მხოლოდ 1 მილიონი – აჭარის მოგება კუთვნილი 35 საწარმოდან [აუდიტი გეგმის დასაბუთებას ითხოვს]


აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული 30-ზე მეტი საწარმოდან 2018 წლის ბიუჯეტში თანხა, დივიდენდის სახით, მხოლოდ ოთხმა საწარმომ შეიტანა. შემოსავლების რაოდენობა, რაც აჭარის ბიუჯეტმა ამ საწარმოებიდან მიიღო, ჯამში 2,4 მილიონი [დაგეგმილზე 1,26 მილიონით ნაკლები] ლარი იყო. აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან წელს მისაღები დივიდენდები კი, წინა წლებთან შედარებით სამჯერაა შემცირებული და 1 მილიონი ლარია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან „ბათუმელებმა“ 2019 წლისთვის თითოეული ასეთი საწარმოს მოგებიდან მისაღები დივიდენდების მოცულობა [გეგმა] გამოითხოვა. სამინისტროს ვთხოვეთ, ასევე განემარტა და დაესაბუთებინა, თუ რატომ არის სხვაობა ბიუჯეტში 2019 წელს მისაღებ დივიდენდების ოდენობასა და გასული წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს შორის. ასეთი ინფორმაცია სამინისტროდან ვერ მოგვაწოდეს.

„დღეის მდგომარეობით [2019 წლის 20 მარტი – ავტ.] საწარმოების მხრიდან მიმდინარეობს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენის პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია 2019 წლის ბიზნესგეგმის წარმოდგენა. ვინაიდან აღნიშნული პროცესი არ არის დასრულებული, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოგიდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

გარკვეული საწარმოებიდან მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობის საკითხის დასაბუთებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაგალითად, „იმ პირობებში, როდესაც შპს „სავაჭრო ცენტრი 2009-ს“ [ე.წ. ხოფის ბაზრობას] 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დივიდენდის სახით გადახდილი აქვს 2,6 მილიონი ლარი, ხოლო კომპანიის საქმიანობის სფერო და მოგება-ზარალის დინამიკა 2018 წელს არსებითად არ შეცვლილა, აღნიშნული საწარმოდან მისაღები სხვა შემოსავლების ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობის საკითხი, საჭიროებს დასაბუთებას“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა მიერ აჭარის ბიუჯეტში ჩარიცხული დივიდენდების ოდენობა:

წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

დივიდენდები აჭარის ბიუჯეტში 2016 – 2018 ფაქტი და 2019 წლის გეგმა

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციად რჩება, რომ 2019 წლის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები დაიგეგმოს რეგიონის ეკონომიკური განვითარების და ფაქტობრივი შემოსავლების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით. თითოეული კომპონენტის სახით მისაღები შემოსავლების ცვლილება სათანადოდ იყოს დასაბუთებული, ყურადღება გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, დაისახოს და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზებას და მომხმარებელთა ფართო წრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის კანონში, შემოსავლები დივიდენდის სახით, 1 მილიონი ლარია დაგეგმილი.

რა ღონისძიებები გატარდა/ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ არამომგებიან საწარმოებთან მიმართებაში?

„2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ საწარმოთა რაოდენობა შეადგენს 35 ერთეულს, რომელთაგან 9 ერთეულში მიმდინარეობს გაკოტრების პროცესი. მოცემული საზოგადოებების გაკოტრების მმართველია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, ხოლო ზედამხედველი – ქუთაისის საქალაქო სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული საზოგადოებების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა წარმოადგენს სასამართლოს და „აღსრულების ეროვნული ბიურო“-ს უფლებამოსილებას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტროს განმარტებით, ფინანსური დოკუმენტაციის [ბალანსის] წარმოდგენის შემდგომ ფასდება კომპანიის აქტივები და ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულებები აჭარბებს საზოგადოების აქტივებს და კომპანია გადახდისუუნაროა, საზოგადოების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას მიმართოს შესაბამის სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით:

„მაგალითად, სს „დასასვენებელი სახლი ნიავის“ დირექტორის 2019 წლის 18 თებერვლის წერილის შესაბამისად, დირექტორმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „დასასვენებელი სახლი ნიავის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი“.

სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, გაკოტრების მმართველის – „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, შპს „აჭარმშენტრანსი“-ს გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდა დასრულებულად, რაზედაც რეესტრმა შპს „აჭარმშენტრანსის“ რეგისტრაციის გაუქმებაზე [ლიკვიდაციის] გადაწყვეტილება მიიღო.

„ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებული საზოგადოებების რაოდენობა, წლების მიხედვით გამოირჩევა კლებადი სტატისტიკით, რაც მართვაში არსებული კომპანიების მუდმივი ოპტიმიზაციის შედეგია“, – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედია 11 კომპანია, მოქმედი [პასიურია] – 14, გაკოტრება-ლიკვიდაციის რეჟიმშია – 9 კომპანია, ხოლო ერთი – შპს CRYSTAL-ი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემულია მართვის უფლებით.

ამ თემაზე: 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com