მთავარი,სიახლეები

უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

28.04.2017 • 2578
უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

ააიპ „ბათუმის კორპუსი“ უსაფუძვლო გამდიდრებას ედავება საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ. ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“, აღნიშნული პირების სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო.

ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებს იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღეს ორი თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო სასამართლო პროცესების მოგების შემდეგ – განაცდური, მათ შორის, იმ ორი თვისაც, რაზეც კომპენსაცია უკვე გაცემული იყო.

„ასე მოხდა, რადგან განაცდურის ანაზღაურების ვადად სასამართლომ განსაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლების დრო,“ – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში „ბათუმის კორპუსიდან“ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულების ინტერესებს იცავს.

ლაშა კილაბერია, თომა ხალვაში და ირაკლი მექვაბიშვილიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

სასამართლო პროცესზე ლაშა კილაბერიამ და ირაკლი მექვაბიშვილმა საბანკო ამონაწერები წარმოადგინეს. „ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ არათუ გამდიდრდნენ ეს ადამიანები, არამედ სამსახურიდან გათავისუფლებამ ისინი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა,“ – მიმართა მოსამართლეს ნინო სიორიძემ.

გათავისუფლებული პირები სამსახურში 2016 წლის თებერვალში აღადგინეს. რატომ აღმოაჩინა „ბათუმი კორპუსმა“ უსაფუძვლო გამდიდრება ნახევარი წლის შემდეგ, როცა სარჩელით სასამართლოს მიმართა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე „ბათუმის კორპუსის“ იურისტმა, ზაზა ვარშანიძემ ასე გვიპასუხა: „ეს არ ვიცი ზუსტად. მგონი, იურისტი არ ჰყავდათ მანამდე და იმიტომ არ გაასაჩივრეს“.

გასული წლის ივლისში შეტანილი სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს დაიწყო.

თუკი სასამართლო უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს დაადგენს, სამივე პირმა კომპენსაციის სახით აღებული თანხა „ბათუმის კორპუსს“ უკან უნდა დაუბრუნოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: