მთავარი,სიახლეები

ჩავარდნილი პროექტი – კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის

06.05.2017 • 2171
ჩავარდნილი პროექტი – კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ სარჩელი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ. ამ კომპანიას აჭარაში „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა უნდა განეხორციელებია. ექსტენცია გულისხმობს ადგილზე, მაგალითად, მანდარინის ბაღში, სხვადასხვა სეზონზე ფერმერისთვის თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, თუმცა იგი ჩავარდა.

„ფერმერების სიები, რაც სამინისტრომ მოგვაწოდა, „მკვდარი სულებით“ იყო სავსე,“ – ამბობს რუსუდან გიგაშვილი, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი. ამ კომპანიამ მოიგო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადებული ტენდერი. სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 211 ათასი ლარი იყო. „მომავლის ფერმერმა“ ტენდერში 179 230 ლარით გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ მარტს გააფორმა.

„7 მარტს მოგვივიდა სია და 15 მარტს უკვე უნდა დაგვეწყო სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ სია არ იყო იდენტიფიცირებული. მაგალითად, უნდა შეგვექმნა ჯგუფი და 10 ფერმერიდან 2 გარდაცვლილი იყო. სიები რომ არ იყო იდენტიფიცირებული, ეს ექსპერტმაც დაადასტურა და საჯარო რეესტრის ამონაწერებიდანაც ჩანს. მოწოდებული მრავალათასიანი სიებიდან კი შეიძლებოდა შესაბამისი ჯგუფების ფორმირება, მაგრამ ამას დამატებით დრო დასჭირდებოდა,“ – გვიყვება რუსუდან გიგაშვილი, „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში სამინისტროს პროექტით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება სთხოვა.

კომპანიას სამინისტრომ ვადის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. მინისტრი ლაშა კომახიძე კომპანიისთვის 15 მარტს მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ ტენდერის პირობები წინასწარ იყო ცნობილი, ხოლო კომპანიას იმაზე მეტი ფერმერის ჩამონათვალი მიაწოდეს, ვიდრე პროგრამის განხორციელების დროს იყო საჭირო.

„იმიტომ, რომ 15 მარტს სამუშაო ვერ დავიწყეთ, სამინისტრომ დაახლოებით 9 ათასი ლარი პირგასამტეხლო დაგვაკისრა და ხელშეკრულება შეწყვიტა. ჩვენ ეს არ გადავიხადეთ და სასამართლოს მივმართეთ. იქ უნდა მოვისმინო სამინისტროს არგუმენტი, რა იყო ჩემი ბრალი. მე რომ პროექტის განხორციელების სურვილი არ მქონოდა, რატომ მივიღებდი ტენდერში მონაწილეობას?“ – კითხულობს რუსუდან გიგაშვილი.

„ჩვენც აღმოვაჩინეთ  უზუსტობა, მაგრამ „მკვდარ სულებს“ არ აქვთ იგივე დანიშნულება, რაც საარჩევნო სიაში შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, ფერმერი გარდაცვლილია, მაგრამ მიწის ნაკვეთი ხომ არ გამქრალა? კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტენდერით განსაზღვრული თანხა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ რესურსი, მათ შორის, ადამიანური რესურსი აღარ ჰქონდა საკმარისი“, – განმარტავს ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მინისტრის თქმით, კომპანიას არ ჰყავდა, მაგალითად, განსაზღვრული ადამიანთა ჯგუფი, ვინც სოფლებში ფერმერების მობილიზაციას მოახდენდა. „როცა ეს კითხვა დავუსვით, გვითხრა, რომ სოფლის რწმუნებულები დაეხმარებოდნენ, მაგრამ არაა ასე. ეს არა რწმუნებულების საქმე. ტენდერში ყველაფერს ვერ გაწერ. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არ იყო მზად მსგავსი პროგრამა განეხორციელებინა. ზოგადად ძალიან მეწყინა, რომ ასე დამთავრდა ჩემი ამ კომპანიასთან ურთიერთობა,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის პროგრამაზე ხელახლა აპირებს ტენდერის გამოცხადებას, თუმცა რადგან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გარკვეული დრო უკვე გასულია, ტენდერი მხოლოდ ერთ ფაზაზე – ზაფხულის სამუშაოების შესრულებაზე ჩატარდება. მინისტრი ამჯერად ტენდერში მონაწილე კომპანიისგან მოითხოვს დეტალური ინფორმაციის მიღებას, თუ როგორ წარმოუდგენია პრეტენდენტს პროექტის განხორციელება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: