ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

15.03.2019 • 6241
ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.  ტერიტორიის კეთილმოწყობა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

ტენდერის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს, თუმცა მიმწოდებელმა ნავმისადგომებისა და ფანჩატურების მშენებლობა უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს პირველ აგვისტომდე.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. სატენდერო თანხა 1 მილიონ 80 ათასი ლარია.

პრეტენდენტს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, 2016 წლის პირველი იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს დასრულებული არანაკლებ 3 240 000 ლარის ღირებულების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია უნდა მოეწყოს, თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს.

აჭარის მთავრობაში ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდნენ, რომ მწვანე ტბასთან დაგეგმილი სამუშაოები ეკოსისტემაში მკვეთრ ჩარევას არ ითვალისწინებს და მცირე მასშტაბის შენობას, ასევე პარკინგის ადგილს, ტბის მიმდებარედ, ბუფერულ ზონაში მოაწყობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა“ დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2019 წლის 20 მაისამდე უნდა დასრულდეს.

ფოტო/რენდერი საპროექტო დოკუმენტებიდან:

ღამის გასათევი მწვანე ტბასთან / რენდერი

ფანჩატურები მწვანე ტბასთან / რენდერი

პარკირების გეგმა მწვანე ტბასთან

ადმინისტრაციული შენობა მწვანე ტბასთან / რენდერი

მწვანე ტბა, ნავმისადგომი / რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: