ბათუმი,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

25.09.2016 • 24572
„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ამ შემთხვევაში იმ საკომპენსაციო თანხასაც არ გადაიხდის [რომ არაფერი ვთქვათ შემდგომში მცენარეული საფარის აღდგენაზე], რაც კანონითაა განსაზღვრული მცენარეთა მოჭრის შემთხვევაში. „ელექტროსისტემას“ ევალება სახეობების მიხედვით დაასაწყობოს მოჭრილი ხეები აჭარის სატყეო-სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა ხელაიას განცხადებით: „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტები როცა ხორციელდება, კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს, თუმცა ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, არის შემთხვევები, როცა იჭრება წითელი ნუსხის სახეობებიც, მაგრამ გათვალისწინებულია საკომპენსაციო ქმედებები, რაც გაწერილია კიდეც ტყით სარგებლობის წესში. ეს არის დადგენილი თანხის გადახდა, რაც შემდეგ ისევ ტყის მოვლა-აღდგენას უნდა მოხმარდეს“.

ნონა ხელაიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ადრე კომპანიებს ავალდებულებდნენ ჩაეტარებინათ ტყის აღდგენითი სამუშაოები: „ტყის აღდგენის მიზნით დღესაც არსებობს სანერგეები, ასეთი სანერგე სამინისტროსაც აქვს – გამოყავთ ნერგები, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებისაც. ადრე ქირაობდნენ ბოტანიკოსებს, რომლებიც მუშაობდნენ საკომპენსაციო გეგმების შედგენაზე, სწავლობდნენ ტერიტორიას, სად, რამდენი, რა სახეობის მცენარე დაირგვებოდა/გაიხარებდა და სამინისტრო ახორციელებდა ამ გეგმებს. კომპანიებსაც შეეძლოთ გაეტანათ ნერგები. თუმცა, უკვე შეცვლილია კანონმდებლობა და კომპანია მხოლოდ საკომპენსაციო თანხას იხდის ხეების მოჭრის სანაცვლოდ. თავად კომპანიებსაც აწყობთ თანხა გადაიხადონ და ტყე კომპეტენტურმა ორგანომ აღადგინოს.“

„საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების [მოჭრის] უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური, საქართველოს მთავრობამ ბოლოს მიმდინარე წლის მაისში განსაზღვრა.

ამ წესის მიხედვით, მაგალითად, მუხის მოჭრისთვის [შესაბამისი  ნებართვით] 1 კუბ/მ-ზე გადასახადი 75 ლარია. კოლხური მუხის შემთხვევაში კი, რომელიც წითელ ნუსხაშია, ეს საფასური ოთხმაგდება. ანუ, „ელექტროსისტემას“, რომელმაც 1500 ძირზე მეტი კოლხური მუხა უნდა მოჭრას, 1 კუბ/მ მერქანზე 300 ლარი მაინც უნდა გადაეხადა, თუმცა, ის, რატომღაც ამ საფასურის გადახდისგანაც გაათავისუფლა მთავრობამ.

1 კუბ/მ მოჭრილ მცენარეზე გადასახდელი თანხა ჯგუფების მიხედვითაა დადგენილი. უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი [გადასახადი 80 ლარი]; მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი [75 ლარი]; წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი [73 ლარი];       ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია [70 ლარი] და ბოლო ჯგუფში შედის ჯაგრცხილა, ჭადარი და ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები, რომელთა მოჭრის შემთხვევაში 1 კუბ/მ-ზე გადასახადი თანხა 60 ლარია.

წითელი ნუსხის ხე-მცენარეების მოჭრისთვის ეს თანხები სახეობების მიხედვით ოთხმაგდება, ხოლო თუ წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეები დაცულ ტერიტორიაზე უნდა მოიჭრას, მაშინ ზემოაღნიშნული თანხა ხუთმაგდება კიდეც.

წითელ ნუსხაში საქართველოში მცენარეების 56 სახეობაა შეტანილი, საიდანაც 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი [ანუ გადაშენების პირასაა და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს], 18 სახეობას საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვს, ხოლო 2 სახეობას კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი [ესენია: ტიგრანის ანწლი და თურანულა].

აჭარაში, როგორც ნონა ხელაია ამბობს, გადაშენების განსაკუთრებით მაღალი საფრთხის წინაშე მდგომი სახეობაა უხრავი. წითელი ნუსხის მიხედვით, ამ მცენარის გავრცელების არეალი და რიცხოვნობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრადაა შემცირებული და მას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსი აქვს.

„წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონი 2003 წელს მიიღეს. „წითელი ნუსხა“ არის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი და განსაზღვრავს მათ სტატუსსაც, თუ რა საფრთხის წინაშეა ესა თუ ის სახეობა. „წითელ წიგნი“ კი ამ სახეობებზე უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს.

„წითელი წიგნი“, 1982 წლის გამოცემა გაუქმდა 2003 წლის კანონით. შემდეგ იყო დროებითი „წითელი ნუსხა“, სადაც იყო ძველი ჩამონათვალი და დაემატა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გარკვეული სახეობები. იყო დათქმა, რომ ეს ნუსხა იმოქმედებდა მანამ, სანამ არ გამოიცემოდა ახალი ნუსხა.  ახალი ნუსხა გამოვიდა 2006 წელს, რომელიც გადამტკიცდა 2014 წელს, ანუ ნუსხა/სახეობათა ჩამონათვალი დარჩა იგივე, რაც იყო,“ – აცხადებს ნონა ხელაია.

„წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება მოჭრილ ხე-ტყეს, კანონით ის აჭარის სატყეო სააგენტოში უნდა დასაწყობდეს, ხოლო დახარისხების შემდეგ ამ მერქანს სატყეო-სააგენტო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, იყენებს „არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების [მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის], თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად“.

„წითელ ნუსხაში“ მცენარეების გარდა ასევე შეტანილია 141 სახეობა საქართველოს ფაუნიდან [ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები, თევზები]. აქედან: 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი; 32 სახეობას – საფრთხეში მყოფის, 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია, ხოლო 5 სახეობას – ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი [ესენია: თახვი – განადგურებულია XIX საუკუნეში; ვეფხვი – განადგურებულია XX საუკუნეში;  თეთრმუცელა – გადაშენდა საქართველოს სანაპირო წყლებში; ქურციკი – განადგურებულია XX საუკუნის ბოლოს და კოლხური ბრამეა – ბოლოს აღნიშნულია XX საუკუნის დასაწყისში].

P.S. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, „საქართველოს ელექტროსისტემას“ რამდენიმე დღის წინ მიეცა უფლება, გარემოდან დამატებით ამოიღოს „წითელი ნუსხის“ მცენარეები: კაკლის ხე ( Juglans regia L) – 3 ინდივიდი; ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 200 ინდივიდი და კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 55 ინდივიდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: