს გაუნაწილებელი მანდატები. კომისიამ უნდა აგვიხსნას ჩვენ, საზოგადოებას, ეს გაურკვეველი ლოგიკა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი ქვეყნის მთავარსარდალზეც გააკეთა, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტია. საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში კი, ქვეყანას მთავარსარდალი აღარ ეყოლება. პრეზიდენტის შეფასებით, ეს მიდგომაც საფრთხის შემცველია.

სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზეც, უნდა იყოს თუ არა ჩანაწერი ამის შესახებ კონსტიტუციაში. „კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა, არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მხოლოდ ერთი სტუდენტის კითხვას აარიდა თავი. შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მიწის შეძენას ეხებოდა. ამავე სტუდენტმა კითხვა დასვა აგრარული მიმართულებით სწავლებაზე. გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ ამ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ როცა განათლების მინისტრი იყო, აგრარულ და კიდევ სხვა რამდენიმე მიმართულებაზე სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთმა სტუდენტმა შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტს უთხრა: „რასაც ვისმენ ახლა, არა მგონია საკონსტიტუციო კომისიამ რამე შეცვალოს. კარგია ეს შეხვედრები, საუბრები, მაგრამ რას შეცვლის ეს, ბატონო პრეზიდენტო?“

პრეზიდენტმა სტუდენტს ვერ უთხრა, რომ ეს შეხვედრები და კამპანია #კონსტიტუციაყველასია გავლენას მოახდენს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, ან პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. პრეზიდენტმა მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „თავად ეს შეხვედრებია უკვე დემოკრატიული ფასეულობა. ჩვენ რომ ახლა გვიყურებდნენ ძველი ბერძნები, იტყოდნენ, რომ ეს  შეხვედრაც აგორას მთაზე გამართულ მსჯელობას გავდა…“

პრემიერა კინო „აპოლოში“ – ქართული ფილმი თვითმფრინავის ბიჭებზე

დღეს, 20 აპრილს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ქართული ფილმის, „მძევლების“ პრემიერა შედგება.

ფილმს საფუძვლად უდევს  1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავი, საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ, თუმცა ფილმი არ წარმოადგენს მოვლენის რეკონსტრუქციას.

„მძევლების“ მსოფლიო პრემიერა წელს, თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. მისი ბიუჯეტი 2 მლნ. დოლარამდეა.

რეზო გიგინეიშვილი, ლაშა ბუღაძე და რეზო გიგინეიშვილი. ფილმში მონაწილეობენ: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახო ჩაჩანიძე, კატო კალატოზიშვილი, ბექა ლემონჯავა, ილიკო სუხიშვილი, ჯონი ჯანაშია, ავთო მახარაძე და მიშა გომიაშვილი.

„მძევლებს“ კინოთეატრ „აპოლოში“ 26 აპრილის ჩათვლით აჩვენებენ.  ბილეთის ფასი 9-10 ლარია.

_____________________________________

უცხოელი კრიტიკოსების შეფასება

“ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განვითარება მსოფლიო კინოში, პოსტ-საბჭოთა საქართველოში ერთიანი და გასაოცარი ახალი კინო ტალღის გამოჩენა გახდა. რეზო გიგინეშვილის “მძევლები” შესაძლოა, სწორედ ამ მოძრაობის დაღვინებულ წერტილს წარმოადგენდეს.

ეს არის გასაოცარი და ძალიან კარგად შექმნილი ტრილერი, თუმცა რჩება განცდა, რომ ის არის ხელიდან გაშვებული შანსი, რადგან ის საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებს. ის ყოყმანობს გამტაცებლების პირდაპირ დაგმობაში… ეჭვი არა არის, რომ ფილმი გვიყვება ტრაგედიაზე, თუმცა კითხვა რჩება: ვის ტრაგედიაზე?”

Variety-ის კრიტიკოსი ჯესიკა კიანგი

„სცენარს მრავალი პერსონაჟი ჰყავს, თუმცა მათ მოტივაციებს ის არასდროს უღრმავდება; მიუხედავად ამისა ფილმი ახერხებს გადმოსცეს სასოწარკვეთა და შეცდომა. სახელი “მძევლები” იმდენად არ აღნიშნავს გატაცებულ უდანაშაულო მგზავრებს, რამდენადაც მათ ოჯახებსა და მშობლებს, ისევე როგორც თავად გამტაცებლებს.”

ბრიტანული Cine-vue-ის კრიტიკოსი ჯონ ბლისდეილი

“გიგინეიშვილი გვიჩვენებს, რომ კარგად გამოსდის დაძაბულობისა და მოლოდინის შექმნა, მაგრამ იმდენად კარგად ვერ გადმოსცემს პერსონაჟების მოტივაციებს. “მძევლები” არასდროს სცდება საკუთარ ანტიგმირ პროტაგონისტებს, რომლებიც არაადეკვატურად არიან წარმოჩენილი და სქემატურად არიან დახატული. ცოტა უფრო მეტი შიდა პერსპექტივა დაეხმარებოდა მაყურებელს, უკეთ გაეგო ახლო წარსულში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ხდება იმ წარუმატებელ უტოპიაში, სადაც “ბიტლზის” ალმობის ქონა საშიში დანაშაულია.“

hollywood Reporter-ის კრიტიკოსი სტივენ დალტონი

წაიკითხეთ მეტი: თვითმფრინავის ამბავზე გადაღებული ფილმი – უცხოელი კრიტიკოსების შეფასება 

 

 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი  და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ აჭარის მოსახლეობას სთავაზობს პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს.

აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში“ ჩაიტაროს.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.

batumis dedaTa da bavshvTa 01

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან, ბათუმის მერიაში კი ეუბნებიან, რომ მათ უბანში წყლის სისტემის მოწყობის გეგმაც კი არ განიხილება. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ბათუმს შემოერთებულ სხვა დასახლებებშიც ხელვაჩაურიდან აეროპორტამდე მონაკვეთში. მოსახლეობა სასმელად აქ „უცნობი წარმოშობის“ გრუნტის წყალს იყენებს.

„სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს ე.წ. აეროპორტის დასახლებაში. დავით კაკაბაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ. ადრე ჩვენი ქუჩა გრძელი იყო და როცა ახალი ბულვარიდან ახალი გზა გამოიყვანეს, საგრძნობლად დამოკლდა ჩვენი ქუჩა. იქითა მხარეს წყალი გაუყვანეს, ჩვენ კი დაგვტოვეს უწყლოდ… ვიღაცეები საარჩევნოდ მოსულები როცა იყვნენ, დაგვპირდნენ, აუცილებლად მოვიყვანთ წყალსო, მაგრამ, არა და არ დაადგა საშველი. მიწიდან ვქაჩავთ უცნობი წარმომავლობის წყალს, დასალევად ბავშვებისთვის ვერ ვიყენებთ – ექიმებმა გვირჩიეს ნუ დაალევინებთო. მილსადენზე წყლის ფილტრს ახალს როცა დავაყენებ, 10–15 დღის შემდეგ იმისთანა სურათს ვხედავ, მეც მეშინია მაგის დასალევად გამოყენება. ერთი სიტყვით, საზიზღრობა გროვდება შიგნით“, – გვწერს მურად ევგენიძე.

კომპანია „ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კაკაბაძის ქუჩის ერთ ნაწლში ნამდვილად ჰყავთ აბონენტები და მათ ჩვეულებრივად მიეწოდებათ სასმელი წყალი. „რაც შეეხება ქუჩის მეორე ნაწილს, მათი აბონენტებად აყვანა მოხდება მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მაგ ტერიტორიაზე სასმელი წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელი მოეწყობა. უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების პროექტში ცვლილება და სისტემის შეცვლის შემდეგ ექნებათ 24 საათიანი წყალმომარაგება. რაც შეეხება ქსელის რეაბილიტაციის ფაზებს, სამუშაოებს კურირებს და მონიტორინგს უწევს ბათუმის მერია“, – აცხადებენ „ბათუმის წყალში“, რომელიც არის ბათუმის მერიის შპს.

წელს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადლია-აეროპორტის დასახლებაში ამომრჩევლებისთვის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების დაპირება აშკარა ტყუილი იქნება, იმიტომ რომ პრობლემის მოგვარებას, როგორც ჩანს საკმაო დრო დასჭირდება. კონკრეტულ დროს კი მერიაში ვერ ასახელებენ.

„ქალაქს შემოერთებული ტერიტორიის ნაწილში, ქალაქის ცენტრის მხრიდან, მდინარე მეჯინისწყლამდე, მაქსიმუმ 2 თვეში დასრულდება წყლის ცენტრალური სისტემის მოწყობა და პარალელურად „ბათუმის წყალი“ დაიწყებს სახლების ქსელზე დაერთებას. რაც შეეხება მდინარე მეჯინისწყლიდან აეროპორტის მიმართულებით არსებულ ტერიტორიას [დაბა ხელვაჩაური, კახაბერი, მიმდებარე ტერიტორიები ადლია-აეროპორტის დასახლებაში] ამ ეტაპზე წარმოდგენილია კვლევა, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიყოს თანხა და მომზადდეს პროექტი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზაში მხოლოდ კვლევა იყო გათვალისწინებული. ამ კვლევის საფუძველზე იქნება შესაძლებელი ქსელის მოსაწყობად თანხების მობილიზება,“ – ამბობს ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ბათუმის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას მერია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. ჯაბა ტუღუშის თქმით, ზემოაღნიშნული კვლევა უკვე გაგზავნილია ბანკში შესთანხმებლად. რაც შეეხება დაფინანსებას, ჯერ საკითხი არ არის გადაწყვეტილი – პროექტირებას და შემდეგ სამუშაოებს გერმანული ბანკი დააფინანსებს, ბათუმის მერია თუ საქართველოს მთავრობა.

„ერთ თვეში ჩამოდის ბანკის წარმომადგენლები ბათუმში მიმდინარე პროექტების ზედამხედველობის მიზნით, თუმცა ადლია-აეროპორტის დასახლების საკითხებიც განიხილება ალბათ.  ამაზეც იქნება საუბარი“ – ამბობს ჯაბა ტუღუში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ადლია-აეროპორტის დასახლებაში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, უხეში გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება. აქ დღეს 20 ათასამდე პოტენციური აბონენტია [ოჯახები და კომერციული ობიექტები].

ადლია-აეროპორტის დასახლებაში ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევის დაწყებაზე მერიაში 2 წლის წინ განაცხადეს.  წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა].

Exit mobile version