სიახლეები

მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრებთ საზღვარგარეთ მკურნალობა ნაწილობრივ დაუფინანსდებათ

08.05.2017 • 10595
მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრებთ საზღვარგარეთ მკურნალობა ნაწილობრივ დაუფინანსდებათ

2018 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას გეგმავს –  ამის შესახებ დღეს, 8 მაისს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა.

მინისტრის განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გულისხმობს ნებისმიერი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წელზე მეტი ასაკის პირების – ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურებული დიაგნოზის მკურნალობას.

სამინისტროს ინფორმაციით,  ქვეპროგრამით განიხილება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში” (სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი).

თანადაფინანსება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი ანგარშ-ფაქტურის 50 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 15 000 ლარისა. თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სამედიცინო მომსახურება დაფინანსებული ექნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ საზღვარგარეთ მკურნალობის თემას ეხება და სამინისტროს ასეთი დახმარების თხოვნით მოსახლეობის დიდი ნაკადი მიმართავს.

პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი იქნება ექსპერტ-ექიმთა დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემული მკურნალობა არ ტარდება საქართველოში და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება საზღვარგარეთ.

პროგრამის ბიუჯეტი 350 000 ათასი ლარი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: