საჯარო მოხეელეების უსაფუძვლო გამდიდრება სასამართლომ დაადასტურა


მოსამართლე სალიხ შაინიძემ საჯარო მოხელეების უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი დაადასტურა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

უსაფუძვლო გამდიდრებას საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს, ააიპ „ბათუმის კორპუსი“ ედავებოდა. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ.  ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, თომა ხალვაშის გარდა. ის ცოტა ხნის წინ გაემიჯნა პარტიას.

ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“  ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო. ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებდა იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღეს ორი თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო სასამართლო პროცესების მოგების შემდეგ – განაცდური, მათ შორის, იმ ორი თვისაც, რაზეც კომპენსაცია უკვე გაცემული იყო.

უკანონოდ გათავისუფლებულების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ „ბათუმის კორპუსმა“, მართალია, თავის დროზე უკანონოდ გაათავისუფლა საჯარო მოხელეები, მაგრამ განაცდურის ანაზღაურების პარალელურად, უწყებას კომპენსაციაც არ უნდა გადაეხადა.

„ვისურვებდი, რომ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება,“ – ამ სიტყვებით დაასრულა სხდომა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი