მთავარი,სიახლეები

საბავშვო ევროვიზიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

05.05.2017 • 1654
საბავშვო ევროვიზიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საბავშვო ევროვიზიისთვის 5,5 მილიონ ლარს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება უნდა ჩატარდეს 2017 წლის 19-26 ნოემბერს, თუმცა 2017 წლის მაისიდან დაიწყება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა. შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაზე თავისი პოზიცია 11 მაისამდე უნდა დააფიქსიროს.

„2017 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, პროექტ „Check in Georgia 2017”-ს ფარგლებში, დაევალა ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ღონისძიებების სიაში, მთავარ საკითხს წარმოადგენს საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსის საქართველოში ჩატარება. ადმინისტრაცია ხელს უწყობს აღნიშნული ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარებას, რისი საშუალებითაც კიდევ ერთხელ მოხდება საქართველოს როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყნის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან რომ, ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია, ხოლო ღონისძიებასთან დაკავშირებული შესყიდვების მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თითოეული თემატიკა ყოვედღიურად საჭიროებს „ევროპის მაუწყებელთა კავშირთან“ – EBU-სთან შეთანხმებას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოხდეს საბავშვო-ევროვიზიის კონკურსის ფარგლებში ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო სრული საქონლისა და მომსახურების გამარტივება“ – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ „ღონისძიების ჩატარებისთვის წლის მანძილზე მოხდება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომელთა სრული სიის განსაზღვრა შეუძლებელია, სანამ ღონისძიებას არ ეყოლება რეჟისორი და ასევე სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაცია ზოგადად განსაზღვრას იმ მოკლე ჩამონათვალს, რაც შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ღონისძიების წინა მოსამზადებელ და უშუალო განხორციელების პერიოდში. მაგალითად, ამ ეტპაზე განსაზღვრული ზოგადი შესყიდვის საჭირო ობიექტების ჩამნათვალია:

[checklist]

  • ღონისძიების ადგილი, მისი მოწყობა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • ტელე გადაღება, მაუწყებლობა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • პრესა, მარკეტინგი, ვები, კომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • დელეგაციების მიღება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • წარმოების პერსონალი.
  • უსაფრთხოების საკითხები;
  • სასაჩუქრე ნაკრებები;
  • მარკეტინგული მომსახურებები;
  • სარეკლამო მომსახურებები და სხვა მრავალი“.

[/checklist]


2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ორგანიზატორმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ამ დრომდე მსგავსი შედეგი არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: