კირნათში მოსახლეობამ ჰესის შესასვლელი გადაკეტა

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მდებარე ჰესის „აჭარა ენერჯი 2007“-ის შესასვლელი მოსახლეობამ გადაკეტა. მოთხოვნა დაპირებული კომპენსაციის მიღებაა. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია უკვე დაიშალა. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი იყო და პირველ მაისს მთელი დღით მოაწყობენ პიკეტირებას, თუკი მათ მოთხოვნას ჰესის მშენებელეი კომპანია არ გაითვალისწინებს.

„დილის 8 საათიდან გადავკეტეთ შესასვლელი. 7 თვის წინ უნდა გარკვეულიყო კომპენსაციის საკითხი და ისევ არ გველაპარაკება კომპანია. პოლიცია ადგილზე არ მოსულა, რა უნდა ეთქვათ, რომ მოსულიყვნენ? ჩვენი სურვილით დავიშალეთ და ისევ მოვალთ, თუ არ მოგვისმენენ,“ – ამბობს ზვიად ჯიხაძე. მისი თქმით, კომპენსაციის საკითხი კირნათისა და აჭარისწყლის თემებში დაახლოებით 210 ოჯახს ეხება.

ქრთამი1000 ლარი – უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად

ქრთამის მიცემის ფაქტი – საზოგადოებისთვის სასარგებლო, უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად – სასჯელაღსრულების სამინისტრომ დააფიქსირა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 ლარი გადასცა პრობაციის ოფიცერს, ვ.თ.-ს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ ოფიცერმა შეატყობინა საგამოძიებო ორგანოს ქრთამის შეთავაზების შესახებ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემას გულისხმობს და ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტულის მფლობელი ჰოსპიტალი ბათუმში

ნინო ქაჯაია, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში, მედიცინის დოქტორი, კრიტიკული მედიცინის პროფესორი

ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა. თუმცა, ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო ჯანდაცვის სფეროში. როდესაც ჰოსპიტლის გახსნაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს ჰოსპიტლის დირექტორის – ისმეთ დინდარის განსაკუთრებული წვლილი. ბატონი ისმეთი საქართველოში პირველად 1993 წელს ჩამოვიდა და ეპიზოდურად აკეთებდა ოპერაციებს. 2016 წელს კი მისი დიდი ძალისხმევით შეიქმნა ჩვენი ჰოსპიტალი, რომელიც ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ფლაგმანი გახდა ქვეყანაში.

სერვისები

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება გვაქვს. ჩვენს პაციენტებს 17 სხვადასხვა მიმართულებით ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. თუმცა მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ძიებაში ვართ, ვსწავლობთ, თუ რაზეა მოთხოვნა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ამ მოთხოვნის შესაბამისად ოპერატიულად ვახდენთ რეაგირებას და ჩვენს საქმიანობაში მათ დანერგვას.

ჩვენს ჰოპიტალში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებია დანერგილი, მსოფლიო ბრენდების ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კლინიკამ პერინატალური მომსახურების მესამე დონე მიიღო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სელექტიურ კონტაქტირებაში ჩაერთო. აჭარის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ჩვენ პირველმა მივიღეთ სანებართვო მოწმობები 2017 წელს ლაბორატორიული საქმიანობისთვის.
ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

მედიკოსები

ვცდილობთ, ჩვენს კლინიკაში მუშაობდნენ პროფესიონალი კადრები და ჩვენი კონსულტანტები იყვნენ საქართველოში გამოჩენილი ექიმები. რა თქმა უნდა, ვამაყობთ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, რომლებიც ჩვენთან არა მარტო აკეთებენ ქირურგიულ ოპერაციებსა და ატარებენ კონსულტაციებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ ჩვენს ჰოსპიტალში დასავლური სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის კონტროლში.

ჰოსპიტლის მედიკოსთა გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, შეემატნენ ახალი კადრები. ბევრ მათგანს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული და დიდი გამოცდილება აქვს თავის სფეროში.

ჩვენი კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი კახა ჩიხრაძე, რომელიც საქართველოში თანამედროვე გადაუდებელი მედიცინის პრინციპების შემომტანი და ამ მიმართულების უდავო ლიდერია. სამეანო-გინეკოლოგიურ მიმართულებას მამუკა მიქაძე უხელმძღვანელებს, ნეონატოლოგიას – მანანა წულუკიძე, ნევროლოგიას – მიხეილ მჟავანაძე.

უპირატესობა

ჩვენი ძირითადი უპირატესობა სამედიცინო კოლექტივია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მაგრამ მთავარი მაინც არის პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენი ჰოსპიტალი ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე ჩვენ გავხდით 2017 წლის გამარჯვებული და პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტულის მფლობელი.

მიზანი

ჩვენი მიზანია, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გახდეს საქართველოს და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მომსახურების ცენტრი, სადაც დაინერგება საერთაშორისო დონის სტანდარტები მკურნალობის, სამედიცინო მოვლის, სერვისის მიმართულებით.

საქართველოს ბევრი მოქალაქე სამედიცინო მომსახურების (სამკურნალოდ) მისაღებად უცხოეთში მიდის, რაც დაკავშირებულია დიდ მატერიალურ ხარჯთან.

ჩვენი ჰოსპიტლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, შევქმნათ სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მისცემს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონის და, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას საშუალებას, მიიღონ არანაკლები და, ზოგ შემთხვევაში, უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და სერვისი, რომელიც არის დანერგილი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.

ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ გვაქვს ყველა მონაცემი, სათანადო სამედიცინო სერვისები და ის აუცილებელი ბაზა, რაც საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად.

es 2

_________________________________________________

მისამართი:
ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 14 
+995 422 21 33 33
info@bih.ge
BIH LOGO - PNG

ავტობანი – მიწის საკომპენსაციოდ შეცდომით გადარიცხული 258 ათასი ლარის საქმე

სოფელ ციხისძირში მცხოვრები 6 ოჯახი საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. მათ მიწებზე ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანა უკვე დასრულებულია, თუმცა კომპენსაცია, რაც მიწების დათმობის სანაცვლოდ იყო გათვალისწინებული, სხვა პირმა მიიღო და მიიმალა.

ვიდრე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ამ ადმინისტრაციული დავის განხილვას შეუდგება, რამდენიმე დღეში ამავე საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოიტანს. ამ შემთხვევაში პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობილი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, პირი კი, ვისაც დეპარტამენტმა 258 858 ლარი შეცდომით ჩაურიცხა, იძებნება. ბადრი ბასილაძეს და კიდევ ორ პირს პროკურატურა თანხის უკანონო მითვისებას, ხოლო ერთ-ერთი სოფლის გამგებელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

შემოვლითი გზის დაწყების მაუწყებელი ნიშნები ციხისძირელების ბაღებსა და ყანებში 2013 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მაშინ სოფელში გაიგეს ისიც, რომ აზიის განვითარების ბანკი, ვინც სამუშაოებს აფინანსებდა, კომპენსაციას მისცემდა მათაც, ვინც მიწის მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, მაგრამ წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთებით სარგებლობდა.

„ათეულობით წელია ჩვენ ვსარგებლობდით ამ მიწებით, საქონელი გვყავდა… როცა გავიგეთ, მიწის ფართობზე კომპენსაციას იხდიანო, ჯერ სოფლის რწმუნებული ვნახეთ, ცნობა მოგვცა უპრობლემოდ, რომ მიწის ფართობებს ნამდვილად ვამუშავებდით. მერე ქობულეთის გამგეობაშიც ჩავედით… აღმოჩნდა, რომ ამ მიწებზე კომპენსაცია სხვა სოფელში მცხოვრებითვის უკვე მიუციათ“, – გვიყვება მერაბ ჯაბნიძე, რომელიც ციხისძირში ცხოვრობს და ერთ-ერთი მოსარჩელეა აჭარის მთავრობის და გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ.

შემოვლითი გზის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანო საავტომობილო გზების დეპარტამენტია, აჭარის მთავრობა კი, საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულების მიხედვით, ვალდებული იყო, დაზუსტებული ინფორმაცია მიეწოდებინა დეპარტამენტისთვის. სოფელ ციხისძირში მდებარე 17 195 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე კომპენსაცია გზების დეპარტამენტმა სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ ბადრი ბასილაძეს ჩაურიცხა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ფიზიკურ პირს, ბადრი ბასილაძეს შორის 2013 წლის 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანმხლებ დოკუმენტს წარმოადგენს 2013 წლის 6 ივლისით დათარიღებული „ქობულეთის შემოვლითი გზის, კმ 12 – კმ 31 მონაკვეთის მშენებლობაზე პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთის“ დემარკაციის აქტი და ნაკვეთის ანკეტა. ორივე დოკუმენტში ზემოხსენებული 17 195 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობად აღნიშნულია სოფელი ბობოყვათი, ხოლო მოსარგებლედ ბადრი ბასილაძე. ორივე დოკუმენტი ხელმოწერილია სოფელ ბობოყვათის რწმუნებულის იაშა მახარაძის მიერ.“

რას ნიშნავს „დემარკაციის აქტი“, რომელსაც ბობოყვათის სოფლის რწმუნებულთან და ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლეთან ერთად, ზურაბ სიხარულიძეც აწერს ხელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორი.

„არაფერი არაა ეს დემარკაციის აქტი,“- ირწმუნება ზურაბ სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს. მისი თქმით, ეს აქტი მას შემდეგ შედგა, როცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მონაცემები მოიკვლია: „მე დავეყრდენი გამგეობის წარმომადგენლების ნათქვამს, ასევე კომპანია BT-ს, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა… საერთოდ გაუგებარია, რატომ სთხოვთ პასუხს გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტი არაფერ შუაშია. რატომ არ ამოიღო ამ ხალხმა ხმა, როცა გზა გაიყვანეს, კომპენსაცია გაიცა და რამდენიმე თვის შემდეგ მოუნდათ კომპენსაციის მიღება? მე ვფიქრობ, ეს ორი მხარე შეთანხმებით მოქმედებდა და ახლა ამ ოჯახებს უნდათ, კიდევ ერთხელ გასცეს კომპენსაცია გზების დეპარტამენტმა“.

„ჩვენ არ ვიცოდით, თუ სხვა აცხადებდა პრეტენზიას. გზის გაყვანა 2014 წელს დაიწყო…“ – ამბობს მერაბ ჯაბნიძე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მხოლოდ აზომვითი ნახაზები მოამზადა. მოგვიანებით, იმავე წლის ნოემბერში, იმავე მიწის ნაკვეთზე „ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა“ დაადგინა, რომ ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთებით ბადრი ბასილაძის ნაცვლად ის 6 ოჯახი სარგებლობდა, ვინც ახლა სასამართლოში დავობს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2014 წლის 3 თებერვალს, მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილით მთავარ პროკურატურას და საქმის გამოძიება სთხოვა: „დასტურდება, რომ ეს 17 195 კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც კომპენსაცია გაცემულია სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ ბადრი ბასილაძეზე, წარმოადგენს ციხისძირის თემის ტერიტორიას და ეს მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სოფელ ციხისძირში მცხოვრებ ოჯახებს…“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი აწერს ხელს. ამ უწყებას ექვემდებარება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

პროკურატურამ დაზარალებულად გზების დეპარტამენტი მიიჩნია და სისხხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 4 პირი მისცა, მათ შორის, ბობოყვათის რწმუნებული იაშა მახარაძე.

„მე როცა გავეცი ეს მოწმობა, მაშინ 50-მდე მეზობელი ადასტურებდა იმას, რომ ბადრი ბასილაძე იყო ამ მიწის მესაკუთრე. მისი წინაპრების იყოს ეს მიწა,“- უთხრა იაშა მახარაძემ „ბათუმელებს“. კითხვაზე, რატომ გასცა ცნობა ბობოყვათის რწმუნებულმა ციხისძირის მიწაზე, გვპასუხობს: „ზუსტი საზღვარი არსად დადგენილი არ არის. მიმდინარეობს სასამართლო და ის დაადგენს სიმართლეს. ვერ გეტყვით, მერე რატომ თქვა სხვანაირად ქობულეთის კომისიამ, რომ თითქოს ეს მიწა 6 ოჯახს ეკუთვნოდა.“

ბობოყვათის რწმუნებულის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე იაშა მახარაძემ 2013 წლის ოქტომბერში დატოვა. ამ დროისთვის კომპენსაცია უკვე აღებული ჰქონდა ბადრი ბასილაძეს. ის რუსეთის მოქალაქეა. გამოძიების დაწყების დროისთვის ბასილაძე საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

სასამართლო დავა სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ორი წელია გრძელდება. როგორც ციხისძირელები ყვებიან, მიზეზი პროკურატურაა, რომელიც ხშირად პროცესზე არ ცხადდება და ეს სხდომების გადადების მიზეზი ხდება. გასული წლის ბოლოს ციხისძირში მცხოვრებმა ექვსმა ოჯახმა კიდევ ერთხელ მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და კომპენსაცის ჩარიცხვა მოსთხოვა. მიღებულ პასუხში ვკითხულობთ: „როგორც დეპარტამენტისთვის არის ცნობილი, ამ პერიოდისთვის სისხლის სამართლის საქმეზე წარმოება დასრულებული არ არის, შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს განცხადებაში დასმულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ვის გადაეცემა ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ – ახალი ინიციატივა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – ამას აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები უნდა შევიდეს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მთავრობისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება უბნის რწმუნებულთანაც გადამოწმდეს.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში აჭარის მთავრობას უფლება ექნება კერძო პირს ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ უსასყიდლოდ გადასცეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის განმარტებით, ეს მოქლაქეს ისეთ ბიუროკრატიულ პროცესს აარიდებს, როგორციაა სიმბოლური თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, შემდეგ მისი რეესტრში რეგისტრაცია და სხვა პროცედურები.

პროექტის მიხედვით, ეს წესი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ ფართობი.

წესის მოქმედება არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ:

  • ფართობთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა ფაქტობრივი მფლობელობის ან საკუთრების თაობაზე;
  • დადგენილი წესის შესაბამისად არ დგინდება პირის მიერ ფართობის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;
  • კომისიისათვის ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაბამისი ფართობით სარგებლობის უფლება დაუდგინდა სხვა პირს.

პროექტის მიხედვით ფაქტობრივ მფლობელებად არ ჩაითვლებიან და, შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული უფლებები არ წარმოეშობათ იმ პირებს, რომლებიც ფართობს სარგებლობენ ფაქტობრივ მფლობელთან შეთანხმებით.

ქონების განკარგვის შესახებ დადგენილებაში ცვლილების პროექტი მთავრობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე წარუდგინა. ინიციატივის ავტორი აჭარის მთავრობის თამჯდომარე ზურაბ პატარაძეა. ინიციატივა უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე განიხლა და მისი პლენარულ სხდომაზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო.

პროფესიული სწავლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ სწავლებაზე აბიტურიენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რეგისტრაცია  8 558-მა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი ტესტირება 23 აპრილს დაიწყება. 2017 წელს საგაზაფხულოდ  4 562 ადგილზეა მიღება გამოცხადებული.

პროფესიულ სწავლებაზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს.  2016 წელს საგაზაფხულო მიღებაზე 6 598 მსურველი დარეგისტრირდა, საშემოდგომოზე კი -13 536. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, შემოდგომაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალშია: მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონდიტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, სტილისტი.

რეგიონების მიხედვით, სწავლის მსურველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა თბილისის მასშტაბით არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  შემდეგ  კი აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და ახალციხეში.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პროფესიული განათლების მიღება 50-მდე ლოკაციაზეა შესაძლებელი.

ოფიციალური ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე.

საქართველოს პარლამენტი პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რის მიხედვითაც პროფესიული განათლების დაუფლება შესაძლებელია უმაღლესი განათლების პარალელურად ან დამატებით, „რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს უნარ-ჩვევები ან შეისწავლოს ახალი პროფესია, რადგან დუალური სწავლების მოდელი, სტუდენტს დიდ საწარმოო პრაქტიკასაც სთავაზობს. ეს კი შრომის ბაზარზე მისი დასაქმების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის“.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, პროფესიული განათლების ფარგლებში შესაძლებელი გახდება სრული ზოგადი განათლების მიღებაც, „რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე განაგრძოს.

კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის ჩამოყალიბება კი შესაძლებელს გახდის პროფესიულ განათლებაში მიღებული ცოდნის აღიარებას უმაღლესი განათლების საფეხურზე,“- ნათქვამია კანონპროექტში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა  დასაქმების მაჩვენებელმა 2016 წელს 56 პროცენტს მიაღწია, 2015-ში კი 47 პროცენტი იყო.

2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 200-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით  1 200-ით მეტია.

 

მარეგულირებელმა „TV ERA“ დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „TV ERA“, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო 11 278 ლარით დააჯარიმა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „TV ERA“-მ „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია  მარეგულირებლის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

„კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ შპს „TV ERA“ შემდეგ სამაუწყებლო არხებს – „Disney“, “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”,  „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”,  „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“,  “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy),  „Ru Tv“ – გადასცემდა ყოველგვარი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე,“ – ნათქვამია რელიზში.

ვინაიდან შპს „TV ERA“-ს ერთხელ უკვე მიღებული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება, კომისიის გადაწყვეტილებით კომპანია დაჯარიმდა.  ასევე შპს „TV ERA“-ს დაევალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ხანძრით დაზარალებული ოჯახი სახლის მაძიებელთა პროგრამაში

სოფელ წონიარისში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ გოგიტიძეების ხუთსულიანი ოჯახი, სამინისტროს 25 000-ლარიანი პროგრამით ისარგებლებს.

ქედის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე ამბობს, რომ ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ქედის გამგეობა სახლის ასაშენებლად ფინანსურად ეხმარება მაგრამ, რადგანაც გოგიტიძეების ყოფილ საცხოვრებელ ტერიტორიაზე გეოლოგიური დასკვნით სახლის აშენება არ შეიძლება, სტიქიით დაზარალებული ეს ოჯახი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდება.

„ოჯახმა სურვილი გამოთქვა და სახლის მაძიაბელეთა პროგრამაში ჩაერთობა, საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებამდე მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ ბინის ქირას გადაუხდის,“ – ამბობს დავით თედორაძე.

გოგიტიძეების ხუთსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი 6 აპრილს დაეწვა,  ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლო. გამგეობამ მათ ბინა დაბა ქედაში დაუქირავა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დღეს ქედის გამგებელმა მოინახულა და [მოსახლეობისა და საჯარო მოხელეებისგან შეგროვებული თანხით]  საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები მიუტანა.

სოფო ხაბაზის ფოტო

საგაზაფხულო სამუშაოები დიდაჭარაში [ფოტორეპორტაჟი]

ხულოში ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ დიდაჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.

კარტოფილის მომზადება დასათესად

 

ფოტოზე: ნინო ცეცხლაძე, 77 წლის

ფოტოზე ჩანს დიდაჭარის ჯამე, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს. იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ფოტოზე: ვენერა გობაძე, 76 წლის

 

 

ქობულეთის ყოფილ ბავშვთა საავადმყოფოს შენობას აჭარის მთავრობა 15 წლით ასხვისებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება – ქობულეთის ყოფილი ბავშვთა საავადმყოფო –  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2032 წლის 21 აპრილამდე ვადით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიან აუქციონზე გამოიტანა.

ქონება – 1345 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 7241 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ქობულეთში, 26 მაისის ქუჩა N2-ში მდებარეობს.

აუქციონზე, რომელიც 21 აპრილს დასრულდება, ქონების წლიური სარგებლობის საწყის საფასურად 159 ათასი ლარია მითითებული.

აუქციონის პირობების მიხედვით ქონების მომავალმა მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შენობისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოების დაწყება და არაუგვიანეს 16 თვის ვადაში დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 თვის ვადაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, არანაკლებ 25 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულების (ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი (ჰოსპისი) და პირველადი ჯანდაცვის ცენტრის (პოლიკლინიკა)) ამოქმედება;
  • პროექტის ფარგლებში არაუგვიანეს 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • სამედიცინო დაწესებულების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 60 მოქალაქის დასაქმება, დასაქმებულთა და სამედიცინო პროფილის შენარჩუნება უწყვეტად სარგებლობის ვადით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
ქობულეთი, ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორია / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან
ქობულეთი, ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორია / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან.

ახლად დაგებულ ტროტუარზე ფილები ისევ აყრილია

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში,  ახლად დაგებული ტროტუარი რამდენიმე კვირაა აყრილია. აქ ქვეითების გადაადგილება შეზღუდულია.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, მათ ტროტუარზე ახალი ფილები დააგეს, თუმცა ამჟამად ტექნიკურ სამუშაოებს „ენერგო პრო-ჯორჯია“ აწარმოებს.

„ენერგო პრო-ჯორჯია“ თვითონ აღადგენს ტროტუარს, მერია ამაში დამატებით თანხას არ ხარჯავს“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ ხდება წინასწარ შეთანხმება კომუნიკაციის მფლობელ კომპანიებთან ქუჩების რეაბილიტაციის დაწყებამდე, რომ შემდეგ აღარ გახდეს საჭირო დაგებული ფილების აყრა და თავიდან დაგება? თენგიზ პეტრიძე პასუხობს, რომ სანამ რომელიმე ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება, მერია კომუნიკაციების მფლობელ ყველა კომპანიასთან აგზავნის შეტყობინებას.

„ჩვენ სამუშაოების დაწყებამდე ვაფრთხილებთ კომუნიკაციის მფლობელებს სიტყვიერადაც და წერილობითაც. ენერგო პრო-ჯორჯიაც გაფრთხილებული იყო, მაგრამ დამატებით დებენ კიდევ სარეზერვო კაბელებს და ამიტომ  უწევთ გადათხრა“.

ენერგოკომპანიამ  დაგებული ფილები აყარა მელიქიშვილის, რუსთაველის, ლერმონტივისა და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე.

როდის დაასრულებს ენერგოკომპანია გადათხრილი ტროტუარების რეაბილიტაციას, ამ კითხვაზე ენერგოკომპანიისგან პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

გადათხრილი ტროტუარი თავდადებულის ქუჩაზე ფოტო: ლელა დუმბაძე
გადათხრილი ტროტუარი თავდადებულის ქუჩაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ამაგის [აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება]  შესაქმნელად 73 980 ლარი დახარჯა.

კითხვაზე, რა არის ამაგი და რისთვის დასჭირდა სამინისტროს სოფლებში ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე პასუხობს:

ამაგი ჩვენი ახალი ინიციატივაა, რომელიც წარმოადგენს სოფელში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა და მათ ხელისუფლების წინაშე უნდა მოიტანონ ის საჭიროებები, რაც მოსახლეობის წინაშე დგას, ეს არის ეფექტური საშუალება ხელისუფლებამ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, იქონიოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და პირველწყაროდან მიიღოს საჭიროების ჩამონათვალი“.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას ფაქტობრივად არ ფლობს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრები ასლან ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არაფერში სჭირდება შუამავალი გაერთიანებები, თუ მოსახლეობის დახმარება და პრობლემის გადაჭრა სურს. მისი თქმით, ამისთვის საჯარო მოხელეები მოსახლეობასთან ადგილზე სოფლებში უნდა მიდიოდნენ.

„ისედაც იციან გლეხს რა უჭირს, სოფელში გზა რომ არ არის, კარტოფილი რომ აღარ მოდის და შხამ-ქიმიკატები უვარგისია ყველამ იცის,  ამას ამაგი რად უნდა?  „ამაგის“ ჩამოყალიბებას რა აზრი ექნება, თუ რაიმეს არ გააკეთებენ მოსახლეობისთვის,“ – ამბობს ასლან ბერიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ილია ართმელაძე კი ფიქრობს, რომ სოფლებში ჩამოყალიბებული ამაგები მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას მისცემს, პრობლემები ახლოდან დაანახოს ხელისუფლებას: „მართალია, ამის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ თუ ასეთი გაერთიანებები იქნება სოფლებში, ვფიქრობ კარგია, მოსახლეობაც ჩაერთვება და ხელისუფლებაც უფრო გააქტიურდება“.

ხულოს გამგებლის რწმუნებული რიყეთის თემში გოჩა შანთაძე ამბობს, რომ „ამაგის არსებობა საჭიროა, მაგალითად, იმისთვის, რომ პროექტებს დაწერს მოსახლეობა, რიყეთის ამაგში 25 მოქალქეა გაწევრიანებული“.

მინისტრ ლაშა კომახიძის განცხადებით, ამაგის მიერ სოფლებში დასახელებულ საჭიროებებს სამინისტრო 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ასახავს და მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს: „საინტერესო საკითხები მოდის „ამაგის“ წევრებიდან,  ქობულეთში ბევრმა საადრეო ნერგები მოითხოვა, ციტრუსთა სამუშაო ყუთები, შემასხურებელი აპარატი; ხელვაჩაურში განსაკუთრებით სათბურზე იყო მოთხოვნა. საჭიროებები მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მიხედვით სპეციფიკურია. საჭიროებათა რაოდენობა ძალიან ვრცელია, ამაგის მიერ დასახელებულ საჭიროებებზე შემუშავდება პროგრამები და ჩაიდება 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებლად“.

ამაგის  ჩამოსაყალიბებლად ტენდერი ა(ა)იპ აგროსერვისცენტრმა 74 000 ლარზე 2016 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობებით ამ თანხით მიმწოდებელს 45 ამაგი ხუთ მუნიციპალიტეტში უნდა ჩამოეყალიბებინა, რითაც ხუთი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი უნდა მოეცვა [რიყეთის, დანისპარაულის, შუასოფელის, დიდი რიყეთისა და ბოძაურის გარდა, რადგანაც ამ სოფლებში აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება „რიყეთის ამაგი“ გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ დააფუძნა].

ტენდერში ააიპ „განვითარების აკადემიამ“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება 73 980 ლარზე გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.

„განვითარების აკადემიის“ პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძე: „ამაგის წევრების შესარჩევად პირველ ეტაპზე კითხვარები მომზადდა, გადავამზადეთ მობილიზატორები, კოორდინატორები, სულ 80-მდე მობილიზატორი გვყავდა, სოფლის მოსახლეობის 60%-ზე მეტი წინასწარ მომზადებული კითხვარით გამოიკითხა, ამაგის ჩამოყალიბება ობიექტურად მოხდა,  კანდიდატები არ იყო წინასწარ განსაზღვრული, მოსახლეობა იმას ასახელებდა, ვინც მისთვის მისაღები იყო, გამოკითხვის შემდეგ მოხდა ხმების გადათვლა, ამაგის ჩამოყალიბება პირველ მარტს დასრულდა“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში შეიქმნა: 6  ამაგი ქედაში, 13 – ქობულეთში, 4 – შუახევში, 15 – ხელვაჩაურსა და 7 – ხულოს მუნიციპალიტეტში.  45 ამაგში 677 მოქალაქეა გაერთიანებული, 432 კაცი და 245 ქალი. ერთ ამაგში 15-20 მოქალაქე ერთიანდება. მოქალქეთა ოდენობა ამაგში  სოფელში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ერთი ამაგი რამდენიმე სოფელსა და თემს მოიცავს.

ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული ამაგი „აკავრეთას“ ს წევრი ნიაზ შერვაშიძე: „ამაგის წევრები სოფლის მოსახლეობამ აგვირჩია, ჩვენ კი მათი პრობლემები და საჭიროებები სამინისტროს უნდა მივაწოდოთ. ქედელი ფერმერების მთავარი პრობლემა  შხამ-ქიმიკატები და ყურძნის სუბსიდირების საკითხია, ცოლიკაური და ჩხავერი ქედის მოსახლეობის მთავარი შემოსავალი წყაროა, მისი საბაზრო ფასი კი მოყვანის თვითღირებულებას ვეღარ ფარავს. მოსახლეობა ითხოვს ყურძნის სუბსიდირებას, ასევე დიდ პრობლემას ქმნის ადგილზე სანერგე მეურნეობების არარსებობა, თხილის გასაშენებლად ქედელი კაცი ზუგდიდსა და გურიაში უნდა ჩავიდეს ნერგისთვის“.

ბათუმში ახალი სასტუმრო იხსნება (ანონსი)

ბათუმის ცენტრალურ უბანში, ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ახალი სასტუმრო იხსნება. ახალი სასტუმრო – „ირეპალასი“ პირველი სტუმრების მიღებას ხვალისთვის, 20 აპრილისთვის გეგმავს.

თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მთლიანობაში 38 ნომერი აქვს.

 

IMG_9111

IMG_9094

IMG_0003

 

28 წელი წაბლანის ტრაგედიიდან

წაბლანის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

სოფელ წაბლანაში მცხოვრები 212 ოჯახის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015-ს” აჭარის მთავრობამ ორი წლის წინ გამოუყო 5001 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმში, რურუასა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში. მიწის ნაკვეთის გარდა მთავრობამ დაზარალებულებს 1 550 000 ლარი გამოუყო და  „აჭარისწყალი-ჯორჯიასთან“ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ამხანაგობას დაეხმარების სახით კიდევ 1 775 000 ლარი გადაეცა.

წაბლანაში დაზარალებული ოჯახებისთვის ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს.

აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ რჩება მეწყერსაშიში ზონები, სადაც მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში მათი განსახლება უსაფრთხო ადგილებში ეტაპობრივად ხორციელდება.

წაბლანაში, სტიქიის დროს დარუპულთა ხსოვნის მემორიალთან, დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც მივა.

ამავე თემაზე:

წაბლანის სტიქიას გადარჩენილი

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის

გამწვანების სამსახურმა თავდადებულის ქუჩაზე კედარი მოჭრა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, კედრის ხე წაიქცა. ხე ფესვებიანად იყო მოგლეჯილი. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ხე მოჭრეს და დაასაწყობეს.

„მოგლეჯილი ხე მოჭრეს, დაამუშავეს და დაასაწყობეს,“ – განაცხადეს აღნიშნულ სამსახურში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა კედრის გამაგრება და მისი ხელმეორედ ჩარგვა? – აღნიშნულ სამსახურში გვიპასუხეს, რომ „რადგან ფესვები დაზიანებული ჰქონდა, არა“.

 

 

წყარო: ბათუმის მერია

 

ბრალდებულმა 13 600 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღა

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

ბათუმის მერია ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

გუშინ ღამით ბათუმში,  თამარის დასახლებაში, ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა საცხოვრებელ კორპუსს; რამდენიმე ადგილზე წაქცეულია სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე; ბათუმის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.

ქარმა ხეები წააქცია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და ხელვაჩაურში. მათგან ერთი სახლს დაეცა, ერთმა კი ავტომობილი დააზიანა.

სახლი, რომელსაც თამარის დასახლებაში ქარის შედეგად  სახურავი დაუზიანდა, აფხეზეთიდან დევნილ ოჯახებზეა გადაცემული. კორპუსში შექმნილია ამხანაგობა, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, სახლის სახურავს ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის კორპუსი“ შეაკეთებს.

მერიის ინფორმაციით, „დღეიდან განხორციელდება დაზიანებული სახურავების დროებით ბრეზენტით გადახურვა და დაპროექტების სამუშაოები. რამდენიმე დღეში კი დაიწყება სახურავების სრული რეაბილიტაცია“.

ამ წუთებში ბათუმის მერიაში გუშინ ღამით განვითარებული ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.  ბათუმის მერიისგან მიღებულ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

საკადრო ცვლილებები აჭარის პროკურატურაში

აჭარის პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს, ხოლო რომეო ტყაბლაძე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციის მოწოდებას პროკურატურის პრესსამსახური დაგვპირდა, თუმცა ამ დრომდე არც პასუხი მიგვიღია და არც დადასტურება ამ ორი პროკურორის ადგილმონაცვლეობის შესახებ.

პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, რომეო ტყაბლაძე ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაშია. პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილის სამსახურის შეცვლაზე კი დღეს, ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემაც აღნიშნა, როცა მას პროკურორის არყოფნის გამო სხდომის გადადება მოუწია.

ფოტოზე: აჭარის პროკურორები „ბათუმელების“ არქივიდან

პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, რომელიც იაგო ც.-ს საქმეში გაიშიფრა, სასამართლოს ჩვენება ხელახლა მისცა. იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, იარაღზე ბრალდებულის ნაცვლად, ე.წ. კონფიდენტის – აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდი ამოვიდა. იაგო ც.-ს ისტორიაზე „ბათუმელები“ გასული წლის მაისში წერდა.

იაგო ც.-ს მანქანაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი 2015 წლის 20 მარტს აღმოაჩინა. იაგო ც.-მ საქმეზე აკაკი ასანიძის დაკითხვა მოითხოვა, რომელიც დაკავებამდე მის მანქანაში იჯდა. მოწმის სახით დაკითხულმა ასანიძემ გამოძიებას უთხრა, რომ მას იარაღის საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და მხოლოდ იაგო ც.-ს ტაქსის მომსახურებით ისარგებლა.

მოგვიანებით სამხარაულის ექსპერტიზიამ იარაღზე იაგოს თითის ანაბეჭდის არსებობა გამორიცხა და დაწერა დასკვნა, რომ იარაღის შეფუთვაზე აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდია. ექსპერტიზის მუშაობა ამ მიმართულებით დაცვის მხარემ მოითხოვა. მაშინ სასამართლოს დახურულ სხდომაზე აკაკი ასანიძემ თქვა, რომ მას ტაქსის მძღოლმა მანქანის სავარძლის ქვემოთ შენახული იარაღი აჩვენა და მას შემთხვევით შეეხო, შემდეგ კი, როგორც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, სატელეფონო ზარით აცნობა პოლიციელებს ამის შესახებ.

იარაღის უკანონო ტარების საქმეზე თავდაპირველად პროცესი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დაიწყო, რომელიც 2015 წლის ბოლოს ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, იაგო ც.ს საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

„მოსამართლემ ხელახლა დაკითხა მოწმეები, მათ შორის, აკაკი ასანიძე. ამჯერად მან მოსამართლეს უთხრა, რომ საერთოდ არ შეხებია იარაღს. არ ვიცი, საიდან უნდა იყოს ჩემი თითის ანაბეჭდი იარაღზეო, ასე თქვა. ის ისევ არ უარყოფს იმას, რომ პოლიციის კონფიდენტია,“ – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

მოსამართლე ირაკლი შავაძეს მხოლოდ ექსპერტის პოზიცია დარჩა გასაცნობი, რის შემდეგაც ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს. იაგო ც. წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

„კონტრაქტის“ პრემიერა – ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე

25-27 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე ნანა სეფაშვილის პიესა „კონტრაქტი“ დაიდგმება. სპექტაკლი ინტერაქტიულია და მასში გარკვეული როლი მაყურებელსაც აქვს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ფრიდონ მოდებაძე, სალომე ცაგურია, ნატალია გალოგრე, გიორგი მორჩილაძე, მიხეილ ჭეიშვილი და თეა ცინცაძე. რეჟისორი – გიორგი ჩხაიძე.

სპექტაკლი ბათუმის მერიის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან ღონისძიებისთვის 10 000 ლარი გამოიყო.

სპექტაკლზე დასწრება ფასიანია. ბილეთის ფასია 5 ლარი.

ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის ინფორმაციით 25 აპრილს დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

თეატრის მისამართია ტბელ აბუსერიძის ქუჩა #11 [შესასვლელი ეზოდან].

ფესტივალი ბათუმის ბულვარში

20 აპრილს, 13:00 საათზე, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი“ გაიმართება.

ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები და სადღესასწაულო პროდუქცია, საგამოფენო კუთხეები, თემატურად დატვირთული კანაპეები, სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები [გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია].

გამოფენაზე ასევე მოეწყობა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერკლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიები.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაიხსება. ფესტივალზე ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს შეასრულებენ: მუსიკოსი – ვაჟა ტუღუში; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები: “ხიხანი”, „ახალი თაობა”, ხელვაჩაურის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი – “მაჭახელა”;

ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო პროექტი “სააღდგომო ფესტივალი” ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იქნებიან მიუსაფარი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება. ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილეს სააღდგომო საჩუქრები გადაეცემა.

ღონისძიების მონაწილეები:

– ჰიპერმარკეტი „გუდვილი“; „ვილმარტი“; საკონდიტრო კომპანიები: „სვით ქეიქი“ და „კარამელი“;
– პროფესიული კოლეჯები: „ბლექ სი“ და „ახალი ტალღა“
– ხელოვნების სტუდიები: “ანდამატი“ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა“ „ხელმარჯვე თითები“ სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“ და ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
– ფატი მალაყმაძისა და ნინო კოპლატაძის ტრადიციული სამოსისა და ფოლკლორის სკოლა-სტუდია.
ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის მთავრობა, ქ. ბათუმის მერია და ა(ა)იპ “ბათუმის კულტურის ცენტრი“.

დასწრება თავისუფალია.

რამდენი მძღოლი დაჯარიმდა აჭარაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში

„აჭარის რეგიონში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით შედგენილია 71 374 საჯარიმო ქვითარი“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ მძღოლებზე „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ გამოითხოვა.

შს სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, ქალაქების მიხედვით ცალ-ცალკე, ასევე მონაცემი, რა ოდენობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ჯარიმების გადახდის შედეგად.

„საჯარიმო ქვითრებით გადახდილი თანხები აისახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მათი შემდგომი გადანაწილება ხდება საგადასახადო კოდექსის დანართის მიხედვით. შესაბამისად, აჭარის რეგიონში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ გააჩნია,“ – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვა დასჭირდა. „ბათუმელებმა“ უწყებას საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით 13 მარტს მიმართა. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა კი 10 დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით „ბათუმელებმა“ 27 მარტს მიმართა.

ჯარიმების თემა 11 მარტს აქციის შემდეგ გააქტიურდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯერ დაჯარიმებულმა, ხოლო შემდეგ დაკავებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თქვა, რომ იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ლარით უსამართლოდ დააჯარიმეს. პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ რამაზ ხიმშიაშვილი გაამართლა.

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

„ევროპული საქართველოს“ წევრები  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები იქნებიან. ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაულ თავართქილაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ სახეებს ბათუმში წარმოადგენენ: პეტრე ზამბახიძე, ნუგზარ მგელაძე, რომელიც ბოლოს ლევან ვარშალომიძის მრჩევლად მუშაობდა აჭარის მთავრობაში, ავთო ბარამიძე და მირზა თურმანიძე. თავართქილაძის თქმით, იქნებიან სხვა ახალი სახეებიც.

„გარდა ამ პირებისა, ექიმების სერიოზული ჯგუფი გვყავს და სტუდენტების ჯგუფი საზღვაო აკადემიიდან და უნივერსიტეტიდან. ხულოს საკრებულოდან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთხი წევრი უკვე ჩვენი პარტიის წევრები არიან, შუახევში გვყავს მირზა თურმანიძე და გარკვეული ჯგუფი არის ჩამოყალიბებული. მირზა თურმანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტიაში იყო, ეს პარტია როცა დაიშალა, ჩვენთან წამოვიდა.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პირებთანაც და ოფისის გახსნის დღეს იქნებიან წარმოდგენილნი“, – ამბობს რაულ თავართქილაძე. მისი თქმით, ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს“ აჭარაში 500-მდე მხარდამჭერი ჰყავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ პეტრე ზამბახიძე ოფიციალურ განცხადებას 20 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააკეთებს.

„როცა გაიყო პარტია, ბუნებრივია, მოლოდინი იყო ძალიან დიდი, ყველას აინტერესებდა ჩემი პოზიცია. აქედან გამომდინარე მე რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ გამეთვალისწინებინა ბევრი ადამიანის პოზიცია და ხედვა, რა იქნებოდა ყველაზე სწორი არჩევანი და, რა თქმა უნდა, ჩემი ჩამოყალიბებისთვის ამანაც დიდი გავლენა იქონია.

უახლოეს დღეებში გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას, მანამდე კი მინდა ვუთხრა დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში და ჩემ თავს ვხედავ იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელიც დღეს არის აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში და რომელიც შეძლებს ქვეყნის განვითარებას  და ამ გუნდში ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“.

რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ  პარტიული ოფისის ოფიციალური გახსნა აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი. პარტია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

ხუთი ბავშვი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდება

ბათუმში, მწვანე კონცხზე [მახინჯაური], ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობა, რომელშიც ოთხი დამეწყრილი ოჯახი ცხოვრობს, აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით გაყიდა. ქონების ახალი მესაკუთრე „ჯეო დეველოპმენტია“. შენობაში მცხოვრებ ოთხ ოჯახში ხუთი არასრულწლოვანია.

აუქციონის პირობებში მითითებული იყო იმის შესახებ, რომ შენობა მესამე პირს ჰქონდა დაკავებული, თუმცა კომპანიას სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება მის მიერ შეძენილ შენობაში მცხოვრები ოჯახების მიმართ არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს დაატოვებინოს იქ მცხოვრებ ოჯახებს შენობა. ყოფილი „კოლხიდას“ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც ხუთი არასრულწლოვანია, წასასვლელი არსად აქვთ.

ქონების გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში მცხოვრებმა ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მათთან მთავრობის წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ მთავრობა მათთვის ბინების შესყიდვას გეგმავდა. მას შემდეგ მათთან არავინ გამოჩენილა.

შესყიდულ ქონებაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ზრუნვა კომპანიამ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში უნდა დაიწყოს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში მყიდველმა სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე არანაკლებ ორმოც საწოლზე გათვლილი ათი კოტეჯი, კაფე-ბარი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს; ასევე კემპინგი და სასეირნო ბილიკები.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის 50%-ის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება. ამ ყველაფერში მან არანაკლებ ორი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რა ბედი ეწევა „კოლხიდას“ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს? – კომპანიის წარმომადგენელი გელა მახარაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია: „ვიცი, რომ ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ, რაც შეეხება იმას, თუ რას შევთავაზებთ, ეს ჯერ არ ვიცით, ამაზე არ შევთანხმებულვართ“.

ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობადებული აუქციონით მილიონ 125 ათას ლარად გაყიდა. 413 კვ/მეტრი ფართობის ორსართულიანი შენობა და მიმდებარე ტერიტორია [32 171 კვ/მეტრი] „კოლხიდა“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც კომპანია „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ [„სილქ როუდ გრუპთან“ დაკავშირებული პირი] აჭარის მთავრობას 2006 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უკან დაუბრუნა.

შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს დაარეგისტრირა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც და დირექტორიც ნატალია ტოვკაჩი იყო, თუმცა სულ რაღაც 2 თვით. 2016 წლის 7 ოქტომბრის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც უკვე ირაკლი სირაძეა. მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა.

ირაკლი სირაძე ასევე ფლობს შპს „ATA Partners“-ის წილის – 50, ხოლო შპს „სოლუშენს ვესტ“-ის წილის 25 პროცენტს.

„კოლხიდა“, „მზიური“ და „მახინჯაური“ იმ 21 ობიექტში შედიოდა, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. კომპანიამ ამ ქონების ნაწილი კი, 2016 წელს უკან დააბრუნა.

შსს: ნარკოდანაშაულზე ესპანეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

11-12 მარტის აქცია და „სირცხვილის“ განცდა 

ანთროპოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი თამთა ხალვაში „ბათუმელებთან“ საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც  პერიოდულად იჩენს თავს აჭარლებთან მიმართებაში. როდის იძენს განსხვავებულობა დისკრიმინაციულ შინაარსს და რა სტიგმებისგან უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება, თამთა ხალვაში ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს.

თამთა, თქვენს სტატიაშისირცხვილის პერიფერია, სირცხვილის გამოვლინება უწოდეთ იმ მდგომარეობას, როცა აჭარლებს უწევთ დაამტკიცონ, აჩვენონ, რომ მათი ქართველობა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. თქვენი აზრით, რა იწვევს ამ მდგომარეობას და რატომ?

საქართველოსთან შემოერთების შემდეგ აჭარამ მთელი რიგი პროცესები გაიარა იმისათვის, რომ გამხდარიყო უფრო ფართო, ნაციონალური ნარატივის ნაწილი და მასში მცხოვრები მუსლიმი თემი „ქართველობის“ კატეგორიაში ჩამჯდარიყო. დაწყებული ცარისტული რუსეთიდან, როცა იწყება მუსლიმის, როგორც განსხვავებული ეთნიკური კატეგორიის წარმოჩენა იმპერიის მიერ, რაც გამოიხატა მუსლიმობის „თათრობასთან“ გაიგივებაში, დასრულებული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოთი, სადაც მუსლიმი ასევე საშიშ ან უკეთეს შემთხვევაში, ეგზოტიკურ “სხვად” იყო წარმოდგენილი.

სწორედ, იმპერიული რუსეთის ფარგლებში მოქცეულ საზოგადოებაში გაჩნდა პირველად ტოლობის ნიშანი მუსლიმობასა და თათრობას შორის, რაც შემდეგ გადაიქცა სირცხვილის საფუძვლად, რადგან მას დამაკნინებელი მნიშვნელობით იყენებდნენ. სირცხვილი სწორედ ამ ჭრილში იჩენს თავს – ის აღმოცენდება მაშინ, როცა დომინანტი პუბლიკა, მაგალითად, ქრისტიანული პუბლიკა, რომელსაც გააჩნია უფრო მეტი ძალაუფლება განსაზღვროს ნორმატიული სივრცე, საკუთარ თავს აიგივებს ცივილურობასთან, ხოლო სხვებს ამ ცივილურობის დარღვევაში სდებს ბრალს.

თუკი ეს ტოლობის ნიშანი დასვა იმპერიულმა რუსულმა საზოგადოებამ, რა გამოდის, რომ დღეს ისევ ეს იმპერიული ინერცია მოქმედებს?

კი, ნაწილობრივ მოქმედებს. პოსტკოლონიურ საზოგადოებებს ახასიათებთ, კოლონიალიზმის ხანაში შექმნილი კატეგორიებისა და კლიშეების ახალ კონტექსტში გამოყენება. ამ შემთხვევაში, ახალი კონტექსტია ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი, რომლის ფარგლებშიც მუსლიმი არასრულფასოვანი ქართველია, ან სულაც, არ არის ქართველი. თუმცა, არც კოლონიალიზმის დროს შექმნილი კლიშეები არის მხოლოდ ცალმხრივი პროცესის შედეგი, რადგან, რა თქმა უნდა, ამ კლიშეების შექმნასა და დამკვიდრებაში კოლონიზებული ელიტებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ ეს „თათრობის“ კატეგორია ერთიანი პროდუქტია.

ვთქვათთავის დროზე იმპერიალისტურმა ელიტებმა განსაზღვრეს  „თათრობის კონცეპტი, მაგრამ რა ხდება დღეს, 21-ე საუკუნეში რა განვითარება აქვს ამ ტერმინს?
ჩვენს ქვეყანას მუდმივი პოლიტიკური ტრანსფორმაციებისა და ცვლილებების რეჟიმში უწევს საკუთარი იდენტობის განსაზღვრა. ყოველთვის რაღაც ტიპის გარდამავალი რეჟიმის პირისპირ ვდგავართ ხოლმე, რაც ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილებაცაა. გარდამავალ ეპოქებში კი, როგორც წესი, ჩნდება სრულიად ახალი იდეებიც, რაც გადაფარავს კოლონიალიზმის დროს შექმნილ კლიშეებს. ასე მოხდა ჩვენთანაც, ბევრი რამ გადავაფასეთ და სხვანაირად დავინახეთ, თუნდაც ის, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეები გაჩნდა საბჭოთა კავშირში და ამისთვის ადამიანებმა შეძლეს მობილიზება. ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ახალი თვითგანცდა დაგვეუფლა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა დამოუკიდებლობამდე. ამიტომ, მთლიანად არ ვართ ჩვენი კოლონიალური კლიშეების პასიური სუბიექტები, თუმცა ამ წარსულს დიდი გავლენა აქვს ჩვენზე – დღეს ის თავს იჩენს სხვადასხვა ფორმითა და კონფიგურაციით.

დღეს რა დანიშნულება აქვს ტერმინს, – თათარი და რა დანიშნულება ჰქონდა ადრე?

დღეს, როდესაც „თათარს“  უწოდებენ აჭარელს, ამას უკვე აღარ აქვს ცენტრალიზებული მნიშვნელობა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ცარისტული რუსეთის დროს. თავის დროზე ეს ტერმინი კარგად გამოიყენა რუსეთის იმპერიამ იმისათვის, რომ მუჰაჯირობის დიდი ტალღა აეგორებინა აჭარაში, რადგან ამ ტერმინში იგულისხმებოდნენ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ქრისტიანულ იმპერიულ “წესრიგს”.

დღეს, ამ ტერმინის გამოყენება სათავეს იღებს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმიდან, რომელიც ეფუძნება ერთფეროვნების იდეას. ეს იდეა გულისხმობს ერს, როგორც ერთფეროვან, ანუ ჰომოგენურ ერთობას, რომელსაც აქვს, ვთქვათ, ერთნაირი რელიგია და, შესაბამისად, ერთნაირი კულტურა და იდენტობაც. ამის შედეგია მუსლიმი აჭარელის განსხვავებულად აღქმაც.

ანუ რელიგიური ფაქტორი თამაშობს აქ ძირითად როლს?

ნაციონალიზმი ბევრი კომპონენტისგან შედგება და ერთ-ერთი არის რელიგიური კომპონენტი, რომელიც ყველაზე ძლიერი კომპონენტია დღეს ჩვენს საზოგადოებაში, რადგან მასთან აიგივებენ ქართულობას. გარკვეულწილად ამანაც განიცადა ცვლილება ჩვენს ცნობიერებაში და უკვე არსებობს იმის განცდა, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელიც შეიძლება იყოს ქართველი და მით უმეტეს საქართველოს მოქალაქე. თუმცა, რელიგიურ კომპონენტს, რომელიც ეფუძნება ძლიერ ეთნო-ნაციონალისტურ რწმენა-წარმოდგენებს, როცა ქართველობა პირდაპირ მართლმადიდებლობასთან არის გაიგივებული, ძალიან დიდი ძალა აქვს დღესაც.

სირცხვილის გრძნობას რა იწვევს?

სირცხვილი არის აფექტი, ემოცია, რომელიც არის რეაქცია სწორედ ამ ნაციონალისტურ კლიშეებზე და მის გამხმოვანებელ დომინანტურ პუბლიკაზე. იმაზე, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ისტორიულად უკვე მიაკუთვნეს საკუთარი თავი ქართველობას, მაინც სჭირდებათ მტკიცება, რომ ეს მართლაც ასეა. ამიტომ სირცხვილი არის სწორედ რეაქცია იმაზე, რომ მას 21-ე საუკუნეში უწევს საკუთარი ქართველობის ხაზგასმა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც აჭარლებს თათრებად მოიხსენიებენ. ამიტომ სირცხვილის განცდა არის მარგინალიზაციის ერთ-ერთი ფორმაც.

როგორც წესი, მარგინალიზაციას განიხილავენ ხოლმე სოციალურ, კულტურული ან ეკონომიკურ ჭრილში. მაგრამ, ჩემს პუბლიკაციაში „სირცხვილის პერიფერია“, რომელიც ჩემს სადოქტორო დისერტაციას ეფუძნება, მარგინალიზაცია შეიძლება იყოს აფექტური ფენომენიც, რაც ყველა ტიპის უმცირესობაზე ვრცელდება – იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობა, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების ფრაგმენტაციას იწვევს.

განსხვავებულობის გამო საზოგადოების დაყოფაზე ხშირად არ მიდის საუბარი, თუმცა პერიოდულად ეს თემა მაინც ცოცხლდება ხოლმე. 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, საზოგადოების საპროტესტო მუხტის აწევის ერთერთ მთავარ მიზეზად სწორედ აჭარლების მისამართით  „თათარის გამოყენება დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამ ტერმინის გამოყენების დამადასტურებელი არავითარი წყარო. რა უნდა გააკეთოს საზოგდაოებამ, მედიამ, რომ დასრულდეს აჭარლებზე, როგორც ქართველებისგან განსხვავებულ ეთნოსზე, თათრებზესაუბარი?

გააჩნია ვინ ილაპარაკებს ამ თემაზე, როგორ და რა მიზნით. თუ ეს თემა იქნება პროფესიონალურად განხილული ან თუ ადამიანებს, უბრალოდ, გულწრფელი სურვილი ექნებათ რეფლექსია მოახდინონ საკუთარ წარსულზე, ჩემი აზრით, ასე ამ დისკუსიას უფრო ჯანსაღი ფორმა მიეცემა. როცა მსჯელობა მოქცეული იქნება ამ ფორმაში, სადაც უფრო მეტი მკვლევარის ხმაც იქნება წარმოდგენილი, ძალიან ცოტა სივრცე დარჩებათ პოლიტიკოსებს ან სხვა სუბიექტებს ამ თემით სპეკულირების. ჩემი, როგორც ანთროპოლოგის მიზანია დავინახო ეს პროცესები უფრო ფართო სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ თემებზე ფიქრისა და რეფლექციის პროცესშიც.

ზოგადად, ილაპარაკო სირცხვილზე, როგორც გამოცდილებაზე, ეს საკმაოდ რთულია, რადგან რთულ ლინგვისტურ და ემოციურ რეგისტრებს შეიცავს. ამიტომ, ამაზე ღია მსჯელობაც ძალიან რთული პროცესია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ამ გამოცდილების მატარებლები არიან. არავის მოსწონს, როცა საკუთარ არასასიამოვნო გამოცდილებას უსვამს ხაზს. თუმცა, მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა მუსლიმ თემთან და როცა ჩემი კვლევის შედეგები გავაცანი და სირცხვილის გამოცდილებაზე ვიმსჯელე, ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა ეს მათთვის.

თქვენ თქვით, რომ ტერმინი  „თათარი პირველად ცარისტული იმპერიის მიერ იყო გამოყენებული აჭარლების მიმართ. რატომ მაინც და მაინც თათარიდა მხოლოდ აჭარლებთან კავშირში თუ სხვების მისამართითაც გვხვდება მსგავსი მიდგომა? 

რელიგია იგივდებოდა კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან. მაგალითად, ქართველ კათოლიკეებს რუსული იმპერიის ფარგლებში ფრანგებს ეძახდნენ, მუსლიმებს – თათრებს.

თავიდანვე დისკრიმინაციული აზრი იდო ამ ტერმინში, თუ როდის შეიძინა შეურაცხმყოფელი ფორმა? 

ისტორიულად თათარი დამაკნინებელ ტერმინად გამოიყენებოდა. ის, ვინც ამ ტერმინს დამაკნინებლად იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ეთნიკურ ჯგუფებს იერარქიულად აღიქვამს იმის მიხედვით, ვინ უფრო განვითარებულია და ვინ არა, რაც ასევე შეიცავს რასიზმის ელემენტებს. თავის დროზეც ეს ტერმინი ასოცირდებოდა „არაკულტურულობასთან“,  „არაცივილიზებულობასთან“, რაც ამავე დროს დაკავშირებული იყო ისლამთან, როგორც ქრისტიანობის საპირისპირო კატეგორიასთან.

სწორედ, ამ ჭრილში განიხილება თათრობის ფენომენიც დღეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ეთნიკური ჯგუფის კულტურა თუ ცივილიზაცია უფრო დაბალ საფეხურზე მყოფად აღიქმება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემური სააზროვნო კლიშეა. რუსეთის იმპერიაზე როცა ვლაპარაკობთ, მას ქრისტიანობა ცივილიზაციურ იდეად ჰქონდა წარმოდგენილი, რასაც ის პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდა, ხოლო ისლამს ამ ცივილიზაციის შემარყევლად წარმოაჩენდა, მის ჩამორჩენილობაზე ხაზგასმით.

ამიტომ აქვთ მძაფრი რეაქცია აჭარლებს ამ ტერმინზე, რადგან გაცნობიერებული აქვთ ამ კონტექსტის მნიშვნელობა? 

ზუსტად ამაშია საქმე. რადგან „თათრობა“ ერთი მხრივ, ჩამორჩენილობას და არაცივილიზებურობას გულისხმობს და თან პარალელურად, დღევანდელი აჭარელი მის იდენტობას ქართულ ეთნიკურ ჯგუფს, ქართულ კულტურას მიაკუთვნებს, ეს ორი – თვითაღქმა და დომინანტი პუბლიკის შეფასება ერთმანეთს უპირისპირდება. საბოლოო ჯამში, ორივე ჯგუფი იზიარებს იმ აზრს, რომ თათრობა არის დამაკნინებელი, რაც თავისთავად პრობლემაა. მაშინ როცა მივისწრაფით იქითკენ, რომ ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი თანასწორია.

აჭარლებთან მიმართებაში რამდენჯერმე იყო გამოყენებული სიტყვა ინტეგრაცია. რატომ გაჩნდა ეს ტერმინი აჭარლებთან კავშირში, რადგან, როგორც ვიცით, ეს სიტყვაც სწორედ განსხვავებულობას უსვამს ხაზს. 

მუსლიმი თუ ქრისტიანი აჭარელი საკუთარ თავს ქართული კულტურისა და ისტორიის განუყრელ ნაწილად აღიქვამს და ამაში სადავო არაფერია. მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ თვითიდენტიფიკაციის ამ პროცესში, ეროვნულ ნარატივში მისი ინტეგრაციის პროცესში, მას არ შეხვედრია ან დღემდე არ ხვდება წინააღმდეგობები დაწყებული იმპერიული რუსეთიდან, დასრულებული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოთი. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტერმინ „ინტეგრაციას“  მძაფრი რეაქცია მოჰყვა თვითონ აჭარაში.

როცა კარგად დავფიქრდი ამ ტერმინის წარმომავლობისა და შინაარსის შესახებ, მივხვდი გაღიზიანების მიზეზსაც. ეს ტერმინი დასავლურ პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში დიდი ხანია დამკვიდრდა და ის დაკავშირებულია ევროპაში მიგრანტების, ანუ განსხვავებული ეთნო-რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესთან და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დისკურსთან. ამიტომ, როდესაც ამ ტერმინს აჭარლების მიმართ იყენებენ ჟურნალისტები თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ამით, ისინი, ნებსით თუ უნებლიედ, ისევ მათ განსხვავებულობას უსვამენ ხაზს, რაც იწვევს გაღიზიანებას.

თავად ინტეგრაციის დასავლური დისკურსი და მასთან დაკავშირებული პრაქტიკები ისედაც საკმაოდ პრობლემურია, რადგან ის დაფუძნებულია ცალმხრივ პროცესზე, სადაც უმცირესობა ვალდებულია ჩაერთოს უმრავლესობის ცხოვრების წესში, თუმცა არა პირიქით. ამ პროცესის კრიტიკა დასავლეთში უკვე დაწყებულია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჩვენც კრიტიკულად გამოვიყენებთ და მოვეკიდებით ამ ტერმინს.

თავის დროზე, როცა ავტონომიის სტატუსი გაჩნდა აჭარასთან მიმართებაში, ესეც იყო დამატებითი ნაბიჯი აჭარლების დანარჩენი ქართველებისგან გასამიჯნად. როგორ ფიქრობთ, სტატუსის გაუქმება დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებას? 

ამ ეტაპზე ავტონომიას ისედაც მინიმალური დატვირთვა და ფორმალური სახე აქვს. მისი გაუქმება რამდენად მოშლის მენტალურ ბარიერებს ძნელი სათქმელია. თუმცა, სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ კონსტიტუციაში თუ კანონის დონეზე ჩაწერილ ცნებებს მაინც ძლიერი ეფექტი აქვთ ადამიანების აზროვნებასა და აღქმებზე. ამიტომ შეიძლება, თუ ეს ფორმალობა აღარ გვექნება, რაღაც ბარიერები მოიხსნას, თუმცა ეს მთლიან სურათს მაინც ვერ შეცვლის.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით როცა წერდით, თქვენ თქვით, რომ არამოდერნიზებული საზოგადოება უფრო ადვილად ჰყვება პროვოკაციებს. ამით რაზე მიანიშნეთ? 

მე ეს ტერმინი არ გამომიყენებია, რადგან „არამოდერნიზებულობა“  თავისთავად საკმაოდ პრობლემური ტერმინია. მასთან, მაგალითად, მცდარად იგივდება დესტრუქციულობა ან შეუწყნარებლობა. მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოდერნიზებულ და განვითარებულ საზოგადოებაშიც გვხვდება მსგავსი პრობლემები. ანუ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით ჩაგვრის პრობლემები, ამით გამოწვეული უკმაყოფილება და ამ თემებით პოლიტიკური ქულების დაწერა, რაც მოხდა, ვთქვათ, ამერიკაში ტრამპის მოსვლით და რაც ხდება ევროპის ბევრ ქვეყანაში, როცა მემარჯვენე პოპულისტური დაჯგუფებები გამოჩნდნენ.

ჩვენთან ამ პრობლემას ემატება სოციალური უთანასწორობა, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე დასავლურ ქვეყნებში და ადამიანების სენტიმენტებზე, მათი გაჭირვებით თამაში უფრო ადვილია და სიტუაციას კიდევ უფრო ფეთქებადს ხდის. ბათუმის მოვლენების ანალიზის დროს სწორედ ამ თემებზე უნდა იყოს აქცენტი გადატანილი, თუ გვსურს საკითხის არსი დავინახოთ.

რა ვითარებაში გახდება გაუცხოების პრობლემა დაძლევადი?

ჩემი აზრით, პრობლემის დაძლევა არის სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობა, რომელიც გულისხმობს განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობასაც. თუმცა, ამავე დროს, ადამიანის ბუნება არის მიდრეკილი იმისკენ, რომ საზღვრები გაავლოს იქ, სადაც ეს მას სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც დიდია სოციალური უთანასწორობა, ამ საზღვრებს, უბრალოდ, უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასზე მსჯელობა უფრო მარტივია არსებული კლიშეების გამო, რაშიც პოლიტიკური ძალებიც აქტიურად არიან ჩართულნი. მიუხედავად ამისა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების რა საფეხურზეც არ უნდა იყოს საზოგადოება, ის საზღვარს ყოველთვის გაავლებს, რადგან ადამიანები, როგორც ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, საზღვრის გამვლები არსებები არიან.

ავტოავარიით ქედაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოავარიას ქედის ცენტრალურ გზაზე მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 5 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მძღოლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, არ მიმალულან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამ დროისთვის რომელიმე მათგანი დაკავებული არ არის.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა [ფოტო]

meteo.gov.ge-ის მონაცემების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვის სანაპიროზე და ბულვარში დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა.

ტურისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საბანაო სეზონიც გახსნეს. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, ზღვა საკმაოდ ცივია,“- გვეუბნებიან მოცურავეები.

ბათუმში ბანაობის სეზონი გაიხსნა. ფოტო:ლელა დუმბაძე
ბათუმში ბანაობის სეზონი გაიხსნა.
ფოტო:ლელა დუმბაძე
ბათუმი. 17 აპრილი. ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი. 17 აპრილი.
ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი 17 აპრილი
ბათუმი 17 აპრილი
ბათუმი 17 აპრილი. ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი 17 აპრილი.
ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი
ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი 17.04 2017 ფოტო:ლელა დუმბაძე
ბათუმი 17.04 2017
ფოტო:ლელა დუმბაძე
ბათუმის ბულვარი. ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმის ბულვარი.
ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმი
ბათუმი
ბათუმში საბანაო სეზონი გაიხსნა. 17 აპრილი 2017
ბათუმში საბანაო სეზონი გაიხსნა. 17 აპრილი 2017
ბათუმი. შარფი და წინდები ზღვის სანაპიროზე.
ბათუმი. შარფი და წინდები ზღვის სანაპიროზე.

 

პირუტყვის ვაქცინაცია – 800 ათასი დოზა თურქულის საწინააღმდეგოდ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად მიმდინარე წელს 512 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი ვაქცინის [რაოდენობა 800 000 დოზა] შეძენაზე 11 აპრილს დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულის საკითხი 21 აპრილამდე გაირკვევა. ვაქცინის მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება.

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „დრუნჩა“ მონაწილეობდა, რომელმაც ვაქცინის მიწოდება შემსყიდველს 508 ათას 960 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, „დრუნჩას“ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაძი არის ხარვეზი. კონკრეტულად, დოკუმენტს – „ცნობა მწარმოებლისგან პრეპარატის წარმოშობის შესახებ [ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული]“ – არა აქვს მითითებული გაცემის თარიღი და არ აქვს მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. კომპანიამ 20 აპრილამდე უნდა წარადგინოს სრულყოფილი დოკუმენტი – თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.

სატენდერო პირობების მიხედვით, ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა; წვრილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა კი არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზის ნახევარს.

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 თვე; გახსნიდან ვაქცინის გამოყენების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს; ამასთან, ვაქცინას არ უნდა გააჩნდეს დაყოვნების პერიოდი რძესა და ხორცში.


2016 წელს, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა – 1 მილიონი დოზა, შპს „დრუჩასგან“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  610 ათას ლარად შეიძინა. ხელშეკრულება შარშან, აგვისტოში დაიდო. ტენდერში გასულ წელსაც მხოლოდ „დრუნჩა“ მონაწილეობდა.

2015 წელს კი ვაქცინის შესაძენად 1,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში

ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება.

„პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოხვდნენ საარჩევნო ადმინისტრაციებში. „პატრიოტთა ალიანსმა“ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა, „ქრისტიან-კონსერვატორები“ გასულ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკში იყო წარმოდგენილი, ხოლო „ევროპული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო და ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნა. ვინაიდან „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს დეპუტატები პარლამენტში, მათ კანონის მიხედვით წევრიც ეყოლებათ ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში.

თითო წევრი ჰყავდათ და ამჯერადაც ეყოლებათ შემდეგ პარტიებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ [ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება] და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. ამ უკანასაკნელს საარჩევნო ბარიერი არ გადაულახავს, მაგრამ ერთი მაჟორიტარის გაყვანა მოახერხა პარლამენტში. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას, მან წინა თვითმმართველობის არჩევნებზე გადალახა საარჩევნო ბარიერი და აქვს კომისიებში თითო წევრის ყოლის უფლება.

საოლქო და საუბნო კომისიებში 7-7 წევრს ეს პოლიტიკური პარტიები დააკომპლექტებენ, დანარჩენ 6 წევრს ოლქში ცესკო ნიშნავს, ხოლო საუბნო კომისიებში – საოლქო საარჩევნო კომისია. ცესკოს და საოლქო კომისიების მიერ არჩეული 5 წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. კიდევ ერთი წევრი კი არჩევნების დანიშვნის შემდეგ ემატება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. პოლიტიკური პარტიების მიერ შერჩეული წევრებსაც არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე შეუწყდებათ უფლებამოსილება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პარტიული კვოტების ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  1. დავით გოცირიძე – „ქრისტიან-კონსერვატორები”
  2. დავით კირთაძე – „ერთიანია ნაციონალური მოძრაობა“
  3. ხათუნა სხირტლაძე – „პატრიოტთა ალიანსი“
  4. დავით გურგენიძე – „ევროპული საქართველო“
  5. ლევან მაისურაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  6. მარინა წულუკიძე – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
  7. ირაკლი ჭყოიძე – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“.

 

 

გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების დამოუკიდებელი გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენა სახელწოდებით –  POWERPUFF GIRLS-ი, 5 მაისამდე გაგრძელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთ სივრცეში მუშაობამ გაგვაერთიანა და ჩვენი ნამუშევრები არ არის შექმნილი ერთი კონკრეტული თემის ან კონცეფციის ქვეშ, ეს გამოფენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთგვარ ფემინისტურ განაცხადად.

ამით ვამტკიცებთ,რომ ყველა ჩვენგანს აქვს განსაკუთრებული ხედვა, სტილი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ ძალად. ძალად, რომელიც მართლაც გვაქცევს ყველა ჩვენგანს POWERPUFF GIRL-ად. ეს გამოფენაც ერთგვარი განაცხადია, რომ ჩვენ მართლაც ვართ POWERPUFF GIRLS-ი“ – ვკითხულობთ „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პრესრელიზში.  

გამოფენაში მონაწილეობს ცხრა ხელოვანი: ანასტასია ახვლედიანი, სალომე ფოცხვერაშვილი, ანო ჯიშკარიანი, მარიამ ცალანი, სალომე ჯაფარიძე, თიკა შელია, მაკო კრიხელი, ანა ჯიბლაძე, სოფიო ჯაყელი .

ბათუმი. თანამედროვე ხელოვნების სივრცე
ბათუმი. თანამედროვე ხელოვნების სივრცე
ბათუმი. თანამედროვე ხელოვნების სივრცე
ბათუმი. თანამედროვე ხელოვნების სივრცე

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 140 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 140 261 სტუდენტი სწავლობს, აქედან 8012 არის უცხოელი. ამასთან, 91 740 სტუდენტი სწავლობს სახელმწიფო, ხოლო  48 521 – კერძო უმაღლეს სასწავლებელში.

საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილია 565 სტუდენტი. აქედან 400 – სახელმწიფო, ხოლო 165 სტუდენტი – კერძო უმარლესი სასწავლებლებიდან.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 71 593 სტუდენტი არის ქალი, ანუ, სტუდენტთა საერთო რაოდენობის 51%.

გასულ სასწავლო წელთან შედარებით კი, მიმდინარე სასწავლო წელს, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში 7 317 სტუდენტით მეტი სწავლობს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დღეს 74 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებება, საიდანაც 20 – სახელმწიფოა, ხოლო 54 – კერძო.


ფიტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაძეებში, მინერალური წყლის ჩამოსასხმელმა საწარმომ -„კემისი“ მუშაობა შეაჩერა. საწარმოს დირექტორი, მუხრან ძნელაძე, საწარმოს შეჩერების მიზეზად ტექნიკური დანადგარების უხარისხობასთან ერთად, იმ სასამართლო დავას ასახელებს, რომლითაც „კემისი“  მინერალური წყლის ჩამოსასხმელად საწარმოსთვის შესყიდულ ტექნიკურ დანადგარების შპს „ლიმონათი ბათუმისგან“ უკან დაბრუნებას ითხოვს.

მუხრან ძნელაძე ამბობს, რომ შპს „ლიმონათი ბათუმმა“ მათ ტექნიკურად გაუმართავი და სახელმწიფო დავალიანების მქონე ტექნიკური დანადგარი მიჰყიდა.

„მომხმარებელი შუშის ბოთლში ჩამოსხმულ მინერალურ წყალს და ლიმონათს გვთხოვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დანადგარი გვეყიდა, რომელიც ადგილზე ბოთლსაც აწარმოებდა და წყალსაც ჩამოასხამდა. გავიგეთ შპს „ლიმონათი ბათუმი“ დანადგარს ყიდდა. დანადგარი საწარმოსთვის 40 000 დოლარად იმ პირობით ვიყიდეთ, რომ 0,5 და 1-ლიტრიან პლასტმასის ბოთლსა და 0,5-ლიტრიან შუშის ბოთლს აწარმოებდა და ჩამოსხმასაც უზრუნველყოფდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ შესყიდული დანადგარი შუშის ბოთლს საერთოდ ვერ აწარმოებს, პლასტმასის ბოთლის მწარმოებელი დანადგარი კი მალე გამოვიდა მწყობრიდან, ხშირად ზიანდებოდა წყლის ჩამოსასხმელი ცენტრალური დანადგარის ნაწილებიც. პრობლემა შეგვექმნა ეტიკეტის დაკვრაზეც, დანადგარი ეტიკეტს ხშირად არასწორად აკრავდა, რის გამოც ხელით დაწებება გვიწევდა, პრობლემიდან გამომდინარე იძულებული გავხდით მუშაობა შეგვეჩერებინა.“

ხელვაჩაურის სასამართლომ კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „სასამართლო პროცესისას აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიას სახელმწიფო დავალიანება, დაახლოებით 60 000 ლარი ჰქონდა, რაც ავტომატურად ჩვენზე გადმოვიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სასამართლო დავას ჩვენსა და შპს „ლიმონათი ბათუმს“ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლო იხილავს“, – ამბობს მუხრანი.

საწარმოს დირექტორი „კემისის“ ამოქმედებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. ამბობს, რომ ელოდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც საწარმოში ახალ დანადგარს დააყენებენ და რეალიზაციაში „კემისი“ მალე გამოჩნდება:

„ვმუშაობთ დანადგარების მოძიებაზე, გვაქვს მოლაპარაკება უკრაინაში, რუსეთში, გვინდა საშუალო წარმადობის ტექნიკურ დანადგარები დავაყენოთ და მალე განვაახლოთ მუშაობა“.

ბალნეოლოგიური თვისებების მქონე მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო „კემისი“ , რომლის 100% წილის მფლობელი ანზორ მალაყმაძეა შპს „ბურჯი ინვესტმა“ ქედაში, სოფელ ბალაძეებში 2015 წელს მოაწყო და მინერალურ წყალ „კემისთან“ ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში იგივე სახელწოდების ლიმონათსაც აწარმოებდა.

ქობულეთის გამგეობა კინტრიშისა და დეხვას კალაპოტების გასწორების სამუშაოებს შეისყიდის

ქობულეთის გამგეობამ მდინარეების კინტრიშისა და დეხვას [გასწორხაზოვნების] გასწორების სამუშაოების შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადა. შესყიდვის ღირებულება 41 151 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის განმავლობაში დაიწყოს. სამუშაოების შესრულების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცი კალენდარული დღეა განსაზღვრული.

ქობულეთს გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის თქმით მსგავსი ტიპის სამუშაოებს კალაპოტების გასასწორებლად ქობულეთის გამგეობა ყოველ წელს ყიდულობს.

ბათუმის მერია 160 ათასი ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური 160 000 ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს.

შესყიდვის ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო, თუმცა ტენდერში მონაწილე კომპანიამ , მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ვაჭრობისას კონკურენტი არ ჰყოლია, ფასი 160 000 ლარამდე დაწია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯერჯერობით ატვირთული არ არის, თუმცა ტენდერი შედგა და მასში მონაწილეობა შპს „გრინ გეორგიამ“ მიიღო. კომპანია 2016 წელსაა დარეგისტრირებული და მას ერთპიროვნულად ნიაზ დავითაძე ფლობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მერიის გამწვანების სამსახური 40 სახეობის ხე-მცენარეს შეიძენს.

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე მიიჩნევს, რომ ეს შესყიდვა სამსახურს მნიშვნელოვან სამუშაოს შესრულების საშუალებას მისცემს გამწვანების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, რომ ბათუმში ხშირად ჭრიან მრავალწლიან ხეებს, მათ ადგილზე მშენებლობის წამოსაწყებად, ლევან ჭანუყვაძე ამბობს, რომ მერიას კერძო საკუთრებაში ჩარევის და ხის მოჭრის აკრძალვის კომპეტენცია არ აქვს, თუმცა მისი აზრით, მშენებლობის ნებართვების გაცემისას მოთხოვნა გამწვანებაზე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

აჭარაში მიწებს წელსაც სახელმწიფო კომპანიის ტექნიკით ხნავენ

სახნავ-სათეს მიწებს აჭარაში, გასული წლების მსგავსად, წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს.

„მექანიზატორის“ ტექნიკით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 140 ლარი ღირს, თუმცა ეს ტარიფი მხოლოდ ვაკე ადგილებზე ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ დასამუშავებელი მიწა დახრილ ფერდობიანია, ტარიფი მატულობს და თანხის ოდენობას, ძირითადად, ნაკვეთის დახრილობა განსაზღვრავს. ნაკვეთის დახრილობის შესაბამისად ერთ ჰექტარზე ტარიფი შეიძლება 10, 20 ან 30 ლარით გაიზარდოს.

„რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის დაახლოებით 20 ჰექტარი მიწა გვექნება დამუშავებული, სამუშაო პროცესს სადღესასწაულო დღეების შემდეგ განვაახლებთ
და მოსახლეობას მუნიციპალიტეტებში „მექანიზატორის“ 26 ტრაქტორი მოემსახურება, ყველა მათგანი გამართულ მდგომარეობაშია, რაც შეეხება მიწის დამუშავების ტარიფს, იქედან გამომდინარე, რომ დახრილ ფერდობიან ნაკვეთში მიწის მოსახნელად ტრაქტორს მეტი გადაადგილება და შესაბამისად საწვავიც მეტი სჭირდება ტარიფი მატულობს“ – ამბობს ზურაბ ბერიძე, „მექანიზატორის“ სერვისცენტრის მენეჯერი აჭარაში.

იმ შემთხვევაში თუ ფერმერმა საკუთარი მიწა „მექანიზატორის“ ტექნიკით უნდა დაამუშაოს, მან მიწის დამუშავების ფიქსირებულ გადასახადთან ერთად ტრაქტორის გადაადგილების თანხაც უნდა გადაიხადოს, ტექნიკის გადაადგილების ფასი ერთ კილომეტრზე 1 ლარი ღირს. მიწის დამუშავებისა და ტექნიკის საკუთარ ნაკვეთამდე გადაადგილების მომსახურების თანხის გადახდა ფერმერებს საქართველოსა და „ლიბერთი ბანკში“ შეეძლებათ.

„ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლები სადაც თამბაქო გამოჰყავთ, მიწებს შედარებით ადრე ამუშავებენ, ვიდრე იქ სადაც სიმინდი ითესება, ასეთი აქ კი დანდალოსა და ვაიოს თემის სოფლებია, დანდალოს თემში მიწები თითქმის მოიხნა, ვაიოს თემში გადავინაცვლებთ, ქედაში ოთხი ტრაქტორი გვაქვს, რაც სრულიად საკმარია მიწების დროულად დასამუშავებლად“ – ამბობს შპს „მექანიზატორის“ ქედის მუნიციპალიტეტის ბრიგადის მენეჯერის, ზურაბ სურმანიძე.

Exit mobile version