მთავარი,სიახლეები

კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 38 მილიონით გაუზარდეს

05.05.2017 • 2806
კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 38 მილიონით გაუზარდეს

4 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ლარს, ნაცვლად 12 მილიონი ლარისა.

2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა კი უნდა შეადგენდეს:

[checklist]

  • არანაკლებ 12 მილიონ ლარს 2017 წლის 30 დეკემბრამდე;
  • არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის;
  • არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის;
  • არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის.

[/checklist]

საზედამხედველო კაპიტალის ზრდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით.

„აღნიშნული ცვლილების მიზანია დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნისა და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს. ცვლილება მხარდაჭერილ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა – 12 მილიონი ლარი, ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს 2006 წელს დადგინდა.


ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკის კაპიტალი ბანკისათვის არის საბანკო საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, ბანკის ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო. ბანკის კაპიტალი საშუალებას აძლევს დაწესებულებას გააფართოვოს საბანკო ოპერაციები და ამასთანავე, გაუმკლავდეს მოსალოდნელ და მოულოდნელ ფინანსურ დანაკარგებს. საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისა და სისტემური რისკების მინიმიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისთვის დაწესებულია მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა.

„ფუნქციონირების დაწყებამდე ბანკს უნდა ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი. ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მაჩვენებელი გამოიყენება ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისას, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია ბანკს გაუმკლავდეს საკრედიტო, საოპერაციო რისკებს და რამდენადაა შემცირებული მეანაბრეთა დანაკარგების რისკები. აღსანიშნავია, რომ ბანკის გაფართოებასთან ერთად, როდესაც ხდება მისი მთლიანი აქტივების ზრდა, გაიზრდება კაპიტალის მინიმალური მოთხოვნებიც“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2008 წელს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო ეროვნულ ბანკს და საბანკო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. 2009 წელს კი აღნიშნული ორგანო კვლავ ეროვნულ ბანკს შეუერთდა და დაუბრუნა მას საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: