სამინისტროს მიერ 12 255 ლარად გაყიდული „პაბედა“ აუქციონში გამარჯვებულ პირს აღარ უნდა


„ობო მოტორსს“, რომელმაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „პაბედას“ გაყიდვაზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, ავტომანქანა აღარ მიაქვს. „უარი ვთქვით, აღარ ვყიდულობთ“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა ზურაბ ობოლაშვილმა. მიზეზი, რატომ თქვა უარი აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომანქანის შესყიდვაზე, დირექტორმა არ დაასახელა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნახევრად დაჟანგული, 1953 წელს გამოშვებული „პაბედას“ გასხვისებაზე აუქციონი 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ავტომანქანის საწყისი ფასი 600 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა კი – 120 ლარი. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად ავტომანქანის საწყისი ფასი 11 655 ლარით გაიზარდა. გამარჯვებულად „ობო მოტორსი“ გამოცხადდა, რომელსაც „პაბედაში“ 12 255 ლარი უნდა გადაეხადა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან აუქციონში გამარჯვებულმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული თანხა, არ გაიტანა მანქანა და ამასთან, გასულია გასაჩივრების ვადაც, ამიტომ კომპანიის მიერ ბე-ს სახით გადახდილი თანხა [200 ლარამდე] დარჩება აჭარის ბიუჯეტში, ავტომანქანის გაყიდვაზე კი ხელახლა გამოცხადდება აუქციონი.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“ არამუშა მდგომარეობაშია და ჟანგი აქვს მოდებული. გარდა ამისა, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეზოში ორი „პაბედა“ დგას, მათ შორის ერთი აუქციონში გამარჯვებულმა აღარ შეიძინა/ „ბათუმელების“ ფოტო, მარტი, 2019 წ /

ამ თემაზე:

 აჭარის მთავრობის ჟანგმოდებული „პაბედა“ 12 255 ლარად შპს „ობო მოტორსმა“ იყიდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com