მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია: ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებისთვის 13,3 მილიონი ლარი დაიხარჯა

08.05.2017 • 3454
ბათუმის მერია: ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებისთვის 13,3 მილიონი ლარი დაიხარჯა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის [რომლის გაგრძელებაც მოიცავდა ერისთავის ქუჩასაც] რეკონსტრუქცია დასრულდა; ამ ორი ქუჩის რეკონსტრუქციისთვის კი 13 მილიონ 378 ათასი ლარი დაიხარჯა.

„პროექტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ბოლო ეტაპზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდა“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ერთი თვის წინ უთხრეს „ბათუმელებს“, რომ აღნიშნული ქუჩებზე სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებული იყო. როდის გაგრძელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთიდან [ახალი წრიულიდან], ჯერ უცნობია.

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობდა, თითქოს იგეგმებოდა ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება გახდებოდა აუცილებელი. ეს ინფორმაცია ბათუმის მერიაში არ დაგვიდასტურეს.

ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე, ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა [წყლისა და კანალიზაციის სისტემების] სამუშაოები უნდა დაიწყოს, რომლის დასრულების შემდეგადაც დაიწყება ამ ქუჩების კეთილმოწყობა – გვითხრა მაშინ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთა / ბათუმის მერიის ფოტოები

ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთა / ბათუმის მერიის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: