Batumelebi | მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება – Batumelebi

მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.  ვახტანგაძე ყოფილი სპორტსმენია, 2000 წელს მან სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე მესამე ადგილი აიღო. იყო  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მიღებული აქვს FILA-ს საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბატონო მუხრან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან, რისი გაკეთება გინდათ პარლამენტში?

„ქართული ოცნების“ მიზანია უმოკლეს ვადებში საქართველოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა. ამის საფუძველი, რა თქმა უნდა, არის ძლიერი ეკონომიკაა, რაც განაპირობებს სამუშაო ადგილებს და ხალხის დასაქმებას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა  მომავალ თაობაზე,  მათ განათლებაზე, მათი ნიჭის რეალიზებაზე ზრუნვა.

როცა ამბობთ – „განათლებაზე ზრუნვა“, რა გაქვთ მხედველობაში კონკრეტულად?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი. იცით, რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ და მინდა, რომ ახალი თაობა უფრო მეტად იყოს ჩართული სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი როცა ვიყავი, იქაც ვმუშაობდით ასეთ პროექტებზე, რადგან, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს მასობრივი სპორტის განვითარებას. ჩვენ შევიმუშავეთ  პროექტი, ადრე იყო მოსწავლეთა „სპარტაკიადები“, ქუჩის სტადიონები, რაც შეიძლება ბევრი და ხალხს როცა ვხვდებოდით, ხშირად გვქონდა ამაზე საუბარი.  ათასი ბავშვიდან   5-6  რომ გაიზარდოს პროფესიონალი სპორტსმენი, ეს ჩვენი რეგიონისთვის დიდი წარმატება იქნება.

საპარლამენტო დონეზე  როგორ, რა ფორმით  წარმოგიდგენიათ ამ  იდეის განხორციელება?

მთავარია გული გულობდეს და ყველგან  შეიძლება კაი საქმის გაკეთება და მე ვიქნები ამის ერთ-ერთი ინიციატორი. დეტალურად მე ეს არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან ერთად ხშირად გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის მისაღწევად.

კიდევ რა სფეროში გინდათ რომ იყოთ ინიციატივების ავტორი, რა არის თქვენთვის აქტუალური,  სპორტის გარდა?

მარტო სპორტით, რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლები, იმიტომ რომ ჩვენს ოლქში მარტო სპორტსმენები არ ცხოვრობენ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ დარჩა კიდევ გასაკეთებელი. თუნდაც სანიაღვრე არხები  და იყო ამაზეც საუბარი და ეს არის ძირითადი პრობლემა.

სანიაღვრე არხები კეთდება  კონკრეტული პროექტის ფარგლებში და ეს არის მიმდინარე პროცესი, რა იქნება სიახლე, რაც შეიძლება გააკეთოთ ამომრჩევლისთვის?

ამაზეც ვისაუბრე, სტადიონზეც ვისაუბრე, რა ვიცი აბა, ყველაფერს ვაკეთებთ.  მაშინ ისევ სპორტს უნდა დავუბრუნდე.  სტადიონის ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერიც გამოცხადდება და ძალიან მალე ბათუმს სანატრელი სტადიონი ექნება.

ეს არის მიმდინარე  ამბები, ჩვენ გვაინტერესებს სამომავლოდ  რას გააკეთებთ პირადად თქვენ  პარლამენტში?

სიახლეებზე  ვისაუბრე. მინდა რომ ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად იყოს აქტიურად სპორტში ჩართული. იყო ხალხის  რჩეული ეს არის უდიდესი პატივი და ჩემი მიზანია ხალხის გვერდში ვიყო.

გენდერულ საკითხებზე ვისაუბროთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი  პარლამენტში ქალთა კვოტირება და საჭიროების შემთხვევაში დაუჭერთ თუ არა მხარს ამ კანონის მიღებას?

გუნდური პრინციპები თქვენ კარგად იცით, სახელმწიფოს წინსვლისთვის რაც იქნება საჭირო და რა მიმართულებასაც აიღებს „ქართული ოცნება“, მეც მათ გვერდით დავდგები და ჩემი აზრიც ის იქნება.

ანუ, უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს იმ აზრს დაეთანხმებით?

რა თქმა უნდა.

ამ პარლამენტმა ჩააგდი ფემიციდის შესახებ კანონპროექტი. ამაზე თუ გსმენიათ და თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ამ კანონის მიღება აუცილებელი?

ქალთა მკვლელობის ფაქტები რა თქმა უნდა ცუდია, ქალს ვფიქრობ პატივისცემა სჭირდება გინდა ოჯახში, გინდა გარეთ. თუ შეამცირებს ეს კანონი ქალთა მიმართ აგრესიას, ვფიქრობ კანონის მიღება საჭირო იქნება.

რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად თუ არის რაიმე საკანონდებლო ნორმა მისაღები და კონკრეტულად რა მიმართულებით?

მე ქრისტიანი, მართლმადიდებელი კაცი ვარ, მაგრამ ყველა სარწმუნოებას პატივისცემა სჭირდება. რაც არ უნდა იყოს…

სხვა უმცირესობების უფლებები თუ უნდა იყოს დაცული და რა ფორმით?

არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ  სპორტსმენები პარლამენტში  ხშირად ჩხუბობენ და არგუმენტების ნაცვლად ხდება  ფიზიკური ანგარიშსწორებები.  რას ფიქრობთ  ამაზე და თქვენც ხომ არ აღმოჩნდებით იგივე მდგომარეობაში?

საკანონმდებლო ორგანოს ნამდვილად სჭირდება უფრო მეტი პატივისცემა, თავდაჭერილობა. ქართული მენტალიტეტი თქვენც იცით ალბათ, მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ თავშეკავება აუცილებელია. სპორტსმენი კაცი, ძლიერი კაცი ყოველთვის თავმდაბალია, თუ მართლა შენს ღირსებას და ოჯახს არ შეეხებიან…

თქვენს ღირსებას რომ შეეხონ, ცემთ თქვენს კოლეგას?

ზუსტად მაგას ვამბობ, რომ თავდაჭერილობა არის აუცილებელი. ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებული სპორტსმენი აგრესიული კი არა, ძალიან თავმდაბალი და თავდაჭერილია. თუმცა არის ფაქტები. რომ უცხოეთის პარლამენტებშიც კი, ჩხუბობენ პარლამენტარები და არ არიან სპორტსმენები.

უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი  „აბაშიძის ზონდერს“ გიწოდებდათ და ამბობდა, რომ თქვენ იმ დროს მაშინდელი ოპოზიციის მიტინგებს არბევდით.  რას იტყვით  ამ ბრალდებაზე?

მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე ამბობდა მაგას. „ქართული ოცნება“,  ნებისმიერი ზონდერი იქნება თუ მსოფლიო ჩემპიონი, ერის და ქვეყნის წინაშე რაიმე დანაშაული თუ მიუძღვის,  ჩემი აზრით, არავის არ აიყვანდა. მე ერთი რამ ვიცი, ვისაც ერის და ქვეყნის წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი  გინდა ოლიმპიური ჩემპიონი იყოს, გინდ ნებისმიერი სტატუსის ადამიანი, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პროვოკაციებს გეგმავს. იყო საუბარი იმაზე რომ, ზუგდიდის ინცინდენტში სპორტსმენები, კერძოდ მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. არის საუბარი იმაზეც, რომ  მოჭიდავეები თქვენს მაჟორიტარულ ოლქშიც  გყავთ აყვანილი. ხომ არ აღმოჩნდება ისე რომ  სწორედ ისინი  იაქტიურებენ პროვოკაციების შემთხვევაში?

მე ვარ მოჭიდავე კაცი, იცით ჩემი სპორტული მიღწევები და ჩემი 95 პროცენტი სამეგობრო წრის არიან სპორტსმენები. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ამ ხალხის შრომა დაფასდეს. მე ჩემს ოპონენტებს პატივს ვცემ და სპორტსმენებმა განსაკუთრებით ვიცით მოწინააღმდეგის პატივისცემა, ასე რომ მყავს ჩემი მეგობრები და ჩემს გვერდით დგანან.  მე არ მჯერა. რომ რაიმე პროვოკაციები იქნება ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ ანალოგიურად იქნება სხვა პარტიების მხრიდანაც. ჩემი აზრით ეს გამორიცხული თემაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com