გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დღეს გონიოს სანაპიროზე დელფინის გამორიყვის კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა.
დეპარტამენტმა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის სულ 27 შემთხვევა დააფიქსირა.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე ამავე პერიოდში მინიმუმ 10 დელფინია გამორიყული.
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან, ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს.
დელფინების სიკვდილისა და გამორიყვის ძირითად მიზეზად ის დაავადებები მიიჩნევა, რომლებიც ზღვის დაბინძურებით არის გამოწვეული.
2017-2018 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსთან დაკავშირებით, დღეს, 11 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
„სასტიპენდიო პროგრამების მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება“.
სამიზნე ჯგუფს ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ელექტრონული განაცხადები 2017 წლის 28 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე) მიიღება.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 -2017 წლებში 341 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად.
განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.
„ეს მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა, ხათუნა ბოლქვაძის მეუღლე პოლიციელია,“ – ამის თქმა მერაბ ღოღობერიძემ მოასწრო, ვიდრე ბადრაგირების სამსახური მას სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 11 მაისს, მერაბ ღოღობერიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდგინა და ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა დააკისრა.
მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმავე საღამოს, მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი „11 მარტის აქციის საქმეზე” – მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის. ამ საქმეზე წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს დღევანდელ პროცესზე უნდა გაერკვია, რამდენად ჰქონდა ადგილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას, რის გამოც ღოღობერიძე 23 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პატრულის თანამშრომლების სულხან ხახუტაიშვილის და მეგი ხუნწელიას ჩვენებით, მერაბ ღოღობერიძე ავტომანქანაში მძღოლის, მალხაზ ბოლქვაძის გვერდით ღვედის გარეშე იჯდა.
„ჩვენ დავაჯარიმეთ მძღოლი, რადგან მგზავრს ამ შემთხვევაში არ მოეთხოვება პასუხი. მერაბმა არ მოგვცა საშუალება შეგვედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გავსაუბრებოდით მძღოლს. ამის გამო დავაკავეთ მერაბ ღოღობერიძე,“ – განუმარტა მოსამართლეს პოლიციელმა სულხან ხახუტაიშვილმა.
„რაში გამოიხატა კონკრეტულად ხელის შეშლა?“ – ჰკითხა პატრულის თანამშრომელს, მეგი ხუნწელიას ადვოკატმა პაატა შავაძემ. მეგიმ მას უპასუხა, რომ მძღოლის, მალხაზ ბოლქვაძის მართვის მოწმობა იყო წლების წინ გაცემული და იგი ბაზაში მარტივად არ მოიძებნა: „მინდოდა დამერეკა და გამერკვია მართვის მოწმობის საკითხი, მაგრამ ხმაურის გამო შემეშალა ხელი“.
„გვერდით რომ გასულიყავით და დაგერეკათ, ან მანქანიდან, სადაც ოქმს ადგენდით, რატომ იყო პრობლემა?“ -დაინტერესდა ადვოკატი.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა მუხლზე, რის დარღვევასაც მერაბ ღოღობერიძეს ედავებიან. მისი შეფასებით, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტი ამ შემთხვევიდან არ იკვეთება.
სასამართლოში აჩვენეს პოლიციელის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც არ ჩანს მერაბ ღოღობერიძეს ღვედი ეკეთა თუ არა. კადრებში ჩანს ის, რომ მერაბ ღოღობერიძე დაჟინებით და ხმამაღლა მოითხოვს პოლიციელის, სულხან ხახუტაიშვილისგან დარღვევის შესახებ მტკიცებულების წარმოდგენას. კადრებში არ ჩანს და არ ისმინება პოლიციელის მოთხოვნა, რის შესრულებაზეც მერაბ ღოღობერიძემ უარი თქვა. პოლიციელი ღოღობერიძეს დამშვიდებისკენ მოუწოდებს, რამდენიმე წუთში პოლიციის მანქანიდან გადმოდის მეგი ხუნწელია და ღოღობერიძეს ხელბორკილს ადებენ.
„განმიმარტეთ თუ არა დაკავების დროს ჩემი უფლებები? აქ ჩანს, კადრებიდან, რომ უფლებები არ განუმარტავთ…. ადვოკატსაც არ დამაკავშირეს, საათობით ვიხვეწებოდი. წამიყვანეს პოლიციის სამმართველოს ეზოში და სამრეცხაოსთან წამიკითხეს უფლებები კახა ბუხრაძის მოადგილეებმა. როდის იყო რიგით ადმინიტსრაციულ დაკავებაზე ბუხრაძის მოადგილეები ერთვებოდნენ,“ – აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ეს ვიდეოჩანაწერიც ნახა, თუმცა მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, კადრებიდან ამოღებული იყო ის მონაკვეთი, სადაც ის ადვოკატთან დაკავშირებას ითხოვს და უარს ეუბნებიან.
სასამართლომ მოისმინა მალხაზ ბოლქვაძის – მძღოლის ჩვენებაც, ვის გვერდითაც მერაბ ღოღობერიძე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ ღოღობერიძეს ღვედი ეკეთა და პოლიციელები გაჩერებულ მანქანასთან პირდაპირ მერაბის მხრიდან მივიდნენ და არა – მასთან.
პატრულის თანამშრომელს, მეგი ხუნწელიას მერაბ ღოღობერიძემ რამაზ ხიმშიაშვილის პროცესი გაახსენა, სადაც მეგის და მისი მეწყვილის, გია ხალვაშის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. საუბარია 11 მარტს, დღისით, მოქალაქე რამაზ ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვაზე, სადაც მოსამართლემ საქმისწარმოება შეწყვიტა და მოქალაქე გაამართლა.
„თქვენ ხართ ის პოლიციელი, რომლის გამოც გია ხალვაში პოლიციიდან გაუშვეს და თქვენ პირიქით, დაგაჯილდოვეს“, – მიმართა მეგი ხუნწელიას მერაბ ღოღობერიძემ. პოლიციელს ამ რეპლიკაზე პასუხი არ გაუცია.
„ბრავო, „ქართულ ოცნებას“, ბრავო, ხმამაღალა მისაუბრია და ამის გამო მსვამთ ციხეში, ამისთვის ვიბრძოდი?“ – თქვა მერაბ ღოღობერიძემ მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზში ვიდეოკადრების ჩვენება დასრულდა.
ბათუმში გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. სწორედ ასე აქვს გიორგი ერმაკოვს უარი დასაბუთებული, თავისივე ხელმოწერილ ბრძანებაში.
მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ კვარტალში განაშენიანება უკვე არსებული დომინირებული სახეობით – საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს.
გარდა ამისა, მერიის არგუმენტით მოთხოვნილი საპროექტო ობიექტის გაბარიტებისა და მოცულობის საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, მისი გაჩერების და სხვა თვალსაზრისით. რასაც გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში დარჩენილი ადგილი ვერ უზრუნვეყოფს.
უარის კიდევ ერთ მიზეზად ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევის მომზადებას ასახელებს. მერის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ამ გეგმის ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ზონისთვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებები და სხვა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ უარი უთხრა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
მერის ბრძანება ბათუმში მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 5 მაისით თარიღდება.
არსებული პრაქტიკით, ბათუმში, მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში ათეულობით საკულტო ნაგებობაა, ძირითადად მართლმადიდებლური ეკლესიებია განთავსებული. მათ შორის რამდენიმე სწორედ გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში აშენდა.
„ბათუმელების“ კითხვებზე:
რატომ არ ამბობს მერია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში ეკლესიების მშენებლობაზე უარს იმავე მოტივით?
რატომ არ გახდა უარის თქმის საფუძველი პარკინგისთვის ადგილის გაუთვალისწინებლობა ბათუმში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაში?
რატომ არ უშლის ხელს მერიას გენგეგმის არარსებობა სხვა პროექტებთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვების გაცემისას?
მერიაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
საინიციატივო ჯგუფი – „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 2 ადამიანი დაჯარიმდა. ორივე მათგანი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია დღეს, 11 მაისს.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 23 აპრილს დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა დღეს, 11 მაისს, განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მერაბ ღოღობერიძე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა.
მერაბ ღოღობერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა სასამართლოს 24 აპრილს უნდა განეხილა, თუმცა სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა მერაბ ღოღობერიძე არ წარმოადგინეს. იმ დღეს პოლიციელმა ვერ უთხრა მოსამართლეს, რის გამო მოვიდა პროცესზე დაკავებულის გარეშე. ინფორმაცია არც მერაბ ღოღობერიძის ადვოკატს ჰქონდა.
მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს ავტომანქანით მოძრაობის დროს, ღვედის არქონის გამო შეაჩერეს, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმავე საღამოს მერაბ ღოღობერიძეს სისხლის სამართლის წესით მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალი წაუყენეს. მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის საპროტესტო აქციის ორგანიზებას ედავება. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ბათუმში 13 წლის გოგონას, ა.ტ.-ს ეძებენ. მისი ოჯახის წევრები იუწყებიან, იგი გუშინ, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან ეზოში და როგორც გოგონას დეიდა ამბობს, მას შემდეგ არავის უნახავს.
გოგონას დეიდა ამბობს, რომ სახლიდან გასვლისას მას ეცვა შავი ფერის, მუხლებზე დახეული შარვალი, თეთრი/მოვარდისფრო ზედა, ლურჯი ფერის ჟაკეტი და ბოტასები. გოგონას აქვს მუქი ფერის გრძელი, სწორი თმა. გოგონა არის გამხდარი და საშუალო სიმაღლის.
დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია. იგი ბოლო დღეები გაცივებული იყო და რამდენიმე დღე სკოლაში არ უვლია.
შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ შეტყობინება არასრულწლოვანი გოგონას დაკარგვის შესახებ მათთან დღეს დილით შევიდა და ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 555 23 13 03.
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, რამდენიმე წუთის წინ ბათუმი-ხულოს მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთთან მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები არ არიან.
„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს ინფორმაციით „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის აღენიშნებოდა; ფაქტზე აღიძრა საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით“.
გზაზე ოთხი კაცი მოდის დაღლილი ნაბიჯებით, მხარზე თხილამურები აქვთ გადებული. ისინი ქვედა თხილვანას გუშაგები არიან. დილიდან გადიან სოფლიდან ორ კილომეტრს და კიდევ უფრო მოშორებით არსებულ მთას უცქერიან. მთას ნაპრალები ემჩნევა და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. თუ მთის ფერდობი, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასა, დაიძვრება, გუშაგებმა სოფელს უნდა შეატყობინონ, რომ მეწყერი მოდის და თავს უშველონ. უკვე ორი თვეზე მეტია ხულოს მუნიციპალტეტის სოფელი ქვედა თხილვანა ასე, მეწყრის შიშის ქვეშ ცხოვრობს.
ანზორ ქამადაძე დღეს გუშაგი იყო. ახლა დაბრუნდა სახლში, გათოშილი ღუმელს ეფიცხება და მიყვება, რომ მთას, რომელიც სოფელს ემუქრება, მოსახლეობა რიგრიგობით ყარაულობს.
„საგუშაგო სოფლიდან ორ კილომეტრშია, თხილამურების გარეშე იქ ასვლა შეუძლებელია, ახლა თოვლის საფარი დიდია, ორ მეტრს აჭარბებს. მიგვაქვს საჭმელ-სასმელი და ერთმანეთს ვანაცვლებთ, რთულია მთელი დღე, ან მთელი ღამე იქ გაჩერება, სიცივეა, მტაცებლების დასაფრთხობად და გასათბობად ცეცხლს ვანთებთ და შევცქერით მთას. თუ შევნიშნავთ, რომ დაიძვრება, ტელეფონებით უნდა ვუთხრათ სოფელს, რომ უსაფრთხო ადგილზე გაიქცნენ“.
საშიშროების მიუხედავად, თხილვანელები სოფელში რჩებიან. მათ შორის არიან მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც შეშინებული მშობლები თავდაპირველად სკოლაში არ უშვებდნენ. როდის დაიძვრება მეწყერი და მოასწრებენ თუ არა სოფლის მცხოვრებლები სამშვიდობოს გასვლას, ამაზე გეოლოგებს პასუხი არ აქვთ.
თხილვანელები მეწყერს დარაჯობენ.
მაყვალა ჯაიანის სახლი ზუსტად იმ მთის მოპირდაპირე მხარესაა, რომლის ჩამოშლასაც გეოლოგები ვარაუდობენ.
ჯაიანების ოჯახში 10 იანვრის შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ოთხი წლის ნიკო დედასთან ერთად დროებით ქალაქში, ნათესავთან გაუშვეს. ახლა ჯაიანები განსაკუთრებთ 21 წლის ინეზაზე ღელავენ, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს.
„მას შემდეგ, რაც მეწყრის ამბავი გავიგეთ, ინეზას წუთით აღარ ვტოვებთ, არ ესმის და საშიშროებასაც ვერ მიხვდება. წელს, 17 იანვარს, მიწისძვრა რომ მოხდა ხულოში, ჯერ ინეზას ჩავჭიდე ხელი და მერე ვიყვირე, რომ უნდა გავქცეულიყავით. ოთხი წლის ნიკა და მისი დედა ბათუმში გავუშვი, გულმა არ მიქნა, ბავშვი აქ დამეტოვებინა. ჩვენ რომ რამე მოგვივიდეს, ბავშვი მაინც გადარჩეს. გვეშინია არ წაგვლეკოს, როგორც ეს წაბლანაში მოხდა (1989 წლის 19 აპრილს მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა ხულოს ერთ-ერთ სოფელში, წაბლანაში – ავტორის შენიშვნა), როცა მეწყერმა 19 ოჯახი დამარხა“, – მიყვება მაყვალა.
სოფელ თხილვანას ორ ნაწილად ხევი ჰყოფს, რომელიც მალე თოვლის დნობისას მთიდან ჩამოსული წყლით აივსება. ხევის ერთ მხარეს 31 ოჯახი ცხოვრობს, მეორე მხარეს კი – ოთხი სახლია. ხევს იქეთ და ხევს აქეთ სოფელს ხის საცალფეხო ხიდი აკავშირებს, რომელსაც დამცავი ბადეებიც კი არ აქვს. სოფელში ამბობენ, რომ როცა თოვლი დნობას იწყებს, ხევში წყალი ადიდებულ მდინარესავით მოედინება და საცხოვრებელ სახლებთანაც კი აღწევს.
სახიფათო „ბეწვის ხიდს“ 25 წლის ნინო ქამაშიძე ყოველდღიურად გადის, ორი წელია მეზობელი სოფლის სკოლაში მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ნინოს მეწყრისა და ადიდებული მდინარის ძლიერი შიში ბავშვობიდან აქვს:
„ბებიას შეშინებული თვალები ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, პირველი ემოციები და შიში ამ ხევში მთიდან ჩამოსულმა წყალმა დამიტოვა. მახსოვს, ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ დაიძახა გავიქცეთო, ერთი ხელი ხელჯოხს ჩაჰკიდა, მეორე მე და ბაბუასთან ერთად სახლიდან გავიქეცით. ავედით ფერდობზე და რამდენიმე საათი იქ ვიყავით, ველოდებოდით მთიდან წყლის ჩამოცლას. ხმაური, ადიდებული მდინარე და ბებიას შეშინებული თვალები ახლაც მახსოვს“.
„ბეწვის ხიდი“. ეკა ბარამიძის ფოტო
როგორ დაიძრა მთა თხილვანაში
მთელი სოფელი რომ მეწყერმა შეიძლება წაიღოს, ამის შესახებ თხილვანაში 10 იანვარს გაიგეს. მაშინ რამდენიმე ოჯახს სოფელში სასმელი წყალი შეუწყდა და წყლის შესაკეთებლად, სოფლის თავში, მთაში ასულ თხილვანელებს მთა მორღვეული დახვდათ. 12 იანვარს თხილვანაში ასულმა გეოლოგებმა მოამზადეს დასკვნა, რის მიხედვითაც მეწყრული მასა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიძრას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობა მაღალი რისკის ზონაშია და მიზანშეწონილია მათი განსახლეობა.
68 წლის დავით ქამადაძე ამბობს, რომ მეწყრული პროცესები ქვედა თხილვანაში ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო.
„989 წელს დაიწყო პატარ-პატარა მეწყრები, რასაც სოფლიდან ოჯახების მიგრაცია მოჰყვა. წლების წინ ამ ხევის ადგილას პატარა მდინარე ჩამოდიოდა, სოფლის მეორე მხარეს ამ მდინარეზე გადებული ძელით გავდიოდით. ხევი თანდათან გაღრმავდა. მე სიარული მიჭირს, ამ ტყემლის ხეს ხომ ხედავ? თუ მეწყერი წამოვა, ალბათ, ამ ხემდე გასვლას მოვასწრებ მხოლოდ“, – ცრემლი ერევა დავითს და სახლიდან რამდენიმე მეტრში მდგარ ხეს მაჩვენებს.
ქვედა თხილვანაში მეწყრის გააქტიურებას 2005 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიც პროგნოზირებდნენ, რასაც მიგრაციის კიდევ ერთი ტალღა მოჰყვა; ქვედა თხილვანაში მიგრაციამ პიკს 2008-2009 წლებში მიაღწია, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ქვედა თხილვანიდან 50 ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ჩაასახლეს. თუმცა, სახელმწიფო პროგრამით ჩასახლებული 50 ეკომიგრანტიდან 20-ზე მეტი ოჯახი თხილვანაში დაბრუნდა. ისინი უკუმიგრაციის მიზეზად მარნეულში არსებულ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ არ ჰქონდათ სასმელი და სარწყავი წყალი, სახნავ-სათესი მიწები, გათბობა და ულუკმაპუროდ დარჩენას სიცოცხლისთვის საშიშ სოფელში დაბრუნება არჩიეს.
ბოლო მონაცემებით, ქვედა თხილვანაში 102 სახლი დგას, აქედან 38 დაკეტილია. სოფელში მხოლოდ 64 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 31 საშიში ხევის მიმდებარედ. სასწრაფო გასახლებას სწორედ ისინი საჭიროებენ.
რას ამბობენ გეოლოგები
2017 წლის 10 იანვარს ქვედა თხილვანაში განვითარებული მეწყრული პროცესები ორმა გეოლოგმა – მამუკა ფუტკარაძემ და ოსმან თურმანიძემ შეისწავლა. გეოლოგების დასკვნაში ვკითხულობთ:
„ხეობაში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები იმყოფება აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობის თუ წვიმის პერიოდში; პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ მეწყრულ-ღვარცოფული მასის დაძვრა მოსალოდნელია გაზაფხულამდეც, ნებისმიერ დროს. აღნიშნულის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“.
გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე ამბობს, რომ მეწყრული მასა, რომელიც მდინარის კალაპოტშია ჩახერგილი, აუცილებლად დაიძვრება:
„ყველაზე კარგ ვარიანტში ღვარცოფულმა მასამ უნდა გაიაროს მდინარის კალაპოტში, მაგრამ ცუდ ვარიანტში ეს მასა შეიძლება გადმოვიდეს კალაპოტიდან და წავიდეს საცხოვრებელი სახლებისკენ“.
გეოლოგის თქმით, მეწყერსაშიში კერების თვალსაზრისით, აჭარაში ყველაზე საშიში დასახლება ახლა სწორედ სოფელი ქვედა თხილვანაა. მეწყრული პროცესები საფრთხეს არ უქმნის მეზობელ სოფლებს – ბაკი-ბაკოს, ზედა თხილვანასა და მთისუბანს, რადგან ამ სოფლებში მცირე მეწყრული კერები, ძირითადად, მდინარის სანაპიროზეა, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს.
გეოლოგ ოსმან თურმანიძის განმარტებით, მეწყრულ პროცესებს მთიან აჭარაში ჭარბწყლიანობა, მიწისძვრები და გზების გაყვანა იწვევს.
„მთას, რომელიც სოფელს ახლა ემუქრება, ნიადაგი გამორეცხილი აქვს და ნელ-ნელა დაიძრა. მეწყრული პროცესების გაგრძელების ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რა სისწრაფით წამოვა მეწყერი. მასა დიდია, შეიძლება პროცესი ერთ, ორ ან სამ წელს გაგრძელდეს“, – ამბობს ოსმან თურმანიძე. რა იქნება სამი წლის შემდეგ, უსაფრთხო იქნება თუ არა სოფელში ცხოვრება – ამ კითხვაზე გეოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.
მეწყრული მასა ქვედა თხილვანაში
მთავრობის შეთავაზება
აჭარის მთავრობა მეწყრის განვითარებიდან დღემდე თხილვანელების განსახლებას ცდილობს. ხელისუფლებამ მოსახლეობას ჯერ სამი თვით საცხოვრებელი ბინების დაქირავება შესთავაზა, მათთვის საცხოვრებლის გადაცემის შესწავლის პირობით. ამ წინადადებას მოსახლეობა არ დათანხმდა.
მოგვიანებით აჭარის მთავრობა ქვემო თხილვანელებს ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში ბინებს დაჰპირდა, იმ პირობით, რომ მათ ქვემო თხილვანაში მიწის ნაკვეთები დარჩებოდათ საკუთრებაში. ამაზე მხოლოდ ორი ოჯახია თანახმა. მათგან ერთ-ერთი ქამადაძეების ექვსსულიანი ოჯახია. ქამადაძეებმა ჯერ არ იციან, როგორ უნდა ირჩინონ თავი სოციალურ სახლში, რადგან იქ გადასვლამდე იმ სამი ძროხის გაყიდვაც მოუწევთ, რომელთა რძის ნაწარმითაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იკვებება.
„ძროხებს იქ ვერ წავიყვანთ, იძულებული ვართ, გავყიდოთ. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ აქ, შიშით ცხოვრებას, ხულოს სოციალურ სახლში გადასვლა ჯობია“, – ამბობს ხათუნა ქამადაძე.
სოფელსა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი მამუკა ქამაშიძეს აქვს, გამგებლის წარმომადგენელს თხილვანის თემში. მამუკა თვითონაც ქვედა თხილვანაში ცხოვრობს და მას ეს პრობლემა ისევე აწუხებს და ეხება, როგორც სხვა ოჯახებს. მამუკა ოჯახთან ერთად სოფელში რჩება და მოვლენების შესახებ ინფორმაციას, ფოტოებთან ერთად, ყოველდღიურად ხულოს გამგეობასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის.
მთავრობის ბოლო შეთავაზება, რომელიც ამჟამად განიხილება, თხილვანელების ეკომიგრანტების პროექტში ჩართვაა. პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახი 25 000 ლარს მიიღებს. ასევე შეინარჩუნებენ სახლსა და სახნავ-სათეს მიწებს თხილვანაში.
თეიმურაზ ქამადაძე სოფელ ქვედა თხილვანის საჯარო სკოლაში საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას ასწავლის. თეიმურაზი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად 2009 წელს მარნეულში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ თხილვანაში ზუსტად ერთ თვეში დაბრუნდა. იგი ახლა სახლს ეძებს, რომ სახელმწიფო პროგრამით შეისყიდოს. ამბობს, რომ 25 000 ლარად ჯერ ვერაფერი იპოვა.
„ვითხოვდით, რომ 25 000 ლარი პირად ანგარიშზე ჩაგვრიცხოდა, რამდენიმე ოჯახი ერთად ავაშენებთ სახლს და ასე უფრო ნაკლები დაგვიჯდება. გვითხრეს, რომ პირად ანგარიშზე თანხა არ დაირიცხება. სოფელმა რამდენჯერმე განიცადა მიგრაცია, უკუმიგრაცია, მეც ამ პროცესის მონაწილე ვარ და აქედან ვეღარ წავალ, თუ ისევ იმ გაჭირვების გადატანა მომიხდება, რაც ერთხელ გადავიტანე. ვინც მეწყერთან არ ასულა და არ უნახავს ის საფრთხე, რაც გვემუქრება, ის მარტივად უყურებს ამ საკითხს. იქ ნანახზე ოჯახშიც კი არ ვსაუბრობთ“, – ამბობს თეიმურაზი.
მიუხედავად იმისა, რომ მეწყრის გააქტიურება ყოველდღეა მოსალოდნელი, აჭარის მთავრობას სოფლის განსახლება ორი თვის შემდეგაც არ დაუწყია.
„რეგისტრაცია გაიარა 105-მა ოჯახმა (მაშინ, როცა თხილვანაში 64 ოჯახი ცხოვრობს). მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც ბათუმში ფლობენ სახლს. მათი საბუთების დახარისხება, რეესტრში გადაგზავნა, დროს მოითხოვს. ამიტომ ვთავაზობდით სამი თვით ბინის ქირაობას, რადგან სამი თვეა საჭირო ამ ყველაფრისათვის. ერთ დღეშიც შეიძლება გააკეთო, მაგრამ შეიძლება ისეთი შეცდომა დავუშვათ, რომლის გამოსწორება გაგვიჭირდება,“ – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, მთავრობა დაეხმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთაც წინა წლებში სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართობი არ მიუღიათ.
რა პირობით ჩართავენ თხილვანელებს ეკომიგრანტების პროგრამაში? – ამ კითხვის პასუხად რამაზ ჯინჭარაძე ამბობს:
„ბენეფიციარსა და ხულოს გამგეობას შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომ არ მოხდეს შესყიდული სახლის გაყიდვა ან გასხვისება. თხილვანელებს სახლი და მიწა სოფელში შეუნარჩუნდებათ. მთავარია, ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გავიყვანოთ“.
სოფლის გზაზე. თებერვალი, 2017 წელი.
არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა და რეკომენდაციები
ხელისუფლების პოლიტიკას ეკომიგრაციის მიმართულებით კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“. ეს ორგანიზაცია ორი წლის მანძილზე სწავლობდა ამ საკითხს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ეკომიგრაციის მონიტორინგის სისტემას არ შეიმუშავებს, რამდენიმე წლის შემდეგ თხილვანას, შესაძლოა, ისევ ჰყავდეს უკუმიგრანტები, როგორც ეს მოხდა წინა წლებში და სტიქიის ხელახალი განვითარების შემთხვევაში ხელისუფლებას ისევ გამოსავლის ძიება მოუწიოს.
„თხილვანაში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მიღებული აქვს წინა წლებში. პრობლემა არის ის, რომ არავის შეუსწავლია, თუ რატომ ვერ დამკვიდრდა მოსახლეობა იქ. ეკომიგრანტისთვის სახლის ყიდვისას წინასწარ არ შეუსწავლიათ რისკები – შეძლებს ოჯახი ახალ გარემოში ადაპტირებას? რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მინიმალური საარსებო გარემო შეიქმნას? შეიძლება სახლი საცხოვრებლად მდგრადია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო იქ არ იცხოვრება? ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, უკუმიგრაციის რისკები შეისწავლონ. არ შეიძლება პროგრამა გააგრძელო ისე, რომ მასზე მონიტორინგი არ განახორციელო: საცხოვრებელი სახლები გარკვეული პირობით უნდა გადაეცეთ. მექანიზმია შესამუშავებელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ეკომიგრანტის დამკვიდრებას ახალ საცხოვრებელ გარემოში, მეორე მხრივ – მოქალაქეს აღარ დაუტოვებს განცდას, რომ 2-3 წლის მერე უკან დაბრუნდება. უკანდაბრუნება საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიზღუდოს“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.
სანამ აჭარის მთავრობა თხილვანელთა განსახლების დეტალებს ადგენს, მთებში თოვლი დნება და მეწყრული ზონა აქტიურდება. თხილვანაში ამბობენ, რომ გაზაფხულზე აჭარის მთაში ოჯახების მთავარი შემოსავლის წყაროს – კარტოფილის დათესვას გეგმავენ, მანამდე კი ყოველ დილას საღამომდე და ყოველ საღამოს – დილამდე, ქვედა თხილვანიდან რამდენიმე კაცი ორ კილომეტრს გადის ფეხით, მთაზე ადის, ცეცხლს ანთებს და სოფელს დარაჯობს.
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში.
განახლება: სოფელში დღემდე რჩება მოსახლეობა. ბოლო დღეებში თხილვანელები ამბობენ, რომ მეწყერის გააქტიურება სოფელში სულ უფრო შესამჩნევი ხდება.
ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იზრუნებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა დაუდასტურა.
ბათუმში სპეციალისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სააგენტომ უკვე აწარმოა მოლაპარაკებები ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან:
„ … მათგან გვჭირდება შეფასება, რომ მოვამზადოთ დასკვნა, თუ რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი და შემდეგ ვაწარმოოთ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.“
შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სააგენტო ფრესკების აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
სააგენტო სპეციალისტებს, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში ელოდება.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. კედლისა და სვეტების მოხატულობა ალაგ-ალაგ მოშლილია. – ამაზე „ბათუმელები“ 2014 წელსაც წერდა.
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. 2017 ფოტო: ლელა დუმბაძებათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი. ფოტო: ლელა დუმბაძე
მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული კათოლიკური ეკლესია 1989 წლიდან მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაშია და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გასული საუკუნის დასაწყისში სტეფანე ზუბალაშვილის შემწეობით აიგო და იგი იტალიელმა მხატვრებმა მოხატეს. ტაძარი კათოლიკე მრევლისათვის აიგო და ფრესკებიც, შესაბამისად, კათოლიკური ეკლესიისათვის არის დამახასიათებელი.
27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე.
ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი.
პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ 20:00 საათზე გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალშიც გაიმართება.
27 მაისს, 21 საათზე, აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ასევე იგეგმება ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ნორჩ ლაურეატთა კონცერტი, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდება.
ამავე დღეს იგეგმება ფრანკ მაისლერის ნამუშევრების გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, ასევე, გალერეის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის დეკორირება.
აქცია – „ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი ღამის პირველ საათამდე დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი – ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
აქციას – „ღამე მუზეუმში“ საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.
„სანდასუფთავების“ სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, სიგარეტის ნამწვის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 25 სანაგვე ურნა დაიწვა. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 600 ლარია.
„სანდასუფთავების“ სამსახურის უფროსის, დავით ასამბაძის ინფორმაციით, ურნების დაწვით მიყენებული ზარალი 15 ათასი ლარია.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 115 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული გარე რეკლამისთვის ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა შესაბამისი ტენდერი, რომელიც 17 მაისს უნდა დასრულდეს.
დოკუმენტების მიხედვით სარეკლამო კამპანია მოიცავს:
[checklist]
„არანაკლებ 10 ბილბორდის, 2 კედლის კონსტრუქციის და ერთი ხიდისებური კონსტრუქციის ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებას. კერძოდ: არანაკლებ 5 ლოკაცია ქობულეთში (მ.შ. ერთი ხიდისებური კონსტრუქცია), ერთი მაინც უნდა იყოს ქობულეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურთან, ერთი ციხისძირში.
არანაკლებ 8 კონსტრუქცია (მ.შ. ერთი კედლის კონსტრუქცია) უნდა იყოს ქალაქ ბათუმში, ერთი ქალაქის შემოსასვლელში, არანაკლებ ორი აეროპორტსა და პორტში.
ყველა ბილბორდი ან მსგავსი კონსტრუქცია უნდა იყოს განთავსებული საავტომობილო გზასთან ახლოს, ავტომანქანებისა და ფეხით მოსიარულეთათვის დასათვალიერებელ ადგილას.
ყველა ბილბორდი უნდა იყოს არანაკლებ 18 კვ/მ. კედლის კონსტრუქცია ქობულეთში უნდა იყოს არანაკლებ 35 კვ/მ, ხოლო ბათუმში – არანაკლებ 100 კვ/მ. ხიდისებური კონსტრუქცია უნდა იყოს არანაკლებ 40 კვ/მ.
ბილბორდების ნახევარზე მეტი უნდა იყოს 2 ან მეტგვერდიანი, ხიდისებური კონსტრუქცია უნდა იყოს 2-გვერდიანი.
მიმწოდებელი ვალდებულია თითოეული ლოკაცია უზრუნველყოს განათებით“.
[/checklist]
მომსახურების გაწევის ვადაა 2017 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს.
„მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების ნაპირზე გამოყვანას ვეღარ ახერხებდა. მგზავრების ევაკუაცია განახორციელა 10-მა მეხანძრე-მაშველმა, მიკროავტობუსი კი ადიდებული მდინარიდან სააგენტოს მძიმე ტექნიკით გამოიყვანეს,“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ.
ხულოს სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ გზაზე ხშირია წყალმოვარდნები, განსაკუთრებით წლის ამ დროს, როცა თოვლი დნება. ამ გზაზე მორიგეობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკაც, რომელიც ადრე დილით, როცა ეს შემთხვევა მოხდა, ადგილზე არ იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ გზების დეპარტამენტის ტრაქტორი ეხმარება ხშირად წყალმოვარდნის დროს მდინარეში გაჩერებულ ტრანსპორტს.
როდის გაკეთდება ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთი – ზუსტი პასუხი გზების დეპარტამენტში ვერ მოგვცეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიხარულიძემ გვითხრა, რომ ხულო-გოდერძის მიმართულებით გზის აღდგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება გზის კეთილმოწყობა გოდერძიდან ადიგენამდე. ამ მიმართულებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2017 წლის 30 მაისს სრულდება.
ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება.
აჭარის მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის სულ 56 ცენტრია, რომელთაგან 30-ს 2014 წლიდან 2016 წლამდე პროგრამის „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში გადაეცათ მაღალი გამავლობის ავტომანქანები.
ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასს, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები აფინანსებენ.
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პაატა დუმბაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი სამსახური, კერძოდ, მისი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად დანიშვნა გახდა.
„თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც 2014 წლამდე, ვიდრე ის ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2014 წლიდან და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მუშაობს.
მოსამართლეობამდე ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში მან 2007 წელს ჩააბარა.
კანონის შესაბამისად, 2013 წლიდან მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ უნდა გამწესდეს თუ არა. პირველი მოსამართლე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც უვადოდ დანიშნეს, გოჩა ფუტკარაძე იყო. მისი უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ გასული წლის ოქტომბერში მიიღო.
შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ, დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაკა მაკარაძე დღეს დანიშნა.
კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და აპირებს სასამართლოს მიმართოს.
„უსამართლოდ გამათავისუფლეს, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, ძალიან აბსურდული და ჭორების დონეზე მიღებული ინფორმაცია ჩამიწერეს ბრძანებაში. ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ ქსელში დაწერილი ჩემი სტატუსია ნახსენები, სხვა მიზეზად კი წერია, რომ 3 მაისს სამსახურში არ ვიმყოფებოდი, რაც სიცრუეა.
სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე სტატუსი „ეხლა კი დროა გავიდე ღია ფანჯარაში, რომ შეიძლება იყოს გვიან“. გამგებელმა დამირეკა და მითხრა ეს სტატუსი წამეშალა, რადგანაც მისი თქმით, მთელი შუახევი იფიქრებდა არ ვმუშაობდი და დასაქმებას მოსთხოვდა მას. ამის შემდეგ იყო უარი მივლინებაზე, რაზეც მანამდე სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა. მე ვარ შემოქმედი ადამიანი და რას და როდის დავწერ, ეს სახელმწიფო მოხელემ არ უნდა მიკონტროლოს.
სამსახურში სოფლის სამარშრუტო ტაქსით დავდიოდი, რადგანაც სოფელში „მარშუტკა“ საღამოს 17:30 წუთზე ბრუნდებოდა, გამგებელთან შეთანხმების საფუძველზე სამსახურიდან სწორედ ამ დროს გავდიოდი, მიუხედავად იმისა, ეს გამგებელმაც კარგად იცოდა, 3 მაისი იყო, ექვსს წუთები აკლდა, როცა დამირეკეს გამგეობიდან და მითხრეს მონიტორინგზე ვართ მოსულიო. 4 მაისს კი ჩემი გათავისუფლების ბრძანება დაიწერა,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.
ტარიელ ებრალიძე კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის გათავისუფლებას კანონიერად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სამუშაო საათებთან დაკავშირებით მათ შორის მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.
„დაკავებული თანამდებობიდან წასვლა მისი სურვილი იყო, წასვლასთან დაკავშირებით განცხადება ტელევიზიით გააკეთა და რამდენიმე დღის განმავლობაში ის სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა. ვახტანგ ბერიძის მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც ჰქონდა, მისი გათავისუფლება საკრებულოს მოთხოვნაც იყო. რაც შეეხება ინფორმაციას სამუშაოდან ადრე წასვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, არავისთან ცალკე შეთანხმებები არ არსებობს, არის შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს სამუშაო მოთხოვნებს, ყველასთან ერთნაირი მიდგომა გვაქვს, მუშაობა 09-18 საათამდე,“ – აცხადებს გამგებელი.
მაკა მაკარაძე ამ დროისთვის ერთდროულად დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიცაა და კულტურის ცენტრის დირექტორიც. შუახევის რესურსცენტრის ინფორმაციით, მაკა მაკარაძის პირადი განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამინისტროს ჯერ არ დაუკმაყოფილებია.
შუახევის კულტურის ცენტრის შენობა / ეკა ბარამიძის ფოტო
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში პირველი ადგილი სიმღერაში ქობულეთის სახელოვნებო სკოლის გოგონათა ფოლკლორულმა ანსაბლმა „იარამაშამ“ აიღო, ხოლო გრან-პრით ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იბერიონი” დაჯილდოვდა.
რაც შეეხება ცეკვას, პირველი ადგილის მფლობელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „აისი“ გახდა, გრან-პრი კი ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „საუნჯეს“ გადაეცა.
ოლიმპიადის ფინალში ორმოცდასამი კოლექტივი გავიდა, ამათგან სულ თოთხმეტი გამარჯვებული გამოვლინდა – შვიდი სიმღერაში და შვიდი – ცეკვაში.
პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.
გარდა ამისა, ოლიმპიადის ორგანიზატორის, მადონა თევზაძის თქმით, ოლიმპიადის 500-მდე მონაწილეს აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო საჩუქრად ქართულ ხალხურ კოსტიუმებს შეუკერავს, რაზეც სამინისტრო ბიუჯეტიდან 100 000 ლარს გამოყოფს.
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი 8 მაისს სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა.
გამოსვლის შემდგომ ყველა მონაწილეს რეკომენდაციები თბილისიდან მოწვეულმა ჟიურის წევრებმა: უჩა დვალიშვილმა, შოთიკო ჭიშკარიანმა, ნანა ვალიშვილმა, თეონა რუხაძემ და ბადრი ცხოვრებაურმა მისცეს.
ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2017 წლის 26 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველი ეტაპი 26 აპრილს აჭარის მუნიციპალიტეტებში, ხოლო მეორე, 5 მაისს ქედის კულტურულ ცენტრსა და აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს, სულ 90-მა ანსამბლმა, 2000-ზე მეტი შემსრულებლით.
თი ბი სი ბანკმა აგრო-საინვესტიციო სესხი მომხმარებლებს 6 თვის წინ შესთავაზა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონი ლარის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები.
თი ბი სი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ძირის დაფარვას ფერმერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. პროექტის შედეგებს თი ბი სი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი ვეფხვია ლომინაშვილი აჯამებს.
თი ბი სი ბანკმა ოქტომბერში აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს აგრო-საინვესტიციო სესხი შესთავაზა. როგორია 5 თვის შედეგები, რამდენად დიდია ინტერესი ფერმერების მხრიდან?
პირველ რიგში, განვმარტოთ რას ნიშნავს აგრო-საინვესტიციო სესხი. ეს არის თი ბი სი ბანკის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხორცილდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში. სესხი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერსებული არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით. აგრო- საინვესტიციო სესხის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ბენეფიციარი აღებული სესხის ძირი თანხების გადახდას იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ნარგავები შევა კომერციულ მსხმოიარობაში: მსესხებელს ჩვენ ვთავაზობთ გრძელვადიან საშეღავათო პერიოდს, რომელიც რიგი კულტურების შემთხვევაში 5 წელსაც კი აღწევს. ინტერესი აგრო-საინვესტიციო სესხის მიმართ, ბუნებრივია, დიდია. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 5 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები.
ვეფხვია ლომინაშვილი
რომელი რეგიონები აქტიურობდნენ და, ძირითადად, რა კულტურებზეა მოთხოვნა ფერმერების მხრიდან?
რთულია გამოვყოთ კონკრეტული რეგიონი, ფერემერები აქტიურობდნენ საქართველოს ყველა იმ კუთხიდან, სადაც კი შესაძლებელია მრვალწლიანი ბაღების გაშენება. გაშენდა თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვის, კივის და ვაშლის ბაღები. ძირითადი მოთხოვნა ამ სეზონზე თხილის და კაკლის ბაღებზე მოდიოდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ წლევანდელ სეზონზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება სხვა კულტურებზეც.
აგრო-საინვესტიციო სესხის პრეზენტაციისას თქვენ აღნიშნეთ, რომ სესხი უპრეცედენტოა. რა არის ის უპირატესობები, რითაც ეს სესხი სხვა ბანკების ანალოგიური პროდუქტისგან განსხვავდება?
პირველ რიგში, ეს არის საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ. როგორც აღვნიშნე, სესხის ძირი თანხების გადახდას ფერემერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. შესაბამისად, ჩვენ გათვლებს ვაკეთებთ არა არსებულ, არამედ მსესხებლის სამომავლო შემოსავლებზე და ამით ფულად საკრედიტო რესურსს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ვხდით. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დამეთანხმებით, რომ პროდუქტი მართლაც ძალიან მომხიბვლელია.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, ამ პროდუქტით რომ ისარგებლოს და რა პროცედურების გავლაა საჭირო აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად?
აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობისას, ფერმერების მიმართ ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ: პირველი და ყველაზე მთავარი მრვალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენ დაინტერესებულ პირისგან მოვითხოვთ. პროექტის წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გააშენებს ფერმერი და შემდგომ მოუვლის ბაღს.
ასევე ვითხოვთ, საკუთრებაში იმ მიწის ნაკვეთებს, რომელზედაც ნარგავები უნდა გაშენდეს. რადგან ძირითად უზრუნველყოფად სწორედ ეს მიწის ნაკვეთებია წარმოდგენილი.
რაც შეეხება პროცედურას, ის ძალიან მარტივია, დაინტერსებულმა პირმა თი ბი სი ბანკის ფილიალში უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა, თუ რის გაშენებას გეგმავს, რა ხარჯები ექნება გასაწევი და რა მოლოდინები აქვს პროექტის განხორცელების შემთხვევაში. დაინტერესებულმა ფერმერმა უნდა შეავსოს განაცხადი სესხის მოთხოვნაზეც.
იყო თუ არა პროექტის მიმდინარეობისას შემთხვევები, როცა ფერმერებს სესხის მიღებაზე უარი ეთქვათ და რა იყო ამის მიზეზი?
ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, იყო და ჩვენ რამდენიმე პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა მოგვიწია. უარის ძირითად მიზეზად გამოვყოფდი მრავალწლიანი ნარგავების გაშენების გამოცდილების არქონას და, შესაბამისად, სუსტ ბიზნესგეგმებს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნარგავების გაშენება იგეგმებოდა ისეთ მიწებზე, რომელზეც კონკრეტული ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ იყო.
როგორია თქვენი მოლოდინი და სამომავლო გეგმები პროექტის ფარგლებში?
პირველმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, ბევრი კარგი პროექტი დაფინანსდა აგრო- საინვესტიციო სესხის ფარგლებში. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი სეზონი, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება, გასულ სეზონზე ბევრად უფრო წარმატებული იქნება.
კიბოს სკრინიგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით ქობულეთის, ხულოს და ბათუმის ადგილობრივ მოსახლეობას რაიონიდან გაუსვლელად ჩაუტარდებათ პროსტატის, საშვილოსნოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.
ქობულეთში ასევე შესაძლებელი იქნება ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით მამოგრაფიის ჩატარება.
აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ჩაიტაროს:
[checklist]
16 მაისს ქობულეთის ჰოსპიტალში,
18 მაისს ხულოს ჰოსპიტალში,
19 მაისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
[/checklist]
აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.
10 მაისს, საღამოს 9 საათიდან, ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი ზღვაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სანაპირო ზოლში იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა და შტორმიც, რომლის სიმძლავრეც 4-5 ბალი იქნება.
რაც შეეხება ტემპერატურას, ხვალ, 11 მაისს, სანაპირო ზოლში 16-21 გრადუსი სითბო იქნება დღისით, ღამით – 10-15. მთაში 10-15 გრადუსი სითბო შენარჩუნედება, ღამით კი – 3-8 გრადუსი სითბო. სინოპტიკოსები ხვალ, საღამოს 9 საათამდე ძლიერი წვიმის შენარჩუნებას ვარაუდობენ.
ობსერვატორიის მონაცემებით, სანაპირო ზოლში შაბათ-კვირას მზიანი ამინდი იქნება. ორშაბათიდან ისევ იწვიმებს.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროექტი ჯერ დასრულებული არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია „მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, მეჩეთის პროექტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. საბოლოო ვერსია კი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთის პროექტზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ.
„ფოტოზე რაც არის, იმაზე დახვეწილი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ განვიხილავთ პროექტის სხვა ვარიანტებსაც. შესაძლებელია ბევრი ცვლილება შევიდეს, აქედან გამომდინარე, საბოლოო ვარიანტი ამ დროისთვის ჯერ არ არის წარმოდგენილი. მეჩეთის პროექტზე ქართველი, ირანელი და თურქი არქიტექტორები მუშაობენ“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
„არქიტექტორების ვინაობა მაშინ გახდება ცნობილი, როცა პროექტი დამტკიცდება. მანამდე, ვფიქრობ მნიშვნელობა არ აქვს მათი ვინაობის დასახელებას“ – გვეუბნება ტარიელ ნაკაიძე.
რამდენი თანხაა საჭირო ახალი პროექტის განასხორციელებლად, ამ ეტაპზე არც ეს ინფორამცია არის ცნობილი, რადგან ტარიელ ნაკაიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯერ ბოლომდე დაანგარიშებული არ არის: „ბათუმში მშენებარე მეჩეთის პროექტი ორიგინალური იქნება და ის არ იქნება რომელიმე არსებული მეჩეთის ანალოგი. მშენებლობის ნებართვაზე კი ქალაქის მერიას მას შემდეგ მიმართავენ, როცა პროექტის საბოლოო ვერსია მზად იქნება“.
რა თანხა შეგროვდა მეჩეთის მშენებლობისთვის შემოწირულობის სახით, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა ტარიელ ნაკაიძის თქმით, შემოსული თანხა საკმარისი არ არის მშენებლობის განსახორციელებლად: „ამ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ დეტალურად, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ მიწის საფასურის გადახდას ვცდილობთ, მშენებლობისთვის კი საკმარისი არ იქნება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, რადგან ახალი მეჩეთი 2 000 ადამიანზეა გათვლილი და მთლიანად 3 ათას კვ/მეტრზე უნდა განთავსდეს… შექმნილია კომისია, რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას და საზოგადოების ჩართულობას. კომისიაში ნებისმიერი მრწამსის ადამიანს შეუძლია გაწევრიანება. ამ კომისიაში განსაკუთრებით მინდა ვიხილო ის ადამიანები, ვინც ახალი მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რადგან ნახონ, თუ რა და როგორ კეთდება, საიდან მოდის დაფინანსება, ვინ აფინანსებს და თავიანთი შეხედულებაც გამოხატონ მეჩეთის პროექტზე“.
ახალი მეჩეთი ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 49 ნომერში შენდება.
დღეს, 10 მაისს, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ტურისტული, სასოფლო სამეურნეო და სამეწარმეო კომპანიების, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარაში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ელჩმა აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების კითხვებს უპასუხა, ძირითადი განხილვის საგანს ციტრუსის ინდუსტრია წარმოადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის საკითხს დაეთმო. ციტრუსის დარგში მომუშავე სპეციალისტების თქმით, ერთ-ერთ დიდ პრობლემას ეკონომიკის მხრივ ციტრუსის საბაჟო გადატვირთვები წარმოადგენს, სადაც ექსპორტიორები ხშირად კორუფციისა და ტვირთში არაოფიციალური თანხის გადახდის პრობლემებს აწყდებიან. ამასთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს და თავად გააკონტროლებს საქართველოდან უკრაინის მიმართულებით გასულ პირველივე გემს.
შეხვედრაზე ციტრუსის შეფუთვის კულტურაზეც ისაუბრეს, ასევე, რატომ არ არის შეფუთვაზე აღნიშნული, რომ ციტრუსი ქართულია.
იგორ დოლგოვის თქმით, ეკონომიკასა და სახელმწიფოთაშორისს ურთიერთობებს ცოტა აქვთ საერთო მსხვილი ბიზნესის გარეშე. ამგვარად, ყველაზე დიდი ყურადღება შავი ზღვის პორტის ლოგისტიკას უნდა დაეთმოს.
„ტრანსპორტის პრობლემა ჩვენთვის, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონებს – ბათუმსა და ოდესას შორის აუცილებელია კავშირის დამყარება“ – აღნიშნა მან.
11 მაისს ელჩი ბათუმისა და ფოთის პორტების დათვალიერებას გეგმავს.
საქართველოში უკრაინის ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავსს შეხვედრებს უფრო რეგულარული სახე მიეცემა და მომავალში უკრაინასა და საქათველოს შორის ურთიერთობებიც უფრო გამყარდება.
აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილის, ასლან ლორთქიფანიძის თქმით, აჭარისთვის უკრაინული ბაზარი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ციტრუსის პროდუქციის თითქმის ნახევარი უკრაინაში გადის. მისივე თქმით, წელს აჭარასა და ოდესას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. ასევე, საქართველოსა და უკრაინის ბიზნესფორუმი წელს ბათუმში ჩატარდება.
შეხვედრის დასასრულს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, თამაზ შავაძემ, ელჩს საჩუქრად აჭარაში დამზადებული თაფლი და ღვინო გადასცა.
ჩაქვის საცდელ პლანტაციაში, „აგროსერვის ცენტრის“ ტერიტორიაზე მანდარინის ნერგები ხმება. ეს პლანტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურად მანდარინის საადრეო ჯიშების გასახარებლად აქვს გაშენებული.
„ეს ნერგები გამხმარი არ არის, შეიძლება გადარჩეს,“ – ირწმუნება გოჩა ბერიძე, ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისივე მტკიცებით, პლანტაციაში, სადაც 10 ათასი ნერგია, მხოლოდ ათს შეექმნა პრობლემა. თუმცა, ჩვენ მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოზე, პლანტაციის მხოლოდ ერთ ნაწილში გაცილებით მეტი, 30-მდე გამხმარი ნერგი ჩანს.
გოჩა ბერიძე განმარტავს, რომ მეცნიერები დაკვირვებას თითოეულ ნერგზე განაგრძობენ და დეტალური ინფორმაცია 15 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი. „წინასწარი ვარაუდით, დარგვის დროს საადრეო ჯიშის ნერგებს შეერია სხვა ნერგები, რომლებიც ყინვაგამძლე არ არის. გვერდით არის სხვა, გახარებული ნერგებიც. ჩვენ სამი წელი ვაკვირდებით ამ პროცესს. ზოგადად მეცნიერულ დაკვირვებას, რომელი ნერგი შეიძლება იყოს სამრეწველო მიზნით გამოყენებული, 5-6 წელი სჭირდება,“- გვითხრა გოჩა ბერიძემ.
ვინ აგებს პასუხს, თუკი არასწორად დაირგო მანდარინის ნერგები? – „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა გვითხრა, რომ პასუხს ვერავინ აგებს, რადგან „ეს მცენარეა, 100-პროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემთ თითოეული ნერგის გახარებაზე“.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა.
„გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ რაოდენობის საწვავს აღარ დახარჯავს: „სულ ვამბობდი, რატომ იხარჯება ამდენი-მეთქი და მპასუხობდნენ, რომ ძველია მანქანა და ამიტომ ხდებაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გასდიოდა.“
კითხვაზე, ვინ აგებს პასუხს, როცა 5 თვის განმავლობაში ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო ზედმეტი საწვავი იხარჯებოდა? – დავით ბაციკაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „რა ვიცი, ვინ აგებს პასუხს… ხანდახან ხდება ასეთი რამ“.
დავით ბაციკაძის შემდეგ ადგილს ვლადიმერ მგალობლიშვილი იკავებს. 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მან 1517 ლიტრი დახარჯა. მესამე ადგილზეა ვახტანგ წულაძე, მან 1321 ლიტრი საწვავი გახარჯა პირველ კვარტალში.
დეპუტატებს შორის ყველაზე ნაკლებს ხარჯავს ნინო ჩხეტია – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მან 4 თვეში მხოლოდ 584 ლიტრი საწვავი მოიხმარა, მაშინ, როცა 359 ლიტრი მოიხმარა გასული წლის მხოლოდ ერთ თვეში – დეკემბერში.
როგორ შეამცირა საწავავის ხარჯვა დეპუტატმა? – ნინო ჩხეტიას ძველი მძღოლი გაუთავისუფლებია და ახალ მძღოლად მეზობელი აუყვანია იმისთვის, რომ აკონტროლოს. „დეკემბრის ბოლოს მძღოლი, რომელიც მანამდე ხელშეკრულებით იყო აყვანილი, გავათავისუფლე, რადგან ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რაში დაიხარჯა ამდენი საწვავი. მხოლოდ საქმიან შეხვედრებზე დავდივარ მანქანით, არ ვიყენებ უქმეებზე და მძღოლი მყავს მკაცრად გაფრთხილებული, რომ თავის ყოფით და ოჯახურ საქმეებზე უმაღლესი საბჭოს მანქანით არ ივლის,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.
უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს 18 ავტომანქანა ემსახურება, აქედან „ტოიოტა კამრი“ და „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დავით გაბაიძემ ორივე მანქანისთვის 2522 ლიტრი საწვავი დახარჯა.
2017 წელს უმაღლეს საბჭოს საწვავისთვის 128 250 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება.
„არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ იანვრიდან დღემდე გზის აღდგენაზე არც ბიუჯეტში გამოინახა ფინანსები და არც ტენდერი გამოცხადებულა.
„აქამდე არ გამოვაცხადეთ ტენდერი, რადგან გრუნტის გამოშვება იყო საჭირო. არამდგრადი გრუნტი იყო იქ, თოვლის წყლების გამო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. უწყება ტენდერის გამცხადებას პროექტის შესყიდვაზე მომავალი კვირას გეგმავს. აქ გვითხრეს, რომ გზა ასფალტირებულია და აღდგენა მხოლოდ გზის ერთ ნაწილს სჭირდება დამცავი გაბიონის მოწყობით.
არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, დიდთოვლობისგან რეგიონში დაახლოებით 30 ადგილზეა გზა ამ ფორმით დაზიანებული და მათი აღგენა ერთობლივად მოხდება. ირწმუნება, რომ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს არ შეიცავს: „ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ ნახეს სპეციალისტებმა და თქვეს, რომ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს არ შეიცავს, თუკი ავტომაქანის მძღოლები იმოქმედებენ საგზაო მოძრაობის დროებითი გამაფრთხილებელი ნიშნებით, რაც იქაა განთავსებული. საფრთხე რომ ყოფილიყო, მაშინ ჩაიკეტებოდა ეს გზა საერთოდ“, – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში განახორციელა 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც, სახელმწიფო ბიუჯეტს 653 852,10 ლარის ზიანი მიაყენა.
ასევე, ბრალდებულმა, ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, 9 მაისს, ქობულეთში, სოფელ გვარაში, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეოების ტერიტორიაზე, აგრომარკეტი გახსნა. აგრომარკეტში მეწარმეებს ფართობები დროებით სარგებლობაში, იჯარის წესით გადაეცემათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება აგროპროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია გარე ვაჭრობისას შეძენილ პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ხარისხიანი იქნება. ხარისხთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის ფართო არჩევანიც.
აგრომარკეტის სივრცეში აგროწარმოების საშუალებები, მათ შორის შხამ-ქიმიკატები, ნერგები და ჩითილები გაიყიდება.
გვარაში გახსნილი პირველი აგრომარკეტი 1000 კვ.მ-ზეა განთავსებული და დაახლოებით 25 სივრცეს მოიცავს, რაც ამდენივე კომპანიის პროდუქციის წარმოჩენას გულისხმობს.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აგრომარკეტი იქნება საუკეთესო ხელშემწყობი საშუალება სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებული ადგილობრივი მწარმოებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის. აგრომარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები თავიანთი მეურნეობების განვითარებისათვის.
აგრომარკეტების ტერიტორიებზე წარმოდგენილი იქნება ასევე ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზევე შეძლებენ კრედიტების გაცემას აგროსაშუალებების დასაფინანსებლად.
გვარას აგრომარკეტში მოწყობილია აგრომომსახურების ცენტრი, ხოლო რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს ვეტერინარული კლინიკის მშენებლობა.
გარდა ამისა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგილობრივი ფერმერებისთვის ლოჯისტიკის ცენტრების შექმნას ხუთ მუნიციპალიტეტში გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ლოჯისტიკის ცენტრის გახსნა ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შეახევსა და ხულოში. აქედან მთავარი ხელვაჩაურის ცენტრი იქნება. ლოჯისტიკის ცენტრების ადმინისტრაციის თანამშრომლები ფერმერებს პროდუქტის რეალიზებაში დაეხმარებიან.
ლოჯისტიკის ცენტრების შექმნისთვის მთავრობამ ბიუჯეტში 2 მილიონ 170 ათასი ლარი გაითვალისწინა.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 500-მდე ქართველ ბავშვს ქართულ ენას წელს, დისტანციური მეთოდით, ოცი ქართველი პედაგოგი შეასწავლის. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევში პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესასწავლად დისტანციური სწავლება გასულ წელს დავიწყეთ. ლონდონში მცხოვრებ 20 ბავშვს ქართულ ენას ორი ქართველი პედაგოგი ასწავლიდა, დისტანციური სწავლების პროექტი საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული აღმოჩნდა. წელს დისტანციურ სწავლებაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები 500-მდე მოსწავლე და 20 პედაგოგია ჩართული. პროგრამის მიზანია ქართველი ბავშვები ფლობდენ ქართულ ენას და არ დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის დისტანციური სწავლების პროგრამას ქართული ენის გარდა მომავალში საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილები დაემატება.
ისევე როგორც ყოველი წლის 9 მაისს, მთავრობის წარმომადგენლები ვეტერანებს დღესაც შეხვდნენ. უცვლელია შეხვედრის ადგილი და საჩუქრის ოდენობაც. ყოველი წლის ამ დღეს ბათუმის მერია ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს ჩუქნის. ვეტერანების რიგები კი ყოველწლიურად მცირდება. ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს.
გმირთა ხეივანში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენლებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა და მოქალაქეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმაც მიულოცეს.
მთავრობის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
9 მაისი, 2017 / ბათუმი / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტოები
72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად მეშვიდე-მეცხრე კლასის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შევა.
„მეხუთე-მეექვსე კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა. დიდია დატვირთვა ამ კლასებში და უნდა მოხერხდეს ეროვნული სასწავლო პროგრამის განტვირთვა. საათობრივი ბადე უცვლელი დარჩება, მხოლოდ ორჯერ უფრო პრაქტიკული გახდება ამ კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა.
ჩვენ გვჭირდება ბავშვი, რომელსაც არ დაეკარგება სწავლის მოტივაცია, თინეიჯერების წლები თქვენც იცით როგორი რთულია, შენგან სიმკაცრე კი არ უნდა მიიღოს, მას სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება.“ – განაცხადა მინისტრმა 8 მაისს შუახევში, პედაგოგებთან შეხვედრაზე.
მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები არ შეეხება მაღალ კლასებს, რადგანაც „16, 17 წლის ასაკში ან ჩამოყალიბებული მოსწავლეა, ან ჩამოუყალიბებელი და მას სასწავლო პროგრამის გამარტივება არ სჭირდება“ .
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კონკურსს ესეს მომზადებაზე. კონკურისის თემაა გამოხატვის თავისუფლება კონკურსში მონაწილეობის მიღება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 14 -18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ.
ესეს თემა შეიძლება იყოს მრავალმხვრივი და ასახავდეს ავტორის ორიგინალურ და ინდივიდუალურ მოსაზრებას გამოხატვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტულ მაგალითებს, ან თემასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ავტორისეულ ხედვას. ტექსტის მოცულობა არ უნდა იყოს 2 გვერდზე მეტი.
კონკურსი 30 მაისამდე გაგრძელდება. გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად თავისი სურვილით შერჩეული 80$-ის ღირებულების წიგნები გადაეცემა.
კონკურსში მონაწოლეობის მსურველებმა ნამუშევრები და კონკურსანტის მონაცემები, აგრეთვე საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გაგზავნონ ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com, ან მოიტანონ მისამართზე: ბათუმი, მემედ აბაშიძის №48
აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები ძირითადად ოჯახის უხუცესი წევრები არიან. ისინი ყოველი წლის მაისში საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ, და მთაში მიდიან, სადაც რამდენიმე თვით პირუტყვი მიჰყავთ გამოსაკვებად. მთელ ზაფხულს ისინი იალაღებზე, ფიცრულ სახლებში ცხოვრობენ.
მთაში ყოფნისას მოიალაღეები ყველს, კარაქს, ნადუღს აგროვებენ და შემოდგომაზე ქალაქში ჩააქვთ გასაყიდად. მესაქონლეობა აჭარის მთაში ოჯახების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა.
მემთეურები იალაღებიდან სახლებში შემოდგომაზე ბრუნდებიან.
96 წლის ნურიფე ზაქარაძე, რომელიც მემთეურობას წლებია ეწევა, რძალთან ერთად იალაღებზე წასასვლელად ემზადება. მათ მთაში გამოსაკვებად სოფელ ხარაულიდან მეზობელი ოჯახების პირუტყვიც მიჰყავთ / სოფელი ხარაულა, ქედა / გოჩა ზაქარაძის ფოტოები
წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური პრობლემების მქონე ხანდაზმული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას გეგმავს. ამის შესახებ 8 მაისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა.
ქვეპროგრამა ხანდაზმული ასაკის, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა რეაბილიტაციას, მკურნალობას, მათ სოციალურ და მორალურ მხარდაჭერას გულისხმობს.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა უზრუნველყოფა 24-საათიანი თავშესაფრით, სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეები – 65 და მეტი ასაკის პირები იქნებიან, მათ შორის ისეთი დაავადებების მქონე, როგორიცაა: დემენცია, ალცჰაიმერი და სხვა, ასაკის მატებასთან ერთად გამოწვეული დაავადებები.
ქვეპროგრამა 50 ბენეფიციარზეა გათვლილი. მომსახურების ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე დღეში 15 ლარი იქნება. ხარჯების 100 პროცენტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეპროგრამის ამოქმედება სამინისტროში მსგავს სამედიცინო სერვისზე მომართვიანობის შედეგად გადაწყდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის სამსახურის უფროსის, ინდირა ნაკაიძის თქმით, პროგრამის დაწყება წელს, ივლისში იგეგმება. უკვე ცნობილია პროგრამის ბიუჯეტიც – 273 750 ათასი ლარი, თუმცა სამინისტროში ჯერ არ იციან, კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების მიღება.
„სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულია ამ დაავადებების ოჯახში მკურნალობა. პროგრამის განხორციელებას ახლა ვიწყებთ და დარწმუნებული ვარ, 2018 წლიდან უფრო დახვეწილად წარვმართავთ პროგრამას. თუ საჭირო გახდება დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევები, ბენეფიციარები ამ მომსახურებას მიიღებენ, რადგან ისინი ისედაც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი მიეწოდებათ,“ – ამბობს ინდირა ნაკაიძე.
სამედიცინო სერვისები ბენეფიციარებმა აჭარაში უნდა მიიღონ, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტთათვის თავშესაფრით უზრუნველყოფას საქართველოს სხვა რეგიონებშიც არ გამორიცხავს.
მთავარ ფოტოზე: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმის განხილვა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1 798 ლარად გეგმავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებისათვის ყოველდღიური სამხედრო ფორმის შესყიდვას. ფორმებს სამინისტრო ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განახორციელებს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლის უქონლობა, უარყოფითად აისახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო იმიჯზე… ღონისძიებებში გენერალური შტაბის გენერლებისათვის შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლის უქონლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 28 აპრილის ბრძანებებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებს პოლოვნიკ ზაზა ჩხაიძესა და პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს მიენიჭათ ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება: „აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სამხედრო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია აღნიშნული ტანსაცმლის შესყიდვა სატენდერო პროცედურების მეშვეობით, რაც მოიცავს გარკვეულ ვადებს, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“.
აღნიშნული ვითარების აღმოსაფხვრელად, სამინისტროს განცხადებით, საჭიროა მატერიალური ქონების [2 კომპლექტი ყოველდღიური სამხედრო ტანსაცმლის] შეძენა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 25 მაისამდე. ფორმის ერთი კომპლექტში შედის: პიჯაკი – 1 ცალი, შარვალი – 1 ცალი და წინაფრიანი ქუდი – 1 ცალი) დათანხმდება თუ არა სამინისტროს შესყიდვების სააგენტო, 16 მაისამდე გაირკვევა.