მთავარი,სიახლეები

„აისეკის“ კონკურსის სამი გამარჯვებული ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრება

05.05.2017 • 3410
„აისეკის“ კონკურსის სამი გამარჯვებული ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრება

ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „აისეკი“ [AIESEC]  წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სამ სტუდენტს – კახა გურგენიძეს, სოფიკო მალაყმაძესა და ია ბაკურიძეს  მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობას დაუფინანსებს.

პროექტი „აისეკის“ ინიციატივით ხორციელდება, რომელიც საუკეთესო სტუდენტების სხვა ქვეყნაში ცხოვრებას აფინანსებას,  მგზავრობის ღირებულების გარდა.

სოფო ექვსი კვირით აზერბაიჯანში გაემგზავრება, კახა და ია კი – პოლონეთში აპირებენ გამგზავრებას.  მათ ამ ქვეყნებში „აისეკის“ პროექტის – Quality Education – სამი მიმართულებიდან  ერთ-ერთი უნდა აირჩიონ: english club, რომლის მთავარი ამოცანა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უცხოელი მოხალისეების მიერ ინგლისური ენის სწავლებაა, human rights – პრეზინტაციებისა და სემინარების გამართვა ადამიანს უფლებების დაცვის თემებზე, (ქალთა ძალადობა, ბავშვთა ძალადობა და ა.შ.) და kindergarten – საბავშვო ბაღებში ინგლისური ენის პოპულარიზება სხვადასხვა სახის თამაშებისა და აქტივობის გზით.

კანდიდატების კონკურსში 50 სტუდენტი მონაწილეობდა და მათგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. არჩევისას მთავარ კრიტერიუმებს ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე, აქტური სტუდენტური ცხოვრება და ლიდერული უნარ-ჩვევები წარმოადგენდა.

პროექტში მონაწილეობა ფასიანია და  ევროპაში – 600 ლარი, აზიაში კი 400 ლარი ღირს,  თუმცა ბათუმში კონკურსის შედგად გამარჯვებული სტუდენტები თანხას არ გადაიხდიან.

„აისეკის“  მოხალისეობრივი პროგრამის მიზანია უცხო ქვეყანაში ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქვეყნის წარდგენა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით კულტურათშორისი დიალოგი აქტივისტებს შორის. ორგანიზაციის ყველაზე დიდი პარტნიორი არის გაერო.

ამჟამად საქართველოში „აისეკის“ ოთხი კომიტეტი არსებობს: ორი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც – ბათუმში. ბათუმის კომიტეტი 2013 წელს დაარსდა. ამჟამად კომიტეტში 22 წევრია, მათ შორს კომიტეტის პრეზიდენტი მარიამ მამულაძე და მისი მოადგილეები: ლელა მუკუტაძე და იმედა საფარიძე.

ბათუმის „აისეკს“ გაფორმებული აქვს მემორანდუმი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან და საზღვაო აკადემიასთან. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები არ იხდიან ორგანიზაციაში გაწევრიანების საფასურს, ასევე, სხვადასხვა პროექტში ფასდაკლებით სარგებლობენ. წელს საზღვაო აკადემიის თვითმმართველობამ მემორანდუმის საფუძველზე ათი სტუდენტი დააფინანსა უცხოეთში გასამგზავრებლად.

„აისეკის“ ბათუმის კომიტეტის პრეზიდენტის, მარია მამულაძის თქმით, ამჟამად კომიტეტი აქტიურად იღებს უცხოელი სტუდენტების აპლიკაციების. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ძირითადად ეგვიპტელ, უკრაინელ, ესპანელ, თურქ და იტალიელ ახალგაზრდებს აქვთ. წელს ამ სიას დიდი ბრიტანეთი და აშშ-ც დაემატა. მარიას თქმით, კანდიდატების არჩევისას ყურადღება აპლიკანტის მონაცემებზეა გამახვილებული: „ვცდილობთ,  მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანოთ, რათა კულტურათა მრავალფეროვნება შეიქმნას“.

ჩამოსული აპლიკანტები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ან მასპინძელ ოჯახში.

მოხალისეობრივი პროგრამების გარდა, „აისეკში“ არსებობს სტაჟრების ანაზღაურებადი პროგრამებიც, რომლებშიც სტუდენტები დასაქმების მიზნით მონაწილეობენ. სტაჟირების პირობა უნივერსიტეტის დამთავრება, მრავალფეროვანი სამუშო გამოცდილება და ინგლისური ენის მაღალ დონეზე  ცოდნაა.

„აისეკი“ ჩამოყალიბდა 1948 წელს, ევროპელი სტუდენტების მიერ, რომელთა მთავარი მიზანი მსოფლიოში კულტურათა დაახლოება იყო. ორგანიზაციის ცნობით,  „აისეკი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 126-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ყოველწლიურად „აისეკი“ ახორციელებს 30 000-მდე პროექტს და ამავდროულად იგი აერთიანებს 72 000 წევრს, რომლებიც ამ პროექტებს უწევენ ორგანიზებას.

ორგანიზაცია საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: