ბათუმში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში დღეს, 25 აპრილს, საღამოს, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების თქმით, დაზიანებულია ხუთზე მეტი მსუბუქი ავტომანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დამნაშავე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.

18110725_1919905931588595_1442366095_n
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში / 25.04.2017 / გიორგი ბოლქვაძის ფოტოები

18159879_1919907638255091_1275833764_o

სასამართლომ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ორივე მათგანი 23 აპრილს დააკავეს 11-12 მარტის აქციის საქმეზე. ბრალდებულებს მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი.

საბრალდებო დასკვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრის აღწერით იწყება. ამის შესახებ ბუხრაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ კონკრეტული მოქალაქეებისთვის შეღავათის გაწევა სთხოვა, ასევე უთხრა, რომ მართვის მოწმობა არ აქვს და ამის მიუხედავად, ავტომანქანით მოძრაობის დროს იგი არ უნდა დააჯარიმონ.

საბრალდებო დასკვნაში პროკურორებს ამ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ფაქტი, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას დაადასტურებდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ქვებისა და ჯოხების მომარაგებას სთხოვდნენ აქციის მონაწილეებს, “რათა შტურმით აეღოთ პოლიციის შენობა. მათი ქმედება განსაკუთრებით აგრესიული გახდა ღამის პირველი ნახევრიდან…” – წაიკითხა მოსამართლემ ამონარიდი პროკურატურის მიერ მომზადებული დასკვნიდან.

მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს ადვოკატი პაატა შავაძე იცავს, ირაკლი ჩხვირკიას – დავით ჩავლეიშვილი. მათი თქმით, საქმე მრავალტომიანია და ჯერჯერობით მტკიცებულებებს არ გასცნობიან.

“ძირითადად ბრალდება ეყრდნობა ექვსი მოქალაქის ჩვენებას, რომლებიც ამბობენ, რომ მერაბ ღოღობერიძე მათ მოუწოდებდა აქციაზე წასვლისკენ. ეს მოწოდება თავისთავად დანაშაულებრივი არ არის. ეს მოწმეებიც კი, რომლებიც იძულებით ჩაწერეს და ზოგიერთმა არც კი იცოდა, რას აწერდა ხელს, ვერ ადასტურებენ მასობრივი არეულობის მოწყობას,” – გვითხრა სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა შავაძემ.

საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. ის ამბობს, რომ რაც ნახა, იქ არსად ჩანს მასობრივი არეულობის მოწყობის ფაქტი.

მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეოკადრების გარდა საქმეში სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

სასამართლო პროცესზე საქმეს სამი პროკურორი წარმოადგენს: რამაზ შავაძე, ფრიდონ ქარცივაძე და ალექსანდრე ძირკვაძე.

პროკურორები ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. ახლა მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია უნდა მოისმინოს.

IMG_20170425_190235

IMG_20170425_190203

IMG_20170425_185357

IMG_20170425_185223

IMG_20170425_190210

რატომ დაგვიანდა ყოფილი ფოსტის ადგილზე სასტუმროს ოფიციალურად გახსნა

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI“-ის ოფიციალურად გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. კომპანია „აქთივ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის, მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, „მიმდინარეობს სამუშაოები შენობის რემონტის დასრულებაზე და ზაფხულის სეზონამდე ვაპირებთ სასტუმროს გახსნას, ასე ვთქვათ, სამთავრობო დონეზე. წმინდა ტექნიკური დეტალები გვაქვს დარჩენილი, რასაც მალე დავასრულებთ“.

მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, შენობა ექსპლუატაციაში გაშვებულია, მუშაობს კაზინო „პრინცესა“ და გასული წლის 23 დეკემბრიდან სასტუმროც ფუნქციონირებს. 146-ადგილიან სასტუმროს აქ კომპანია Wyndham Hotel Group-ი ამუშავებს; დასაქმებულია 470 ადამიანი, აქედან 300 კაზინოში, 170 კი – სასტუმროში.

რაც შეეხება პანდუსს, რის გამოც ბარათაშვილის ქუჩაზე ტროტუარი ქვეითებისთვის ფაქტობრივად ჩაიკეტა, მამუკა ზაქარაძე ამბობს, რომ ეს პრობლემაც მალე გადაიჭრება: „პანდუსის დემონტაჟი არ მოხდება, უბრალოდ, ტროტუარი გაფართოვდება“.

სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში გასული წლის აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა, მამუკა ზაქარაძის თქმით, „იყო პროექტის ცვლილება, შიდა დიზაინს ვგულისხმობ და ამას, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დასჭირდა იმაზე მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გავთვალეთ“.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი ფოსტის შენობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 2010 წელს ოფშორულ ზონაში ამავე წელს დაფუძნებულ კომპანიას „აქთივ ბათუმს“ 2 მილიონ 500 ათას დოლარად მიჰყიდა.

კომპანიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ახალმა ხელისუფლებამაც გამოიჩინა – რამდენჯერმე აპატიეს და გადაუწიეს ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმროს გასხნის ვადა.

2016 წლის იანვარში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებდა. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს, მთელი ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა.

ქონების მეპატრონე კვლავაც კომპანია „აქთივ ბათუმია“. „აქთივ ბათუმმა“ ახალი სასტუმროს ასაშენებლად ექვს მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორ გადავარჩინოთ ისტორიული არქიტექტურა -ირაკლი ჟვანიას ამერიკული გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ქალაქმშენებლობის ისტორია არც ისე ძველია, იქაც დასჭირდათ ბრძოლა ძველი უბნების იერსახის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა მას შემდეგ გახდა უფრო მასშტაბური და ორგანიზებული, როცა ამსტერდამში განსხვავებული არქიტექტურით ცნობილი სადგური დაანგრიეს. არქიტექტორები ამბობენ, რომ ეს იყო დანაკარგი, რომლის შემდეგაც ამერიკაში ხალხმა ძველი შენობების დასაცავად გაერთიანების საჭიროება გააცნობიერა.

როგორ უნდა გადავარჩინოთ ქალაქის ძველი უბნების არქიტექტურა, როცა ინვესტორს ახლის აშენება მისი დანგრევის ხარჯზე სურს და ქალაქის მმართველებისგან ამაზე თანხმობას იღებს? – როგორია ამ მხრივ სხვა ქვეყნების გამოცდილება და როგორ მოახერხეს ეს ამერიკაში? – ამ თემებზე „ბათუმელების“ კითხვებს არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ უპასუხა, რომელიც წლების განმავლობაში ნიუ იორკის მერიაში მუშაობდა.

ბატონო ირაკლი, თქვენ ამერიკული დღეების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად; ისაუბრეთ დეველოპერებზე, მშენებლებზე, რომლებმაც ფული ჩადეს ამაში. ამერიკაში დეველოპერებსაც აქვთ ძველის შენარჩუნების ინტერესი, თუ კანონმდებლობამ უზრუნველყო ეს?

ამას ორი პასუხი აქვს. პირველი ისაა, რომ, მაგალითად, ამსტერდამში, სამოციან წლებში შეიქმნა ფონდი, რომელშიც გაერთიანდა სახელმწიფო და მდიდარი ამსტერდამელები. მათი მიზანი იყო ძველი უბნების რეაბილიტაცია. თანდათან ამ ფონდში კერძო სექტორმა მოიმატა და როდესაც სახელმწიფომ დაინახა, რომ კერძო სექტორიდან საკმარისი თანხები შედიოდა, ნელ-ნელა უკან დაიხია და გამოვიდა ფონდიდან. მიდგომა ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუკი ქვეყანაში სუსტია კერძო სექტორი ან არ არის მოწოდებული ძველი შენობების, ძველი უბნების რეაბილიტაციაში ფული ჩადოს, სახელმწიფომ საგადასახადო მექანიზმებით უნდა შეუწყოს ხელი, რომ ისინი დაინტერესდნენ აი ამ საქმეში ფულის ჩადებით.

როგორ?

ძველი შენობის აღდგენის შემთხვევაში ინვესტორს დაბალ გადასახადებს უწესებენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს მოტივაციაც – ქალაქი უნდა გიყვარდეს, სხვანაირად წარმოუდგენელია. იქ, მდიდარი ხალხი, რომლებმაც ფულის ჩადება დაიწყეს, მოტივირებულები იყვნენ, რომ გადაერჩინათ ძველი ამსტერდამი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მთლიანად ქველმოქმედება. ეს იყო მოტივაციისა და ფინანსური დაინტერესების სინთეზი.
ამას ყველა ქვეყანაში ხელს უწყობს სახელმწიფო – თუ თქვენ ახორციელებთ აღდგენით ჩარევას ძველ სახლზე, ძველ უბანში, თქვენი გადასახადები ბევრად დაბალია. დღეს ჩვენთან ასეთი შეღავათები არ არსებობს.

ასეთი გზა ბევრს აქვს არჩეული?

ყველა ქალაქში ასეა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში შეძლებული ფენა ცხოვრობს, გაცილებით ძვირი ღირს კვადრატული მეტრი ისტორიულ შენობაში, ვიდრე ახალაშენებულში, ისტორიული შენობის მხოლოდ სტატუსი ასამმაგებს მის ფასს. ბევრად უფრო ძვირი ღირს ისტორიულ უბანში მიწის ყიდვაც, შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების დაწესება სერიოზული ფინანსური მოგებაა ინვესტორისთვის…
კულტურული მემკვიდრეობა არის შემოსავლის წყარო, რადგან მსოფლიოში ტურისტების 55 პროცენტი ძველი ქალაქის სანახავად მიდის. ბათუმი ტურისტული ქალაქია, ტურიზმის წარმატება კი გადის კულტურულ მემკვიდრეობაზე. არის ქალაქები, რომლებსაც შეუძლია ჰქონდეს ესეც და ზღვის ტურიზმიც. ბათუმი სწორედ ასეთია.

ასევე ცნობილია, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აღდგენა-რეაბილიტაციით, ვიდრე ახლის აშენებით: არქიტექტორი მონაწილეობს, რესტავრატორი მონაწილეობს, მონაწილეობენ სამშენებლო კომპანიები… და ამას ემატება სახელობო ცოდნის გადაცემაც – როგორ უნდა აღადგინო, როგორ უნდა გამოკვეთო ქვაში და ასე შემდეგ. საქართველოში ეს დაკარგულია, რადგან ამას აღარ ვაკეთებთ დიდი ხანია. შესაბამისად, ეს [აღდგენა-რეაბილიტაცია] არის ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესი, მით უფრო, რომ ადგილობრივ სამშენებლო მასალებს იყენებ და, შესაბამისად, ადგილობრივ ეკონომიკას ბევრად ახალისებ.

ეს ყველაფერი რეგულირდება საგადასახადო შეღავათებიდან დაწყებული, ძეგლთა დაცვის კანონით დამთავრებული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვენ გითხრათ, რომ ბათუმში, ძეგლებში მცხოვრები ადამიანები თავად ეძებენ ინვესტორს…

ეს სერიოზული პრობლემაა. ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება, საშუალო შემოსავალი ძალიან დაბალია, შესაბამისად, მოსახლეობას, რომელიც სტატუსის მატარებელ შენობაში ცხოვრობს, არ აქვს შესაძლებლობა სახლს ჩაუტაროს რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აქტიურობა მნიშვნელოვანია – უნდა ითვალისწინებდნენ პროფესიონალების აზრს და ყველა შენობის შენარჩუნება უნდა ხდებოდეს მაღალპროფესიულ დონეზე.
მეორე მხრივ, არსად არ ხდება ის, რაც ჩვენთან ძალიან ხშირად მოხდა – ძეგლს ჩამოართვეს სტატუსი. ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს, თუ ეს სახლი თავისით არ დაინგრა ან სტიქიამ არ დაანგრია. ამიტომაც ვერ იპოვის იქ [უცხოეთში] მცხოვრები ინვესტორს, როცა კანონი ამბობს, რომ ეს ძეგლია.
თუ ადამიანს სჭირდება საბინაო პირობების გაუმჯობესება, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. უნდა დაეხმაროს მუნიციპალიტეტი სრულად ან თანამონაწილეობთ. ამ შემთხვევაში გაჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესდებიან აღდგენით და არა დანგრევით. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ასეთ შენობებს გამოისყიდიან ფულიანი ინვესტორები და იქ აკეთებენ სასტუმროებს, ანუ იქ აღარ არის საცხოვრებელი ზონა…
დგება მომენტი, როცა კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ კონკრეტული გადაწყვეტილება რა შედეგს მოგვცემს და რა არის გამოსავალი, თუ დგას საკითხი, რომ შენობა უნდა დაინგრეს, უნდა ჩაერთოს ან სახელმწიფო, ან მოსახლეობა.

მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები დღემდე ყოფილა საქართველოში? – თუ არა, ვინ უნდა დააყენოს ეს საკითხი, ანუ მდიდრებს რომ მოუნდეთ კულტურული თუ ურბანული პროექტების დაფინანსება?

მე არ გამიგია მსგავსზე – ამის შესახებ გვისაუბრია, მაგრამ რაიმე სერიოზული ინიციატივა აუცილებლად გვჭირდება. თბილისში, მაგალითად, გვაქვს თბილისის განვითარების ფონდი, მაგრამ ეს სხვა რამეა. რომ შემოიყვანო ბიზნესმენები, მათ რაღაც შეღავათები სჭირდებათ, ამაში მოგება რომ დაინახონ.

მოსამართლე ოჯახში ძალადობაზე: ზუსტად იგივე განმეორდა

ცოლის ცემა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ვ.კ.-ს ედება ბრალად. გასული წლის 28 ოქტომბერს მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანალოგიურ ვითარებაში ოჯახში ძალადობა დაუდასტურა და პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სასჯელის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ისევ სცემა. საქმეს ამჯერად მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

„ზუსტად იგივე განმეორდა განაჩენის შემდეგ…“- თქვა მოსამართლემ, როცა აღმკვეთი ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის შეცვლის საკითხს განიხილავდა. ამ არგუმენტით მან საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე პატიმრობის გაუქმებაზე უარი თქვა.

„ვცნობ“,- მოკლედ მოუჭრა ბრალდებულმა მოსამართლეს კითხვაზე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ.

დაზარალებული, მისი მშობლები, მეზობლები და 10 წლის გოგო, რომელმაც დედის ცემას უყურა – მოწმეები არიან, თუმცა არც ერთი მათგანის ჩვენებას აღარ მოისმენს მოსამართლე – უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გამო.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზუსტად იმავე მოწმეებს სასამართლომ უკვე მოუსმინა, როცა გასულ წელს იმავე ბრალდებულის ოჯახში ძალადობის საქმე განიხილებოდა.

ბრალდებულს დავით კეკელიძე იცავს, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ იურისტი. მისი თქმით, ვ.კ. ცოლთან გაშორებულია და წინა წლის კონფლიქტის შემდეგ მარტო ცხოვრობს.

„იმ საღამოს ნასვამი მივიდა და ბავშვის წაყვანა ითხოვა, კაფეში უნდა ვავახშმოო. ყოფილმა მეუღლემ უარი უთხრა, რის გამოც მოხდა კონფლიქტი,“ – გვიყვება დავით კეკელიძე.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალს ცემის კვალიც ეტყობოდა. დაზიანების ხარისხი ექსპერტმა ისევ ისე შეაფასა, როგორც გასულ წელს – სხეულის დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ, – თქვენ გელოდებათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე“.

მხარეებს შორის ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. პროკურატურის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია ბრალდებულს კიდევ ერთხელ შეუფარდონ პირობითი მსჯავრი.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ახალი პროექტი ეთნიკურ უმცირესობებზე

დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურალისტთა სახლი“ ახალი პროექტის – „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ პრეზენტაციას გამართავს.

პროექტი რვათვიანია და მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოტივაციის ამაღლება, მათი წვლილის წარმოჩენა ქალაქის განვითარებაში და აქტიური ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რვა სატელევიზიო და ამდენივე ონლაინმასალის მომზადება.

გადაცემა „ჰეშთეგის“ ფორმატში გაკეთდება გადაცემები, „ბათუმელებში“, ელექტრონულ ფორმატში კი მომზადდება სტატიები დიასპორების წარმომადგენელთა შესახებ. ესენი შეიძლება იყვნენ დღეს ან წარსულში მოღვაწე ადამიანები, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქალაქის განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიები ჩანართის სახით დაიბეჭდება  ჟურნალ „ბათუმელებში“.

„შეიქმნება ახალგაზრდების კლუბი, სადაც ეთნიკური უმცირესობები იქნებიან გაერთიანებული და მათ მოუწევთ ოთხი საჯარო აქციის ჩატარება. მაგალითად, ტოლერანტობის, სიტყვის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, მოუწევთ ოთხი ინტერნეტგადაცემის გაკეთებაც, დიასპორებზე ერთი სიუჟეტის მომზადება. 31 ივლისს კი ვგეგმავთ ეროვნული უმცირესობების ფესტივალის ჩატარებას ბათუმის ბულვარში, სადაც ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი სამზარეულო, ნივთები, რომლებიც მათ ეროვნულობასთან ასოცირდება ან ვთქვათ, ძველი ფოტოსურათები გამოიტანონ,“- ამბობს ასლან ჭანიძე.

მისივე თქმით, ფესტივალზე არ გამოიფინება უცხო ქვეყნის დროშები „რადგან ამ ფესტივალზე აქცენტი გაკეთდება მხოლოდ იმაზე, რაც ამ ქალაქთან იქნება კავშირში“.

პროექტი ასევე ითვალისწინებს თვითმმართველობის არჩევნებზე უმცირესობების გააქტიურებას.

„რადგან ბათუმის საკრებულოში არც ერთი ეროვნული უმცირესობა არ არის წარმოდგენილი, გვინდა შევთავაზოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეხვდნენ უმცირესობების წარმომადგენლებს და წარუდგინონ თავიანთი პროგრამები, რადგან მოხდეს ამ ადამიანების ჩართვა საარჩევნო პროცესებში“.

ასლან ჭანიძის თქმით, პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. მედიაპარტნიორები არიან „ბათუმელები“ და აჭარის საზოგადეობრივი მაუწყებელი.

ასევე, პარტნიორები არიან: ბათუმის მერია, ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც ფესტივალის შესახებ 11 ქვეყანაში გაავრცელებს ინფორმაციას. „ასევე, ანბანის კოშკი, რომელიც დღეს პრეზენტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს“.

სამშენებლო ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა. ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიფტის შახტაში მამაკაცის ჩავარდნის შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშებებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე „ბათუმელებმა“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ვერ მიიღო. მშენებლობის დამკვეთია კომპანია „ქანი“, რომლის წარმომადგენელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჯერ დეტალურად, თუ რა მოხდა მშენებარე ობიექტზე, არ იცის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შახტაში ლიფტის კაბინა არ იყო დამონტაჟებული. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი კი, როგორც ადგილზე თქვეს, სავარაუდოდ, მეექვსე სართულის სიმაღლიდან ჩავარდა შახტაში.

მერაბ ფარტენაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის მომმარაგებელია, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი მშენებლობაზე არ იყო დასაქმებული.

„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ – აჭარაში დაგეგმილი აქტივობები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის – ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი! – მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის; მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა.

იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის რეგიონში დაგეგმილი აქტივობები:

25 აპრილი – შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ,,იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელ ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ვაქცინოპროფილაქტიკის პროცესში არსებული პრობლემების განხილვისა და 2017 წლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

26 აპრილი – ვიზიტი ხულოს მუნიციპალიტეტში თხილვანისა და ხიხაძირის საექიმო უბნებზე, მიზანი: ვაქცინაციის დაგეგმვის ხელშეწყობა, ბავშვთა ვაქცინაცია, სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ინსტრუქტაჟი.

27 აპრილი – ვიზიტი ხულოს მუნიციპალიტეტში აგარისა და ღორჯომის საექიმო უბნებზე, მიზანი: ვაქცინაციის დაგეგმვის ხელშეწყობა, ბავშვთა ვაქცინაცია, სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ინსტრუქტაჟი. – შეხვედრა ბათუმის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მშობლებთან და პერსონალთან თემაზე-იმუნიზაციის მნიშვნელობა.

28 აპრილი – ,,ვაქცინები მოქმედებს“ კონფერენცია იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრის თვეში ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თითმმართველობების თანამონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა იმუნიზაციის კუთხით 2016 წლის შედეგები და არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

მთავრობამ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესები განსაზღვრა

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“, რომელსაც პრემიერმა ხელი მიმდინარე წლის 20 აპრილს მოაწერა, ძალაში 2017 წლის პირველი ივლისიდან შევა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის წესების დადგენის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.“

საჯარო მოსამსახურეებზე ეთიკისა და ქცევის წესები გავრცელდება მათთვის დადგენილ ეთიკის ან/და ქცევის სპეციალურ წესებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. წესები გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზეც, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი.

ეთიკისა და ქცევის წესების მიხედვით საჯარო მოსამსახურე არის ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული, მას მოეთხოვება კანონიერება, კეთილსინდისიერება, პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

ამონარიდი საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებიდან:

საჯარო მოსამსახურე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან, ასევე პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების ინტერესებისგან, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.

საჯარო მოსამსახურე იღებს მხოლოდ კანონით ნებადართულ საჩუქარს და თავიდან ირიდებს ისეთი საჩუქრის მიღებას, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე.

საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ოდენობა არ აღემატება მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს.

საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთჯერადად ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება არ აღემატება მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს.

საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ აღემატება 1000 ლარს.

საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ერთჯერადად ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ აღემატება 500 ლარს.

საჯარო მოსამსახურეს, გარდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურისა, შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულება იმ საჯარო დაწესებულების პოლიტიკასთან მიმართებით, რომელშიც იგი მუშაობს, თუ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც შედის უშუალოდ მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან/და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. აღნიშნულ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურე უთითებს, რომ მისი შეხედულება არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულების პოზიციას.

საჯარო მოსამსახურე პატივისცემით ეპყრობა თანამშრომლებს, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

საჯარო მოსამსახურე გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად.

საჯარო მოსამსახურე, საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოქმედებს კეთილსინდისიერად და ბოროტად არ იყენებს ინფორმაციის მიწოდებისათვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

საჯარო მოსამსახურე საჯარო მომსახურების მიმღებ პირს აწვდის სრულყოფილ და დროულ მომსახურებას.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, ქედაში, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გუშინ, 24 აპრილს, ავრტოსაგზაო შემთხვევა ქედაში მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ ზვარესთან ამოყირავდა. შემთხვევის ადგილზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანის ამოყირავებისას გადმოვარდა და გადარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი: „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

სარფში 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „Master“-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ფსიქიატრიულის ახალი საიზოლაციო ოთახები გისოსების გარეშე

ბათუმის ფსიქიატრიულში მისულ პაციენტებს გისოსებიან ოთახებში აღარ მოათავსებენ. საიზოლაციო პალატები უკვე ბრონირებული მინით და შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისული პაციენტი პირველად საიზოლაციო ოთახში ხვდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე სამედიცინო პერსონალი კონკრეტული მიმართულებით მკურნალობას განსაზღვრავს. მამაკაცთა და ქალთა საიზოლაციო ოთახების კარიც და ფანჯარაც აქამდე რკინის გისოსებში იყო ჩასმული, რასაც დამამცირებელ მოპყრობად აფასებდა სახალხო დამცველი.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ომბუდსმენის შენიშვნა პირველ რიგში გაითვალისწინა ინვესტორმა და შენობის რეაბილიტაცია საიზოლაციო ოთახებიდან დაიწყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ახალი ტექნიკით ასევე აღიჭურვა სამრეცხაო, მოეწყო ბიბლიოთეკა.

ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო გასული წლის ბოლოს გასხვისდა. დაწესებულება 2 მილიონ 500 ათას ლარად შპს Health Care Group-მა შეიძინა. მან სამი წლის განმავლობაში ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ინვესტორი ვალდებულია, საავადმყოფოს პროფილი 50 წლით შეინარჩუნოს.

 

 

IMG_20170424_130553
ახალი საიზოლაციო ოთახები ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

fsiqitariuli 2

 

fsiqiatriuli 4
საიზოლაციო ოთახი გარემონტებამდე ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

 

IMG_20170424_132102
ახალი სამრეცხაო ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

 

IMG_20170424_131450
ბიბლიოთეკის ჭერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებმა თავად მორთეს, პაციენტთა ხელნაკეთია ჭაღიც.

IMG_20170424_131639

IMG_20170424_131509

 

ირაკლი ჟვანია: თუკი ვერ ვაშენებთ ისეთ შენობებს, რომლებიც ძეგლის სტატუსს დაიმსახურებენ, ესე იგი, ვერაფერს ვქმნით

დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში დოკუმენტური ფილმის – „არქიტექტურით მონათხრობი ამბავის“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. დისკუსია  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა გახსნა.

ფილმი ასახულია საქართველოს დედაქალაქში, თბილისში არსებული ურბანული დაგეგმარების პრობლემები. ფილმის მეორე ნაწილში – „ქალაქის ხმა“ საუბარია ნიუ-იორკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იმაზე თუ ქალაქის ისტორიული შენობებისა და უბნების შენარჩუნების მიზნით, რა ძალისხმევა გასწია საზოგადოებამ.

ფილმის ჩვენება დისკუსია, კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე
ფილმის ჩვენება, დისკუსია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე

„მშვიდობის კორპუსის“ მონაწილე მერი ჩენდლერმა წარმოადგინა ქართული და ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შედარებითი ანალიზი. დისკუსიაზე მოწვეული იყო ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიანტი,  არქიტექტორი ირაკლი ჟვანია და არქიტექტორი გია რამიშვილი.

ირაკლი ჟვანიამ, ძირითადად, აშშ-ის საკანონმდებლო ნორმებზე ისაუბრა, რომელიც გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ქართული კანონმდებლობა.

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციები დეტალურია და ხშირად ისეთი ნიუანსებიც კი არის გათვალისწინებული, როგორიცაა, მაგალითად, წარწერები ამა  თუ იმ შენობაზე.

„ინვესტორი კი ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და ასახოს პროექტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტს მსვლელობა არ მიეცემა. გაწერილია ქუჩები და უბნები, თუ სად, მშენებლობის რა რეგულაცია მოქმედებს.

ერთი პროექტის განხილვა შესაძლებელია 2-3 წელიც კი მიმდინარეობდეს.  კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ეს პროცედურები კიდევ უფრო მეტად  დაცულია. თბილისის მერი კი ცოტა ხნის წინ თავს იწონებდა იმით, რომ გაამარტივებდა სამშენებლო ნებართვების გაცემას, რაც დაუშვებელია“.

ირაკლი ჟვანიას თქმით, თანამედროვეობაში ისეთი არქიტექტურა უნდა შეიქმნას, რომელიც სამომავლოდ ისტორიული მემკვიდრეობა გახდება. „თუ ჩვენ ვერ ვქმნით ისეთ შენობებს, რომლებიც მომავალში ძეგლის სტატუსს დაიმსახურებენ, ესე იგი, ვერ ვქმნით ვერაფერს,“ – თქვა მან.

ირაკლი ჟვანია და გია რამიშვილი, საქართველოს და აშშ-ს გამოცდილებაზე საუბრობენ კულტურული მემკვიდრეობის საკითხში.
ირაკლი ჟვანია და გია რამიშვილი საუბრობენ საქართველოსა და აშშ-ს გამოცდილებაზე კულტურული მემკვიდრეობის საკითხში.

გია რამიშვილმა ისაუბრა საზოგადოებრივ როლზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. „ფილმში საუბარი იყო იმაზე, რომ ხალხი სთხოვს ხელისუფლებას და ხელისუფლება ასრულებს. ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ყოველთვის მოდის ქვევიდან ზევით და არა პირიქით,“- ამბობს ის.

არქიტექტორების თქმით,  კონკრეტულ პროექტზე უნდა არსებობდეს არა ერთი ხელოვნებათმცოდნის, არამედ კვალიფიციური და გამოცდილი ორგანიზაციის დასკვნა, რომ ესა თუ ის პროექტი არ ამახინჯებს ისტორიულ, კულტურულ გარემოს და დაცულია ყველა ნორმა.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“ აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

„მშვიდობის კორპუსის“ მონაწილე მერი ჩენდლერი
„მშვიდობის კორპუსის“ მონაწილე მერი ჩენდლერი

მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო

11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 24 აპრილს, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ “ბათუმელებს” მისმა ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ უთხრა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი ახლახან დატოვა.

ზაზა პაპიძის თქმით, მერაბ ღოღობერიძე აპროტესტებს წარდგენილ ბრალს – მასობრივი არეულობის მოწყობას და იმას, რომ დღეს სასამართლოში მისი მიყვანა ვერ მოხერხდა.

დღეს მერაბ ღოღობერიძის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე უნდა განეხილა სასამართლოს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მისი სასამართლოში მიყვანა ვერ უზრუნველყო.

ზაზა პაპიძის თქმით, იზოლატორში არ შესულა შეტყობინება მერაბ ღოღობერიძის სასამართლოში გადაყვანის შესახებ, ხოლო საპატრულო პოლიციისგან ამ დრომდე ვერ მიიღო ინფორმაცია, რის გამო არ გადაიყვანეს დაკავებული სასამართლოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” ასევე ვერ უთხრეს მიზეზი, რატომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება საპატრულო დეპარტამენტმა.

K-3 – უგულებელყოფილი გამწვანების კოეფიციენტი ბათუმში

რამდენიმე პალმა და სამი მწვანე ბუჩქი – ეს 12-სართულიანი სახლის გამწვანებაა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ამ სახლის ერთ სართულზე ერთ სადარბაზოში ხუთი, გამონაკლის შემთხვევებში კი ოთხი ბინაა განთავსებული. სახლს აქვს პატარა ეზო [დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი] და არ აქვს ადგილი პარკინგისთვის. ამ პატარა ეზოში კი ხუთი – ან ექვსი მეტრი სიგრძის ვიწრო გაზონია, რომელშიც რამდენიმე პალმა დაურგავთ – ეს ბათუმში მშენებარე ან უკვე დასრულებულ პროექტებში გამწვანების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბევრი უკვე აშენებული და მიმდინარე პროექტის შემთხვევაში k3 , ანუ გამწვანების კოეფიციენტი საერთოდ უგულებელყოფილია.

ამ სახლის წინა, ფასადის მხარეს 15-სართულიანი სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, რომელსაც ეზოსთვის პატარა ადგილი აქვს. სავარაუდოდ, გამწვანებული ეზო არც მას ექნება მომავლში. გვერდით კი იგივე კომპანია „ბი აი სი“ კიდევ ერთ 12-სართულიან კორპუსს აშენებს. როგორც ადგილზე კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა „ბათუმელებს“, ამ მშენებარე სახლს ექნება ადგილი პარკინგისთვის, იმავე მასშტაბების ეზო და გამწვანება: „ ამ გაზონს ბოლომდე გავაგრძელებთ“.როგორც ჩანს, პროექტის ავტორმა, და ასევე ნებართვის გამცემმა ბათუმის მერიამ ჩათვალა, რომ საკმარისია ამ ტიპის გამწვანება 12-სართულიანი სახლისთვის, რომლის გვერდით და წინა, ფასადის მხარეს კიდევ ორი მაღლივი სახლი შენდება.

მშენებლობის სანებართვო მოწმობის მიხედვით, ამ სახლის მშენებლობაზე მერიამ ნებართვა 2016 წლის აპრილში გასცა, დასრულების თარიღად კი 2017 წლის ნოემბერია მითითებული.

ახალი თორმეტსართულიანი სახლი უკვე არსებული სახლის გვერდით. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა.
ახალი თორმეტსართულიანი სახლი უკვე არსებული სახლის გვერდით. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა.

კომპანია „ბმბ დეველოპერმა“ ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში 15-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა. ამ სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიას 2015 წელს გაუცია. სახლის ფასადი გორგილაძის ქუჩაზე გადის, შიდა მხრიდან კი სახლს აქვს პატარა ეზო [ 150 კვ.მ], პარგინგისთვის კი ადგილი საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული. ამ ფართობის გაყოფა მოუწევს იმ 120 ოჯახს პარკინგისთვის, რომელმაც ამ სახლში ბინა უკვე იყიდა, ან მომავალში იყიდის. რაც შეეხება გამწვანებას – ამასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელმა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ჯერ არ არის გათვალისწინებული“ და მომავალში რა იქნება არ იცის.

თხუთმეტსართულიანი სახლის ეზო
თხუთმეტსართულიანი სახლის ეზო

ბათუმში ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში 15-სართულიანი კორპუსს შპს „სოლიდოსი“ „გუმბათი ჯგუფის“ დაკვეთით აშენებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სახლის ერთ სადარბაზოში საშუალოდ ხუთი-ექვსი ბინაა გათვალისწინებული. მთელ სახლში კი 120 ბინა იქნება. კომპანიას პარკინგისა და ეზოსთვის დაახლოებით 600 კვადრატი ადგილი აქვს გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ეზოს დიდი ნაწილი 400 კვ.მ დახურული იქნება. ე.წ. ნულოვანი სართული. ღია ეზო კი დაახლოებით 200 კვ.მ იქნება. მშენებლობაზე ნებართვა 2016 წლის დეკემბერშია გაცემული, დასრულების თარიღად კი 2020 წელია მითითებული.

IMG_9362

განაშენიანების რეგულირების წესებს ბათუმში საქართველოს მთავრობის რამდენიმე დადგენილების გარდა, ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილება არეგულირებს. ამ დადგენილების მიხედვით,
დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში გამწვანების კოეფიციენტად {k-3] 0,2 -ია დადგენილი. საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში კი k-3 0,1-ა. გამწვანების კოეფიციენტი იგივეა მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში და ასევე საზოგადოებრივ საქმიან ზონაშიც. გამწვანების კოეფიციენტის მაჩვენებელი არც საკურორტო-რეკრეაციულ ზონაში იცვლება, გამწვანების კოეფიციენტი აქაც 0,1 -ია, თუმცა ამ შემთხვევაში დაბალია k1 – მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი და k-2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.

შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით, მენაშენემ სამშენებლო მოედნის 10% უნდა გაამწვანოს. უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიხედვით კი, ეს დათქმა ბევრად შემცირებულია: ეზოში დარგული ოთხი პალმა მენაშენის მოსაზრებით საკმარისი გამწვანებაა 15-სართულიანი სახლის ეზოს გამწვანებისთვის ან საერთოდ უგულებელყოფილია.

საკრებულოს 50-ე დადგენილების მე-14 თავის მე-16-ე პუნქტის მიხედვით, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დამტკიცების შემდეგ ან/და არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შემდეგ მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა იმდაგვარად, რომ ირღვევა ქალაქთმშენებლობის დოკუმენტით დადგენილი მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 ან მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი k-2 ან/და გამწვანების კოეფიციენტი k-3, მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია უარი უთხრას განმცხადებელს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობებზე ნებართვების გაცემისას k-3 მოთხოვნა ყოველთვის გათვალისწინებულია, მაგრამ თუ ადგილზე მოქმედებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ ზონაში სახლს გამწვანება არ აქვს „შეიძლება ცვლილება შევიდა პროექტში.“ ცვლილება პროექტშიც მერიასთნ თახმდება.

თხუთმეტსართულიანი სახლის ღია ეზო
15-სართულიანი სახლის ღია ეზო

ბათუმში აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის კვირეული დაიწყო

დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების 25-წლიანი თანამშრომლობის კვირეული გაიხსნა. ღონისძიება ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა აშშ-სა და საქართველოს ჰიმნებით გახსნა. შეხვედრას აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა ესწრებოდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

ორი ქვეყნის ჰიმნების შესრულების შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის ვიდეომიმართვა მოვისმინეთ.

საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის ვიდეო მიმართვა
საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის ვიდეომიმართვა

ელჩმა ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა საქართველო-აშშ-ის სტარეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას.

აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა ლორა ჰოჩლამ ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს წვლილზე.

ლორა ჰოჩლას თქმით, ამ 25 წლის მანძილზე ამერიკის მთავრობამ, საელჩოს და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეშვეობით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ქართველ ხალხის მხარდასაჭერად.

ლორა ჰოჩლა
ლორა ჰოჩლა

„ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ გვაერთიანებდა საერთო მიზნები და ფასეულობები, რომ ჩვენს ოჯახებს შევუქმნათ უსაფრთხო და თავისუფალი გარემო. ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის, ერაყისა და ავღანეთის  ნატოს მისიებში მონაწილეობისთვის და იმისთვის, რომ ის ამ რთულ რეგიონში არის ნათელი წერტილი დემოკრატიის, გახსნილობის, გამჭვირვალობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

მე ჩემს პირად გამოცდილებაზეც შემიძლია გითხრათ, როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩემი შვილები 4 და 1 წლისანი იყვნენ, ახლა კი ჩემი გოგონა 4 წლისაა და ეს წლები საქართველოში გაატარა, ასე რომ ისიც ქართველია“, – აღნიშნა მან.  საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა ასევე მადლობა გადაუხადა „მშვიდობის კორპუსის“ მონაწილეებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების ორი წელი საქართველოს მიუძღვნეს.

აშშ-საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობის აღნიშვნა ბათუმის ამერიკულ კუთხეში
აშშ-საქართველოს 25 -წლიანი ურთიერთობის აღნიშვნა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ამერიკა-საქართველოს 25-წლიან ურთიერთობაზე ისაუბრეს ქალაქის მერმა და უნივერსიტეტის რექტორმა. შემდეგ გოგონათა გუნდმა კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი შეასრულა. შეხვედრაზე ახალგაზრდა გამომგონებლების ნამუშევრებსაც გაეცნენ.

 

ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდი
ლაღიძის გოგონათა აკადემიური გუნდი

კვირეულის ფარგლებში დღეს ასევე დაგეგმილია გამოფენა – „ჯონ სტეინბეკის და რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში“, ძმები ნობელების მუზეუმში. 15:00 საათზე კი ამერიკულ კუთხეში დოკუმენტური ფილმის – „ურბანული დაგეგმარება“ ჩვენება და დისკუსია გაიმართება.

2

ხელვაჩაური 1-ის წყალსაცავთან აჭარისწყალი საავტომობილო გზას გაუსწორდა

ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე აგებულ ჰიდროელექტროსადგურთან არსებულ წყალსაცავში წყლის დონე პერიოდულად იმატებს და საავტომობილო გზას უსწორდება. სოფელ აჭარისწყლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ჯერ მათთვის წყალსაცავს პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა მომავალში შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„წყალი ფანჯარასთანაა მომდგარი და როდის გადმოვა, არ ვიცით.  საშიშროების წინაშე ვდგავართ. კომპანიამ გვითხრა ჯებირებს გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ, როდის გააკეთებენ, არც ის ვიცი,“ – ამბობს სოფელ აჭარისწყალში მცხოვრები ეკა გოგიტიძე.

საცხოვრებელი გარემოს შეცვლაზე საუბრობს დავით თურმანიძე, მისი სახლი მდინარე აჭარისწყლის პირას დგას.

„წყნარ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეულები, ახლა კიდევ მუდმივად მტვერი და ხმაურია. სახლის კედლები დაიბზარა, დიდი მანქანები რომ გაივლიან, სახლი ქანაობს. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ ალბათ გაანგარიშებული აქვთ, რომ არ დავიტბორებით,“ – ამბობს დავითი.

კალაპოტური ტიპის 42.81 მგვტ-ანი ჰიდროელექტროსადგური „ხელვაჩაური 1“ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-მა ააშენა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰესი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის და არც წყლის დონე მოიმატებს საგანგაშოდ.

მდინარე აჭარისწყალი ბათუმი-ხულო-აჭარისწყლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი

მდინარე აჭარისწყალი
ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი

"ხელვაჩაური I"

“ხელვაჩაური I”

IMG_0073 (Copy)

IMG_0029 (Copy)

დავით თურმანიძე

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსლან ჩიქოვანს, ხოლო 8 წლით – კაკო ტუღუშს. ორივეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. კაკო ტუღუშის ადგილსამყოფელი უცნობია, მას დღემდე ეძებენ, ხოლო რუსლან ჩიქოვანი გასული წლის აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები, დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ორი ბიზნესმენისგან.

„თქვენ მთავარ ხერხემალს წარმოადგენდით ქურდული სამყაროს… ამაში დავრწმუნდი, როცა დაზარალებულების ჩვენებები მოვისმინე,“ – მიმართა რუსლან ჩიქოვანს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, ვიდრე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა.

რუსლან ჩიქოვანს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაც ედებოდა ბრალად. პროკურატურის მიერ საქმეზე მინიჭებული კვალიფიკაცია ამ შემთხვევაში სრულად გაიზიარა სასამართლომ.

სასამართლოს წინა სხდომაზე რუსლან ჩიქოვანმა ჩვენების მიცემის დროს  მოსამართლეს უთხრა, რომ ის ქურდული სამყაროს წევრი არ არის, თუმცა დაადასტურა, რომ მისთვის მანამდე უცნობი ქართველი და თურქი ბიზნესმენი ერთმანეთს თვითონ შეახვედრა. „იმისთვის გავაკეთე ეს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო, მე მათ საუბარში საერთოდ არ ჩავრეულვარ,“- თქვა მსჯავრდებულმა რუსლან ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი წინა წლებშიც იხდიდა სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, როცა გასული წლის აგვისტოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.

რაც შეეხება კაკო ტუღუშს, რომელიც მიიმალა და ამისთვის მას უფრო მძიმე სასჯელი შეეფარდა, ის რუსლან ჩიქოვანის მეგობრის შვილია. სკაიპით ჩანაწერში უშუალოდ კაკო ტუღუშის საუბრებია დაფიქსირებული დაზარალებულ ბიზნესმენებთან.

მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ სასამართლოში ვერ მიიყვანა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მერაბ ღოღობერიძის საქმის გადადება მოუწია. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია, რის გამო ვერ მოხერხდა მერაბ ღოღობერიძის წარმოდგენა. დარბაზი უკომენტაროდ დატოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, წესით, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რის გამო ვერ მოვიდა სასამართლოში თავის  სხდომაზე მერაბ ღოღობერიძე. ამის შესახებ ინფორმაციას არც დაკავებულის ადვოკატი ფლობს.

სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს ამავე საქმეზე მორიგი სხდომის თარიღი.

მერაბ ღოღობერიძე გუშინ, 23 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ავტომანქანით მოძრაობის დროს ღვედის არქონის გამო. საღამოს მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი მასობრივი არეულობის ორგანიზების მუხლით.

ჯომარდობა აჭარისწყალზე [ფოტო]

სერგეი საზონოვი ჯომარდობას მახუნცეთში რამდენიმე თვეა ეწევა. იგი ვოლგოგრადიდანაა, რუსეთის მოქალაქეა და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში.  სერგეი საცხოვრებლად ოთახს მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ, დაბა მახუნცეთში ქირაობს და აქ ცოლთან, ორ მცირეწლოვან შვილთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მეგობრები – ალექსანდრე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ანატოლი და იური – პროფესიონალი ინსტრუქტორები არიან.

„საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვედი. როდესაც მახუნცეთი ვნახე, გადავწყვიტე  ჯომარდობის ბიზნესი დამეწყო. ვერ ვიტყვი, რომ მომგებიანია ახლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ  ზაფხულში, როცა მეტი ტურისტი ჩამოვა, მეტი კლიენტი გვეყოლება“ – ამბობს სერგეი. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის ინდმეწარმის სტატუსით ეწევა საქმიანობას – საჯომარდო ტურების განხორციელებას.

ჯომარდობისთვის საჭირო მოწყობილობა სერგეის საცხოვრებელი სახლის ეზოში აქვს. იქვე დგას ორი ავტომობილიც. როგორც სერგეი ამბობს, როცა მახუნცეთში ასული ტურისტი სერგეის ნავით მდინარე აჭარისწყალზე ეშვება, მას ინსტრუქტორების ნაწილი  მიყვება, დანარჩენები კი ნავის ამოსატანად ავტომობილით მიდიან:

„მარშრუტი მახუნცეთიდან იწყება და ჭადრების ტერიტორიაზე სრულდება, სულ  5 კილომეტრია, უსაფრთხოა ნამდვილად. ჩვენ გვაქვს სპეციალური აღჭურვილობა, რასაც ვაძლევთ ტურისტს, ამავდროულად მას ინსტრუქტორიც თან მიჰყვება.“

სერგეის, ამ დროისთვის სამი ნავი აქვს, რომლებიც ერთდროულად 20 ადამიანს იტევს. ამბობს, რომ ორ ადამიანზე გათვლილი ნავებიც აქვთ, რაც ძირითადად პროფესიონალებისთვისაა. ტურისტისთვის მდინარეზე ნავით დაშვება 30 ლარი ღირს.

„მაისში, დამატებით, სამი ნავის შეძენას ვაპირებ, სულ ექვსი ნავი გვექნება, ბიზნესის წამოწყება, ნავების, მოწყობილობებისა და ავტომობილების შეძენა 30 000 დოლარი დამიჯდა. ვფიქრობ, მომგებიანი ბიზნესი იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი მაქვს“ – ამბობს სერგეი.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

18042918_1336409959788040_633834537_o

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

როდის დასრულდება ხულოს სოფელ აგარაში სკოლის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 2014 წელს დაწყებული საჯარო სკოლის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. მოსწავლეებს სწავლა ისევ, ძველ და ავარიულ შენობაში უწევთ. სკოლაში 92 მოსწავლე ირიცხება და 18 პედაგოგი ასწავლის.

18110086_839606919522070_1548982248_o
სკოლის ძველი შენობა აგარაში სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს

სოფელ აგარაში ოთხსართულიანი [12- კლასიანი] საჯარო სკოლის ასაშენებლად ტენდერი, აჭარის განათლების სამინისტრომ, 2014 წლის 24 ივლისს 1 მილიონ 45 ათას 886 ლარზე გამოაცხადა. სკოლისა და სასპორტო დარბაზის ასაშენებლად სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ ტენდერში ინდ. მეწარმე გოჩა აბაშიძემ გაიმარჯვა, ხელშეკრულება კი სამინისტროსა და მეწარმეს შორის 955 ათას ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულებით სკოლის მშენებლობა 2015 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ მეწარმეს შენობის ჩაბარების ვადა 12 დეკემბრამდე გაუგრძელა.

აგარაში სკოლის შენობის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება სამინისტროს მეორედ მოუხდა, 2016 წლის 8 ივლისს. ამჯერად, აგარის საჯარო სკოლასთან ერთად ალამბრის, ჩაისუბნის, ქვედა სამების, ბათუმის N3 და N29 საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, „შავ სიაში“ რეგისტრირებულ შპს „ნიკარემსტროი“ -ს საქართველოს ფილიალთან 597 ათას 88 ლარზე 12 აგვისტოს გააფორმა. აგარის სკოლის დასასრულებლად და მასთან ერთად ხუთი სკოლის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების ვადა სამინისტრომ ამ კომპანიასაც გაუგრძელა – მიმდინარე წლის 30 მაისამდე.

18120228_839606829522079_562215653_oხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე იმედოვნებს, რომ სკოლის ახალ შენობაში სასწავლო პროცესს სექტემბრიდან დაიწყებენ: „ამ დროისთვის აგარის სკოლის მშენებლობის სამუშაოები დასრულებულია. აშენებულია სკოლის 4-სართულიანი შენობა, მიმდინარეობს შიგა მოწყობითი სამუშაოები. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და იქნება ცენტრალური გათბობა. სკოლის მშენებლობის დასრულების გაჭიანურება ყოფილი კომპანიის შეუსრულებელმა სამუშაოებმა გამოიწვია, ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებამ კი პროცესი დროში გაწელა.  რაც შეეხება სასწავლო პროცესს სოფელ აგარაში, ყოფილ სკოლაში გრძელდება, მართალია, სკოლა არ შეესაბამება სასწავლო გარემოს, თუმცა არც ისეთი მდგომარეობაა, რომ  სასწავლო პროცესი სხვაგან გადავიტანოთ, ამ შენობას 2008 წელს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა“.

აგარის სკოლის გარდა, ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მხოლოდ სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს.

18119832_839607242855371_577354738_o
სკოლის მშენებარე ახალი კორპუსი აგარაში / ასლან მგელაძის ფოტოები

დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი 3 საათი არ შეუშვეს

11-12 მარტის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი სამი საათის განმავლობაში არ შეუშვეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ზაზა პაპიძე მას შემდეგ შევიდა, როცა იზოლატორი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა.

„ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს მერაბი შუადღისას, დამირეკა და მთხოვა, მისი დაცვის უფლება განმეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ მას ეს უფლება შეუზღუდეს. სასამართლოში გადაყვანამდე მან თვითდაზიანებაც სცადა პოლიციის მანქანაზე თავის მირტყმით. მას ასევე დაზიანებული აქვს ხელის მაჯები”, – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე პოლიციელებმა სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ის ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

საღამოს შვიდ საათზე მერაბ ღოღობერიძე ისევ პოლიციის განყოფილებაში დააბრუნეს და ხელწერილით გაუშვეს, რადგან სასამართლოში სამუშაო საათები დასრულებული იყო, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა კი 12 საათია. პოლიციის შენობიდან გამოსვლამდე, 19 საათსა და 42 წუთზე მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მერაბ ღოღობერიძეს ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებაში ედება ბრალი, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ გაურკვეველია, რატომ არ დააკავა თავიდანვე პოლიციამ ღოღობერიძე სისხლის სამართლის წესით, როცა მის დაკავებაზე მოსამართლეს განჩინებისთვის დღის 12 საათზე ჰქონდა ხელი მოწერილი.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ვერ მიიღო პასუხი წინასწარი დაკავების იზოლატორში, რის გამო არ უშვებდნენ იქ მას.

დაცვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამომძიებელი თავად დაუკავშირდა დაკავებულის ოჯახს, ხოლო შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ადვოკატი იზოლატორში დაუბრკოლებლად შეუშვეს.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, 11-12 მარტის აქციის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს – ირაკლი ჩხირკვია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი. მას სამართალდამცველებმა თბილისში წაუყენეს ბრალი – მასობრივი არეულობის ორგანიზება.

 

 

 

ღია ჭები ბაგრატიონის ქუჩაზე [ფოტოამბავი]

ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ტროტუარზე ორი თავღია ჭაა. ჭები წყლითაა სავსე. ფეხით მოსიარულე ამ მონაკვეთში შეიძლება დაზიანდეს. ღია ჭები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ტროტუარი გადათხრილია და ფეხით მოსიარულეებს სამანქანო გზაზე გადასვლა უწევთ, რაც სიცოხლისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ბაგრატიონის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილების გარდა ტრაილერებიც მოძრაობენ.

ბაგრატიონის ქუჩა
ბაგრატიონის ქუჩა
ბაგრატიონის ქუჩა
ბაგრატიონის ქუჩა

 

სარედაქციო სვეტი ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში

გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელების” პირველ, 2017 წლის მარტის ნომერში. 

ჟურნალს, რომელსაც ახლა კითხულობთ, „ბათუმელები“ კი ჰქვია, მაგრამ სულაც არ არის მხოლოდ ბათუმზე. უბრალოდ ამ ჟურნალს ის გუნდი აკეთებს, რომელიც 16 წლის მანძილზე ყოველკვირეულ გაზეთ „ბათუმელებს“ გამოსცემდა.

წელს გადავწყვიტეთ, რომ „ბათუმელებმა“ ახალი სიცოცხლე დაიწყოს და გამოვა ჟურნალი, თვეში ერთხელ.

გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება სულაც არ იყო იოლი. გაზეთმა 16 წელი იარსება და ამ ხნის მანძილზე არა ერთ გამოწვევას გაუძლო. გაზეთის და ახლა უკვე ჟურნალ „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს, რომელმაც დააფუძნა ეს გამოცემა, ჯერ კიდევ უჭირს ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება.

მაგრამ „ბათუმელებისთვის“ ახლა სხვა გამოწვევების დრო დადგა. დღეს, ლაივსტრიმებისა და სოციალური მედიის ეპოქაში, როცა ახალი ამბები სულ უფრო და უფრო მოკლდება და მკითხველები ინტერნეტმედიაში ხშირად მხოლოდ სათაურებით ეცნობიან სიახლეებს, გადავწყვიტეთ, ჟურნალში მოგითხროთ ისეთ ამბებზე, რომელთაც უცებ ვერ დაივიწყებთ, წლების შემდეგაც ინტერესით წაიკითხავთ და ამბებზე, რომლებიც აგიხსნით წაკითხულ, მაგრამ მაინც გაუგებარ სათაურებს.

ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა დღეს უფრო საჭიროა, ვიდრე ყოველკვირეული, „მალფუჭებადი“ თემების ანალიზი. მით უფრო, რომ შპს „გაზეთ ბათუმელებს“ აქვს ორი ვებგვერდი: netgazeti.ge და batumelebi.ge, სადაც ყოველდღიურად ვაშუქებთ ახალ ამბებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჟურნალის გამოცემა.

ცვლილებები არასდროს არის ადვილი. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ, რომ გადაწყვეტილება სწორია. „ბათუმელები“, როგორც ჟურნალი, ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა მას აქვს „ხასიათი“, რომელიც გაზეთ „ბათუმელებიდან“ ერგო – „ბათუმელები“ რჩება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ, კრიტიკულ გამოცემად. მომავალ, აპრილის ნომერში ჟურნალს რამდენიმე ახალი რუბრიკა დაემატება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

ახლა კი ცოტა რამ ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერზე.

მოკლე ახალ ამბებში ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება. წელს ბათუმში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილის ტრაგედია მხოლოდ მშრალი ფაქტის კონსტატაციად დარჩა და მალე დავივიწყეთ, არავინ დაინტერესებულა ამ ადამიანებით, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ საზოგადოებაში ასეთ ტრაგიკულ ამბავს ბევრი რამ შეიძლებოდა შეეცვალა და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს საზოგადოების გულგრილობისა და გაუმართავი სოციალური პოლიტიკის მსხვერპლი.

სანამ სოციალური პოლიტიკა ქვეყნის ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად რჩება და გაურკვეველია როგორ აისახება სოციალური უფლებები კონსტიტუციაში, აჭარაში კომპანია, რომელიც მეხუთე წელია საერთაშორისო მაგისტრალზე ხიდს ვერ აკეთებს, მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადაზიდვითაა დაკავებული. ხეების გადაზიდვა, როგორც ჩანს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, აი, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე ხიდი კი ჯერაც დაუსრულებელია. ჟურნალში ამაზე იპოვით სტატიას.

ამ ნომრის ერთ-ერთი მთავარი სტატია საქართველოში ყველაზე გახმაურებულ თემაზეა, რომელსაც „ციანიდის საქმეს“ უწოდებენ, თუმცა ჩვენი ფოკუსი არა ამ ბუნდოვანი საქმის დეტალების წარმოჩენა, არამედ კაცთმოყვარეობისა და თავისუფალი აზრის დეფიციტია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ორგანიზაციაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში.

კითხვების დასმის არასდროს უნდა შეგვეშინდეს, ზუსტად ისე, როგორც ცვლილებების. მხოლოდ ასე თუ დავაღწევთ თავს სტერეოტიპების ტყვეობას. თუმცა ეს პროცესია, ხანგრძლივი და ხშირად დაუსრულებელიც. მანამდე ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომერი წაიკითხეთ.

ჩვენთვის, რედაქციისთვის და იმედი გვაქვს, ჩვენი ერთგული მკითხველისთვისაც, „ბათუმელები“ ადამიანივითაა, რომელსაც ელი, რომელსაც ეთანხმები ან არა, მაგრამ იცი, რომ არსებობს და ყველაზე რთულ დროს მისი იმედი გაქვს. მოგვწერეთ, თუ თქვენთვისაც ასეა. გვირჩიეთ, დაგვეხმარეთ, გაგვიზიარეთ.

მთავარი ფოტოზე: ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების” რედაქტორი 

__________________________________________________________

ჟურნალ “ბათუმელების” მეგობართა კლუბი

ჟურნალ „ბათუმელების“ ახალი ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 24 აპრილიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე,  ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე.

ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში წაიკითხავთ:

პოლიტიკა: თურქეთ-ევროკავშირის დაპირისპირება და საქართველო 
ავტორი: დათო ქოქოშვილი

ფოკუსი თემაზე: ივანიშვილის დანატოვარი 
ავტორი: თედო ჯორბენაძე

კავკასია: ოთხი ქალი სოხუმიდან 
ავტორი: მარიანა კოტოვა

უცხოეთი: სამი ტრამპი 
ავტორი: ჯეფრი საქსი

ქალაქი: ქალაქი შენი ფანჯრიდან
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

საზოგადოება: ბავშვები, რომლებიც არავის უნდა 
ავტორი: ელენე ხაჭაპურიძე

ფოტორეპორტაჟი: მეგრული ოდა
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

განათლება: უხერხული გაკვეთილი 
ავტორი: ჯაბა ანანიძე

ჯანმრთელობა: ცუდი მაგალითი 
ავტორი: ლელა დუმბაძე

ლიტერატურა: ჩიტი გამოფრინდება 
ავტორი: ლია ლიქოკელი

კინო: დღეები და ღამეები – სატელევიზიო ფილმები აკა მორჩილაძის მიხედვით 
ავტორი: ნინო ძანძავა

დიზაინი: სახლი ბორბლებზე
ავტორი: ნათია ზოიძე

სამზარეულო: საგაზაფხულო კერძი ანუ ჭინჭარი ქართლ-კახურად
ავტორი: ფიქრია გოგინაშვილი

ჟურნალ “ბათუმელების“ აპრილის ნომრის გარეკანი. ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია
ჟურნალ “ბათუმელების“ აპრილის ნომრის გარეკანი. ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

_____________________________________________________________________

ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

აჭარაში მე-20 საუკუნეში წარმოებული პროდუქტების პოტენციალს შეისწავლიან

მეოცე საუკუნეში აჭარაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პოტენციალის კვლევაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა. კვლევა, სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პროგრამის – „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში განხორციელდება. კვლევისთვის კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 5 მაისს დაიწყება და ამავე წლის 10 მაისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია:

• აჭარაში მეოცე საუკუნეში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სია: ჩაი, თამბაქო, ტუნგი, დაფნა, ბამბუკი, აბრეშუმის პარკი… ასევე სამკურნალო მცენარეები [თირკმლის ჩაი, ალოე, ევკალიპტი, ხარისშუბლა, კალანჰოე და პასიფლორა], რომელთა რეალიზაცია ხდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ასევე ამ ჩამონათვალში მოყვანილი თითოეული პროდუქტის შესახებ:

– ინფორმაცია მწარმოებელი ორგანიზაციების შესახებ: მათი მდებარეობა, წარმოების სიმძლავრე;
– წარმოებისა და რეალიზაციის სტატისტიკური მაჩავენებლები კონკრეტული წლების მაგალითზე;
– წარმოებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის მიზნობრივი ბაზრები (ქვეყნები) და შემსყიდველი ორგანიზაციები.

• ადგილობრივად წარმოებული ნედლეული; ნედლეულის წარმოების წლიური საჰექტარო და რეგიონის მიხედვით ჯამური რაოდენობრივი მაჩვენებლები; ნედლეულის წარმოების ფართობები მუნიციპალიტეტების მიხედვით, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების ჭრილში; ასევე ამ ფართობების (რომელზეც წარსულში ხდებოდა ნედლეულის მოყვანა) დღევანდელი მდგომარეობის აღწერა.

რაც შეეხება პროდუქტებს, უნდა მოხდეს მათი კლასიფიკაცია:

ა) პროდუქტებად, რომლებიც დღეს საქართველოში, მათ შორის გამოკვეთილად აჭარაში, კვლავ იწარმოება;
ბ) პროდუქტებად, რომლებიც დღეს საქართველოში, მათ შორის გამოკვეთილად აჭარაში, აღარ იწარმოება;

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტებზე, დასაბუთებული კონკრეტული ქვეყნების ექსპორტ/იმპორტისა თუ სხვა ტიპის ინფორმაციის საფუძველზე;
2. აღნიშნული პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის წარმოების პირობების ანალიზი;
3. აღნიშნული პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო სხვა დამატებითი პირობების (მაგ: შესაბამისი კვალიფიკაციის მუშა-ხელი; ინსტიტუციური მეხსიერება და ა.შ.) SWOT ანალიზი;
ასევე, წარსულში ცნობადი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რებრენდინგი, კვლავწარმოება და მათთან დაკავშირებული ინვესტირების გეგმის შედგენა.

წარმოდგენილ დოკუმენტებში მოყვანილ სტატისტიკურ ინფორმაციასთან დაკაშირებით მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს წყარო(ები), საიდანაც იქნება მოპოვებული ინფორმაცია (ოფიციალური დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვებგვერდი, სქრინშოტი, ლინკი, ფოტო და სხვა), რაზეც შესაბამისად პასუხისმგებლობას იღებს მიმწოდებელი (საჭიროების შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იქნას ინფორმაციის ნამდვილობა).

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ და სხვა „კვლევების საფუძველზე შემუშავებული წინადადებები და რეკომენდაციები სათავეს დაუდებს ისეთი პროგრამების/ქვეპროგრამების დაგეგმვა-განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებული იქნება რეგიონის აგრარული დარგის განვითარებაზე“.

„ოცნების ქალაქში“ ქარისგან მოგლეჯილი ხე სახლს დაეცა [ფოტოამბავი]

ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“, ძლიერმა ქარმა ალვის ხე მოგლიჯა და სახლს დაეცა. ადგილზე მყოფთა თქმით, არავინ დაშავებულა.

23 აპრილს აჭარის სანაპირო ზოლში დღეს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შტორმია. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში ქრის აღმოსავლეთის ქარი 20 მ/წმ-ში, ხოლო ზღვის ღელვა 4-5 ბალია.

როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო

ბათუმის მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის [ლუკა ასათიანის ქ. N25] სარემონტო სამუშაოებისა და შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, საწყისი თანხით – 282 ათას 50 ლარი. ეს ტენდერი შეწყდა. ხელახალ ტენდერში კი საწყისი თანხა – 100 ათასი ლარით ნაკლები – 182 ათას 50 ლარია.

პირველი ტენდერის შეწყვეტის მიზეზად სატენდერო კომისიის ოქმში მითითებულია „სატენდერო დოკუმენტაციის პირობების სრულყოფილად ჩამოყალიბება და დახვეწა“.

არსებული პროექტის მიხედვით, შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტი ადმინისტრაციულ შენობას ეზოს მხრიდან მიედგმება.

ლუკა ასათიანის N25-ში მდებარე ბათუმის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გასულ წელს გვითხრეს, რომ შენობის სარემონტო სამუშაოები  სააგენტოსთან შეთანხმებულია. სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს ასევე ამ შენობის ფასადის ფერიც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 15 მაისს უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან; ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რამაც მხოლოდ სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.

აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტი – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ გასულ წელს დაასრულა, თუმცა სოფლებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი დღემდე არ გაუმჯობესებულა.

თემებში ერთიანი ქსელის მოწყობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, თვითმმართველი ორგანოებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ქედის საკრებულომ ორგანიზაცია „ინტელექტის“ თანაავტორობით დაწერილი პროექტი წარადგინა.

პროექტი ქედის ცხრა თემში, თემის ადმინისტრაციული ოფისების მოწყობას, ავეჯის, ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის შეძენასა და ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გულისხმობდა. მთლიანი ბიუჯეტი იყო 78 365 ევრო. ევროკავშირის მოთხოვნით, პროექტის განსახორციელებლად მთლიანი ბიუჯეტის 10% [7836 ევრო] ქედის თვითმმართველობას უნდა დაეფინანსებინა, დანარჩენ 90% -ს კი ევროკავშირი დააფინასებდა.

ერთიანი ქსელის შემთხვევაში, თუ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს გამგეობაში რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტის მიტანა დასჭირდებოდა, ეს დოკუმენტი ელექტრონულად გამგეობისთვის თემის ადმინისტრაციულ ოფისს უნდა გადაეგზავნა.

პროექტის დასრულების მიუხედავად, თემებში ადმინისტრაციული ოფისები ერთიან ქსელში დღემდე არ ჩართულა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო დოკუმენტების წარსადგენად ათეულობით კილომეტრი გზის გავლა და  მუნიციპალურ ცენტრში მისვლა ისევ უწევს.

პროექტის კოორდინატორი და ქედის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  რეზო თურმანიძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა და ერთიან ქსელში ჩართვა ვეღარ მოასწრეს:

„რვა თემის ცენტრში, ყოფილი საკრებულოს შენობებში, ორი ოთახი გავარემონტეთ. რადგან ზვარეს თემში შენობა საერთოდ არ იყო, იქ ახალი ავაშენეთ. ოფისები აღიჭურვა ავეჯითა და ინვენტარით, კომპიუტერების შეძენა და ქსელში ჩართვა ვერ მოხერხდა მხოლოდ, რადგანაც ხელშეკრულებით გათვლილი დრო ამოიწურა, ევროკავშირმა კი ხელშეკრულება არ გაგვიგრძელა.“

ერთიანი ქსელის მოწყობისთვის პროექტის განსახორციელებლად 2014 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა  ევროკავშირისგან 135 235 ლარი  მიიღო, 2015 წელს – 15 548, ხოლო 2016 წელს – 1 560 ლარი, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილს, ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 108 ლარი გამოყო.

რატომ ვერ გამოიყენა მუნიციპალიტეტმა შესაძლებლობა და ის ფინანსური რესურსი, რომელსაც ევროკავშირი მუნიციპალიტეტს ხარისხის გასაუმჯობესებლად სთავაზობდა? – შეკითხვას რეზო თურმანიძე პასუხობს:

„ვფიქრობ, პროექტის განხორციელება გვიან დაიწყო, სანამ ოფისები გარემონტდა, ავეჯი და ინვენტარი შევიძინეთ, პროექტის ვადა ამოიწურა, დაფინანსებას კი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ვიღებდით. ვადის ამოწურვის შემდეგ ევროკავშირმა ხელშეკრულება არ გაგვიგრძელა და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად თანხა ვეღარ მივიღეთ“.

„ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ინტელექტის“ თავმჯდომარე, ლევან გობაძე ამბობს, რომ ქედის საკრებულოს პროექტის შემუშავებაში დაეხმარნენ: „პროექტის ფარგლებში ჩვენს ორგანიზაციას ევალებოდა კონსულტირება, ქედის თემებში კვლევების ჩატარება, მოსახლეობაში მოთხოვნადი მომსახურების იდენტიფიკაცია, რეგლამენტის შემუშავება მუნიციპალური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით და  და კონსულტაციები მუნიციპალური მომსახურების კომპიუტერული ტექნიკის სისტემის აწყობასა და შემდგომში მომსახურების გაწევაზე. რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, ქედის საკრებულოს პრეროგატივა იყო, თვითონ აცხადებდნენ ტენდერებს და თვითონ იბარებდნენ სამუშაოს“.

ლევან გობაძის თქმით, თემებში არსებული კომპიუტერების პროგრამული მახასიათებლები ვერ აკმაყოფილებდა ერთიანი ქსელისთვის საჭირო პარამეტრებს და ამიტომ გაიწერა პროგრამაში ახალი კომპიუტერების შეძენა.

„პროექტის წარმატებულ დასრულებას ხელი შეუშალა იმან, რომ კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და კომპიუტერული პროგრამის დანერგვა ვერ მოხდა. პროგრამის დანერგვა ჩვენი და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის  ზღვარს სცილდებოდა, დამოკიდებული ვიყავით იუსტიციის სამინისტროს სიპ-ზე, რომელსაც ეს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა“ – ამბობს ლევან გობაძე.

პროექტით, ცხრა თემისთვის  12 კომპიუტერი უნდა შესყიდულიყო, რისთვისაც 8400 ევრო, ქსელური მოწყობილობებისთვის – 1200 ევრო და ცხრა მრავალფუნქციური პრინტერის შესაძენად – 2 340 ევრო იყო გაწერილი. მთლიანობაში ქედის საკრებულომ 11 940 ევროს ათვისება ვერ მოახერხა

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 152 343 ლარიანი პროგრამიდან, პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებზე, სამი წლის განმავლობაში 37 440 ლარი, ტერიტორიული ერთეულების ოფისის მოწყობა-რემონტზე  – 89 220 ლარი, კონდინციონერების შეძენა-მონტაჟზე – 9 360 ლარი, ოფისების ავეჯზე – 13 968 ლარი და საწვავისთვის – 2355 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ ანაზღაურებას ღებულობდა ქედის საკრებულოს წევრი და პროექტის კოორდინატორი რეზო თურმანიძეც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ეს საკრებულოს პროექტი იყო და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, პროექტის კოორდინატორი, რეზო თურმანიძეა.

„როცა გამგებლად დავინიშნე, თემის ოფისებში კომპიუტერებიც დამხვდა და პრინტერებიც, თუმცა პრინტერები არ მუშაობს. ვფიქრობთ, 6 000 ლარამდე თანხა გამოვყოთ პრინტერების შესაძენად,  თემების ოფისები მოდემის ინტერნეტით უზრუნველვყოთ და  არსებული პრობლემა ასე გადავჭრათ“ – ამბობს დავით დუმბაძე.

zundaga
ფოტო: ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული ოფისი ამ შენობაშია განთავსებული

ქარი და შტორმი ბათუმში – 17 საათისთვის ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან

აჭარის სანაპირო ზოლში მთელი ღამის განმავლობაში და დღეს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შტორმია. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმში ქრის აღმოსავლეთის ქარი 20 მ/წმ-ში, ხოლო ზღვის ღელვა 4-5 ბალია.

„გუშინ საღამოს დაიწყო ამინდის გაუარესება და გრძელდება დღესაც. ჩვენი სამსახური მობილიზებულია, სულ იყო 40-მდე შეტყობინება, ვრეაგირებთ ყველა შეტყობინებაზე. გონიოში საჯარო სკოლის შენობას ქარმა გადახადა სახურავი, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალებით უკვე შეკეთებულია. გონიოშივე ერთ საცხოვრებელ სახლს გადახადა ქარმა სახურავი მთლიანად და იქვე სამ ავტომანქანას დაეცა. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ქარმა კორპუსს სახურავის მასალა ახადა… უამინდობის გამო არავინ დაშავებულა. 17 საათისთვის, დღეს, პროგნოზის მიხედვით წვიმას ველოდებით, სავარაუდოდ ქარიც ჩადგება“ – გვითხრეს სააგენტოში.

საგრანტო კონკურსები ქართული მედიაორგანიზაციებისთვის

ინტერნიუსი-საქართველო, ინტერნიუს ნეთვორქთან ერთად აცხადებს ორ საგრანტო კონკურსს, რომელთა მიზანია ქართულ მედიაორგანიზაციებში ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა და ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ჟურნალისტების ერთობლივი მულტიმედიური პროექტების დაფინანსება.

კონკურსები ჩატარდება რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელიც  მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედიაწიგნიერების ხელშეწყობას ამ ქვეყნებში.

საკონკურსო წესით შერჩეული სამი მედიაორგანიზაცია მიიღებს მიკროგრანტს 4000 აშშ დოლარის ოდენობით „ინოვაციათა ფონდიდან“, რათა აწარმოონ ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები, ტექნოლოგიურად განავითარონ  ნიუსრუმები და ონლაინ პლატფორმები, ან სხვა სახის ტექნოლოგიური ინოვაცია განახორციელონ.

საკონკურსო წესით შეირჩევა ასევე ერთი ან ორი კონტენტპროვაიდერი [ავტორი, ავტორთა ჯგუფი, მედიაორგანიზაცია ან მწარმოებელი სტუდია], რომლებიც ორ მულტიმედიურ პაკეტს დაამზადებენ. მულტიმედიური პაკეტები სახელწოდებით „Neighbours“ [სამეზობლო] საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში დამზადდება და განთავსდება ინტერნეტში.

მულტიმედიური პაკეტები მოიცავს ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალებს, ინფოგრაფიკას, რუკებს, თამაშებს, გამოკითხვებს და სხვა ინტერაქტიულ ელემენტებს და ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს.

საქართველო მულტიმედიურ მასალებს მოამზადებს ქალაქებისა და ურბანული განვითარების და მედიაპროპაგანდა/დეზინფორმაციის თემებზე. მასალების შეგროვების მიზნით კონტენტპროვაიდერები უკრაინასა და მოლდოვაში იმოგზაურებენ. თითოეული პაკეტის მწარმოებელი 6000 აშშ დოლარის გრანტს მიიღებს.  პროექტის ამ კომპონენტზე ინტერნიუსი – საქართველოსთან ერთად დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრი [მოლდოვა] და ინტერნიუს უკრაინა [უკრაინა] იმუშავებენ.

ორივე კონკურსში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 მაისი.

interniusiდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com) ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის ასისტენტს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა: shorena@internews.com)

„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 ავტომანქანაა – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც შს სამინისტრომ 20 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 16,8 პროცენტით. ავტომანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ავტოავარიების შემთხვევათა რაოდენობა და კიდევ უფრო გადატვირთული ხდება მოძრაობა ქალაქებში. უნდა გახდეს თუ არა ეს სტატისტიკა განხილვის საგანი და საჭიროა თუ არა ცვლილებები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ეკატერინე ლალიაშვილი საუბრობს, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე.

ავტომანქანების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა უნდა გახდეს თუ არა ქალაქებში ინფრასტრუქტურის  ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი?

როცა ასეთი მზარდი ტენდენციაა, ქვეყანა უნდა დაფიქრდეს.

როდესაც იზრდება გადაადგილების კილომეტრაჟი [უცხოეთში ასე საზღვრავენ ხოლმე], იზრდება იმის ალბათობაც, რომ მოხდება უფრო მეტი საგზაო შემთხვევა, თუმცა არა ყოველთვის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით ოცი წლის წინ როცა გაიზარდა ავტომანქანების რაოდენობა, ამის პარალელურად განახევრდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ავტომანქანების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია საგზაო შემთხვევებთან, თუ სახელმწიფო არის მზად ამისათვის.

ჩვენთან პარკირება, ქალაქის ინფრასტრუქტურა, არ არის მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის. ახსნაც აქვს იმას, თუ რატომ იზრდება ყოველწლიურად მოთხოვნა კერძო ტრანსპორტზე. ეს ძირითადად ხდება იმიტომ, რომ არ არსებობს გადაადგილების კომფორტული საშუალება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით.

სახელმწიფოს მზაობა არ ნიშნავს მხოლოდ ზებრის დახაზვას და მონიშვნების გაკეთებას, მზაობა ნიშნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფას. უნდა დაისვას ხელისუფლებაში შეკითხვა, როდემდე უნდა იზრდებოდეს ტრანსპორტის რაოდენობა ქვეყანაში, მაშინ როცა იზრდება ქუჩებში საცობებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ვიღაცამ უნდა დასვას ეს შეკითხვა, მაგრამ რეალურად არ არსებობს ქვეყანაში ამ შეკითხვის დამსმელი და ესაა პრობლემა.

ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც მიაღწია წარმატებას და შეამცირა მსხვერპლი გზაზე, აქვს საკოორდინაციო რგოლი, რომელიც ანალიზს აკეთებს, რა ხდება ამ სფეროში და რეაგირებს გამოწვევებზე. ჩვენთან ერთი წელია დაახლოებით, რაც დავიწყეთ მუშაობა. 2017 წლის სამოქმედო გეგმა გვაქვს საგზაო უსაფრთხოების, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებს, მაგრამ მთავარია ამ ყველაფრის მიზანი იყოს ავტოავარიებით გამოწვეული მსხვერპლის შემცირება. ჩვენ არა გვაქვს ეს მიზანი. არგუმენტი იყო ის, რომ რადგან ახლა ვიწყებთ, პირველ წელს  შევისწავლოთ მდგომარეობა და შემდეგი წლიდან დავსახოთ მიზანი.

ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ამაზე საუბარი ახლა?

რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ დაგვიანებული არასდროს არაფერი არ არის. ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, ეს არის მთავარი. შედარება არ არის წინა წლებთან, იმდენად გააქტიურებული არიან ახლა სამინისტროები, კოორდინაცია დაიწყო უწყებებს შორის, რაც აქამდე არ ყოფილა. ეს მცირე, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გვინდა მუშაობა უფრო გააქტიურდეს და გვქონდეს კონკრეტული გეგმა.

გაერომ 2010 წელს გამოაცხადა მოქმედების დეკადა, რომლის მიზანია 2020 წლამდე გზებზე მსხვერპლის 50 პროცენტამდე შემცირება. ამას იზიარებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა და მათ ზუსტად იციან, ყოველ წელს რამდენით უნდა შემცირდეს ავტოავარიები, რომ მიაღწიონ მიზანს. ასეთი კონკრეტული მიზანი აკლია ჩვენს ხელისუფლებას.

თქვენი აზრით, ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა ხდებოდეს თუ არა ქალაქის საკრებულოებში ამ საკითხის განხილვა? მაგალითად, აჭარაში, სამ ადამიანზე საშუალოდ ერთი ავტომანქანა მოდის, უნდა დაწესდეს თუ არა გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობის შეზღუდვა, რომ საცობები იქნას თავიდან აცილებული, თვითმმართველობამ უნდა იმსჯელოს თუ არა ამაზე?  

უნდა ხდებოდეს საკრებულოში ამ საკითხების განხილვა და არა მარტო ადგილობრივ, არამედ ეროვნულ დონეზე უნდა ხდებოდეს, რადგან ეს  სერიოზული პრობლემაა და მისი გადაჭრა შეგვიძლია, თუ ჩავდებთ ფინანსურ რესურსს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში. დაგვიანებული და გაუკეთებელი არაფერია, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ვიზრუნოთ ადამიანებზე.

პატარა ქალაქს ფეხით მოივლი და სულ არ გჭირდება მანქანა მოკლე მანძილზე. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეიძლება აბსოლუტურად უზრუნველყოს ქალაქში მოძრაობა და ასევე, ფეხით სიარული უნდა იყოს წახალისებული. თუმცა დღეს წახალისებული კი არა, ქვეითებისთვის არ არის ხელმისაწვდომი გარემო, არ არის მწყობრში გადასასვლელები, ტროტუარები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ავტომანქანის სადგომადაა ქცეული… როცა ეს არ არის მოწესრიგებული და უსაფრთხო გარემო ფეხით მოსიარულისათვის, ბუნებრივია, ყველას უჩნდება სურვილი, რომ გადაჯდეს ავტომობილში.

ავტომობილის ქონა საქართველოში გარკვეულწილად უკავშირდება სოციალურ სტატუსს, რომ „მაქვს საშუალება მყავდეს ავტომაქანა“. ამას თუ ხედავთ, როგორც პრობლემას? იგივე პატარა ქალაქში, სადაც შესაძლებელია ფეხით გადაადგილება ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება?  

ბუნებრივია, ეს მენტალური პრობლემაა. ვიყიდით ძვირადღირებულ მანქანას და მერე გადაგვყავს გაზზე, რომ უფრო იაფი იყოს მისი შენახვა, რაც ასევე პრობლემაა, რადგან ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის.

ყველა ევროპულ ქვეყანაში ძალიან კარგ ტონად ითვლება, თუ დადიხარ ველოსიპედით. თანამდებობის პირები დადიან ველოსიპედებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით… ჩვენ დაგვჭირდება წლები, რომ ამაზე გადავეწყოთ და ამის მაგალითის მიცემა უნდა დაიწყონ საჯარო მოხელეებმა პირველ რიგში.

ავტოპარკის დიდ ნაწილს ძველი ავტომანქანები შეადგენს, ათ წელზე და მეტი ხნის. კანონში ცვლელების შედეგად, რაც ავტომობილის ფასს ზრდის, როგორ ფიქრობთ, შემცირდება თუ არა საქართველოში ავტომობილების ზრდის ტენდენცია?

ძალადობრივი მეთოდებით ვერაფერს შევამცირებთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ავტოპარკის 90 პროცენტს ძველი ავტომანქანები შეადგენენ, პირიქით, უნდა წავახალისოთ ახალი ავტოპარკი. კი, გვესმის, რომ ევროპული ტაქტიკაა, მაგრამ როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ახალი ავტომანქანის შემოყვანა უფრო ნაკლები უჯდებოდეს ადამიანს და ეს უნდა იყოს წახალისებული.

ევროპული ქალაქების მაგალითი ახსენეთ. გადატვირთულ ქუჩების პრობლემებთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები როგორია?

შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია – ეს არის ქვეყნები, რომლებმაც შეამცირეს მსხვერპლი გზებზე და თუ ასი ათას ადამიანზე ჩვენთან იღუპება 15 ადამიანი, ამ ქვეყნებში იღუპება 3-4 ადამიანი. ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველა ტიპის ტრამვაი, ძალიან პოპულარულია. ამ ტიპის მიდგომებით გადაჭრეს პრობლემა.

ეს არ არის რთული, თუ ჩვენ ამ გეზს ავიღებთ. არც ერთ მძღოლს არ უნდა ყოველდღიურად დიდი ხარჯი გაიღოს, მანქანის ქონა ხომ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეიძლება მყავდეს ავტომანქანა, მაგრამ თუ სახლიდან სამსახურამდე ყოველ დღე კომფორტულად მიგვიყვანს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბუნებრივია, აღარ მოგვინდება, რომ საწვავი ვხარჯოთ, საცობში ვიდგეთ, პარკინგის თანხა ვიხადოთ… ავტომანქანას გამოვიყენებთ საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასასვლელად, ეს განტვირთავს მოძრაობას.

__________________

ამავე თემაზე: 

1 126 000 მანქანა – საქართველოს ავტოპარკი 2016 წელს 8%-ით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

“იარე ფეხით”: კანონში ცვლილებები ქვეითების ყველაზე დიდ პრობლემას გვერდს უვლის

სიკვდილი გზებზე – ავტოავარიების სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

რაზე ლაპარაკობენ ბათუმის კედლები [ფოტოამბავი]

სტენსილი ძველ ბათუმში
სტენსილი ძველ ბათუმში

IMG_20170422_145053

 

” ენთე, ოღონდ არ დაწვა “

IMG_20170422_143433

პროექტ "ბათუმის ეზოს ისტორიების" ფარგლებში დატოვებული სტენსილი საიათნოვას ქუჩაზე
პროექტ “ბათუმის ეზოს ისტორიების” ფარგლებში დატოვებული სტენსილი საიათნოვას ქუჩაზე
IMG_20170422_145037
” არა ომს “
IMG_20170422_143552
პროექტ “ბათუმის ეზოს ისტორიების” ფარგლებში დატოვებული სტენსილი საიათნოვას ქუჩაზე

IMG_20170422_141329

"ისევ ვიხრჩობი, ამაოა ყველა მცდელობა, დგას ოთახებში უშენობა, უჰაერობა"
“ისევ ვიხრჩობი, ამაოა ყველა მცდელობა,
დგას ოთახებში უშენობა, უჰაერობა”

IMG_20170422_142139

 

chewmze agar idardo

ტურისტულ სეზონზე ბათუმი-ზაპოროჟიეს ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას გეგმავს ტურისტულ სეზონზე. ფრენები ბათუმის მიმართულებით უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლა ბათუმი-ზაპოროჟიეს შორის 2017 წლის 21 ივნისიდან დაიწყება. რეისები 15 სექტემბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737, Airbus A320/321 და EMBRAER ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ახალ მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კონსულტაციები ჰქონდა როგორც ავიაკომპანიასთან, ისე უკრაინის საავიაციო ხელისუფლებასთან. ოპერირების ნებართვა „Ukraine International Airlines“-ს 21 აპრილს მიენიჭა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინა აჭარაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით მესამე ადგილზეა ქვეყნების ხუთეულში. გასულ წელს ამ ქვეყნიდან 40 ათასზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა აჭარაში.

ხულოში თოვს

დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვს. თოვა აქ დილის 8 საათიდან დაიწყო. თხილვანის, ღორჯომისა და დანისპარაულის თემების სოფლებში თოვლის საფარი ამ დროისთვის 5 სანტიმეტრს აღწევს.

თემურ ართმელაძის ფოტო
თემურ ართმელაძის ფოტო

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცივი ამინდი აჭარაში რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება.

მთავარი ფოტო: აპრილის თოვლი ხულოში, სოფელ ჭახაურაში. თემურ ართმელაძის ფოტო

_________________________________________________________

ამავე თემაზე: 

ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი

 

ენმ ხეების გადატანაზე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, შეისწავლონ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის აჭარაში ხეების მოთხრითა და გადატანით მიყენებული ზიანი გარემოზე – ამის შესახებ 22 აპრილს ნინო ჯინჭარაძემ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა აჭარაში.

„ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე დამორჩილებით ხდება ჩვენი რეგიონის ბუნების ხელყოფა, დაზიანება და ლანდშაფტის მიზანმიმართულად განადგურება. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩვენ მივმართეთ ჩვენს რეგიონში და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უწყებას, მათ შორის: აჭარის მთავრობას, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ბათუმის მერს და ა.შ. ამ უწყებებიდან კანონის თანახმად, ათ სამუშაო დღეში უნდა მიგვეღო რაიმე პასუხი მაინც, თუმცა ჩვენს მიმართვას არავითარი პასუხი არ მოჰყოლია, ამიტომაც სხვა გზა არ რჩება და მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძირითადად ბუნებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე და აქვთ კომპეტენცია, შეაფასონ ჩვენს რეგიონში მიმდინარე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც აზიანებს  ბუნებას და, ასევე, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

ამ მიმართვით გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდოთ და ასევე, მივმართოთ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ყველა თანამოქალაქეს, რომელსაც აწუხებს ხეების გადატანისა და ბუნების დაზიანების ფაქტები, ჩვენთან თანამშრომლობისკენ, რომ გამოვნახოთ როგორმე გზა, შევაჩეროთ ივანიშვილის ახირება და დავიცვათ ჩვენი გარემო“  – განაცხადა ნინო ჯინჭარაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ მიმართვას თან ექნება დართული ფოტო და ვიდეომასალა, რაც სპეციალისტებს გაუადვილებს მიყენებული ზიანის შეფასებას.

 

Exit mobile version