ვაკანსია აჭარის მთავრობაში

აჭარის განათლების სამინისტრომ სამ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სამინიტრო კონკურსის წესით იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს, კულტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და კულტურის დეპარტამენტის უფროსს შეარჩევს.

კონკურსის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 2017 წლის 12 აპრილს გამოცხადაა.

ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით განაცხადებების მიღება იწარმოებს 21 აპრილის ჩათვლით.

მთავრობა კურორტ გოდერძისთვის ინვესტორებს ეძებს

აჭარის მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაციების გამართვას გეგმავს, ინვესტორების მოზიდვის მიზნით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის სარეკლამო რგოლის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შეყიდვის ღირებულება 47 000 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით სამენოვანი [ქართული, ინგლისური და რუსული] სარეკლამო-სატელევიზიო გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა მოამზადოს. სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შექმნის მიზანი კურორტ გოდერძის საინვესტიციო პროექტების შესახებ პოტენციური ინვესტორებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სრულფასოვანი წარმოჩენაა.

რა სიახლეებს გეგმავს მთავრობა კურორტზე მომავალი სეზონისთვის, ამ თემაზე „ბათუმელებს“ კურორტის ახალი დირეტორი ზურაბ ჭურკვეიძე ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კურორტ გოდერძიზე რამდენიმე ახალი პროექტია დაგეგმილი, კონკრეტულად რა იგეგმება?

აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს კურორტ გოდერძის განვითარება, ამაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გვაქვს პერპექტიული გეგმები. დაგეგმილია შიდა გზის მოწყობა, პროექტის ნაწილი უკვე გვაქვს და ნაწილი უნდა ვიყიდოთ. შესაბამისად პირველ ეტაპზე განხორციელდება 1751 მეტრი გზის მშენებლობა, რომ ინვესტორებს საინვესტიცო ნაკვეთზე მისვლისა და პროექტების დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ. გარდა ამისა, იგეგმება 112 – ის ობიექტის მშენებლობა. პირველ ეტაპზე უნდა ვიყიდოთ პროექტი და შემდეგ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით აღიჭურვება ყველა იმ სერვისით, რაც საჭიროა 112- სთვის.

მინისტრი საუბრობდა ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობაზეც…

დიახ, დაგეგმილია ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობა. ვფიქრობ, კარგი იქნება ძველი ხის შენობის გადმოტანა ისე, რომ დაცული იყოს ავთენტურობა, რაც ხულოშია. ამ შენობაში მოეწყოს ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ამ კუთხესთან იქნება დაკავშირებული. ვგეგმავთ ასევე თავლის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ზამთარსა და ზაფხულში განათავსონ ადგილობრივი ცხენები და მოემსახურონ ტურისტებს, დაიგეგმოს საცხენოსნო ტურები.

ვაპირებთ ასევე შეჯიბრის ჩატარებას ველოსპორტში. დაგეგმილია სხვა აქტივობებიც, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, განსაკუთრებით ზაფხულზე ვაკეთებთ აქცენტს. კურორტი ოთხივე სეზონზე დასასვენებელ ადგილად უნდა იქცეს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, დღეს ჩაიყაროს საფუძველი იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე ტურისტმა დაგეგმოს ყველა ის აქტივობა და დაისვენოს კურორტ გოდერძიზე.

დაახლოებით როდის დაიწყება ამ ყველაფერზე მუშაობა?

პროექტებთან დაკავშირებით ფაქტობრივად დაწყებულია და მიმდინარეობს უკვე მუშაობა. თოვლის გაშრობის შემდეგ უკვე შესაძლებელია ტენდერების გამოცხადება. გვაქვს საკუთარი ბიუჯეტი, ხოლო თუ რომელიმე პროექტს დასჭირდება აჭარის ბიუჯეტიდან მხარდაჭერა. შესაბამისად დასმული იქნება საკითხი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე, რათა განხორციელდეს დამატებითი თანხის მოზიდვა.
კურორტის განვითარების არეალი – 633.45 ჰა-ს მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით კურორტმა ერთდროულად 7 000 დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.
ახალი რეგულირების გეგმით კურორტის არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ ოთხი დაემატება, მოეწყობა, ასევე ახალი სათხილამურო ტრასები.

შსს-მ ბათუმში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში სწრაფი გადახდის აპარატიდან ფულის მოპარვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის გუშინ, 14 აპრილს გვიან ღამით, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 19-177 მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

არის თუ არა დისკრიმინაცია, როცა „მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“

„მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“ – ეს განცხადება ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის შესასვლელშია გამოკრული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ამ კრიტერიუმს პროფესიულ დისკრიმინაციად აფასებს. ორგანიზაციამ დისკრიმინაციის დადგენის და ფაქტის აღმოფხვრის მოთხოვნით სახალხო დამცველს უკვე მიმართა.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი აქცენტს სამედიცინო ცენტრის ზოგად პროფილზე აკეთებს და ლიცენზიაზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს უფლება, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე მომხმარებელს . „ეს არის პროფესიის ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც ვერ მოეძებნება ობიექტური და გონივრული გამართლება,“ – ამბობს პაატა.

„მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი – 2010″ ურიგოდ მომსახურებას იმით ხსნის, რომ მეზღვაურებს განსაზღვრულ ვადაში სჭირდებათ სამედიცინო დოკუმენტაცია. სამედიცინო ცენტრი კონკრეტული ადამიანებისთვის ურიგოდ მომსახურების პარალელურად, სხვა ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნას არ იმჩნევს.

„მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის პოლიკლინიკური განყოფილება მისი დაარსებიდან მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მეზღვაურებს. დროთა განმავლობაში სამედიცინო ცენტრის საქმიანობა გაფართოვდა და შესაბამისად, მეზღვაურებთან პარალელურად ემსახურება სხვა მოქალაქეებსაც… აღნიშნული მომსახურების ფორმატი არავითარ დისკომფორტს არ უქმნის სხვა პაციენტებს სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას, რადგან დაწესებულების ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია პაციენტთა დროული და ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა“, – ვკითხულობთ მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის წერილობით განმარტებაში.

 

მეხუთე მცდელობა – ბათუმში ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ისევ იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ გასაყიდად ისევ გამოიტანა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ამჯერად სამინისტრო ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას ბათუმში, ასევე მასთან დაკავშირებულ ძირითად საშუალებებსა და მცირეფასიან ინვენტარს ერთ ლოტად, 15 მილიონ ლარად და პირობებით ყიდის.

თავდაპირველად სამინისტროს ეს ქონება 5 მილიონ 850 ათას დოლარად ჰქონდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი, შემდეგ  ფასი 4 მილიონ 95 000 დოლარი იყო.

აუქციონის პირობების მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთი თვის ვადაში სამინისტროს საკუთრებაში გადაცემული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა წარუდგინოს.

მყიდველმა იმავე ვადაში, ქონების მესაკუთრესთან, ბათუმის მერიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება ეროვნული ბანკის შენობის ფასადზე განთავსებული ასტრონომიული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

აუქციონის პირობაა, ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაოთხი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ ოცდახუთნომრიანი სასტუმროსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ამოქმედება; ამ ობიექტების ამოქმედებიდან ორ თვეში კი ინვესტორმა არანაკლებ 50 მოქალაქე უნდა დაასაქმოს, რომელთა  90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

მყიდველმა უნდა აიღოს ასევე სასტუმროსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად ოცი წლის ვადით შენარჩუნების ვალდებულება.

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ოცდაოთხი თვის ვადაში მყიდველმა არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

არა ბარბარიზმს – დედა ენის დღე ბათუმში

დღეს, 14 აპრილს, ბათუმში,  ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ქართული ენის დღე აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეები ილიას ძეგლთან მივიდნენ ასომთავრული წარწერებითა და სლოგანებით – „არა ბარბარიზმს“ .

მოსწავლეებმა დედა ენასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.

დედა ენის დღესთან დაკავშირებით ილიას ძეგლთან ყვავილები მიიტანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. ძეგლი ყვავილებით შეამკეს მთავრობის სხვა წევრებმაც.

დედა ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

დედა ენის დღესთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ყვავილები მიიტანა.
დედა ენის დღესთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ყვავილები მიიტანა.

რას  ამბობს ბიზნესმენი, რომლის კომპანიის შენობაში ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

ბიზნესმენმა ნიაზ ხალვაშმა 13 აპრილს, ღამით, ხელვაჩაურში მდებარე კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ შენობაში შეჭრა სცადა. დაცვის თანამშრომლებთან მისულ ბიზნესმენს შენობის დაკავების უფლება „ტრანსკავკასიამ“ არ მისცა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია წლების წინაც მას ეკუთვნოდა და მას აუცილებლად დაიბრუნებს. ის პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის და ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ძმაა.

2012 წელს პარლამენტმა ნიაზ ხალვაშს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.

„ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გასხვისდა ჩვენი ქონების ნაწილი. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა სხვიტარიძე, კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ნიაზ ხალვაშმა წლების წინ გაყიდა ეს ქონება და მასზე პრეტენზია აღარ ჰქონია, ხოლო „ტრანსკავკასია კრისტალმა“ იგი 2011 წელს შეიძინა. სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა კომპანია „მეგა კოს“ გაუჩნდა პრეტენზია „ტრანსაკვაკასიის“ მიერ შესრულებულ სამშენებლო სამუშაოზე.

„კომპანია გვედავებოდა, რომ სამუშაო იყო უხარისხო და დაიდო სამხარეულის ექსპერტიზის ყალბი დასკვნა, რითაც მიყენებული ზარალი 600 ათასი ლარით განისაზღვრა. არსებობს ალტერნატიული დასკვნები, სადაც წერია, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე ხარისხიანია და სტანდარტს შეესაბამება. სასამართლო სამხარაულის დასკვნას დაეყრდნო,“ – გვიყვება მამუკა სხვიტარიძე.

რადგან კომპანიამ სასამართლოს გზით დადგენილი ზარალი თავისი ნებით არ აანაზღაურა, „ტრანსკავკასიის“ ქონების ნაწილი აუქციონზე იძულების წესით გაიატანეს. 30 მარტის აუქციონი კომპანია „ბიზონმა“ მოიგო, რომელსაც ნიაზ ხალვაში ფლობს, „ტრანსკავკასია კრისტალის“ ყოფილი მესაკუთრე.

„ტრანსკავკასიის“ ამჟამინდელი მფლობელები აუქციონის შედეგის გასაჩივრებასაც აპირებენ. მამუკა სხვიტარიძე აცხადებს, რომ 600 ათასის ასანაზღაურებლად აუქციონზე 6 მილიონ 200 ათას დოლარად შეფასებული ქონება გავიდა:

„სულ გვაქვს 26 შენობა და აქედან 9 გაგვიყიდეს აუქციონზე. ერთის გაყიდვითაც კი შესაძლებელი იქნებოდა ზარალის ანაზღაურება. გამოდის, რომ დანარჩენი აჩუქეს. გარდა ამისა, გასხვისებულ შენობებში არის კიდევ დაახლოებით 3 მილიონი ლარის  დანადგარები, რომელთა დემონტაჟიც შეუძლებელია. ამ გადაწყვტილებით გაურკვეველია, როგორ უნდა გადანაწილდეს ქონება,“ – გვიყვება მამუკა სხვიტარიძე.

ბიზნესმენი პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქონების გამოთავისუფლებას, ანუ გამოსახლებას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაშიც, სასამართლომ ცალკე უნდა იმსჯელოს, როგორ უნდა აღსრულდეს მანამდე მიღებული გადაწყვეტილება. ამ სამართლებრივ რეგულაციაზე დაყრდნობით, მამუკა სხვიტარიძე ნიაზ ხალვაშის გადაწყვეტილებას, დაიკავოს შენობა, უკანონოდ მიიჩნევს.

„ჩვენ ბიზნესმენმა წარმოგვიდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, პოლიცია ამ პროცესში ჩართული არ არის,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშს.

აღსარება ღია ცის ქვეშ [ფოტოამბავი]

მართლმადიდებლური ეკლესია ვნების კვირეულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლი წირვის შემდეგ აღსარებას ღია ცის ქვეშ აბარებს.

 

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13.04. 2017
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზო
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13.04. 2017

 

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მღვდელი ფრიდონი აღსარებას იბარებს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13.04. 2017
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მღვდელი ფრიდონი აღსარებას იბარებს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 13.04. 2017

 

IMG_0017

„ბათუმის წყალი“: წყლის ამღვრევა 26 მაისის ქუჩაზე გამოწვეული იყო ტექნიკური დაზიანებით

14 აპრილს ბათუმში, #4 საჯარო სკოლის მიმდებარედ  საცხოვრებელი სახლის ონკანებში მღვრიე წყალი წამოვიდა. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყლის ამღვრევა ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია.

„26 მაისისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დაზიანდა მილი, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია. ამის შესახებ კომპანიაში ინფორმაცია 12-ის ნახევარზე შემოვიდა, ტექნიკური ჯგუფი გავიდა ადგილზე და დაზიანებული მილიდან წყლის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობას. ამ დროისათვის წყალი არ მიეწოდება 26 მაისის ქუჩას, კომახიძის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მონაკვეთში. ტექნიკური დაზიანების აღმოფხვრას ვცდილობთ და უახლოეს საათებში, დაახლოებით 17 საათამდე, დაზიანების სირთულის შესაბამისად პრობლემა აღმოიფხვრება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შპს „ბათუმის წყალში“.

კომპანიაში განაცხადეს, რომ დაზიანება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა, მაგრამ მოსახლეობას ბოდიშს უხდიან შექმნილი სიტუაციის გამო.

 

 

სამხარაულის ბიუროს ყოფილი ექსპერტი სასამართლოებიდან დოკუმენტების გაქრობაზე საუბრობს

ნატალია თევზაძე სასამართლო საქმიდან დოკუმენტების გაქრობასა და გაყალბებაზე საუბრობს. ის სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ-ნარკოლოგის პოზიციაზე მუშაობდა და სასამართლოში სამსახურში აღდგენას ითხოვდა. დოკუმენტების სავარაუდო გაქრობით პროკურატურა დღემდე არ დაინტერესდა. ნატალია თევზაძე ამჯერად პარლამენტს მოუწოდებს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ. წერილი რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს მან უკვე მიწერა.

„საქმიდან დოკუმენტები გაქრა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში აუდიო ჩანაწერი გააყალბეს. ამის მტკიცებულება საქმეში არსებული სამი აუდიო კომპაქტდისკია, სადაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობაა ჩაწერილი. ერთ-ერთი დისკი საერთოდ უნომროა. დისკზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მექანიკური დამუშავების კვალი. გარდა ამისა, არც ერთი დისკის ნომერი არ ემთხვევა სხდომის ოქმში მითითებულ ნომერს,“ – ამბობს ნატალია თევზაძე.

ნარკოლოგად 1987 წლიდან მუშაობდა, ხოლო სამხარაულის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ-ნარკოლოგის თანამდებობაზე – 2005 წლიდან, როცა ეს სამსახური რეგიონში შეიქმნა. 2007 წელს ნატალია თევზაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

„ამის შესაძლებლობას იძლეოდა მაშინ მოქმედი კანონი. გათავისუფლებამდე სამსახურში ერთ-ერთი, დანომრილი ცარიელი ბლანკი გაქრა. ხელმძღვანელს, რამაზ სურმანიძეს მაშინვე მივმართე და მოვთხოვე რეაგირება, რადგან ამ ბლანკს პირის ალკოჰოლური თრობის შემოწმების დროს ვავსებდით, ხოლო მისი გამოყენება რომელიმე უწყებაში უკვე დაფიქსირებული იქნებოდა. ეს შემთხვევა 2007 წლის 4 მაისს მოხდა, 14 მაისს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მივმართე, რადგან ხელმძღვანჯელობა ადეკვატურად არ რეაგირებდა. ამის გამო მისაყვედურეს. 31 მაისს ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაიწერა“, – გვიყვება ნატალია თევზაძე.

ნარკოლოგის გათავისუფლების შემდეგ,  გამოძიება დაიწყო ბლანკის გაქრობასთან დაკავშირებით – 2007 წლის 16 ივნისს. ამ საქმეში ფიგურანტი პირი ნატალია თევზაძე იყო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ძიება იმავე წლის სექტემბერში შეწყდა. ნატალიამ გამოძიების ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა სასამართლო ინსტანციებში, ხოლო საქმის წაგების შემდეგ – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეჭვობს, რომ ცარიელი ბლანკის გაქრობა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ავტოავარიის საქმეს უკავშირდებოდა და გამოძიებას უნდა დაედგინა, სად გაქრა დანომრილი ფურცელი ექსპერტიზის სამსახურის სამუშაო ოთახიდან. ნატალია დარწმუნებულია, რომ მისი სამსახურის გაშვებაც ამ ამბავს უკავშირდება.

გამოძიების შეწყვეტის შემდეგ მიმართა ნატალია თევზაძემ სასამართლოს – სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ყველა ინსტანციაში პროცესის წაგების შემდეგ კი, საქმის მასალები გამოითხოვა სასამართლოებიდან.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის ჩაბარებული დანართის 14 ფურცლიდან მხოლოდ 5 იყო დარჩენილი, ხოლო უზენაეს სასამართლოს აუდიო ჩანაწერში აღარ ისმის მოსამართლე მიხეილ გოგიშვილის ხმა, რომელიც მიმართავს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელს, იქნებ მოურიგდეთ თევზაძეს, ხომ ხედავთ, საქმეში ყველაფერი წესრიგში არ არისო. ამ მორიგების მცდელობის გამო ორჯერ გადაიდო სასამართლო პროცესი, მაგრამ აუდიო ჩანაწერში მორიგების შესახებ ვერაფერს მოისმენთ,“ – ასრულებს მოყოლას სამხარაულის ბიუროს ყოფილი ნარკოლოგი.

სასამართლოებში დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში დაიწყო, მაგრამ იგი 2013 წლის ივლისში შეწყდა – დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში პროკურორ-სტაჟიორი, ირაკლი კაჭკაჭიშვილი წერს, რომ „გამოძიებით არ დადასტურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელთა მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის – დოკუმენტის განადგურების ფაქტი.“

ამავე დადგენილებაში წერია, რომ საჩივრის დანართი, რაც ნატალია თევზაძემ სააპელაციო სასამართლოს ჩააბარა – „შინაარსობრივად არასრულია და აკლია დოკუმენტების ცალკეული ფურცლები“. ოქმის შემდგენი პროკურორის განმარტებით, გამოძიებამ დანართის მასალები გამოითხოვა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგანაც და მიღებული დოკუემენტები დაემთხვა იმას, რაც ნატალიამ თავის დროზე ჩააბარა სააპელაციო სასამართლოს.

„საქმე იმაშია, რომ სასამართლომ გააქრო ეს დოკუმენტები. მე არ ვდავობდი იმაზე, რომ ჩაბარების დროს დაიკარგა რამე. გარდა ამისა, პროკურორის დადგენილებაში არაფერი წერია უზენაეს სასამართლოში გაყალბებული აუდიო ჩანაწერის შესახებ,“ – დასძენს ნატალია თევზაძე.

პროკურატურის დადგენილებაში მართლაც არაფერი წერია აუდიო ფაილების გაყალბების შესახებ, რომლის თაობაზე ნატალია თევზაძემ გამოძიებას წერილობით აცნობა. სამაგიეროდ დადგენილებაში ხაზგასმულია ახლადაღმოჩენილ დარღვევაზე – ნატალია თევზაძის და მისი უფლებათადამცველის წინააღმდეგ. ამ პროცესში გამოძიებას დაუფიქსირებია, რომ სააპელაციო სასამართალოში დოკუმენტები იურისტმა თამარ რევაზიშვილმა ჩააბარა ნატალია თევზაძის სახელით, მაგრამ იურისტს ამ დროისთვის შესაბამისი მინდობილობა არ ჰქონდა.

„დავადგინე: 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონით ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან,“ – ამ სიტყვებით ასრულებს პროკურორ-სტაჟიორი ირაკლი კაჭკაჭიშვილი დადგენილებას გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

რატომ არ იმუშავა გამოძიებამ აუდიო ფაილების გაყალბების კუთხით – ეს და სხვა კითხვები პროკურატურისთვის უნდა დაგვესვა, მაგრამ ტრადიციულად „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას ამ უწყებაში არც ამჯერად უპასუხეს.

 

 

 

 

 

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა დატოვა

დღეს ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ფაქტს სამედიცინო დაწესებულების იურისტი ლევან სიამაშვილი ადასტურებს.

მისივე განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადი სამედიცინო დაწესებულების დაახლოებით 28 თანამშრომელმა ერთი თვის წინ გააკეთა:

“შპს “BROTHERS”-ში დასაქმებულმა დაახლოებით 28 ექიმმა, პირადი განცხადებით, შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 1 თვით ადრე გაფრთხილებით შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან. დამსაქმებელმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ამ პერიოდის განმავლობაში სამედიცინო  დაწესებულებამ, ძირითადად, თბილისიდან მოიწვია ექიმი-სპეციალისტები და მოხდა თავისუფალი ადგილების შევსება” – ამბობს ლევან სიამაშვილი.

ის ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების განაცხადებში სამსახურიდან წასვლის კონკრეტული საფუძველი არ არის გამოკვეთილი, თუმცა როგორც იგი ამბობს, ამის მიზეზი მათი სოლიდარობაა იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლა სამსახურიდან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ:

“მიზეზი არ ეწერა, ზეპირსიტყვიერი განმარტებით ეს იყო სოლიდარობის ნიშანი იმ 3-4 გათავისუფლებული თანამშრომლის მიმართ, რომელთაც დაახლოებით ერთი თვის წინ იმიტომ შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებლის მიერ, რომ დირექციამ დაინახა, მათ გამო სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის პარალიზების საფრთხე. თუმცა ეს იყო იმ რამდენიმე ექიმის გათავისუფლების მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი,” – ამბობს იურისტი.

ჰოსპიტლიდან პირადი განცხადების საფუძველზე წასული 30-მდე თანამშრომელი პირად საუბარში სამსახურიდან წასვლის მიზეზად სამუშაო პირობების გაუარესებას ასახელებს.

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტალიs ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს.

ამავე თემაზე: რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

 

პრემიები სააღდგომოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში

ქედისა და შუახევის გამგეობა სააღდგომოდ ხელფასის 50%-ის ოდენობით პრემიის გაცემას გეგმავს. პრემიის გაცემას აპირებს ხულოს გამგეობაც, თუმცა ხელფასის 100%-ით.

პრემიის გაცემის მოთხოვნით აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებმა სახელმწიფო ხაზინას უკვე მიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხაზინა მუნიციპალიტეტების პრემიების გაცემის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პრემიას ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, თანამდებობრივი სარგოს 50% -ის ოდენობით მუნიციპალუტეტების გამგეობის, საკრებულოსა და საბავშვო ბაღში დასაქმებული თანამშრომლები მიიღებენ, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში თანამდებობრივი სარგოს 100%-ით პრემიას მხოლოდ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები აიღებნენ.

ქედასა და შუახევში პრემია, ხელფასის 50%-ის ოდენობით, 2017 წელს ერთხელ არის გაცემული. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქაც პრემია ერთხელ გაიცა, თუმცა ხელფასის 100%-ის ოდენობით.

პრემია 100%-ით გაიცემა ხელვაჩაურში, აქ ხელფასის 100%-იანი დანამატი წელს მეორედ გაიცემა, დანამატს სააღდგომოდ გამგეობის საკრებულოსა და ყველა აიპის თანამშრომელი მიიღებს.

ქობულეთში პრემია სახელფასო სარგოს 100%-ით უკვე ჩაერიცხათ, პრემია აქ გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა მიიღეს, ეს ქობულეთში წელს მეორედ გაცემული პრემიაა, პირველი პრემია კვარტალურად 100%- ით არის გაცემული.

იმის გასარკვევად, აიღეს თუ არა სააღდგომოდ პრემია ბათუმის მერიასა და მასზე დაქვემდებარებულ შპს-ებსა თუ აიპებში,  “ბათუმელები” მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან გადაგვამისამართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააღდგომო პრემიებს მთავრობაშიც ელოდებიან საჯარო მოხელეები, “ეს დიდ დღესასწაულებზე, მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით გაიცემა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, რა მოცულობის იქნება“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

 

ამავე თემაზე: პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში 

აჭარის მთავრობა მწვანე ტბასთან დაგეგმილ პროექტზე: ეკოსისტემაში მკვეთრი ჩარევა არ იგეგმება

აჭარის მთავრობის განმარტებით ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბასთან დაგეგმილი სამუშაოები ეკოსისტემაში მკვეთრ ჩარევას არ ითვალისწინებს და მცირემასშტაბის შენობას, ასევე პარკინგის ადგილს ტბის მიმდებარედ ბუფერულ ზონაში მოაწყობენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ქალქგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით

„ … ეს იქნება მინიმალური მოცულობის ობიექტი, იმისთვის, რომ ვიზიტორებს შეეძლოთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო სერვისების მიღება. მოეწყობა საპიკნიკე ადგილი(მაგიდები,ფანჩატური, სველი წერტილი, წყარო, განთავსდება ნაგვის ურნები და ა.შ). ეს ყველაფერი უნდა განთავსდეს ისე, რომ მწვანე ტბის ირგვლივ არსებულ ეკოსისიტემას არანაირი ზიანი არ მიადგეს. დაგეგმილია ასევე სასეირნო ბილიკების მოწყობა ტბის პერიმეტრზე. გათვალისწინებულ იქნება ველობილიკები და ცხენებით გადაადგილების მარშრუტები. მოეწყობა ავტოპარკინგი ბუფერულ ზონაში.

იმ ტურისტებისთვის რომლებიც მწვანე ტბასთან ღამის გათევას მოისურვებენ გათვალისწინებული იქნება ადგილი კარვებისათვის, შესაძლებელია ბუფერულ ზონაში გათვალისწინებულ იქნას მცირე მოცულობის სასტუმრო/თავშესაფარის მოწყობა, იგეგმება მისასვლელი გზის მონაკვეთზე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მინიმალური სამუშაოების ჩატარება.

„ მისასვლელი საავტომობილო გზის სრულყოფილმა რეაბილიტაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ავტოტრანსპორტით ვიზიტორთა ნაკადის გაზრდა, რასაც შესაძლებელი ვერ დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ანუ პარკინგი. საკითხი დამატებითი შესწავლის თემაა, რისი საშუალებაც მოგვეცემა სათანადო კლიმატური პირობების დადგომისთანავე. ცალსახად აღსანიშნავია, რომ ავტოპარკინგი უნდა განთავსდეს მწვანე ტბის ბუფერულ ზონაში. ტბის ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს საფეხმავლო ზონა“ – განმარტავს ნუგზარ ძნელაძე.

პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის გავითარების ხელშეწყობის ფარგლებში განხორციელდება. მთავრობას ჯერჯერობით არ აქვს დათვლილი დაახლოებით რა თანხა დაიხარჯება მწვანე ტბის კეთილმოწყობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. წელს ამ პროგრამის ფარგლებში ჩაქვში ფრინველების გადაფრენის ადგილის ინფრატრუქტურის რეაბილიტაციაც იგეგმება. ამ ადგილიდან ტურისტები გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან.

მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტბასთან მისვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის დიდი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე და ამ დროს აქ ტურისტები ხშირად არიან

დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ე.წ. „რვაფეხას“, კაფე „ფანტაზიის“ შენობის აღდგენა – რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად ქონების მესაკუთრემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიას მიმართა.

„რვაფეხა“ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ბულვარი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მერიამ ტერიტორიის შემოღობვისა და მისი მსუბუქი კოსტრუქციით გადახურვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეათანხმა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კაფე „ფანტაზიას“ შენობა რეკოსტრუქციის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

კაფე „ფანტაზიის“ დემონტაჟის ხარჯზე ორი საცურაო აუზის მოწყობას სასტუმრო „ჰილტონის“ მესაკუთრე გეგმავდა. ინვესტორმა ამ ტერიტორიის სანაცვლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცხრა მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება შესთავაზა. ეს პროექტი ბათუმში აქციებით გააპროტესტეს. ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას კაფე „ფანტაზიის“, როგორც უნიკალური და ბათუმისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვდნენ.

ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე დღეს, ქედაში მოსახლეობას შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ 2017 წელს განსახორციელებელი და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მინისტრთან შეხვედრაზე ქედელმა ფერმერებმა ძირითად პრობლემადუხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული  შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს.

„მოსახლეობის უმრავლესობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, სოფელ დანდალოში კი მოსახლეობას ძირითადად ყურძენი გამოგვყავს, უხარისხო შხამ-ქიმიკატებმა გასულ წელს მოსავალი გაგვინადგურა, სად შეიძლება ვიყიდოთ ხარისხიანი პესტიციდები, რომ წინა წლის მსგავსად მოსავალი არ განადგურდეს?“ – იკითხა შეხვედრაზე სოფელ დანდალოს მკვიდრმა ტარიელ მანველიძემ და მინისტრს ქედაში შხამ-ქიმიკატების მაღაზიის გახსნა სთხოვა.

„სოფლებში მიწების დიდ ნაწილზე, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული და კოლმეურნეობის საკუთრებად მიიჩნეოდა ეს მიწები, დღეს არც ჩაი არის და ვერც მოსახლეობა იყენებს იმ მიწებს, მოსახლეობა ამ მიწების სარგებლობაში გადაცემასა და თხილის გაშენებას ითხოვს, სოფელ პირველ მაისში ასეთი ნაკვეთები დაახლოებით 7 ჰექტარია,“ – თქვა ქედის საკრებულოს წევრმა ზებურ დევაძემ.

„თამბაქოს მაღალი ფასიდან გამომდინარე მოსახლეობის იმ ნაწილმაც კი დარგო თამბაქო, რომელსაც წინა წლებში არ მოჰყავდა იგი, თამბაქოს გაორმაგებული ოდენობა ხომ არ გამოიწვევს მის გაიაფებას? რეალიზების პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?“ – იკითხა ზურაბ ბოლქვაძემ.

მოსახლეობის მიერ პრობლემად დასახელებულ შხამ-ქიმიკატებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ 2018 წლისთვის ქედაში აგრომაღაზია აშენდება, სადაც მხოლოდ რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთიერებები გაიყიდება, რაც შეეხება ყოფილი ჩაის პლანტაციების ტერიტორიების მოსახლეობისთვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„ხშირად გვესმის  ფერმერებისგან ჩივილი, რამდენად ხარისხიანია შხამ-ქიმიკატები, სასუქები, პესტიციდები, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ  2018 წლისთვის ქედაში ერთიანი აგრომარკეტი მოეწყობა, სადაც ერთ სივრცეში თავს მოვუყრით სოფლის მეურნეობის საშუალებების მწარმოებლებს,  რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციების მიკვლევადობას, დარწმუნებული ვართ, ამ  გზით მოვაგვარებთ ამ პრობლემას.

რაც შეეხება თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშს, გარკვეულ პერიოდში თამბაქოს  მაღალი ფასისი გამო მოსახლეობა მასიურად დაუბრუნდა თამბაქოს წარმოებას, შესაბამისად დადგა რეალიზაციის საკითხი, დავიწყეთ ურთიერთობა თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებთან იმ მიმართულებით, რომ შევთავაზოთ მათ აჭარაში წარმოებული თამბაქო.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების ფერმერებზე გადაცემაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ სამრეწველო ბაღების გაშენების პროექტებზე, რაც პირდაპირ კავშირშია კოოპერაციული  ბაღების განვითარებასთან, რაც არ მოხდება მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, ჯერ თავს შევიკავებ დეტალური პასუხისგან.  როცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით 2018 წლის პროგრამებზე,  ამ კითხვებზე გვექნება პასუხები,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

 

უფასო ავტობუსი სასაფლაომდე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური  ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

#11 ავტობუსი, ყოველ 12 წუთში,  სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

750 000 ლარი – ხულოში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 33 ოჯახისთვის

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 12 აპრილის სხდომაზე მიიღეს.
კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც 750 000 ლარი გამოიყოფა, კერძოდ:
– ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25,000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით.
– გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისთვის სოფელ ახალშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15,000 ლარი.
– ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყოფა 35,000 ლარი.
 კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, დააწესოს მკაცრი კონტროლი სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოფელ თხილვანის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ადგილზე მათი ცხოვრება ყოველდღიური საფრთხის შემცველია და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდე, სახელმწიფომ მათ ქირის თანხა შესთავაზა ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით.
 მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართობი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ 500,913 ლარი შეადგინა.

ქედასა და შუახევში სოფლის რწმუნებულებს ბავშვზე ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შუახევსა და ქედაში გამგებლის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ტრენინგებს უტარებს.

ასოციაციის წარმომადგენელი და ტრენერი ნათია მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტრენინგის ძირითადი მიზანია საჯარო მოხელეებს, მათ შორის, სოფლის რწმუნებულებს გააცნონ, რას ავალდებულებს მათ კანონი, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია.

„საზოგადოებაში ბავშვი პირად საკუთრებადაა აღქმული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანები ძალადობრივ ქმედებას ბავშვთა მიმართ ძალადობად ვერ აღიქვამენ, რადგანაც არ იციან რას ნიშნავს ძალადობა, ასეთი ფაქტების შემცირების მიზნით დაიგეგმა იმ საჯარო მოხელეების გადამზადება, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, სწორედ მათ უნდა იცოდნენ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, რა რეაგირება უნდა მოახდინონ,“- ამბობს ნათია მაჭარაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი.

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი სასწავლო-საპილოტე პროექტის ფარგლებში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ტრენინგები ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა.

 

 

მთა თეთრობზე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მთა თეთრობზე, სადაც  ფაჩხის, წაბლანის, წაბლიანის, რაქვთის, თხილვანისა და ფურტიოს სოფლების მოსახლეობა (სულ 400-მდე ოჯახი) მემთეურობას ეწევა, ახალ ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს.

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 504 ლარი გამოყო.

ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა აბულაძის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზი თეთრობზე გოდერძის უღელტეხილიდან გავა და ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა, წელს მოიალაღეებს კი შუქს ისევ ძველი ხაზგაყვანილობით მიაწვდიან.

„მთა თეთრობზე ელექტროგადამცემი ხაზი ხიხაძირის ხეობიდან არის გაყვანილი, ეს ხაზი დიდ მანძილზეა და ზამთარში ხშირად ზიანდება, სულ 7 კილომეტრია, გამგეობას მისი შენახვა ძვირი უჯდება, რის გამოც ახალი ხაზის მშენებლობა დაიგეგმა. ახალი ხაზი გოდერძის უღელტეხილიდან გავა და სამი კილომეტრი იქნება, გარდა ახალი ხაზის მშენებლობისა, ბეშუმის მიმდებარე იალაღებზე ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია იგეგმება,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.

ელექტროგადამცემი ხაზი მთა თეთრობამდე შ.პ.ს „აჭარსპეცპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტით აშენდება.

შუახევის გამგეობამ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი შვიდ პოზიციაზე  – ბარათაულის, უჩამბის, ზამლეთის, წყალსაყრის და ჭვანის თემებში წამყვანი სპეციალისტისა და გამგეობაში ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა.

თემებში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ხელფასი 530 ლარს შეადგენს, გამგეობაში კი ანაზღაურება 560 ლარია.

კონკურსი ორ ტაპად ჩატარდება, კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი საკონკურსო კომისია კანდიდატებს ძირითადად გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს.

ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გასაუბრებაზე კონკურსანტების ცოდნას შუახევში კომისიის ექვსი წევრი შეაფასებს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე  მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძეა, კომისიის წევრები კი არიან: რუსუდან შავაძე და ავთანდილ დიასამიძე, გამგებლის მოადგილეები,  სოსლან ზოიძე და არმაზ ბახტაძე, შუახევის საკრებულოს დეპუტატები. კონკურსანტების ცოდნას საჯარო მოხელეების გარდა შუახევში პროფკავშირების წევრი ავთანდილ ქუთათელაძეც შეაფასებს.

შუახევის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 20 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ.

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი „სუბუტექსი“, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა „მორფინი“, 3014 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი „მდმა“, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ბარათაშვილის #26-ის გვერდით კიდევ ერთი სახლის დემონტაჟი იგეგმება

კომპანია „რენესანს დეველოპმენტს გრუპს“, რომელმაც ბარათაშვილის #26-ში ისტორიული სახლი დაანგრია, ამ ტერიტორიის მიმადებარედ, ფარნავაზ მეფის #56-ში, კიდევ ერთი სამსართულიანი სახლის დანგრევის ხარჯზე, ახალი კორპუსის აშენება სურს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს იქნება იმავე მასშტაბებისა და ვიზუალის პროექტი, რასაც კომპანია ბარათაშვილის #26- ში ახორციელებს, ამიტომაც მისი დამტკიცება ხელს შეუწყობს უბნის კვარტალურ განვითარებას.

კომპანია ცვლილებების შეტანას გეგმავს ასევე ბარათაშვილის 26-ის პროექტშიც.

17902751_1675780589118027_1521193647_o

მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში მიმდინარეობს. კომპანიამ, როგორც ცვლილების, ასევე ახალი პროექტის შეთანხმების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მიმართა, სააგენტო ორივე პროექტის ერთიანად განხილვას მომავალ სხდომაზე გეგმავს.

„რენესანს დეველოპმენტ გრუპი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მის 75 %-ს უკრაინის ორი მოქალაქე,  25 %-ს კი რუსეთის მოქალაქე ფლობს.

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა გაცვალა.

თანამდებობას ტოვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე. ის ქედის პოლიციის განყოფილების უფროსი გახდება. ქედის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე კი, გიგლა მოსიძის ადგილს დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტში.

„ახლა ვერაფერს გეტყვით, მოგვიანებით დამირეკეთ,“ – გვითხრა გიგლა მოსიძემ… ის მედიის ყურადღების ცენტრში 2013 წლიდან მოექცა, როცა აჭარის მაშინდელ პოლიციის უფროსს, ვალერი თელიას ქუჩაში ინციდენტი შეემთხვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან კადრები წაშლილი აღმოჩნდა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები სწორედ გიგლა მოსიძემ ამოიღო. გიგლა მოსიძე იმ პერიოდში ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ დააწინაურეს – იგი სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა.

პოლიციის უფროსის შეცვლას არ ადასტურებს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი. „მეც გავიგე ეს ინფორმაცია და თავად ვკითხე პოლიციის უფროს ფრიდონ ფუტკარაძეს. მითხრა, არაფერი არ შეცვლილაო. დღეს ერთად ვიყავით,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა ასევე დატოვა ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რუსლან იოსელიანმა. ის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. ამ ადგილს ზაზა დიასამიძე იკავებდა, რომელიც ახლა ქალაქის სამმართველოში რუსლან იოსელიანს ჩაანაცვლებს.

„კონფლიქტი არ ყოფილა და არც გენერალურ ინსპექციას დაუწყია მოკვლევა ამ მიმართულებით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, როცა ვკითხეთ, რამდენად რეალური იყო ინფორმაცია რუსლან იოსელიანსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესცენტრი ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ ცვლილებები გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც დასტურდება…

სამინისტროს პრესსამსახურმა ამჯერადაც შესთავაზა „ბათუმელებს“, რომ საკადრო ცვილელებებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოეთხოვა. კანონით ინფორმაციის გამოთხოვას მაქსიმუმ 10 დღე სჭირდება, თუმცა,  როგორც წესი,  შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო ინფორმაციას  „ბათუმელებს“ ხშირად არც აწვდის.

12 მარტს, ბათუმის მოვლენების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ ის აჭარის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავდა.

ფოტო: გიგლა მოსიძე 11 მარტის აქციაზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

 

 

ხულოში რძის საწარმოს ლიცენზია შეუჩერეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა. სამეწარმეო საქმიანობის დროებით შეჩერების მიზეზად რძის გადამამუშავებელ საწარმო „ცეზარის“ მფლობელები სურსათის ეროვნული სააგეტოს მიერ საწარმოსთვის ლიცენზიის შეჩერებას ასახელებენ და ამბობენ, რომ სამეწარმეო საქმიანობა სააგეტომ საწარმოში არსებული ტექნიკური დანადგარების საკანონმდებლო რეგულაციებთან შეუთავსებლობის გამო შეუჩერა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირველად, გასულ წელს, რძის პასტერილიზატორის გამო დაგვაჯარიმა. გვითხრეს, რომ დანადგარი მოთხოვნებთან შეუსაბამო იყო, რის შემდეგაც კარგი ხარისხის პასტერილიზატორი დავაყენეთ და რძის მიღება-გადამუშავება მეოთხე დღეს განვაახლეთ. იმის შემდეგ კიდევ ორჯერ დავჯარიმდით, მიზეზად ისევ ტექნიკური დანადგარები დაგვისახელეს და პრობლემის მოსაგვარებლად სამთვიანი ვადა მოგვცეს.

ამ დროისთვის საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღებას და გაფართოებას ვახდენთ, 100 000 დოლარის დანადგარები საზღვარგარეთ შევისყიდეთ, ჩამოვიტანეთ და რადგანაც საქართველოში სპეციალისტი არ არის, რომელიც დანადგარს დაგვიმონტაჟებს, საზღვარგარეთიდან ველოდებით მის ჩამოსვლას. სააგეტოს მიერ მოცემული სამთვიანი ვადა ამოიწურა. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ყველა ტექნიკური დანადგარი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება და მუშაობას განვაახლებთ“ – ამბობს საწარმოს მფლობელის, არკადი კახაძის დედა ნანული ბოლქვაძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების მიზეზი ზოგადად, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენაა. სამეწარმეო საქმიანობის უფლება კი მანამდე უჩერდება მეწარმეს, ვიდრე კრიტიკულ შეუსაბამობას არ გამოასწორებს.

არკადი კახაძემ რძის გადამამუშავებელი საწარმო დიოკნისში, შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინასებით, 2015 წელს გახსნა.

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 28 წლის ვიტალი გ.-ს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი.

საუბარია ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნ ცხედარზე,  გამოძიების ვერსიით, მამაკაცი თებერვალში მოკლეს და იმავე ღამეს მდინარეში ჩააგდეს.

მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი აფხაზეთიდან დევნილია. გარდაცვლილს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა ნაგირავები  და მარტო ცხოვრობდა.

მოსამართლემ ვიტალი გ.-ს ბრალდების არსი გააცნო, სადაც წერია, რომ მკვლელობა ღამის საათებში მოხდა და ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს. “იმავე ღამეს გვამი ბრალდებულმა მდინარეში გადააგდო,” – დასძინა მოსამართლემ.

ბრალდებაში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი მკვლელობის მოტივზე. პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მოსაპოვებელია.

“ამიტომაც არსებობს მნიშვნელობანი საფრთხე, რომ ბრალდებულმა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. მისი მიმალვის საფრთხეც არსებობს. ის ხშირად კვეთს სახელმწოფო საზღვარს და ჩვენ ამის დამადასტურებელი ამონაწერებიც წარმოვადგინეთ,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.

“გადადის იმიტომ, რომ თურქეთში მუშაობს სულ,” – ჩაილაპარაკა დარბაზში მყოფმა ბრალდებულის დედამ.

ბრალდებულ ვიტალი გ.-ს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იცავს. ლაშა რომანაძემ მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 10 ათასი ლარის სანაცვლოდ შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

ბრალდებული გამოძიებამ 9 აპრილს დააკავა. წინასწარ ჩვენებაში მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

გასაუბრებაზე უარი გვითხრეს ბრალდებულის დედამ და ოჯახის ახლობლებმა.

კიდევ ერთი დეტალი: მოსამართლემ ბრალდებულს დღევანდელ სხდომაზე უთხრა, რომ შესაძლოა მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და ეს წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდება.

დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს არც ერთი საქმე არ განუხილავთ.

ისტორიული სახლი ძეგლის ზონაში, რომლის დანგრევაც მეპატრონეს სურს

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის  #21-სა და # 23-ში ისტორიული სახლების დანგრევას და მათ ნაცვლად ახლი ხუთსართულიანი სახლის აშენებას ერთ-ერთი სახლის მესაკუთრე გეგმავს. ორივე სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც ჯიმშერ ცივაძემ პროექტი განსახილველად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს წარუდგინა.

ჯიმშერ ცივაძის თქმით, საბჭოს მის პროექტზე უარი არ უთქვამს: „დოკუმენტებში ხარვეზი დამიდგინდა, ერთი დოკომენტის დაკარგვის გამო, ამიტომაც პროექტის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.“

მაზნიაშვილის #21-23 -ში მდებარე ორი ორსართულიანი სახლის დანგრევას და მის ნაცვლად ახლის აშენებას ორგანიზაცია „ ბათომის“ წევრები ეწინააღმდეგებიან.

„ … ეს არის ისტორიული განაშენიანება, ამ სახლების შემდეგ დარღვევა სიმაღლე, მწკრივი. ეს არის ფონური ნაგებობები. ახალი პროექტი კი ამ ყველაფერს დაარღვევს. გუშინ ზონალური საბჭოს სხდომაზე კომისიის წევრისგან ისტორიული ფრაქცაც კი მოვისმინეთ, რომ ფონურ შენობას მეორე ფონური შენობა ჩაანაცვლებსო. მგონი საქმე გვაქვს კომპენციის პრობლემასთან. ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ამ პროექტს ვეწინააღმდეგებოდეთ“- განაცხადა შოთა გუჯაბიძემ „ბათუმელებთან“.

ჯიმშერ ცივაძე კი აპელირებს სახლის დანგრევის აუცილებლობაზე და ამას მისი სიძველით ხსნის:

„ფუნდამენტი ძალიან ძველია, მეორე სართული კი დასხმული არ არის და ბალკებზე დგას. კედლები დაბზარულია. ამიტომ მინდა, რომ დავშალო და ავაშენო ახალი.“

ჯიმშერ ცივაძის თქმით, მისი პროექტი ორსართულიანი სახლის ნაცვლად 15-მეტრი სიმაღლის ახალი სახლის აშენებას ითვალისწინებს, რაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს.

უმაღლეს საბჭოსთან 28 ხეს მოჭრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. მოჭრილია წაბლის ხეც, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

„ჩვენს წარმომადგენლებს ადგილზე ვერ აჩვენეს დოკუმენტაცია, რის საფუძველზე იჭრება ათეულობით ხე, მათ შორის, წაბლი. როგორც კი გამოვიძახეთ გარემოს დაცვის ინსპექცია, ხეების ჭრის პროცესი შეწყდა,“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები ნებართვის საფუძველზე იჭრება და სულ 28 ხე მოიჭრება.

„მიმდინარე წლის 29 მარტს კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქობულეთის გამგეობამ შპს „ატუს“ მეგენეიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მისცა ხეების მოჭრის ნებართვა. კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო გახდა ხეების მოჭრა და ტოტების ჩამობელვა. ნებართვის შესაბამისად მეგენეიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მოიჭრება 22 ძირი კლიპტომერიის, 4 ძირი კიპაროსის და 2 ძირი წაბლის ხე, ხოლო 6 ძირ წაბლის ხეს ჩამობელავენ,“ – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ დროისთვის ანგარიშს გაწეულ საქმიანობაზე საკრებულოს აბარებს. ხეების მოჭრაზე კომენტარს სულხან ევგენიძე მოგვიანებით გააკეთებს.

xe 1
xe 3
xe 4
xe 5
ფოტოები მოგვაწოდა გია აბულაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ.

შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება იმ სისტემურ რეფორმებზე გამახვილდა, რომლის შედეგადაც პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. კერძოდ, ყურადღება იქნა გამახვილებული პატიმრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, პატიმრების რისკების მიხედვით კლასიფიცირების, არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულების პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში. კახა კახიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ხელისუფლების მზაობას მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ მიზნის მისაღწევად.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის პროცესში მოკლე ვადებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, შინაპატიმრობის პრაქტიკის დანერგვისა და მსჯავრდებულთათვის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. შეხვედრის ბოლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პასუხი გასცა მოკავშირეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონზალესთან.

P1000442

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

როდის არის სამართლიანი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

იმედა ხახუტაიშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, სადაც წერია: „თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით…“

იმედა ხახუტაიშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვისაა ნასამართლევი. მას ხელვაჩაურის სასამართლომ პირობით მსჯავრთან ერთად, ავტომანქანის მართვის უფლება ჩამოართვა 2 წლით.

„მისთვის ავტომანქანის მართვა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მანამდე იგი ტაქსისტად მუშაობდა. პატიმრობაში არ დატოვეს, მაგრამ მას სხვა სამუშაო ადგილი არ ჰქონდა, ვერსად დასაქმდა და მისი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა,“ – გვიყვება ნოდარ მელიძე, იმედა ხახუტაიშვილის ინტერესების დამცველი სასამართლოში.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ მუხლზე, რითაც იმედას სასჯელი შეუფარდეს: „ეს იყო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. ეს მუხლი სასჯელის სახით საერთოდ არ ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შრომა თავისუფალია და მისი შეზღუდვა მხოლოდ საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება. როცა კონკრეტული მუხლი ამას არ ითვალისწინებს, გამოდის, რაც არ იცი, იმის გამო გსჯიან,“ – ამბობს ნოდარ მელიძე.

საქმიანობის უფლების შეზღუდვა მოიაზრებს დანიშვნით თანამდებობებზე მუშაობის აკრძალვას, ასევე პროფესიული და სხვაგვარი საქმიანობის შეზღუდვას. სისხლის სამართლის კოდექსი უშუალოდ მოსამართლეს აძლევს უფლებას, თავად განსაზღვროს, არსებობს თუ არა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია თანამდებობის დაკავება, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად, ან დამატებით სასჯელად შეუფარდოს მსჯავრდებულს. ძირითად სასჯელად საქმიანობის უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა ერთიდან ხუთ წლამდეა განსაზღვრული, ხოლო დამატებითი სასჯელის შემთხვევაში – ექვსი თვიდან – სამ წლამდე. იმედა ხახუტაიშვილის შემთხვევაში, სასამართლომ საქმიანობის უფლების შეზღუდვა, ანუ კონკრეტულად მანქანის მართვის უფლების დროებით ჩამორთმევა, დამატებითი სასჯელის სახით გამოიყენა.

„გამოდის, რომ სასამართლო გვევლინება არა კანონიერების გამტარებლად, არამედ კანონშემოქმედად, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“ – ამბობს ნოდარ მელიძე.

როცა საკითხი ნარკოტიკის მომხმარებელს ეხება, შესაძლოა თუ არა, მომეტებული რისკის მოტივით მოსამართლეს შეეძლოს მსგავსი შეზღუდვის დაწესება? – კითხვას იურისტი ასე პასუხობს: „რისკი, მაგალითად, გაცილებით მაღალია ალკოჰოლიკი მძღოლის შემთხვევაში, მაგრამ მას წლობით არავინ ართმევს მართვის მოწმობას. თუკი ის დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მას დააჯარიმებენ, ან გატარდება სხვა სახის სანქცია, მაგრამ კონკრეტულ სამართალდარღვევას მოყვება შედეგი“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმედა ხახუტაიშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

გონიოში გასაყიდ შენობას მოსახლეობისგან პოლიცია იცავს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში, აფსაროსის მე-3 ჩიხში მდებარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობას დაცვის სამსახური დაიცავს. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 7 აპრილს, ღამით მოქალაქეთა ჯგუფი შეეცადა ამ შენობის თვითნებურად დაკავებას.

dacvis policia„აღნიშნული ობიექტის [ყოფილი სასადილოს] მეორე სართული არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართობს, არ არის შესაბამისად მოწყობილი, გააჩნია დიდი ზომის ღიობები (ფანჯრები) და კედლები ამოშენებულია მხოლოდ პერიმეტრზე, ამავდროულად ობიექტის შესასვლელზე დამონტაჟებული იყო გისოსები და ბოქლომი. შენობა-ნაგებობის დაკავება განხორციელდა იქვე მცხოვრები 12 ოჯახის მიერ…

გამართული მოლაპარაკებების შედეგად ობიექტი გაათავისუფლეს, ხოლო ფაქტის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმდა დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით“ – აცხადებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

8-30 აპრილის განმავლობაში  ობიექტის დაცვაში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის სამსახურს 10580 ლარს გადაუხდის. შესყიდვების სააგენტომ კი სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კანონიერად 14 აპრილამდე უნდა ცნოს.

ნინისტრი

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს სამომავლოდ სავარაუდოდ საპრივატიზებო ობიექტს და დაუშვებელია მისი ხელყოფა და დაკავება მესამე პირ(ებ)ის მიერ“.


12 ათასამდე ლარი გადაიხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში.

ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმით ახსნა, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ სახლში უკანონოდ შეიჭრა ხალხი [60-მდე ოჯახი].“

შეჭრილთა უმრავლესობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან იყო. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სოფელი მეწყრული პროცესების გამო დატოვეს. გამართული მოლაპარაკებების შედეგად სახლი გაათავისუფლეს.

ზედა ვაშლოვანში და ბათუმში არსებულ ე.წ. სოციალურ სახლებს ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის პოლიცია გასულ წელსაც [31 დეკემბრის ჩათვლით] იცავდა, რაშიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 119 410 ლარი გადაიხადა.

აჭარის მთავრობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ე.წ. „ოცნების ქალაქი“ წარმოადგენს, რომლის მოგვარება რამდენიმე წელია ხელისუფლებამ ვერ გამონახა.

LIVE პარასკევი ჰილტონ ბათუმის „სქაი ბარში“

პარასკევს, დაძაბული კვირის შემდეგ, განსატვირთად თუ კარგ ადგილს ეძებთ, „ჰილტონ ბათუმში“ მდებარე „სქაი ბარი“ აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ეს არ იქნება ტიპური საღამო – ყოველ პარასკევს, საღამოს ათიდან პირველ საათამდე, „სქაი ბარში“, რომელიც ზღვას გადაჰყურებს,  სტუდენტური ბენდი იკრიბება და ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს.

ბენდის ყველა წევრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მათგან ყველაზე უფროსი 23 წლისაა, უმცროსი კი – 19-ის.

001 (36)

„ჩვენ გაგვაერთიანა მუსიკამ. ბენდის რამდენიმე წევრი ერთი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს უნივერსიტეტში, დავდიოდით ვოკალის პედაგოგთან. შემდეგ გავიგეთ, რომ ბატონი კალისტრატე ცინცაძე აპირებდა უნივერსიტეტში ბენდის შექმნას და ასე შევიკრიბეთ.  ძალიან მოტივირებული ვიყავით, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კარგი შედეგი გვქონოდა. ბენდი ორი თვის ჩამოყალიბებული იყო, როცა ჩეხეთში, კარლოვი ვარიში, ფესტივალზე –  „სულიკო“, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოვიდნენ ქართველი შემსრულებლები, ავიღეთ გრანპრი, ჩვენი ვოკალისტი მოეწონათ ძალიან. თავიდან შვიდნი ვიყავით, შემდეგ პირველკურსელები შემოგვიერთდნენ,“ – ყვება 20 წლის თამუნა თითმერია, ბენდის ერთ-ერთი ვოკალისტი.

IMG_8857

ორი თვის წინ სტუდენტურმა ბენდმა „ჰილტონ ბათუმის“ ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა მუსიკოსებს ჯერ „ჰილტონ ბათუმის“ კორპორატიულ საღამოზე დაკვრა შესთავაზეს, შემდეგ კი კონტრაქტი და სახელწოდება – THE NEPHELEANS-ი.

„მოვისმინეთ თუ არა სტუდენტების შესრულება, ძალიან მოგვეწონა. მერე გავიგეთ, რომ ბენდს არ ჰქონდა სახელი და გადავწყვიტეთ ამ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება. „სქაი ბარი“ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილია და ჩვენი აზრით, აქ დაკვრა დაეხმარება სახელის მოხვეჭაში, დახვეწასა და განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მომგებიანი იქნება ამ ახალგაზრდებისთვის და ჩვენი სასტუმროსთვისაც,“ – ამბობს თეონა დუმბაძე, მარკეტინგის აღმასრულებელი „ჰილტონ ბათუმში“.

სტუდენტური ბენდის წევრები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მათთვის ძალიან სასიხარულო, მოულოდნელი და საპასუხისმგებლო იყო.

„ჩვენთვის ეს მსმენელთან ყოველკვირეული ურთიერთობის და ლაივშესრულების მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.  ჩვენი ყოველი რეპეტიცია იმას ნიშნავს, რომ უკეთ ვიქნებით მზად შემდგომი ლაივისთვის,“ – ამბობს მერი ქედელიძე.

„ჟანრობრივად განსხვავდება ჩვენი ვოკალური მონაცემები ერთმანეთისგან, შესაბამისად, რეპერტუარიც მრავალფეროვანი გვაქვს. სხვადასხვა ჟანრის სიმღერას ვასრულებთ“ – ამბობს თაკო ადეიშვილი.

001 (22)

THE NEPHELEANS-ა ამჟამად ათ წევრს აერთიანებს. მათ შორის ერთი ირანის მოაქალაქეა, რომელიც  ბათუმში ცხოვრობს. ბენდის წევრები არიან: გიგი ცინცაძე – დრამერი; გიორგი რუხაია – ვოკალი და აკუსტიკური გიტარა; გიორგი კომახიძე – ბასგიტარა; ლაშა ბლაგიძე – სოლოგიტარა; ზურა ჯეგნარაძე – პიანინო, საქსაფონი ვოკალი; თაკო ადეიშვილი – ვოკალი; ეთო მიქელაძე – ვოკალი; მერი ქედელიძე – საყვირი, ვოკალი; გიორგი საგინაძე – დრამერი, ვოკალი; ფარზად ხასკანალი – გიტარა, თამუნა თითმერია – ტრამბონი, ვოკალი.

001 (9)

სტუდენტური ბენდის მხრადაჭერა „ჰილტონ ბათუმის“ სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. „ჰილტონს აქვს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა, ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც მოიცავს სოციალურ პროექტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ – ამბობს თეონა დუმბაძე.

THE NEPHELEANS -ის  ცოცხალი შესრულება „სქაი ბარში“ სულ უფრო და უფრო მეტ მსმენელს იზიდავს. თქვენც შეგიძლიათ ეწვიოთ „სქაი ბარს“ და გაატაროთ პარასკევი ღამე კარგი მუსიკის ფონზე, მეგობრებთან ერთად.

არ მინდა ისევ გაუგებრობაში მოვხვდე – მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გონიოს მიწებზე

თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას გონიოში მიწების დაკანონების შესახებ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისია არ გაასაჩივრებს, კომისიამ ხელახლა უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ოქრაძეა. ის 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. მას შემდეგ, რაც გონიო ბათუმის საზღვრებში შემოვიდა, გონიოშიც თვითნებურად დაკავებული მიწის საკითხს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია განიხილავს.

„მაშინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი, ახლა – მერიის თანამშრომელი ვარ,“ – გვითხრა დავით ოქრაძემ. ამჟამად იგი ბათუმის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული დაგეგმარების განყოფილების უფროსია.

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ გონიოელებს, რომლებსაც ერთხელ უკვე გაუუქმეთ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება? – დავით ოქრაძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი კითხვების გაჩენის გამო, ის კომისიაში არ განიხილავს იმ შემთხვევებს, რომლებიც გონიოში წლების განმავლობაში სადავო მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.

„მე არ ვმუშაობდი ხელვაჩაურის კომისიაში მაშინ, როცა ამ ადამიანებს მისცეს მიწის ნაკვეთები. მიმაჩნია, რომ ჩამორთმევის აქტი იყო სამართლიანი, რადგან სრულიად დაუზუსტებელი იყო ნახაზები, იქ არ იყო გათვალისწინებული არც ღობე, არც არხები და ქარსაფარი ზოლები. მე ამჟამადაც კომისიას ტექნიკურად დაზუსტებულ ინფორმაციას ვაწვდი, ვარ GPS ტექნოლოგიების სპეციალისტი და ვცდილობ, შეცდომაში არ შევიდეს კომისია,“ – ამბობს დავით ოქრაძე.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების კომისიის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გვაჩვენეს, რომელიც 2017 წლის 14 თებერვლითაა დათარიღებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, კომისიას გონიოს მიწის საკითხზეც უმსჯელია. გადაწყვეტილებას სხვებთან ერთად დავით ოქრაძეც აწერს ხელს. აქვე წერია, რომ კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, დავით ოქრაძეს ხელახლა დავუკავშირდით. გვითხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღარ მიიღებს მონაწილეობას გონიოელების საქმის განხილვაში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ათობით გონიოს მკვიდრს მიწის საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს, უკანონოდ, მიმდინარე წლის 31 მარტს მიიჩნია.

დავით ოქრაძე: „მე აღარ ვაპირებ ამაში მონაწილეობას. არ მინდა, ისევ გაუგებრობაში მოვხვდე. მირჩევნია, ამას ავარიდო თავი, რადგან რეალურად ისევ დაუზუსტებელი ნახაზები შემოდის. რა არის ამის რეალური ინტერესი, არ ვიცი.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, დავით ოქრაძის შემთხვევაში რომელიმე კანონი არ ირღვევა, მაგრამ „არსებობს ეთიკური პრობლემა და უნდობლობა, რომელიც მოსახლეობის თვალში იმატებს. ეს კომისია თავისი საქმიანობით ისედაც ბევრ კითხვას აჩენს და მათ გადაწყვეტილებებს სასამართლო აფასებს უკანონოდ,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი. ის სასამართლოში გონიოელების ინტერესებს იცავს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში სულ 7 წევრია. გადაწყვეტილება კომისიაში უბრალო უმრავლესობით მიიღება.

ამავე თემაზე:

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა 

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

ფინანსთა სამინისტრო არჩილ ხაბაძის მამის გათავისუფლებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას, თამაზ ხაბაძეს სამსახური რეორგანიზაციის გამო არ დაუტოვებია, თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება თავად დაწერა. თამაზ ხაბაძესთან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ გადავამოწმეთ. მას ვერ დავუკავშირდით. თამაზ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით კი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია, თამაზ ხაბაძემ სამინისტრო რეორგანიზაციის გამო დატოვა.

რაც შეეხება სამინისტროში დაგეგმილ რეორგანიზაციას, უწყების ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის დატოვება მოუწია სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ლევან მჟავანაძეს, ამავე დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების სპეციალისტს – ტარიელ ნაკაშიძეს და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების უფროსს – არჩილ კახიძეს.

რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის დატოვება, ფაქტობრივად, პრივატიზებისა და საწარმოთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწიათ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება შპს „ჰიგიენა 2009“- დან ხუთი მილიონი ლარის მითვისებას? – არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ვარაუდობდა ასეთი კითხვების გაჩენას: „სწორედ ამიტომ მერჩივნა მე, რომ ეს რეორგანიზაცია გამოძიების დასრულების შემდეგ ჩატარებულიყო. ამაზე მინისტრთან არ მისაუბრია, თუმცა მე პირადად ასე მერჩივნა.“

რაც შეეხება რეორგანიზაციას, ამის შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საინვესტიციო დეპარტამენტის სახით.

მამაკაცი, ვის სახლსაც ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა

ხულოში, სოფელ დიოკნისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გაჩენის შემდეგ სახლში მცხოვრები დაახლოებით 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მამაკაცი ეზოში გამოიყვანეს და იგი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მხოლოდ სახლის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არაერთხელ განაცხადა, რომ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. როგორ აპირებს სამინისტრო საგაკვეთილო ბადის შემსუბუქებას და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-12 კლასში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საუბრობს.

ქალბატონო ლია, მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სკოლაში  გაკვეთილები შემცირდება, რა ფორმით მოხდება ეს და რა იგულისხმება შემცირებაში?

ნამდვილად მიდის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვაზე.  საუბარი მიდის ეროვნული სასწავლო გეგმის დონეზე შინაარსობრივ განტვირთვასთან დაკავშირებით, რათა მოსწავლეებს მეტი დრო ჰქონდეთ, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა და მეორე მხრივ, მასწავლებელსაც ჰქონდეს შესაძლებლობა რაც შეიძლება საინტერესო გაკვეთილი ჩაატაროს, პროექტებზე იყოს ორიენტირებული, გაკვეთილები იყოს სახალისო და ინტერაქტიული, რაც მოსწავლეს გაუჩენს სწავლის მაღალ მოტივაციას, აი ამაზე მიდის საუბარი.

პირველიდან მეექვსე კლასამდე ეროვნული სასწავლო გეგმა გადავამუშავეთ, რადგან წინა ეროვნული სასწავლო გეგმა ძალიან დატვირთული იყო, განვტვირთეთ, ახლა საუბარია საბაზო საფეხურის შინაარსობრივ განტვირთვაზე.

როცა პედაგოგები საუბრობენ ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ გაკვეთილებზე, აღნიშნავენ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ საათობრივი ბადის ცვლილების შემთხვევაშია შესაძლებელი. აქვე მოჰყავთ ევროპული სკოლების გამოცდილება, როცა ერთ საგანს 2 საათი ეთმობა დღეში და არა 45 წუთი. რამდენად შესაძლებელია, საათობრივი ბადე ისე გადანაწილდეს, რომ დღეში 6 საათი დაეთმოს, ვთქვათ, სამ საგანს და არა 6-ვე საათი განსხვავებულ საგნებს?

ჩვენ გვჭირდება კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ამიტომ ვახორციელებთ ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგს, ანგარიშიც მოვამზადეთ დაწყებით საფეხურზე და საბაზო ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების პროცესში ვეყრდნობით საბაზო საფეხურის დანერგვის მონიტორინგის შედეგებს. ჩვენი განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, არის შედეგზე ორიენტირებული და ხელს უწყობს არა ზეპირობას, არამედ სააზროვნო უნარების განვითარებას.

45 წუთი რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს ყველა მოსწავლესთან კომუნიკაცია, თეორიული და პრაქტიკული მუშაობის სრულყოფილად ჩატარება?

რაც შეეხება გაკვეთილების დაწყვილებას, ასეთი რეკომენდაცია სახელმწიფოს, სამინისტროს მხრიდან სკოლებს არ ეძლევათ, იმიტომ, რომ სკოლის დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, როგორ უნდა იყოს საგაკვეთილო ცხრილი აგებული. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, ზოგადად ხდება  სასწავლო ბადის კონსტრუირება და ამ ბადის ფარგლებში სკოლა თვითონ განსაზღვრავს როგორი ექნება საგაკვეთილო ცხრილი. დღემდეც ჰქონდა ამის უფლება სკოლას და მომავალშიც ექნება.

ქალბატონო ლია, აქ საუბარია სისტემურ ცვლილებაზე. პედაგოგების აზრით, გაკვეთილი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იმ შემთხვევაშია, თუ მასწავლებელს ჰყოფნის დრო იმისთვის, რომ დაგეგმილი განახორციელოს, არსებული მოდელი კი არ იძლევა ამის შესაძლებლობას.   

გააჩნია სიტუაციას, ამას ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მათ შორის წინარე მზაობის დონე, მოსწავლეების შესაძლებლობების დონე, ფსიქო-ემოციური და კოგნიტური მზაობა და ა.შ სკოლას აქვს საშულება, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით თვითონ მოამზადოს სასკოლო-სასწავლო გეგმა, რომლის ფარგლებში, შიდა სასკოლო კვლევაზე  დაყრდნობით, ყველაზე ეფექტური გზა აირჩიოს, თუ როგორ უნდა მოხდეს საგაკვეთილო საათების გადანაწილება და დღის განმავლობაში როგორი თანმიმდევრობით ჩაატაროს გაკვეთილები.

სკოლას აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს რომელ საგანს რამდენი საათი დაუთმოს?

საგაკვეთილო ბადე იძლევა ამის შესაძლებლობას, იმიტომ, რომ ჯამური საათები მითითებულია და ასევე ბადე იძლევა 25-პროცენტიანი მოდიფიკაციის საშუალებასაც სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე. ასე, რომ ეს ბარიერი, ნამდვილად არ არსებობს.

საბაზო საფეხურის საგნობრივი პროგრამების განტვირთვა სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა როცა დაიწყება,  ამის შესაბამისად მოხდება საგნობრივი პროგრამების განტვირთვაც. თუმცა სექტემბრიდან სკოლებს აქვთ საშუალება უფრო მეტი დრო დაუთმონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და ისე მოახდინონ ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, რომ მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო და სახალისო.

არის საუბარი იმაზე, რომ  მე-12 კლასი მთლიანად აბიტურის საათებს დაეთმოს, რომ მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე შეძლონ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება.   ამასთან დაკავშირებით თუ არის მიღებული გადაწყვეტილება, თუ უბრალოდ იდეის დონეზეა? 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხედვა არსებობს და ეს ხედვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენს კვლევებს ეყრდნობა. საშუალო საფეხურზე გადავალთ დიფერენცირებულ მიდგომაზე, კონკრეტულად როგორი იქნება სასწავლო ბადე, ამაზე დღეს ადრეა საუბარი, რადგან ახლა მიდის საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის დამუშავება.

რომელი სასწავლო წლიდან დაინერგება ეს მოდელი?

მას შემდეგ, რაც დავნერგავთ დაწყებით საფეხურზე ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მომდევნო საფეხურზე დაიწყება საბაზო საფეხურზე და შემდეგ საშუალო საფეხურზე. ამ განრიგით  შევძლებთ წასვლას. ცალკე აღებული მე-12 კლასზე არ არის საუბარი.

 

 

პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 11 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2016 წელს თანამშრომლებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების სტატისტიკა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ დამუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა.

„გამჭვირვალობამ“ აჭარის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროში (ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროებში) და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში (საარქივო სამმართველო, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი) საჯარო მოხელეებზე გაცემული გასამრჯელოების შესახებ შეისწავლა ინფორმაცია.

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში გაცემული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, სახელფასო დანამატის, საწვავსა და მივლინებაზე დახარჯულმა თანხის საერთო მოცულობამ  15  407  596 ლარი შეადგინა, მათ შორის შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობა – 12 058 202 ლარი – ამგვარად გადანაწილდა:

აჭარის მთავრობის აპარატში ხელფასის სახით გაიცა 1 307 427 ლარი, დანამატის სახით – 683 555 ლარი, პრემიის სახით – 408 250 ლარი [119 თანამშრომელი შტატში]; 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 1 071 653 ლარი, დანამატის სახით – 532 832 ლარი, პრემიის სახით – 375 651 ლარი [100 თანამშრომელი შტატში];

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 823 525 ლარი, დანამატის სახით – 423 037 ლარი, პრემიის სახით – 166 971 ლარი  [68 თანამშრომელი შტატში]; 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 695 225, დანამატის სახით – 357 763 ლარი, პრემიის სახით – 171 986 ლარი [62 თანამშრომელი შტატში]; 

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში  ხელფასის სახით გაიცა 780 474 ლარი, დანამატის სახით – 403 646 ლარი, პრემიის სახით – 154 528 ლარი [64 თანამშრომელი შტატში]; 

ტურიზმის დეპარტამენტში ხელფასის სახით გაიცა 360 446 ლარი, დანამატის სახით – 170 633 ლარი, პრემიის სახით – 57 650 ლარი [33 თანამშრომელი შტატში]; 

საავტომობილო გზებისა და სამილიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში ხელფასის სახით გაიცა 478 725 ლარი, დანამატის სახით – 235 333 ლარი, პრემიის სახით – 135 820 ლარი [51 თანამშრომელი შტატში];

საარქივო სამმართველოში ხელფასის სახით გაიცა 813 534 ლარი, დანამატის სახით -391 113 ლარი, პრემიის სახით – 154 900 ლარი [86 თანამშრომელი შტატში];  

გარემოს დაცვის სამმართველოში ხელფასის სახით გაიცა 531 151 ლარი, დანამატის სახით – 260 285 ლარი, პრემიის სახით – 106 089 ლარი [54 თანამშრომელი შტატში] 

2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და საქვეუწყებო დაწესებულების პოლიტიკური თანამდებობის პირებს: მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს პრემია არ აუღიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ  პრემიების გაცემის ყველაზე სამართლიანი პრაქტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაამკვიდრა: „ამ უწყების მიერ თანამშრომლებზე პრემიების გაცემის საფუძვლებია საპრემიო კომისიის ოქმები და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათები. ამასთან, ტურიზმის დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეები ყოველთვიურად განსხვავებული ოდენობის პრემიას იღებდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ უწყებაში საპრემიო თანხის განკარგვა მეტწილად დამსახურების მიხედვით ხდებოდა. თუმცა, სხვა დაწესებულებების მსგავსად, ამ უწყების ყველა თანამშრომელზეც 2016 წლის  დეკემბერში თანამდედობრივი სარგოს 100%-იანი ოდენობის პრემია გაიცა“ – აღნიშნულია კვლევაში.

„2016 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობასა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უმეტეს ნაწილში დანამატები კვლავ გაიცემა არა შესრულებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, არამედ გაწეული სამუშაოს შედეგების ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში ყოველთვიურად გაიცემოდა.

აჭარაში სხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომლებზე გაცემული პრემიის რაოდენობა ყოველთვიურად იდენტურია, რაც ეჭვს ბადებს, რომ პრემია გამოიყენება ხელფასის ასევე ყოველთვიურად გაზრდის მიზნით, რაც მოქმედ კანონმდებობას ეწინააღმდეგება. უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად ვერ დგინდება კავშირი შესრულებულ სამუშაოს/ხარისხს და გაცემულ პრემიას შორის.

ანალიზი აჩვენებს, რომ სახელფასო დანამატიც გაიცემა საჯარო მოხელეების ყოველთვიური გასამრჯელოს გაზრდის მიზნით, რადგან ის ფაქტობრივად ფიქსირებული ხელფასის მსგავსი ოდენობით გაიცემა“ – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


ამავე თემაზე:

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

Exit mobile version