ქრისტიანობის კრიზისი

საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს – ასეთია 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგი.

NDI-ის 2015 წლის კვლევის თანახმად, კიდევ უფრო მაღალია ნდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიმართ – 87 პროცენტი.

რას ნიშნავს, როცა საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობის პარალელურად სასულიერო პირს პროკურატურა აკავებს ადამიანის ციანიდით მოწამვლის მცდელობის ბრალდებით, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მაღალი რანგის სასულიერო პირები კორუფციასა და დაპირისპირებაზე საუბრობენ? არის თუ არა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქრისტიანობის კრიზისი? – „ბათუმელები“ ამ თემებზე თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • თქვენი აზრით, „ციანიდის საქმე“ გვაჩვენებს თუ არა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქრისტიანობის კრიზისია?

დიახ, საქართველოში არსებობს ქრისტიანობის კრიზისი, მაგრამ ეს არის ბედი იმ ისტორიული განვითარებისა, რომელიც წილად ხვდა ბევრ ქრისტიანულ ეკლესიას. ამ შემთხვევაში არ არის საქართველოს ეკლესიაც გამონაკლისი.

უნდა ითქვას ისიც, რომ ნებისმიერი ეკლესია ატარებს კრიზისის ნიშნებს, რადგან სახარებისეული სტანდარტი ძალიან მაღალია. ყველა ეკლესია, რომელიც ჩამოყალიბდა მეოთხე საუკუნის შემდეგ, არის კომპრომისული ვარიანტი სახარებასა და ყოფითი ცხოვრების კანონზომიერებას შორის. უბრალოდ, საქართველოში ყოფითმა მხარემ, სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ ლტოლვის სურვილმა, მთლიანად გამოჭამა ის ქრისტიანული არსი, რაც ეკლესიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. „ციანიდის საქმეც“ ამ რეალობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

დიდი ხანია ვაკვირდები ეკლესიის შიგნით მიმდინარე მოვლენებს. ერთი მხრივ, როგორც ამ ეკლესიის წევრი და მეორე მხრივ – როგორც მკვლევარი. ამ ამბის გაგებისთანავე გამიჩნდა სურვილი გამერკვია, თუ რა ტიპის სცენართან გვქონდა საქმე. რამდენიმე სქემა მოვხაზე და აქედან ზოგი რამ გამართლდა.

პირველი, რაც ვიფიქრე, ეს იყო შიდა ბრძოლის საჯაროდ გამოტანა და საბოლოოდ ასეცაა. ასევე ჩანს, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი ეკლესიის შიგნით არსებული ძალაუფლების საჭადრაკო დაფა როგორმე აკონტროლოს და თავისი ფავორიტი გამოკვეთოს.

  •  ხელისუფლების ინტერესი ახსენეთ. ყველაზე ხშირად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს ვხედავთ სწორედ პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან ერთად. მათ ფაქტობრივად ვერასდროს ვერ ვხედავთ მაშინ, როცა მძიმე პირობებს აპროტესტებენ მუშები, სოციალურად დაუცველები, უმცირესობები. ასეთ დროს ეკლესია, რომელსაც აქვს გავლენა საზოგადოებასა და პოლიტიკოსებზე, ან თავს იკავებს, ან პირიქით – უფრო ძლიერის მხარესაა, ვიდრე ჩაგრულის. ეს რაზე მეტყველებს?

სამწუხაროდ, საქართველოში ეკლესია ჩამოყალიბდა ცალსახად მემარჯვენე ტიპის ორგანიზაციად. თუ მისი ხელახალი გაძლიერების დასაწყისში მცირე დოზით მაინც იყო სოციალური მსახურება და მგრძნობელობა, ახლა ამის კვალიც აღარ ჩანს საერთოდ. ხელისუფლება ეკლესიას სთავაზობს წელიწადში ათეულობით მილიონ ლარს, ამას ემატება უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები და მანქანები. სანაცვლოდ ეკლესია უნდა იყოს ჩუმად, არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში. ეს ძალიან ცუდია, რადგან ქრისტიანობა, გარდა სახარების ქადაგებისა, სიკეთის კეთებასაც ნიშნავს.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

კეთილმოწყალება ქრისტიანული ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა და ეს არ არის უბრალოდ კეთილი ნება, რომელსაც შეიძლება იჩენდეს ან არა სახელმწიფო თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხაზი თითქმის დავიწყებულია. არსებობს სოციალური მგრძნობელობის ცალკეული გამოვლინებები სასულიერო პირების მხრიდან, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან ცოტაა.

  •  თქვენი აზრით, რატომ არ რეაგირებს ამაზე თავად მრევლი, რომელიც ეკლესიაში მიდის ქრისტეს სიტყვის მოსასმენად და შეუძლია დაინახოს გარკვეული შეუსაბამობა ქრისტიანობასა და ზოგიერთი სასულიერო პირის ქცევას შორის, დაინახოს ჯიპები, ბიზნესინტერესები, თავად სასულიერო პირების არაქრისტიანული ქცევა?

საქართველოში ვერ განვითარდა ის სოციალური მექანიზმები, რაც მისცემდა გარანტიას, მაგალითად, მოქალაქეთა ჯგუფს, ერთობლივად გამოხატონ პროტესტი და ეს არ იქცეს მათსავე მომაკვდინებელ ნაბიჯად. მრევლიც იდენტურ მდგომარეობაშია.

მრევლს იმდენი ცოდნა არ აქვს, რომ სასულიერო პირებს გაუწიოს ოპონირება ამ საკითხებზე, მეორეც – ამ ადამიანებს არა აქვთ არჩევანი. მრევლს აქვს რელიგიური მოთხოვნილება და მამაო ჯიპზე იჯდება თუ არა, იგი თავს უფლებას ვერ აძლევს, დისკუსიაში შევიდეს მასთან ამ თემაზე. არის პირადი პროტესტები: „ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ რა საჭიროა ეს“ და ა.შ… მასიურ პროტესტთან ჯერჯერობით საქმე არ გვქონია.

ამ საკითხთან დაკავშირებული თემაა სასულიერო პირების უკონტროლო კურთხევა, განათლებისა და სულიერების შემოწმების გარეშე. ამის შედეგი ისაა, რომ ეკლესიაში მისული ადამიანები, რომლებიც მანამდე სოციალურად არ იყვნენ დაწინაურებულნი, იწყებენ მიღწეულის დემონსტრირებას. მაგალითად, ხომ შეუძლიათ სასულიერო პირებს იყიდონ თუნდაც სხვა გაბარიტების მქონე ავტომანქანა, მაგრამ ირჩევენ ჯიპებს, დიდი ფორმის მანქანებს. მანქანის შეძენისას ასევე იქცევიან ბიზნესმენები. ანუ ჯიპის ფლობა საქართველოში გადაქცეულია სოციალურ მარკად. ესაა ნიშანი, რომ შენ ამოხვედი დაბალი ფენიდან და მიეკუთვნები ეკონომიკურ ელიტას. როცა სულიერება ძალიან დაბალია, სასულიერო პირებიც ასეთ პრიმიტიულ ქცევას მიმართავენ ხოლმე.

  •  ბევრ მორწმუნეს აქვს სრული მიუღებლობა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და ცალკეული სასულიერო პირების კრიტიკის მიმართ. ხშირად მიიჩნევენ, რომ ვინც ამას აკეთებს, ეკლესიის მტერია. თქვენი აზრით, რატომ არის მათთვის ასე მიუღებელი პრობლემებზე საუბარი? რამდენად ქრისტიანულია სასულიერო პირებისგან ხელშეუხებელი კერპების შექმნა? თუ გვაქვს ამასთან საქმე, ცხადია.

გვაქვს ამასთან საქმე.

ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო ამაზე მუშაობა ეკლესიაში. ქმნიდნენ მითებს, რომ არ შეიძლება განიკითხო სასულიერო პირი, არ შეიძლება გააკრიტიკო, რადგან ის არის ღვთისმსახური, ამიტომ სჯობს თავი შეიკავო. ამ არგუმენტს აძლიერებს ისიც, რომ ეკლესიის კრიტიკა ხანდახან გაუგებარია მოსახლეობისთვის, რადგან მას საქართველოში სისტემური ხასიათი არ აქვს. ეს არის იმპულსური ტიპის კრიტიკა, რომელიც უცებ ჩერდება, ცხრება, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა.

რაც შეეხება რელიგიურ ჟურნალისტიკას, ის საქართველოში საერთოდ არ განვითარდა. ევროპაში არსებობს ძალიან კომპეტენტური რელიგიური პუბლიცისტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან სისტემურმა ანალიზმა აიძულა იქ ეკლესია გაეკონტროლებინა საკუთარი მოქმედება, ჩვენთან კი მოსახლეობა დაბნეულია, მას ესმის კრიტიკა და ვერ არკვევს რა ხდება.

ამავე დროს ეკლესიის მიმართ მოსახლეობას აქვს ზესაკრალური დამოკიდებულება – რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელმაც, თუ რაიმე შეგეშლება, შეიძლება დაგსაჯოს: შვილს დაგიბრმავებს, უბედურება შეგემთხვევა… ასეთი წარმოდგენები ქრისტიანობაზე თეოლოგიური თვალსაზრისით მცდარია და სეკულარულ საზოგადოებაში საერთოდაც არ არის, თუმცა ჩვენ აქამდე ძალიან ბევრი გვიკლია. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ განათლებას უკავშირდება. მე მინახავს ბევრი განათლებული ადამიანი, რომელსაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს რელიგიის მიმართ.

საქართველოში ისე ხდება, რომ ფორმალური განათლება, სიმდიდრე და რელიგიური სიბნელე არის თავსებადი. დასავლეთში ეს სამი მაჩვენებელი ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენს ქვეყანაში ეს არის განათლების ხარისხის პრობლემაც, ადამიანის ფსიქოლოგიური მზაობის არარსებობაც… და სხვა ბევრი ნეგატიური ფაქტორი. ამ შემთხვევაში მეც, როგორც თეოლოგი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ჩვენთან კრიტიკული თეოლოგიური ლიტერატურა არ იქმნება. მაგალითად, გაუჩნდა მრევლს კითხვა: უნდა ჰქონდეს მამაოს ეს ჯიპი თუ არა? რატომ არ უნდა ჰქონდეს? ყველას აქვს და რაღა ამას არ უნდა ჰქონდეს? – მას ამაზე პასუხს ვერავინ მიაწვდის, რომ წაიკითხოს წიგნი, სტატია, ასეთი რამ არ არსებობს.

ხშირად მრევლი თავს იტყუებს. ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. ჯერ ერთი, შეუძლებელია ქვეყანაში 80 პროცენტი იყოს ათეისტი და ხუთი წლის შემდეგ იგივე 80 პროცენტი მორწმუნე. ეს იდეოლოგიური გადაბარგების აღმნიშვნელი პროცესი უფროა.

  • ხშირად აღნიშნავენ, რომ ილია მეორეს პატრიარქობის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლ¬ესია გაძლიერდა, მოიკრიბა მრავალრიცხოვანი მრევლი, გაიზარდა ეპარქიებისა და ეპისკოპოსების რაოდენობა. როგორია თავად პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხი, როცა საქმე ეხება ეკლესიის ბიზნესებს, პოლიტიკურ გავლენებს, კორუფციაზე ეჭვებს? ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა პატრიარქმა ამის შესახებ არც იცის.

ეკლესიაში შექმნილ მდგომარეობაზე პირველ რიგში პატრიარქს ეკისრება პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. საქართველოს ეკლესიას გააჩნდა თვითნაბადი დემოკრატია. არსებობდა საკათალიკოსო საბჭო, არსებობდა სინოდის მდივანი, სინოდის კრებები ხშირად იყო ღია და არსებობდა კრიტიკული ხმის შესაძლებლობაც. კათოლიკოს-პატრიარქმა 90-ანი წლებიდან მოყოლებული, მოახდინა საქართველოს ეკლესიის უკიდურესი ცენტრალიზება, დაამკვიდრა საკუთარი კულტი და გადააქცია იგი ტოტალიტარულ ინსტიტუტად.

თუმცა თავის დროზე ის საკმაოდ დემოკრატი ადამიანი იყო. თუ მის ბიოგრაფიას ოდესმე ვინმე კრიტიკულად დაწერს, აღნიშნავს, რომ, როცა ის პატრიარქი გახდა, საქართველოში, საბჭოთა წლებში, პირველად ეკლესიით დაინტერესდნენ ახალგაზრდები, შემოქმედებითი წრეები, დისიდენტები და ასე შემდეგ. მას გარკვეული მწყემსისმიერი მიდგომები ჰქონდა ამ ხალხთან, თავს არ ახვევდა მათ რელიგიურობას, იწვევდა ჩაიზე, მათთან ერთად იღებდა ფოტოებს, ეხუმრებოდა…

1995 წელს ჩატარდა გაფართოებული კრება, რომელიც მისი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა. ეს იყო პასუხი ეკლესიის მოსალოდნელ გახლეჩაზე, რომელიც უკვე სახეზე იყო და რომლისაც მას ძალიან ეშინოდა. პატრიარქს უნდოდა ცენტრალიზების პოლიტიკით სიტუაცია შეენარჩუნებინა. გახლეჩა მაინც მოხდა, თუმცა უკიდურესი ცენტრალიზაციის ხაზი გაგრძელდა.

საკითხი ეხება 1997 წლის განხეთქილებას საქართველოს ეკლესიაში, როდესაც სქიზმაში გავიდა ექვსი მონასტერი და ბევრი სასულიერო პირი. მათ მოითხოვეს საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად აეღო თვითიზოლაციის კურსი და დაეტოვებინა საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს ეკლესიამ, ფაქტობრივად, დაგმო ეს ორგანიზაციები, მაგრამ სასულიერო პირებმა მაინც დატოვეს ეკლესია. შემდეგ დაიწყო შემორიგების პროცესი, რომელიც დასრულდა ზარზმის მონასტერში მყოფი ბოლო ბერის ძალით, პოლიციის დახმარებით გამოძევებით. ეს იყო ის ტრავმატული გამოცდილება, რითაც ამართლებდა პატრიარქი უაღრესად ცენტრალიზებული მმართველობის სტილს.

რაც შეეხება საპატრიარქოს კარის მეხოტბეების განცხადებებს, რომ საქართველოს ეკლესია გაიფურჩქნა, გვაქვს ამდენი ეპარქია, სასწავლებლები… ეს, უბრალოდ, სასაცილოა. ეს ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ამ საკითხებში მოსახლეობა არ არის ჩახედული. წარმოიდგინეთ, საქართველოს ეკლესიას აქვს ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქია, ასევე ავსტრალიის. ეს ჰგავს იმას, საბჭოთა კავშირის დროს შვიდწლედის მხოლოდ ქაღალდზე არსებული გეგმები რომ იქმნებოდა. მაგალითად, არსებობს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია. ოთხი მღვდელია სულ, რად უნდა ოთხ მღვდელს ეპისკოპოსი?

ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევის დროს საქართველოში იყო 15 ეპარქია. ამჟამად სულ 47 ეპარქიაა. ეპარქიების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში. ეს უკავშირდება მომავალი პატრიარქის არჩევისას ხმების გადანაწილების საკითხს?

დიახ, იქ არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, მომავალი პატრიარქის არჩევისას რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ, ამიტომაც ცდილობენ, მოახდინონ ეპისკოპოსების ხელდასმა, რომლებიც შემდგომში იქნებიან მათი მხარდამჭერნი სინოდის სხდომაზე. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბევრი ეპარქია ხელოვნურად. ამის გასამართლებლად მოშველიებული იქნა საქართველოს ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც საუკუნებია უკვე აღარ არიან საქართველოს შემადგენლობაში. ამან კომიკური სახე მიიღო. ეპისკოპოსების გაზრდილი რაოდენობაც არის ეკლესიის მდგომარეობის მაჩვენებელი. ყველა ცდილობს თავისი არმია, ჯარი შექმნას სინოდის შიგნით. არის დაჯგუფებები, ფლანგები, გადაჯგუფებები და სწორედ ამას უკავშირდება ეპარქიების რაოდენობის ასეთი გაზრდაც.

  • თავის დროზე, 1977 წელს, როცა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია მეორე აირჩია, ამბობენ, რომ იყო გარკვეული დაპირისპირება და უთანხმოება ამ თემაზე. რა მოხდა მაშინ?

კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი საკმაოდ ასაკოვანი იყო. იდგა ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი. გამოკვეთილი იყო ორი, გამორჩეულად ქარიზმული ადამიანი: მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი და მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი. ორივე მათგანს ჰყავდა მხარდამჭერები ეკლესიაში და ხელისუფლებაშიც. მეუფე გაიოზი განათლებული და პროგრესული ადამიანი იყო. მან გადაარჩინა გარეჯის მონასტერში მაშინ ჯერ კიდევ არსებული ხელნაწერები, საბჭოთა რეჟიმის დროს სავალდებულო საგნად დააწესა ინგლისური ენა სასულიერო სემინარიაში, გამოსცა საქართველოს ეკლესიის კალენდარი ინგლისურ ენაზე, ჰქონდა ურთიერთობა ცნობილ ბრიტანელ ქართველოლოგთან, დევიდ მარშალ ლანგთან და ა. შ.

როცა კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე გარდაიცვალა, მისი ანდერძი დაიკარგა. ანდერძით კათოლიკოს-პატრიარქი არ ტოვებს მემკვიდრეს, მაგრამ ნიშნავს ადამიანს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომავალი პატრიარქის არჩევა. ანდერძი არის გარკვეული მინიშნება მომავალ პატრიარქზეც. აღმოჩნდა, რომ სინოდის წევრების უმეტესობა უჭერდა მხარს ილია შიოლაშვილს და სამთავრობო ძალებმაც მას დაუჭირეს მხარი. საბჭოთა საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქი ვერავინ გახდებოდა მთავრობის დასტურის გარეშე, ეს ჩვეულებრივი რამ გახლავთ, ეს მაშინ მოცემულობა იყო.

მეორე ჯგუფმაც სცადა გაბრძოლება, მათ სცადეს ანდერძის მოძებნა. მეუფე გაიოზმა ხრიკი გამოიყენა და პატრიარქად წარადგინა მხცოვანი მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი, თუმცა სინოდმა ილია შიოლაშვილი აირჩია. პატრიარქის კურთხევის ლოცვა სწორედ გაიოზ კერატიშვილმა წაიკითხა, რადგან ის ხუცური წერა-კითხვის მცოდნე ერთადერთი ეპისკოპოსი იყო.

მოკლე ხანში მეუფე გაიოზი, როცა მას თავისი საკუთარი ნივთები გადაჰქონდა სიონიდან სახლში, დააკავეს და გადაასახლეს დაღესტანში. აბსურდული ბრალდებით, რომ ვითომც მან გაძარცვა სიონი და იქედან წაიღო თამარ მეფის ქოშები და სხვა ძვირფასეულობა. მოხდა მისი ქონების სრული კონფისკაცია. იგი 11 წლის შემდეგ დაბრუნდა გადასახლებიდან. ისე იყო დაშინებული, დიდი ხნის განმავლობაში თავის ვინაობას არ ამხელდა, გარემოვაჭრე იყო და წვრილმანების გადაყიდვით ირჩენდა თავს.

მე მას შევხვდი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მიიჩნევდა, რომ იგი დააპატიმრეს სრულიად უსამართლოდ და გული წყდებოდა საზოგადოებაზე, რადგან არავინ ცდილობდა ამ ფაქტის ნამდვილობის გადამოწმებას. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქო მას პენსიას უხდიდა. დაახლოებით 200 ლარს. ამბობდნენ, რომ ილია მეორემ მას სწორედ პატრიარქის საკურთხეველი ლოცვის წაკითხვა დაუმადლა და ამიტომ შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირა.

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან წელიწადში იღებს 25 მილიონ ლარს. გარდა ამისა, ის არ იხდის ბიზნესსაქმიანობისთვის გადასახადებს. ასეთმა დამოკიდებულებამ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხომ არ შექმნა თავად ეკლესიაში პრობლემები?

რა თქმა უნდა. უკონტროლო ინვესტიციის გადაცემა პასუხისმგებლობის გარეშე ადრე თუ გვიან აზიანებს მას, ვისაც ამ კაპიტალს აწოდებენ. ამ მახინჯი სქემის დამკვიდრებისათვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეც ნაწილდება. მას შეუძლია გადასცეს ეს თანხა და მინიმუმ ხარჯთაღრიცხვა მოითხოვოს და ასე შემდეგ.

გამოსავალი იქნებოდა, მაგალითად, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც არსებული ფორმა, როცა მორწმუნე თვითონ უხდის მისთვის სასურველ რელიგიურ ორგანიზაციას შემოსავლების რაღაც ნაწილს. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ თანხის მოკრეფასა და რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაცემას. ამ შემთხვევაში ეკლესია პასუხისმგებელია არა სახელმწიფოს, არამედ უშუალოდ მრევლის წინაშე და მეორე მხრივ, ზრუნავს მათი შრომითი უფლებების დაცვისათვის.

25 მილიონი, ძირითადად, ნაწილდება რამდენიმე ეპარქიაზე და ბევრი ეპისკოპოსი უკმაყოფილოა სწორედ იმით, რომ სახელმწიფო მხოლოდ ცენტრალურ ხაზს აფინანსებს. ეს თანხა რომ ეპარქიებზე ნაწილდებოდეს, მაშინ ეპისკოპოსებს საშუალება ექნებოდათ კრიტიკულები ყოფილიყვნენ, ახლა კი დამოკიდებული არიან ფინანსურად, თუ როდის გადაუგდებენ მათ რაღაც თანხას. ასე, რომ ეკლესია, ერთი მხრივ, ატერორებს სახელმწიფოს, მეორე მხრივ, ატერორებს საკუთარ წარმომადგენლებსაც.

იგივეა მღვდლების მდგომარეობაც –  ჯიპები არის ინდივიდუალური მონაპოვარი. ბევრი მღვდელი იმიტომ აძლევს საკუთარ თავს ჯიპის ქონის უფლებას, რომ მის პირად მონაპოვრად მიაჩნია და მართლაც ასეა. სასულიერო პირს არ აქვს ხელფასი, მას ჰყავს სამრევლო. მრევლში თუ „გაგიმართლა“ და გამოერია ბიზნესმენი, დაალაგებ მასთან ურთიერთობას და გაჩუქებს ჯიპს. ეკლესია არა თუ ქვეყნის შიგნით სიმდიდრის გადანაწილებას არ უწყობს ხელს, თვითონაც მაფიოზური ორგანიზაციაა სოციოლოგიური თვალსაზრისით, სადაც სიმდიდრეს მხოლოდ „ბოსები“ ისაკუთრებენ, წვრილფეხობას კი მხოლოდ მცირედს არგუნებენ ხოლმე.

  • ფეისბუქზე გავრცელდა მამა ილიას (ჯანიაშვილი) პოსტი, ის პროტოპრესვიტერს აკრიტიკებდა, რომ მამა გიორგი ზვიადაძე ძვირფას სამოსში ჩაცმული ზის და ამ დროს სოფლის მოძღვრებს ძალიან უჭირთ. თქვენი აზრით, „ციანიდის საქმე“ შეუწყობს თუ არა ხელს იმას, რომ ცოტა უფრო კრიტიკული გახდნენ სასულიერო პირები, რომლებიც არ მიიჩნევენ, რომ სიმდიდრე განსაზღვრავს ეკლესიის ძალას და ქრისტიანობას?

ვნახე მამა ილიას განცხადება და ეს სიმართლეა.

ის სასულიერო პირები, რომლებიც თბილისში მსახურობენ და საპატრიარქოსთან დალაგებული ურთიერთობა აქვთ, მდიდრები არიან. დაწინაურებული სასულიერო პირების უმრავლესობა, განსაკუთრებით თბილისში, საკუთარ ბიზნესს ფლობს, იქნება ეს სუპერმარკეტები, საცხობი, მანქანების სამრეცხაო თუ ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც პერიფერიებში მცხოვრებ ზოგიერთ სასულიერო პირს ძალიან დუხჭირი ცხოვრება აქვს.

მე ვიცი სასულიერო პირი, რომელიც აპირებს მშენებლობაზე დაიწყოს მუშაობა, რადგან ოჯახის ხარჯებს ვერაფრით წვდება. საპატრიარქოში არ არის დალაგებული სისტემა და მთლიანად პიროვნულ კავშირებზეა დამოკიდებული, შემოსავალი გექნება თუ არა.

რაც შეეხება იმას, შეცვლის თუ არა „ციანიდის საქმე“ რაიმეს ამ მხრივ. ამ საქმემ პოლიტიკური შეფერილობა მიიღო და ამიტომ მოექცა მედიის დაინტერესების ფოკუსში. თუმცა ჟურნალისტების ყურადღება მალე სხვა მოვლენებმა მიიპყრეს.

რაც შეეხება მრევლს, მას არანაირი თვითგამოხატვის საშუალება არ გააჩნია. ადამიანები თავიანთი ყოფითი პრობლემებით იმდენად არიან შეჭირვებულები, რომ არ აქვთ დრო და არც ინფორმაციის დამუშავების ჩვევა. მრევლს ელემენტარულ პრობლემებზე უწევს ფიქრი: რა აჭამონ შვილებს, როგორ გადაიხადონ გადასახადები, სად იშოვონ წამლის ფული და ასე შემდეგ.

ასეთ ქვეყანაში მრევლს ვერ მოსთხოვ იყოს კრიტიკული და თვითონ სცადოს სიტუაციის გაკეთილშობილება ეკლესიაში. ასე, რომ „ციანიდის საქმე“ ეკლესიის შიგნით კრიტიკული აზრის ამაღლებას, ჩემი აზრით, ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს.

პატრიარქის პოლიტიკაა – თუ შიდასაეკლესიო პრობლემები გამოდის მედიასივრცეში, ის ცდილობს ყველაფრის ფასად ჯინი ისევ ბოთლში ჩასვას. ეს საქმეც აქეთ მიდის. ყველაფერი გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე იყო.

  • ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ „ციანიდის საქმე“ ისე დასრულდება, რომ შესაძლოა ჩვენ ვერ გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში?

დიახ. მათ, ვინც ჩართულია ამ საქმეში, მაღალი ეშელონის წარმომადგენლებს, აქვთ წვდომა საქმის მასალებზე, მაგრამ ჩვენ, მოსახლეობა, სავარაუდოდ, ვერ გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში.

  • 2004 წელს სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა მოამზადეს წერილი, სადაც საუბარი იყო საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე და მიმართეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს. ამ წერილს ხელს აწერდა 23 ადამიანი, მათ შორის იყავით თქვენც. რა შეიცვალა ამის შემდგომ?

2004 წელს მოხდა ისე, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა, აკვირდებოდა რა მოვლენებს, დაიწყო პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, მათ შორის პრესასთან, რომ თუ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდება, საქართველოს ეკლესიას სიკეთე არ ელის. ჩვენ, როგორც სემინარიის სტუდენტებს, გვაწუხებდა ეს პრობლემები, შესაბამისად, ეკლესიის შიგნით გაჩნდა კრიტიკული ფრთა, სასულიერო პირების, ეპისკოპოსებისა და სემინარია-აკადემიის სტუდენტების. ეს იყო საკმაო ინტელექტუალური ძალა იმისათვის, რომ ეკლესიის შიგნით რაღაც ცვლილებები მაინც დაწყებულიყო.

აქ იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი – ახალმოსულ, „ვარდების ხელისუფლებას“ სურდა ურთიერთობა გაერკვია ეკლესიასთან, რომელიც ანტირეფორმატორების მხარეს იდგა. ეკლესია აპროტესტებდა, მაგალითად, განათლების რეფორმას და ოპოზიციაში ედგა ხელისუფლებას. მოხდა ის, რაც ხშირად ხდება, ეკლესია ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდა, შესთავაზა ზავი იმის სანაცვლოდ, რომ ეს კრიტიკული დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვქონდა, მინიმუმ, მედიიდან გაექრო. ასეც მოხდა, მედიამ შეწყვიტა თემის გაშუქება, ჩვენ, სემინარისტებმა, დავტოვეთ სასულიერო სემინარია, წამოვედით იქედან სოლიდარობის ნიშნად, რადგან ჩვენი ოთხი წევრი ფორმალური მიზეზების გამო გარიცხეს. ერთი – გაცდენების გამო, მეორე (ჩემი ძმა – დიმიტრი) – გამოცდის ჩაუბარებლობის, მესამე – მგონი, სულაც არასწორი ჩაცმულობის.

მოხდა კრიტიკული აზრის მქონე ეპისკოპოსების გაუვნებელყოფა. მათ შეუწყდათ შემოსავალი, ისინი გადაისროლეს სხვადასხვა ეპარქიაში. ასეთი რამდენიმე ეპისკოპოსი იყო, მაგრამ გამორჩეული იყო მეუფე აბრაამ გარმელია (ამჟამად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი), მეუფე ზენონ იარაჯული (დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი) და მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი (ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი).

2004 წელს ეს პროტესტი მიაჩუმათეს და დაიწყეს იმ მექანიზმების ამოშანთვა, რომელსაც შეეძლო მომავალში ასეთი რამის გამეორებისთვის ხელი შეეწყო. შედეგად ეკლესია უფრო ჩაიკეტა და საკუთარ თავშიც რეპრესიების მანქანა გაამკაცრა. მაგალითად, მაშინ შემოიღეს, რომ სასულიერო პირად ვერავინ ეკურთხება, თუ პირადად არ წარუდგენენ პატრიარქს, რაც საეკლესიო კანონიკის დარღვევაა. ეპისკოპოსს აქვს უფლება თავისი შეხედულების მიხედვით აკურთხოს სასულიერო პირი, მაგრამ სისტემა ასე ცენტრალიზებული გახდა.

შემდეგ იყო 7 ნოემბერი და ხელისუფლებას დასჭირდა ყველა, ვინც მას იმიჯს შეუნარჩუნებდა, მათ შორის იყო ეკლესიაც. დაიწყო უფრო მეტი თანხის, შენობების, მეტი პრივილეგიების გადაცემა, სწორედ მაშინ დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან ჯიპების ჩუქების სერია.

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრონაჟის ქვეშ ფუნქციონირებს 90-მდე სასწავლო დაწესებულება – სკოლები, პანსიონები, სასულიერო სასწავლებლები. ეკლესია ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გადაცემული 25 მილიონი ლარი სწორედ განათლების დაფინანსებას ხმარდება. თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ სასულიერო განათლების მიღების კუთხით საქართველოში არის პრობლემები…

როცა ეკლესია ამბობს, რომ ამ თანხას იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ეს ნაწილობრივ სიმართლეა.

თუმცა ამ სასწავლებლებში ძირითადად ხდება არა განათლების მიწოდება, არამედ იდეოლოგიური დამუშავება. კარგ საღვთისმეტყველო განათლებაზე საუბარი ზედმეტია. აქ ხდება ქცევისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება: სისტემაში როგორ უნდა მოიქცე, ვინ არ უნდა გააკრიტიკო, რაზე არ უნდა გქონდეს შენი აზრი, რა უნდა დაგმო, ვინ უნდა ადიდო და ასე შემდეგ.

სასულიერო სემინარიაში სწავლის სტანდარტი არის ძალიან დაბალი. ძირითადად მიდიან ის ადამიანები, რომლებიც სხვაგან ვერ აბარებენ სწავლის სიძვირისა თუ სტანდარტების გამო. მათ შორის ბევრია სოციალურად დაუცველიც. ამ ახალგაზრდებს ფაქტობრივად, არჩევანი არ აქვთ, ეს არის მათთვის ერთადერთი საშუალება, რომ თავიანთი სოციალური მდგომარეობიდან ნახტომი გააკეთონ და მდგომარეობა ოდნავ მაინც გაიუმჯობესონ. ეს არის მათთვის პიროვნული განვითარების ბოლო შანსი.

ეკლესია ჭკვიანი აღმოჩნდა, მან სახელმწიფოსგან მიღებული ფული დააბანდა საკუთარი იდეოლოგიის გასაძლიერებლად და ბრმა მხარდამჭერი თაობის აღსაზრდელად.

  • რა არის ცუდი ამაში? საპატრიარქო ამბობს, რომ ასე ქრისტიანობას ამყარებს.

პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს არც ქრისტიანობაში ათვიცნობიერებენ და არც განათლებას აწვდიან. ხდება მხოლოდ მათი იდეოლოგიზაცია, რომელიც ემყარება კონკრეტული პიროვნებების კულტს.

წესით, ღვთისმეტყველება უნდა ისწავლებოდეს მაღალი აკადემიური ნიშნით, რათა მომავალმა სასულიერო პირებმა პასუხი გასცენ იმ მრავალ კითხვას, რაც თანამედროვე ადამიანს რელიგიასთან მიმართებაში ებადება. ბევრ სასულიერო პირს ამ გამოწვევებზე პასუხი არ აქვს. მათი მზაობა ვერ უზრუნველყოფს ამ კითხვებზე საუბრის დაწყებასაც კი. ამიტომ კარგი „გამოსავალია“ უთხრა ადამიანს – არ დასვა ეს შეკითხვა, რამეთუ არ არის ეს ღვთისგან, არ წაიკითხო რაღაც, რადგან არ ხარ მზად და მსგავსნი. მრევლიც თავს იტყუებს, სხვა რა გზა აქვს?

  • რას შეცვლის „ციანიდის საქმე“?

შედეგი აჩვენებს, რომ მეუფე დიმიტრის ფრთა, ჯერჯერობით, დამარცხდა. შორენა თეთრუაშვილი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო და დეკანოზი მამალაძეც ჯერ ისევ საპყრობილეშია.

  • მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის რამდენად გჯერათ, როცა ის ამბობს, რომ არ სურს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტახტის დაკავება და არც არასდროს უნდოდა?

პატრიარქად გახდომა თავისთავში მოიცავს ასეთ ჟესტს. თუ ვინმე იტყვის ახლა, რომ მას უნდა პატრიარქობა, ის, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ გახდება. ეს საუკუნეების განმავლობაში დანერგილი კულტურული ფენომენია, როცა შენ გსურს რაღაც, მაგრამ აჩვენებ საზოგადოებას, რომ ეს არ გინდა, არ ხარ მზად. საბოლოოდ იღებ ამას ისე, თითქოს შენს თავს მსხვერპლად სწირავ. ასე იქცევიან მღვდლები, რომელთაც სურთ ეპისკოპოსობა, ამზადებენ საეპისკოპოსო სიტყვას, ყიდულობენ შესამოსელს, მაგრამ რომ ჰკითხო, იტყვიან, რომ არ უნდოდათ, ხათრი ვერ გაუტეხეს, სხვა გზა არ ჰქონდათ და ასე შემდეგ.

მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის განცხადების, რა თქმა უნდა, არ მჯერა, რადგან მისი ამბიციები დიდი ხანია ცნობილია. გახდება თუ არა ის პატრიარქი, გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ამას არც ჰქონდეს მნიშვნელობა. მან შეიძლება ფორმალურად დასვას ვინმე პატრიარქის ტახტზე, მაგრამ მიტროპოლიტი დიმიტრი მომავალ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იქნება. სწორედ ამაზეა ბრძოლა, არა უშუალოდ ტახტზე, არამედ გავლენის შენარჩუნებაზე.

  • „ციანიდის საქმე“ არაერთხელ იქნა შეფასებული, როგორც მეუფე დიმიტრიზე დარტყმა. საუბრობენ იმაზეც, რომ ეკლესიაში არის არა ერთი დაჯგუფება. თქვენი ინფორმაციით, ვინ იბრძვის ახლა გავლენების მოსაპოვებლად?

კომიკური სიტუაციაა. ყველა ეპისკოპოსი, ძალიან ჭაბუკებიც კი, პატრიარქობაზე ოცნებობს. დაჯგუფებები ახლა გადანაწილების პროცესში არიან. მე თავს შევიკავებ დავასახელო პიროვნებები, მაგრამ ამ სიტუაციაში იკვეთება, რომ არის დიმიტრი შიოლაშვილის ფრთა და არიან ამ ნათესაური ფრთით უკმაყოფილო ადამიანები, რომელთაგან ყველაზე მეტად აქტიურობს მეუფე იაკობ იაკობაშვილი – საქართველოს ხელისუფლების აქტივის წევრი. თავად მეუფე იაკობს სურს პატრიარქობა, თუ მთავრობას სხვა ვიღაც ჰყავს შერჩეული, ეს ცალკე საკითხია.

ყველას სხვადასხვა რესურსი აქვს საპატრიარქოში, რომელიც შეიძლება საჭირო მომენტში გამოადგეს. მაგალითად, არის მეუფე შიო მუჯირი, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეგობარია. იგი ამ რესურსს ჯერჯერობით არ ააქტიურებს… ასე რომ, შიგნით ვის რა სურს, მხოლოდ უფალმა იცის.

ეს მომენტი ალბათ კიდევ უფრო გამოიკვეთება, თუ პატრიარქის მენეჯმენტი დასუსტდება, თუმცა ეს ასე არ ჩანს. ქადაგებებში პატრიარქმა, ფაქტობრივად, სიტუაცია აღწერა. ისინი ყოველთვის საუბრობენ არა ღიად, არამედ რაღაც ტიპის მინიშნებებით, მეტაფორებით. მაგალითად, მეუფე პეტრემ თავის გამოსვლაში მიანიშნა, რომ მეუფე იაკობი მან და დიმიტრი შიოლაშვილმა შექმნეს, მე აღვკვეცე ბერად მეუფე დიმიტრის რჩევითო – ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადრე ამ ფრთის წევრი იყო, მაგრამ მან ბატონი შეიცვალა.

პატრიარქმა ქადაგებისას თქვა, რომ წინასწარმეტყველ დავითს შვილმა უღალატა. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მას არ სჯერა საკუთარი ძმისშვილის (დიმიტრი შიოლაშვილის), რადგან მისი მდივანი, შორენა თეთრუაშვილი ძალიან დიდი ხანია პატრიარქის გვერდითაა და მას უფრო ენდობა. მას არ შეუძლია ერთ დღეში გაწიროს ეს ადამიანი და რომც გაწიროს, შორენა თეთრუაშვილს იმდენი ინფორმაცია აქვს, უცებ შეუძლია პატრიარქის კულტი დასცეს.

დაჯგუფებებს საპატრიარქოში უფრო ცხადად ვიხილავთ, როდესაც პატრიარქს უფალი მოუხმობს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) და საარჩევნო მარათონი უფრო ღია გახდება. სახეზე გვექნება ძალიან კრიტიკული და ფეთქებადსაშიში სიტუაცია. თუ ვინმე გადაწყვეტს სხვის „გაფუჭებას“, ამის მეთოდიკა ეკლესიაში არსებობს.

საინტერესოა, თუ წავლენ ამაზე. შეიძლება სექსუალური ორიენტაციის სკანდალსაც ჰქონდეს ადგილი, ან მექრთამეობაზე იყოს აქცენტი. ყოველ შემთხვევაში, „ციანიდის საქმემ“ თუ რამე დაგვანახა, ეს ისაა, რომ ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ რამეზე არიან წამსვლელი ძალაუფლებისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად.

_______________

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“.

მთავარ ფოტო: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ჯეჯელავა: ხანდაზმული პედაგოგების სკოლიდან წასვლის საკითხი არ განიხილება

შუახევში, პედაგოგებთან შეხვედრაზე, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საპენსიო ასაკის პედაგოგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლიდან პედაგოგის წასვლის საკითხი მხოლოდ მაშინ დადგება, თუ პედაგოგს გაკვეთილის ჩატარება და მოსწავლეებთან ურთიერთობა არ შეეძლება.

„როცა შეფასების სქემიდან ამოვიღეთ  – „თუ არა და სახლში წადი“,  წამოვიდა კრიტიკა, რომ არასდროს არავინ წავა სახლში და იყო კითხვები, თუ არ დაიხოცებიან დაფებთან, მანამდე სკოლებში დარჩებიანო? ვადასტურებ, რომ კარგი მასწავლებელი მანამდე დარჩება სკოლაში, სანამ შეეძლება კარგი გაკვეთილის ჩატარება, მოსწავლეებთან ურთიერთობა. თუ არ ესმის და ვერ ხედავს, ეს სხვა საკითხია, მე  25 წლის „მკვდარიც“ მინახავს. სკოლიდან მხოლოდ ის წავა, ვინც წასასვლელია, იქნება  25, 45 თუ 65 წლის. და, ზოგადად, პედაგოგების ასაკთან დაკავშირებული საკითხი საერთოდ არ განიხილება.

ჩემი ნება რომ იყოს, სკოლიდან პირველი იმას გავუშვებდი, უფროსი მასწავლებელი რომ გახდა, კუდი რომ გადო ყავარზე და თავის კოლეგებს ზემოდან რომ უყურებს. სკოლა არ არის სირბილის ჩემპიონატი, კვალიფიკაცია მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, თუმცა არა პირველი და ერთადერთი,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

ისწავლე მაგისტრატურაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

ვისაც სურვილი გაქვთ, ისწავლოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის ამ უნივერსიტეტში აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1-ელი ივნისი !!!

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2017/2018 აკადემიური წლისათვის განაცხადებს იღებს 52 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:

[checklist]

  • ბიზნესი
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამარათალი
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ქსელური მეცნიერება (PhD)
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

[/checklist]

დარეგისტრირდით ლინკზე https://bit.ly/2eRh34y
და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2017 წლის 1-ელი ივნისისა.

ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარდგენა
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

– თბილისი – ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;
– ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
– ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ;
ტელ.: 221551
– თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
– ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. I I სართული; ტელ.: 551710071

11016814_709737215820618_7122942047964168448_nუნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Center for International Education – Tbilisi

განათლების მინისტრი: სკოლებში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 8 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთის სკოლის პედაგოგებს შუახევის კულტურის ცენტრში შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების საათობრივ ბადეში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის სასურველი საგანი აირჩიონ. არჩევითი საგნები, მინისტრის თქმით, სპორტისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს.

მინისტრმა მცირეკონტიგენტიანი სკოლების რეაბილიტაცია და პედაგოგთა საბაზისო ანაზღაურებისა და დანამატის ზრდაც  დააანონსა და მთაში  პედაგოგთა დეფიციტის შესავსებად დაგეგმილი პროგრამების ამოქმედებაზეც ისაუბრა.

„პედაგოგების დეფიციტის შესავსებად ვაპირებთ, რომ სტუდენტებს შევთავაზოთ მთაში გარკვეული პერიოდით მუშაობა და ვაპირებთ ჩამნაცვლებელი პროგრამის შემუშავებას, რაც  ასაკოვან პედაგოგს შესაძლებლობას მისცემს, თვითონ შეარჩიოს თავისი შემცვლელი პედაგოგი და ეტაპობრივად გადააბაროს თავისი საათები. ამის გარდა ვმუშაობთ, რომ სოფლის მცირე სკოლების შემთხვევაში, პედაგოგის სკოლაში შესასვლელად საკვალიფიკაციო მოთხოვნები სოფლის სკოლის შემთხვევაში მცირედით დავწიოთ“, – განაცხადა შეხვედრაზე განათლების მინისტრმა.

მინისტრთან შეხვედრაზე პედაგოგებმა მოითხოვეს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება, სკოლების შესაბამისი ტექნიკითა და ლაბორატორიით აღჭურვა და პენსია სტაჟის მიხედვით.

„ხშირად ისმის, რომ სოფლის სკოლის მოსწავლეები უფრო დაბალ დონეს აჩვენებენ, ვიდრე ქალაქის სკოლის მოსწავლეები,  ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ინტერნეტთან მიუწვდომლობა, შეიძლება შუქიც გაითიშოს“, – თქვა სოფელ ხაბელაშვილების სკოლის პედაგოგმა რეზო ზოიძემ მინისტრთან შეხვედრაზე.

მინდია  ფუტკარაძე, კერძო სკოლის პედაგოგი: „ტექნიკის პრობლემებია სკოლებში, ერთი წელია ვმუშაობ და ჩემი ხელფასი ტექნიკის შეძენას მოვახმარე. მე, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, ვისურვებდი სკოლა აღიჭურვოს კომპიუტერებითა და შესაბამისი ტექნიკით“.

„სკოლის ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება დაბალია, ხომ არ ფიქრობთ ხელფასების მატებას ამ კუთხით?“ – იკითხა კვიახიძეების სკოლის დირექტორმა,  თამაზ დიასამიძემ.

„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რომ პირველ ეტაპზე  მსხვილ სკოლებში გვქონდეს სრულფასოვანი ლაბორატორია, მცირე სკოლებში გვქონდეს ვირტუალური ლაბორატორიები, ანუ შეეძლებათ ვიდეოგაკვეთილებით აჩვენონ მოსწავლეებს ექსპერიმენტები. ამ მიმართულებით დროებითი კომპენსაცია ეს იქნება. მომავალში, როცა საშუალება გვექნება, ყველა სკოლაში იქნება ლაბორატორია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, დღეს ჩვენ  გვაქვს 70 მილიონი ლარი სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწერილი. რაც უფრო მაღალმთიანი, მცირეკონტიგენტიანია სკოლა, ვაპირებთ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თუნდაც კომპიუტერის, ინტერნეტის და სასწავლო გარემოს შესაქმნელად. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ საბაზო ანაზღაურებაც გაიზრდება ეტაპობრივად და დანამატებიც“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვედრა პედაგოგებთან
ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვედრა პედაგოგებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 300 მოწმე დაიკითხება

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს გაიმართა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ზუსტად 6 საათის განმავლობაში განიხალავდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე იმას, უნდა გათავისუფლებულიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ. საბოლოოდ, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია და პატიმრობაც ძალაში დატოვა.

პროკურატურამ ამ საქმეზე 16 ტომი წარმოადგინა. როგორც პროცესზე პროკურორებმა აღნიშნეს, არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენებას 300-მდე მოწმე მისცემს. დაცვის მხარემ მოწმეების ამ რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კონკრეტულ ბრალდებულებს მხოლოდ პოლიციელები ასახელებენ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა პროკურორები და პროკურორებმა ადვოკატები არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მათი გამოსვლები დარბაზზე და კონკრეტულად ჟურნალისტებზე იყო გათვლილი.

„საიდან მოახვავეთ ეს სამასი მოწმე? ვინმემ არ დაიჯეროს, რომ რიგითი მოქალაქეები ხელს ადებენ ვინმეს. ან როგორ უნდა ამოეცნოთ, როცა ნიღაბი ეკეთა ადამიანს, ვინც ქვებს ისროდა? ამ სამასიდან მხოლოდ 40 პოლიციელი ადებს ხელს ბრალდებულებს,“ – თქვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე გააკეთა, რომელიც გამოძიებას წარმართავს და ამავდროულად საქმეში არაერთი პოლიციელი დაზარალებულად არის ცნობილი. „დაზარალებულად არის მიჩნეული თვითონ კახა ბუხრაძეც. მთლიანად უწყება დაზარალებული გამოდის. როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ეს უწყება ობიექტურად წარმართავდა გამოძიებას?“ – იკითხა ადვოკატმა.

დავით ჩავლეიშვილის პოზიცია სხვა ადვოკატებმაც გააჟღერეს, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ იგი არ გაიზიარა: „მხარისგან ველოდები დასაბუთებულ არგუმენტებს… ასე ზოგადად იმის თქმა, რომ მიკერძოებულია და ყველა გამომძიებელი ტენდენციურია, მისაღები არ არის“.

მოსამართლემ დღეს ერთი და იგივე კითხვა დაუსვა თითოეულ ბრალდებულს: „სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ 17-დან 10-მა დუმილით უპასუხა. ექვსმა ბრალდებულმა თქვა, რომ არ სცნობს წარდგენილ ბრალს. უცნობია ერთის – მინდია ბერიძის პოზიცია, რომელიც დღეს ჯანმრთელობის პრობლემის გამო სასამართლოს პროცესს ვერ დაესწრო.

„დავაშავე და გთხოვთ, მაპატიოთ“, – ამ სიტყვებით მოსამართლეს ბრალდებულმა ზაზა გოგიტიძემ უპასუხა, თუმცა როცა მას მოსამართლემ დაკონკრეტება მოსთხოვა, აღიარებდა თუ არა წარდგენილ ბრალს, მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ბრალდებულებზეც, ვინც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წესით. „როგორ შეიძლება ერთი და იგივე პირის ქმედება თან იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თან სისხლისსამართლებრივი?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მისი მტკიცებით, ბრალდებულის საწინააღმდეგო მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაა, მაგრამ მას ბოლომდე არ უნახავს ყველა ტელევიზიიდან ამოღებული ვიდეო კადრები, რომლებზეც პროკურატურის მტკიცებით თითოეული ბრალდებულის დანაშაულებივი მოქმედებაა ასახული.

მოსამართლემ პასუხი გასცა ბრალდებულ რევაზ ქერქაძის შემთხვევას. ბრალდებული და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ რევაზმა ქართული სრულყოფილად არ იცის, ხოლო გამომძიებელმა იგი ქართულ ენაზე დაკითხა. დღევანდელ სასამართლო პროცესს სპეციალურად ამ ბრალდებულისთვის რუსული ენის მცოდნე თარჯიმანიც ესწრებოდა.

„თარჯიმნის უფლებით სარგებლობა უპირობოდ უნდა იყოს დაცული და ამას პირდაპირ მოითხოვს გამოძიება, მაგრამ გამოსარკვევია, რამდენად ესმოდა კითხვის შინაარსი გამოკითხვის დროს ბრალდებულს, ან გამომძიებლისთვის იყო თუ არა გასაგები, რომ დასაკითხმა პირმა ქართული ენა სრულყოფილად არ იცოდა, ეს არსებითი განხილვის დროს უნდა გაირკვეს“ – განმარტა მოსამართლემ.

„თუკი ქართული იცის, მაშინ დღევანდელ სხდომაზე რისთვის მოიყვანეთ თარჯიმანი?“ – რეპლიკა დაუბრუნა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

რაც შეეხება წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას – ადვოკატებმა ამ ნაწილში აქცენტი გააკეთეს მოწმე პოლიციელებზე: „მოწმეები, ვისაც ამ პირების წინააღმდეგ ჩვენება აქვთ მიცემული, პოლიციელები არიან. როგორ წარმოგიდგენიათ, ბრალდებულები პოლიციელებს აიძულებენ ჩვენების შეცვლას?“

„მე მიტინგებსაც არ ველოდები, მაგრამ საფრთხე არსებობს,“ – შენიშნა მოსამართლემ. ვიოლეტა ფორჩხიძემ დაცვის მხარის არც ის არგუმენტი გაიზიარა, რომ  ბრალდებული პირები წარსულში ნასამართლევი არ არიან.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად გამართავენ საპროტესტო აქციებს. „მოსამართლე კი ელოდება, რომ აქციები არ იქნება, მაგრამ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამას. შეიძლება ჩვენც დაგვიჭირონ, მაგრამ მაინც მოვაწყობთ აქციას. ადვოკატი მთავარ პროკურორთან შეხვედრას დაგვპირდა და ვნახოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რევაზ გორგაძემ. ის ბრალდებულ შოთა გორგაძის მამაა.

17 ბრალდებულის პროცესი ორ ნაწილად გაიმართა. პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ახლობლებმა პოლიციის მანქანას ხელები დაუშინეს და წასვლის საშუალება არ მისცეს სასჯელაღსრულების მანქანას, რომლითაც ბრალდებულებს ციხეში აბრუნებდნენ.

IMG_20170508_142929

 

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში უკვე 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე მოიჭრა

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, აჭარის ტერიტორიაზე 4200 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყეა მონიშნული, რომელიც უნდა მოიჭრას. აჭარის სატყეო სააგენტოს მონაცემებით უკვე მოჭრილია 1550 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის და 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე-ტყე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების სხვადასხვა სახეობები. აჭარის ტერიტორიაზე ეს სახეობებია ძირითადად, კოლხური მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე, უთხოვარიდა სხვ.

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ჯუმბერ აბულაძის განცხადებით: „სპეციალური დანიშნულებით ხე-ტყის მოჭრის სამუშაოები გრძელდება, თუმცა შესაძლოა არ მოიჭრას იმ რაოდენობით, რაც მონიშნულია“.

ზემოთაღნიშნული რაოდენობის ხე-ტყე ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედისა და ნაწილობრივ შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მოიჭრა. ხაზის მშენებლობა კი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გაგრძელდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

რაც შეეხება დასაწყობებულ მერქანს, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ის აუქციონის წესით უნდა გასხვისდეს. ჯუმბერ აბულაძის თქმით, ამ ეტაპზე სააგენტო ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა შეაფასოს მერქანი და შესაბამისად უნდა განისაზღვროს აუქციონზე საწყისი ფასი. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არსებული კანონმდებლობისა და ხის სახეობების შესაბამისად, 1 კუბ/მ საშეშე მასალის საწყისი ფასი საშუალოდ 100 ლარამდეა, საბაზრო ფასი კი 80-90 ლარია. „დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ დავიწყებთ აუქციონის გამოცხადებას,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

„საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების [მოჭრის] უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის მაისში განსაზღვრა.

ამ წესის მიხედვით, მაგალითად, მუხის მოჭრისთვის [შესაბამისი  ნებართვით] 1 კუბ/მ-ზე გადასახადი 75 ლარია. კოლხური მუხის შემთხვევაში კი, რომელიც წითელ ნუსხაშია, ეს საფასური ოთხმაგდება. ანუ, „ელექტროსისტემას“, რომელმაც 1500 ძირზე მეტი კოლხური მუხა უნდა მოჭრას, 1 კუბ/მ მერქანზე 300 ლარი მაინც უნდა გადაეხადა, თუმცა, ის, რატომღაც ამ საფასურის გადახდისგანაც გაათავისუფლა მთავრობამ. ამ მცენარის მერქანს კი შეშად მთავრობა გაცილებით დაბალ ფასად გაყიდის.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა / ეკა ბარამიძის ფოტოები
ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა / ეკა ბარამიძის ფოტოები

220

კვამლი ყოფილი ფოსტის შენობის თავზე [ფოტოამბავი]

კვამლი გაჩნდა ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც ამჟამად კაზინო და სასტუმრო მდებარეობს. ადგილზე გამოძახებული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობაში არ არის და კვამლის მიზეზი ძველი გენერატორის ამუშავება გახდა.

18341694_1710098765686209_6454234132336261049_n

მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრებთ საზღვარგარეთ მკურნალობა ნაწილობრივ დაუფინანსდებათ

2018 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას გეგმავს –  ამის შესახებ დღეს, 8 მაისს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა.

მინისტრის განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გულისხმობს ნებისმიერი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წელზე მეტი ასაკის პირების – ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურებული დიაგნოზის მკურნალობას.

სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეპროგრამით განიხილება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში” (სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი).

თანადაფინანსება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი ანგარშ-ფაქტურის 50 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 15 000 ლარისა. თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სამედიცინო მომსახურება დაფინანსებული ექნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ საზღვარგარეთ მკურნალობის თემას ეხება და სამინისტროს ასეთი დახმარების თხოვნით მოსახლეობის დიდი ნაკადი მიმართავს.

პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი იქნება ექსპერტ-ექიმთა დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემული მკურნალობა არ ტარდება საქართველოში და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება საზღვარგარეთ.

პროგრამის ბიუჯეტი 350 000 ათასი ლარი იქნება.

ბათუმის მერია: ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებისთვის 13,3 მილიონი ლარი დაიხარჯა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის [რომლის გაგრძელებაც მოიცავდა ერისთავის ქუჩასაც] რეკონსტრუქცია დასრულდა; ამ ორი ქუჩის რეკონსტრუქციისთვის კი 13 მილიონ 378 ათასი ლარი დაიხარჯა.

„პროექტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ბოლო ეტაპზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდა“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ერთი თვის წინ უთხრეს „ბათუმელებს“, რომ აღნიშნული ქუჩებზე სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებული იყო. როდის გაგრძელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთიდან [ახალი წრიულიდან], ჯერ უცნობია.

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობდა, თითქოს იგეგმებოდა ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება გახდებოდა აუცილებელი. ეს ინფორმაცია ბათუმის მერიაში არ დაგვიდასტურეს.

ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე, ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა [წყლისა და კანალიზაციის სისტემების] სამუშაოები უნდა დაიწყოს, რომლის დასრულების შემდეგადაც დაიწყება ამ ქუჩების კეთილმოწყობა – გვითხრა მაშინ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთა / ბათუმის მერიის ფოტოები
ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთა / ბათუმის მერიის ფოტოები

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულების ახლობლები პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს წინ სამართალდამცველების მანქანებს ხელები დაუშინეს. ისინი ასევე არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას სასჯელაღსრულების მანქანას, რითაც ბრალდებულებს უკან, ციხეში აბრუნებდნენ.

პოლიციელებმა მოქალაქეებისგან გზა ხმამაღალი შეძახილებით გაათავისუფლეს.

ბრალდებულების ახლობლების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვედროდნენ, რომელიც დღეს ბათუმში იმყოფება. ზოგიერთმა კი აჭარის მთავრობის სახლთან შეკრება დააანონსა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ წუთებში წინასასამართლო პროცესი დაიწყო. ამჯერად ამავე საქმეზე კიდევ 8 ბრალდებულის საქმე განიხილება.

 

IMG_20170508_143417IMG_20170508_143157

 

 

 

გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ზურაბ პატარაძეს შეხვდა

დღეს, 8 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, ასევე ტურისტული სეზონისათვის მზადების საკითხებს.

18378690_1493390320680516_369209143_o
ბათუმი, 8.05.2017 / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტოები

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობენ.

ვსარგებლობ დუმილის უფლებით – “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულები

“ბათუმის აქციის საქმეზე” წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს, დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ.  ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, გაათავისუფლებენ თუ არა რომელიმე მათგანს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ და ასევე, საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგება, თუ მისი არსებითი განხილვა დაიწყება.

თუკი ბრალდებულები უდავოდ მიიჩნევენ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ 14-ტომიანი საქმით წარმოადგინა, ამ შემთხვევაში არსებითად განსახილველი არაფერი დარჩება.

“ჩვენ სადავოდ მივიჩნევთ ყველა მტკიცებულებას,” – თქვა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ უკვე დაუსვა ერთი და იგივე კითხვა თითოეულ ბრალდებულს –  ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? მან იქვე შეახსენა დაკავებულებს, რომ მასობრივ არეულობასა და პოლიციისადმი თავდასხმას ედავება მათ გამოძიება. რამდენიმე მათგანს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, რამდენიმეს – 6-დან 9 წლამდე.

“დავაშავე და გთხოვთ მაპატიოთ”, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ზაზა გოგიტიძემ. მოსამართლემ მას სთხოვა დაეკონკრეტებინა, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. დიალოგში ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული ემოციურია და სინამდვილეში ის დუმილის უფლებას ირჩევს.

“კი, იყოს დუმილი,”- დასძინა ბრალდებულმა. ზაზა გოგიტიძის შემდეგ დანარჩენმა შვიდმა ბრალდებულმა იგივე გაიმეორა და თქვა: “ვსარგებლობ დუმილის უფლებით”.

განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აკაკი კვაჭაძემ დააფიქსირა: “დანაშაულს არც ვაღიარებ და არც უარვყოფ”. მოსამართლემ მასაც სთხოვა დაზუსტება, რა იგულისხმებოდა ამაში. “უარვყოფ,”- დაამატა ბრალდებულმა.

დღესვე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე “ბათუმის აქციის საქმეზე” კიდევ 8 პირის საქმეს განიხილავს წინასასამართლო სხდომის ფორმატში.

ამ საქმეში კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანია. მათი საქმე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დახურულ სხდომაზე განიხილა და რამდენიმე დღეში არსებითი განხილვა დაიწყება.

მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალი პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას წაუყენა. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება ბრალდებულების ბევრმა ახლობელმა ვერ შეძლო – სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში თავისუფალი ადგილი არ არის.

 

 

 

ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში პედაგოგებს შეხვდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარაში იმყოფება.

დღეს, 8 მაისს, ალექსანდრე ჯეჯელავას აჭარის განათლების მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად,  საზოგადოებრივი კოლეჯის -„ახალი ტალღა“ –  ტრენინგ-ცენტრის დათვალიერება და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

დღის მეორე ნახევარში ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში აპირებს გამგზავრებას. შუახევის კულტურის სახლში მინისტრები მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების 300-მდე პედაგოგს შეხვდებიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ალექსანდრე ჯეჯელავა და ინგა შამილიშვილი ხიჭაურის უნივერსიტეტში, სხალთის ეპისკოპოსთან, სპირიდონთან ერთად დაათვალიერებენ სასწავლებელს.

ბათუმის ნაგავსაყრელზე ნარჩენების დამუშავების პრობლემა შეიქმნა

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ბათუმის ნაგავსაყრელზე, რომელიც ისედაც არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, საგანგებო ვითარება შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით.

ბათუმის ნაგავსაყრელი / მერიის ფოტო

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილ აქტში აღნიშნულია, რომ 28 აპრილის მდგომარეობით ნაგავსაყრელთან მისასვლელ გზაზე, გზის ორივე მხარეს თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე დაყრილი იყო 1080 ტონა ნაგავი, ხოლო საუტილიზაციო მოედანზე მოსასწორებელი იყო 11 420 ტონა ნაგავი. ფაქტობრივად, ხელახალ და დაუყოვნებლივ უტილიზაციას ექვემდებარებოდა 12 500 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ბათუმის მერიის განმარტებით აღნიშნული სიტუაცია გამოიწვია მერიასა და შპს „აჯაროღლუს“ შორის 2017 წლის 04 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამ, „მიმწოდებლის მიერ აღებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო“. „ბათუმელები“ კომპანია „აჯაროღლუს“ ვერ დაუკავშირდა. ამ კომპანიასთან მერიას ხელშეკრულება 79 650 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

ბათუმის მერიასა და შპს „აჯაროღლუს“ შორის ხელშეკრულება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ბრძანებით 27 აპრილს შეწყდა. იმ პერიოდისთვის, როგორც მერიაში აცხადებენ, „იკვეთებოდა მეტად არასახარბიელო მდგომარეობა, ნაგავსაყრელზე ყოველდრიურად შედის საშუალოდ 208 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ უტილიზაციას. დღეის მდგომარეობით დაგროვილია დაახლოებით 13 000 ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ უტილიზაციას“.

ბათუმის ნაგავსაყრელი / მერიის ფოტო

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა ერთთვიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა შპს „სერვისი-2016“-თან, რადგან აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა შესაბამის ელექტრონულ ტენდერში და სამ პრეტენდენტს შორის დაიკავა მომდევნო მეორე ადგილი [„აჯაროღლუს“ შემდეგ]. ერთთვიანი მომსახურების ღირებულება მერიამ 19 912 ლარით განსაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შესყიდვების სააგენტომ მერიას თანხმობა მისცა იმ პირობით, რომ „დარჩენილი მოცულობის შესყიდვის განხორციელების მიზნით დროულად უზრუნველყოფს ხელახალი სატენდერო პროცედურების დაწყებას“.

„შპს „აჯაროღლუს“  მიღებული აქვს მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვალის შესრულება [ანაზღაურება] 13 275 ლარის ოდენობით. მარტისა და აპრილის თვეებში სამუშაოები წარმოებდა ხელშეკრულების პირობების სრული და უხეში დარღვევით, რადგან ნაგავი იყრებოდა მისასვლელი გზების მიდამოებში, რამაც გამოიწვია აღნიშნული გზის ჩახერგვა. ნაგავსაყრელის შემდგომი ნორნალური ექსპლუატაციისათვის საჭიროა გზის სავალი ნაწილიდან ნაგავის ხელმეორედ უტილიზაცია [გატანა საუტილიზაციო მოქმედ მოედანზე, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან]“ – აღნიშნულია მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის მიერ ბათუმის მერთან გაგზავნილ წერილში.

„აღნიშნული მომსახურების [უტილიზაცია] სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში საფრთხე ექმნება მიმდებარე ტერიტორიას, ნაგავსაყრელზე მისასვლელ გზას [რომელიც ამ პერიოდისათვის ჩახერგილია], რადგანაც სამუშაოები შეჩერებულია საყოფაცხროვრებო ნარჩენები იყრება არა დანიშნულების ადგილას, არ ხდება უტილიზაცია და აღნიშნული იწვეს გარემოს დაბინძურებას“- ასე ასაბუთებდა მერია ერთთვიანი ხელშეკრულების დადების აუცილებლობას.

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, ხელშეკრულება „სერვისი-2016“-თან დღეს, 8 მაისს, გაფორმდება და კომპანია დღესვე დაიწყებს სამუშაოებს ნაგავსაყრელზე. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში კი, ბათუმის მერია გეგმავს ახალი ტენდერის ჩატარებას ბათუმის ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაზე.

ბათუმის ნაგავსაყრელი / მერიის ფოტო
ბათუმის ნაგავსაყრელი / ფოტოები შესყიდვების სააგენტოს ელ.ტენდერის ვებგვერდიდან

ამავე თემაზე:

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

 

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, აფთიაქის ხელმძღვანელებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

სოფლის მეურნეობის ახალი უწყება 50 ათას ლარად ახალ ავტომობილს შეიძენს

აგროპროექტების მართვის ცენტრი ახალი ავტომანქანის შეძენას აპირებს, რაშიც ეს უწყება მაქსიმუმ 50 ათას 300 ლარს გადაიხდის. ტენდერი 4 მაისს გამოცხადდა და წინადადების მიღება 24 მაისს დასრულდება. ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გასული წლის დეკემბერში დააფუძნა.

სატრენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, მე-3 კლასის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის მქონე. ტენდერის აუცილებელ მოთხოვნებში წერია, რომ ავტომანქანას უნდა ჰქონდეს კონდიცირების, ასევე აუდიოსისტემა. აგროპროექტების მართვის ცენტრმა ახალი ავტომანქანის ფერიც აუცილებელ მოთხოვნებში  ჩაწერა – თეთრი ან ვერცხლისფერი.

რაც შეეხება ავტომანქანის მოდელს, სატენდერო პირობებით იგი გათვალისწინებული არ არის. „პრეტენდეტი ვალდებულია ფასების ცხრილში მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი“, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

 

 

 

რეკლამის დაფინანსებას ტურიზმის დეპარტამენტი მილიონით ზრდის

სარეკლამო და პიარკამპანიებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბიუჯეტის გაზრდას 929 700 ლარით აპირებს [+18 პროცენტი]. რეკლამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი წელს 6 094 700 ლარია.

დეპარტამენტი რეკლამისთვის გათვალისწინებული დაფინანსების დახარჯვას ძირითადად 16 სამიზნე ქვეყანაში აპირებს. დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გარე რეკლამისთვის 5 594 700 ლარი დაიხარჯება, შიდა რეკლამისთვის კი, მხოლოდ ნახევარი მილიონი. ტურიზმის დეპარტამენტი ონლაინრეკლამის გაძლიერებას გეგმავს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში დეპარტამენტის დაფინანსება შესაძლოა 15 პროცენტით, მილიონ 116 ათასი ლარით გაიზარდოს.  2017 წელს ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 441 800 ლარს შეადგენს.

 

 

რა იცვლება აჭარის კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში იცვლება კონსტიტუციური კანონიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ კანონის ცვლილებიდან 6 თვეში აჭარას ახალი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს. „აჭარის კონსტიტუცია“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  აჭარის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, ანუ დაახლოებით წლის ბოლოს.

„ჯერ არ ვიცით, რა შეიცვლება სახალხო განხილვების დროს, ასევე საპარლამენტო მოსმენების ეტაპზე. შესაბამისად, საბოლოოდ რა სახე მიეცემა კონსტიტუციურ კანონს აჭარის ავტონომიის შესახებ, უცნობია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ ნაწილში კომისიის შემადგენლობიდან არავის ჰქონია შენიშვნა, მათ შორის, არც ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს,“- აღნიშნავს დავით გაბაიძე.

რა იცვლება კონკრეტულად აჭარაში საკონსტიტუციო ცვლილებით? – დავით გაბაიძის მტკიცებით, ზოგადად, უმჯობესდება თვითმმართველობის ხარისხი: „მთავარი არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუკი კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირება მოხდება აჭარაზე, ამას მოჰყვება შესაბამისი ფინანსური რესურსი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ უფლებამოსილებების გაზრდაზე, მაგრამ რა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ რეალურად გავაკეთოთ საქმე, ამაზე საუბარი არ გვინდა. მაგალითად, შესაძლოა გვითხრან, რომ მთლიანად ჩვენი უფლებამოსილებაა ეკომიგრანტების საკითხი, მაგრამ რამდენად აქვს რეგიონს იმის რესურსი, რომ ყველა ეკომიგრანტის უფლებამოსილება დააკმაყოფილოს“.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ არის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებული უფლებამოსილება, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზივი.

დავით გაბაიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტი არსებულისგან განსხვავებით, მხოლოდ ხუთ მუხლს მოიცავს და განსაზღვრავს ფუძემდებლურ პრინციპებს. „ეს მოგვცემს საშუალებას, რომ „აჭარის კონსტიტუციაში“  დეტალურად უფლებამოსილებები გაიწეროს. აქამდე იმდენად ვრცელი იყო კონსტიტუციური კანონი, რომ ცალკე კონსტიტუციაში ვეღარაფერს ჩაწერდი. ფაქტობრივად, სტატუსის შესახებ კანონი და კონსტიტუცია ერთი და იგივეაო, ბევრი აღნიშნავდა… ერთია, განსაკუთრებული უფლებამოსილება და მეორე – დელეგირებული. მე მივიღე პირობა, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ, ჩვენ ძალიან ბევრი უფლებამოსილების დელეგირებაზე შევთანხმდებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან,“ – ამბობს დავით გაბაიძე.

რამდენიმე საკითხიდან, რაც უკვე გათვალისწინებულია კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ – დავით გაბაიძე სახანძრო უსაფრთოხებისა და ადგილობრივი გზების საკითხებს ასახელებს. სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში უფლებამოსილება მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების ხელში გადადის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები კი, ავტონომიური მნიშვნელობის გახდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დავით გაბაიძემაც დაუჭირა მხარი. საუბრის დროს მან გვითხრა ისიც, რომ გარკვეულ საკითხებს არ დაეთანხმა, თუმცა კომპრომისზე წასვლა მოუწია.

„ვერც ერთი ცვლილება ვერ იქნება იდეალური. შესაძლოა, მე რასაც არ ვეთანხმები, არც ის იყოს ჭეშმარიტება… ვერ გეტყვით, რას არ ვეთანხმები, რადგან მე ამ დოკუმენტს მხარი დავუჭირე და საბოლოოდ, კომპრომისების ხარჯზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი წამოვიღე, ასე მგონია. თავის დროზე ძალიან ბევრი ვეცადე, მოეწოდებინათ მოსაზრებები, რა უნდა შეცვლილიყო კონსტიტუციაში, რეგიონში სხვადასხვა ჯგუფს ცალ-ცალკე შევხდი, მაგრამ ასლან ლორთქიფანიძის გარდა არავის წარმოუდგენია წერილობითი მოსაზრება,“ – გვითხრა დავით გაბაიძემ.

საკონსტიტუციო კომისიაში აჭარიდან დავით გაბაიძის გარდა, მუშაობდა ზურაბ პატარაძეც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ჩავარდნილი პროექტი – კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ სარჩელი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ. ამ კომპანიას აჭარაში „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა უნდა განეხორციელებია. ექსტენცია გულისხმობს ადგილზე, მაგალითად, მანდარინის ბაღში, სხვადასხვა სეზონზე ფერმერისთვის თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, თუმცა იგი ჩავარდა.

„ფერმერების სიები, რაც სამინისტრომ მოგვაწოდა, „მკვდარი სულებით“ იყო სავსე,“ – ამბობს რუსუდან გიგაშვილი, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი. ამ კომპანიამ მოიგო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადებული ტენდერი. სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 211 ათასი ლარი იყო. „მომავლის ფერმერმა“ ტენდერში 179 230 ლარით გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ მარტს გააფორმა.

„7 მარტს მოგვივიდა სია და 15 მარტს უკვე უნდა დაგვეწყო სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ სია არ იყო იდენტიფიცირებული. მაგალითად, უნდა შეგვექმნა ჯგუფი და 10 ფერმერიდან 2 გარდაცვლილი იყო. სიები რომ არ იყო იდენტიფიცირებული, ეს ექსპერტმაც დაადასტურა და საჯარო რეესტრის ამონაწერებიდანაც ჩანს. მოწოდებული მრავალათასიანი სიებიდან კი შეიძლებოდა შესაბამისი ჯგუფების ფორმირება, მაგრამ ამას დამატებით დრო დასჭირდებოდა,“ – გვიყვება რუსუდან გიგაშვილი, „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში სამინისტროს პროექტით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება სთხოვა.

კომპანიას სამინისტრომ ვადის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. მინისტრი ლაშა კომახიძე კომპანიისთვის 15 მარტს მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ ტენდერის პირობები წინასწარ იყო ცნობილი, ხოლო კომპანიას იმაზე მეტი ფერმერის ჩამონათვალი მიაწოდეს, ვიდრე პროგრამის განხორციელების დროს იყო საჭირო.

„იმიტომ, რომ 15 მარტს სამუშაო ვერ დავიწყეთ, სამინისტრომ დაახლოებით 9 ათასი ლარი პირგასამტეხლო დაგვაკისრა და ხელშეკრულება შეწყვიტა. ჩვენ ეს არ გადავიხადეთ და სასამართლოს მივმართეთ. იქ უნდა მოვისმინო სამინისტროს არგუმენტი, რა იყო ჩემი ბრალი. მე რომ პროექტის განხორციელების სურვილი არ მქონოდა, რატომ მივიღებდი ტენდერში მონაწილეობას?“ – კითხულობს რუსუდან გიგაშვილი.

„ჩვენც აღმოვაჩინეთ  უზუსტობა, მაგრამ „მკვდარ სულებს“ არ აქვთ იგივე დანიშნულება, რაც საარჩევნო სიაში შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, ფერმერი გარდაცვლილია, მაგრამ მიწის ნაკვეთი ხომ არ გამქრალა? კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტენდერით განსაზღვრული თანხა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ რესურსი, მათ შორის, ადამიანური რესურსი აღარ ჰქონდა საკმარისი“, – განმარტავს ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მინისტრის თქმით, კომპანიას არ ჰყავდა, მაგალითად, განსაზღვრული ადამიანთა ჯგუფი, ვინც სოფლებში ფერმერების მობილიზაციას მოახდენდა. „როცა ეს კითხვა დავუსვით, გვითხრა, რომ სოფლის რწმუნებულები დაეხმარებოდნენ, მაგრამ არაა ასე. ეს არა რწმუნებულების საქმე. ტენდერში ყველაფერს ვერ გაწერ. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არ იყო მზად მსგავსი პროგრამა განეხორციელებინა. ზოგადად ძალიან მეწყინა, რომ ასე დამთავრდა ჩემი ამ კომპანიასთან ურთიერთობა,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის პროგრამაზე ხელახლა აპირებს ტენდერის გამოცხადებას, თუმცა რადგან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გარკვეული დრო უკვე გასულია, ტენდერი მხოლოდ ერთ ფაზაზე – ზაფხულის სამუშაოების შესრულებაზე ჩატარდება. მინისტრი ამჯერად ტენდერში მონაწილე კომპანიისგან მოითხოვს დეტალური ინფორმაციის მიღებას, თუ როგორ წარმოუდგენია პრეტენდენტს პროექტის განხორციელება.

 

6 მაისი “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნა

Continue reading “6 მაისი “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნა”

ქართველი და უცხოელი მეცნიერები მდინარეთა გონივრული გამოყენების შემთხვევებზე მუშაობენ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში პარიზის, ანკარის, სტამბულისა და დანიის უნივერსიტეტის მეცნიერები მდინარეთა ეკონომიკური რესურსებისა და პოტენციალის კვლევის საკითხებზე მუშაობენ.

უნივერსიტეტში გამართულ რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე, მეცნიერებმა მოხსენებები წარმოადგინეს მდინარეების გონივრული გამოყენების შემთხვევებზე, უძველესი წყლის წისქვილიდან თანამედროვე კაშხლების ჩათვლით. ასევე, საირიგაციო სისტემებისა და ურბანული წყალმომარაგების საკითხებზე.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს თევზჭერის როგორც უძველეს, ისე თანამედროვე მეთოდებზე.  შემდეგ კი გაიმართა გამოფენა – „ანატოლიის სანაპირო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“.

ქართველი და უცხოელი მეცნიერები ბსუ-ში მდინარეთა გონივრულ გამოყენებაზე მსჯელობენ
ქართველი და უცხოელი მეცნიერები ბსუ-ში მდინარეთა გონივრულ გამოყენებაზე მსჯელობენ

დღეს 6 მაისს კი, მეცნიერებს საველე გასვლები აქვთ დაგეგმილი ფაზი-რიონის ხეობაში. მეცნიერთა სამუშაო შეხვედრა პროექტის – „ანატოლიის მდინარეები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირები და საზღვრები ადამიანთა ურთიერთობის გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული პერსპექტივების“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პირველი სამუშაო შეხვედრა 2016 წელს ბილკენტის (ანკარა) უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა განიხილეს ანატოლიის რეგიონის მდინარეთა გეოგრაფიული ფუნქცია სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში.

მესამე შეხვედრა კი 2017 წელს ანატოლიის კვლევის ფრანგულ ინსტიტუტში გაიმართება თემაზე – „მდინარეთა კულტურული ასპექტების კვლევა“, რაც მოიცავს მითოლოგიის, რელიგიისა და ჰიდროლოგიის კულტურათა შორის ურთიერთობების საკითხებს.

 

გამოფენა ბსუ-ში - „ანატოლიის სანაპირო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“.
გამოფენა ბსუ-ში – „ანატოლიის სანაპირო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“.

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი: თხილვანაში მაღალი რისკის შემცველი პროცესები მიმდინარეობს

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო. 

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის, მამუკა ფუტკარაძის თქმით, მეწყრის გააქტიურება თხილვანაში მოსალოდნელი იყო:„დასკვნაში, რომელიც სოფელ ქვედა თხილვანაზე იანვრის თვეში დავწერეთ, მითითებულია, რომ პროცესები გააქტიურდება ჭარბი ნალექის მოსვლისა და თოვლის დნობის დროს, შესაბამისად მაშინ გაიცა რეკომენდაცია მოსახლეობის გამოყვანასთან დაკავშირებით. ახლა არის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროცესები იქ.“

მიუხედავად მაღალი რისკისა, რის შესახებაც 2017 წლის იანვრიდან ცნობილია, მოსახლეობის ნაწილი დღემდე სოფელში რჩება.

ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ისინი ჩაერთვნენ 25 000-ლარიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა საცხოვრებელი სახლის სხვა ადგილას შეძენას შეძლებს.

„თანხა ჩაერიცხებათ, როგორც კი საცხოვრებელ სახლს ნახავენ, რაც შეეხება სოფელში დარჩენილ 32 ოჯახს, მათი მდგომარეობა კიდევ ერთხელ შევისწავლეთ და დამატებით დოკუმენტაციას,  რაც აკლდა სამთავრობო კომისიას, ორშაბათს გადავუგზავნით. სამთავრობო სხდომა, რომელმაც 32 ოჯახთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მომავალ კვირას გაიმართება. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ ქირით გაყვანა, თუმცა ამაზე მოსახლეობა არ დაგვთანხმდა,“ – ამბობს ხულოს გამგებელი.

გაკეთებული და გასაკეთებელი გზები ხელვაჩაურში

2017 წლის დასაწყისიდანვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ წელს აჭარაში  ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნებოდა. განსაკუთრებული ყურადღება კი მუნიციპალურ და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, გამაგრებას დაეთმობოდა.  მიმდინარე წელს მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 27კმ-მდე ასფალტბეტონის საფარის და 53 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი.

ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად მხოლოდ მათ მცირე ნაწილზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აპრილში განხორციელებულ თუ მიმდინარე იმ პროექტებზე მოგაწვდით ინფორმაციას, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს.

gza sami

27 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე სოფელში დასრულდა ინფრასტრუქტურული პროექტი: სოფელ ჭარნალში საავტომობილო გზის და ჭარნალის ხიდის მონაკვეთები და  მახო-დავითაძეების, მახოს გზა-სიმონეთის მიმართულებით. ამ მიმართულებებზე სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებდნენ. სამუშაოების განსახორციელებლად აჭარის ა/რ  ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო  78 522  ლარი.

აღნიშნული სამუშაოებით გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი, გამაგრდა გზის მონაკვეთების ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

gza otxi

ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საყრდენი კედლები მოეწყობა საავტომობილო გზების მონაკვეთებზე:  მახინჯაური-მიქელაძეების, მახინჯაური-გოგირდის აბანოები-ზედა განთიადის, ჭოროხის ხიდი-მახო-ზანაქედი, განთიადი-ზედა განთიადი, კაპრეშუმი-განთიადი. ამ მიმართულებებზე  სამუშაოებს  დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიგა 2015“ ასრულებს და მათ განსახორციელებლად აჭარის არ ბიუჯეტით გათვალისწინებულია 64176 ლარი; ომბოლოს გზის მონაკვეთზე  სამუშაოები შპს „ნიამ“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 15 571 ლარი შეადგინა; 31 დეკემბრის ქუჩა-ფერია-მნათობი, საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხანა-ჩელტა, ფერია-ესელიძეები (შარაძის სახლი) – აღნიშნულ მონაკვეთებზე გზების კეთილმოწყობა კი შპს „გორა+“-მა განახორციელა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 15 209 ლარი იყო გამოყოფილი.

gza xuTi

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი თანამშრომლებთან ერთად უშუალოდ აკონტროლებს და ზედამხედველობს პროექტების მიმდინარეობას. მიმდინარე წლის 18 აპრილს ის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კირნათი-ჩხუტუნეთის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს და აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებისგან მიიღო. სამუშაოები დეპარტამენტის ქვეპროგრამის – „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიება ითვალისწინებს დაზიანებული 1200 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების
მართვის დეპარტამენტი

საჯარო მოხეელეების უსაფუძვლო გამდიდრება სასამართლომ დაადასტურა

მოსამართლე სალიხ შაინიძემ საჯარო მოხელეების უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი დაადასტურა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

უსაფუძვლო გამდიდრებას საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს, ააიპ „ბათუმის კორპუსი“ ედავებოდა. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ.  ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, თომა ხალვაშის გარდა. ის ცოტა ხნის წინ გაემიჯნა პარტიას.

ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“  ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო. ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებდა იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღეს ორი თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო სასამართლო პროცესების მოგების შემდეგ – განაცდური, მათ შორის, იმ ორი თვისაც, რაზეც კომპენსაცია უკვე გაცემული იყო.

უკანონოდ გათავისუფლებულების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ „ბათუმის კორპუსმა“, მართალია, თავის დროზე უკანონოდ გაათავისუფლა საჯარო მოხელეები, მაგრამ განაცდურის ანაზღაურების პარალელურად, უწყებას კომპენსაციაც არ უნდა გადაეხადა.

„ვისურვებდი, რომ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება,“ – ამ სიტყვებით დაასრულა სხდომა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

ქვედა თხილვანაში მეწყერი აქტიურდება [ფოტოამბავი]

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც მეწყრული კერაა და სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო. ფოტოები ადგილობრივმა თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა.
18318185_1333444163415138_575948485_o
18318412_1333436380082583_328832134_o
18338930_1333441140082107_208924326_o
18339164_1333436963415858_294742720_o

 

გამამართლებელი განაჩენი ნარკოტიკების საქმეზე

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ასიმ ე. გაამართლა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად.

მოსამართლის დასაბუთება ჯერ უცნობია, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ფუნდამენტური ღირებულება დაარღვია საქმის წარმოების დროს, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა.

ასიმ ე. თურქეთის მოქალაქეა. ის პოლიციელებმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ასიმ ე.-ს ჩხრეკის დროს 60 აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა, ხოლო ნაქირავებ ბინაში – 46 აბი.

მიუხედავად იმისა, რომ ასიმი ქართულ ენას არ ფლობს, მისი ჩხრეკის, ასევე დაკავების დროს თარჯიმანი ჩართული არ ყოფილა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ასიმ ე.-ს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

საბავშვო ევროვიზიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საბავშვო ევროვიზიისთვის 5,5 მილიონ ლარს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება უნდა ჩატარდეს 2017 წლის 19-26 ნოემბერს, თუმცა 2017 წლის მაისიდან დაიწყება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა. შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაზე თავისი პოზიცია 11 მაისამდე უნდა დააფიქსიროს.

„2017 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, პროექტ „Check in Georgia 2017”-ს ფარგლებში, დაევალა ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ღონისძიებების სიაში, მთავარ საკითხს წარმოადგენს საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსის საქართველოში ჩატარება. ადმინისტრაცია ხელს უწყობს აღნიშნული ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარებას, რისი საშუალებითაც კიდევ ერთხელ მოხდება საქართველოს როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყნის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან რომ, ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია, ხოლო ღონისძიებასთან დაკავშირებული შესყიდვების მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თითოეული თემატიკა ყოვედღიურად საჭიროებს „ევროპის მაუწყებელთა კავშირთან“ – EBU-სთან შეთანხმებას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოხდეს საბავშვო-ევროვიზიის კონკურსის ფარგლებში ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო სრული საქონლისა და მომსახურების გამარტივება“ – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ „ღონისძიების ჩატარებისთვის წლის მანძილზე მოხდება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომელთა სრული სიის განსაზღვრა შეუძლებელია, სანამ ღონისძიებას არ ეყოლება რეჟისორი და ასევე სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაცია ზოგადად განსაზღვრას იმ მოკლე ჩამონათვალს, რაც შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ღონისძიების წინა მოსამზადებელ და უშუალო განხორციელების პერიოდში. მაგალითად, ამ ეტპაზე განსაზღვრული ზოგადი შესყიდვის საჭირო ობიექტების ჩამნათვალია:

[checklist]

  • ღონისძიების ადგილი, მისი მოწყობა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • ტელე გადაღება, მაუწყებლობა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • პრესა, მარკეტინგი, ვები, კომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • დელეგაციების მიღება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • წარმოების პერსონალი.
  • უსაფრთხოების საკითხები;
  • სასაჩუქრე ნაკრებები;
  • მარკეტინგული მომსახურებები;
  • სარეკლამო მომსახურებები და სხვა მრავალი“.

[/checklist]


2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ორგანიზატორმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ამ დრომდე მსგავსი შედეგი არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა.

სპექტაკლი “საუკუნის მკვლელობა” ბათუმში

8 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე, კონცეპტუალური დრამა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,  “საუკუნის მკვლელობა” დაიდგმება.

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ამავე დღეს, ბათუმის საზაფხულო თეატრში თემატური გამოფენაც მოეწყობა.

ღონისძიებაში ჩართულია შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი,” ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.

სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი რეჟსორია გიორგი სავანელი. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, ნინო ჩხიკვიშვილი, გიორგი სავანელი, თორნიკე ჩიხლაძე, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, გორგი გურული, თამარ ადამია და ცოტნე ხუბუტია.

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

უფასო ტრანსპორტი ხულოდან იალაღებისკენ

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმში, ზორტიყელში, ლეკნარში, სარიჩარიზე, მაჭარელაზე, ვაშლოვანისა და დიდაჭარის მთებზე გადაადგილებას პირველი ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით უფასოდ შეძლებს. ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა 21 186 ლარზე.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც ხულოს გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს, ბეშუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ხულოს ცენტრიდან უნდა მოემსახუროს. რაც შეეხება ზორტიყელსა და ლეკნარს, იალაღებზე მიმავალ მგზავრებს ტრანსპორტი ღორჯომიდან მოემსახურება, სარიჩარიზე – სხალთიდან, მაჭარელაზე – ხიხაძირიდან, ხოლო ვაშლოვანისა და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი სოფელ ვაშლოვანიდან და დიდაჭარიდან გავა.

დასახელებული სოფლებიდან იალაღების მიმართულებით ორმხრივად სულ 60 რეისი შესრულდება. ხულოდან იალაღების მიმართულებით მიკროავტობუსი დილის 9 საათზე გავა და ხულოს მიმართულებით 6 საათზე დაბრუნდება.

სატენდერო პორობების თანხმად, ხულოს გამგეობის მიერ იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაადგილებისთვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 8 მაისს დასრულდება, ხელშეკრულებას გამგეობა კი მხოლოდ იმ მიმწოდებელს გაუფორმებს, რომელსაც საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ ოთხი, არანაკლებ 15-ადგილიანი, ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი გააჩნია, ხოლო მძღოლს, რომელიც მოსახლეობას უფასოდ უნდა მოემსახუროს, „DD“ კატეგორიის მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

საქართველოს მოსახლეობა ბოლო 10 წელში 676 500-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახელეობა ბოლო ათ წელიწადში 676 500 ადამიანითაა შემცირებული.

2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1 781 500 მამაკაცი და 1 936 700 ქალი.

2007 წლის იანვრის მონაცემებით კი საქართველოში 4 394 700 ადამიანი ცხოვრობდა.

საქართველოს მოსახლეობა ასაკობრივ ჭრილში
[2017 წლის იანვრის მონაცემები/საქსტატი]

AD

ამავე თემაზე:

რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

 

 

„აისეკის“ კონკურსის სამი გამარჯვებული ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრება

ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „აისეკი“ [AIESEC]  წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სამ სტუდენტს – კახა გურგენიძეს, სოფიკო მალაყმაძესა და ია ბაკურიძეს  მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობას დაუფინანსებს.

პროექტი „აისეკის“ ინიციატივით ხორციელდება, რომელიც საუკეთესო სტუდენტების სხვა ქვეყნაში ცხოვრებას აფინანსებას,  მგზავრობის ღირებულების გარდა.

სოფო ექვსი კვირით აზერბაიჯანში გაემგზავრება, კახა და ია კი – პოლონეთში აპირებენ გამგზავრებას.  მათ ამ ქვეყნებში „აისეკის“ პროექტის – Quality Education – სამი მიმართულებიდან  ერთ-ერთი უნდა აირჩიონ: english club, რომლის მთავარი ამოცანა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უცხოელი მოხალისეების მიერ ინგლისური ენის სწავლებაა, human rights – პრეზინტაციებისა და სემინარების გამართვა ადამიანს უფლებების დაცვის თემებზე, (ქალთა ძალადობა, ბავშვთა ძალადობა და ა.შ.) და kindergarten – საბავშვო ბაღებში ინგლისური ენის პოპულარიზება სხვადასხვა სახის თამაშებისა და აქტივობის გზით.

კანდიდატების კონკურსში 50 სტუდენტი მონაწილეობდა და მათგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. არჩევისას მთავარ კრიტერიუმებს ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე, აქტური სტუდენტური ცხოვრება და ლიდერული უნარ-ჩვევები წარმოადგენდა.

პროექტში მონაწილეობა ფასიანია და  ევროპაში – 600 ლარი, აზიაში კი 400 ლარი ღირს,  თუმცა ბათუმში კონკურსის შედგად გამარჯვებული სტუდენტები თანხას არ გადაიხდიან.

„აისეკის“  მოხალისეობრივი პროგრამის მიზანია უცხო ქვეყანაში ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქვეყნის წარდგენა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით კულტურათშორისი დიალოგი აქტივისტებს შორის. ორგანიზაციის ყველაზე დიდი პარტნიორი არის გაერო.

ამჟამად საქართველოში „აისეკის“ ოთხი კომიტეტი არსებობს: ორი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც – ბათუმში. ბათუმის კომიტეტი 2013 წელს დაარსდა. ამჟამად კომიტეტში 22 წევრია, მათ შორს კომიტეტის პრეზიდენტი მარიამ მამულაძე და მისი მოადგილეები: ლელა მუკუტაძე და იმედა საფარიძე.

ბათუმის „აისეკს“ გაფორმებული აქვს მემორანდუმი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან და საზღვაო აკადემიასთან. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები არ იხდიან ორგანიზაციაში გაწევრიანების საფასურს, ასევე, სხვადასხვა პროექტში ფასდაკლებით სარგებლობენ. წელს საზღვაო აკადემიის თვითმმართველობამ მემორანდუმის საფუძველზე ათი სტუდენტი დააფინანსა უცხოეთში გასამგზავრებლად.

„აისეკის“ ბათუმის კომიტეტის პრეზიდენტის, მარია მამულაძის თქმით, ამჟამად კომიტეტი აქტიურად იღებს უცხოელი სტუდენტების აპლიკაციების. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ძირითადად ეგვიპტელ, უკრაინელ, ესპანელ, თურქ და იტალიელ ახალგაზრდებს აქვთ. წელს ამ სიას დიდი ბრიტანეთი და აშშ-ც დაემატა. მარიას თქმით, კანდიდატების არჩევისას ყურადღება აპლიკანტის მონაცემებზეა გამახვილებული: „ვცდილობთ,  მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანოთ, რათა კულტურათა მრავალფეროვნება შეიქმნას“.

ჩამოსული აპლიკანტები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ან მასპინძელ ოჯახში.

მოხალისეობრივი პროგრამების გარდა, „აისეკში“ არსებობს სტაჟრების ანაზღაურებადი პროგრამებიც, რომლებშიც სტუდენტები დასაქმების მიზნით მონაწილეობენ. სტაჟირების პირობა უნივერსიტეტის დამთავრება, მრავალფეროვანი სამუშო გამოცდილება და ინგლისური ენის მაღალ დონეზე  ცოდნაა.

„აისეკი“ ჩამოყალიბდა 1948 წელს, ევროპელი სტუდენტების მიერ, რომელთა მთავარი მიზანი მსოფლიოში კულტურათა დაახლოება იყო. ორგანიზაციის ცნობით,  „აისეკი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 126-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ყოველწლიურად „აისეკი“ ახორციელებს 30 000-მდე პროექტს და ამავდროულად იგი აერთიანებს 72 000 წევრს, რომლებიც ამ პროექტებს უწევენ ორგანიზებას.

ორგანიზაცია საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს.

სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბისზნესოპერატორი დააჯარიმა

ერთი თვის მანძილზე საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა – ასეთია სააგენტოს მიერ აპრილში განხორციელებული კვლევის შედეგები. დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის უფლების მქონე ორგანიზაციები.

აპრილში სააგენტომ 97 ინსპექტირება ჩაატარა და დოკუმენტურად შეამოწმა 50 ბიზნესოპერატორი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი, მათ შორის: აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები.

აპრილში შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დააჯარიმა 141 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 13 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: პურისა და პურფუნთუშეულის, ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს, 2 მარკეტს, საზოგადოებრივი კვების 5 ობიექტსა და ცხოველთა ერთ სასაკლაოს.

მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, შემოწმების შედეგად საქართველოში დაჯარიმდა 336 ბიზნესოპერატორი, ხოლო საწარმოო პროცესი 53 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ბაზარი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 38 მილიონით გაუზარდეს

4 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ლარს, ნაცვლად 12 მილიონი ლარისა.

2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა კი უნდა შეადგენდეს:

[checklist]

  • არანაკლებ 12 მილიონ ლარს 2017 წლის 30 დეკემბრამდე;
  • არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის;
  • არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის;
  • არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის.

[/checklist]

საზედამხედველო კაპიტალის ზრდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით.

„აღნიშნული ცვლილების მიზანია დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნისა და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს. ცვლილება მხარდაჭერილ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა – 12 მილიონი ლარი, ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს 2006 წელს დადგინდა.


ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკის კაპიტალი ბანკისათვის არის საბანკო საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, ბანკის ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო. ბანკის კაპიტალი საშუალებას აძლევს დაწესებულებას გააფართოვოს საბანკო ოპერაციები და ამასთანავე, გაუმკლავდეს მოსალოდნელ და მოულოდნელ ფინანსურ დანაკარგებს. საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისა და სისტემური რისკების მინიმიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისთვის დაწესებულია მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა.

„ფუნქციონირების დაწყებამდე ბანკს უნდა ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი. ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მაჩვენებელი გამოიყენება ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისას, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია ბანკს გაუმკლავდეს საკრედიტო, საოპერაციო რისკებს და რამდენადაა შემცირებული მეანაბრეთა დანაკარგების რისკები. აღსანიშნავია, რომ ბანკის გაფართოებასთან ერთად, როდესაც ხდება მისი მთლიანი აქტივების ზრდა, გაიზრდება კაპიტალის მინიმალური მოთხოვნებიც“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2008 წელს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო ეროვნულ ბანკს და საბანკო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. 2009 წელს კი აღნიშნული ორგანო კვლავ ეროვნულ ბანკს შეუერთდა და დაუბრუნა მას საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია.

 

უნივერსიტეტთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

120 დღის ვადაში კომპანია „ნიუპოვერმა“, ბათუმის მერიის დაკვეთით,  5300 კვ.მ  ტერიტორიაზე უნდა დააგოს ქვაფენილი, ბორდიურები, კორდი, დეკორატიული ფილები და დაამონტაჟოს სკამები.  ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია.

პროექტის ღირებულება 541 ათასი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.

ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია

საგამოძიებო სამსახური: ბათუმსა და თბილისში ამოღებულია უკანონოდ განთავსებული „სიმ ბოქსები“

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია საერთო ჯამში, 8 ერთეული უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა – ე.წ. „სიმ ბოქსი.“ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, გამოვლენილია 21 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება – გამოყენების ფაქტი“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ – ის  185-ე, 192-ე და 218 – ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

Exit mobile version