მთავარი,სიახლეები

ვსარგებლობ დუმილის უფლებით – “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულები

08.05.2017
ვსარგებლობ დუმილის უფლებით – “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულები

“ბათუმის აქციის საქმეზე” წინასასამართლო სხდომა დღეს, 8 მაისს, დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ.  ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, გაათავისუფლებენ თუ არა რომელიმე მათგანს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ და ასევე, საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგება, თუ მისი არსებითი განხილვა დაიწყება.

თუკი ბრალდებულები უდავოდ მიიჩნევენ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ 14-ტომიანი საქმით წარმოადგინა, ამ შემთხვევაში არსებითად განსახილველი არაფერი დარჩება.

“ჩვენ სადავოდ მივიჩნევთ ყველა მტკიცებულებას,” – თქვა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ უკვე დაუსვა ერთი და იგივე კითხვა თითოეულ ბრალდებულს –  ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? მან იქვე შეახსენა დაკავებულებს, რომ მასობრივ არეულობასა და პოლიციისადმი თავდასხმას ედავება მათ გამოძიება. რამდენიმე მათგანს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, რამდენიმეს – 6-დან 9 წლამდე.

“დავაშავე და გთხოვთ მაპატიოთ”, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ზაზა გოგიტიძემ. მოსამართლემ მას სთხოვა დაეკონკრეტებინა, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. დიალოგში ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული ემოციურია და სინამდვილეში ის დუმილის უფლებას ირჩევს.

“კი, იყოს დუმილი,”- დასძინა ბრალდებულმა. ზაზა გოგიტიძის შემდეგ დანარჩენმა შვიდმა ბრალდებულმა იგივე გაიმეორა და თქვა: “ვსარგებლობ დუმილის უფლებით”.

განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აკაკი კვაჭაძემ დააფიქსირა: “დანაშაულს არც ვაღიარებ და არც უარვყოფ”. მოსამართლემ მასაც სთხოვა დაზუსტება, რა იგულისხმებოდა ამაში. “უარვყოფ,”- დაამატა ბრალდებულმა.

დღესვე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე “ბათუმის აქციის საქმეზე” კიდევ 8 პირის საქმეს განიხილავს წინასასამართლო სხდომის ფორმატში.

ამ საქმეში კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანია. მათი საქმე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დახურულ სხდომაზე განიხილა და რამდენიმე დღეში არსებითი განხილვა დაიწყება.

მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალი პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას წაუყენა. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება ბრალდებულების ბევრმა ახლობელმა ვერ შეძლო – სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში თავისუფალი ადგილი არ არის.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008