მთავარი,სიახლეები

მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

20.07.2017 • 1946
მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

რეალური სასჯელის გარდა თითოეული მათგანი მოიხდის პირობით სასჯელს სამი წლის ვადით.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებიდან პირველად საპროცესო შეთანხმებაზე მინდია ბერიძე და რევაზ ქემქაძე წავიდნენ. მინდია ბერიძეს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რევაზ ქემქაძეს – 6 თვე. საპროცესო შეთანხმება ასევე გაუფორმდა 2 არასრულწლოვანს, რომელიც 12 მარტის დილას დააკავეს.

საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა ბრალის აღიარებაა, რაზეც თავდაპირველად აქციაზე დაკავებულები უარს ამბობდნენ.

11-12 მარტის აქციაზე ბრალდებული კიდევ 6 პირის საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ამ ეტაპზე უცნობია, გაფორმდება თუ არა მათთანაც საპროცესო შეთანხმება.

ბრალის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორობა ედებათ ბრალად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: