Batumelebi | დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც

განიხილეს თუ არა KfW-ის წარმომადგენლებთან კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიებზე? – ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში საუბარი იყო. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმე დღის წინ იყვნენ.

„რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტული წესია, რომ სამუშაოების გარკვეული ფაზის დასრულებიდან მეოთხე წელს აკეთებენ საბოლოო შეფასებას. ამჯერად, ისინი პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების საბოლოო შეფასებას გააკეთებენ. შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იყო ზოგადი საუბარი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გაკეთდა მაგ ტერიტორიების და იგი გადაიგზავნა KfW-ში. ისინი შეისწავლიან, პრიორიტეტებს დასახავენ ჩვენთან [მერიასთან] ერთად და შემდეგ უნდა გამოიყოს დაფინანსება. თუმცა,  ეს უკვე საქართველოს მთავრობის დონეზე წყდება. ჯერ KfW დებს საბოლოო შეფასებას და შემდეგ მიდის მთავრობებს შორის მოლაპარაკება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ადლია-აეროპორტის დასახლებაში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, უხეში გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება. აქ დღეს 20 ათასამდე პოტენციური აბონენტია [ოჯახები და კომერციული ობიექტები].

ბანკის დაფინანსებით ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მესამე და მეოთხე ფაზების სამუშაოები მიმდინარეობს ან დაიწყება. ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, მესამე ფაზა 2018 წელს, ხოლო მეოთხე – 2019 წელს უნდა დასრულდეს: „კანალიზაციის ქსელი რეაბილიტირებულია ჯავახიშვილის ქუჩამდე და ახლა ჯავახიშვილიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორიაზე მოხდება მეოთხე ფაზაში შეცვლა წყლისა და კანალიზაციის სისტემების“.

2023 წელს კი რეკონსტრუქციის ბანკი ბოლო ორი ფაზის საბოლოო შეფასებას დადებს და ამით დასრულდება მათი, ასე ვთქვათ, კურატორობა ამ მრავალწლიან პროექტზე, თუ რა თქმა უნდა, არ გამოიყოფა ახალი დაფინანსება შემოერთებული ტერიტორიებისთვის.

ჯაბა ტუღუშის თქმით: „წყლისა და კანალიზაციის სისტემის ჩონჩხი მაინც აგებული არის ქალაქის მასშტაბით და მისი განვითარება ჩვენ თვითონ დაწყებული გვაქვს საკუთარი ძალებით. დაპროექტებაზე აქვს გაშვებული „ბათუმის წყალს“ ხელვაჩაურში ცენტრალური წყალსადენი მილის გაყვანა, მაქსიმუმ შემოდგომაზე კი ალბათ, პროექტის განხორციელება დაიწყება ქალაქის სახსრებით. ამასთან, ის კვლევა რაც გადაგზავნილია, იქნება საბაზისო და მის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაპროექტება სხვა ადგილებშიც“.

„ზაფხულის ბოლომდე დაიწყება გამრიცხველიანება და დაერთებები სასმელი წყლის ახალ სისტემაზე ჩაქვში, სადაც სისტემა ევროკავშირის გრანტით მოეწყო [ახალ ქსელში ჩაერთვება დაბა ჩაქვის ის ტერიტორიაც [დაახლოებით სოფელ ბუკნარამდე], რომელიც არ არის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში]“ – ამბობს მერის მრჩეველი.

დონორი ორგანიზაციების რეკომენდაცია ყოველთვის იყო სასმელ წყალსა და წყალარინებაზე არსებული ტარიფების გადახედვა. ჯაბა ტუღუშის თქმით, „ გადასახადებს რაც შეეხება, ამჯერად არ იყო საუბარი და არც უახლოეს პერიოდში იგეგმება ასეთი რამ. უბრალოდ, რეკომენდაცია ფასების გადახედვისა ყოველთვის არის, რათა ხარჯების დამფარავი ტარიფი არსებობდეს“.

„ხარჯების დამფარავი ტარიფი“ რომ ბანკის რეკომენდაციის შესაბამისად დაწესდეს, არსებული ტარიფი უნდა გაორმაგდეს და პირველ პერიოდში დაახლოებით 1 ლარი და 5 თეთრი უნდა იყოს ერთ კუბურ მეტრზე [დღეს ეს გადასახადი მოსახლეობისთვის არის 50 თეთრი].

ბანკის ექსპერტები ბათუმის მერიაში შეხვედრაზემერიის ფოტო

ბანკის ექსპერტები ბათუმის მერიაში შეხვედრაზე. მერიის ფოტო

მერიის ინფორმაციით, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის I და II ფაზების ფარგლებში განხორციელდა წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში, ასევე გადამცემი მაგისტრალების რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე, ინჯალოსა და სალიბაურის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ჩაისუბნის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ბარცხანის წყლის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, A და B წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და სხვა თანმდევი ღონისძიებები. პროექტის I და II ფაზების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები 2013 წელს დასრულდა. ბანკის ექსპერტები მოამზადებენ ფინანსურ-ტექნიკური შეფასების ანგარიშსს და საბოლოო დასკვნა KfW-ს დირექციას წარედგინება.

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა].

 

IMG_20170430_184546

ადლიის გამწმენდი ნაგებობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com