კვარიათი, ჭოროხის შესართავი, ახალი ბულვარის ნაწილი, „პიშევიკები“, ფიჭვნარი – ეს ის ადგილებია, სადაც დღეს ზღვაში საბანაოდ შესვლა აკრძალული ან არარეკომენდებულია.
აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კვარიათსა და ახალ ბულვარში იმ მონაკვეთებშია აკრძალული ზღვაში შესვლა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.
ეს ადგილებია სარფის პლაჟიდან კვარიათის პლაჟამდე მონაკვეთი, ხოლო ბათუმში, ჭოროხის შესართავიდან ახალ ბულვარამდე [საზაფხულო ამფითეატრის მიმდებარე პლაჟის ჩათვლით].

ბათუმი / ხელოვნურად გამაგრებული სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / თედო ჯორბენაძის ფოტო
ბანაობა აკრძალულია მდინარე ჭოროხის შესართავიდან გონიოს მიმართულებითაც [ყოფილი პოლიგონის გასწვრივ].
„მდინარე ჭოროხის შესართავთან ზღვაში არის სწრაფი წყალქვეშა დინება. ამ დინებას გათხრილი აქვს, ასე ვთქვათ, არხი, რომელიც ზღვაში დაახლოებით 10 კმ-ზე შედის და მაქ საბანაოდ შესვლა საერთოდ აკრძალულია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა თურმანიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ბანაობა არარეკომენდებულია ე.წ. „პიშევიკებთან“ – ალი და ნინოს სკულპტურის მიმდებარედ პორტის შესასვლელთან, სადაც მამუკა თურმანიძის თქმით, ჩაღრმავება იწყება უეცრად: „დაახლოებით 100 მეტრში ფაქტობრივად გამყინვარებაა, მყვინთავებს აპარატურაც კი ეყინება… ოფიციალური დასკვნა, რომ მაქ აკრძალულია ბანაობა, არ დევს, შესაბამისად, ვერც ამკრძალავ ბანერს განვათავსებთ, მაგრამ მაგ ადგილზე ბანაობა რეკომენდებული არ არის“.
ამკრძალავ ნიშნებს [ორენოვანი, ქართული და ინგლისური] წარწერით, რომ „ბანაობა აკრძალულია“ ვდგამთ, სანაპიროზე სადაც საჭიროა, მაგრამ ხსნიან და აგდებენ წყალში. იგივე ხდება ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდინარე ჩოლოქის გასწვრივ“ – ამბობს მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, ფიჭვნარში იმიტომ არის აკრძალული ზღვაში ცურვა, რომ „მაქ საერთოდ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა“.
აღნიშნული რამდენიმე მონაკვეთის გარდა, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა ყველგან ნებადართულია. „სხვა ადგილებში ყველგან წესრიგია. გაწმენდილი გვაქვს ზღვის ფსკერი ნაპირთან, დათვალიერებულია ზოლი მყვინთავის მიერ და ბოთლის ნატეხებიც კი არ ყრია,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.