მთავარი,სიახლეები

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

01.04.2017 • 4334
ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. საქმეში არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებსაც კლუბიდან გამოსვლამდე ქვითარში გადასახდელ თანხა – 17 500 ლარი ჩაუწერეს .

გაპროტესტების შემდეგ, მათ ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ძალადობისა და გაუპატიურების მუქარით საბანკო ანგარიშებიდან მოუხსნეს თანხა მათთვის წართმეული ბანკის ბარათების გამოყენებით.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ეშრეფ კ. ამ კლუბში მიმტანად მუშაობდა. მან მოხსნა საბანკო ანგარიშებიდან თანხა, მაგრამ ის მხოლოდ დავალებას ასრულებდა, რაც უთხრა მენეჯერმა. ის გამოძალვის პროცესში ჩართული არ ყოფილა,“ – გვიყვება ზაზა პაპიძე.

ეშრეფ კ.-ს გარდა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ სამი პირია. მათ შორის მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე – მანუჩარ მ. ის ღამის კლუბში მომარაგების პოზიციაზე მუშაობდა. კიდევ ორი ბრალდებული სერჰან ბ. და ერდემ ფ. კლუბის მენეჯერებთან დაახლოებული პირები იყვნენ. უშუალოდ კლუბის მესაკუთრე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

ადვოკატმა ზაზა პაპიძემ სასამართლო პროცესზე ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის ამოცნობის ოქმებზე: „შეუძლებელია, 6 მოწმიდან ყველას ერთი და იმავე ნიშნით ამოეცნო ბრალდებული. გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ გადააკოპირა ერთი და იგივე ტექტი ყველა ოქმში. ამიტომაცაა, თუ დააკვირდებით, „მაოვიცანი“ წერია, ამოვიცანის ნაცვლად ექვსივე ოქმში.“

ადვოკატის არგუმენტები მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა არ გაიზიარა. მან სხდომის ბოლოს ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი 6 პირიც დაასახელა, რომლებიც სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი თურქეთში დაბრუნდნენ და შესაძლოა, არც არსებით განხილვებს დაესწრონ. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა წაიკითხავს მათ ისტორიებს, რაც პოლიციელებს გამოძიების ეტაპზე მოუყვნენ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ამ სასჯელს ითვალისწინებს თანხის გამოძალვა. მათ წაყენებული ჰქონდათ უფრო მძიმე ბრალდებაც – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ეს ბრალი მოხსნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: