რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის ზონიდან ამოღებას მხარს დაუჭირეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა და მისმა მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.

სხდომაზე „დამსწრეს“ სტატუსით იმყოფებოდა ლაშა კომახიძეც, სადაც ბათუმის მერმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. გთავაზობთ ოქმის ჩანაწერს, რომელიც ლაშა კომახიძის გამოსვლის მიხედვით არის შედგენილ:

2017 წელს გეოგრაფიკის მიერ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების შესამუშავებლი ამოცანა იყო, ამავე კომპანიის მიერ მომზადებული 2006 წლის ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტაციის ნაწილობრივი განახლება (2017 წ. ჯამური ღირებულება – 20 000 ლარი), იმ ძირითადი მიზნით, რომ სწრაფად გამხდარიყო შესაძლებელი ისტორიული განაშენიანების დამცავი ზონების დამტკიცება. ეს ხელს შეუწყობდა როგორც სამშენებლო პროცესების დარეგულირებას, ასევე ქალაქისთვის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

გაიმართა არაერთი შეხვედრა და განხილვა, რომლის შედეგადაც, 2018 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის პროექტი მოიწონა და მივიღეთ გადაწყვეტილება მისი კულტურის სამინისტროში გადაგზავნის თაობაზე, რათა გაგრძელებულიყო შემდგომი მსჯელობა სამინისტროსა და ეროვნულ სააგენტოში, იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია არც დამტკიცების კომპეტენცია და არც შესაბამისი მაღალი ექსპერტიზა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

აქვე [ლაშა კომახიძემ] განმარტა ის გარემოება, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ორჯერ მოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც მუნიციპალიტეტს თავის მხრივ უკვე გადაგზავნილი ჰქონდა. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა სამინისტროში: დოკუმენტაცია, განმარტებით ბარათთან ერთად, რომელშიც აისახა კორექტირების არგუმენტები, 2018 წლის დეკემბერში მიწოდებულ იქნა.

აქვე მან [ლაშა კომახიძემ] დააფიქსირა მერიის მზაობა დოკუმენტის განხილვისა და შემდგომი დახვეწისათვის.

შემდგომ მერმა წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მიერ კორექტირებული „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტი“ და შესაბამისი არგუმენტაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საბოლოო, ექვემდებარება გადახედვას და მისი დახვეწის მიზნით გამოთქვა რეკომენდაციების მოსმენისა და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელების მზაობა.

შემდგომ დამსწრე საზოგადოებას აჩვენა გეოგრაფიკის მიერ 2006 წელს შესრულებული ისტორიული განაშენიანების საზღვრები; განმარტა, რომ 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტი გეოგრაფიკს არ ავალდებულებდა წარმოდგენილი რუკების განახლებას, შესაბამისად, მასში არ შესულა ცვლილებები.

მერის თქმით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ 2006 წელს არსებული მდგომარეობა განსხვავდებოდა 2018 წელს არსებული რეალობისგან და მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაბამისი არეალები რუკაზე აჩვენა აუდიტორიას. მისი თქმით, 2006 წლის დოკუმენტში ბულვარის (ძეგლის) საზღვრები ვრცელდება უფრო ფართო არეალზე. თუმცა ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საზღვრები რეგისტრირებულია მხოლოდ უნივერსიტეტის ჩათვლით. შესაბამისად, დაკორექტირდა რუკაზე ძეგლის საზღვრები.

ასევე 2006 წლის დოკუმენტში ე.წ. „ჭაჭა თაუერი“ მითითებულია როგორც ძეგლი, თუმცა რეალურად ის არ არის ძეგლი. ეს შენობა ძეგლი არასოდეს ყოფილა, ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ისიც ამოღებული იქნა რუკიდან.

შემდეგ მან [ლაშა კომახიძემ] აჩვენა ყოფილი ბურუნთაბიეს (ფორტის) ტერიტორია, რომელსაც ჰქონდა ძეგლის სტატუსი. თუმცა დღეს მისი არსებობის კვალიც აღარ არსებობს, რის გამოც მას ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არსებული მდგომარეობა განსხვავდება 2006 წლისგან, რამდენადაც მას შემდეგ ბულვარის ნაწილზე განხორციელდა სხვადასხვა ახალი მშენებლობა (შერატონის, რედისონის, პორტა ბათუმის და კემპინსკის შენობები), რაც განსხვავებულ რეალობას ქმნის.

დასასრულს, მერმა აჩვენა მუნიციპალიტეტის მიერ კორექტირებული რუკის ვარიანტი, საიდანაც ამოიღეს ის ტერიტორიები, რომელიც არ იფარებოდა ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონებით, შემდეგ შემოისაზღვრა ნინოშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებით, რითაც, მისი განმარტებით, შემოსაზღვრულ იქნა უშუალოდ განაშენიანებული ზონა, ხოლო ბულვარი, როგორც ძეგლი, თავისთავად დაცულია, შესაძლოა უკეთესადაც, ვიდრე (ისტორიული) განაშენიანების ზონით იქნებოდა დაცული, რაც იყო მთავარი მოტივი საზღვრის ამ სახით ფორმირებისა.

დამატებით აჩვენა რამდენიმე ფოტო, რომელიც ასახავს ე.წ პორტის ტერიტორიის დღევანდელ მდგომარეობას. მან განმარტა, რომ ამ არეალს აღარ გააჩნია კავშირი ისტორიულ განაშენიანებასთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საბჭოთა ჩარევას, ის დღეს მინდორია, ხოლო მიმდებარედ სხვადასხვა ახალაშენებული სასტუმროებია და ასევე თორმეტ და ხუთსართულიანი საბჭოთა შენობების მწკრივი, რომელიც კეტავს ზღვაზე და ზღვიდან ხედს, რაც განსხვავდება 2006 წლის დოკუმენტში ასახული ვითარებისგან და სწორედ ამ მიზეზით ეს ტერიტორია ამოღებულ იქნა დამცავი ზონის საზღვრებიდან.

მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საბოლოო და გამოთქვა მზაობა გამოთქმული მოსაზრებების მოსმენისა და გაზიარების თაობაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.