მთავარი,სიახლეები

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

21.07.2017 • 2696
1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისება პრაქტიკა შემცირებულია, თუმცა ხელისუფლება ამ ტენდენციას კვლავაც ინარჩუნებს. მაგალითად, „2016 წელს, აჭარის მთავრობამ 10 ათას კვადრატულ მეტრამდე ქონება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად სულ 4 კომპანიას გადასცა, ჯამში 10 მილიონი დოლარისა და 950 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ამავე წელს რამდენიმე ობიექტი გადაეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური მიზნებისთვის (ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად და სატრანსპორტო პუნქტის განსათავსებლად).

ყველაზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა სააქციო საზოგადოება „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ დადებული ხელშეკრულება – ინვესტორს 1 ლარად ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3926კვ/მეტრი და 2246 კვ/მეტრი არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (სასტუმრო არანაკლებ 100  ნომრით, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი) მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტში მყიდველმა უნდა განახორციელოს 10 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, 60 მოქალაქის დასაქმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ“.

აჭარის ხელისუფლებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფო ქონება წელსაც გაუსხვისებია. „2017 წლის იანვრის მონაცემებით, აჭარის მთავრობამ 2 კომპანიას გადასცა ჯამში 6, 396 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთები 730 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. მათ შორის 2017 წლის 10 იანვარს შპს “ახალსოფლის ციტრუსის კომბინატს” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლსოფელში მდებარე 2616,54კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 440ვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა შემდეგი ვალდებულებით: ციტრუსის დამახარისხებელი ხაზის (სიმძლავრით არანაკლებ 7 ტ/სთ წვენის საამქრო) ამოქმედება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების მწარმოებელი დაზგის მონტაჟი, სამაცივრე მეურნეობის ამოქმედება, ახალსოფლის ციტრუსკომბინატზე დაკისრებული 20 000 ლარის გადახდა, 640 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, პროფილის 20 წლით შენარჩუნება, მინიმუმ რვა მოქალაქის დასაქმება“.

სახელმწიფოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს კომპანიის დირექტორი ოთარ გოგიტიძე.

აჭარის ხელისუფლებას წელს ქონება უსასყიდლოდ გადაუცია ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლისთვისაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშის თანახმად, ამ ქონების მფლობელი გახდა სკოლა „ნიკე“.

„17 იანვარს 1 ლარად ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა #96-ში მდებარე საბავშო ბაღის მიმდებარედ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 956 კვ/მეტრი გადაეცა 50 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისა  და სპორტული მოედნის და სკვერის უვადოდ შენარჩუნების პირობით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია, დეველოპერული კომპანიებისთვის არასასოფლო ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გასხვისება აჩენს ეჭვებს, ვარაუდებს კორუფციაზე და ასევე იმაზე, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე. სასურველია, ქონება გასხვისდეს კონკურენტუნარიან გარემოში და პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს“.

ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონია 2014 წელს, როდესაც „დეველოპერულ კომპანია “დს ჯგუფს” ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ#5-ის მიმდებარე 1115 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნიშნული ტერიტორია 2014 წლამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება იყო და მას რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა“.

სახელმწიფომ გონივრულად განკარგოს თავისი ქონება – ეს არის ორგანიზაციის ერთგვარი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი: „სახელმწიფო ქონების გასხვისება კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, კერძოდ იგი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და მისი ეფექტურობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების უზრუნველყოფასა და ა.შ. ქონების გასხვისებისას სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ინვესტორს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას“.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ სამომავლოდ გეგმავს შეისწავლოს, როგორ სრულდება კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: