მთავარი,სიახლეები

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

20.07.2017 •
რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. დაზარალებულმა მამაკაცმა მოსამართლეს უთხრა, რომ შეშინებული იყო ქურდობის სხვა ისტორიებით, თუ როგორ ასახიჩრებდნენ ადამიანებს, ვინც ქურდებს წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ თავის მომძინარება არჩია. მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებს ამ დროს ეძინათ.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ორ ბიჭს წაუყენა ბრალი ქურდობაზე, რომლებიც მანამდე ასევე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის მიერ იყვნენ ქურდობისთვის გასამართლებულები. ორივე მათგანი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და, ამჯერად, კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდათ.

დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულება საათი აღმოჩნდა, რომელიც გამოძიებამ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღო.

„გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საათზე სამი ადამიანის ანაბეჭდი დაფიქსირდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ეკუთვნოდა რომელიმე ბრალდებულს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი მიხეილ მიქანაძესთან ერთად ბრალდებულების ინტერესებს იცავდა.

რამინ პაპიძის თქმით, დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს ის, რომ ქურდობის ღამეს, ბრალდებულები ღამის კლუბში ერთად იმყოფებოდნენ.

დაცვის მხარე აპელირებდა ერთ-ერთი ბრალდებულის დედაზე. მან თქვა, რომ პოლიციამ თავის სამუშაო ადგილას – რესტორანში მიაკითხეს და ჩხრეკისთვის სახლში გაყოლა სთხოვეს. მისი თქმით, ადგილზე მისულებს სახლი უკვე გაჩხრეკილი დახვდათ. ქალი ამბობს, რომ ამის გამო ცუდად გახდა და ოთახიდან გამოსულმა პოლიციელმა მას წყალიც კი დაალევინა.

გამოძიების ვერსიით კი, ჩხრეკის ჩასატარებლად პირდაპირ მივიდნენ ბრალდებულის ოჯახში, ხოლო კარი ბრალდებულის დედამ გააღო.

„რეალურად პოლიციამ ვერ გახსნა დანაშაული და გადაწყვიტა, რომ ქურდობისთვის ნასამართლევი პირებისთვის მიეწერა ეს ფაქტი,“ – ამატებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: