მთავარი,მულტიმედია,სიახლეები

ას წელს გადაცილებული ქალები აჭარიდან

21.07.2017 • 9339
ას წელს გადაცილებული ქალები აჭარიდან

სტატისტიკის თანახმად, ამჟამად აჭარაში ას წელს გადაცილებული 30 ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალია. გასულ წლებში აჭარაში ას წელს გადაცილებული მამაკაცებიც იყვნენ, თუმცა ას წელს გადაცილებულებს შორის ყოველთვის ქალები სჭარბობდნენ. ამას ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს: ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ას წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობს, 695 – ქალი, 154 – კაცი. 110 წელს გადაცილებული 58 მოქალაქედან კი მხოლოდ ექვსი კაცია.

იმავე ტენდენციაზე მეტყველებს მსოფლიო სტატისტიკაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემების თანახმად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-5 წლით აღემატება კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს.

ფიქრიე ირემაძე. ფოტო: Maria Che

ფიქრიე ირემაძე. ფოტო: Maria Che

ფიქრიე, 112 წლის

2017 წლის პირველ ივლისს ხულოში, სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ირემაძეების ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავენ. ოჯახის დიდი ბებია, ფიქრიე ირემაძე ამ დღეს 112 წლის გახდება. იგი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია არა მარტო სოფელში, არამედ მთელს აჭარაში.

112 წლის ფიქრიე ძირითადად წევს. სიარული უჭირს. საწოლის გვერდით ხელჯოხი და კრიალოსანი უდევს. ამბობს, რომ კრიალოსანი ლოცვის დროს ახსენებს, ხელჯოხი კი გადაადგილებაში ეხმარება.

ფიქრიე სმენასა და მხედველობას არ უჩივის, მაგრამ ბოლო ორი წელია მეხსიერების პრობლემები დაეწყო, – ძველი ამბები იშვიათად ახსენდება. თუმცა არასდროს ავიწყდება მთავარი წესი – იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული.

„ტანსაცმელი შალის უნდა იყოს, აბა, მასეთ რეზინას (სინთეთიკის ქსოვილისგან დამზადებულ სამოსზე უთითებს) რაფერ ჩევიცვამო“, – ამბობს.

„ზეთიან და მარგარინიან საჭმელს არ ჭამს, ფეხზე მარტო მატყლის ნასკებს იცვამს, ნატურალური საკვებით იკვებება, ჩვენთან არასდროს არავინ ეწეოდა სიგარეტს“, – ყვებიან ოჯახში.

ფიქრიემ 15 შვილი გააჩინა, 13 შვილი მცირეწლოვანი დაეღუპა. ახლა მას ნაბოლარა შვილი, 53 წლის ალექსანდრე და რძალი – შუშანა უვლიან.

„დედაჩემი 1905 წლის პირველ ივლისს ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში დაიბადა. 28 წლისა იყო, როდესაც ირემაძეებში გამოთხოვდა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს, სკოლაში არასდროს უვლია, რადგან ბავშვობიდან თვითონ უვლიდა ავადმყოფ დედას.

„როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ხანგრძლივი სიცოცხლის გენეტიკა გვაქვს, მამაჩემის მამამ 115 წლამდე იცოცხლა ისე, რომ არც სმენის პრობლემა ჰქონდა და არც მხედველობის. მახსოვს, მე ბავშვი ვიყავი, როდესაც ჩემი 115 წლის ბაბუა ღაბიდ ირემაძე ცხენზე შეჯდებოდა და წავიდოდა, დაგვიძახებდა, „დოხტორთან“ გავდივარო. მამის დედამ, ელვან ირემაძემ კი, 110 წელი იცოცხლა“, – გვიყვება ალექსანდრე ირემაძე.

რამდენიმე წლის წინ, სანამ ფიქრიეს ძველი ამბები ახსოვდა, ირემაძეების ოჯახში არაერთხელ მოსულან უხუცესის გაცნობის მსურველები, რომელთაც ფიქრიე საკუთარი თვალით ნანახ ამბებს უყვებოდა: როგორ დაინახა პირველად ავტომობილი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა შიშით უმზერდა, რა ტრადიციები იყო თითქმის ერთი საუკუნის წინ აჭარაში… ახლა ამ ამბებს მისი შვილი უყვება სტუმრებს. ფიქრიე კი საწოლში წევს და უსმენს. იქვე, საწოლთან, კედელზე, შვილთაშვილების ფოტოა მიმაგრებული.

 ანტისა ნორაკიძე. ფოტო: Maria Che

ანტისა ნორაკიძე. ფოტო: Maria Che

ანტისა, 101 წლის

101 წლის ანტისა ნორაკიძე ჩაქვში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს. ბოლო ხანია ძირითადად წევს, დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. მხედველობა ორი წლის წინ დაკარგა და ფეხებიც სტკივა. ანტისას შვილი, ავრორა უბირია უვლის. დედა-შვილი ერთად ცხოვრობს.

ანტისა 1917 წლის 7 თებერვალს ზუგდიდში დაიბადა. „მამა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, პოლონელი ქალი მოსწონდა და ჩემი და რომ დაიბადა, მას იმ ქალის სახელი, აპოლინარია დაარქვა. მერე მე დავიბადე. უმცროს დას არიადნა ერქვა, ძმას – ღუღუნი. ოთხივეს უცნაური სახელები გვქონდა. ეკითხებოდნენ კიდეც მამას, ასეთ სახელებს საიდან იგონებო“, – ყვება ანტისა.

შემდეგ სკოლა დაამთავრა და სწავლა თბილისში გააგრძელა, სადაც სამი წელი ცხოვრობდა. იქ გაიცნო მომავალი ქმარი. „სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. სწავლა რომ დავასრულეთ და დავიწყეთ მუშაობა, მერე ვიქორწინეთ, 1939 წელი იყო, მე 22 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი – 23 წლის. იანვარში აფხაზური წესით გადავიხადეთ ქორწილი. გოგოს ქორწილში ბიჭის ყოფნა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში მაყრიონი რომ მოვიდა, ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქმარიც მოჰყვა, თურმე გამოპარულიყო სახლიდან, ვერ გაეძლო. ამაზე ძალიან გაბრაზდა მისი საგვარეულო, მაგრამ რა უნდა ექნათ, ქორწილს ხომ არ ჩაშლიდნენ.

მერე ქმართან ერთად ზუგდიდში გადავედი საცხოვრებლად. დაიბადა ავრორა და რამდენიმე თვეში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ქმარი ომში წავიდა და დავრჩი მარტო შვილთან ერთად.“

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ანტისა ქმრის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ამაოდ. ქმარი კიევში დარჩა საცხოვრებლად, ანტისას კი წერილებს უგზავნიდა და აიმედებდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ამ პერიოდში ანტისა შვილთან ერთად დის ქმარმა, ვახტანგ მიქელაძემ ჩამოიყვანა ჩაქვში საცხოვრებლად, სადაც ანტისამ საბავშვო ბაღის გამგედ დაიწყო მუშაობა, თან იმედს არ კარგავდა, რომ ქმარი დაბრუნდებოდა.

ანტისას ყველაზე ცუდი მოგონება ის წუთებია, როდესაც ქმრის სანახავად კიევში ჩასულს ქმრის მისამართზე მისი ახალი ცოლ-შვილი დახვდა.

„ავრორასთან ერთად წავედი კიევში. მივედი მის სახლში და მასთან ერთად მისი შვილი და ცოლი დამხვდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი მოგონება ის წუთებია. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ისე ვენდობოდი, ისე მჯეროდა მისი, მისი სიტყვების, მოწერილი წერილების, რომ არც კი მიფიქრია, რომ ცოლს მოიყვანდა.

იმ დღეს იქ დავრჩით, გვითხრა, წადით, ამათ მივატოვებ და მალე ჩამოვალო. ავრორასთან ერთად ჩაქვში დავბრუნდი, მას შემდეგ წლები ველოდებოდი, წერილებს ისიც მიგზავნიდა და მაიმედებდა, რომ ჩამოვიდოდა. მისი გამოგზავნილი არც ერთი წერილი არ დამიწვავს, საგულდაგულოდ ვინახავდი…“

ქმარი საქართველოში აღარ დაბრუნებულა და ანტისა შვილთან, ავრორასთან ერთად საბოლოოდ დარჩა ჩაქვში.

ავრორა გერმანული ენის სპეციალისტია. სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ სკოლაში გერმანულის საათები შემცირდა და უკვე ორი წელია უმუშევარია. უვლის დედას და მამის მიერ გამოგზავნილ წერილებს.
„ადრე ხშირად გამოიტანდა ხოლმე დედა წერილებს, გადახედავდა, უცებ გაბრაზდებოდა და ისევ საგულდაგულოდ შეინახავდა. მაშინ პატარა ვიყავი, დედაჩემს არაფერს ვეკითხებოდი. როცა გავიზარდე, დავიწყე ამ წერილების კითხვა. სასიყვარულო წერილები იყო, ყველა წერილი „ანოთი“ იწყებოდა, მამა დედას მოფერებით ანოს ეძახდა“, – ამბობს ავრორა.

ანტისა და ავრორა პენსიით ცხოვრობენ. ორივეს პენსია ჯამში 360 ლარია, რაც წამლებში, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება.

ანტისას ცხოვრების განსაკუთრებული წესი არ აქვს, მხოლოდ მარილიან და ცხარე საკვებს ერიდება. „ბევრს დავდიოდი ფეხით, ბოსტანში მუშაობა მიყვარდა. ფიზიკურადაც ჯანმრთელი ვიყავი, ალბათ ამიტომაც ვცოცხლობ დიდხანსო“, – ამბობს.

თინა თაფლაძე. ფოტო: Maria Che

თინა თაფლაძე. ფოტო: Maria Che

თინა, 101 წლის

თინა თაფლაძე დაბა ხულოში ცხოვრობს. შვილები დიდი ხანია დაოჯახდნენ და ახლა თინას 22 შვილიშვილი, 33 შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი ჰყავს, მაგრამ ცხოვრება მაინც მარტო ურჩევნია. ამბობს, რომ ქალაქში, შვილებთან ჩასულს, დაბალი წნევა აწუხებს, ამიტომ ურჩევნია სახლში იყოს. ხშირად ჩადის ერთი-ერთ შვილთან, სოფელ ქედლებში.

„ეს არის ჩემი მომვლელი, ნარგული მივლის. ყველა მინდა და მიყვარს, მაგრამ ხმაურს ვეღარ ვუძლებ უკვე, მარტო ყოფნა მირჩევნია, მხოლოდ ქედლებში შვილთან ავდივარ რამდენიმე დღით და ისევ მივდივარ. სახლში არც მაცივარი მაქვს, არც აბაზანა. შვილიშვილი გამომივლის, წამოვიღებ სარეცხს და აქ მირეცხავენ, გაჭირვებულად მოვდივარ და დღემდე გაჭირვებულად ვარ, ამდენ თაობას მოვესწარი და სული ვერ ამოვითქვი. სიცხეს და დაბალ წნევას ვერ ვიტან, სიცხე რომ დაიწყება, ლოგინად ვვარდები, თუ მთაში, ბეშუმში, არ წავედი, არაფერი მშველის“, -გვიყვება თინა.

თინა ამბობს, რომ თავის დროზე განათლების მიღება ვერ შეძლო, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა.

„მხოლოდ ორი კლასი ვისწავლე, სკოლაში 7 წლისა რომ შევედი, ცხრა წლისა გამოვედი. უფროსი შვილი ვიყავი, სახლში საოჯახო საქმეები რომ გამეკეთებინა, სკოლიდან გამომიყვანეს. ცხრა წლიდან დაიწყო ჩემი შრომა. მშობლები კოლექტივში რომ წავიდოდნენ, მე, ცხრა წლის ბავშვს, საჭმელი უნდა გამეკეთებინა, დამელაგებინა, საქონელი გამეშვა… მე რაც ცხოვრებაში ვიშრომე და ვიწვალე, ამდენ შრომას ხარი და ცხენი ვერ გასწევდა“, – ყვება თინა.

19 წლის იყო, როცა სოფელ ვაშლოვნიდან მეზობელ სოფელში, ქედლებში გათხოვდა. მაჭანკალი ბიძა იყო. ისე მოიყვანეს მომავალი ქმრის სახლში, რომ ქმარს არც კი იცნობდა. გათხოვებამდე რომ ეთქვა, ქმრის დანახვა უნდოდა, იტყოდნენ, უწესო გოგოაო. ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მშობლები გადაწყვეტდნენ. 1942 წლის ზამთარი იდგა ხულოში, დიდთოვლობა. ქორწილის დროს მაყრიონი ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადავიდა. ქორწილი, ტრადიციულად, 24 საათს გაგრძელდა.

თვითონ შეძლებული ოჯახიდან იყო, ქმრის ოჯახში მისულს კი, შუა ზამთარში, მხოლოდ ერთი ვედრო სიმინდი დახვდა, წინ კი თებერვალი და მარტი იყო, ყველაზე რთული თვეები. თინას არაფერი შეუმჩნევია. „არც სახლში მითქვამს ახალი ოჯახის სიღარიბეზე რამე, ერთმანეთს რომ არ დავეშორებინეთ, მე და ჩემმა ქმარმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს“, – ამბობს თინა.

დაქორწინებიდან მალე დიდი შიმშილობა დაიწყო. ამ დროს შეეძინა პირველი შვილიც:

„20 წლის ვიყავი. ეთერი იყო პირველი, ეთერის ნანული მოჰყვა, მერე იყო ნარგული, მეოთხე ბიჭი შეგვეძინა, ბიჭის შემდეგ კიდევ სამი გოგო, სულ შვიდი შვილი მეყოლა, ერთი პატარაობისას დამეღუპა“.

თინას ყველაზე ცუდი მოგონება მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება. დღესაც თვალცრემლიანი იხსენებს იმ დროს, როცა შიმშილის მოსაკლავად წაბლის ხის ქერქს ფქვავდნენ.

„სოფლის ზევით მთაზე, რომელსაც „საფილეს“ ვეძახდით, მამამთილი ავიდოდა, წაბლს ქერქს მოაცლიდა და ჩამოიტანდა. ქერქს მოვხარშავდი, გავაშრობდი და იმას ვაფქვევდით, შავი ფქვილივით იყო. თითო თეფშ პურის ფქვილსა და ქერქს ავურევდით ერთმანეთში და იმისგან ვაცხობდით პურს, ხმიადს. თუ რძის ნაწარმი იყო, ხმიადს იმას მივაყოლებდით, თუ არა, მარტო პურს ვჭამდით. ზამთარი ასე გაგვქონდა. ზაფხულში ჩვენი საჭმელი ლობიო და კარტოფილი იყო, ისიც პურის გარეშე, ზამთრისთვის ვინახავდით პურის ფქვილს. ვჭამდით ყველა მცენარეს, რისი ჭამაც შეიძლებოდა. ასე გაჭირვებაში ვიყავით თითქმის შვიდი წელი. …მაგრამ ჯანმრთელი ქალი ვიყავი, ვერც შიმშილი მერეოდა, ვერც სიცივე. მაშინ სად იყო ამდენი თბილი ტანსაცმელი, შეშას მხარზე რომ დავიდებდი, კილომეტრობით გზას გავდიოდი მხარზე შეშით, რომ სახლში მომეტანა და შვილები გამეთბო.“

59 წლის იყო, ქმარი რომ გარდაეცვალა. ამბობს, რომ მას შემდეგ დაკარგა ცხოვრების ხალისი. დარჩა ექვს შვილთან ერთად, უმცროსი, ციური, 9 წლის იყო, უფროსი შვილი – უკვე დაქორწინებული.

თინა ამბობს, რომ ძირითადად სახლში მოყვანილი საკვებით იკვებება, ხორცს იშვიათად ჭამს, არც ბაზარში ნაყიდი ხილ-ბოსტნეული უყვარს. არც უძილობას უჩივის და არც მხედველობას, მატყლის თბილ წინდებს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს სათვალის გარეშე უქსოვს. მეოთხე თაობიდან ყველაზე უფროსი შვიდი წლის ნიკაა, ყველას სახელი მახსოვსო – ამბობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: