მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

09.03.2019 • 3064
ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალის მოწყობაზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწრმე თეიმურაზ მახარაძესთან 2018 წლის 21 მაისს გააფორმა, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დღეს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორიც თეიმურაზ მახარაძეა, ჟიული შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანში შენდება.

ამ ხეივანში რამდენიმე მონუმენტი დგას. მშენებარე მემორიალიდან ორ-სამ მეტრში კი დგას დაფა, რომელიც იტყობინება, რომ აქ „დაიდგმება ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი“. ამავე ხეივანში დგას ჟიული შარტავას მემორიალიც.

„ავღანეთში დაღუპულთა მემორიალს რაც შეეხება, მის განთავსებაზე ჯერ საკრებულოს თანხმობა არ არის. ამჟამად ხეივანში 9 აპრილის მემორიალი შენდება“, – გვითხრეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

„ბათუმელები“ ესკიზის ავტორს დაუკავშირდა. „გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ მემორიალი უკვე ჩამოსხმულია ბრინჯაოში და დევს მერიის საწყობში. ადგილის შეცვლამ გამოიწვია გარკვეული ცვლილებაც – გამწვანება მოითხოვა მემორიალმა, კვარცხლბეკი ამაღლდა… სივრცე მაქ დიდია და ტერიტორია გარკვეულ მოწყობას მოითხოვს, რა და როგორ – ფართო მსჯელობის საგანია. ამ ადგილის შერჩევა არა მარტო ჩემი და მერიის, არამედ სხვა სპეციალისტების, არქიტექტორების, მხატვრების ჩართულობით გადაწყდა. მემორიალის მშენებლობა მარტის ბოლომდე უნდა დავასრულოთ“, – გვითხრა თეიმურაზ მახარაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მემორიალის ერთ ლოკაციაზე განთავსება ზოგადად მიუღებელია: „ვინაიდან, ეს არ არის ერთი პიროვნების ქანდაკება, ამასთან, იქვე დეკორატიული ქანდაკებაც დგას და მერია გადაიტანს. როგორ მოეწყობა საბოლოოდ ადგილი, არ ვიცი.“

ბათუმის ძველ ბულვარში, უნივერსიტეტის წინ, 9 აპრილის მემორიალური ქვა რამდენიმე წელია განთავსებულია. სწორედ აქ აპირებდა მერია მემორიალის განთავსებას. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ძველი ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ესკიზის ავტორის თქმით, უმჯობესი იყო მერიას შესაბამის სტრუქტურებთან თავიდანვე გაერკვია ტერიტორიის საკითხი და შემდეგ გამოეცხადებინა კონკურსი ესკიზის შედგენაზე.

ამონარიდი შეთანხმებიდან, რომელსაც ხელს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძე აწერენ / სატენდერო დოკუმენტებიდან

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ 2017 წელს მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები. საკონკურსო კომისიის ოქმში აღნიშნული იყო, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო. კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

ამ თემაზე: რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

ბულვარში, 9 აპრილის ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი მემორიალის დადგმასა და ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ტენდერი კი ბათუმის მერიამ 2018 წლის თებერვალში გამოაცხადა.

ამ თემაზე: 109 ათასი ლარი 9 აპრილის მემორიალისთვის ბათუმში – ესკიზი ცნობილია

ამ ტენდერში მერიის სატენდერო კომისიამ თავდაპირველად გამარჯვებულად სხვა კომპანია გამოაცხადა [შპს დეკორაციების და ქანდაკებების სახლი, რომელიც  სამუშაოების შესრულებას მერიას 81 340 ლარად სთავაზობდა]. მერიის ამ გადაწყვეტილებას თეიმურაზ მახარაძის პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ სატენდერო  კომისიამ გამარჯვებულად თეიმურაზ მახარაძე გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 108 199 ლარზე გააფორმა.

9 აპრილის მემორიალი, რომელიც ძველ ბულვარში უნდა განთავსებულიყო / ფოტომონტაჟი / „წარმოდგენილი ესკიზი წარმოადგენს 4-მეტრიან დეკორატიული მტრედის ქანდაკებას კვარცხლბეკის ჩათვლით. აქედან მტრედის სილიზირებული ქანდაკება მთლიანად ბრინჯაოში იქნება ჩამოსხმული, რომელიც განასახიერებს როგორც 9 აპრილს დაღუპული ქართველი მამულიშვილების ხსოვნის დღეს, როგორც მტრედის (იგივე სულიწმინდის) მხატვრულ ფორმაში გადმოცემას, ასევე მტრედის, რომელიც აღიქმება მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ“ / მემორიალის განმარტებითი ბარათიდან.

გმირთა ხეივანი ბათუმში, სადაც 9 აპრილის მემორიალი შენდება / 9.03.2019

გმირთა ხეივანი ბათუმში, სადაც 9 აპრილის მემორიალი შენდება / 9.03.2019

დაფა გმირთა ხეივანში, ბათუმში, სადაც 9 აპრილის მემორიალი შენდება / 9.03.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: