კვირის ამბები

არაგონივრული ხელფასები სახელმწიფო საწარმოებში

11.05.2015 • 1696
არაგონივრული ხელფასები სახელმწიფო საწარმოებში

 

სახელმწიფო შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ იგივე „ხოფის ბაზრობა უარს ამბობს ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციიის გასაჯაროებაზე
სახელმწიფო შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ იგივე „ხოფის ბაზრობა უარს ამბობს ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციიის გასაჯაროებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ `სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის“ მიხედვით, სახელმწიფო წილობრივი მონაცემებით შექმნილი საწარმოების მართვის დაგეგმილი წესი ბევრ გამოწვევასთან ერთად კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. აუდიტის სამსახური მიუთითებს იმაზე, რომ საწარმოს ხელმძღვანელები პირადი შეხედულებით განკარგავენ თანხას. ამ ტიპის დაწესებულებებში თანამშრომლებს ძირითადად არ არჩევენ კონკურსის წესით, არ აქვთ წინასწარ დამტკიცებული შტატების რაოდენობა, არ ახასიათებთ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

 

აუდიტის სამსახურის ანგარიშში დასახელებულია რამდენიმე ისეთი სახელმწიფო საწარმო, რომელთა ხელმძღვანელების ყოველთვიური ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერის ერთად აღებულ ანაზღაურებაზე ბევრად მაღალია. (პრეზიდენტის ხელფასი 6 900 ლარია, ხოლო პრემიერ-მინისტრის – 4 250 ლარი).

 

აუდიტორის შეფასებით, საწარმოების ხელმძღვანელი პირები შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ: „შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებად უნდა ჩაითვალოს თანხა, რომელიც ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს (სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) იმყოფება ფონდის მფლობელობაში და მართვის უფლებით გადაცემული აქვს ენერგეტიკის სამინისტროს) ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა 2012-2013 წლებში აიღო. 2012 წელს ადმინისტრაციის სამმა თანამშრომელმა 361.5 ათასი ლარი, ხოლო 2013 წელს – ორმა თანამშრომელმა 327.4 ათასი ლარი აიღო“.

 

აუდიტის ანგარიშში მითითებული არ არის არც ერთი იმ პირის სახელი, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ზემოთ დასახელებული სოლიდური თანხა მიიღეს.

 

2013 წლის სექტემბრიდან ესკოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძეა. შესაბამისად, ვახტანგ ამბოკაძეს წელიწადში მინიმუმ 163 700 ლარი, ანუ ყოველთვიურად 13 641 ლარი უნდა ჰქონდეს მიღებული.

 

აუდიტის სამსახური პირდაპირ წერს, რომ ამ ოდენობის თანხის აღება ერთი პირის მიერ მინიმუმ არაგონივრულია. უფრო მეტიც, აუდიტორის აზრით, „აღნიშნულ საწარმოს მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს – მისი საქმიანობის მიზანი საბალანსო ელექტროენერგიის წარმოებაა და მოგების გაზრდაზე ნაკლებად არის ორიენტირებული, მაგალითად, 2013 წლის მოგებამ დაახლოებით 909 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, საწარმოს კომერციული თვალსაზრისით სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოუტანია, თავისი ფუნქციის – საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა, გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა-განხორციელებისათვის ასეთი ოდენობის შრომის ანაზღაურების აღება არაგონივრულად უნდა ჩაითვალოს“.

 

ამ ერთი კონკრეტული მაგალითიდანაც კი ნათლად ჩანს, თუ რა სახის პრობლემა არსებობს სახელმწიფო შპს-ებთან მიმართებაში. საქართველოში კი გაცილებით მაღალშემოსავლიანი საწარმოებიც არსებობს, ვიდრე ესკოა, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია საქართველოს რკინიგზა. ამ ორგანიზაციას არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში თავისი ხარჯებისა თუ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არასდროს გაუსაჯაროებია.

 

ანალოგიური სურათია აჭარის ავტონომიასა თუ მუნიციპალიტეტებში. 2012 წელს აჭარაში 97 საწარმო არსებობდა, სადაც 4 472 ადამიანი მუშაობდა. მათ ხელფასებში 25.9 მილიონი ლარი დაიხარჯა. აუდიტის ინფორმაციით, ამ საწარმოებმა წელი 3.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს. მართალია, 2013 წელს მდგომარეობა შეიცვალა – საწარმოების რაოდენობა 63-მდე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა – 671-მდე, ხოლო მათ ხელფასებში ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათთვის 2013 წელიც ზარალით დასრულდა – ზარალმა ზუსტად 400 ათასი ლარი შეადგინა.

 

სწორედ ამ ტენდენციაზე მიანიშნებს აუდიტორი, როდესაც წერს, რომ საწარმოები ცდილობენ, თავიანთი შემოსავლები მაქსიმალურად თავადვე აითვისონ ხელფასებსა თუ სხვა საჭიროებებში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოებისა, აუდიტორი სხვა შემთხვევებსაც განიხილავს, რაც კონკრეტულად აჭარას უკავშირდება. აუდიტის სამსახური 2015 წლის 29 იანვრის ფინანსური და შესაბამისობის ანგარიშში შპს „ბათუმის #1 პოლიკლინიკაზე“  წერს: „პოლიკლინიკის 2013 წლის შემოსავალი იყო 1 313 865 ლარი“. ამ საწარმოს ძირითადი ფინანსური წყარო სახელმწიფო პროგრამაა – 683 106 ლარი.

 

დასკვნაში საუბარია პოლიკლინიკის დირექტორის, თენგიზ შერვაშიძის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელფასს ეხება. დასკვნაში ვკითხულობთ: „დირექტორის 2013 წლის ხელფასმა შეადგინა 37 037 ლარი, საიდანაც პარტნიორის მიერ დანიშნული ხელფასი შეადგენს 14 400 ლარს, ხოლო დანარჩენის… დარიცხვა და გაცემა განხორციელებულია პარტნიორთან შეთანხმების გარეშე“.

 

ბათუმის „#1 პოლიკლინიკის დირექტორის“ ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის განმავლობაში 3 086 ლარი ყოფილა.

 

თენგიზ შერვაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას და ამის შესახებ მათ წერილობითაც აცნობა. საწარმოს დირექტორმა მეტი განმარტების მოცემა მოუცლელობის მიზეზით არ ისურვა. „დამირეკეთ ორშაბათს“, – თქვა მან.

 

თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს აუდიტორი „ბათუმის ბულვარსაც“.

 

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2012-2013 წელბში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები მათი გამოშვების წლებისა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით 21 118 ლარის ფულადი სახსრების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

 

ბულვარის დირექტორი გიორგი ზირაქიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მითითებულ წლებში გარემონტებული მანქანა დღემდე მუშაობს. საანგარიშო პერიოდში ბულვარის ხელმძღვანელი ვანო ჭეიშვილი იყო.

 

კიდევ ერთი საწარმო, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, არის შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, რომელიც ბათუმში ცნობილია, როგორც  „ხოფის ბაზრობა“. საწარმოს დირექტორი არჩილ კახიძე პარალელურად კიდევ ერთი სახელმწიფო საწარმოს – შპს „აჭარინტერავტოსერვისის“ დირექტორიცაა. ის უარს ამბობს ბაზრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციის დასახელებაზე. „ციფრებს ვერ მოგცემთ, რა მოგება გვრჩება, რამდენს ვიხდით ბიუჯეტში. გეტყვით ერთს, რომ ყოველწლიურად მატება გვაქვს 5-7%-ით“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ კახაძემ. დირექტორის შეთავაზება ბიუჯეტში შენატანებისა თუ მოგების შესახებ ინფორმაციის წერილობით გამოთხოვაზე, საბოლოო ჯამში უარით დასრულდა. „მიმართეთ სამინისტროს და იმან მოგაწოდოთ ინფორმაცია, მე ციფრებს ვერ გეტყვით“, – გვითხრა დირექტორმა.

 

ამ საწარმოს მიერ თუნდაც ბიუჯეტში შენატანების გასაჯაროებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც უარი თქვეს. უარის თქმის არგუმენტი – „ეს საწარმოს კომერციული საიდუმლოებაა“.

 

„ხოფის ბაზრობის“ მოქმედი დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაზრობას 1400 ობიექტთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

 

შპს Goderdzi Resorts (ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი) –   ესეც სახელმწიფო საწარმოა, რომელიც ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. საწარმო გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტს აშენებს. კომპანიის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე თავის დამფუძნებელთან შეთანხმებით  „ბათუმელების“ ყველა კითხვას პასუხობს. ამ თვალსაზრისით ის გამონაკლისია, თუმცა, კომპანიას ჯერ საკუთარი შემოსავლები ანუ „კომერციული საიდუმლოებები“ არც გააჩნია. გასულ წელს კომპანიას აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გადაურიცხეს.

 

„ჩვენ საჯარო უწყება არ ვართ და არ გვავალებს კანონი გვქონდეს დამტკიცებული საშტატო განრიგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს საშტატო განრიგი. ამ ეტაპზე აუცილებელი პერსონალია დასაქმებული, – დირექტორის ჩათვლით 18 ადამიანი მუშაობს. საშტატო განრიგი კი, დაახლოებით 50 ადამიანზეა. 2013 წელს დასაქმებული პერსონალი მეტი იყო, სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიას ეხმარებოდა ადგილობრივი მუშახელი“, – ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

 

დირექტორის თქმით, საზოგადოებას შიდა აუდიტის სამსახური არ ჰყავს: „ამას არც კანონი გვავალდებულებს, რადგან არ ვართ საჯარო უწყება, მაგრამ ყოველწლიურად ჩვენი დამფუძნებლის შიდააუდიტი გვამოწმებს“.

 

ჯემალ ბოლქვაძე აცხადებს, რომ საწარმო წელს ჯამში ნახევარმილიონიანი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს: `ტენდერს გამოვაცხადებთ კეთილმოწყობით სამუშაოებზე. წელს, ზამთრის სეზონზე, კურორტი სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას – კურორტს ერთდროულად შეუძლია ღამისთევით 120 ადამიანი განათავსოს. ენერგო, წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემა, სათხილამურო, საბაგირო გზები კი, 3500 ადამიანზეა გათვლილი, თუ კერძო სექტორი დაინტერესდება ამ კურორტით“.

 

ჯემალ ბოლქვაძის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადეს. ამ ფულით მოეწყო საბაგირო გზები, 6 ცალი კოტეჯი… შენდება პერსონალის საცხოვრებელი სახლი. მაღალი შესყიდვიდან გამომდინარე საწარმო ბიუჯეტში ნაღდ ფულს არ იხდის. „დღგ-ში გვაქვს მეტობა და საგადასახადო ვალდებულებებს ამით ვფარავთ“, – ამბობს დირექტორი.

 

თავისი საწარმოები აქვს ბათუმის მერიას და სხვა მუნიციპალიტეტებსაც. ბათუმის მერიაში მათი საწარმოების მუშაობის ამსახველი ინფორმაციის მოწოდებაზე `ბათუმელებს“ ზეპირსიტყვიერად უთხრეს უარი. უარის თქმის მოტივი ამ შემთხვევაშიც „ინფორმაციის კომერციულობაა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: