მთავარი,სიახლეები

დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან (ფოტოამბები)

09.10.2018 • 4812
დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან (ფოტოამბები)

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, მეცხრე შესახვევი, ყოფილი 25-ე ბატალიონი – ეს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა დასახლებაში მცხოვრები 200-ზე მეტი ბავშვის ოფიციალური მისამართია. მათი მშობლები მეექვსე წელია, რაც ამ ადგილას დასახლდნენ. ზოგი სიღარიბეს, ზოგი უსახლკარობას, ზოგიც მეწყერს გამოექცა და ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ქოხი ააშენა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, გაზრდილია საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც. დღეისათვის უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ საქართველოში ბავშვების 6.8% ცხოვრობს.

სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან კვებაზე. ბათუმის გარეუბანში, ყოფილ 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ ის შემწეობაა, რომელსაც სახელმწიფო უხდის. აქ მცხოვრები ბავშვების საკვები რაციონი კი, უფასო სასადილოს მენიუზეა მიბმული. ბავშვებმა ზეპირად იციან მენიუ და ისიც, თუ რომელ დღეს რა კერძი იქნება. არავის უყვარს ორშაბათი, რადგან ორშაბათი ნიშნავს კატლეტის ულუფას, რასაც ბავშვები არ ჭამენ. უყვართ სამშაბათი, რადგან სამშაბათი ნიშნავს, რომ უფასო სასადილოს მენიუში სოსისია, ყველაზე გემრიელი საჭმელი ბავშვებისთვის.

ლორა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ლორა 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ყველა კუთხე-კუნჭულს იცნობს. ადგილი, სადაც ქოხები და ბეტონის ოთხკუთხედი სახლები დგას, ჭაობიანია. ზოგი ქოხი ისეა ერთმანეთზე მიდგმული, მხოლოდ ვიწრო გასავლელია მათ შორის. ლორასა და მის „რაზმთან“ ერთად მოვხვდით ყველა ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

მაშ ასე, რითი იკვებებიან ბავშვები, როცა სკოლის შემდეგ სახლში ბრუნდებიან: ზოგისთვის ეს სადილი გამოდის, ზოგისთვის ვახშამი, რადგან სხვადასხვა ცვლაში სწავლობენ და საჭმელსაც განსხვავებულ დროს ჭამენ.

ლორა და მათე

ლორა 7 წლისაა, მისი ძმა მათე ორი წლის. მათი სადილი უფასო სასადილოდან მოტანილი ხორციანი ფლავია.  ლორას ოჯახი, ერთ-ერთია იმ სამასი ოჯახიდან, რომელიც  ბათუმში, 25-ე ბატალიონის დასახლებაში ცხოვრობს. ლორა ამბობს, რომ რამე განსაკუთრებული კერძი არ აქვს, რადგან „ყველაფერი უყვარს“.

ლუნა და მისი კატა ნიკო

ლუნა სამი წლისაა. მისი სადილი მაკარონის სუპი, პური და კატლეტია. ლუნას კატლეტი არ უყვარს, ისე როგორც არცერთ ბავშვს დასახლებიდან, ვისაც შევხვდი. სამაგიეროდ კატლეტი უყვარს ნიკოს – ლუნას კატას. ისინი მეგობრები არიან. ბაღიდან დაბრუნებულ ლუნას კატა კართან ელოდება, მერე კი სასადილო მაგიდასთან თავისი წილი კატლეტის მიღებას უცდის. ლუნას ორშაბათს შევხვდი. ლუნა ამბობს, რომ ყველაზე მეტად სამშაბათი უყვარს. სამშაბათობით სოციალურ სასადილოში, საიდანაც მის ოჯახს საკვები მოაქვს, მენიუში სოსისია. ლუნას ოჯახს სამი სოსისი ერგება. მართალია, სახლში ოთხი სული ცხოვრობს, მაგრამ მისი და, ლანა, ჯერ პატარაა. 3-წლამდე ბავშვებისთვის კი უფასო სასადილოს საკვები გათვალისწინებული არაა. ლუნა ამბობს, რომ დედიკოს და მამიკოს სოსისები არ უყვართ, ამიტომ ყველა მას რჩება.

ოთიკო და დიანა

ოთიკო 6 წლისაა, დიანა 8 წლის. სკოლიდან დაბრუნებისას სახლში კატლეტი და პიურე დახვდათ.

ნინო და მარიამი

ნინო და მარიამი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ორივეს ბებია ზრდის. მათი ვახშამი პური და შემწვარი კვერცხია.

ხატია და მარიკა

ხატია ხუთი წლისაა, მარიკა ექვსის. მათი ვახშამი ჩაი და პურია. კიდევ ქაში, რომელიც ბავშვებს დიდად არ უყვართ. მათი დედა, ინგა ამბობს, რომ სოციალურ დახმარებას ვერ ღებულობენ, რადგან შემოწმების შედეგად „მაღალი ქულა მიღეს“. ინგას თქმით, ხშირად მეზობლები აძლევენ მორჩენილ საჭმელს – საკვები ამ ოჯახებსაც უფასო სასადილოდან მოაქვთ.

დაჩი

დაჩი სამი წლისაა. მისი ვახშამი პური, მაკარონის სუპი და მაწონია. სახლში კატლეტიც აქვთ, რომელიც დაჩის არ უყვარს და იშვიათად ჭამს.

ენრიკე

ენრიკე სკოლიდან ახლახანს დაბრუნდა. მისი სადილი სხვა ბავშვების მსგავსად კატლეტი და პიურეა.

ანა, მარიამი და მაკა

სკოლიდან დაბრუნებულ ანას, მარიამსა და მაკას სადილად სუპი და პური დახვდათ.


ანეტა და ლიზი

ანეტა და ლიზი 9 წლის ტყუპი დები არიან. მათი საყვარელი საჭმელია ყიყლიყო და კარტოფილი. კიდევ მაკარონი. სახლში სადილად კატლეტი და პური დახვდათ. ანეტას ყველაზე მეტად ბანანი უყვარს. გოგონები ამბობენ, რომ ბანანი ბოლოს „შარშან ჭამეს“.

არაოფიციალური მონაცემებით, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან 300 არასრულწლოვანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: