მთავარი,სიახლეები

რა იცვლება აჭარის კონსტიტუციაში

06.05.2017 • 2965
რა იცვლება აჭარის კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში იცვლება კონსტიტუციური კანონიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ კანონის ცვლილებიდან 6 თვეში აჭარას ახალი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს. „აჭარის კონსტიტუცია“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  აჭარის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, ანუ დაახლოებით წლის ბოლოს.

„ჯერ არ ვიცით, რა შეიცვლება სახალხო განხილვების დროს, ასევე საპარლამენტო მოსმენების ეტაპზე. შესაბამისად, საბოლოოდ რა სახე მიეცემა კონსტიტუციურ კანონს აჭარის ავტონომიის შესახებ, უცნობია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ ნაწილში კომისიის შემადგენლობიდან არავის ჰქონია შენიშვნა, მათ შორის, არც ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს,“- აღნიშნავს დავით გაბაიძე.

რა იცვლება კონკრეტულად აჭარაში საკონსტიტუციო ცვლილებით? – დავით გაბაიძის მტკიცებით, ზოგადად, უმჯობესდება თვითმმართველობის ხარისხი: „მთავარი არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუკი კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირება მოხდება აჭარაზე, ამას მოჰყვება შესაბამისი ფინანსური რესურსი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ უფლებამოსილებების გაზრდაზე, მაგრამ რა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ რეალურად გავაკეთოთ საქმე, ამაზე საუბარი არ გვინდა. მაგალითად, შესაძლოა გვითხრან, რომ მთლიანად ჩვენი უფლებამოსილებაა ეკომიგრანტების საკითხი, მაგრამ რამდენად აქვს რეგიონს იმის რესურსი, რომ ყველა ეკომიგრანტის უფლებამოსილება დააკმაყოფილოს“.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ არის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებული უფლებამოსილება, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზივი.

დავით გაბაიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტი არსებულისგან განსხვავებით, მხოლოდ ხუთ მუხლს მოიცავს და განსაზღვრავს ფუძემდებლურ პრინციპებს. „ეს მოგვცემს საშუალებას, რომ „აჭარის კონსტიტუციაში“  დეტალურად უფლებამოსილებები გაიწეროს. აქამდე იმდენად ვრცელი იყო კონსტიტუციური კანონი, რომ ცალკე კონსტიტუციაში ვეღარაფერს ჩაწერდი. ფაქტობრივად, სტატუსის შესახებ კანონი და კონსტიტუცია ერთი და იგივეაო, ბევრი აღნიშნავდა… ერთია, განსაკუთრებული უფლებამოსილება და მეორე – დელეგირებული. მე მივიღე პირობა, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ, ჩვენ ძალიან ბევრი უფლებამოსილების დელეგირებაზე შევთანხმდებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან,“ – ამბობს დავით გაბაიძე.

რამდენიმე საკითხიდან, რაც უკვე გათვალისწინებულია კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ – დავით გაბაიძე სახანძრო უსაფრთოხებისა და ადგილობრივი გზების საკითხებს ასახელებს. სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში უფლებამოსილება მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების ხელში გადადის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები კი, ავტონომიური მნიშვნელობის გახდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დავით გაბაიძემაც დაუჭირა მხარი. საუბრის დროს მან გვითხრა ისიც, რომ გარკვეულ საკითხებს არ დაეთანხმა, თუმცა კომპრომისზე წასვლა მოუწია.

„ვერც ერთი ცვლილება ვერ იქნება იდეალური. შესაძლოა, მე რასაც არ ვეთანხმები, არც ის იყოს ჭეშმარიტება… ვერ გეტყვით, რას არ ვეთანხმები, რადგან მე ამ დოკუმენტს მხარი დავუჭირე და საბოლოოდ, კომპრომისების ხარჯზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი წამოვიღე, ასე მგონია. თავის დროზე ძალიან ბევრი ვეცადე, მოეწოდებინათ მოსაზრებები, რა უნდა შეცვლილიყო კონსტიტუციაში, რეგიონში სხვადასხვა ჯგუფს ცალ-ცალკე შევხდი, მაგრამ ასლან ლორთქიფანიძის გარდა არავის წარმოუდგენია წერილობითი მოსაზრება,“ – გვითხრა დავით გაბაიძემ.

საკონსტიტუციო კომისიაში აჭარიდან დავით გაბაიძის გარდა, მუშაობდა ზურაბ პატარაძეც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: