თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა „ბათუმურმა საღამომ“ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა.
რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლები: „ბერმუხა“, „ბათუმი“, მომღერლები: ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ირაკლი კახიძე. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ასევე ზაზა მარჯანიშვილმა და დავით ევგენიძემ. თეატრალური პერფორმანსით სცენაზე „თითების თეატრიც“ გამოჩნდა, რომელიც ბათუმშია დაარსებული.
საღამოზე გაცოცხლდა ბათუმური ისტორიები, ზურაბ გორგილაძისთვის მუზად ქცეული მშობლიური კუთხე თავისი მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა ახალგაზრდა პოეტების მიერ წაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა „ოჰოი ნანა“ და დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილმა სიმღერამ ბათუმზე, რომელიც ლაშა ღლონტთან ერთად პატარა ბათუმელებმა შეასრულეს.
საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაცია, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მდებარე საკონცერტო დარბაზის სახურავის სამართავად ხელშეკრულების გაფორმებას ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან – „ელიტა ბურჯთან“ გეგმავს.
დარბაზის მართვა 108 500 ლარი დაჯდება. „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა „ელიტა ბურჯის“ გამოთვლების საფუძველზე. თავის დროზე საკონცერტო დარბაზის მოძრავი სახურავის სრულად დაპროექტება, დამზადება და დამონტაჟებაც ასევე „ელიტა ბურჯმა“განახორციელა.
„ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „სახურავის მართვა საჭიროებს სპეციალური გამოცდილებისა და კომპეტენციის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ, მინიმუმ 4-კაციანი ჯგუფის ტექნიკურ მომსახურებას. სახურავის მართვა საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და ყურადღებას, აგრეთვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბრასების დაჭიმულობას, რომლებიც მოთავსებულია კოლონებს შორის. მათი დაჭიმვა ხდება სპეციალური ხელსაწყოებით და სპეციფიკური-განსაზღვრული მეთოდით, რომელსაც ასევე სჭირდება სპეციალისტების ჩართულობა“.
„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, „საკონცერტო დარბაზის გარშემო დამონტაჟებული ლამელების მოძრაობა ხორციელდება ჰიდრავლიკურად ლამელში მოთავსებული სანათებითა და კვების-DMX ბლოკით, რომლის დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მიერ.
გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების გამოცდილება სხვა კომპანიას არ გააჩნია, ასეთი შემთხვევის დადგომის დროს, თუ სხვა კომპანია „ელიტა ბურჯისგან“ დამოუკიდებლად განახორციელებს სახურავის მართვის სამუშაოებს, ნებისმიერ უარყოფით შედეგზე „ელიტა ბურჯი“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს და ჩვენი ორგანიზაცია დიდი დანაკარგისა და პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს“.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 3 მაისს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა თქვენი მომართვა ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ. გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში სისტემის SMP მოდულში ატვირთოთ თავდაპირველი ხელშეკრულება შესყიდვის თაობაზე“, – ეს წერილი შესყიდვების სააგენტომ მიმდინარე წლის 8 მაისს გაუგზავნა „ბლექ სი არენა ჯორჯიას“.
მიუხედავად ამისა, „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ შესყიდვების ვებგვერდზე თავდაპირველი ხელშეკრულება შესყიდვის [სახურავის მონტაჟის] თაობაზე არ ატვირთა, რის გამოც კომპანიის განცხადება, რომლითაც ის „ელიტა ბურჯთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობას ითხოვდა, შესყიდვების სააგენტომ განუხილველად დატოვა.
საკონცერტო დარბაზი Black sea arena სახელმწიფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გადასცა. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიაც“, რომელიც ამ საკონცერტო დარბაზს მართავს, სახელმწიფო კომპანიაა.
„ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე წლის 20 მაისს დაგეგმილია ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith-ის კონცერტი.
„აეროსმიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაყიდულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, სამინისტრო, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის [პჯდ] ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის.
ხელფასებზე დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა. სამინისტროს განცხადებით, დანამატი – სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2013 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარს,ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარს.
„პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. მიმდინარე წლის იანვრში, თებერვალსა და მარტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით ისარგებლა 35 064-მა პაციენტმა“ – აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება.
ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის კორპუსი“ 200 ათას ლარს გადაიხდის 123 ფანჩატურსა და 683 საბაღე სკამში. „ბათუმის კორპუსს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლებიც 1 და 2 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულებს ევალებათ სკამები და ფანჩატურები მითითებულ მისამართებზე თავად განათავსონ.
სატენდერო პირობების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადაა 45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან; განთავსების ადგილებს მიმწოდებლებს ბათუმის კორპუსი ეტაპობრივად მიაწვდის. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
ამასთან:
[checklist]
მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები საქონლის გამოყენების პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.
შესაბამისი რეგულაცია, რომელიც საჯარო მოხელეთა მობილობის წესს განსაზღვრავს, 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა.
შესაბამის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების, ასევე მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს“.
აღნიშნული წესის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამასთან:
[checklist]
საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.
მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.
მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია, მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში
[/checklist]
მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია
3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებულ პოზიციაზე, მოხელის სურვილის გათვალისწინებით,
იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.
მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში წარადგინოს შესაბამის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულება მიმართავს ბიუროს მოხელის რეზერვში ჩარიცხვის მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელე ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.
მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს კომპენსაცია ეძლევა იმ საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, საიდანაც გათავისუფლდა, ხოლო საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას – ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების უფლებამონაცვლე საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.
მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება ხოლო რეზერვის მართვას ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო.
მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს:
[checklist]
მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაეკისროს დროებითი ფუნქციები საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ
შემთხვევაში მოხელეს მიეცემა დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომითი გასამრჯელო.
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება მიმართავს ბიუროს, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხელეთა რეზერვში მოიძიებს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოხელეების შესახებ და ერთი კვირის ვადაში უგზავნის მას საჯარო
დაწესებულებას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ბიუროს მიერ გადაგზავნილი რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო მისაღები.
მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება.
ბათუმის ძველ ბულვარში, ანბანის კოშკთან, ინდურ ფილმს იღებენ. როგორც „ბათუმელებს“ ფილმის პროდიუსერებმა უთხრეს, ფილმი რომანტიკული დრამა იქნება და მას წლის ბოლოდან ნახავს მაყურებელი. ზღვის სანაპიროს გარდა, მხატვრული ფილმის რამდენიმე სცენას ხევსურეთშიც გადაიღებენ.
ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი საგამოფენო პროექტი – ქალაქი ბუნების პირისპირ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი, ესპანელი და სერბი ხელოვანების ნამუშევრები.
„ქალაქი ბუნების პირისპირ“- გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ავტორი, ალბა ესკაიო (ესპანეთი) ფოტო: ლელა დუმბაძე
ქალაქი ბუნების პირისპირ – ორი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტის სინთეზია და ფოკუსირდება ბუნებისა და ქალაქის კონცეფციაზე. „კერძოდ, გამოხატავს ურბანიზაციის დაპირისპირებას ჰარმონიულ ბუნებასთან.
ავტორი ტანია უვერიჩი (სერბეთი)
ხელოვანების მიზანია ადამიანები დააფიქრონ სამყაროს მომავალზე – იმაზე, რომ ჯანსაღ გარემოს, რაც ასე მნიშვნელოვანია, მოფრთხილება სჭირდება. ხელოვნება ამ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივიზმის ფორმასაც იძენს,“-ამბობენ გამოფენის ავტორები.
„ქალაქი ბუნების პირისპირ“- ავტორი ანა ზრდავკოვიჩი (სერბეთი)
გამოფენაზე გამოყენებულია ფოტოგრაფია, ფერწერა, კოლაჯი, გრაფიტი, ინსტალაცია, პროექცია.
„ქალაქი ბუნების პირისპირ“ – გამოფენა. ავტორი ლაშა მახარაძე (საქართველო)
ლაშა მახარაძის თქმით, მის ნამუშევრებში ნაჩვენებია ქალაქი თავისი ხმაურით, ინფორმაციის ჭავლით, დაბინძურებული გარემოთი, როცა ქალაქს ადამიანები შავ-თეთრ ფერებში აღვიქვამთ. „ნამუშევრებს თუ დავაკვირდებით, ადამიანების გამოსახულებები სარეცხებივით არის გაფენილი ამ გარემოში და ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, როგორი კავშირი გვაქვს ბუნებასთან“.
„ქალაქი ბუნების პირისპირ“ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში„ქალაქი ბუნების პირისპირ“
გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ 3 ივნისამდე გაგრძელდება.
„ცოტა ხნის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ბინაში ორი გარდაცვლილი იპოვეს…“ _ წერდა „ბათუმელები“ 31 იანვრის საღამოს. გარდაცვლილები დედა და შვილი იყო, 78 წლის ჯანიკო სარჯველაძე და 53 წლის ამირან გორგაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედამ შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. ამირანი საწოლში ჩამხობილი იპოვეს, ჯანიკოს ცხედარი კი ბინაში შესულ პოლიციელებს საძინებლის აივნის კართან დახვდათ. სავარაუდოდ, იგი მეზობლებისთვის საშველად დაძახებას აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩანს, რომ ქალი იბრძოდა გადარჩენისთვის, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ვინც გამოიყვანდა ოთახიდან, სადაც გარდაცვლილ შვილთან ერთად იყო. დედა-შვილის გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგაც კი არ არის ცნობილი ექსპერტიზის შედეგები.
დედა–შვილისუკანასკნელიდღეები
„დიდხანს ვაბრახუნებდი კარზე, არავინ აღებდა… ვიფიქრე, აღარ უნდა, ალბათ, ჩემი ნახვა, საერთოდ აღარაფრის მოსმენა უნდა-მეთქი… არადა, თვითონ ძალიან კარგად იცოდა ამბების მოყოლა უწინ, ახალგაზრდები რომ ვიყავით. 1974-დან მეზობლები ვართ. ბოლოს, როცა ლოგინად ჩავარდა და მასთან შევდიოდი, მე ვუყვებოდი ამბებს. რაღაცნაირად მამშვიდებდა, ისე მიყურებდა… კანფეტი უყვარდა კარამელის. მივუტანდი, ჩამოვუჯდებოდი, ის კარამელს შეექცეოდა, მე _ ვლაპარაკობდი… რამდენიმე დღე სულ ვაბრახუნებდი კარზე ასვლა-ჩამოსვლის დროს. იმ დღესაც ვაბრახუნე, უფრო ძლიერად, ვიდრე მანამდე. ისევ რომ არ გამცა პასუხი ჯანიკომ, მეზობელთან მივედი, რაღაც ხდება-მეთქი და სასწრაფოს გამოუძახეს. კარი შეამტვრიეს. ჯანიკო უსულოდ იწვა“, – გვიამბო იამზე კოპლატაძემ, რომელიც მოულოდნელად შემოვიდა, როცა მეზობლებს ვესაუბრებოდი. მაგიდასთან მოგვიახლოვდა და საყვედურივით თქვა:
„ველოდებოდი, რომ ექსპერტიზიდან სახლში მოასვენებდნენ დედა-შვილს… ერთ დღესაც გავიგე, პირდაპირ ჩიბათში დაკრძალეს, აქ აღარ მოიტანენ ცხედრებსო. მე რა ვიცოდი, ველოდი… თოვდა, თორემ ხომ წავიდოდი საფლავზე. ახლა გავიგე, ჟურნალისტი დაინტერესებულაო და შემოვედი, რომ მეთქვა.“
„ესრატომგაინტერესებთ?“
ეს კითხვა თითქმის ყველამ დამისვა – მეზობლებმა, ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, როცა ტრაგიკულად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხოვრებაზე ვეკითხებოდი…
შეიძლება ადამიანები კვდებოდნენ ქალაქის შუაგულში ისე, რომ დღეები გადიოდეს და ამას ვერავინ იგებდეს? ვინ იყო დედა-შვილი, როგორ ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ? რას აკეთებდა საზოგადოება და სახელმწიფო? ინასარიძის ქუჩაზე იმ კორპუსს ვპოულობ, სადაც დედა-შვილი ცხოვრობდა და მესამე სართულზე ავდივარ. კარს ნონა ჩხაიძე მიღებს, ჯანიკო სარჯველაძის დისშვილი, რომელიც ჯანიკოსა და ამირანის მოსანახულებლად ხშირად დადიოდა.
„მებრძოლი ქალი იყო დეიდაჩემი“, – გვიყვება ნონა. პირველად საძინებელში შევდივართ, სადაც დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. კედლები მუქი ლურჯია, ირგვლივ – სიცარიელე და მარტოობა. ფანჯრიდან დღის სინათლე შემოდის, მაგრამ მაინც ბურუსია. კუთხეში ორი საწოლი დგას. ნონა მეუბნება, რომ აქ ჯანიკო იწვა, გვერდით -ამირანი. მერე აივნის კარს აღებს და ჩერდება:
„ჩემი აზრით, შემოსასვლელთან გასვლა ვეღარ შეძლო, ამიტომ აივნისკენ წამოვიდა, მეზობლებს დავუძახებო, მაგრამ კარამდე ვერ მიაღწია… ძალიან დაუძლურებული იყო ბოლო ორი წელი. ამირანი უვლიდა, შალვაც, მართლა კარგად უვლიდნენ. ბოლოს შობის ღამეს ვიყავი, ღვეზელები მოვუტანე. მერე ვეღარ მოვედი…“
დედასა და შვილებს ბინაში არ ჰქონდათ ცხელი წყალი, არც ბუნებრივი აირი. დროდადრო შეშის ღუმელს ანთებდა ამირანი და ასე თბებოდნენო – მიყვება ნონა. ამბობს, რომ ოჯახს საკვების შეძენა არ უჭირდა, სოციალურ დახმარებას იღებდნენ. სამზარეულოს იქეთ კიდევ ერთი ოთახია. დედა-შვილებს ერთად გაუფართოვებიათ ბინა რამდენიმე წლის წინ.
„გახარებული იყო დეიდაჩემი. შვილებთან ერთად ამოიყვანა ეს კედლები. მაშინ ამირანი ახალგამოსული იყო საავადმყოფოდან, მერე დააბრუნეს… ბოლო პერიოდში ხშირად იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. შალვა ხუთი წლის წინ დაავადდა, იმკურნალა და გამოვიდა. გასული წლის შემოდგომაზე ისევ გაუმეორა და წაიყვანეს…~, _ ამბობს ნონა.
მისაღებში გავდივართ. მაგიდა და ერთი კარადა დგას. კარადის თავზე ჯანიკოს, შალვას და ამირანის ახალგაზრდობის ფოტოებია.
როგორებიიყვნენისინი?
„კი არ ვიცოდი მაშინ, ჩემი მეზობლები თუ იყვნენ. მგონი, 1974 იდგა,“ – გვიყვება ოთარ ცხვარაძე, ჯანიკო სარჯველაძის მეზობელი:
„მაშინ ორჯონიკიძის ქუჩაზე იყო შემნახველი სალარო. ეს ამხანაგური კორპუსი იყო და ფულს იქ ვიხდიდით. მივედი, სალაროს რიგში ჩავდექი და ატყდა უკან ერთი ალიაქოთი. ემჩნეოდათ, ცოლ-ქმარი რომ იყვნენ. რაზე ჩხუბობდნენ არ მახსოვს, მაგრამ ძალიან იჩხუბეს. რამდენიმე დღეში ის წყვილი ამ კორპუსში ვნახე, ჩემი მეზობლები ყოფილან _ ჯანიკო სარჯველაძე და მისი მეუღლე. იქედან რამდენიმე წელში დაშორდნენ ერთმანეთს, სამწუხაროდ.~
ჯანიკო გურიაში, სოფელ ჩიბათში გაზრდილა. გადასარევი გოგო ყოფილაო, – ამბობს იამზე კოპლატაძე. ორივე შვილი ჯანიკოს ჩიბათში გაუზრდია. სამკერვალოში მუშაობდა.
„ქოლგებს კერავდა, გახსოვთ?“, -წამოიძახა ირინა ჩხაიძემ, როცა სხვებს გაუჭირდათ გახსენება, რას კერავდა ჯანიკო: „ქოლგა რომ გაფუჭდებოდა, იმისგან მერე ჩანთებს ამზადებდა. „ერთხელ დედიკომ მოიტანა ქოლგა, შინდისფერი იყო. ჩვენ პატარები ვიყავით მაშინ. დედამ თქვა, ჯანიკომ გვაჩუქა ესო. კეთილი ქალი იყო, ვალში არ დაგრჩებოდა“.
მეზობლებმა ის დღეც გაიხსენეს, როცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ჯამ-ჭურჭელი აჩუქეს. „დაბადების დღე ჰქონდა და საჩუქარიაო, ასე ვუთხარით, თორემ, ისე როგორ იკადრებდა“, _ ამბობს ქეთევან ჩხაიძე.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი მათთან იშვიათად კონტაქტობდა. უფრო სწორედ მას შემდეგ, როცა წლების წინ ამირანი დაავადდა და პერიოდულად მიჰყავდათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ. ჯერ ხმაური გამოდიოდა მათი ბინიდან, მერე ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა ჩნდებოდა.
გარდაცვლილიდედა–შვილისშესახებჩიბათში
„მომიძულა, რატომ მომიძულა ასე?“ – ცრემლმორეული შეგვხვდა გარდაცვლილი ჯანიკოს და, მზია. ეზოს ჭიშკრიდან სახლთან მისვლამდე და გამოიტირა, ოპერაციას ვიკეთებდი მაგ დროს და ვერც კი ვიტირეო. შესვლისთანავე ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგი და ახალგაზრდობაში დასთან და დისშვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გვაჩვენა. მერე შეშის ღუმელთან დაჯდა და კითხვას აღარ დაელოდა:
„ეჭვიანი იყო ჩემი და, ძალიან ეჭვიანი. სულ ფიქრობდა, რომ მისი ბინით იყო დაინტერესებული ვინმე. ქმარი რომ დაშორდა, მაგაზე არ უდარდია საერთოდ. აქ გაზრდილია ის ბაღნები. გადასარევი ბიჭები იყვნენ. მეორე, ახლა რომ საავადმყოფოშია, ის კი იყო ცოტა ნერვული, მარა ახლა ყველა ახალგაზრდა ნერვულია. ოთხი და ვიყავით ჩვენ. მამაჩემმა სახლი ჯანიკოს დაუტოვა. ვერ ჩამოდიოდა ბათუმიდან, მოვლა უნდა სოფელს. ვუთხარი, ეს სახლი იქნებ შალვას მისცე, უყვარს ამ კაცს სოფელი, დასახლდება და მოვლილი იქნება სახლ-კარიც-მეთქი. გამიბრაზდა. მერე ის სახლი დაშალეს და წაიღეს, მიწაც გაყიდეს. ბოლოს, როცა ვიცოდი, რომ ძალიან უჭირდა, წელიწადში ერთხელ ჩავდიოდი. ხან შეშა ჩამქონდა, ხან _ რა. კარგად მხვდებოდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაჩერდებოდი, ეჭვიანობას დეიწყებდა… აქ აღარ ჩამოდიოდა. ახლა უფრო შალვაზე ვდარდობ. მამამისი მისულა ფსიქიატრიულში და უნახავს. თან ქალიშვილიც მიუყვანია, მეორე ცოლთან გააჩინა იგი. აქამდე რომ არ გახსენებია მისი შვილები, ახლა შვილის ნახვა მოუნდა ვითომ? ვეჭვობ, ბინის მისაკუთრება უნდა. ამირანიც ხომ მისი შვილია. მის საფლავზე რატომ არ გამოჩნდა?“
ამირანი
„ბავშვები უყვარდა განსაკუთრებით. რომ დაინახავდა, ითხოვდა, მაკოცნინოს რომელიმემ, რა მოხდებაო“, – იხსენებს ქეთევან ჩხაიძე, ამირანისა და ჯანიკოს მეზობელი.
ამირანს ჯარში სცემეს და მას მერე დაავადდაო, გვითხრეს სამეზობლოში. შედარებით ხანშიშესულებს ახსოვთ სხვა ისტორიაც – გოგო შეუყვარდა ამირანს და ამიტომ დასაჯეს, შეყვარებული ბიჭი გოგოს ახლობლებმა ქუჩაში უმოწყალედ სცემესო.
სიყვარულის ამბავს მზია სარჯველაძე სოფელ ჩიბათში ასე გვიყვება: „ჯარიდან ახალჩამოსულს ქალი შეყვარებია. იმ გოგოს მამა პოლიციელი ყოფილა და პოლიციელებს უცემიათ სასტიკად… მერე მოსულა სახლში, დაუხვევია ხელზე მავთულები და შეუერთებია დენისთვის, თავს იკლავდა.~
ინასარიძის #14-ის ეზოში მაინც ყველაზე ხშირად ამირანი ჩნდებოდა თურმე. ის მიდიოდა უფასო სასადილოში საკვების წამოსაღებად. ეზოში მეზობლებსაც დაელაპარაკებოდა და მერე მშვიდად აუყვებოდა სადარბაზოს კიბეებს.
ფსიქიატრიულსაავადმყოფოში, შალვაგორგაძესთან
„აქეთ“, – მეუბნება ექიმი და ფსიქიატრიული საავადმყოფოს გრძელი დერეფნის ბოლოს, პატარა ოთახში შევყავარ. ოთახში რამდენიმე ადამიანი მხვდება. ერთ-ერთი განზე დგას და მზერას მისწორებს. ვხდები, რომ შალვა გორგაძეა.
თავდაპირველად მოკლედ მპასუხობს, დაეჭვებული. მერე _ ვრცლად მიყვება ამბებს. შალვა 51 წლისაა და ოქტომბერს აქეთ მკურნალობს ფსიქიატრიულში. ოთახიდან ყველა გადის. ექიმს ვთხოვ, პირისპირ დამტოვოს მასთან.
„ნონამ მითხრა, დეიდაშვილია ჩემი… დამირეკა და მითხრა, დედა და ძმა გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილებიო… ნონა ხშირად დადიოდა ჩვენთან, გვივლიდა. ტელევიზორიც გვაქვს აქ. ყველამ გაიგო, მაგრამ მე არ ვუყურებ ტელევიზორს… არ ვიცი რის გამო გარდაიცვალნენ ჯანიკო და ამირანი. დედა ბოლო ორი წელი ლოგინიდან არ ამდგარა. სულ მაღალი წნევები ჰქონდა, ასე 200. მე ვუვლიდი დედას. ამირანიც ავადმყოფობდა. სოციალური დახმარება გვქონდა, სადილიც… საჭმელი არ გვიჭირდა. 400 ლარი მქონდა ბოლოს გადანახული. დეიდაშვილს ვუთხარი, სადაც მქონდა შენახული. ვუთხარი, აიღე და დაკრძალვისთვის გამოიყენე-მეთქი.
დედა ოქტომბრის მერე არ მინახავს, რაც აქ ვარ. ჩემთვის ვიყავი და წამომიყვანეს. არავის აუხსნია, რატომ. 5 წლის წინაც ვიყავი აქ. მაშინ ვიჩხუბე. მეზობელმა დაშენება დაიწყო გვერდით და ნერვები მომეშალა, ნუ აკეთებთ ასე-მეთქი. მოვიდნენ და წამომიყვანეს. ახლა ისევ აქ ვარ, მაგრამ მოვრჩები მალე, ალბათ.
ამირანი დეკემბრის ბოლოს ვნახე, ახალი წელი დგებოდა. ბევრი არ გვისაუბრია, მალე წავიდა.“
შალვას მამის შესახებ ვეკითხები. გავიგე, შენ სანახავად მოსულა-მეთქი. მპასუხობს, რომ მამას წარსულში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონია:
„გამიკვირდა ისე, აქ რომ მოვიდა. თან გოგო ახლდა, ვერ ვიცანი ვინ იყო და ვკითხე, ვინ არის-მეთქი. ეს შენი და არისო, მითხრა… კი ვიცოდი, დაც რომ მყავდა, არ მყავდა არასდროს ნანახი. კარგია, გავიცანი ახლა მაინც.
მომისამძიმრეს, მეტი არაფერი. მამამ მითხრა, თუ გინდა, შენთან ერთად ვიცხოვრებთო, მაგრამ მე მარტოობა მინდა. უარი ვუთხარი. ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა…. აქედან როცა გამოვალ, ბინას გავარემონტებ და ჩემთვის ვიცხოვრებ…“
შალვას ექიმი დაზუსტებით ვერ ამბობს, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი. შალვას მომავალზეც ვეკითხები. მპასუხობს: „ჯერ არ ვიცი სად ვიმუშავებ. ელექტრიკი ვარ. რამეს მოვძებნი. ჯერ საფლავზე ვარ მისასვლელი.“
შალვა საავადმყოფოს დერეფნის ბოლოს, ფანჯარასთან რჩება, თოვას უყურებს.
საფლავებიწარწერისგარეშე
„იმ დღეს გადაუღებლად თოვდა. ერთი უცნობი ქალბატონი გამოჩნდა ეზოში ყვავილებით ხელში, – მიამბობს ჯანიკოს მეზობელი, ლიანა ცხვარაძე. მივხვდი, ჯანიკოს დაკრძალვაზე მოვიდა, მაგრამ ცხედარი მოსვენებული არ იყო. ფანჯრიდან შევავლე თვალი. მერე შემოვიპატიჟე, გათბებით მაინც-მეთქი. შემოვიდა. ახლო მეგობარი ყოფილა ჯანიკოს. რომ აღარ მოასვენეს, გადარეკა სადღაც და გაიგო, რომ ჯანიკო უკვე დაუკრძალავთ ჩიბათში.
ძალიან უყვარდა ჯანიკოს ყვავილები. აივანზე სულ გაზაფხული ჰქონდა. მერე, ლოგინს რომ მიეჯაჭვა, ყვავილებიც გაქრა.
იმ საღამოს ეზოში კიდევ ერთი უცნობი კაცი გამოჩნდა, ხელში ბევრი პარკი ეჭირა. აგი ჯანიკოს სახელზე მიირთვით, მისი ქელეხიდან წამოღებული საჭმელი და ღვინოაო. ეზოში საერთო მაგიდასთან შევიკრიბეთ და თითო ჭიქა დავლიეთ მეზობლებმა“.
„დამირეკეს, ამა და ამ დღეს მოვასვენებთ, აღარ გინდა ჩამოსვლა, საფლავს და ქელეხს მიხედეო“, – გვიამბობს ჯანიკო სარჯველაძის დისშვილი, გელა ლომაძე სოფელ ჩიბათში.
საფლავის ადგილი ჩიბათის სასაფლაოს პირველი რიგის ბოლოს, ტყის განაპირას შეურჩევიათ, ქელეხის ადგილად – ლანჩხუთის სარიტუალო დარბაზი. ჩიბათელები ჯანიკოსა და ამირანს პირდაპირ სასაფლაოზე დახვედრიან, დაახლოებით 70 კაცი. „მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თოვდაო“, – ამბობს გელა.
ჯანიკოსა და ამირანის საფლავს დაკრძალვის დღეს დაწყობილი ყვავილები ფარავს ისევ. დედა-შვილის საფლავს ჯერ არა აქვს ღობე, არც საფლავის ქვა აღნიშვნით, ვინ არიან აქ დამარხული.
დედა-შვილის საფლავი ჩიბათში, თორნიკე თავაძის ფოტო
მთავრობა: „ჩვენყველაფერსვაკეთებდით“
„დედა-შვილი ჩართული იყო ყველა სოციალურ პროგრამაში“, – მაშინვე განაცხადა ხელისუფლებამ, როგორც კი მედიით გავრცელდა ინფორმაცია ჯანიკოსა და ამირანის გარდაცვალების შესახებ. ოჯახი იღებდა სოციალურ შემწეობას 2006 წლიდან, სარგებლობდა უფასო სასადილოს პროგრამით.
დედა-შვილი არ იყო ჩართული „შინმოვლის პროგრამაში“, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს. შინმოვლა სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის საექიმო და საექთნო მომსახურებას ითვალისწინებს ბინაზე მისვლით. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ოჯახს კვირაში ერთხელ ექიმი აკითხავს, ორჯერ – ექთანი. სოციალურად დაუცველი და საწოლს მიჯაჭვული ჯანიკო სარჯველაძე ამ პროგრამით არ სარგებლობდა.
ამ პროგრამაში ჩართულობას შესაძლოა გამოერიცხა დედა-შვილის ტრაგედია, რადგან ამ შემთხვევაში ექთანი კვირაში ორჯერ მივიდოდა ოჯახში.
ჯანიკოს შვილისგან, დისგან, ახლობლებისგან თუ მეზობლებისგან განსხვავებით, გოჩა ჯიბლაძე, ბათუმის მერიის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ჯანიკო მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღე იყო ლოგინად ჩავარდნილი:
„შინმოვლის პროგრამა გათვლილია ქრონიკული დაავადების მქონე, მძიმე პაციენტებისთვის. ამ ოჯახში, როგორც ასეთი, საწოლს მიჯაჭვული არავინ იყო. ჯანიკოს ვიცნობდი. ის ძალიან აქტიური ქალბატონი იყო და ხშირად მოდიოდა მერიაში. ბოლოს, დაახლოებით 15 დღე იყო ჩაწოლილი, მე როგორც ვიცი. ასე შეიძლება ყველა გავხდეთ ავად, გავცივდეთ, ან რამე დაგვემართოს… ყოველ შემთხვევაში, მომართვიანობა არ იყო ამ ოჯახიდან. რომ მოემართათ, განვიხილავდით და შეიძლება ჩართულიყო კიდეც შინმოვლის პროგრამაში.~
ბათუმის მერიის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსი ვერ ამბობს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ჯანიკო სარჯველაძის ოჯახს შინმოვლის პროგრამაზე. ის მიიჩნევს, რომ მოსახლეობა და კონკრეტულად მოწყვლადი ჯგუფები საკმარისად ინფორმირებულნი არიან „შინმოვლის პროგრამის“ შესახებ.
„მეზობლებიც მოდიან რიგ შემთხვევაში და ინფორმაციას გვაწვდიან ვის სჭირდება დახმარება, ადგილობრივი გამგეობებიც ჩართულია ამაში,“ – გვითხრა გოჩა ჯიბლაძემ.
ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამა 90 ბენეფიციარზეა გათვლილი. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქალაქში 90-ზე მეტ ოჯახს სჭირდება შინმოვლით სარგებლობა? _ გოჩა ჯიბლაძის, მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თქმით, რიგში დაახლოებით სამი-ოთხი ოჯახია, „როცა გამოთავისუფლდება ადგილი, ჩავსვამთ პროგრამაში. როგორც წესი, დიდხანს არ ვალოდინებთ ადამიანებს.~
„შინმოვლის პროგრამის“ ზუსტი კრიტერიუმები მერიას გაწერილი არ აქვს. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება.
„შინმოვლის პროგრამას“ ამ დრომდე აჭარის რეგიონის რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს. ერთ-ერთი გერმანული ფონდი შინმოვლას აფინანსებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში.
სოციალური შემწეობის გარდა, რა სერვისი აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახში მყოფი მძიმე ავადმყოფისთვის? _ „ასეთი ვალდებულება, რომ ოჯახში მიაკითხონ ვინმეს, ჩვენს აგენტებს არ აქვთ და არც სახელმწიფოს არ აქვს. ეს ოჯახი იღებდა ყველა ბენეფიტს, რაც პროგრამებით არის გათვალისწინებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეიძლებოდა“, _ ასეთია თემურ ქარცივაძის პასუხი. იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსია.
„ამტრაგედიამაჩვენასოციალურიუსამართლობა“
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, – ამ ფრაზას ახსენებს ხელისუფლების რეაქცია ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს. მისი აზრით, პრობლემაა, როცა ხელისუფლებამ სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, თავის მართლების რეჟიმი არჩია:
„ვისმენთ თავის მართლებას, რომ ყველა ღონისძიება თურმე გავატარეთ, მე არ მეხებაო. არადა, ფაქტია, რომ ღიობია აქ, ამას მიხედვა უნდა, თუ არ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს სოციალური უსამართლობის მასშტაბები. პარლამენტში მილიონერ დეპუტატებს ვუსმენთ, საპატრიარქოში – ტრილიონერებს. ისინი არასდროს ისაუბრებენ და გააანალიზებენ მსგავს ადამიანურ ტრაგედიებს.
ამ ტრაგედიამ კარგად აჩვენა სოციალური უსამართლობა, რომელმაც მჭიდროდ მოიკიდა ფეხი ჩვენს სახელმწიფოში. ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მას არ აქვს უნარი იაქტიუროს, იდგეს რიგებში. სოციალური დაცვის პროგრამა თვითონ უნდა სთავაზობდეს დახმარებას ასეთ ადამიანებს. არ მოუმართავს, თორემ ჩავრთავდიო – ეს არაა პასუხი.
კიდევ უფრო მძიმდება სურათი, როცა ფსიქიკურ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ამ დროს, ფაქტობრივად, დაკარგული ხარ. სახელმწიფო არსებულ სერვისს გაძლიერების ნაცვლად, ასუსტებს. ჩაკეტილი წრე იქმნება, როცა ადამიანს ფსიქიკური დაავადება ტანჯავს, მისი შრომისუნარიანობაც ქვეითდება. ამ დროს სიდუხჭირის პრობლემა მძაფრდება. ეს დედა-შვილი ბოლომდე ჩაიკეტნენ და იზოლირდნენ საზოგადოებისგან. მათ აღარაფრის იმედი ჰქონდათ. როცა ადამიანებზე ზრუნვა ნაკლებია, გარიყულობის შეგრძნება იზრდება. ასე მივედით რეალობამდე, როცა მათი ცხოვრებიდან წასვლაც კი ვერავინ შეამჩნია.“
ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოდან დელეგატები: ლევან ხეთაგური და ნათია სირაბიძე, ასევე ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი, ლევან დვალი ესწრებიან.
ნათია სირაბიძის თქმით, სესიების მთავარი მთავარი თემაა ევროპაში ემიგრანტების შემოსვლის საკითხი, კერძოდ, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ევროპის კულტურის შექმნაში ემიგრანტების კულტურა: „ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო, ევროპულ ქალაქებში არქიტექტურის განვითარება და ცვლილება, რადგან დევნილების დასახლებები თავის კვალს ტოვებს ყველა ქვეყანაში.“
ნათია სირაბიძემ ვორქშოპზე – „კრეატიული პროცესი“ – აჭარაში არსებულ ინკლუზიურ ცენტრებზე ისაუბრა: „ჩვენთან საკმაო პროგრესია ინკლუზიური ბავშვების ხელოვნებაში ჩართვის. არაჩვეულებრივ ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ბავშვები და ეს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასაც ემსახურება. მეორე მხრივ, იმდენად დიდ ენერგიას და სიკეთეს დებენ ინკლუზიური ცენტრის ბავშვები მათ ნახატებში და ისეთ განწყობას უქმნიან მნახველს, რომ ეს შეიძლება განკურნების ეფექტის მატარებელიც გახდეს. შშმ ბავშვები გაცილებით უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე ჩვენ და კარგი იქნება მათი ღონისძიებებში ჩართვა, მათ შორის დისკუსიებში“ – ამბობს ნათია სირაბიძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, როტერდამში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ვორქშოპი და პანელური დისკუსია გაიმართება, რომელთა შორის აღსანიშნავია არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების მნიშვნელობა, დღეს კი პარლამენტარების წინაშე ლევან ხეთაგური წარმოადგენს გასული წლის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს კულტურის აკადემიის საქართველოში შექმნასთან დაკავშირებით.
„კულტურული აკადემია მოიცავს კულტურულ დიპლომატიას, სადაც საერთაშორისო დიპლომატები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ხელოვანები შეხვდებიან მსმენელებს და ჩაუტარებენ ლექციებს. აკადემიის შემადგენლობა ყოველ წელს გაიზრდება უცხოელი სტუდენტების ხარჯზე, შესაბამისად, ქართველი სტუდენტებისთვის გაფართოვდება პროფესიული ქსელი. ბათუმს აქვს შესაძლებლობა, მომავალ წელს გახდეს აკადემიის მასპინძელი,“ – ამბობს ნათია სირაბიძე.
ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად 2017 წლის იანვარში დაამტკიცა. ევროპის კულტურის პარლამენტმა გასულ წელ გასვლითი სხდომა საქართველოში, ბათუმში ჩაატარა. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენენ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნონ.
დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე – ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეორგოლები 360- გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული. „ასევე, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ფოტოსურათები სპეციალურად მოწყობილ მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ,“-ამბობენ სააგენტოში.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მიმდინარე წელს აჭარაში, კერძოდ, ქობულეთსა და მაჭახელაში, ვიზიტორთა ახალ ცენტრებს ააშენებს. სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა თითქმის დასრულებულია.
„კინტრიშის დაცულ ტერიტორიას ერთი ვიზიტორთა ცენტრი მოემსახურება, მეორე კი მაჭახელაში იქნება. ტურისტებს ამ ვიზიტორთა ცენტრებშიც ექნებათ შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიების შესახებ 360-გრადუსიანი ხედვის მქონე ვიდეორგოლები ნახონ და ისე აირჩიონ კონკრეტული ადგილი“.
სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავს ვიდეორგოლებს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ გადაიღებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 11 ობიექტის მშენებლობა იგეგმება. „მთლიანობაში 6 737 500 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.“
უმაღლესი საბჭო თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ბიუროს განსახილველ საკითხთა შორისაა. ბიუროს სხდომა მიმდინარე წლის 15 მაისს არის ჩანიშნული.
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე უკვე იმსჯელა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი რომანაძის თქმით, არსებული პროექტით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, მიმდინარე წელთან შედარებით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის უმნიშვნელოდ მცირდება.
„ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, პროექტის იმ მუშა ვერსიით, რაც გვაქვს, იგიგივე რჩება, თუმცა ხელფასების მუხლი მცირდება იქედან გამომდინარე, რომ საბჭოში შევქმენით ნაკლები ფრაქცია ვიდრე იყო შესაძლებელი, ანუ დაფინანსებაც მეტი იყო გათვლილი. აღარ იქნება მოწვეული სპეციალისტების ხელფასებიც; ამასთან, ვალდებულება აქვს საბჭოს, რომ თუ ვინმეს საცხოვრისი არ აქვს, დეპუტატებია მხედველობაში, მათთვის ბინის დაქირავების თანხა ყოფილიყო და ამასაც ამოვიღებთ,“ – ამბობს გიორგი რომანაძე.
უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ბიუროზე ორშაბათს გაიტანენ, შესაძლოა 100%-ითაც კი შეიცვალოს, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებს. ამისთვის კი დეპუტატებს, რომლებიც თავად ამტკიცებენ საკუთარ და მთლიანად აჭარის ბიუჯეტს, დრო მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე აქვთ.
გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:
[checklist]
ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები – 92 400 ლარი.
[/checklist]
უმაღლესი საბჭოს ბიურო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გარდა, ორშაბათის სხდომაზე შემდეგ საკითხებსაც განიხილავს:
[checklist]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე [ინიც. მთავრობის თავმჯდომარე];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე [ქალაქის ცენტრში, საპატრიარქოს რეზიდენციასთან] „არქი ჯგუფის“ აშენებულ სახლში მეხუთე და მერვე სართულებზე იყიდება 46-კვ.მ, 87-კვ.მ, 104-კვ.მ ფართობის ბინის კარკასები ზღვის და ქალაქის ხედით.
მთავარი კედლები ამოყვანილია YTONG-ის გერმანული ბლოკით, აივანზე გაკეთბულია გიდროიზოლაცია.
კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ერთობლივ, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ აწესებენ, რომელიც წელიწადში ერთხელ გაიცემა.
რა პრინციპით მოხდება პედაგოგების შერჩევა და რამდენი იქნება საპრიზო ფონდი, მსგავსი ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში უთხრეს, მსგავსი ტექნიკური დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პრიზის მისაღებად კონკურსი გამოცხადდება.
„ამ დროისთვის ვერც იმას ვიტყვით, წელიწადში რამდენი მასწავლებელი აიღებს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“- აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მისაღებ კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად დუბაიში ტარდება.
„ამ კონკურსში აქამდე ქართველი პედაგოგები არ მონაწილეობდნენ, წელს პირველად დაუშვეს საქართველო. ჩვენ ეროვნულ ჯილდოს ვაწესებთ, მაგრამ ეროვნული ჯილდოს მფლობელის აპლიკაცია გაიგზავნება მსოფლიო ჯილდოზე მონაწილეობის მისაღებად.
მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო (Global Teacher Prize) იმ პედაგოგებს გადაეცემათ, რომლებიც კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით გამოირჩევიან.
ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას და წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ხანძრის შედეგად მელაძეების ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხანძარი დღეს, 13 მაისს, დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი სახლიდან დროულად გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს.
ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხა.
„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ შეიძენს. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია.
ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
„ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე მასალა:
[checklist]
ნიორის სათესლე მასალა მოწოდებული უნდა იქნეს 60-100 გრამი მასის ბოლქვის სახით, უნდა იყოს ჯანსაღ მდგომარეობაში და შედგებოდეს ბოლქვის არანაკლებ 4 ცალი და არაუმეტეს 7 ცალი გარე კბილებისაგან (სათესლე მასალას არ უნდა გააჩნდეს ბოლქვის შიგა კბილები ე.წ. ანაგულები);
ბოლქვის ფორმა: მომრგვალო, ბრტყელი;
ბოლქვის ფერი: თეთრი-ლურჯი-გარდამავალი იისფერში;
სათესლე მასალის კბილის წონა: არანაკლებ 4 გრ.
[/checklist]
სამინისტროსთვის ნიორის სათესლე მასალის მიწოდება არაუმეტეს 25 კგ-იანი მწარმოებლის მიერ ეტიკეტირებული ტარით – ბადე ტომარით უნდა განხორციელდეს.
შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.
მაღალმთიან აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს კარტოფილის ერთგვარ ალტერნატივად განიხილავს. სამინისტროს ინფორმაციით უკრაინული ჯიშის ნიორის მოსავლიანობა ჰექტარზე 10 ტონაზე მეტია. შესაბამისი პროექტი თანადაფინასებით განხორციელდება – 70 %-ს სამინისტრო დააფინანსებს და 30-ს ფერმერი.
„მიმდინარე წელს აგროპროექტების მართვის ცენტრმა 101 500 კგ. ჰოლანდიური კარტოფილი 30%-იანი თანადაფინანსებით უკვე გადასცა ფერმერებს, შემოდგომაზე კი ნიორის სარგავი მასალის დარიგება მოხდება. წელსვე 25 ათასამდე ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკალი დარიგდა“ – აცხადებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.
ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლის უფლება-მოვალეობები თანამედროვე მედიცინაში გაზრდილია და მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის სწორი მართვა.
საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს, მათი უმეტესობა ქალია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ექთნის პროფესია გენდერულ ბალანსს ინარჩუნებს.
12 მაისი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ და ქსელში დასაქმებულ 3200 ექთანში ყველაზე უხუცესი და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ექთნები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე ექთნებს საერთაშორისო დღე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც სპეციალურად ევექსის ექთნებისთვის სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლმა წარმოდგენა გამართა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სამეურვეო საბჭომ სცენარისტების საჩივარი მაუწყებლისგან ანაზღაურების მიღებაზე, განუხილველი დატოვა. საუბარია პირველი არხის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტზე – „კლასიკოსები”.
სცენარისტებმა – მარიამ ბექაურმა, ალექს ჩიღვინაძემ და ივა ფეზუაშვილმა გასული წლის ზაფხულში მოიგეს მხატვრული ფილმების სერიალების კონკურსი და 12 ფილმის სცენარი მოამზადეს. მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა მათ სცენარისთვის გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და მიმდინარე წლის მარტში იმავე პროექტზე ახალი კონკურსი გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც ანაზღაურების მიღებაზე უარი მაუწყებლის ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისგან მიიღეს, სცენარისტებმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართეს. მაუწყებლის დირექტორმა სცენარისტებს მისწერა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება მხარეებს შორის არ არსებობს და დაწერილ სცენარებში ამიტომაც არ გადაიხდის ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ სცენარისტების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა. 5 მაისის სხდომას, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა, საბჭოს 8 წევრიდან მხოლოდ 5 ესწრებოდა. ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ეს კერძო სამართლის დავაა და უმჯობესია, თუკი ეს პირები პირდაპირ სასამართლოს მიმართავენ. განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ იურისტმა სულხან სალაძემ დააფიქსირა.
„კანონით არის განსაზღვრული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები. ასეთი საფუძველი არ არსებობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სამეურვეო საბჭო ერთია უშუალოდ საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი ამ კუთხით იქნება დავა. სცენარისტებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და პირდაპირ მოითხოვონ ანაზღაურების მიღება, ან სასამართლომ დაავალოს სამეურვეო საბჭოს, განიხილოს ეს საკითხი,“ – განუმარტა სულხან სალაძემ „ბათუმელებს“.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ ნორმაზეც, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება პირმა შეიძლება გაასაჩივროს, როგორც სასამართლოში, ასევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.
რა სამართლებრივი საფუძვლით თქვა უარი სამეურვეო საბჭომ საჩივრის განხილვაზე? – კითხვაზე გრიგოლ გოგელიამ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ კონკრეტულად ვერ გვიპასუხა. გვითხრა, რომ სხდომაზე კვალიფიციური იურისტების განმარტება მოისმინა და ჩათვალა, რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა. „თუ სასამართლო გადაწყვეტს, დავემორჩილებით. რაც იყო წარმოდგენილი, არა მგონია ჩვენი განსახილველი ყოფილიყო… მეტი რა დაგისაბუთოთ, რაღაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არსებობდა და ეს ჩვენ განგვეხილა, არ იქნებოდა სწორი“, – გვითხრა გრიგოლ გოგელიამ.
„ახლაც იძებნება მაუწყებლის საიტზე, რომ გასული წლის სექტემბერში მაუწყებლის სპეციალური კომისიამ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა და გავიმარჯვე მეც“, – გვიყვება სცენარისტი მარიამ ბექაური, – „გვითხრეს, რომ ხელშეკრულება დეკემბერში გაგვიფორმდებოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ტელევიზიის ახალ დირექტორს უნდა დაემტკიცებინა პროექტი. სერიალი ამ წლის ბიუჯეტშიც არსებობს, მაგრამ ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრაზეც უარი გვითხრა. მოგვწერა, რომ სცენარებში მაუწყებელი ფულს არ გადაიხდის, რადგან ამის სამართლებრივი ვალდებულება არ აქვს“.
„ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ვართ გიჟები და ჩვენი ინიციატივით დაგვიწერია 12 ფილმის სცენარი“, – ამბობს სცენარისტი ალექს ჩიღვინაძე. გვიყვება, რომ სცენარების წერის პროცესში კომუნიკაცია გიორგი ვასაძესა და ნათია წულაძესთან ჰქონდათ, რომლებიც სტუდია „ტელეფილმს“ წარმოადგენდნენ. ამ სტუდიას უნდა გადაეღო სერიალი „კლასიკოსები“ და მისი ბიუჯეტი 393 450 ლარით იყო განსაზღვრული.
კონკრეტულად სამი სცენარისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 15 600 ლარი უნდა გადაეხადა.
„ბათუმის მერის ბრძანება ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უკანონო,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მერის მიერ ბრძანებაში დასახელებული სამართლებრივი ნორმები კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, კანონმდებლობა „საზოგადოებრივ ზონაში“ არ კრძალავს რელიგიური, საკულტო ნაგებობების მშენებლობას.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მუსლიმი თემის სამართლებრივ მხარდაჭერას აპირებს. გიორგი ხიმშიაშვილმა გვითხრა, რომ უკვე დაიწყო მუშაობა სარჩელზე, რომელსაც აუცილებლად შეიტანს მუსლიმი თემი სასამართლოში, თუკი მერია პოზიციას არ შეიცვლის: „შესაძლოა, ამ პროცესის პარალელურად შედგეს შეთანხმება, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, პროცესი გადავა სასამართლოში, რადგან მერიის გადაწყვეტილება აბსოლიტურად არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს მიზნებს და პრინციპებს“.
ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერმა მუსლიმ თემს უარი უთხრა. ამის შესახებ გიორგი ერმაკოვის ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომელიც საზოგადოებისთვის გუშინ, 11 მაისს გახდა ცნობილი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ფარნავაზ მეფის #67-ში დანგრეული ისტორიული სახლის მეპატრონე ნონა ჯალაღანია ახალი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. მას უკვე აქვს სახლის მშენებლობის ნებართვა, ხოლო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია.
ახალი სახლის ასაშენებლად მეპატრონემ მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული ძველი სახლი დაანგრია. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობდა.
„ 2015 წელს შეითანხმა ეს პროექტი სააგენტოს ზონალურმა საბჭომ. 2016 წლის დეკემბერში ისევ მოგვმართა მეპატრონემ ცვლილების შეთანხმებაზე, ცვლილება გულისხმობდა ერთი სართულის დამატებას, რაზეც 2017 წლის იანვარში ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა.“, – აცხადებს მირზა ცეცხლაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი.
პროექტის ავტორის, არქიტექტორ გია გაბაშვილის ინფორმაციით, ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა, მეოთხე მეხუთე სართული სასტუმრო იქნება, ხოლო მეორე და მესამე სართულზე საცხოვრებელი ბინები, სადაც უკვე დანგრეული სახლის მეპატრონე და მისი ნათესავები იცხოვრებენ.
პროექტის მიხედვით, სახლს აქვს 120 კვ.მ შიდა ეზო, თუმცა არ აქვს ადგილი პარკინგისთვის. პროექტის ავტორის განმარტებით, სარდაფის მოწყობა პარკინგის ადგილისთვის გვერდით მდებარე სახლის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ იყო მიზანშეწონილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია მუსლიმ თემს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
„საპროტესტო აქციები დაიწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას ვაპირებთ. თუმცა, როდის დაიწყება ეს აქციები ან რა ფორმატში წარიმართება, ამ საკითხებს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სხვა მორწმუნეებთან ერთად გავივლით.
საპროტესტო აქციები აუცილებლად იქნება, ოღონდ დემოკრატიულ ჩარჩოებში. პროტესტის მიზანია განვახორციელოთ პოლიტიკური ზეწოლა იმ უსამართლობაზე, რომელიც ჩვენ მიმართ განხორციელდა.“
ტარიელ ნაკაიძის თქმით, პროტესტი არ აგვარებს სამართლებრივ მხარეს, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმის მერიამ მიიღო, არ არის სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული. „შესაბამისად, პოლიტიკური აქტივობები ამისთვის აუცილებელია“, – გვეუბნება ის.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, მერიასთან ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მშენებლობის ნებართვას მიიღებენ.
„იმაზე საუბარი, ვთქვათ, დიდი უნდა იყოს მეჩეთი თუ პატარა, მინარეთი რა ზომის უნდა იყოს ან რამდენი მინარეთი შეიძლება იყოს ან არ იყოს, ამ თემებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. და ამისთვის მზად ვართ, ეს კომპრომისი არ არის, ეს არის აუცილებელი და ვალდებულნი ვართ ეს მოთხოვნები შევასრულოთ, მაგრამ ჩვენი დიალოგის ჩარჩო მთავრობასთან იქნება ახალი მეჩეთის მშენებლობა“.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.
ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ 50-ე დადგენილებაში ცვლილებებს ითხოვენ. ეს დადგენილბა საკრებულომ 2012 წლის 14 სექტემბერს მიიღო და ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ადგენს. ინიციატივა საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელმა თემურ ყურაშვილმა უკვე დაარეგისტრირა. მისივე ინფორმაციით, საკითხზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
ფრაქცია გამოდის ინიციატივით სამშენებლო ობიექტების მიმართ განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები:
• ყველა საცხოვრებელი ერთეული (ბინა), 40 კვ. მეტრამდე ფართობის ე.წ. “სტუდიოს” ტიპის ბინის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭოლი ან კუთხური განიავებით. “სტუდიოს” ტიპის ბინებისთვის დასაშვებია განიავება ვერტიკალური შახტების საშუალებით.
• მრავალბინიან საცხოვრებელი სახლებში საერთო ფართობის ყოველ 60 კვ. მეტრზე აუცილებელია 3 კვ.მ ფართობის ინდივიდუალური ან კოლექტიური სარგებლობის საშრობების მოწყობა.
• მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწისპირა ან პირველ სართულებზე ყველა სადარბაზოში გათვალისწინებული უნდა იყოს 30 კვ.მეტრი დამატებითი ფართობი საფოსტო ყუთებისა და სხვადასხვა დანიშნულების მრიცხველების განსათავსებლად, ასევე საბავშვო ეტლებისა და ველოსიპედების დროებითი პარკირებისათვის.
• საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის შემთხვევაში ერკერებისა და შენობის სხვა ამოშენებული ნაწილების ჯამური ფრონტალური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივ სივრცეზე გამავალი ფასადის საანგარიშო ზედაპირის 15%-ს, ხოლო მაღლივი შენობებისთვის 20%-ს.
• მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ 2-ჯერ. შემდეგ უნდა მოხდეს მშენებლობის კონსერვაცია.
• მშენებლობის ნებართვის გაცემის მომენტიდან იმ დრომდე, ვიდრე შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან არ გავა 30 თვე, აიკრძალოს დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რაც 2%-ზე მეტად გაზრდის შენობის მოცულობას ან ფართობს.
• ტროტუარის ჩაუხერგავი ნაწილის მინიმალური სიგანე განისაზღვროს 150 სანტიმეტრით. ტროტუარის ამ ნაწილით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ფეხით მოსიარულეებსა და ეტლით მოსარგებლეებს. დაუშვებელია აქ როგორც სტაციონარული (ველო-ბილიკები, ურნები, ბოძკინტები, განათების ბოძები, ტრანსფორმატორები, სხვადასხვა სახის მრიცხველები, საყვავილეები, სარეკლამო სტენდები, წყლის სასმელი შადრევნები, მცირე არქიტექტურული ფორმები, ურბანული დიზაინის სხვა ელემენტები), ასევე დროებითი (პრესის სტენდი, სავაჭრო დახლი, ე.წ. “გარე ვაჭრობა”, მოძრავი რეკლამები და სხვა) ობიექტების განთავსება.
დღეს, 12 მაისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მეათე საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში ათამდე ადგილობრივმა და უცხო ქვეყნის ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა სხვადასხვა კომპანიამ.
„ექსპო ბათუმი“ 2017
გახსნის ცერემონიას ბათუმის მერი, აჭარის მინისტრთა კაბინეტი, აჭარაში მოქმედი საკონსულოების გენერალური კონსულები და მეზობელი ქვეყნებიდან გუბერნატორები დაესწრნენ.
გამოფენის გახსნაზე აჭარის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები – „ელესა“, „ბეთლემი“ და „ფესვები“ მონაწილეობდნენ. ასევე, ქალაქ ტრაპიზონის ფოლკლორული ანსამბლი.
გამოფენის მსვლელობისას კომპანიებმა თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების სარეკლამო და საინფორმაციო პრეზენტაციები წარადგინეს.
სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ექსპო ბათუმია“.
გამოფენა 14 მაისს დაიხურება.
„ექსპო ბათუმი 2017“ბათუმი. საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი 2017“
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ კომპანია ელექტროსისტემა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებას უკანონოდ ცდილობს.
„როცა სოფელში ელექტროგადამცემი ხაზის დამპროექტებელი ჩამოვიდა, ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ანძა ჩემს ნაკვეთში განთავსებულიყო. მითხრეს, აგაცილეთ და თქვენთან შეხება არ გვექნებაო. ანძა მეზობლის ნაკვეთში ჩასვეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაკვეთში უნდა გავიდეს ელექტროგადამცემი ხაზი, რეალურად დაფარვის ზონაში აღმოვჩნდი და რაც ხეხილი მაქვს, უნდა გაიჩეხოს, მართალია, ის ტერიტორია, სადაც ანძა განათავსეს, მათია და წინააღმდეგი ვერ წავალ, მაგრამ სადენების გაყვანით მე ზიანი არ უნდა მომადგეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა პირველად ჩემს ნაკვეთში შემოსვლა 31 მარტს სცადეს, როცა გავაპროტესტე და მედიამ გააშუქა ეს ამბავი, ყველა წავიდა, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა, დღეს კი მოვიდა რამდენიმე მუშა, არ მივეცი მუშაობის უფლება, გადაურეკეს მათ უფროს, დღის განმავლობაში ამოვალთო მითხრეს და წავიდნენ.
4000 მეტრამდე ნაკვეთი მიწა, რომელიც სადენებით უნდა გადაიფაროს, ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამ ნაკვეთზე ბოსტნეულიც მომყავს და მრავალწლოვანი ხეხილიცაა გაშენებული. თუ არ შემითანხმდებიან, არ მივცემ უფლებას ხეხილი გამიჩეხონ, მიწა ჩემი საკუთრებაა და არავის არ აქვს უფლება უკანონოდ, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გამოიყენოს,“- ამბობს ჯამბული.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების, ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან გოგინიძე ადასტურებს, რომ მახაჭაძეების მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი გავა და დასძენს, რომ მუშაობის მცდელობა მახაჭაძეების ნაკვეთში შეთანხმების გარეშე არ ყოფილა:
„მიწის ნაკვეთის აღწერა მოხდა, დავითვალეთ ნაკვეთზე არსებული ხე-მცენარეები, კვადრატულობა, ის, რომ ყველაფერი აღირიცხა და აღიწერა, მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახთან შეუთანხმებლობა არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, შეთავაზებული თანხის ოდენობაც იცის, მხოლოდ ხელშერულება არ გვქონია გაფორმებული, მზად ვართ ორშაბათს გავუფორმოთ ხელშეკრულება, რაც შეეხება შეთავაზებული თანხის ოდენობას, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე უფლება არ მაქვს დავასახელო.“
სოფელ ვაიოს მოსახლეობამ, კომპანია საქართველოს ელექტროსისტემას, სოფლის გზა პირველად 31 მარტს გადაუკეტა და სპეციალური ტექნიკა სოფელში არ შეუშვა, მოსახლეობა მაშინ კომპანიას იმ სამედიცინო დასკვნას სთხოვდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვაიოში, მაღალი ძაბვის, 220 – კილოვოლტიანი ხაზის გაყვანა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ გამოიწვევდა. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის სოფელ ვაიოში ერთი ოჯახის განსახლება დარჩა საჭირო. ანძა აქ რამინ მახაჭაძის საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ დაიდგა, ხოლო ეხსან, თეიმურაზ, მაია, ჯიმშერ და ჯონი გორგილაძეების საკუთრებაში არსებული ქონება უკვე დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.
„იმ ზარის შემდეგ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელდა ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულად შეიცვლება ეს ყველაფერი და დიდი დავის გარეშე აშენდება მეჩეთი აჭარაში, ბათუმში, ჩვენს საკუთარ მიწაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცნობებთ რა სახის ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ და როგორ ვიმუშავოთ. საინიციატივო ჯგუფი იკრიბება ლოცვის შემდეგ ამ თემაზე სასაუბროდ და მობრძანდით“, – ასე მიმართა ტარიელ ნაკაიძემ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებელმა დღეს, პარასკევის ლოცვაზე შეკრებილ მლოცველებს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით.
12 მაისი. ლოცვა ბათუმის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე
ტარიელ ნაკაიძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მას დღეს დილით დაურეკა და უთხრა, რომ, როცა ბათუმში ჩამოვა მათ შეხვდება. „თქვა, რომ ერთობლივად მოვაგვარებთ ამ საკითხსო, თუ რა იგულისხმა მოგვარებაში ამაზე დეტალურად არ უსაუბრია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
ტარიელ ნაკაიძე პარასკევის ლოცვაზე ასევე გამოეხმაურა ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის გუშინ გამოცემულ ბრძანებას, რის მიხედვითაც ბათუმში მეჩეთი ვერ აშენდება. ტარიელ ნაკაიძემ მლოცველებს ჰკითხა, ბათუმში არსებული მეჩეთის გაფართოებას ემხრობიან თუ ახალი მეჩეთის მშენებლობას. ამ კითხვაზე მლოცველებმა ერთხმად დაიძახეს, რომ ემხრობიან ახალი მეჩეთის მშენებლობას.
„მე თქვენ გადაწყვეტილებას მივყვები და ამის მიხედვით ვიმუშავებ. დამერწმუნეთ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი ძალიან მალე აშენდება. გუშინ, მოხდა ის, რომ ჩავყარეთ საფუძველი ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის და მერიამ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, სამწუხაროდ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, პირიქით – როცა გვქონდა შეხვედრები მთავრობის თავმჯდომარესთან, განვუმარტე ორი რამ – ერთი, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენს ძმებთან ერთად, მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად, ყველა ერთობლივად გავივლით ამ გზას. ეს არის საუკეთესო და მომავალი თაობებისთვის ისტორიული გზა. მაგრამ თუ ეს არ გამოგვივა, თუ ამაზე ვინმე არ დაგვთანხმდება უკანონოდ, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მეორე გზა – ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი გზაა. საქართველო ეს არის ჩვენი სამშობლო და საქართველოში არავის აქვს უფლება, მათ შორის არც ხელისუფალს, რომ ხელი შეგვიშალოს მეჩეთის მშენებლობაში“.
ტარიელ ნაკაიძემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს მეჩეთის აშენებისთვის განკუთვნილი თანხების მონიტორინგში: „ვისაც აქვს ეჭვი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში, ჩვენ მიმართ. მე ვეუბნები ყველას, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს – მოწინააღმდეგეს თუ მოსურნეს, უფლება აქვს შემოგვიერთდეს კომისიაში, რომელიც ითვალისწინებს კონტროლს და ზედამხედველობას. გამოთქვას თავისი აზრი. არ აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი იქნება ის, მუსლიმი თუ საერთოდ ურწმუნო. ჩაუღრმავდეს და შეისწავლოს, როგორ ვაშენებთ მეჩეთს“.
თავისი მიმართვის დასასრულს ტარიელ ნაკაიძემ კიდევ ერთი მოწოდებით მიმართა ხელისუფლებას და საზოგადოებას: „მხოლოდ მუსლიმებისგან ნუ მოვითხოვთ კონსტრუქციულობას. მხოლოდ მუსლიმებისგან ნუ მოვითხოვთ დათმობებს, მხოლოდ მუსლიმებისგან ნუ მოვითხოვთ საკუთარ უფლებებზე უარის თქმას. ხელისუფლებამ გათვალოს თავისი ქმედება და ის, რაც გააკეთა მოხეში, არ გაგვიკეთოს აჭარაში“.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით 64 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ შორის 4 – აჭარაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ: თამარ ბეჟანიშვილი და ლევან გელოვანი. ადმინისტრაციულ კოლეგიაში – ლაშა თავართქილაძე.
ლევან გელოვანს მოსამართლის გამოცდილება არ აქვს. ის მოსამართლის მანტიას პირველად ბათუმის სასამართლოში მოირგებს. ლევან გელოვანი აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს იგი მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი ყოფილა.
უვადოდ დანიშნული თამარ ბეჟანიშვილი 2012 წლიდან განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2007-2009 წლებში იგი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2009-2011 წლებში ყვარლის სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2011-2012 წლებში სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა.
კიდევ ერთი ახალი მოსამართლე – დავით გელაშვილი უვადოდ ხელვაჩაურის რაიონულ სასმართლოში დაინიშნა. დავით გელაშვილი ბათუმელებისთვის ნაცნობი მოსამართლეა. იგი 2007-2009 წლებში მუშაობდა ბათუმის სასამართლოში. შემდეგ წლებში კი, ახალქალაქის, წალენჯიხის და ზუგდიდის სასამართლოებში მუშაობდა მოსამართლედ. ამჯერად დავით გელაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე იქნება ქედის მუნიციპალიტეტში.
ხელვაჩაურის სასამართლოდან მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი ამბროლაურში გადავიდა. უვადოდ მოსამართლედ იგი ონის მუნიციპალიტეტში გამწესდა მაგისტრანტი მოსამართლის სტატუსით. ხელვაჩაურის სასამართლოში ლეილა გურგუჩიანი მოსამართლედ 2012 წლიდან მუშაობდა. მანამდე ორი წელი ადვოკატობდა. ადვოკატობამდე კი, ზუსტად 20 წლის განმავლობაში გურგუჩიანი ცაგერის სასამართლოს მოსამართლე იყო.
„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ ენდობა ბათუმის მე-3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულს კახა მ.-ს საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს,“ – მოგვწერეს უწყებიდან, საიდანაც აქამდეც არაერთხელ გაუციათ პასუხი ამ მსჯავრდებულის შესახებ.
გასული წლის დეკემბერში კახა მ.-ს ერთ-ერთი პრეტენზიის რეალურობა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დაადასტურა. სააგენტომ ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა და მას ლიცენზია 6 თვით შეუჩერა. ამ ფაქტამდე იგივე მსჯავრდებული სამედიცინო მომსახურების პრობლემაზე აგზავნიდა წერილებს ციხიდან, რასაც სასჯელაღსრულების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა.
ამჯერად კახა მ. ყვება, რომ სამკურნალოდ ის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, საიდანაც 19 აპრილს ისევ ბათუმის ციხეში დააბრუნეს.
„20 აპრილს ჩამომიყვანეს მე-3 დაწესებულებაში და სამედიცინო ნაწილი თვალით არ მინახავს. სამედიცინო მუშაკები კი არა, ჩვეულებრივი სარეჟიმო განყოფილების თანამშრომლები არიან,“ – წერს კახა მ.
„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული პერიოდულად უარს აცხადებს რეკომენდებულ მედიკამენტურ მკურნალობაზე, მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ, მუდმივად წარმოადგენს სხვადასხვა სახის ჩივილებს. მიუხედავად სპეციალისტთა რეკომენდაციისამებრ ჩატარებული მკურნალობისა, აღნიშნავს მკურნალობის არაეფექტურობას და სამედიცინო პერსონალს უნდობლობას უცხადებს,“ – მოგვწერეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა მ.-მ ასევე უარი თქვა გამრუდებული ცხვირის ძგიდის ოპერაციაზე, რაც შესაბამისი აქტით დასტურდება.
კახა მ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერს, რომ პირველი მაისიდან შიმშილობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა მ. ამ დროისთვის არ შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გადის შესაბამის მკურნალობას.
სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კახა მ. მოინახულეს და რეაგირებაც მოახდინეს, თუმცა რა დაფიქსირდა და რას მოჰყვა რეაგირება, სახალხო დამცველის პრესსამსახურმა ვერ გვითხრა იმ მოტივით, რომ ამ დრომდე მსჯავრდებულისგან წერილობითი დასტური არ აქვთ, ისაუბრონ მის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.
სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას შეამოწმებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა (მათ შორის 253 თბილისში). მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.
სურსათის უვნებლობის სამსახური საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში, აპრილში, კანონდარღვევის 1238 ფაქტი გამოვლინდა ქვეყნის მასშტაბით. აქედან, 1223 კანონდარღვევა ადმინისტრაციულია, 15 კი სისხლის სამართლის.
აპრილის თვეში კანონდარღვევები გამოვლენილია აჭარაშიც. ადმინისტრაციული კანონდარღვევის 264 ფაქტი, სისხლის სამართლის კი – 2 ფაქტი.
ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში სისხლის სამართლის კანონდარღვევა ინერტული მასალების უკანონო მოპოვებას და ხე-ტყის უკანონი ჭრას ეხება. ასევე, სახერხე რეგულაციების პირობების დარღვევას.
ადმინისტარციული სამართალდარღვევები ძირითადად მავნე ნივთიერებების გაფრქვევას შეეხება.
სისხლის სამართლის კანონდარღვევის შემთხვევაში, ფაქტი გადაეცემა შს სამინისტროს, რომელიც იმსჯელებს ჯარიმის ოდენობაზე, გარემოზე მიყენებული ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევებში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია კანონით“.
კანონდარღვევის შემთხვევები შეეხება თევზჭერის, ნადირობის წესების, ნარჩენების მართვის კოდექსის, ტყის კანონმდებლობის, წყლის, მიწის და სხვა კანონმდებლობის დარღვევებს.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ თვეში 1238 კანონდარღვევა გამოავლინა.ერთ თვეში გამოვლენილი დარღვევების ინფოგრაფიკა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის #67-ში, კიდევ ერთი ისტორიული სახლი დაანგრიეს. სახლი ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა თუმცა, ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობდა. ვინ და რა ტიპის მშენებლობას გეგმავს ამ ადგილზე, ამ ინფორმაციას მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
დღეს, 12 მაისს, ციხისძირში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პერფორმანსს გამართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, რეზო ხარაზის თქმით, აქცია-პერფორმანსი ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის დაპირებებს.
„ჩვენ გამოვფენთ ბანერებს, სადაც აღბეჭდილი იქნება ბიძინა ივანიშვილის დაპირებული ასი ქარხანა და ის სოციალური პრობლემები იქნება ასახული, რომელიც არსებობს რეგიონში. კონკრეტულად ციხისძირში იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს არის სიმბოლური ადგილი, სადაც ივანიშვილს შევახსენებთ, რომ თუ როგორ ჰპირდებოდა დახმარებას იპოთეკით დაზარალებულ ოჯახებს, როგორ აპირებდა ასი ქარხნის აშენებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში და ა.შ მან ამის სანაცვლოდ დაიწყო ხეების თხრა და ამ პროცესში მთელი მთავრობა ჰყავს ჩართული“, – ამბობს რეზო ხარაზი.
რეზო ხარაზის თქმით, პერფორმანსზე ერთი ბანერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძესაც მიეძღვნება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან [02.06.2016-05.05.2017] დღემდე, გადასახადის 35 140 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 565 577 719 ლარი.
დავალიანება ჩამოეწერათ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით:
აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი – 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
[checklist]
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი).
[/checklist]
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში.
ჩამოწერის პროცესი გრძელდება.
ამ ცვლილებამდე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 2016 წლის 2 ივნისამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმა“ დამტკიცდა. ბრძანების მიხედვით, „საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს, გაიცემა ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო, ამავე გვერდის ცენტრში კი არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში.
ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.
გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე – www.sda.gov.ge (დანართი).“.
მინისტრის ბრძანება, რომელსაც ხელს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე აწერს, მიმდინარე წლის 11 მაისიდან ამოქმედდა.
2017 წლის 26 მაისს გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმა
მერისის ხეობაში მდებარე სოფელ გარეტყეში ცოლ-ქმარი – ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ამ ცოლ-ქმრის თანაცხოვრების ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ ისინი ერთად 76 წელია ცხოვრობენ. მათ 162 შთამომავალი ჰყავთ – 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი.
უხუცესი აჭარელი წყვილის თანაცხოვრების ისტორიით საქართველოს რეკორდების ფედერაციაც დაინტერესდა. როგორც ზექიეს და ხუსეინის ერთ-ერთი შვილი, იასონ თურმანიძე ამბობს, რამდენიმე დღის წინ ოჯახს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სოფელში ჩასვლას აპირებენ. მათ ჩასვლამდე კი თურმანიძეების საგვარეულო 14 მაისს ერთად შეკრებას და საოჯახო ფოტოების გადაღებას გეგმავს.
„დამიკავშირდნენ და მთხოვეს ქორწინების მოწმობა გადაგვეგზავნა, რაც საარქივო მასალებში ვიპოვეთ და გადავუზავნეთ, როგორც მაცნობეს, 17 მაისს აპირებენ ჩვენთან ჩამოსვლას და ჩემი მშობლების გინესის წიგნში შეყვანას,“ – ამბობს იასონ თურმანიძე.
საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, მათი მონაცემებით, ქედელი ცოლ-ქმარი საქართველოში ყველაზე დიდი ხანია ერთად ცხოვრობს ქორწინებაში. რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, ქორწინებაში თანაცხოვრების რეკორდი ამჟამად 86 წელია.
ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები
ზექიე დუმბაძე სოფელ მეძიბნაში 1920 წელს დაიბადა, მას შემდეგ რაც გათხოვდა, ქმრის გვარზე გადავიდა.
„20 წლის ვიყავი, როდესაც მაჭანკლის გარიგებით მოვიყვანე ზექიე, მაშინ 19 წლის იყო, მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ, ერთად მოგვაქვს ჭაპანი,“ – ამბობს ხუსეინ თურმანიძე.
ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახის ისტორია 1941 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც სამამულო ომს სოფლებში შიმშილი მოჰყვა.
ზექიე გარეტყეში მეზობელი სოფლიდან გამოთხოვდა. იგი ძველ, ტრადიცულ აჭარულ ქორწილს იხსენებს:
„მაშინ მანქანა და კარგი ცხოვრება სად იყო, ცხენით წამომიყვანეს დედოფალი, ექვსი ცხენი იყო სულ, ერთზე მე ვიყავი, მეორეზე ჩემი მეჯვარე, სოფლის გზაზე ცხენებით ერთი მეორეს მოყოლებით ჩამწკრივებული მოვდიოდით. მაშინ ქორწილი ღამით იწყებოდა და მეორე დღესაც გრძელდებოდა, იმ დროს ცხენი ყველა სოფელში ჰყავდათ, როცა გოგო თხოვდებოდა ან ბიჭი ქორწინდებოდა, მეზობლები ერთმანეთისგან დროებით თხოულობდნენ ცხენს,“ – იხსენებს ზექიე.
ოჯახის შექმნიდან მოკლე ხანში შომშილობა დაიწყო. ცხოვრება ისე გაჭირდა, რომ მჭადის მომზადების რეცეპტიც კი შეიცვალა:
„როცა გამოვთხოვდი, იმ წლის ზაფხულში დიდი თოვლი მოვიდა, სიმინდი იყო, ლობიო თუ სხვა ბოსტნეული, რასაც ვრგავდით, ყველაფერი გაგვინადგურდა, თოვლმა დატეხა. გაუსაძლისი შიმშილობა იყო, სიმინდი არ იყო იმდენი, რომ მთელი ზამთარი ოჯახებს თავი გაგვეტანა. სოფლებში ხმა გავრცელდა, რომ წიფლის ქერქი იფქვევა და სიმინდის ფქვილთან ერთად ცხვებაო. ყველა ტყეში გადიოდა ქერქის მოსატანად, მჭადის ფქვილსა და წიფლის დაქფულ ქერქს ერთმანეთში ვურევდი და იმას ვაცხობდი მჭადად. წიფლის ქერქის ჭამა ბევრმა ვერ აიტანა, მაშინ ბევრი ხალხი დაიხოცა სოფელში. ქერქი რომ ვეღარ ავიტანეთ, მერე მჭადის ფქვილში კარტოფილისა და ხაპის [გოგრა] შერევა დავიწყეთ, საშინელი წლები გამოვიარეთ,“ – გვიყვება ზექიე თურმანიძე.
ზექიე ახლა 97 წლისაა. მას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც სოფლად მცხოვრები ქალები მხოლოდ ქალების სკოლაში დადიოდნენ სასწავლებლად, ხოლო ბიჭებისთვის ცალკე სკოლა ფუნქციონირებდა. იგი იმ დროსაც იხსენებს, როდესაც აჭარის სოფლებში უხუცესები ჩადრით დადიოდნენ.
„მე ახალგაზრდა ვიყავი და არც მე და არც სხვა ახალგაზრდები ჩადრს არ ვიხურავდით, მაგრამ უხუცესები სადმე რომ წავიდოდნენ, ჩადრში გაეხვეოდნენ, ასეთი წესი იყო მაშინ, ახლა უფრო კარგი დროა. მხოლოდ ოთხი წელი ვისწავლე, მეზობლის სახლის ერთ ოთახში იყო სკოლა, ბავშვებთან ერთად წერა-კითხვის სასწავლად ქალებიც დადიოდნენ. ოთხი კლასი ვისწავლე და სკოლიდან გამომიყვანეს, სახლში ბევრი საქმე იყო და ოჯახს უნდა დავხმარებოდი. სულ რვა დედმამიშვილი ვიყავით, მაგრამ რადგანაც მე უფროსი ვიყავი, ყველა საქმე მე მიწევდა“ – ამბობს ზექიე.
„მე დაწყებითი სკოლა აქ რომ დავამთავრე, მერე სოფლიდან 5 კილომეტრში, მერისის სკოლაში გადავედი სასწავლებლად. დღეში 10 კილომეტრის გავლა გვიწევდა ბავშვებს, ცუდი დრო იყო, მაშინ არც გზა იყო, არც შუქი და წყალი, მახსოვს სოფელში გზა რომ გამოვიყვანეთ და პირველად მანქანა რომ ამოვიდა, მერისელებმა მანქანით ამოსულ სტუმარს პატივი სცეს, დიდი საქმე გააკეთე, მანქანით ამოხვედიო… ვმუშაობდით ძალიან ბევრს, დილას ზოგჯერ ისე ადრე გავდიოდით ყანებში სამუშაოდ, რომ გზას ვერ ვხედავდით, საქმე რომ მოგვესწრო, მთვარის შუქზეც კი ვმუშაობდით“ – იხსენებს ხუსეინ თურმანიძე.
„ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ პირველი შვილი გოგო შეგვეძინა, პირველი გოგოს ხუთი გოგო მოჰყვა, მაგრამ ამაზე დედამთილი არ გაბრაზებულა, მაშინ ქალს ბიჭი თუ არ შეეძინებოდა, დედამთილები უბრაზდებოდნენ, ოჯახში გვარის გამგრძელებელი აუცილებლად უნდა გაჩენილიყო, მაგრამ ჩემს დედამთილს ეს არასდროს უხსენებია, არასდროს არ გაბრაზეულა, ცხვირი ჩემთვის არ აუწევია, ბოლოს ღმერთმა მეც მომცა ბიჭი, მეექვსე შვილი ბიჭი გაგვიჩნდა, ბიჭის შემდეგ კი ისევ გოგონა დაიბადა,“ – მიყვება ზექიე.
ცოლ-ქმარს ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ზექიეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ხელჯოხის დახმარებით სახლში მხოლოდ ოთახიდან ოთახში გადაადგილდება, ამბობს, რომ ხშირად წნევებიც აწუხებს. ტკივილი აწუხებს მის ქმარსაც. ხუსეინმა ერთი წლის წინ მხედველობა დაკარგა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
„მალე 100 წლის გავხდებით. მართალია, წნევა მაწუხებს, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ამდენი ვართ, გაზეთების კითხვა ძალიან მიყვარდა, სულ ვკითხულობდი, მაგრამ ახლა საერთოდ ვეღარ ვხედავ და უმეტესად ვწევარ,“ – ამბობს ხუსეინი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბათუმში დაკარგული 13 წლის მოზარდი, რომელიც სახლიდან გუშინ დღის 12 საათზე გავიდა და გაუჩინარდა, დღეს პოლიციამ ბათუმშივე იპოვა. „მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ახლა სახლშია“ – გვითხრეს შს სამინისტროში.