განათლება,მთავარი,სიახლეები

უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში

16.04.2019 • 2544
უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული გალობა საჯარო სკოლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეროვნულ მუზეუმში მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ქართული ფოლკლორი და საგალობლები ყველგან „ყველა დასახლებულ პუნქტში“ უნდა ისწავლებოდეს. მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, „ყველა დასახლებულ პუნქტში“ იგულისხმება თუ არა საჯარო სკოლებიც. მანამდე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ სკოლებში საგალობლების სწავლების დაწყებას მას პრემიერი დაჰპირდა.

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე ვთხოვე მას, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა“, – ამბობს პატრიარქი.

პრემიერმა ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას მხოლოდ ის თქვა, რომ დაიწყო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მასშტაბით ქართულ ფოლკლორსა და საგალობლებს შეისწავლიან, თუმცა სად და როგორ, ვინ ასწავლის, რამდენია პროგრამის ბიუჯეტი… დეტალებზე არ უსაუბრია.

„ბათუმელები“ საქართველოს განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, პრემიერისა და პატრიარქის განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საჯარო სკოლებში ნამდვილად იგეგმება ქართული საგალობლების შესწავლა? სამინისტროს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ პრემიერის განცხადება მედიამ არასწორად გააშუქა.

„საერთოდ სხვა რამეზეა საუბარი“, – გვეუბნება ეკა კვიტაშვილი, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და დასძენს, რომ რა სახით ჩაერთვება განათლების სამინისტრო ამ მიზნების განხორციელებაში, „ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და პროექტის კონკრეტული გეგმის შემუშავების შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი პატრიარქს დანაპირებს შეუსრულებს და საჯარო სკოლებში მართლაც დაიწყება საგალობლების შესწავლა?

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ ცალკე საგნად რაიმეს დამატება საჯარო სკოლების საგაკვეთილო ბადეში გაუმართლებელია, რადგან საათობრივი ბადე ისედაც გადატვირთულია.

„ცალკე საგნად გალობის სწავლება არარეალურია, გადატვირთული საათობრივი ბადეს გამო. მეორე – სპეციალისტების არყოლის გამო. თუ მუსიკის მასწავლებელი გადამზადდება და ერთ საკითხად, ერთ თავში ასწავლის ამ თემას, არ იქნება პრობლება, რადგან ქართული საგალობლები კულტურის ნაწილია და არ არის ცუდი, რომ ისწავლებოდეს“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას საგალობლების სწავლება, მხოლოდ ტექსტების დასწავლით თუ გალობითაც, თამთა კვარაცხელია ამბობს: „ტექნიკურად შეუძლებელია კლასს ასწავლო გალობა. შეიძლება ცალკე წრე გაკეთდეს, გალობით დაინტერესებული ბავშვები გაერთიანდნენ. ეს სკოლისგან მოითხოვს გარკვეულ რესურსებს – მასწავლებლის, სპეციალისტის ანაზღაურებას და ა.შ. ეს შეიძლება არაფორმალური განათლების ფარგლებში, რადგან შესაძლებელია ადამიანი არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ კარგად მღეროდეს და ჰქონდეს სურვილი ისწავლოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ რელიგიის დარგი, კულტურის დარგია“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი თაია მახარაშვილი ამბობს, რომ სკოლებში ქართული საგალობლების სწავლების თემაზე მშობლებს ჯერ არ უმსჯელიათ. მას მიაჩნია, რომ მსგავსი საკითხები რელიგიურ ინსტიტუტსა და მთავრობას შორის შეთანხმებით არ უნდა წყდებოდეს.

„დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლე ეუფლება მუსიკას, მის ისტორიას, მუსიკის კავშირს ადამიანის ყოფასთან, ეთნოგრაფიასთან, მათ შორის სხვადასხვა ერების ფოლკლორს. ამგვარად შესაძლებელია საგალობლების წარმოქმნის ისტორიის შესწავლაც, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს რელიგიურ ინსტიტუტსა და მთავრობას შორის შეთანხმებით. ამაზე უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები და მათ უნდა გადაწყვიტონ, რისი შესწავლა სჯობს სასკოლო საფეხურზე და რატომ“.

თაია მახარაშვილის აზრით, სპეციალისტები უნდა დარჩნენ პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალურ სივრცეში და ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეიტანონ არა მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკების გამო, არამედ იმ საჭიროების მიხედვით, რაც დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ სწორად.

„სკოლა არც რელიგიური დაწესებულებაა და არც პოლიტიკური. რა ასწავლონ ჩვენს შვილებს და რატომ, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც პრემიერმა და არც პატრიარქმა“, – ამბობს თაია მახარაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი ეკა ჭითანავაც მიიჩნევს, რომ  ქართული საგალობლები არის ეროვნული კულტურის ნაწილი და მისი სწავლება შესაძლებელია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მოსწავლეთა ინდოქტრინაციის მიზეზი.

„საჯარო სკოლებში ახალი საგნის დანერგვასა და სწავლებაზე გადაწყვეტილებას იღებს განათლების სამინისტრო ეროვნული გეგმის შესაბამისად და არა პრემიერ-მინისტრი. ეს არ არის მისი კომპეტენცია. აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც პოპულისტური“, – გვეუბნება ის.

ეკა ჭითანავას აზრით, იმ ფონზე, როცა საჯარო სკოლებში კანონით აკრძალულია რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნებით გამოყენება და ეს მაინც ხდება, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ქართული საგალობლების სწავლებაც შესაძლოა გამოყენებული იყოს პროზელიტიზმის მიზნით.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საჯარო სკოლებში ქართული საგალობლების შესაძლო სწავლებას ფეისბუკში გამოეხმაურა. ის წერდა, რომ საგალობლების სავალდებულო სწავლებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.

„ბათუმელებთან“ რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ „თუკი რამე გვეამაყება ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, ერთ-ერთი უმთავრესი ქართული მრავალხმოვანი მუსიკა, ქართული საგალობლებია და შეუძლებელია ვინმემ პრობლემად დაინახოს ის, რომ შენს შვილს სკოლაში ასწავლიან ისეთ მსოფლიო საგანძურს, როგორიცაა „შენ ხარ ვენახი“.

თუმცა, როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ამ იდეით მხოლოდ ის ადამიანი აღფრთოვანდება, ვისაც არ უსწავლია ქართულ სკოლაში: „ჩვენი სკოლებისა და განათლების კონცეფციის წყალობით ჩვენს შვილებს გული უსკდებათ შუშანიკის, ვეფხისტყაოსნის, ბედი ქართლისა, მერანის, ლურჯა ცხენების გახსენებაზე. ესენიც ქართული კულტურის მარგალიტებია. ამათი წყალობით ვუცქერით სამყაროს ყავარზე კუდგადებულები, მაგრამ ისე ვასწავლით, რომ ბავშვებს არა თუ ეამაყებათ, არამედ ყელში აქვთ ამოსული, სძულთ და ერთი სული აქვთ, როდის მოიშორებენ თავიდან“.

რუსუდან გოცირიძის თქმით, იმ ფონზე, როცა კვალიფიციური ადამიანური რესურსის მწვავე დეფიციტი არსებობს სკოლებში, ახალი კადრების გადამზადებაზე დამატებით უნდა დაიხარჯოს ფინანსები და „ეს მაშინ, როცა სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა  გაცილებით უფრო საჩქარო და აუცილებელი რეფორმების გატარება“. 

რუსუდან გოცირიძე ასევე ამბობს, რომ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, საქართველოს მოსახლეობის სულ ცოტა 12 პროცენტი მუსლიმია, „რელიგიური ნიშნით მოსწავლეების ბულინგი და შეზღუდვა კი ერთ-ერთი დაუძლეველი და, ჯერჯერობით, არაღიარებული პრობლემაა.

ვფიქრობ, უპირველესი პრობლემა არის ის, რომ ძველი ტიკების ახალი საკერებლებით დაკერებას ცდილობენ. ისედაც სრულიად დეზორიენტირებული და მოყანყალებული საგანმანათლებლო სისტემა ვერ დაიტევს ამდენ ნაკერებს, ტიკიც დაიხევა და ღვინოც დაიღვრება“- ამბობს რუსუდან გოცირიძე.

„ბათუმელები“ შეეცდება მოიპოვოს უფრო დეტალური ინფორმაცია პრემიერის ინიციატივაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: