საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ უკვე გაეცნო აჭარის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ.
ნათია კაპანაძის თქმით, როდესაც საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელ მედიას, განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის ჭრილში:
„როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტზე, შედეგზე, რომელიც დღეისათვის აქვს მაუწყებელს და საფრთხეზე, რაც შეიძლება დადგეს არასწორი პროცესების მეშვეობით, ცხადია ეს საკითხები უკავშირდება პოლიტიკას. მე ვერ გეტყვით, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება იყოს ამით დაინტერესებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის შიდა საქმე, რადგან საქმე შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ობიექტურ მუშაობას,“ – განაცხადა ნათია კაპანაძემ „ბათუმელებთან“.
საბჭოს წევრების განცხადების დანართში საუბარია საკითხებზე, რაც, საბჭოს წევრების აზრით, უნდა გახდეს ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი. მათ შორისაა: სატელევიზიო რეიტინგისა და მაყურებლის ნდობის კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა და მენეჯმენტის ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; ევროპის მაუწყებლთან სასამართლო დავა; სასამართლო დავა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან; ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი; უტენდერო შესყიდვები; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და ა.შ.
ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს თავის არგუმენტებს.
„ვფიქრობ, პროგრამული მრავალფეროვნებისა და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულობის კუთხით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ნამდვილად არ აქვს ის ხარვეზები, რაზეც საუბრობენ. თუმცა ცხადია, რომ გადაცემების დამუშავების პროცესი, გადაცემების დამატების პროცესი, ეს არის მუდმივი ნაწილი ჩვენი მუშაობის და ამიტომ ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქმე გვქონდეს პროგრამული პრიორიტეტების შეუთავსებლობასთან, ანდა იმასთან, რომ ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ საზოგადოებრივ საჭიროებებზე.
ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების გათვალისწინებით, იმ ჩარჩოში, რაც ევალება და აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პროცესები ან დამოკიდებულება მუშაობის მიმართ, რომელიც უკვე აღიარებულია, როგორც ობიექტური შედეგი პოლარიზებულ მედიაგარემოში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ პროცესს, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებელ მუშაობას,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.
კითხვაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რომ ტელევიზიის მაყურებლების რაოდენობამ იკლო, ნათია კაპანაძე პასუხობს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ნდობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ ციფრებით, არამედ შეფასებებით:
„ესაა საერთაშორისო შეფასებები, შიდა შეფასებები და სანდოობა სწორედ აქედან გამომდინარე იზომება. რაც შეეხება ციფრებს, აჭარის მაუწყებელს ნამდვილად არა აქვს შინაარსთან დაკავშირებით კლება, იმიტომ, რომ გადაცემები დღეს არის ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე გასულ პერიოდებში, უფრო ნაკლებ ვაკეთებთ აქცენტს მექანიკურ პროდუქციაზე, რადგანაც ჩვენ უნდა გავაშუქოთ ადგილობრივი და ეროვნული პრობლემები და საკითხები, რომლებიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ამ ნაწილში არხის რეიტინგს კლება არ აქვს“.
ნათია კაპანაძეს ასევე ვკითხეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივ დავაზე. საბჭოს წევრების განცხადების დანართში აღნიშნულია, რომ ეს არის ტელევიზიის იმიჯის შელახვა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დღეს არის თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის პარტნიორი, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერია რამდენიმე საერთაშორისო მედიაორგანიზაცია. რაც შეეხება საკითხს, რომელსაც იშველიებენ განცხადებაში, ეს თემა უკავშირდება ერთ კონკრეტულ ჩართვას, რომლის თაობაზეც ყველა გაურკვევლობა, რაზეც მიუთითებს ბორდის წევრი, ამოწურულია და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ტელევიზიის იმიჯი შეილახა, რადგან არანაირი პრეტენზია ერთმანეთის მიმართ მხარეებს არ აქვთ,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.
ტელევიზიის დირექტორს ვკითხეთ შრომითი კონტრაქტებისა და დაუსაბუთებელი ხარჯების შესახებაც, რაზეც, ასევე, საუბარია განცხადების დანართში. ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და იმისათვის, რომ აჭარის ტელევიზიას „ჰქონოდა ის შედეგი, რაც აქვს: დამოუკიდიებელი, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული“.
ნათია კაპანაძეს ტელევიზიის დირექტორის პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვე დარჩა. რატომ გააქტიურდა მისი იმპიჩმენტის საკითხი ახლა?
„ხშირად ისმის კრიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს არის ჩვენი ქვეყნის მოცემულობა.
…მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით შედეგს, რომელიც დღეს აქვს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს შედეგი არის თავისუფლება, ეს შედეგი არის სარედაქციო პოლიტიკა, ძალიან მაღალი ინტერესი, რომელიც აქვს საზოგადოებას და ეს მაღალი ინტერესი მოდის სწორედ სურვილით, გვქონდეს გამართული საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.