მთავარი,სიახლეები

რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე

22.07.2017
რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც რვა თვის განმავლობაში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ და არც პლენარულ სხდომაზე გამოსულან სიტყვით პარლამენტში. ინერტულობის მიზეზებს დეპუტატი „ბათუმელებთან“ განმარტავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობს.

„მე, პირადად, ვმუშაობ სპორტთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, მწვრთნელებისგან არის მოთხოვნა, რომ მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი. რამდენიმე წელია ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და მინდა ამაზე გავიტანო საკანონმდებლო ინიციატივა“, – ამბობს ის.

მუხრან ვახტანგაძის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გასვლითი სხდომა ექნება ბათუმში და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

რაც შეეხება დეპუტატის წინასაარჩევნო დაპირებებს, რომ ის ხელს შეუწყობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ამის განმტკიცებას ის საკანონმდებლო ცვლილებაში ხედავს. „ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, კონსტიტუციაში არასდროს ყოფილა სპორტის შესახებ ჩანაწერი და ახლა იქნება, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სპორტის განვითარებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე. მე, როგორც სპორტის კომიტეტის წევრი და ყოფილი სპორტსმენი, კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს“.

სკოლებში მოსაწესრიგებელია სპორტული ინფრასტრუქტურა, ქალაქში კი ძალიან ცოტაა კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები.  ამიტომ, „ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიცვლება ამ მიმართულებით და როგორი იქნება მისი როგორც დეპუტატის როლი ამ პრობლემების მოგვარებაში? მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ გასვლითი სხდომის დროს, როცა ბათუმში ჩამოვა, სკოლებსაც მოინახულებს.

„ამ თემაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესს კარგად უწყობს ხელს მასობრივი სპორტის განვითარება. თუმცა, ჯერ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, – გვეუბნება ის.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: