შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 797 000 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს შეწყდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება.
შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1920-1921 წლების ბიუჯეტებიდან.
ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
– – – – – – – – –
გაზსადენის პროექტი შპს „გაზპროექტი 2009“-მ მოამზადა. პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გაზპროექტი 2009“-სთან 295 ათას ლარზე ჰქონდა გაფორმებული.
„გაზპროექტი 2009“-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე [გზშ-ს დამტკიცებაზე] 2019 წლის 15 იანვარს წარადგინა. სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა და კომპანიას მოსთხოვა, დამატებით წარედგინა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი, რაც კომპანიამ წარადგინა.
„პროექტით, მილსადენის მშენებლობა დაიწყება ხიჭაურიდან დაბა ხულომდე. ხულოდან გოდერძიმდე კი მაგისტრალის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი და გზის სამუშაოების პარალელურად იმუშავებენ მილსადენის გაყვანაზეც. ანუ ხულოდან-გოდერძიმდე მილსადენის მშენებლობა გზის სამუშაოებზე იქნება დამოკიდებული,“ – განაცხადა დაახლოებით ორი თვის წინ „ბათუმელებთან“ კომპანია „გაზპროექტი 2009“-ის დირექტორმა კობა ლომიძემ.
ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის ინტენსიური მშენებლობა კი, 2019 წლის მაისიდან უნდა დაიწყოს.
ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.
ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.
რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიცირებას, ამ დროისთვის დასახლებული პუნქტების დაქსელვის პროექტირებაზეც არ არის მუშაობა დაწყებული.