მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებს ბუნებრივ გაზს აჭარის მთის მოსახლეობა

14.05.2018 • 3371
როდის მიიღებს ბუნებრივ გაზს აჭარის მთის მოსახლეობა

ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე 4-6 თვით ადრე დასრულდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოფლების გაზიფიკაციაც მალე დაიწყება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, დასახლებული პუნქტების დაქსელვაზე არც პროექტია და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე გაზსადენის მშენებლობა დამთავრდება. ხელშეკრულებით კი, მშენებლობის დასრულების ვადა 2019 წლის პირველი მარტია.

„65-კილომეტრიანი გაზსადენიდან 45 კილომეტრი უკვე გაკეთებულია. სამუშაოები ოთხ ნაწილად, სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს. თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, შევეცდებით სამუშაოები აგვისტოშიც დავასრულოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გოჩა გოგიტიძემ, გაზსადენის მშენებელი კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“-ის დირექტორმა.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია, რომელიც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 25 მილიონ 850 ათასი ლარი იხარჯება.

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება ამ გაზსადენის მშენებლობაზეა დამოკიდებული, რომელიც, მომდევნო ეტაპზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურიდან, შუახევი-ხულოს გავლით, გოდერძის უღელტეხილამდე უნდა გაგრძელდეს.

როდის მიიღებს ბათუმიდან ხიჭაურამდე მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს? – გოჩა გოგიტიძე ამბობს, რომ მთავარი მაგისტრალის აშენების შემდეგ სოფლების დაქსელვა გაზის მილებით და ოჯახებამდე მიყვანა რთულ სამუშაოს აღარ წარმოადგენს. მისივე თქმით, სოფლების დაქსელვას სხვა რეგიონებში სახელმწიფო აკეთებს, ხოლო გაზის მიმწოდებელი კომპანია, დადგენილი ტარიფების მიხედვით, ახდენს აბონენტების დაერთებას.

რა ფინანსებით, როგორ და ვინ ჩაატარებს ამ სამუშაოებს აჭარის მაღალმთიან სოფლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. ამასთან, გადაწყვეტილი არ არის, მივა თუ არა გაზის მილი სოფლის განაპირა და „ცენტრიდან“ საკმაოდ დაშორებულ ოჯახებამდე. სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ჯერ კიდევ განსჯის საგანია და თუ დაქსელვის პროექტში ვერ მოხვდება ასეთ ოჯახებამდე გაზის მილის მიყვანა, შესაძლოა, ასეთი ოჯახები სოციალურ პროგრამებში ჩასვან, რომ აბონენტები გახდნენ.

„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამა, რაც აჭარის მთავრობას აქვს, გულისხმობს ცენტრალური მილსადენის გაყვანას. ეს შემდგომში სოფლების გაზიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ ძნელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი. – „რახან მილსადენი გაჩნდა, ის არცერთ შემთხვევაში არ დარჩება აბონენტების გარეშე“.

მილსადენი ცენტრალურ მაგისტრალს მიუყვება, ამდენად, როცა სოფლების გაზიფიცირება გადაწყდება, ეს, პირველ რიგში, ცენტრალურ მილსადენთან და მასთან ახლოს მდებარე დაბებსა და სოფლებს შეეხება. სამინისტროში აცხადებენ, რომ რელიეფის, სოფლებისა თუ საცხოვრებელი სახლების განლაგების გამო, სოფლების დაქსელვა რთული იქნება. „პირველ ეტაპზე, მაგალითად, დაბა ქედის, სოფელ ერგეს თუ მახუნცეთის დაქსელვა მოხდება, შემდეგ კი მერისის, მაჭახლის, ჭვანას ხეობების. დაქსელვისთვის საჭირო დაერთების კვანძები ცენტრალურ მილსადენზე გათვალისწინებული იქნება“, – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

ბათუმი-ქედის [სალიბაურიდან-ხიჭაურამდე] გაზსადენის პროექტი აჭარის მთავრობამ მას შემდეგ შეისყიდა, რაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თანხის გამოყოფაზე.

„მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ახლო პერიოდში ვერ ფინანსდება აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენის პროექტირება-მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაა წინააღმდეგი აჭარის მთავრობამ შეისყიდოს საპროექტო სამუშაოები. პროექტის შესყიდვა გათვალისწინებულია 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში“, – აღნიშნული იყო აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ნუგზარ ძნელაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შეისყიდის ასევე ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთში გასაყვანი ცენტრალური მილსადენის პროექტსაც. ამაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც ხიჭაური-გოდერძის მილსადენს შეუერთდება. ამით კი აჭარას ბუნებრივი აირის მოწოდების ორი კერა ექნება – ქობულეთისა და გოდერძის მხრიდან.

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის მილსადენის მშენებლობა/2017 წლის ოქტომბერი/ აჭარის მთავრობის ფოტო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/90072/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: