მთავარი,სიახლეები

9 თვე ექსპერტიზის მოლოდინში – რა გაარკვია გამოძიებამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში

16.04.2019 • 1574
9 თვე ექსპერტიზის მოლოდინში – რა გაარკვია გამოძიებამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში

2017 წელს კუროტ გოდერძიზე დაშავებული და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 2017 წლის 13 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ ორ წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ვერ გავიდა. შესაბამისად, არც არავისთვის დაუკისრებიათ პასუხისმგებლობა. შს სამინისტრო იმ დასკვნას ელოდება, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 9 თვის წინ შეუკვეთა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

თემურ გაბაიძის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ – 2018 წლის თებერვალში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამ ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა – ორს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, ერთს კი შეუჩერდა –  3 თვით.

„იმისთვის, რომ გამოიკვეთოს კონკრეტული ექიმების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, საჭიროა კომისიური ექპერტიზის ჩატარება, სადაც მოიწვევენ სხვადასხვა სპეციალისტს და დაიდება კონკრეტული დასკვნები. ამ დასკვნის გაკეთება ვერ მოხერხდა,“ – აღნიშნავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია თემურ გაბაიძის ოჯახის ინტერესებს იცავს.

„გვეუბნებიან, რომ სხვა საქმეებს უფრო მეტი დრო სჭირდება და პრეტენზია არ უნდა გვქონდეს,“ – ამას თამილა გაბაიძე გვიყვება, გარდაცვლილი თემურ გაბაიძის და. მისივე თქმით, შიდა კულუარებში მას უთხრეს, რომ ექიმებს მიზერულ თანხას უხდიან და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც კომისიის მიწვეული წევრების შეკრება და საქმის განხილვა ვერ ხერხდება.

თემურ გაბაიძის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზაც შეუკვეთავს, რაც 3800 ლარი დაჯდება. ექსპერტიზის ამ დასკვნას გამოძიება ვერ დაეყრდნობა და რომელიმე პირის ბრალეულობას ვერ გამოკვეთს. დასკვნას ოჯახი თბილისის საქალაქო სასამართლოში წაიღებს, სადაც დავა ადმინისტრაციული წესით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარეობს – თემურ გაბაიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ექიმისთვის სამი თვით ლიცენზიის შეჩერება არ იყო ადეკვატური სანქცია და სასამართლო დავა ამ კუთხითაც გრძელდება.

„სისხლის სამართლის საქმეში კი, გამოძიება დამოუკიდებელ დასკვნას ვერ დაეყრდნობა, რადგან ოჯახს დაზარალებულის  სტატუსი არ აქვს [პროკურატურამ არ მიანიჭა ოჯახს დაზარალებულის სტატუსი], ის საერთოდ არ არის ამ პროცესის მონაწილე. დაზარალებულის სტატუსიც რომ ჰქონდეს,  ოჯახს არ აქვს უფლება ჩაერთოს სისხლის სამართლის პროცესში და იყოს ექსპერტიზის დამკვეთი,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი.

თემურ გაბაიძის ოჯახი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არცერთ კანონში არ არის გაწერილი კონკრეტული ვადა, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა უნდა დადოს.

„შესაძლოა, სამი წელიც დასჭირდეს ამას, გააჩნია საქმეს,“ – გვითხრეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესცენტრში. თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით  კი, ბიუროში განმარტეს, რომ სპეციალისტები ამ საქმეზე უკვე გამოყოფილია და კვლევაც დაწყებულია.

რა ჯდება კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება? – ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ექსპერტიზა 230 ლარი ჯდება და ამას ემატება 85 ლარი –  თითო მოწვეული სპეციალისტისთვის. ბიუროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „მოწვეულ სპეციალისტში“ იგულისხმებიან არა კონკრეტულად ექიმები, არამედ სხვადასხვა სპეციალისტი, ვინც ბიუროს აყვანილი ჰყავს მუდმივი ხელშეკრულებით.

„სამედიცინო მიმართულებით ბევრი სპეციალისტია საჭირო. ყველა სპეციალისტი ჩვენ ხომ ვერ გვეყოლება. შესაბამისად, საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ ექსპერტიზის დამნიშნავს, ანუ საგამოძიებო ორგანოს, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების, ამ შემთხვევაში – ექიმების ჩართვას ამ კომისიის მუშაობაში. რამდენს უხდიან ამ სპეციალისტებს, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს,“ – აღნიშნეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პრესცენტრში.

რამდენს უხდიან მოწვეულ ექიმებს და არის თუ არა დაბალი ანაზღაურება ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ კომისია დასკვნას დროულად ვერ ამზადებს? – ინფორმაცია ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ. გამოძიებას ამ დრომდე ეს უწყება აწარმოებს, კერძოდ კი, ხულოს პოლიციის განყოფილება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მშრალი ინფორმაციის გაცემით შემოიფარგლა: „გამოძიება გრძელდება 116-ე მუხლით, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და ელოდება კომისიური ექსპერტიზის დასკვნას. რაც შეეხება ექიმებისთვის გადახდილ თანხას, საჯარო ინფორმაციის ბიუროს უნდა მიმართოთ“, – მოგვწერეს შსს-ს პრესცენტრიდან.

სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებმა საპროტესტო აქცია ბათუმში 14 აპრილსაც გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა ალტერნატიული კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც მსგავს შემთხვევებს „ობიექტურად და დროულად“ გამოიძიებს.

„ორგანოები ფორმალურად არსებობს, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. საუბარია მათ ეფექტურ მუშაობაზე… სამართლებრივად ყველა განსხვავებულ მოცემულობაშია: არსებობს საქმე, რომელსაც რეგულირების სააგენტო განიხილავს; საქმე, რომელმაც სასამართლოში გადაინაცვლა, რადგან სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებული სანქცია იყო არაადეკვატური და არათანაზომიერი… პრობლემა უფრო არის დროში უსაზღვროდ გაწელილი და არაეფექტური წარმოების პროცესი,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, საიას აჭარის ფილიალის უფროსი.

ამავე თემაზე: 

გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: