სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები ბათუმში

ბათუმის მერიამ საკრებულოს, ბათუმში ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი შენობების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა და არსებული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული მისეული ხედვებიც გააცნო. მერიის ინფორმაცია საკრებულომ, 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე, ცნობად მიიღო.

მერიის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ბათუმში მდებარე 34 ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაკვეთით მოამზადა.

„წარმოდგენილი დასკვნების თანახმად, ექსპერტიზა მიიჩნევს, რომ 19 შენობის აღდგენა-გამაგრება გაუმართლებელია, არ არის მიზანშეწონილი, ავარიულია და სახლის ან/და მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია [სულ ოჯახების რაოდენობა 740]. ხოლო, 2 შენობა-ნაგებობის [სულ ოჯახების რაოდენობა 13] არსებული სახით ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი, ან დაუშვებელია“ – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. დასკვნები სამხარაულმა 2017-2018 წლებში დადო.

ბათუმში საფრთხის შემცველი შენობების მისამართები 

ოძელაშვილის ქ. #20 – საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო, მიშენებული ნაწილების
კონსტრუქციიდან გამომდინარე, არსებული სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. შენობის გამაგრება და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა არარენტაბელურობის გამო არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად; ოჯახების რაოდენობა – 123.

გ. ბრწყინვალეს ქ. #48 – საცხოვრებელი სახლი ავარიულია და საფრთხის შემცველია. დაზიანებათა დიდი მოცულობიდან და შენობის
კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, შენობის აღდგენა არარენტაბელურობის გამო არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად; ოჯახების რაოდენობა – 25.

ყაზბეგის ქ. #16 – საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები ავარიულია
და საფრთხის შემცველია. აღსადგენი ზონების მასშტაბებისა და დაზიანებათა ხასიათიდან გამომდინარე, შენობის აღდგენა, მისი არარენტაბელურობის გათვალისწინებით, არ მიგვაჩნია გამართლებულად; ოჯახების რაოდენობა – 33.

კახაბრის ქ. #34 – საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის
შემცველია. მიშენებული ნაწილების კონსტრუქციული სქემა და რკინა-ბეტონის ელემენტების ზომები ვერ აკმაყოფილებენ სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, დეტალური გამოკვლევის შედეგების
საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით; ოჯახების რაოდენობა – 44.

გ. კვინიტაძის ქ. #1 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის IV გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელს. ფაქტობრივად, შენობა ამორტიზებულია. ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება გაუმართლებლად მიგვაჩნია და გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი; ოჯახების რაოდენობა – 4.

გ. კვინიტაძის ქ. #3 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის IV გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელს. ფაქტობრივად, შენობა ამორტიზებულია. ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება გაუმართლებლად მიგვაჩნია და გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი; ოჯახების რაოდენობა – 10.

იმერხევის ქ. #4 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის IV გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელს. ფაქტობრივად, შენობა ამორტიზებულია. ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი
აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება გაუმართლებლად მიგვაჩნია და გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ასევე საფრთხის შემცველია მიშენებული ნაწილების ექსპლუატაცია სამშენებლო სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო; ოჯახების რაოდენობა – 10.

მწვანე კონცხი, მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევი #36 – საცხოვრებელი შენობა ამორტიზებულია,ხანდაზმულობიდან გამომდინარე,
მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეულ ზონებში შენობა ავარიულია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ არის მიზანშეწონილი; ოჯახების რაოდენობა – 3.

რურუას ქ. #1 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე მიეკუთვნება კაპიტალურობის III გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 100 წელს. ნათლად ჩანს, რომ დაზიანებები შენობას მიყენებული აქვს მოუვლელობით, კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დიდი ხნის მანძილზე ჩაუტარებლობით და მოსახლეობის მიერ შიდა თვითნებური გადაკეთებების მეშვეობით. მიზეზს წარმოადგენს აგრეთვე დაზიანებული წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, რის გამოც სარდაფებში პერიოდულად ხდება წყლის დაგროვება. ფუძე-გრუნტის მზიდუნარიანობის შესუსტებისა და გამორეცხვის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ჯდენითი დეფორმაციების განვითარება, რაც ისედაც ავარიული შენობის (ამაზე მეტყველებს შენობაზე არსებული მჭიმები) კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხეს შეუქმნის. შენობის გამაგრება და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩასატარებელი სამუშაოების არარენტაბელურობიდან გამომდინარე. ოჯახების რაოდენობა – 72.

ტაბიძის ქ. #7 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის III გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 100 წელს. დაზიანებები შენობას მიყენებული აქვს მოუვლელობითა და თვითნებურად განხორციელებული დაშენება-მიშენებების შედეგად. მიშენებული ნაწილების კონსტრუქციიდან გამომდინარე, არსებული სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. შენობის გამაგრება და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად არარენტაბელურობის გამო. ოჯახების რაოდენობა – 74.

ფრ. ხალვაშის გამზ. #16 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის IV გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელს. ფაქტობრივად, შენობა ამორტიზებულია. ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება გაუმართლებლად მიგვაჩნია და შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო. ოჯახების რაოდენობა – 5.

ფრ. ხალვაშის გამზ. #206 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის IV გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელს. ფაქტობრივად, შენობა ამორტიზებულია. ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკოვბრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება გაუმართლებლად მიგვაჩნია და შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო. ოჯახების რაოდენობა – 8.

ჰაიდარ აბაშიძის ქ. #21 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა, კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე, მიეკუთვნება კაპიტალურობის III გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 100 წელს. ფაქტობრივად, შენობა ამორტიზებულია. ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია, თუმცა, ჩასატარებელი სამუშაოების დიდი მოცულობისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია გაუმართლებლად. გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ცალკე საფრთხის შემცველია მიშენებული ნაწილების ექსპლუატაციაც სამშენებლო სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო. ოჯახების რაოდენობა – 11.

კახაბრის ქ. #30 – საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის
შემცველია. მიშენებული ნაწილების კონსტრუქციული სქემა და რკინა-ბეტობის ელემენტების ზომები ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუციული პროექტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 34.

იმედაშვილის ქ.#25 – ვიზუალური დათვალიერებით, შენობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგებისა და ეკონომიკური თვალსაზრისის გათვალისწინებით, შენობების დემონტაჟი, ან გამაგრება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული პროექტების მიხედვით. აივნების ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას, მათი შემდგომი ექსპლუატაცია კატეგორიულად დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს. ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 20.

ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა – ვიზუალური დათვალიერებით, ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა-ში მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის საძირკვლის ფუძის ჯდენის გამო, მიშენებული ნაწილი გადაიხარა ვერტიკალური სიბრტყიდან ეზოს მიმართულებით და, ძირითადი შენობის ღია აივნებთან მიშენებული ნაწილის ხისტად შეერთების გამო, თან წაიყოლა ძირითადი შენობის მზიდი კონსტრუქციები, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია შენობის ტორსულ კედლებთან მდებარე ბინებში. უნდა აღინიშნოს, რომ საძირკვლის ფუძის ჯდენის დინამიკური პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რადგან გარემონტებულ ბინებში ბზართა წარმოქმნა გრძელდება. შენობის ამ
ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ვერ უზუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და მისი შემდგომში ექსპლუატაცია დაუშვებელია. ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემდგომი
ნორმალური ექსპლუატაციისათვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს შენობის უკანა მხარეს მოგვიანებით განხორციელებული მიშენების ტექნიკური მდგომარეობის დეტალების გამოკვლევა და მიღებული შედეგების საფუძველზე, დაუყოვნებლივ განხორციელდეს
შენობის მიშენებული ნაწილის გამაგრება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გაძლიერების პროექტის მიხედვით, ან დემონტაჟი ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 50.

შავშეთის ქ. #29 –  შენობის ვიზუალური დათვალიერებით, შენობის უკანა კედელზე შეინიშნება დახრილი და ვერტიკალური ბზარები. ბზარები შეინიშნება ოთახებში, შენობის შუაში არსებულ დერეფნებში, შემოსასვლელში, კიბის უჯრედში. სახურავის დაზიანების გამო, ჩამორეცხილი და დახავსებულია კედლები, ჩამოცვენილია ჭერიდან ნალესი, მთლიანად ამორტიზებულია იატაკი და კარ-ფანჯრების ხის კონსტრუქციები. ოთხებში და დერეფნებში ჩანგრეულია იატაკი, იატაკები დახრილია გარე პერიმეტრის მხარეს. სველ წერტილებში ჩამონგრეულია ჭერის ხის კონსტრუქციები, ამძვრალია თუნუქის ფურცლები და საფრთხეს უქმნის მობინადრეების სიცოცხლეს. დერეფნებში და ოთახებში ყრია სამშენებლო ნაგავი, აყრილია იატაკი, არის ანტისანიტარიული მდგომარეობა. შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საფრთხეს უქმნის მობინადრეების სიცოცხლეს და მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ქ. ბათუმში, შავშეთის ქ.#29-ში მდებარე შენობის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელია შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა, მიღებული შედეგების საფუძველზე და, ეკონომიკური შეფასებიდან გამომდინარე, შენობის გამაგრება და რეკონსტრუქცია ამ მიზნით სეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, ან დემონტაჟი ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროქეტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 74.

გენ. ასლან აბაშიძის ქ. #7 – საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მიშენებული ნაწილები შესრულებულია კუსტარულად და უხარისხოდ, რის გამოც, მიღებული დეფორმაციები აღემატება სამშენებლო ნორმებით დასაშვებ მნიშვნელობას. ცალკეული ზონები ავარიულ მდგომარეობაშია და მათი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. აუცილებელია დროულად განხორციელდეს მიშენებული ნაწილების დემონტაჟი და ძირითადი შენობის მიმდებარე ზონის გამაგრებაგაძლიერება, სათანადოდ დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 70.

ჯავახიშვილის ქ. #78 – საცხოვრებელი სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში. მიშენებული ნაწილების დეფორმირების პროცესი პროგრესირებს, რაც საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს. აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიზღუდოს მიშენებული ნაწილების ექსპლუატაცია და განხორციელდეს მათი დასაძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა, რისთვსაც საჭიროა წარმოდგენილი იქნას მიშენებების კონსტრუქციული პროექტი და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები. გამაგრების შესაძლებლობის შემთხვევაში, საჭიროა დროულად განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები, სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით, ხოლო გამაგრებითი ღონისძიებების გატარების გაუმართლებლობის შემთხვევაში, აუცილებელია, განხორციელდეს მათი
დეონტაჟი. კვლევების ჩატარებამდე, უსაფრთხოების მიზნით, ასევე აუცილებელია ეზოში მიშენებული ნაწილების მიმდებარე ზონები შემოიღობოს უსაფრთხოების წესების დაცვით. ოჯახების რაოდენობა – 70.

ტბეთის ქ. #14 – საცხოვრებელი შენობა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ამორტიზებულია, მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი მოცულობის გათვალისწინებით, შენობის აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად არარენტაბელურობიდან გამომდინარე. სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა თვალსაზრისით, შენობის ექსპლუატაცია არსებული სახით დაუშვებელია. ოჯახების რაოდენობა – 10.

ი. ნონეშვილის #3 – საცხოვრებელი სახლის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მზიდი კონსტრუქციიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება კაპიტალურობის მეოთხე ჯგუფს და მისი გამოსადეგობის ვადა შეადგენს 50 წელს. შენობა ამორტიზებულია, ვინაიდან შენობის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება მიგვაჩნია გაუმართლებლად. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ოჯახების რაოდენობა – 3.

რაში ხედავს მერია გამოსავალს?

მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია:

„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევა, რაც დაკავშირებულია ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციასთან, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური, ასევე, ქონებრივი რესურსებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, საკითხის გადაწყვეტა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით.

ამ მიმართულებით, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებლად მიგვაჩნია რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, ან/და მათი კომბინირებით, რომელთა საერთო მიზანი იქნება მოსახლეობისათვის ჯანსაღი/უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესება:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალური პროგრამის შემუშავების გზით, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის გამოყენებით, ეტაპობრივად მოხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაცია. პროგრამის შემუშავება და ძალაში შესვლა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2020 წლისა და მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს საფრთხის შემცველი ყველა შენობა-ნაგებობების სრულ ლიკვიდაციამდე პერიოდი.

2. ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და მათ ადგილზე მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსებით ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის შესაბამისი ასიგნების გათვალისწინება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2020 წლისა და გაგრძელდეს საფრთხის შემცველი ყველა შენობა-ნაგებობების სრულ ლიკვიდაციამდე.

3. ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებისათვის ერთჯერადად 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის კომპენსაციის სახით გადაცემა, მათ საკუთრებაში არსებული ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, რომლის შემდგომ, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობის ლიკვიდაცია. შესაბამისი ასიგნების გათვალისწინება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2020 წლისა და გაგრძელდეს საფრთხის შემცველი ყველა შენობა-ნაგებობების სრულ ლიკვიდაციამდე.

4. დეველოპერული კომპანიების ინფორმირება ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების შესახებ, მათთვის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიწოდება, იმ მიზნით, რომ კომპანიებმა, დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყონ სალიკვიდაციო შენობების ადგილებზე ახალი მშენებლობების განხორციელება, რა დროსაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, შესაძლებლობის ფარგლებში, გადაწყვეტილი იქნება პოტენციური ინვესტორების წინაშე არსებული ტექნიკური სახის პრობლემური საკითხები“.

მერიაში თვლიან, რომ საკითხის ამ მიმართულებით წარმართვისათვის საჭიროა სათანადო საინფორმაციო სამუშაოს ჩატარება, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სხვა დაინტერებული მხარის ჩართულობით. გარდა აღნიშნულისა, ბათუმის მერია აგრძელებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, შესაძლო ავარიული, ამორტიზებული და საფრთხის შემცველი სხვა შენობა-ნაგებობების გამოვლენის სამუშაოებს.

„იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო კვლევის შედეგად დადგინდება, რომ შენობა-ნაგებობის არსებული სახით ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია ადამიანთა სიცოცხლისათვის, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ არის მიზანშეწონილი და ექვემდებარება სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მოახდენს შენობა-ნაგებობის
მესაკუთრეების/მობინადრეების ინფორმირებას/ შეტყობინებას შენობა-ნაგებობის ავარიულობის, ამ შენობა-ნაგებობიდან ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე“ – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ამ თემაზე:

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

მთავარი ფოტო: საცხოვრებელი შენობა, ბათუმში, ტბეთის ქ. #14-ში. 

 

როგორ უბრუნდებიან საზოგადოებას დიდ ბრიტანეთში ყოფილი პატიმრები [კვლევა]

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პენიტენციური სისტემები. მათ შორის ინგლისისა და უელსის სისტემა.

კვლევის მიხედვით, ინგლისსა და უელსში ყოფილი პატიმრების რეინტეგრაციაში აქტიურად არიან ჩართულები სათემო რეაბილიტაციის კომპანიები. ასე ეწოდება კომპანიებს, რომლებიც ყოფილ პატიმრებს ვაკანსიებს და საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო სერვისებს სთავაზობენ. სულ 21 გეოგრაფიული ლოკაციაა ინგლისსა და უელსში, სადაც კომპანიებმა სერვისები უნდა წარმოადგინონ.

ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროექტებში ჩართვის მსურველი კომპანიები  განაცხადს აკეთებენ. ამის შემდეგ სახელმწიფო არჩევს საუკეთესო წინადადებებს და ორგანიზაციები სერვისების მიწოდებას. შეთავაზებული სერვისების ეფექტურობას რეგულარულად სწავლობს სახელმწიფო.

Blue Sky ერთ-ერთი ასეთი სათემო რეაბილიტაციის კომპანიაა, აქვს სოციალური საწარმო, რომელიც ყოფილი პატიმრების დასაქმებას უწყობს ხელს და გრძელვადიანი შედეგებით გამოირჩევა. 2005 წლიდან კომპანიამ დროებით დაასაქმა 1300-მდე ყოფილი პატიმარი. მათი 40 პროცენტი შემდგომში დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე, რაც 4-ჯერ აღემატება სახელმწიფოს დასაქმების პროგრამის მიღწევებს 2014-2015 წლებში გათავისუფლებული პატიმრებისათვის.

კომპანია სხვა წყაროებთან ერთად ფინანსდება სამართალდამრღვევთა მართვის ეროვნული სამსახურის, შრომისა და პენსიის დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროპის სოციალური ფონდის მიერ. კომპანიას აქვს პრობაციის ეროვნულ სამსახურთან, ციხის სამსახურთან და სათემო რეაბილიტაციის კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის 12 წლის გამოცდილება.

დასაქმებული პატიმრები იღებენ ხელფასს, დახმარებას მუშაობასთან შეგუების პროცესში; იწყებენ ურთიერთობას ახალ ადამიანებთან და მათი სოციალური ქსელი ფართოვდება. ეს ხელს უწყობს ცხოვრების უფრო ჯანსაღი წესით წარმართვას. კომპანიის საშუალებით ყოფილი პატიმრები საქმდებიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნარჩენების მართვა და გადამუშავება, დისტრიბუცია და დასაწყობება, მშენებლობა, კვების სექტორი და სხვ. კომპანია წარმოადგენს დასაქმების სააგენტოების საუკეთესო ალტერნატივას. ის თანამშრომლობს მრავალ კომპანიასთან, თავად ასაქმებს ყოფილ პატიმრებს (მაქსიმუმ ექვსთვიანი კონტრაქტის საშუალებით სრულ ან ნახევარ განაკვეთზე) და ათავსებს მათ შერჩეულ ადგილზე.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს მხარდაჭერის სრულ პაკეტს, რაშიც შედის კონსულტაციები, უპროცენტო სესხი და ტრენინგ-გრანტები. ინგლისის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, დასაქმების ხელშეწყობის მოდელმა, რომელსაც Blue Sky იყენებს, 23%-ით შეამცირა განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი, რაც მსგავს ინტერვენციებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტია კომპანია Startup-Startup-ი. კომპანია ყოფილ ქალ პატიმრებს სთავაზობს ბიზნეს განათლებას, კონსულტაციასა და მცირე გრანტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი მცირე საწარმოების გახსნა. ყოფილი პატიმრებისთვის ხშირად თვითდასაქმება საუკეთესო გამოსავალია, რადგან დამსაქმებლის მოლოდინების დაკმაყოფილება მათ, როგორც წესი, უჭირთ. 2010 წლიდან კომპანიამ 1200-მდე ქალთან იმუშავა.

Startup-Startup-ი საქველმოქმედო ორგანიზაციაა და დაფინანსების სხვადასხვა წყარო აქვს. იმ 348 ქალს შორის, რომელმაც კომპანიის დახმარებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტია.

ინგლისსა და უელსში მოქმედებს ასევე სენტ გაილს თრასტ მენტორინგის პროგრამა (St Giles Trust Peer Advisor Programme), რომელიც ყოფილ პატიმრებს სთავაზობს პროფესიულ ტრენინგს და განვითარებას შემდგომი დასაქმებისთვის. ამავდროულად, მონაწილეები თავად ხდებიან მენტორები და ეხმარებიან სხვა ბენეფიციარებს წარმატების მიღწევაში. ბენეფიციარებს დახმარებას უწევენ სამუშაო ადგილების მოძიებაში.

კიდევ ერთი წარმატებული სარეაბილიტაციო პროგრამაა ბრაიტონის ქალთა ცენტრის პროგრამაა „Brighton Women’s Centre’s Inspire Programme“. აქ, ძირითადად, იმ ქალებს ეხმარებიან (ძალადობის მსხვერპლი, მენტალური დაავადების მქონე, დამოკიდებულების მქონე, ღარიბი, მარტოხელა ან უმუშევარი), რომლებიც მოხვდნენ სისხლის სამართლის სისტემაში.

პროგრამის მიზანია, გააძლიეროს ქალები და ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებლობას. თითოეულ ბენეფიციარ ქალთან ინდივიდუალურად მუშაობს „ქეისის მენეჯერი“, რომელიც მასთან ერთად ადგენს დახმარების გეგმას ბენეფიციარის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შეთავაზებული პრაქტიკული და თერაპიული ინტერვენციები ამცირებს განმეორებითი დანაშაულის რისკს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„ჩავალთ პარლამენტთან და ძროხებსაც მაქ დავაბამთ“ – საპროტესტო აქცია წალკაში

„აღდგომამდე ვაძლევთ დროს მთავრობას. თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, პარლამენტთან ჩავალთ და ძროხებსაც მაქ დავაბამთ, სად წავიდეთ, აბა?“ – კითხულობს ელგუჯა შავაძე. ის წალკაში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა.

ელგუჯა შავაძის ოჯახი წალკაში 2003 წლიდან ცხოვრობს. მისი თქმით, ის და წალკის სხვა მაცხოვრებლებიც მესაკუთრეებმა გააფრთხილეს და აღდგომამდე სახლების დაცლა მოსთხოვეს. ელგუჯა ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს.

„აქედან 220 ოჯახი „ოცნების ქალაქში“ წავიდა, 60 ოჯახი – ერაყში წავიდა სამუშაოდ და გადასახლდა, სოფელში აღარავინ რჩება. ისე 2 ათას ოჯახამდე ვიყავით ბოლო წლებია. ხელისუფლება სულ გვპირდება, მაგრამ რეალურად მხოლოდ 330 ოჯახს მისცეს სახლი საკუთრებაში,“ – გვეუბნება ელგუჯა შავაძე.

„წელს ქვეყნის მასშტაბით 174 ეკომიგრანტი მიიღებს თანხას საცხოვრებელი სახლის შესაძენად. ჯერ არ ვიცით, რამდენი იქნება მათ შორის წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტი. კომისია მაისში უნდა შეიკრიბოს,“ – ამბობს კოტე რაზმაძე, ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ის ასევე განმარტავს, რომ წალკაში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა იქ თვითნებურად, „ოჯახის გაფართოვების მიზნით“ ჩასახლდა და დაახლოებით 300 ოჯახია რეალურად ეკომიგრანტი.

რას პასუხობს ხელისუფლება აქციაზე გამოსულ ადამიანებს? – კოტე რაზმაძე მიიჩნევს, რომ წალკაში მცხოვრები ადამიანების პროტესტი წინა ხელისუფლებამ გააჩინა, რადგან მაშინ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებლის გადაცემა აღარ ხდებოდა.

„არსებობს სამართლებრივი აქტი და კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც ეტაპობრივად ყველა ეკომიგრანტი დაკმაყოფილდება. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის დაახლოებით 5 ათასი ეკომიგრანტია დასაკმაყოფილებელი საცხოვრებლით“, – განმარტავს კოტე რაზმაძე.

ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესაძენად ხელისუფლება სპეციალური პროგრამის ფარგლებში 25 ათას ლარს იხდის.

 

დამატებით 273 338 ლარი „ბათუმობაზე“ მომღერლების, მსახიობებისა და პოეტებისთვის

ბათუმის ბიუჯეტიდან დამატებით 273 338 ლარი გამოიყო „ბათუმობაზე“ გასართობი მომსახურებების შესასყიდად. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ტენდერის გარეშე დაიხარჯება და ის, ძირითადად, ესტრადის მომღერლების, მსახიობებისა და პოეტების ჰონორარებს მოხმარდება.

„ბათუმობისთვის“ ადრე და ამჯერად გამოყოფილ თანხებს თუ დავაჯამებთ, ამ ღონისძიების ჩატარება 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

კულტურის ცენტრის მონაცემებით, ჰონორარები შემდეგნაირად გადანაწილდება:

[checklist]

  • ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მომსახურება – 81 574,88 ლარი;
  • გალა კონცერტში მონაწილე ესტრადის მომღერლების ჰონორარი – 117 938 ლარი;
  • პოეტების ჰონორარი – 7 500 ლარი;
  • სცენა საზაფხულო თეატრის წინ [ბათუმელი შემსრულებლები] – 34 625 ლარი;
  • მიუზიკლი „welcome to Georgia“ – 22 000 ლარი;
  • თითების თეატრი – 4700 ლარი;
  • ფრანების შოუ – 5 000 ლარი.

[/checklist]

„სახალხო დღესასწაულის „ბათუმობა 2019“-ის საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენდა, აქედან 12 მარტს გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა დეკორაციის დამზადებას, ბეჭდვით მომსახურებას, სცენების დადგმასა და მორთვას და სხვ. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია და გაფორმებულია ხელშეკრულებაც. ბათუმობის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასევე წარმომადგენლობითი ხარჯები, – ბათუმთან დაძმობილებული ქალაქებიდან მოწვეული დელეგაციის დაბინავებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯები და კონფერენციის „ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა“- დაფინანსება, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს „ბათუმობის“ ფარგლებში ტარდება“, – აღნიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის განაცხადში, რომლითაც ცენტრი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

ამ თემაზე: „ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა

„გამომდინარე იქედან, რომ „ბათუმობისთვის“ გამოყოფილი თანხა, ძირითადად, საორგანიზაციო ნაწილს და წარმომადგენლობით ხარჯებს ხმარდება, ამასთან ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე ადგილზეა დაგეგმილი, სადაც იქნება დადგმული შესაბამისი ინფრასტრუქტურა [სცენა და გახმოვანება, განათების აპარატურა], მიზანშეწონილი გახდა სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის, გასართობი და შოუს ელემენტებით დატვირთული ღონისძიებების დამატება და ბათუმელი და საქართველოში მოღვაწე პოპულარული შემსრულებლების მოწვევა, რაც ხელს შეუწყობს ღონისძიების მასშტაბურობასა და მოსახლეობის დაინტერესების ზრდას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილების დროს, 2019 წლის 12 აპრილს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად იქნა გატანილი საკითხი „ბათუმობისთვის“ დამატებითი ასიგნების გამოყოფის თაობაზე და ამ მიზნით ბიუჯეტში გასართობი მომსახურების შესყიდვისათვის დამატებით გამოიყო 273 338 ლარი [ესტრადის მომღერლების და მსახიობების ჰონორარები], აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.

ტენდერის გარეშე შესყიდვის განხორციელებას კულტურის ცენტრი შემდეგნაირად ასაბუთებს: „დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მათი მაღალ დონეზე და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ღონისძიებებისა და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს. გამომდინარე აქედან, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება“.

ბათუმის მერიის ცნობით, ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში 28 აპრილის 12-დან, 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება.

ამ თემაზე:

როგორი იქნება „ბათუმობა“ 2019 – აფიშა

 

 

 

თიბისიმ საერთაშორისო ორგანიზაცია Mckinsey-სთან ერთად ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას.

ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას.

თიბისის გენერელური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და ამ გაფართოების ფონზე უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება.“

ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა განსხვავდება სტანდარტული იერარქიული სისტემისგან. დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.

ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.

გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.

ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.

ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა თიბისის 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება.

„ბათუმის წყლის“ მიერ დატოვებულ თხრილში მანქანები ჩაცვივდა

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საცხოვრებელ კორპუსებს შორის შემავალ გზაზე ავტომანქანები ღიად დატოვებულ თხრილში ვარდებიან. ამ მისამართზე მცხოვრები ადამიანების თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ გათხრილ ორმოში სამი ავტომანქანა ჩავარდა. ორი შემთხვევის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა.

თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო

„დღისით ვიზუალურად ყველა ამჩნევს, რომ იქ თხრილია. ჩვენ გვქონდა ნიშნულები, რომელიც ალბათ ქარმა დააზიანა,“ – გვითხრეს შპს „ბათუმის წყლის“ პიარსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ წყალარინების ახალ სისტემაზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერ უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი.

„ბათუმის წყალში“ ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის არავის მიუმართავს მანქანების თხრილში ჩავარდნის პრობლემით.

აუნაზღაურებს თუ არა კომპანია მოქალაქეებს ზარალს მიმართვის შემთხვევაში? „ამას ახლა ვერ გეტყვით. მოგვმართონ და შემდეგ განვიხილავთ,“ – გვიპასუხეს „ბათუმის წყალში“.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს კიდევ 23 ორგანიზაცია ეხმიანება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება.

„არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედია გარემოში. დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჩაერთოს ამ პროცესებში“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს 23 ორგანიზაცია აწერს.

ეს ორგანიზაციებია: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ლიბერალური აკადემია თბილისი; თავისუფალი არჩევანი; ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; რადიო ათინათი; “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი”; ასოციაცია ,,დეა”; ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის “; ადგილობირივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; “სტუდენტურ-ახალაგზრდული სათათბირო”; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; საზოგადოებრივი განვითარების აკადემია”; გადავარჩინოთ მომავალი თაობა”; საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; ,აფხაზეთი- ჩემი სახლი”; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი“; ენერგოეფექტურობის ფონდი.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადებები. განცხადებებში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში; „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა და ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“; ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი და ა.შ.   

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომლის განცხადებითაც აჭარის ტელევიზია არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 19 აპრილს განიხილავს. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული.

 

„ბათუმის წყალი“: არდაგანის ტბა უკვე გაწმენდილია [ფოტო]

შპს „ბათუმის წყალმა“ არდაგანის ტბაზე მექანიკური და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები 13 აპრილს დაასრულა და ამის ამსახველი ფოტომასალა კომპანიის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ტბა განსაკუთრებით იყო დაბინძურებული იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

„ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. 
ფოტო: ბათუმის წყალი
ფოტო: ბათუმის წყალი
ფოტო: ბათუმის წყალი

მთავარ ფოტოზე: ტბის გაწმენდა. ფოტო: „ბათუმის წყალი“

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 17  აპრილის  21 საათიდან 18  აპრილის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი 
  • ღამით: 0-5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 19-20 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, არჩილ კახაძე

გარევაჭრობა ძველ ბათუმში – მერია თემატური გეგმის შემუშავების სავარაუდო ფასს ადგენს

ბათუმის მერია ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გარევაჭრობის თემატური გეგმის შემუშავებას გეგმავს, გეგმის შემუშავების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი ბაზრის კვლევას ატარებს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა მერიაში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

როგორც მერიაში გვითხრეს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის შემდეგ თემატური გეგმის შემუშავებაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში გამარჯვებულმა დოკუმენტი 14 კვირაში უნდა მოამზადოს.

გარევაჭრობის თემატური გეგმის შესამუშავებლად გეგმარებითი დავალება ქალაქის საკრებულომ 2019 წლის 31 იანვარს დაამტკიცა. განკარგულებით განისაზღვრა ძველი ბათუმის გარე ვაჭრობის არეალიც, რომლისთვისაც თემატური გეგმა შემუშავდება.

ამ გეგმის მეშვეობით კი, აღნიშნულ არეალში გადასაწყვეტია შემდეგი:

[checklist]

  • „ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების/ვიზიტორების ინტერესების გათვალისწინება; ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული იერის შენარჩუნება;
  • ობიექტების მიმდებარე მრავალბინიანი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სავაჭრო თუ სხვა პროფილის ობიექტების მესაკუთრეთა სამართლიანი ინტერესების დაცვა;
  • სატრანსპორტო მოძრაობისა და ქვეითად, ველოსიპედით, აგრეთვე, შშმ და შშმმ პირთა გადაადგილების სათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • გარემოსდაცვითი პირობების უზრუნველყოფა – მიკროკლიმატის გათვალისწინება, ინსოლაცია, აკუსტიკური ხმაურის რეჟიმი, ობიექტებისაგან მომდინარე შემაწუხებელი სუნისა თუ ოხშივრისაგან იზოლირება; ობიექტის ღამის განათება;
  • გარე მოვაჭრეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება;
  • ადგილების გეომეტრიული პარამეტრებისა დადგენა და ზუსტი ტოპოგრაფიული დამისამართება; საზოგადოებრივი სივრცეების ფუნქციურ-ტერიტორიული ათვისება; ობიექტების სტანდარტიზება და მხატვრულ-ესთეტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება; შშმ და შშმმ პირთათვის ობიექტების მოხერხებული მოწყობის ჩათვლით;
  • გარე ვაჭრობის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა; ობიექტების, საჭიროებისამებრ, ქსელებზე [წყალმომარაგება და კანალიზაცია, ელექტრომომარაგება] მიერთების ტექნიკური წინადადებების შედგენა;
  • ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდა;
  • გეგმის ჰარმონიზება-ინტეგრირება ქ.ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა-დაგეგმარების არსებულ, თუ შემუშავების პროცესში მყოფ დოკუმენტაციასთან“.

[/checklist]

განსაზღვრულ არეალში თემატური გეგმის შემუშავების ძირითად მიზანს, გეგმარებითი დავალების მიხედვით, წარმოადგენს „გარევაჭრობის განახლებული კომპლექსური პირობების ჩამოყალიბება, რაც აამაღლებს ცხოვრების ხარისხს და განამტკიცებს ბათუმის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის, იერს“.

დავალებაში ხაზგასმულია ასევე, რომ გეგმის გადაწყვეტილებები არ გავრცელდება გამწვანებული ტერიტორიების იმ ნაწილებზე, რომლების ფაქტობრივად დაფარულია მცენარეულობით; სტაციონარულ და/ან დროებით ბაზრებსა და ბაზრობებზე; ბათუმის მერიის მიერ სანქცირებული ერთჯერადი ღონისძიებების ჩატარების ტერიტორიებზე; გარევაჭრობის მობილურ ობიექტებზე; საზოგადოებრივი ტუალეტების განთავსებაზე.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გარევაჭრობის საქონლის ნომენკლატურაში არ შედის: თამბაქოს ნაწარმი; ალკოჰოლური სასმელები [ლუდის გარდა]; ცოცხალი ცხოველები; მალფუჭებადი პროდუქტები – თევზი, ხორცი და ხორცპროდუქტები; რძე და რძის ნაწარმი [ნაყინის გარდა], რომლებიც შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს.

გეგმა არ მოიცავს ასევე შემდეგ სუბიექტებს: „ფეხზე მოვაჭრეებს“; ქუჩის მუსიკოსებს; ერთჯერადი პერფორმანსების მონაწილეებს; საქველმოქმედო აქციების მონაწილეებს; პოლიტიკური აქციების მონაწილეებს.

გეგმის შემადგენლობაში არ შედის: ადგილების მიჩენის წესები თუ ფორმები [აუქციონი თუ სხვა]; რეგულარული გადასახადისა თუ მოსაკრებლის ოდენობის დადგენა.

სამომავლოდ გეგმის შემდგენელს მოუწევს ჩაატაროს წინასაპროექტო კვლევა და ანალიზი. რაც მოიცავს დოკუმენტურ [კამერულ], ნატურულ [საველე], სოციოლოგიურ კვლევებს და მრავალფაქტორულ ანალიზს [SWOT-ანალიზი].

„გეგმარებითი დავალების დებულებების ცალსახა გააზრებისა და მომავალში შესაძლებელი სამართლებრივი დავების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტია წინამდებარე გეგმარებით დავალებაში გამოყენებული და კონკრეტულ რეალობას მისადაგებული, აპრობირებული ოპერატიული ცნება-ტერმინების ცალსახა განმარტება“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

შესაბამისად, გეგმარებით დავალებაში არაერთი ტერმინია განმარტებული. მათ შორის:

გარე ვაჭრობის ობიექტები – გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობი ან/და დანადგარები;
გარე ვაჭრობის მობილური ობიექტები – გარე ვაჭრობის გადაადგილებადი ობიექტები, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე – 0,8 მეტრს, სიგანე – 0,6 მეტრს;
გარე ვაჭრობა – საზოგადოებრივ სივრცეში ნებისმიერი ნივთის [ცხოველების ჩათვლით];
გაყიდვა, მომსახურება, შემოთავაზება – ფულადი მოგებისა ან სხვაგვარი გამორჩენის მიზნით;
გარე მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გარე ვაჭრობას ეწევა დადგენილი წესით გაცემული გარე ვაჭრობის ნებართვის შესაბამისად;
რეგულარული გარე მოვაჭრე – გარე მოვაჭრე, რომელსაც რეგულარულად [უწყვეტად] ეწევა გარე ვაჭრობას;
ეპიზოდური გარე მოვაჭრე – გარე მოვაჭრე, რომელიც არარეგულარულად [სპორადულად] ეწევა გარე ვაჭრობას;
„ფეხზე ვაჭრობა“ – ვაჭრობა, რომელსაც მოვაჭრე მისდევს ქვეითად ან გადაადგილების ძრავისგარეშე საშუალებით;
„ფეხზე მოვაჭრე“ [ინგლ. – peddler] – ქვეითად ან გადაადგილების მექანიკური საშუალებით მოძრავი გარე მოვაჭრე;
გარე ვაჭრობის ნებართვა – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და პირობებით გარე მოვაჭრისათვის გარე ვაჭრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი;
გარე ვაჭრობის ადგილი – საზოგადოებრივ სივრცეში დადგენილი წესით გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილი, ფიზიკურად მონიშნული თუ მოუნიშნავი ფართობი.

ძველი ბათუმის გარე ვაჭრობის არეალის საზღვრების დეტალური აღწერა: არეალის საზღვრი იწყება რუსთაველის ქუჩიდან [დელფინარიუმთან], ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება შემდეგ მონაკვეთებს: დელფინარიუმის ტერიტორიის საზღვარი ლერმონტოვის ქუჩისა და ხინიკაძის ქუჩის გადაკვეთამდე – ცენტრალური პარკის სამხრეთ საზღვარი მელიქიშვილის ქუჩამდე – მელიქიშვილის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე – ფარნავაზ მეფის ქუჩა 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე – 26 მაისის ქუჩა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე – ჭავჭავაძის ქუჩა წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე – წერეთლის ქუჩა ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე – ბერიძის ქუჩა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე – ჭავჭავაძის ქუჩა მის ღერძზე მდებარე ზღვის სანაპირო ზოლის გადაკვეთამდე – სანაპირო ზღვის ზოლი საზღვაო ვაგზლის კუთვნილი ტერიტორიის ჩათვლით გოგებაშვილის ქუჩამდე – გოგებაშვილის ქუჩა სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთამდე – ნინოშვილის ქუჩის გრძივი ღერძი შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე და რუსთაველის ქუჩით მიემართება დელფინარიუმის ტერიტორიის მიმდებარე საწყის წერტილამდე. არეალის ზემოთაღწერილი საზღვრის გრაფიკული კონფიგურაცია ნაჩვენებია რუკაზე. არეალის საზღვრის გრაფიკულ და ტექსტურ ფორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, უპირატესია გრაფიკული ფორმა.

უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეროვნულ მუზეუმში მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველგან „ყველა დასახლებულ პუნქტში“ უნდა ისწავლებოდეს. მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, „ყველა დასახლებულ პუნქტში“ იგულისხმება თუ არა საჯარო სკოლებიც. მანამდე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ სკოლებში საგალობლების სწავლების დაწყებას მას პრემიერი დაჰპირდა.

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე ვთხოვე მას, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა“, – ამბობს პატრიარქი.

პრემიერმა ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას მხოლოდ ის თქვა, რომ დაიწყო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მასშტაბით ქართულ ფოლკლორსა და საგალობლებს შეისწავლიან, თუმცა სად და როგორ, ვინ ასწავლის, რამდენია პროგრამის ბიუჯეტი… დეტალებზე არ უსაუბრია.

„ბათუმელები“ საქართველოს განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, პრემიერისა და პატრიარქის განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საჯარო სკოლებში ნამდვილად იგეგმება ქართული საგალობლების შესწავლა? სამინისტროს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ პრემიერის განცხადება მედიამ არასწორად გააშუქა.

„საერთოდ სხვა რამეზეა საუბარი“, – გვეუბნება ეკა კვიტაშვილი, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და დასძენს, რომ რა სახით ჩაერთვება განათლების სამინისტრო ამ მიზნების განხორციელებაში, „ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და პროექტის კონკრეტული გეგმის შემუშავების შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი პატრიარქს დანაპირებს შეუსრულებს და საჯარო სკოლებში მართლაც დაიწყება საგალობლების შესწავლა?

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ ცალკე საგნად რაიმეს დამატება საჯარო სკოლების საგაკვეთილო ბადეში გაუმართლებელია, რადგან საათობრივი ბადე ისედაც გადატვირთულია.

„ცალკე საგნად გალობის სწავლება არარეალურია, გადატვირთული საათობრივი ბადეს გამო. მეორე – სპეციალისტების არყოლის გამო. თუ მუსიკის მასწავლებელი გადამზადდება და ერთ საკითხად, ერთ თავში ასწავლის ამ თემას, არ იქნება პრობლება, რადგან ქართული საგალობლები კულტურის ნაწილია და არ არის ცუდი, რომ ისწავლებოდეს“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას საგალობლების სწავლება, მხოლოდ ტექსტების დასწავლით თუ გალობითაც, თამთა კვარაცხელია ამბობს: „ტექნიკურად შეუძლებელია კლასს ასწავლო გალობა. შეიძლება ცალკე წრე გაკეთდეს, გალობით დაინტერესებული ბავშვები გაერთიანდნენ. ეს სკოლისგან მოითხოვს გარკვეულ რესურსებს – მასწავლებლის, სპეციალისტის ანაზღაურებას და ა.შ. ეს შეიძლება არაფორმალური განათლების ფარგლებში, რადგან შესაძლებელია ადამიანი არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ კარგად მღეროდეს და ჰქონდეს სურვილი ისწავლოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ რელიგიის დარგი, კულტურის დარგია“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი თაია მახარაშვილი ამბობს, რომ სკოლებში ქართული საგალობლების სწავლების თემაზე მშობლებს ჯერ არ უმსჯელიათ. მას მიაჩნია, რომ მსგავსი საკითხები რელიგიურ ინსტიტუტსა და მთავრობას შორის შეთანხმებით არ უნდა წყდებოდეს.

„დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლე ეუფლება მუსიკას, მის ისტორიას, მუსიკის კავშირს ადამიანის ყოფასთან, ეთნოგრაფიასთან, მათ შორის სხვადასხვა ერების ფოლკლორს. ამგვარად შესაძლებელია საგალობლების წარმოქმნის ისტორიის შესწავლაც, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს რელიგიურ ინსტიტუტსა და მთავრობას შორის შეთანხმებით. ამაზე უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები და მათ უნდა გადაწყვიტონ, რისი შესწავლა სჯობს სასკოლო საფეხურზე და რატომ“.

თაია მახარაშვილის აზრით, სპეციალისტები უნდა დარჩნენ პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალურ სივრცეში და ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეიტანონ არა მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკების გამო, არამედ იმ საჭიროების მიხედვით, რაც დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ სწორად.

„სკოლა არც რელიგიური დაწესებულებაა და არც პოლიტიკური. რა ასწავლონ ჩვენს შვილებს და რატომ, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც პრემიერმა და არც პატრიარქმა“, – ამბობს თაია მახარაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი ეკა ჭითანავაც მიიჩნევს, რომ  ქართული საგალობლები არის ეროვნული კულტურის ნაწილი და მისი სწავლება შესაძლებელია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მოსწავლეთა ინდოქტრინაციის მიზეზი.

„საჯარო სკოლებში ახალი საგნის დანერგვასა და სწავლებაზე გადაწყვეტილებას იღებს განათლების სამინისტრო ეროვნული გეგმის შესაბამისად და არა პრემიერ-მინისტრი. ეს არ არის მისი კომპეტენცია. აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც პოპულისტური“, – გვეუბნება ის.

ეკა ჭითანავას აზრით, იმ ფონზე, როცა საჯარო სკოლებში კანონით აკრძალულია რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნებით გამოყენება და ეს მაინც ხდება, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ქართული საგალობლების სწავლებაც შესაძლოა გამოყენებული იყოს პროზელიტიზმის მიზნით.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საჯარო სკოლებში ქართული საგალობლების შესაძლო სწავლებას ფეისბუკში გამოეხმაურა. ის წერდა, რომ საგალობლების სავალდებულო სწავლებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.

„ბათუმელებთან“ რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ „თუკი რამე გვეამაყება ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, ერთ-ერთი უმთავრესი ქართული მრავალხმოვანი მუსიკა, ქართული საგალობლებია და შეუძლებელია ვინმემ პრობლემად დაინახოს ის, რომ შენს შვილს სკოლაში ასწავლიან ისეთ მსოფლიო საგანძურს, როგორიცაა „შენ ხარ ვენახი“.

თუმცა, როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ამ იდეით მხოლოდ ის ადამიანი აღფრთოვანდება, ვისაც არ უსწავლია ქართულ სკოლაში: „ჩვენი სკოლებისა და განათლების კონცეფციის წყალობით ჩვენს შვილებს გული უსკდებათ შუშანიკის, ვეფხისტყაოსნის, ბედი ქართლისა, მერანის, ლურჯა ცხენების გახსენებაზე. ესენიც ქართული კულტურის მარგალიტებია. ამათი წყალობით ვუცქერით სამყაროს ყავარზე კუდგადებულები, მაგრამ ისე ვასწავლით, რომ ბავშვებს არა თუ ეამაყებათ, არამედ ყელში აქვთ ამოსული, სძულთ და ერთი სული აქვთ, როდის მოიშორებენ თავიდან“.

რუსუდან გოცირიძის თქმით, იმ ფონზე, როცა კვალიფიციური ადამიანური რესურსის მწვავე დეფიციტი არსებობს სკოლებში, ახალი კადრების გადამზადებაზე დამატებით უნდა დაიხარჯოს ფინანსები და „ეს მაშინ, როცა სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა  გაცილებით უფრო საჩქარო და აუცილებელი რეფორმების გატარება“. 

რუსუდან გოცირიძე ასევე ამბობს, რომ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, საქართველოს მოსახლეობის სულ ცოტა 12 პროცენტი მუსლიმია, „რელიგიური ნიშნით მოსწავლეების ბულინგი და შეზღუდვა კი ერთ-ერთი დაუძლეველი და, ჯერჯერობით, არაღიარებული პრობლემაა.

ვფიქრობ, უპირველესი პრობლემა არის ის, რომ ძველი ტიკების ახალი საკერებლებით დაკერებას ცდილობენ. ისედაც სრულიად დეზორიენტირებული და მოყანყალებული საგანმანათლებლო სისტემა ვერ დაიტევს ამდენ ნაკერებს, ტიკიც დაიხევა და ღვინოც დაიღვრება“- ამბობს რუსუდან გოცირიძე.

„ბათუმელები“ შეეცდება მოიპოვოს უფრო დეტალური ინფორმაცია პრემიერის ინიციატივაზე.

ადვოკატი: ლავასოღლისთვის თურქულ ციხეში ყოფნა გაუსაძლისია, ის ექსტრადაციის მოთხოვნით შიმშილობს

„ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველოს თურქეთისთვის არ მიუმართავს, დოკუმენტაცია გაგზავნილი არ არის,“ – აცხადებს „კანონიერ ქურდობაში“ მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი ლექსო კობაიძე. მისივე თქმით, ლავასოღლი ამ დროისთვის ისევ შიმშილობს თურქეთის სადეპორტო დაწესებულებაში.

„ორი საათის წინ ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, რომ ისევ შიმშილობს. მისი მოთხოვნა უცვლელია. ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ექსტრადაცია მოითხოვოს, ან თავი დაანებონ, იქ ყოფნა გაუსაძლისია… მას დღეს შეხვდნენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები,“ – ამბობს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

მინდია ლავასოღლის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რატომ შეიძლება არ სურდეს საქართველოს მინდია ლავასოღლის საქართველოში ჩამოყვანა? – ადვოკატი მიიჩნევს, რომ რეალურად ლავასოღლი პოლიტიკური დევნილია და კიდევ ერთი დევნილი ხელისუფლებას არ აწყობს.

„ის თუ ქართულ ციხეში იქნება, უფრო მეტად იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად, აქ უფრო მეტად მოახერხებს ბრძოლას,“ – დასძენს ადვოკატი.

ლექსო კობაიძის თქმით, სადეპორტაციო დაწესებულებიდან ლავასოღლის დაახლოებით ერთ თვეში გაათავისუფლებენ, თუკი საქართველო მის ექსტრადაციას არ მოითხოვს.

პროკურატურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველომ თურქეთს ოფიციალურად მიმართა და მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები. სხვა დეტალებზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. მინდია ლავასოღლი ტრაბზონში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

საერთაშორისო პროექტების გამარჯვებული ორი გოგო სკოლა „ნიკედან“

ამჯერად ორ გოგონაზე, ორ კლასელზე, ორ მეგობარზე მოგითხრობთ… ისინი ნამდვილად ამართლებენ სლოგანს – სკოლა „ნიკე“ წარმატებული მომავლისთვის!

გახსოვთ, ალბათ, თუ რა გაუწყეთ ერთი წლის წინ „ნიკეს“ მოსწავლეებზე, კერძოდ ის, რომ პასუხისმგებლიანი და მოტივირებული ლანა თურმანიძე სწავლას გააგრძელებდა ამერიკაში ( Project Flex-ით), ტეხასის პრესტიჟულ სკოლაში, ასეთივე შემართებისა და დადებითი თვისებებით სავსე ნიცა კონცელიძე (HMC project) კი – ბრიტანეთში, ჰარდფორშირის საგრაფო-სამეფო სკოლაში.

ნიცას ბრიტანეთში არდადეგები ჰქონდა. ჩამოვიდა მშობლიურ ქალაქში, შეხვდა და გაესაუბრა „ნიკეს“ მასწავლებლებს. როგორც მან აღნიშნა, სამეფო სკოლაში ყველამ კარგად იცის, რომ ის „ნიკეს“ მომავალია, სკოლაში, სადაც გამარჯვების მნიშვნელობა თითოეული მოსწავლის წარმომავლობაზე კარგად იციან და აფასებენ, ემადლიერებიან კიდეც პატარა საქართველოს მკვიდრს, რომელიც იმ საგრაფოში პირველი ქართველი, პირველი ბათუმელი და პირველი „ნიკელია“.

ნიცა კონცელიძე
ნიცა კონცელიძე

ლანა თურმანიძემ არდადეგებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ის დღეები ე.წ. host მშობლებმა NASA-ს დათვალიერებას მოანდომეს, ბევრი სიურპრიზი და სანახაობა მოუწყვეს. თავის მხრივ, ქართული ტრადიციები და ადათები გააცნო ლანამ მათ და ტეხასელ მეგობრებსაც.

მართლაც საამაყოა მრავალრიცხოვან სკოლაში საუკეთესო მოსწავლეთა ოცეულში და მეთერთმეტეკლასელ საუკეთესოთა ათეულში მოხვედრა.  ლანა წარმატებით დაეუფლა დიპლომატიის უნარებს და სამოქალაქო აქტივობებს.

ლანა თურმანიძე
ლანა თურმანიძე

გოგონები ერთმანეთზე უკეთესები რომ არიან და უცხო ქვეყანაშიც წარმატებას აღწევენ, სკოლა „ნიკეში“ ინგლისური ენის კემბრიჯის პროგრამით სწავლების დამსახურებაა და ასევე, მონაპოვარია იმ ჩამონათვალისა, რომელიც ღირებულ განათლებას უზრუნველყოფს.

კიდევ ბევრი წარმატება მშობლიურ ქალაქსა და სკოლას მონატრებულ ლანასა და ნიცას! მოუთმენლად ველოდებით ორ ნიჭიერ მეგობარს!

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს საბჭო 19 აპრილს განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 19 აპრილს განიხილავს. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ სხდომა 18 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა დღეს მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში ცვლილება შევიდა და სხდომა ერთი დღით გადაიდო.

რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება, დარჩება თუ არა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტზე.

საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [„ქართული ოცნება“] მიმართა 10 აპრილს. 19 აპრილს გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადებები. განცხადებებში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში; „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა და ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“; ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი და ა.შ.   

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომლის განცხადებითაც აჭარის ტელევიზია არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება.

9 თვე ექსპერტიზის მოლოდინში – რა გაარკვია გამოძიებამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში

2017 წელს კუროტ გოდერძიზე დაშავებული და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 2017 წლის 13 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ ორ წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ვერ გავიდა. შესაბამისად, არც არავისთვის დაუკისრებიათ პასუხისმგებლობა. შს სამინისტრო იმ დასკვნას ელოდება, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 9 თვის წინ შეუკვეთა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

თემურ გაბაიძის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ – 2018 წლის თებერვალში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამ ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა – ორს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, ერთს კი შეუჩერდა –  3 თვით.

„იმისთვის, რომ გამოიკვეთოს კონკრეტული ექიმების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, საჭიროა კომისიური ექპერტიზის ჩატარება, სადაც მოიწვევენ სხვადასხვა სპეციალისტს და დაიდება კონკრეტული დასკვნები. ამ დასკვნის გაკეთება ვერ მოხერხდა,“ – აღნიშნავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია თემურ გაბაიძის ოჯახის ინტერესებს იცავს.

„გვეუბნებიან, რომ სხვა საქმეებს უფრო მეტი დრო სჭირდება და პრეტენზია არ უნდა გვქონდეს,“ – ამას თამილა გაბაიძე გვიყვება, გარდაცვლილი თემურ გაბაიძის და. მისივე თქმით, შიდა კულუარებში მას უთხრეს, რომ ექიმებს მიზერულ თანხას უხდიან და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც კომისიის მიწვეული წევრების შეკრება და საქმის განხილვა ვერ ხერხდება.

თემურ გაბაიძის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზაც შეუკვეთავს, რაც 3800 ლარი დაჯდება. ექსპერტიზის ამ დასკვნას გამოძიება ვერ დაეყრდნობა და რომელიმე პირის ბრალეულობას ვერ გამოკვეთს. დასკვნას ოჯახი თბილისის საქალაქო სასამართლოში წაიღებს, სადაც დავა ადმინისტრაციული წესით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარეობს – თემურ გაბაიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ექიმისთვის სამი თვით ლიცენზიის შეჩერება არ იყო ადეკვატური სანქცია და სასამართლო დავა ამ კუთხითაც გრძელდება.

„სისხლის სამართლის საქმეში კი, გამოძიება დამოუკიდებელ დასკვნას ვერ დაეყრდნობა, რადგან ოჯახს დაზარალებულის  სტატუსი არ აქვს [პროკურატურამ არ მიანიჭა ოჯახს დაზარალებულის სტატუსი], ის საერთოდ არ არის ამ პროცესის მონაწილე. დაზარალებულის სტატუსიც რომ ჰქონდეს,  ოჯახს არ აქვს უფლება ჩაერთოს სისხლის სამართლის პროცესში და იყოს ექსპერტიზის დამკვეთი,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი.

თემურ გაბაიძის ოჯახი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არცერთ კანონში არ არის გაწერილი კონკრეტული ვადა, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა უნდა დადოს.

„შესაძლოა, სამი წელიც დასჭირდეს ამას, გააჩნია საქმეს,“ – გვითხრეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესცენტრში. თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით  კი, ბიუროში განმარტეს, რომ სპეციალისტები ამ საქმეზე უკვე გამოყოფილია და კვლევაც დაწყებულია.

რა ჯდება კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება? – ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ექსპერტიზა 230 ლარი ჯდება და ამას ემატება 85 ლარი –  თითო მოწვეული სპეციალისტისთვის. ბიუროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „მოწვეულ სპეციალისტში“ იგულისხმებიან არა კონკრეტულად ექიმები, არამედ სხვადასხვა სპეციალისტი, ვინც ბიუროს აყვანილი ჰყავს მუდმივი ხელშეკრულებით.

„სამედიცინო მიმართულებით ბევრი სპეციალისტია საჭირო. ყველა სპეციალისტი ჩვენ ხომ ვერ გვეყოლება. შესაბამისად, საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ ექსპერტიზის დამნიშნავს, ანუ საგამოძიებო ორგანოს, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების, ამ შემთხვევაში – ექიმების ჩართვას ამ კომისიის მუშაობაში. რამდენს უხდიან ამ სპეციალისტებს, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს,“ – აღნიშნეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პრესცენტრში.

რამდენს უხდიან მოწვეულ ექიმებს და არის თუ არა დაბალი ანაზღაურება ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ კომისია დასკვნას დროულად ვერ ამზადებს? – ინფორმაცია ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ. გამოძიებას ამ დრომდე ეს უწყება აწარმოებს, კერძოდ კი, ხულოს პოლიციის განყოფილება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მშრალი ინფორმაციის გაცემით შემოიფარგლა: „გამოძიება გრძელდება 116-ე მუხლით, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და ელოდება კომისიური ექსპერტიზის დასკვნას. რაც შეეხება ექიმებისთვის გადახდილ თანხას, საჯარო ინფორმაციის ბიუროს უნდა მიმართოთ“, – მოგვწერეს შსს-ს პრესცენტრიდან.

სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებმა საპროტესტო აქცია ბათუმში 14 აპრილსაც გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა ალტერნატიული კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც მსგავს შემთხვევებს „ობიექტურად და დროულად“ გამოიძიებს.

„ორგანოები ფორმალურად არსებობს, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. საუბარია მათ ეფექტურ მუშაობაზე… სამართლებრივად ყველა განსხვავებულ მოცემულობაშია: არსებობს საქმე, რომელსაც რეგულირების სააგენტო განიხილავს; საქმე, რომელმაც სასამართლოში გადაინაცვლა, რადგან სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებული სანქცია იყო არაადეკვატური და არათანაზომიერი… პრობლემა უფრო არის დროში უსაზღვროდ გაწელილი და არაეფექტური წარმოების პროცესი,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, საიას აჭარის ფილიალის უფროსი.

ამავე თემაზე: 

გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში ურბანული პოლიტიკის საკითხებზე

გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ბათუმის ურბანული პოლიტიკის განვითარებაში – ეს იყო დღეს, 16 აპრილს, ბათუმის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის თემა.

ვიდრე დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალებას მისცემდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია NDI- ის წარმომადგენლებმა, კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში ბათუმში კვლევა NDI-ისთან პარტნიორობის ფარგლებში სტუდია Rec- მა ჩაატარა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს როგორც ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის  სპეციალისტებმა, ასევე მოწვეულმა ექსპერტებმა: არქიტექტორმა გიორგი რამიშვილმა და იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დისკუსიებისას გამოიკვეთა ბათუმის ურბანული განვითარებისთვის საჭირო ორი ძირითადი საკითხი: მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა საკითხის გადაწყვეტის პროცესში და სამშენებლო პროცესზე ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება.

კვლევაში ჩართული პირების მოსაზრებებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ბათუმის ურბანული პოლიტიკა ღია მმართველობის სამოქმედო ნაწილი უნდა გახდეს, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა ამ სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპები დანერგოს. ამ ყველაფრის განხორციელების ერთ-ერთ გზად კი ქალაქში დაგეგმილი ყველა მშენებლობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ პორტალზე მისაწვდომობა დაასახელეს. კვლევის მონაწილეების მოსაზრებით, ამავე პორტალზე უნდა იძებნებოდეს მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი განაცხადის წარდგენიდან ნებართვის გაცემამდე.

შეხვედრაზე ბათუმის მერიის წარმომადგენელმა აკაკი გვიანიძემ წარმოადგინა იმ ვებგვერდების პრეზენტაცია, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით. ეს ვებგვერდებია: batumi.ge და ubnebi.ge. თუმცა იქვე ითქვა, რომ ამ ვებგვერდებზე მონაცემები სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა ნათია აფხაზავამ ზოგადად მიმოიხილა თვითმმართველი ორგანოების როლი და კომპეტენციები ქალაქის ურბანულ პროცესებში, ასევე ვებგვერდი marte.ge, რომელიც საკრებულოს მრჩეველთა საბჭოსთან არსებული პლათფორმაა და იმ მიზნით შეიქმნა, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში და ასევე, ამ მიმართულებით კონტროლში.

კვლევის ფარგლებში შემუშავებულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია ასევე მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის გააქტიურებაზე ურბანული საკითხების განხილვაში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ამ საბჭოს თავმჯდომარე თეონა დაიასამიძე. შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ასევე ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა რამიშვილი. მათ მოქალაქეების კითხვებსაც უპასუხეს.

შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა, თუ როგორ, რა ფორმით არის შესაძლებელი, რომ სტუდენტები ამ პროცესში აუცილებლად ჩართონ. ვიდრე მას პასუხს გასცემდა, საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ ისაუბრა იმაზე, თუ რა საშუალებები დანერგეს ბათუმის საკრებულოსა და მერიაში მოქალაქეთა ჩართულობითვის, სტუდენტს კი ჩართულობის მიზნით საკრებულოშ შეხვედრა შეთავაზა: „ხუთშაბათს, ხუთ საათზე შევხვდეთ და ვისაუბროთ, გელოდებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში“ , ამასთან ერთად მან იმედი გამოთქვა, რომ რადგან არჩევნები არ მოდის, სტუდენტების საკრებულოში მიპატიჟებას მას პოლიტიკურ აგიტაციაში არ ჩაუთვლიან.

შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილიც, რომელიც დაინტერესდა [მისი კითხვა მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს მიემართებოდა] ბათუმში მიმდინარე პროცესი ასევე უნდა გაგრძელდეს, როგორც დღეს მიმდინარეობს, ვიდრე გენგეგმას შეიმუშავებენ თუ გენგეგმის შემუშავებამდე მერია რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე იზრუნებს: „თქვენ იცით , რომ გენგეგმა არ გვექნება კიდევ ათი წელი ეს ყველაფერი ასე ქაოსურად უნდა დარჩეს?“

საიას თავმჯდომარე ანა მდინარაძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცების საკითხს. მას მერის წარმომადგენელმა მამუკა რამიშვილმა უპასუხა, რომ დაზუსტებული პასუხი ამ საკითხზე ისევ არ არის.

შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში შედგა.

რა გადარჩა და რა განადგურდა ხანძრისგან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

„პარიზის გული“, „გოთური არქიტექტურის მარგალიტი“ –  ნოტრ-დამს ფრანგები ბევრნაირად მოიხსენიებენ. კათედრალი დაარბიეს და გაძარცვეს საფრანგეთის რევოლუციის დროს 1831 წელს.

კათედრალში დაცული ლიტურგიული ძვირფასეულობისა და განძის წყალობით 1789 წლამდე ნოტრ-დამი ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ტაძრად მიიჩნეოდა  საფრანგეთში, 1789 წელს კი გაძარცვეს, თუმცა მას შემდეგ კათედრალის კოლექცია იზრდებოდა და ექსპონატების რაოდენობაც იმატებდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის  შედეგად განადგურებული და გადარჩენილი ნაწილის სრულ აღწერას რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა ფრანგული პრესა წერს იმის შესახებ, თუ რა განადგურდა სრულად, რისი აღდგენა და რესტავრირებაა შესაძლებელი და რა გადარჩა. როგორც სპეციალისტები წერენ, წლები დასჭირდება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენას, ნიმუშების დიდი ნაწილი კი სამუდამოდაა დაკარგული.

კათედრალის ვებგვერდსა და ფრანგულ პრესაში ქვეყნდება განახლებადი ინფორმაცია ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც გადარჩა ან განადგურდა.

 

ორღანი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სამი ორღანია – ორი დიდი და ერთი პატარა. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული ორღანს რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და მისი ზომები თანდათან იზრდებოდა, კათედრალის ორღანებმა საბოლოო სახე XVIII საუკუნეში მიიღო.

ტაძრის ყველაზე დიდი ორღანი, რომელიც XV საუკუნისაა, თითქმის მთლიანად განადგურდა, თუმცა არა ხანძრისგან, არამედ წყლის ძლიერი ჭავლისგან.

 

1860 წელს ჩამოსხმული 16 ქანდაკება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძრამდე სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა, რომლის დროსაც ხანძრამდე ოთხი დღით ადრე ტაძრის ფასადებიდან სპილენძის 16 ქანდაკება მოხსნეს და საცავში გადაიტანეს. ასე გადაურჩა ხანძარს ქანდაკებები.

16 ქანდაკებიდან 12 ქრისტეს 12 მოციქულს განასახიებს, აქვეა ანგელოზების გამოსახულებებიც. ამ გამოსახულებებით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დიდი რესტავრაციისას 1860 წელს შეამკეს. სარესტავრაციო სამუშაოებს არქიტექტორი ვიოლე ლე დუკი წარმართავდა.

 

ვიტრაჟები

ვიტრაჟების ნაწილი დაიმსხვრა, ნაწილი შენარჩუნებულია, მაგრამ კვამლისგან გაშავებული. ჯერ არ არის გარკვეული, შესაძლებელი იქნება თუ არა პირვანდელი სახით სრულად აღდგენა.

კათედრალის ვიტრაჟები სამოთხის ყვავილებს ასახავს და XIII საუკუნეშია დამზადებული, შემდეგ კი – რამდენჯერმე რესტავრირებული. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სამი ვიტრაჟია. ორი ყველაზე დიდი, მრგვალი ვიტრაჟის დიამეტრი 13 მეტრია. ვიტრაჟებზე სამოთხის ყვავილები, მეფეები, ანგელოზები და წმინდანებია გამოსახული.

 

La rosace sud ou rose du Midi (vitrail) dans le bras sud du transept de la cathedrale de Notre Dame de Paris realisee c. 1260 a la demande de SaintLouis (iconographie : Nouveau Testament) — South rose window in Notre Dame de Paris, c. 1260

 

ეკლის გვირგვინი

გადარჩა კათოლიკეებისთვის უმნიშვნელოვანესი რელიგიური სიმბოლო ეკლის გვირგვინი, რომელიც ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იესოს წამებისა და ჯვარცმისას თავზე ედგა. გვირგვინის დიამეტრი 21 სანტიმეტრია და ჩასმულია ოქროთი მოვარაყებულ ლუსკუმაში.

რელიგიური სიმბოლოებიდან გადარჩა ასევე იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც, გადმოცემით თანახმად, იესო გააკრეს.

 

საკურთხევლის გარნიტურა

ჯვარი ექვსი დიდი სასანთლით, ორი ემბაზი, კორეელი წმინდანისა და მარიმის ქანდაკებები – გარნიტურა მეხანძრეებმა გადაარჩინეს, რისთვისაც პარიზის მერმა, ან იდალგომ მათ საჯაროდ გადაუხადა მადლობა და  გადარჩენილი ნივთების ფოტო ტვიტერზეც გამოაქვეყნა, რომელზეც ასევე ჩანს რამდენიმე სავარძელი და კანდელაბრები. გადარჩა ასევე მეფე სენ-ლუის  ტუნიკა, რომელიც ხანძრის გაჩენისთანავე გაიტანეს ტაძრიდან.

 

საკურთხეველი

დაიწვა საკურთხეველი, მაგრამ გადარჩა ქვის ქანდაკებები, რომლებიც სახარებისეულ სცენებს, მათ შორის „ჯვრიდან გარდამოხსნას“ ასახავს. გადარჩა ასევე მუხლმოყრილი ლუი XIII-ისა და ლუი XIV-ის ქანდაკებები.

 

 

დასავლეთის კარიბჭე

ხანძარს გადაურჩა მთავარი შესასვლელის კარიბჭე კათედრალის დასავლეთ ნაწილში. მარცხნივ ღვთისმშობლის პორტალია, რომელიც მის მიძინებას, ამაღლებასა და ზეციურ კორონაციას ასახავს. ცენტრში სამსჯავროს პორტალია, რომლის სცენებიც 1220 წელს გამოაქანდაკეს. მარჯვნივ განთავსებული წმ. ანას პორტალი კი 1200 წლით თარიღდება.

 

კათედრალის შპილი

მთლიანად ჩამოინგრა და დაიწვა ტაძრის შპილი, თუმცა ეს არ ყოფილა კათედრალის ორიგინალი. პირველად შპილი 1250 წელს დაადგეს ტაძარს, შემდეგ დემონტაჟი გაუკეთეს 1786-1792 წლებში. პირვანდელი ფორმით შპილი 1860 წელს აღადგინეს და ხანძრის დროს ჩამონგრევამდე სწორედ ამ სახით იყო მოღწეული.

 

შუასაუკუნეების უნიკალური ხის კონსტრუქცია

დამთვალიერებლებისთვის უხილავი კათედრალის სახურავის ხის კარკასი სრულადაა განადგურებული. ხის კარკასი შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშად მიიჩნეოდა. მუხის დიდი ბოძებისგან ნაგები სახურავის კარკასი რვა საუკუნისაა. კათედრალის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კათედრალი ხის შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე ძველ კონსტრუქციად მიიჩნეოდა პარიზში, რომელსაც ტყეს უწოდებდნენ.

ხის კარკასი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისას, 1160-1170 წელს ააგეს, შემდეგ 1220 – 1240 წლებში ჩაუტარეს რესტავრაცია. გუშინ, 15 აპრილს, სწორედ ამ პერიოდის კონსტრუქცია დაიწვა სრულად.

 

წყარო:

L’OBS

LE FIGARO

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრება გაუქმდა

განათლების სამინისტროს  ინფორმაციით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში  ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის  თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და  მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის  30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის  პერიოდად 21-22  მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

„რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,  თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის  მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება“.

ოფიციალური ინფორმაციით, თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო.

„სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით,  მეთორმეტეკლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი  სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა“.

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ.

„სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა და ამჯერად მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შემდეგ, სამინისტრო გადაწყვეტს, თუ ვისთან გააფორმოს ხელშეკრულება. რაც შეეხება თანხას, ის დაიხარჯება სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს თანხა გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში,“ – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროდან შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე საჭიროა სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება და სპორტის იმ სახეობების გამოვლენა, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და რეგიონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს. უნდა შეირჩეს შესაბამისი ლოკაციები, კვლევის საფუძველზე მომზადდეს მათი განვითარების სამოქმედო გეგმები“.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „2019 წლის 18 მარტს გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აჭარის მთავრობის მხრიდან სპორტული ტურიზმის განვითარების ინიციატივის გაჟღერებას მოჰყვა ინვესტორთა მაღალი დაინტერესება. პოტენციურმა ინვესტორებმა მომართეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვეს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასაბუთება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ინვესტორების საჭიროებებზე რეაგირება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“.

ვინ არიან ეს პოტენციური ინვესტორები და რას ითხოვენ? – სამინისტროს გასაჯაროებული აქვს მხოლოდ სამი კომპანიის წერილი: „გრინ რეზორტის“, „ალიანსისა“  და „გომარდულის“.

შპს „გრინ რეზორტი“, რომელმაც ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება დააანონსა და „მწვანე ქალაქის“, გოლფის მოედნისა და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის აშენებას გეგმავს, სამინისტროსგან სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეპტუალურ გეგმას უმოკლეს ვადაში ითხოვს.

„მნიშვნელოვანი იქნება, უმოკლეს ვადებში მოგვაწოდოთ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეპტუალური გეგმა, რათა დროულად მოვახდინოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების კონცეფციასთან ადაპტირება და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები,“ – აღნიშნულია „გრინ რეზორტის“ დირექტორის ლევან შერაზადიშვილის წერილში, რომელიც 2019 წლის 10 აპრილითაა დათარიღებული.

სამინისტროს ორი დღით ადრე ასევე წერილით მიმართა შპს „ალიანსის“ დირექტორმა აკაკი სონგულიამ. წერილში აღნიშნულია, რომ კურორტ „გოდერძიზე“ მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს და დაინტერესებული არიან გომარდულითაც.

„საინვესტიციო რისკების მინიმიზაციისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და მათი დაინტერესების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ორ ძირითად ფაქტორს. 1) აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეფცია და კურორტ გომარდულის განაშენიანების კომპლექსური გეგმა უნდა შეიცავდეს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ყველა საჭირო ინფორმაციას, სათანადოდ დაზუსტებულს და არგუმენტირებულს. 2) დოკუმენტის მომზადება არ უნდა გაიწელოს დროში და მოწოდებული იყოს უმოკლეს ვადებში,“ – წერს აკაკი სონგულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს.

სს „გომარდულის“ დირექტორი, ჯემალ დარჩიძე კი მინისტრს წერს, რომ მსგავსი კომპლექსური მიდგომისა და კურორტის განვითარების ერთიანი კონცეფციის არარსებობამ შეაფერხა გომარდულის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა…

„ზემოხსენებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია სპორტული ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმის უმოკლეს ვადაში მომზადება,“ – აღნიშნულია ჯემალ დარჩიძის წერილში.

„გთხოვთ, დაჩქარებულ ვადებში მოგვაწოდოთ სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეფციის დოკუმენტი, რათა დროულად მოვახდინოთ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აღნიშნულ კონცეფციასთან ადაპტირება, რითაც თავიდან ავირიდებთ საბიუჯეტო პროგრამების განხორციელების შეფერხებას,“ – წერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მისი კოლეგა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი 2019 წლის 8 აპრილით დათარიღებულ წერილში.

ამავე დღეს სამინისტროში ორი წერილი შევიდა შუახევისა და ქობულეთის მერიისგან.

„ამ ეტაპზე გვესაჭიროება კვალიფიციური ექსპერტების შეფასება და რეკომენდაციები ქობულეთში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალთან დაკავშირებით, რათა დავგეგმოთ შესაბამისი საბიუჯეტო ღონისძიებები და პარალელურად მოლაპარაკებები ვაწარმოოთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათი დაინტერესების მიზნით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეფცია, რომელშიც ასახული იქნება ქობულეთის ტერიტორიაზე სპორტული ტურიზმის განვითარების დასაბუთებული ანალიზი და განვითარების დეტალური გეგმა,“ – წერს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.

შუახევიდან სამინისტროში გაგზავნილ წერილს კი ხელს მერის პირველი მოადგილე ომარ ტაკიძე აწერს. „გვსურს, უმოკლეს ვადებში ვიხილოთ კურორტის განვითარების კონცეფცია, რათა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდეს აღნიშნულ კონცეფციასთან შესაბამისობაში და შემდეგ ტურისტულ სეზონს კურორტი შეხვდეს გამართული ინფრასტრუქტურით,“ – აღნიშნულია წერილში.

„კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა საყოფაცხოვრებო/კომერციული დანიშნულების ობიექტებს მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს წყლით, კანალიზაციითა და ელექტროენერგიით. წყალსადენზე მხოლოდ ერთი – 60-ტონიანი წყლის რეზერვუარია, რაც არ არის საკმარისი კურორტის შემდგომი განვითარებისთვის. კურორტი არ არის გაზიფიცირებული და არ გააჩნია გარე საკანალიზაციო სისტემა გამწმენდი შამბოებით. გომარდულს არ აქვს საკუთარი ელექტროტრანსფორმატორი, კოტეჯები და სხვა ობიექტები მიერთებულია მერიის საკუთრებაში არსებულ ტრანსფორმატორზე. ასევე მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, გასამართია კურორტზე მისასვლელი გზები, მოსაწყობია მგზავრთა მოსაცდელები, საპიკნიკე ადგილები და ა.შ.“ – წერს ომარ ტაკიძე.

აღნიშნულ წერილებზე დაყრდნობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ „კვლევები უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ზაფხულის საკურორტო სეზონის დასრულებამდე [30 სექტემბერი]“.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, „რომელთა დროული წარდგენა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სპორტის, როგორც დარგის განვითარებას. ამასთან, ინიცირებული საგადასახადო და სხვა შეღავათები გახდება სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით ინვესტიციების მოზიდვის სტიმულატორი“.

„დაგეგმილი კვლევების გაჭიანურება შეაფერხებს რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის და მთლიანად სპორტული ტურიზმის განვითარებას, რადგან შეამცირებს პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას. სწორედ ხსენებულმა გარემოებებმა გამოიწვია ღონისძიების [შესყიდვის] შეზღუდულ ვადებში ჩატარების აუცილებლობა და შესყიდვის პროცედურების დაჩქარებულ ვადებში განხორციელება,“ – მიმართავს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს.

სააგენტოში სამინისტროს განცხადების განხილვის თარიღად 2019 წლის 17 აპრილია ჩანიშნული.

საბოლოოდ, 200 ათას ევროდ, რასაც სამინისტრო შერჩეულ კომპანიას გადაუხდის, უნდა მოხდეს:

[checklist]

  • აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება;
  • გომარდულში საწვრთნელი/სპორტული ბაზების განვითარების კონცეფციის და სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობების შეფასება და დამკვეთისათვის რეკომენდაციების მომზადება;
  • სპორტული ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენა, იმ კომპანიების ჩამონათვალით, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ კვლევით განხილული სპორტული/საწვრთნელი ობიექტების მართვა/ოპერირება.

[/checklist]

 

მთავარი ფოტო: გომარდული [შუახევის მუნიციპალიტეტი] / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

19 აპრილიდან აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი გაფიცვას აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ 13 ოპერატორი მუშაობას 19 აპრილიდან შეაჩერებს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ომარ ბერიძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

გაფიცვის შესახებ „ახალი ამბების“ ოპერატორებმა გუშინ, 15 აპრილს განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ოპერატორზე დაკისრებული მოვალეობების გარდა მემონტაჟის საქმიანობის შესრულებაც უწევთ, თუმცა ამისათვის ანაზღაურებას არ იღებენ.

„ოპერატორები ითხოვენ, ან აიყვანეთ მემონტაჟე და ეს ფუნქცია ჩამოგვაცილეთ, ან თუ ვიქნებით ოპერატორ-მემონტაჟეები, რაც მემონტაჟეს უნდა გადაუხადოთ, იმის ნახევარი ხელფასი მაინც გადაგვიხადეთო. შეიძლება სავაჭრო გახდეს ეს და იყოს 30 პროცენტი, მაგრამ კატეგორიული „არა“ – მიუღებელია. ეს მოლაპარაკების საგანი იქნებოდა, მაგრამ ესეც არ ყოფილა“, – ამბობს ომარ ბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელი.

ოპერატორები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ახალი არ არის და უკვე ერთ წელზე მეტია ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

„როგორც თოვლის ზვავი, ისე აიკრიფა ყველაფერი“ – რას ითხოვს აჭარა TV-ის 13 ოპერატორი

აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ოპერატორებმა შესაძლოა კამერები დაალაგონ და გადასაღებად აღარ გავიდნენ – ისინი გაფიცვით იმუქრებიან, თუ კი ტელევიზიის მენეჯმენტი მათ მოთხოვნას ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებს.

ოპერატორების გაფიცვა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტისთვის ახლა, როცა უახლოეს დღეებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ოპერატორები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ახალი არ არის და უკვე ერთ წელზე მეტია ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

„ბათუმელები“ ტელევიზიის ახალი ამბების რამდენიმე ოპერატორს დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა მათ არჩიეს მათი პოზიცია პროფკავშირების ხელმძღვანელს გაეჟღერებინა.

„ეს პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მანიპულაციები იყო, თავიდან ეწერათ [ხელშეკრულებაში] ოპერატორ-მემონტაჟე, შემდეგ დაწერეს ოპერატორი, მაგრამ ვალდებულებაში ჩაუწერეს მემონტაჟე. ოპერატორებმა მოგვმართეს პროფკავშირებს, მრჩეველთა საბჭოს, მენეჯმენტს, მთავრობასაც მივწერეთ წერილი, მედიაციას, ჩაერთო მედიაცია, მაგრამ როცა ჩაკეტილ წრეზე დაიწყო სიარული, გადავწყვიტეთ მედიაციის შეწყვეტა და ბიჭებმა დაიწყეს გაფიცვაზე ფიქრი. გუშინაც გვქონდა მენეჯმენტთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგად.

ოპერატორები ითხოვენ, ან აიყვანეთ მემონტაჟე და ეს ფუნქცია ჩამოგვაცილეთ, ან თუ ვიქნებით ოპერატორ-მემონტაჟეები, რაც მემონტაჟეს უნდა გადაუხადოთ, იმის ნახევარი ხელფასი მაინც გადაგვიხადეთო. შეიძლება სავაჭრო გახდეს ეს და იყოს 30 პროცენტი, მაგრამ კატეგორიული „არა“ – მიუღებელია. ეს მოლაპარაკების საგანი იქნებოდა, მაგრამ ესეც არ ყოფილა“, – ამბობს ომარ ბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელი.

ის გამორიცხავს, რომ ოპერატორების შესაძლო გაფიცვა დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთანაა კავშირში. თუმცა დასძენს, რომ „შიდა დუღილმა ტემპერატურა წამოწია“.

„არ გვინდოდა ამბავი გასულიყო, მაგრამ ხომ იცით, „ჭირმა თავი არ დამალა“. ჩვენი შიგა გაჭირვება გვაქვს. სხვა ჯგუფებსაც აქვთ თავისი საჭიროებები, პრობლემები. როგორც თოვლის ზვავი მოდის, ისე აიკრიფა ყველაფერი“, – ამბობს ომარ ბერიძე.

გაიფიცებიან თუ არა ოპერატორები, ეს, ომარ ბერიძის თქმით, ოპერატორების შიდა ჯგუფში გადაწყდება. მისივე თქმით, ამ პროტესტში „ახალი ამბების“ 13-ვე ოპერატორია ჩართული.

ოპერატორების შესაძლო გაფიცვის შესახებ ტელევიზიის მენეჯმენტს განცხადება არ გაუკეთებია.

უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს. საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [„ქართული ოცნება“] მიმართა 10 აპრილს. საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს, გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არაერთი განცხადება გავრცელდა. განცხადებებში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში; „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა და ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“; ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი და ა.შ.  

 

80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები

ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან.

„აქედან არსად არ წავსულვარ, შევაბერდი ამ სკოლას,“ – ამბობს ნაზი და ამ სიტყვებით აღებს საკლასო ოთახის კარს.

„ერთადერთი მიზეზით შემოვრჩი ამდენხან სკოლას – ბავშვების სიყვარულის და მათთან სიახლოვის გამო. 81 წლის ვარ, დილას რომ ვდგები, ვემზადები და სკოლაში ფეხით მოვდივარ. დღეში ხან სამი, ხან ოთხი გაკვეთილი მაქვს. გაკვეთილისთვის აუცილებლად წინა საღამოს ვემზადები, ვკითხულობ, გეგმას ვადგენ და ისე მოვდივარ. მასწავლებელი უნდა იყოს მზად, რომ მოსწავლეს ყოველდღე ახალი რაღაც შესთავაზოს იმის გარდა, რაც წიგნშია. თუნდაც სულ მცირედი. ყველა კითხვაზე უნდა გქონდეს პასუხი, რაც შეიძლება მოსწავლეს გაუჩნდეს. მასწავლებელი თუ ყოველდღე არ სწავლობს, ის მასწავლებლად არ გამოდგება,“ – ამბობს ნაზი ხალვაში.

ნაზი ხალვაში

კარგი მასწავლებლის მოდელი მისთვის მუდმივ სწავლასა და  განვითარებასთან არის კავშირში. პედაგოგობაც კითხვის სიყვარულის გამო აირჩია.
„სკოლაში რომ მიმიყვანეს, იმ დღიდან შემიყვარდა წიგნები. პედაგოგი ვალდებულია, რომ იკითხოს, აიმაღლოს ცოდნა, განათლება და ისე მივიდეს კლასში. ამჟამადაც ვკითხულობ. ცოტა დავბერდი, მაგრამ მაინც. თან მომწონდა ეს პროფესია,“ – იხსენებს ნაზი.

ის ამბობს, რომ არ ენანება დრო ბავშვებისთვის, ცდილობს არ იყოს მკაცრი მასწავლებელი, მისცეს ბავშვებს თავისუფლება, თუმცა ამავდროულად იყოს მომთხოვნიც.

„სულ მკაცრი ვერ იქნები მასწავლებელი. ბავშვს სჭირდება თავისუფლება, გარკვეულ ფარგლებში. თუ ხედავ, რომ სათქმელი აქვს, აცალე თქვას, ამოუშვას და გათავისუფლდეს ამ სათქმელისგან,“ – ამბობს ის.

ნაზი ნიჟარაძე

ნაზი ნიჟარაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მუშაობს პედაგოგად. 82 წლისაა და დღემდე სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. ამავე კათედრის ხელმძღვანელიც თავად არის. მასწავლებლობა 58 წლის წინ დაიწყო.

„ღმერთმა ნუ ქნას, ბავშვების გარეშე ერთი დღე მაინც ვიყო. არ მინდა დასვენება, მუშაობა მინდა,“ – ამბობს ნაზი.

13 სამუშაო საათი აქვს. სკოლაში აქტიური მასწავლებელია, სამსახურში მისვლას ვერავინ ასწრებს. სკოლის ბიოლოგიის კაბინეტში არსებული თვალსაჩინოებებიდან ზოგი მისი მოსწავლეობის დროინდელია.

„ვცდილობ, ყველა შესაძლო რესურსი გამოვიყენო გაკვეთილზეო,“ – ამბობს.

ქიმია-ბიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე მასწავლებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ასწავლის, დღემდე სწავლობს თავადაც.

„ბიოლოგიაში ტრენინგები რაც ტარდება, ყველა ტრენინგზე დავდივარ. ვსარგებლობ სოციალური ქსელებით და ყველა იმ ელექტრონული რესურსით, რაზეც ხელი მიმიწვდება.

ახლანდელ განათლების სისტემასთან ერთი შენიშვნა მაქვს, მოსწავლეზე მასწავლებლის ზემოქმედება ძალიან შეასუსტეს და ბავშვებმა ეს სხვანაირად აღიქვეს. ეს ყველაზე მეტად მაღელვებს მე. 58 წლის მანძილზე არაერთ თაობასთან მქონია შეხება. ახლა ბავშვები მასწავლებელს უფრო თამამად ექცევიან, ვიდრე ადრე ექცეოდნენ,“ – ამბობს ნაზი ნიჟარაძე.

კითხვაზე, რამდენ ხანს აპირებს სკოლაში დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას, პასუხობს:

„რამდენ ხანს ვაპირებ? რამდენ ხანსაც ჩემი დირექტორი გამაჩერებს“.

ეთერ ნაკაიძე

ეთერ ნაკაიძე ქობულეთში, სოფელ ქვედა სამების სკოლის დირექტორია. ის 77 წლისაა. 55 წელია სკოლაში ქიმიას ასწავლის, აქედან 35 წელია, რაც დირექტორის თანამდებობა უკავია. ამბობს, რომ რამდენჯერმე იფიქრა კიდეც სკოლიდან წასვლა, თუმცა ვერ შეძლო.

„ადამიანი როდის ბერდება იცით?  როცა იმის კეთებას წყვეტს, რაც უყვარს. მე როდის დავბერდები, მაგასაც გეტყვით. რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილს ვეუბნებოდი, მომავალი წლიდან უნდა დავანებო თავი მუშაობას-მეთქი. დედაჩემო, შენ რომ წახვალ სამსახურიდან, მოკვდები და დაბერდებიო. დავფიქრდი და მართალია. რატომ? იმიტომ, რომ დილით რომ ვდგები და  სახლში ვარ, ვარ ცუდად. მაგრამ თუ ვარ სკოლაში წამოსასვლელი, მაშინვე ენერგიით ვივსები, შემართული ვარ და მოვდივარ,“ – ამბობს ეთერ ნაკაიძე.

სკოლაში მუშაობა რომ დაიწყო, 20  წლის იყო. ამბობს, რომ წლების მანძილზე, როგორც პედაგოგს, არაერთი ჯილდო მიუღია, რადგან მისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბავშვები.

„ერთ რამეს დავიტრაბახებ, ჩემი სკოლიდან უატესტატო ბავშვი არ წასულა. ახლაც რომ მოინდომოთ, ჩემს სკოლაში დაჩაგრულ ბავშვს ვერ იპოვით…

ისე, ადრე სხვანაირი ბავშვები იყვნენ. ადრე სხვა მოთხოვნები იყო, მე შევტირი იმ დროს. იცით, რა კარგი ბავშვები იყვნენ? მორჩილი ბავშვები და ახლა ბავშვებს ვერ დაელაპარაკები.

ახლა არის ურჩი თაობა, რომელიც თავის თავში ღრმადაა დარწმუნებული, კარგად ერკვევიან იმ უფლებებში, რომელშიც ასე ძალიან არ უნდა ერკვეოდნენ და ვერ ერკვევიან იმ უფლებებში, რომელიც მოსწავლეს ევალება. ვალდებულებებზე ნაკლებად გადააქვთ აქცენტი.

მე მეჩვენება, რომ ახლა უფრო სხვა თაობაა,“ – ამბობს ეთერ ნაკაიძე.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც სკოლას ხელმძღვანელობს, თავად უნდა იყოს სარკე.

„შენ თუ ვერ ხედავ შენს თავში მინუსს, სხვა ძალიან კარგად ხედავსო,“ –  ამბობს და აგრძელებს – „უნდა იყო მართალი, სწორი სიტყვა იცოდე და ობიექტური უნდა იყო კოლეგების, მოსწავლეებისა და შენ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. არასდროს არ გამიგდია ხელიდან სიმართლის სასწორი. მიდგომებია საჭირო. ერთი საზომით ყველა ბავშვს ვერ გაზომავ. სამი შვილის დედა ვარ, ხუთი შვილიშვილის ბებია, ყველას ერთნაირად ვერ მიუდგები – ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა იცოდე და მასთან მისასვლელი გზა, მეთოდი და ხერხი,“ – ამბობს ეთერ ნაკაიძე.

71 წლის დედის ცემაში ბრალდებული: მძიმე მუხლი არ დამირღვევია

“თუ გამიშვებთ, კაი იქნება, მძიმე მუხლი არ დამირღვევია,” – მიმართა მოსამართლეს დედის ცემაში ბრალდებულმა შოთა ს.-მ.

“გააჩნია, რა კუთხით შეხედავთ,” – შეაჩერა მოსამართლემ ბრალდებული.

71 წლის დედის ცემისთვის შოთა ს. 10 მარტს დააკავეს. ის მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღესაც წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. დღეს, 16 აპრილს, გამართულ წინასასამართლო სხდომას არც შოთა ს.-ს რომელიმე ახლობელი დასწრებია.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის თორმეტის ნახევარზე, მოხუცი დედა “მარცხენა მხარში ხელის მოჭერით წააქცია…”

შოთა ს. ასევე სიტყვიერად შეურაცხყოფდა საკუთარ დას, რომელმაც იმ ღამეს დასახმარებლად პოლიციას მიმართა.

“მოწმეების ჩვენებების მიხედვით, მანამდეც არსებობდა ძალადობის შემთხვევები,” – დასძინა მოსამართლემ.

“იქნებ, მალე დასრულდეს ყველაფერი… ყველაფერს ვაღიარებ,” – თქვა შოთა ს.-მ და ისევ ბრალდებულის სკამზე ჩამოჯდა.

შოთა ს.-მ დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე წარმოადგინა. ამ შემთხვევაში სასამართლო მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს, მათ შორის, იმ ქალის, რომელსაც შვილმა სცემა.

ბრალდებულმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ის დაოჯახებული არ არის, საშუალო განათლების მქონეა და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ხელოსნად მუშაობდა.

“იმ ღამეს ნასვამი ვიყავი… მინდა, დავუბრუნდე ჩემს საქმეს,” – აღნიშნა ბრალდებულმა.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ახალი გარემოება უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ პატიმრობა შეიცვალოს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, შოთა ს.-ს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას შეუფარდებენ, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

 

საქართველოში ავარიის შედეგად 6 608 ადამიანი დაიღუპა ბოლო ათ წელში

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოში 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

დღეს, 16 აპრილს, შსს-მ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.

„მეტი სიცოცხლისთვის“ კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი formore.life და ფეისბუქგვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რა შედეგი მოჰყვა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განახლებას. შსს-ს ცნობით, თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, უკვე დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. გარდა ამისა, სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. ასევე, ყველა პატრულ -ინსპექტორი სრულად აღიჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომელიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციის პროცესს სრულად აფიქსირებს.

შსს-ს ინფორმაციით, შაღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა და იკლო სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტულმა მაჩვენებლმაც.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი.

წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, ადგილზე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული ხასიათის მატარებელი საპოლიციო ქმედების ფარგლებში გადაამოწმოს ისინი.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

____________

ფოტოზე: ავარია ქედაში, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

დაჟანგული „პაბედა“ სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა

1953 წელს გამოშვებული „პაბედა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად 10 080 ლარად გაყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, განმეორებით აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასი ფიზიკურმა პირმა ნანა ფარჩუკაშვილმა დააფიქსირა. აუქციონში გამარჯვებულმა თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს და ავტომანქანა წაიღოს.

„პაბედა“, რომლის საწყისი ფასი 600 ლარი იყო, 474-ე ბიჯზე გაიყიდა. აუქციონში ექვსი მყიდველი მონაწილეობდა. ვაჭრობის ბიჯი კი 20 ლარი იყო.

წინა აუქციონზე ავტომანქანის გაყიდვის საბოლოო ფასი 12 255 ლარი დაფიქსირდა, თუმცა გამარჯვებულმა „ობო მოტორსიმ“ „პაბედას“ შეძენაზე უარი თქვა.

გაყიდული „პაბედის“ აღწერილობა: „ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, აღენიშნება დიდი რაოდენობით ჟანგვა, ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. სახელმწიფო ნომერი: ავტომანქანა   „GAZ M20 POBEDA“ [სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, საიდენტიფიკაციო N; 40842, ძრავის საიდენტიფიკაციო N: 258972, გამოშვების წელი: 1953].

სამინისტროს კიდევ ერთი „პაბედა“ აქვს.

მრავალშვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ბათუმში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ცვლილება შევიდა. ნაცვლად 2015 წლის პირველი იანვრისა,  პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში.

აღნიშნულ ბაზაში, მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 18 ოჯახია დარეგისტრირებული, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს.

„აღნიშნული ცვლილებით კრიტერიუმები შესაძლოა სამმა ოჯახმა დააკმაყოფილოს: ოჯახს საცხოვრებელი ფართობი არ უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. ამასთან, რეგისტრაციის თარიღის გადაწევასთან ერთად, გაიზარდა ასაკობრივი ზღვარიც. თუ დღემდე ბინა გადაეცემოდა ისეთ ოჯახს, რომლის უფროსი შვილი იყო 21 წლამდე, ცვლილების შემდეგ ეს ასაკობრივი ზღვარი 23 წლამდე გაიზარდა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

პროგრამის მიხედვით:
„პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გამოყოფილი საცხოვრებელი ბინები გადაეცემა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრები (დედა ან/და მამა) დაბადებულია ქ. ბათუმში, მაგრამ მიმდინარე პერიოდისათვის საცხოვრებელი ადგილი რეგისტრირებულია საქართველოს სხვა რეგიონში და რომლებსაც ჰყავთ 7 (შვიდი) და მეტი შვილი.
პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 1 საცხოვრებელი ბინით, რომლის საერთო ფართი შეადგენს 120 კვმ-დან 135 კვმ-მდე.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემატება 23 წელს. ნაშვილობის შემთხვევაში ნაშვილობის ასაკი უნდა შეადგენდეს 3 წელს.
პროგრამის ბენეფიციარ ოჯახს ბინა გადაეცემა ოჯახის თითოეული წევრის თანასაკუთრებაში (მშობლები და შვილები).
კონკრეტული ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე, ხოლო საკითხს ამზადებს და საკრებულოს განსახილველად წარუდგენს ქ. ბათუმის მერი.
პროგრამის ბენეფიციარ ოჯახს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის
გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.

2018 წელს საცხოვრებელი ბინა ბათუმის მერიამ მხოლოდ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადასცა.

„პროგრამა არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინებით იმ მრავალშვილიანი ოჯახების უზრუნველყოფას, რომლებსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ საკუთრებაში საცხოვრებელი უკვე გადაეცათ. ან თუკი საკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი 150 კვ მეტრი და მეტი. თანაბარი პირობების მქონე ოჯახებს შორის უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს. [უპირატეს ქულად განსაზღვრულია 70 000 ქულა].
პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ პირები, რომლებიც 2017 წლის 1-ელ იანვრამდე დარეგისტრირდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
მრავალშვილიანმა ოჯახებმა, რომელთა მონაცემებიც შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს, პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: შვილების დაბადების მოწმობები; ქორწინების მოწმობა; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

მერიის საბინაო ფონდში, როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ დროისთვის 30 საცხოვრებელი  ბინა ირიცხება.

 

 

საკვერცხის ცისტები – გამოწვევა 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებისთვის

საკვერცხის ცისტები, ძირითადად, 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ვლინდება. რეპროდუქციულ ასაკში საკვერცხის მოცულობითი წარმონაქმნების უმეტესობა (80-85%) კეთილთვისებიანია.

რა სახის ცისტები არსებობს:

[checklist]

  • ფუნქციური-ფოლიკულური ცისტა, ჰორმონალური დისბალანსის გამო არ ხდება ოვულაცია. ფოლიკულური ცისტები მკურნალობის გარეშე, სპონტანურად სკდება ან უკუვითარდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის (4-8 კვირის) ინტერვალში.
  • მენსტრუალურ ციკლთან ასოცირებულ ცისტას წარმოადგენს ყვითელი სხეულის ცისტა.
  • თეკა-ლუთეინური ცისტა საკვერცხის ფუნქციური ცისტებიდან ყველაზე იშვიათია და გვხვდება ორსულობასთან ერთად.
  • ენდომეტრიომა-მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვს, იგივე „შოკოლადისებრი“ კისტა.
  • საკვერცხის ცისტებს მიეკუთვნება ცისტადენომაც.
  • დერმოიდული კისტა უმეტესად ცალმხრივია და შესაძლოა შეიცავდეს თმას, კბილებს, კანს, ნერვულ ქსოვილს, ცხიმოვან ქსოვილსა და სხვა მსგავს წარმონაქმნებს. დერმოიდულ კისტებს სხვაგვარად ცისტურ ტერატომებსაც უწოდებენ.
  • საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი ასევე ასოცირებულია საკვერცხის ქსოვილში მრავლობითი შედარებით მცირე ზომის ცისტების განვითარებასთან. აღნიშნული მდგომარეობა ხასიათდება ჰორმონალური დარღვევების არსებობით.
  • ტუბო-ოვაირული აბსცესი-ფალოპის მილები და მათ მიმდებარედ ჩირქით სავსე კისტური წარმონაქმნები.

[/checklist]

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს: 

[checklist]

  • ცისტის კაფსულის გასკდომა
  • კისტის სწრაფი ზრდა
  • სისხლდენა ცისტის ღრუს შიგნით
  • ინფექცია
  • კისტის ფეხზე შემოგრეხა

[/checklist]
ქალთა დაახლოებით 16%-ში საკვერცხის ცისტები პოსტმენოპაუზურ ასაკში გამოვლინდება. ამ ასაკში განვითარებული ცისტა შესაძლებელია იყოს ავთვისებიანი.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

დიაგნოსტირება ულტრაბგერითი გამოკვლევით ხდება. თუმცა სადიაგნოსტიკოდ შესაძლებელია გამოკვლევის სხვა ვიზუალური მეთოდების – კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებაც. ასევე, ტარდება ონკომარკერების გამოკვლევა.

მკურნალობის გზები

საკვერცხის კისტების მკურნალობა ინდივიდუალურია და მერყეობს დაკვირვება და მონიტორინგიდან – ქირურგიულ ჩარევამდე. როგორც აღვნიშნეთ, რეპროდუქციული ასაკის ქალებში კისტების უმეტესობა ფუნქციონალურია, უსიმპტომოა და მკურნალობას არ საჭიროებს. ისინი, როგორც წესი, თავისით უკუვითარდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის ინტერვალში.

საკვერცხის კისტის ქირურგიული გზით მოცილების დროს არჩევანი უნდა გაკეთდეს ტრადიციულ – ლაპარატომიულ და თანამედროვე – ლაპარასკოპიულ მეთოდებს შორის. არჩევანის გაკეთება ინდივიდუალურად ხდება, თუმცა კისტის ზომის (მათ შორის ზომის ცვლილების) და სახეობის, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.

ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება არჩევის მეთოდია, რომელიც, ერთი მხრივ, ეფექტურია საკვერცხის კისტების როგორც პროფილაქტიკის, ასევე უკვე არსებული ცისტების უკუგანვითარების კუთხით, მეორე მხრივ კი, ხელსაყრელია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის.

საკვერცხის ცისტების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები

[checklist]

  • ჰორმონული ფონისა და ენდოკრინული სისტემის დარღვევები
  •  ნაადრევი მენსტრუაცია
  • ანამნეზში მრავლობითი აბორტების არსებობა
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

[/checklist]

მთავარ ფოტოზე: კობა ქამაშიძე, გინეკოლოგი, „ხოზრევანიძის კლინიკა“


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ ოპერატორები შესაძლოა გაიფიცნონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ სამსახურის 13 ოპერატორი შესაძლოა გაიფიცოს. მათი პროტესტი ანაზღაურებას უკავშირდება. ოპერატორები აცხადებენ, რომ ძირითად საქმიანობასთან ერთად ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, თუმცა ამისათვის ისინი ანაზღაურებას არ იღებენ.

ოპერატორების განცხადებას, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები, ძირითად საქმიანობასთან ერთად ვასრულებთ მემონტაჟის ფუნქციას, მაგრამ დღემდე ვღებულობთ მხოლოდ ოპერატორის დაბალ ანაზღაურებას. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ გაზრდილიყო ხელფასები ან მოეხსნათ მემონტაჟის ფუნქცია, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. მივმართეთ დირექტორს, ბორდს, ჩავრთეთ პროფკავშირები.

პროფკავშირების მიმართვით დაიწყო მედიაცია, თუმცა უშედეგოდ. დირექტორის განმარტებით, ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს 2020 წლისთვის, მაშინ, როდესაც დირექტორის საარჩევნო ვადა მთავრდება 2019 წელს. დირექტორის მხრიდან ჩვენი მოთხოვნების იგნორირება გრძელდება. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ  იძულებული გავხდებით მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას”.

 

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა

შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 797 000 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს შეწყდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება.

შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1920-1921 წლების ბიუჯეტებიდან.

ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

– – – – – – – – –

გაზსადენის პროექტი შპს „გაზპროექტი 2009“-მ მოამზადა. პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გაზპროექტი 2009“-სთან 295 ათას ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

„გაზპროექტი 2009“-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე [გზშ-ს დამტკიცებაზე] 2019 წლის 15 იანვარს წარადგინა. სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა და კომპანიას მოსთხოვა, დამატებით წარედგინა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი, რაც კომპანიამ წარადგინა.

„პროექტით, მილსადენის მშენებლობა დაიწყება ხიჭაურიდან დაბა ხულომდე. ხულოდან გოდერძიმდე კი მაგისტრალის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი და გზის სამუშაოების პარალელურად იმუშავებენ მილსადენის გაყვანაზეც. ანუ ხულოდან-გოდერძიმდე მილსადენის მშენებლობა გზის სამუშაოებზე იქნება  დამოკიდებული,“ – განაცხადა დაახლოებით ორი თვის წინ „ბათუმელებთან“ კომპანია „გაზპროექტი 2009“-ის დირექტორმა კობა ლომიძემ.

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის ინტენსიური მშენებლობა კი,  2019 წლის მაისიდან უნდა დაიწყოს.

ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.

რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიცირებას, ამ დროისთვის დასახლებული პუნქტების დაქსელვის პროექტირებაზეც არ არის მუშაობა დაწყებული.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის [ხიჭაურის] გაზსადენი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ჩაქვში ფეხით მიმავალი ბავშვი მანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა, მძღოლი ნასვამი იყო – შსს

დღეს, 15 აპრილს, ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა ფეხით მიმავალ ბავშვს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი. შსს-ს ცნობით იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 41 პროცენტით, ქუთაისში კი 101 პროცენტით გაიზარდა

იანვრიდან მარტის ჩათვლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 51 900-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 41.19 პროცენტით [15 140 მგზავრი] მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93 პროცენტით [175 865 მგზავრით], ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02 პროცენტით [840 233 მგზავრით] არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.15%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

ყველაზე მკვეთრად – 101 პროცენტით გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის პირველ სამ თვეში ქუთაისის აეროპორტიდან  სულ გადაყვანილ იქნა 156 784 მგზავრი – 78 733  მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, ავიაციის სააგენტოს ცნობით, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 246 მგზავრს მოემსახურა, რაც 562 მგზავრით, შესაბამისად 82.16%-ით მეტია ვიდრე გასულ ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 195 მგზავრი მიიღო, რაც 110 მგზავრით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო  5 200, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა – 4 640, ხოლო ჩარტერების  – 560. 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 24%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 5 805.041 ტონა შეადგინა, რაც 1 753.213 ტონით, შესაბამისად, 43.27%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air – 152 697 მგზავრი [ბაზრის 15%]
  • Turkish Airlines – 110 962 მგზავრი [ბაზრის 11%]
  • Georgian Airways – 99 324 მგზავრი [11%]
  • Pobeda Airlines – 96 546 მგზავრი [10%]
  • Ural Airlines – 60 507 მგზავრი [6%]

____________________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„მოიზიდე და მოკალი“

აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“.

აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს. კონკრეტულად კი, მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე.

„გასულ წელს გატარებული ღონისძიებების შედეგად აჭარაში ნაკლები ფაროსანაა, ამიტომ მიდგომა შეიცვალა. თერმულად  წელს მხოლოდ იმ ზონებს დავამუშავებთ, სადაც კრიტიკული მასა იქნება ფაროსანების. შარშანდელივით არ იქნება, როცა თითქმის ყველა სოფელი მუშავდებოდა თერმული ნისლით,“ – აცხადებს ჯამბულ ხოზრევანიძე.

2018 წელს აჭარასა და გურიაში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით სულ 205 ათას 857 ჰექტარი ფართობი შეიწამლა. აქედან 175 ათას 150 ჰექტარი თერმული ნისლის, ხოლო 30 ათას 307 ჰექტარი ცივი შესხურების მეთოდით [წყარო: ფაროსანასთან ბრძოლის შტაბები]
მისივე თქმით, თუ გასულ წელს მხოლოდ ხუთი ერთეული სპეციალური მანქანა [შესასხურებელი მოწყობილობით] იყო, წელს შესაწამლ ზონაში ერთდროულად 15 მანქანა შევა: „შესაბამისად, შემცირდება დროც, ვინაიდან შარშან ერთი მუნიციპალიტეტის დამუშავებას ერთი-ორი კვირა სჭირდებოდა“.

ფერომონების განთავსება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი, 20-25 აპრილიდან უკვე შეწამვლითი ღონისძიებებიც დაიწყება.

სოფლებში განთავსდება ასევე ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ ხაფანგები. დაახლოებით 1-დან 15-მდე ცალი ერთ სოფელში.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში პირველ ეტაპზე 5 ათასამდე ცალი „მოიზიდე და მოკალი“ უნდა განთავსდეს.

„ღონისძიებებში ჩართული იქნებიან ჩვენი სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სატყეოს თანამშრომლები“, – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე. – „გასულ წელს რეგიონის მოსახლეობაც განსაკუთრებით აქტიურობდა ფაროსანასთან ბრძოლაში. წელს ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო წავახალისოთ, ამიტომ, ის ვინც აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესებში, მას ინდივიდუალურად, უფასოდ გადავცემთ „მოიზიდე და მოკალი“ ფერომონს“.

სახლის პირობებში ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურის [ხაფანგის] დამონტაჟებისას აუცილებელი პირობაა ფერომონი და ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე – ეს შეიძლება იყოს ძველი ფარდა, ზეწარი და ა.შ., რომელიც მაგრდება ხეზე ან ბოძზე,  საკარმიდამო ნაკვეთს, პლანტაციასა და მწერის პოტენციურ გამოსაზამთრებელ ადგილს  შორის არსებულ ტერიტორიაზე. აუცილებელი პირობაა ბადე ეხებოდეს ნიადაგს, რათა მავნებელმა შეძლოს მასზე აცოცება. შემდეგი ნაბიჯი მასზე 2-3 ერთეული  სატყუარას – ფერომონის განთავსებაა, რომელიც მიიზიდავს მავნებელს. ქიმიური პრეპარატით დამუშავებულ ბადესთან კოტაქტის შემდეგ ბაღლინჯო კვდება და ძირს ცვივა. მეტი ეფექტისთვის უმჯობესია ქსოვილთან დამაგრდეს ნათურაც, ამ შემთხვევაში მავნებელი ღამეც იკრიბება მის გარშემო. სპეციალისტები მოსახლოებას ურჩევენ, რომ „მოიზიდე და მოკალი სადგურის“ გარშემო ტერიტორია შემოფარგლონ, რათა ძირს ჩამოცვენილი ფაროსანა შინაურმა ფრინველებმა და ცხოველებმა არ შეჭამოს.

ქვეყნის მასშტაბით ფაროსანასთან ბრძოლას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კონკრეტულად კი სურსათის ეროვნული სააგენტო კურირებს.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1501
აჭარის ტერიტორიაზე კი ასევე მობ.: 595 10 23 97

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო; გასულ წლებში გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა.

ამ თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

ბრალდებული 112 ათასი ლარის დღგ-ს ზედმეტობის განაღდებას პირს 35 ათასად ჰპირდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში [დღგ] ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბრალდებულმა, წინასწარ მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარაში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში დაინიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. აბესალომ ასლანიძის დანიშვნა სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესების უგულებელყოფის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ის გაართულებს სახელმწიფო უწყებებთან ჩვენი თემის დემოკრატიულ ურთიერთობას. ჩვენ მას ვუცხადებთ უნდობლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა იგულისხმება „ნეგატიურ განწყობებში“, მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე თავის ნეგატიურ პოზიციას ხშირად გამოხატავდა სოციალურ ქსელებში.

„მისი განწყობები ასახულია ფეისბუქში, განსაკუთრებით მეჩეთთან დაკავშირებით, რომ ბათუმს და მუსლიმებს არ სჭირდებათ მეჩეთი. რომ ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ და თურქეთის ინტერესებს ვატარებთ ამ მიმართულებით. რომ მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ა.შ. და ამას არა მარტო ფეისბუქში წერდა, სატელევიზიო კომენტარებიც ჰქონდა და, ზოგადად, სხვა დამოკიდებულებებიც არ არის პოტიზიური“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ის ასევე საუბრობს აბესალომ ასლანიძის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე, სადაც ასლანიძე წერს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობაზე გადაწყვეტილება „არ შეიძლება მიღებული იქნას ნაჩქარევად“, ბათუმთან ახლოს კი ბევრი მეჩეთია და მუსლიმებს იქ შეუძლიათ ილოცონ: „დასავლეთ საქართველოს მუფთმა ორგანიზება გაუკეთოს მორწმუნეთა გადაყვანას ბათუმის მიმდებარედ არსებულ მეჩეთებში. რამდენადაც მე ვიცი, მომლოცველთა შორის ძალიან ბევრია ისეთი მუსლიმები, რომლებსაც ჰყავთ მიკროავტობუსები და შესაბამისი მოწოდების შემთხვევაში ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუსლიმებს.

სქრინი ფეისბუქის გვერდიდან, სადაც აბესალომ ასლანიძე წერს, რომ მუსლიმების არგუმენტები ახალი მეჩეთის მშენებლობაზე არადამაჯერებელია.

აბესალომ ასლანიძე ერთ-ერთ პოსტში, რომელიც ასევე ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება, ამბობს: „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი ერთობ ფაქიზი და გარკვეული რისკების შემცველიცაა, ამიტომ გთავაზობ, საკითხის განსაკუთრებული პოლიტიზებულობის გამო დროებით შევაჩეროთ ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მისი გადაწყვეტა მივანდოთ დასავლეთ საქართველოს სამუფთოს, ხოლო თქვენ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე იმ თანხებით, რაც თქვენ მოიძიეთ, ააშენეთ ისლამური კულტურის კვლევის ცენტრი, სადაც საშუალება ექნებათ არამარტო სხვადასხვა მუსლიმურ ორგანიზაციებს შეხვედრისთვის, არამედ ფართოდ გაიშლება ისლამური კულტურის პრობლემატიკის კვლევა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აპირებს ის მუსლიმი თემის ნაწილთან დიალოგს, ზემოთ აღნიშნული პრობლემების ფონზე, აბესალომ ასლანიძე ამბობს, რომ მუსლიმთა კავშირის გამოქვეყნებული წერილი ჯერ არ უნახავს.

„ბათუმში 20-მდე კონფესია მოქმედებს და აქედან ჩემ მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს მხოლოდ მუსლიმური თემის ერთი ნაწილი. თუნდაც მრავალრიცხოვან არასამთავრობო ორგანიზაციას, რამდენად აქვს უნდობლობის გამოცხადების ლეგიტიმაცია, ანუ რამდენად ვალდებული ვართ, რომ მოვუსმინოთ. რამდენად არის ხელისუფლება ვალდებული, რომ თითოეულ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციას (იგულისხმება მუსლიმთა კავშირი) ჩამოუაროს და ჰკითხოს მისი აზრი, ეს დავნიშნო თუ ის.

ეს არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელმაც შექმნა ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ფონდი, მაგრამ გაცილებით დიდი ჯგუფი და დიდი კონფესიაა მართლმადიდებლობა. ვის მოვუსმინოთ ახლა უფრო მეტად?“ – გვეუბნება აბესალომ ასლანიძე.

მიუხედავად ამ პოზიციისა, აბესალომ ასლანიძე დასძენს, რომ ის სამსახურებრივად ვალდებულია, ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფთან მივიდეს და მოუსმინოს.

„თუ არ უნდათ საუბარი, ეს მათი ნებაა. სად ვნახოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა კონფესიისთვის მისაღები იქნება? ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ვიღაცას მოვწონვარ თუ არა“, – ამბობს ასლანიძე.

აბესალომ ასლანიძე ამბობს, რომ ის არ არის ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი. „შეგიძლიათ ნახოთ ჩემი კომენტარები, სტატუსები ფეისბუქში, თუ ერთ სიტყვას მაინც აღმოაჩენთ, რომ მე ვარ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი, მე პირველი ბოდიშს მოვუხდი როგორც მუსლიმთა კავშირს, ასევე მთლიანად მუსლიმ თემს.

ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო შემდეგი: საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად, არის მუსლიმურ გარემოცვაში, ამ ქვეყნებში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და ჩემი დაკვირვებით, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა საფრთხილო საქმეა. მოკლედ, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა დასხდეს და განიხილოს, რომ ყველა ეს რისკი იქნას გამორიცხული“.

აბესალომ ასლანიძე

შეგიძლიათ დაასახელოთ ის რისკები, რასაც მეჩეთის მშენებლობაში ხედავთ? – ვკითხეთ აბესალომ ასლანიძეს. ის ამბობს, რომ „საფრთხეები“ სიტყვის მასალად არ გამოუყენებია. „მე ვაკვირდები მიმდინარე პროცესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ზოგადად, მუსლიმურ სამყაროში მიმდინარე პროცესებს და გამომდინარე აქედან ვხედავ ამ საფრთხეებს. არ გსმენიათ თურქეთში გიულენის ძალებზე, რომელიც მთელ მსოფლიოს ობობას ქსელივით არის მოდებული?  სულ არ ვმეზობლობთ ჩვენ სირიასთან, საიდან აღმოჩნდნენ ჩვენი ახალგაზრდები სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში? ამიტომ არის საფრთხეების შემცველი“, – ამბობს ასლანიძე.

მუსლიმთა კავშირის ამავე განცხადებაში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც მუსლიმთა კავშირი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიმართ უნდობლობით განაწყობს.

აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია სპეციალისტებს იწვევს

ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე კი აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი იქნება. კომისიაში ასევე შედიან აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მიზნით თანხის გამოყოფის საკითხზე კომისია პირველ სხდომაზე იმსჯელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა სთხოვონ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, ასევე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს.

სამთავრობო კომისიაში საკითხის შესასწავლად მიიწვევენ ასევე შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს. კომისიის პირველ სხდომაზე, სამუშაო პროცესში ჩართვის მიზნით, მიმართვას გაუგზავნიან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ექსპერტიზის ბიუროს დახმარებით შეიქმნება ნეშტების დნმ ბაზა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ყოფილი მესამე სამხედრო ბაზის  ტერიტორიაზე აღმოჩენილი 150 ნეშტი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხიდან იყო.

ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. ამ განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვდნენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაეკრძალათ. საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ კი სახელმწიფოს მიმართა თხოვნით –ექსპერტებისთვის ნეშტების შესწავლის საშუალება მიეცათ.

 

Exit mobile version