მთავარი,სიახლეები

„როგორც თოვლის ზვავი, ისე აიკრიფა ყველაფერი“ – რას ითხოვს აჭარა TV-ის 13 ოპერატორი

16.04.2019 • 1574
„როგორც თოვლის ზვავი, ისე აიკრიფა ყველაფერი“ – რას ითხოვს აჭარა TV-ის 13 ოპერატორი

აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ოპერატორებმა შესაძლოა კამერები დაალაგონ და გადასაღებად აღარ გავიდნენ – ისინი გაფიცვით იმუქრებიან, თუ კი ტელევიზიის მენეჯმენტი მათ მოთხოვნას ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებს.

ოპერატორების გაფიცვა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტისთვის ახლა, როცა უახლოეს დღეებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ოპერატორები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ახალი არ არის და უკვე ერთ წელზე მეტია ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

„ბათუმელები“ ტელევიზიის ახალი ამბების რამდენიმე ოპერატორს დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა მათ არჩიეს მათი პოზიცია პროფკავშირების ხელმძღვანელს გაეჟღერებინა.

„ეს პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მანიპულაციები იყო, თავიდან ეწერათ [ხელშეკრულებაში] ოპერატორ-მემონტაჟე, შემდეგ დაწერეს ოპერატორი, მაგრამ ვალდებულებაში ჩაუწერეს მემონტაჟე. ოპერატორებმა მოგვმართეს პროფკავშირებს, მრჩეველთა საბჭოს, მენეჯმენტს, მთავრობასაც მივწერეთ წერილი, მედიაციას, ჩაერთო მედიაცია, მაგრამ როცა ჩაკეტილ წრეზე დაიწყო სიარული, გადავწყვიტეთ მედიაციის შეწყვეტა და ბიჭებმა დაიწყეს გაფიცვაზე ფიქრი. გუშინაც გვქონდა მენეჯმენტთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგად.

ოპერატორები ითხოვენ, ან აიყვანეთ მემონტაჟე და ეს ფუნქცია ჩამოგვაცილეთ, ან თუ ვიქნებით ოპერატორ-მემონტაჟეები, რაც მემონტაჟეს უნდა გადაუხადოთ, იმის ნახევარი ხელფასი მაინც გადაგვიხადეთო. შეიძლება სავაჭრო გახდეს ეს და იყოს 30 პროცენტი, მაგრამ კატეგორიული „არა“ – მიუღებელია. ეს მოლაპარაკების საგანი იქნებოდა, მაგრამ ესეც არ ყოფილა“, – ამბობს ომარ ბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელი.

ის გამორიცხავს, რომ ოპერატორების შესაძლო გაფიცვა დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთანაა კავშირში. თუმცა დასძენს, რომ „შიდა დუღილმა ტემპერატურა წამოწია“.

„არ გვინდოდა ამბავი გასულიყო, მაგრამ ხომ იცით, „ჭირმა თავი არ დამალა“. ჩვენი შიგა გაჭირვება გვაქვს. სხვა ჯგუფებსაც აქვთ თავისი საჭიროებები, პრობლემები. როგორც თოვლის ზვავი მოდის, ისე აიკრიფა ყველაფერი“, – ამბობს ომარ ბერიძე.

გაიფიცებიან თუ არა ოპერატორები, ეს, ომარ ბერიძის თქმით, ოპერატორების შიდა ჯგუფში გადაწყდება. მისივე თქმით, ამ პროტესტში „ახალი ამბების“ 13-ვე ოპერატორია ჩართული.

ოპერატორების შესაძლო გაფიცვის შესახებ ტელევიზიის მენეჯმენტს განცხადება არ გაუკეთებია.

უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს. საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [„ქართული ოცნება“] მიმართა 10 აპრილს. საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს, გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არაერთი განცხადება გავრცელდა. განცხადებებში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში; „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა და ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“; ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი და ა.შ.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: