მთავარი,სიახლეები

აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

21.07.2017
აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა.

თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ.

მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობა, ვინაიდან იგი მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, რაც, მოსარჩელეთა განმარტებით, წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს.

მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად: „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურობის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ცხადად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კონსტიტუციურ სარჩელში აღწერილია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავდა დაპირებას „რუსული პენსიისა“ და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო ძალების დაკანონების თაობაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული განცხადებები ახდენს „ცენტრისტების“ საქმიანობის მიზნების დეკლარირებას, მოახდინონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობა და ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: