განათლება,მთავარი,სიახლეები

80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები

16.04.2019 • 4333
80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები

ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2131538123590530/?v=2131538123590530

„აქედან არსად არ წავსულვარ, შევაბერდი ამ სკოლას,“ – ამბობს ნაზი და ამ სიტყვებით აღებს საკლასო ოთახის კარს.

„ერთადერთი მიზეზით შემოვრჩი ამდენხან სკოლას – ბავშვების სიყვარულის და მათთან სიახლოვის გამო. 81 წლის ვარ, დილას რომ ვდგები, ვემზადები და სკოლაში ფეხით მოვდივარ. დღეში ხან სამი, ხან ოთხი გაკვეთილი მაქვს. გაკვეთილისთვის აუცილებლად წინა საღამოს ვემზადები, ვკითხულობ, გეგმას ვადგენ და ისე მოვდივარ. მასწავლებელი უნდა იყოს მზად, რომ მოსწავლეს ყოველდღე ახალი რაღაც შესთავაზოს იმის გარდა, რაც წიგნშია. თუნდაც სულ მცირედი. ყველა კითხვაზე უნდა გქონდეს პასუხი, რაც შეიძლება მოსწავლეს გაუჩნდეს. მასწავლებელი თუ ყოველდღე არ სწავლობს, ის მასწავლებლად არ გამოდგება,“ – ამბობს ნაზი ხალვაში.

ნაზი ხალვაში

კარგი მასწავლებლის მოდელი მისთვის მუდმივ სწავლასა და  განვითარებასთან არის კავშირში. პედაგოგობაც კითხვის სიყვარულის გამო აირჩია.
„სკოლაში რომ მიმიყვანეს, იმ დღიდან შემიყვარდა წიგნები. პედაგოგი ვალდებულია, რომ იკითხოს, აიმაღლოს ცოდნა, განათლება და ისე მივიდეს კლასში. ამჟამადაც ვკითხულობ. ცოტა დავბერდი, მაგრამ მაინც. თან მომწონდა ეს პროფესია,“ – იხსენებს ნაზი.

ის ამბობს, რომ არ ენანება დრო ბავშვებისთვის, ცდილობს არ იყოს მკაცრი მასწავლებელი, მისცეს ბავშვებს თავისუფლება, თუმცა ამავდროულად იყოს მომთხოვნიც.

„სულ მკაცრი ვერ იქნები მასწავლებელი. ბავშვს სჭირდება თავისუფლება, გარკვეულ ფარგლებში. თუ ხედავ, რომ სათქმელი აქვს, აცალე თქვას, ამოუშვას და გათავისუფლდეს ამ სათქმელისგან,“ – ამბობს ის.

ნაზი ნიჟარაძე

ნაზი ნიჟარაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მუშაობს პედაგოგად. 82 წლისაა და დღემდე სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. ამავე კათედრის ხელმძღვანელიც თავად არის. მასწავლებლობა 58 წლის წინ დაიწყო.

„ღმერთმა ნუ ქნას, ბავშვების გარეშე ერთი დღე მაინც ვიყო. არ მინდა დასვენება, მუშაობა მინდა,“ – ამბობს ნაზი.

13 სამუშაო საათი აქვს. სკოლაში აქტიური მასწავლებელია, სამსახურში მისვლას ვერავინ ასწრებს. სკოლის ბიოლოგიის კაბინეტში არსებული თვალსაჩინოებებიდან ზოგი მისი მოსწავლეობის დროინდელია.

„ვცდილობ, ყველა შესაძლო რესურსი გამოვიყენო გაკვეთილზეო,“ – ამბობს.

ქიმია-ბიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე მასწავლებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ასწავლის, დღემდე სწავლობს თავადაც.

„ბიოლოგიაში ტრენინგები რაც ტარდება, ყველა ტრენინგზე დავდივარ. ვსარგებლობ სოციალური ქსელებით და ყველა იმ ელექტრონული რესურსით, რაზეც ხელი მიმიწვდება.

ახლანდელ განათლების სისტემასთან ერთი შენიშვნა მაქვს, მოსწავლეზე მასწავლებლის ზემოქმედება ძალიან შეასუსტეს და ბავშვებმა ეს სხვანაირად აღიქვეს. ეს ყველაზე მეტად მაღელვებს მე. 58 წლის მანძილზე არაერთ თაობასთან მქონია შეხება. ახლა ბავშვები მასწავლებელს უფრო თამამად ექცევიან, ვიდრე ადრე ექცეოდნენ,“ – ამბობს ნაზი ნიჟარაძე.

კითხვაზე, რამდენ ხანს აპირებს სკოლაში დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას, პასუხობს:

„რამდენ ხანს ვაპირებ? რამდენ ხანსაც ჩემი დირექტორი გამაჩერებს“.

ეთერ ნაკაიძე

ეთერ ნაკაიძე ქობულეთში, სოფელ ქვედა სამების სკოლის დირექტორია. ის 77 წლისაა. 55 წელია სკოლაში ქიმიას ასწავლის, აქედან 35 წელია, რაც დირექტორის თანამდებობა უკავია. ამბობს, რომ რამდენჯერმე იფიქრა კიდეც სკოლიდან წასვლა, თუმცა ვერ შეძლო.

„ადამიანი როდის ბერდება იცით?  როცა იმის კეთებას წყვეტს, რაც უყვარს. მე როდის დავბერდები, მაგასაც გეტყვით. რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილს ვეუბნებოდი, მომავალი წლიდან უნდა დავანებო თავი მუშაობას-მეთქი. დედაჩემო, შენ რომ წახვალ სამსახურიდან, მოკვდები და დაბერდებიო. დავფიქრდი და მართალია. რატომ? იმიტომ, რომ დილით რომ ვდგები და  სახლში ვარ, ვარ ცუდად. მაგრამ თუ ვარ სკოლაში წამოსასვლელი, მაშინვე ენერგიით ვივსები, შემართული ვარ და მოვდივარ,“ – ამბობს ეთერ ნაკაიძე.

სკოლაში მუშაობა რომ დაიწყო, 20  წლის იყო. ამბობს, რომ წლების მანძილზე, როგორც პედაგოგს, არაერთი ჯილდო მიუღია, რადგან მისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბავშვები.

„ერთ რამეს დავიტრაბახებ, ჩემი სკოლიდან უატესტატო ბავშვი არ წასულა. ახლაც რომ მოინდომოთ, ჩემს სკოლაში დაჩაგრულ ბავშვს ვერ იპოვით…

ისე, ადრე სხვანაირი ბავშვები იყვნენ. ადრე სხვა მოთხოვნები იყო, მე შევტირი იმ დროს. იცით, რა კარგი ბავშვები იყვნენ? მორჩილი ბავშვები და ახლა ბავშვებს ვერ დაელაპარაკები.

ახლა არის ურჩი თაობა, რომელიც თავის თავში ღრმადაა დარწმუნებული, კარგად ერკვევიან იმ უფლებებში, რომელშიც ასე ძალიან არ უნდა ერკვეოდნენ და ვერ ერკვევიან იმ უფლებებში, რომელიც მოსწავლეს ევალება. ვალდებულებებზე ნაკლებად გადააქვთ აქცენტი.

მე მეჩვენება, რომ ახლა უფრო სხვა თაობაა,“ – ამბობს ეთერ ნაკაიძე.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც სკოლას ხელმძღვანელობს, თავად უნდა იყოს სარკე.

„შენ თუ ვერ ხედავ შენს თავში მინუსს, სხვა ძალიან კარგად ხედავსო,“ –  ამბობს და აგრძელებს – „უნდა იყო მართალი, სწორი სიტყვა იცოდე და ობიექტური უნდა იყო კოლეგების, მოსწავლეებისა და შენ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. არასდროს არ გამიგდია ხელიდან სიმართლის სასწორი. მიდგომებია საჭირო. ერთი საზომით ყველა ბავშვს ვერ გაზომავ. სამი შვილის დედა ვარ, ხუთი შვილიშვილის ბებია, ყველას ერთნაირად ვერ მიუდგები – ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა იცოდე და მასთან მისასვლელი გზა, მეთოდი და ხერხი,“ – ამბობს ეთერ ნაკაიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: